-
სიძულვილის გლობალური ეპიდემიაგამოიღვიძეთ! — 2001 | აგვისტო 8
-
-
სიძულვილის გლობალური ეპიდემია
ურჩხული გაშმაგებულია; ამ ურჩხულს სიძულვილი ჰქვია. ის გამძვინვარებული დაძრწის მთელი დედამიწის ზურგზე.
ბალკანეთის ერთ-ერთ პროვინციას ჯერაც არ მოშუშებია არც ისე დიდი ხნის წინათ ეთნიკური წმენდის შედეგად მიღებული ჭრილობა. მტრობას, საუკუნეების მანძილზე მასობრივი ჟლეტა, ძალადობა, საცხოვრებელი ადგილებიდან გაძევება, სახლებისა თუ სოფლების გადაბუგვა და ძარცვა, მოსავლისა თუ შინაური ცხოველების განადგურება, შიმშილი და შიმშილობით გამოწვეული სიკვდილიანობა მოჰყვა. იქ დღემდე ბევრგან შემორჩა ნაღმები.
აღმოსავლეთ ტიმორში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია) 700 000 შეშინებულ ადამიანს მოუწია გაქცევა სიკვდილის, ცემის, დახვრეტისა და იძულებით გადასახლების საშიშროების გამო. მათ უკან დარჩათ მაროდიორებისგან გატიალებული მშობლიური ადგილები. „მეგონა, ნადირი ვიყავი და მონადირე მომდევდა“ — ჩიოდა ერთი მსხვერპლი.
მოსკოვში ტერორისტების მიერ მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი მრავალსართულიანი სახლი მიწასთან გასწორდა. 94 უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების, გვამებმა დაფარა იქაურობა. 150-ზე მეტი დაშავდა. ამ საშინელი ფაქტის შემდეგ ხალხი კითხულობს: „ვინ იქნება შემდეგი?“
ლოს-ანჟელესში (კალიფორნია) ერთმა რასისტმა მიზანში ამოიღო სკოლამდელი ასაკის ებრაელ ბავშვთა ჯგუფი და სროლა დაუწყო; შემდეგ ფილიპინელი ფოსტალიონი მოკლა.
სიძულვილს მართებულად შეგვიძლია გლობალური ეპიდემია ვუწოდოთ. ახალი ამბები თითქმის ყოველდღე გვატყობინებს, თუ რა ხდება, როდესაც რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური მტრობა უკანონობას ერწყმის. ვხედავთ ერების, ხალხების, ოჯახების დანაწევრებას; ქვეყნებს, რომლებიც მასობრივი გენოციდის მორევმა ჩაითრია; ენით აუწერელ არაჰუმანურ ქმედებებს, რომლებსაც მხოლოდ ის იწვევს, რომ ვიღაც „განსხვავებულია“.
თუ ურჩხულად წოდებულ სიძულვილს ოდესმე „დაამწყვდევენ“, მაშინ გავიგებთ, თუ საიდან მოდის სიძულვილით ნაკარნახები ასეთი ძალადობა. ჩადებულია ადამიანის გენში სიძულვილი? თუ ის შეძენილი თვისებაა? შესაძლებელია თუ არა სიძულვილის დამარცხება?
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Kemal Jufri/Sipa Press
-
-
სიძულვილის საფუძველიგამოიღვიძეთ! — 2001 | აგვისტო 8
-
-
სიძულვილის საფუძველი
სიძულვილმა კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზევე იჩინა თავი. ბიბლიური ცნობა დაბადების 4:8-ში გვეუბნება: „როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა“. „მერედა რისთვის მოკლა? — სვამს კითხვას ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იოანე. — იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა — მართალი“ (1 იოანე 3:12). აბელი სიძულვილის ყველაზე გავრცელებული მიზეზის — შურის — მსხვერპლი გახდა. „კაცის რისხვა შურია“, — ამბობს იგავნის 6:34, აქ. სოციალური მდგომარეობის, სიმდიდრის, მოხერხებულობისა და სხვა უპირატესობებით გამოწვეული შურის გამო ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
გაურკვევლობა და შიში
მაგრამ შური სიძულვილის გამომწვევი მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. ხშირად სიძულვილს გაურკვევლობა და შიშიც აღვივებს. „სანამ გავიგებდი, რა იყო სიძულვილი, ჯერ ის გავიგე, თუ რა იყო შიში“, — თქვა ერთ-ერთი აქტიური რასისტური ჯგუფის ახალგაზრდა წევრმა. ასეთი შიშის მიზეზი ძალიან ხშირად გაურკვევლობაა. ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, წინასწარ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ, ჰქონდეთ ისეთი შეხედულებები, რომლებსაც „არ აქვთ მტკიცე საფუძველი. . . ასეთი ადამიანები ამახინჯებენ, არასწორად იგებენ ან უგულებელყოფენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ მიერ წინასწარ შექმნილ შეხედულებებს ეწინააღმდეგება“.
საიდან იღებს სათავეს ასეთი შეხედულებები? ინტერნეტის ერთ-ერთი საინფორმაციო სამსახური აღნიშნავს: „მრავალი კულტურული სტერეოტიპის ჩამოყალიბება წარსულში მომხდარი მოვლენებით აიხსნება, მაგრამ ჩვენში არსებული მრავალი წინასწარ შექმნილი აზრი — პირადად ჩვენი წარსულით“.
მაგალითად, შეერთებულ შტატებში წარსულში მონებით ვაჭრობის ფაქტმა განაპირობა ის დაძაბულობა, რომელიც მრავალ თეთრკანიანსა და აფრიკული წარმოშობის ხალხს შორის დღესაც არსებობს. ხშირად რასობრივი სიძულვილი მშობლებიდან შვილებს გადაეცემა. ერთმა თეთრკანიანმა რასისტმა, რომელმაც საკუთარი თავი დამნაშავედ სცნო, აღიარა, რომ მასში განვითარებული რასობრივი სიძულვილის გამო „შავკანიანებთან არავითარი შეხება არ ჰქონია“.
გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დარწმუნებული არიან, რომ ყველა, ვინც განსხვავებულია, უღირსია. ასეთი შეხედულება შეიძლება სხვა რასის ან კულტურის წარმომადგენელთან მხოლოდ ერთ უსიამოვნო შეხვედრაზე იყოს დაფუძნებული. ამ შეხვედრის შემდეგ მათ უყალიბდებათ აზრი, რომ იგივე რასის ან კულტურის ყველა წარმომადგენელი ასეთივეა.
მაშინ როდესაც ცალკეული ადამიანის მიერ გამოვლენილი ფანატიზმი საკმაოდ არასასურველია, მთელი ერის ან რასის ფანატიზმით დაავადება, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს. იმაში დაჯერებულობა, რომ ეროვნება, კანის ფერი, კულტურა ან ენა ერთ ადამიანს სხვებზე მაღლა აყენებს, შეიძლება ფანატიზმში ან ქსენოფობიაში (უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი) გადაიზარდოს. XX საუკუნის განმავლობაში ასეთი ფანატიზმი ხშირად სასტიკად გამოუვლენიათ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიძულვილსა და ფანატიზმს მაინცდამაინც კანის ფერი და ეროვნება არ წარმოშობს. პენსილვანიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი კლარკ მაკ-კოული წერს, რომ „ადამიანების ბრმად გაყოფაც კი, — მაგალითად მონეტის აგდებით, — საკმარისია იმისათვის, რომ მათ უპირატესობა მიანიჭონ თავიანთი ჯგუფის წევრებს“. დაწყებითი კლასების ერთმა მასწავლებელმა ექსპერიმენტი ჩაატარა და კლასი ორ ჯგუფად დაყო: ერთ ჯგუფში ცისფერთვალება ბავშვები დატოვა, მეორეში — ყავისფერთვალება. ძალიან მალე, ამ ორ ჯგუფს შორის მტრობა ჩამოვარდა. შეხლა-შემოხლა სულ უბრალო მიზეზითაც კი შეიძლება მოხდეს; მაგალითად, სპორტის ერთი და იმავე სახეობის გულშემატკივრებს შორის, თუ ისინი სხვადასხვა გუნდებს უჭერენ მხარს.
რატომ არსებობს ამდენი ძალადობა?
მაგრამ ხშირად რატომ ვლინდება მტრობა ასეთი საშინელი სახით? მკვლევარებმა საკმაოდ ღრმად გამოიკვლიეს ეს საკითხები, მაგრამ ისინი ამის ასახსნელად ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიებს თუ გვთავაზობენ. მაგალითად, კლარკ მაკ-კოულიმ ვრცელი არქივი შეადგინა, რომელშიც ადამიანთა ძალადობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკვლევებს მოუყარა თავი. მის მიერ მოყვანილ ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ „საშინელი ბოროტმოქმედებები ომების მსვლელობისა და მათი დამთავრების შემდეგ ხშირდება“. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ „პირველ და მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებში, — განსაკუთრებით კი გამარჯვებულ ქვეყნებში, — ომის დამთავრების შემდეგ მკვლელობების გახშირება შეინიშნებოდა“. ბიბლიის თანახმად, ჩვენ ომების ეპოქაში ვცხოვრობთ (მათე 24:6). შესაძლებელია, რომ ამ ომებმა ამა თუ იმ სახით ხელი შეუწყეს სხვაგვარი ძალადობის ზრდას?
სხვა მკვლევარები ადამიანთა აგრესიის ბიოლოგიურად ახსნას ცდილობენ. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს, აგრესიის ზოგი ფორმა „ტვინში სეროტონინის დაბალ შემცველობას“ დაუკავშირეს. სხვა პოპულარული ჰიპოთეზის თანახმად, აგრესიულობა ჩვენს გენებშია ჩადებული. „ადამიანის მიერ [სიძულვილის] გამოვლენა უმეტესწილად შეიძლება მემკვიდრეობით იყოს განპირობებული“, — ასეთი მოსაზრება გამოთქვა ერთმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა.
ბიბლია ამბობს, რომ ადამიანები ცუდი თვისებებითა და დეფექტებით იბადებიან (დაბადება 6:5; მეორე რჯული 32:5). რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ყველა ადამიანს ეხება; მაგრამ ყველას როდი აქვს სიძულვილი სხვებისადმი. ადამიანები სიძულვილს იძენენ. ცნობილმა ფსიქოლოგმა გორდონ ოლპორტმა შენიშნა, რომ მცირე ასაკის ბავშვები „თითქმის არ ავლენენ მავნე ინსტინქტებს. . . ისინი მიმნდობები არიან; უახლოვდებიან თითქმის ყოველგვარ გამღიზიანებელს, მიდიან ყველანაირ ადამიანთან“. ასეთი დაკვირვებებით დასტურდება, რომ წინასწარ შექმნილ ცუდ აზრს, აგრესიასა და სიძულვილის გრძნობას ძირითადად იძენენ! სიძულვილის გრძნობის შეძენის ამ აშკარა მიდრეკილებას აქტიურად იყენებენ ისინი, რომლებიც ადამიანებს ამ თვისებას უნერგავენ.
გონების მოწამვლა
ამ საკითხში გამოირჩევიან დაჯგუფებები, რომლებიც განსაკუთრებულ სიძულვილს ავლენენ. მაგალითად, ნეონაცისტური ორგანიზაციები და კუ-კლუქს-კლანი. ასეთი ჯგუფების შესავსებად სამიზნეებად, ხშირად, დანგრეული ოჯახების შვილები ხდებიან, რომლებიც ადვილად ექცევიან ვისიმე გავლენის ქვეშ. ეს ახალგაზრდები, რომლებსაც ხიფათისგან დაუცველობისა და არასრულფასოვნების არასასიამოვნო გრძნობა ტანჯავთ, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ამ ჯგუფებში გაერთიანება დაუკმაყოფილებთ მეგობრობის მოთხოვნილებას.
განსაკუთრებით ძლიერი იარაღია „მსოფლიო აბლაბუდად“ წოდებული ინტერნეტი, რომელსაც ზოგი სიძულვილის გასაღვივებლად იყენებს. არც ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებული გამოთვლის თანახმად, ინტერნეტში არსებობს სიძულვილის აღმძვრელი დაახლოებით 1 000 ვებ-საიტი. ჟურნალ „ეკონომისტში“ მოყვანილი იყო სიძულვილის გამღვივებელი ერთ-ერთი ვებ-საიტის მფლობელის სიტყვები. ეს კაცი იკვეხნიდა: „ქსელი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი შეხედულება ასობით ათას ადამიანს გავუზიაროთ“. მის ვებ-საიტში „ბავშვების გვერდიც“ შედის.
როდესაც მოზარდები ინტერნეტში რაიმე მუსიკას ეძებენ, ისინი შეიძლება წააწყდნენ სიძულვილის გამაღვივებელ მუსიკალურ საიტებს. ასეთი მუსიკა, ჩვეულებრივ, ხმამაღალია და მყვირალა; სიმღერის ტექსტებში ძლიერი რასისტული იდეებია გამოხატული. ეს ვებ-საიტები თავის მხრივ დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ „ახალი ამბების ჯგუფებთან“, „ჩეთ რუმებთან“ ან სხვა ვებ-საიტებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებს.
ზოგ ვებ-საიტზე, რომლებიც ადამიანებში სიძულვილის ჩანერგვას უწყობს ხელს, მოცემულია განსაკუთრებული სექციები, რომლებიც ახალგაზრდებს თამაშებსა და მრავალ გასართობ პროგრამას სთავაზობს. ერთი ნეონაცისტური ვებ-საიტი ცდილობს, ბიბლია რასიზმისა და ანტისემიტიზმის გასამართლებლად გამოიყენოს. ამ ჯგუფმა შექმნა აგრეთვე გვერდები კროსვორდებით, რომლებშიც რასისტული იდეებია ჩადებული. რისთვის იქმნება ისინი? იმისათვის რომ „დაეხმაროს თეთრკანიან ახალგაზრდებს ჩვენი [ნეონაცისტების] ბრძოლის მიზნის გაგებაში“.
მაგრამ სიძულვილის ყველა გამჩაღებელი უკიდურესად ექსცენტრული არაფორმალური ჯგუფი როდია. ერთმა სოციოლოგმა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ ბალკანეთში მომხდარი კონფლიქტის შესახებ წერდა, კარგი რეპუტაციის მქონე ზოგიერთი მწერლის და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელის შესახებ აღნიშნა: „თავზარი დამცა იმის დანახვამ, რომ მათ აითვისეს [წერის] ის სტილი, რომლითაც განადიდებენ თავიანთ თანამემამულეთა დეგრადირებულ გრძნობებს, აღვივებენ მათში მგზნებარე სიძულვილს მოწოდებით — არავითარი საქციელი არ მიიჩნიონ ტაბუდადებულად, ბინდავენ მათი განსჯის უნარს, . . . და ამახინჯებენ რეალობას“.
ამასთან დაკავშირებით, სამღვდელოების როლიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. თავის წიგნში „წმინდა სიძულვილი: რელიგიური კონფლიქტები 90-იანი წლების მიჯნაზე“ (Holy Hatred: Religious Conflicts of the ’90’s) ავტორი ჯეიმზ ჰოთი დაკვირვების შედეგად შემაშფოთებელ დასკვნას აკეთებს: „გამაოგნებელი ის არის, რომ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში რელიგიამ, რომლისგანაც გულკეთილობას და ადამიანებზე ზრუნვას მოელიან, წამყვანი როლი შეასრულა სიძულვილის, ომებისა და ტერორიზმის გაღვივებაში“.
ამგვარად, სიძულვილის მიზეზები, როგორც ვხედავთ, მრავალი და რთულია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კაცობრიობისთვის არავითარი გამოსავალი არ არსებობს და სიძულვილით აღსავსე ქმედებები კვლავ და კვლავ განმეორდება? შესაძლებელია, როგორც ცალკეულ ადამიანთან, ისე ზოგადად მსოფლიოსთან მიმართებაში, რაიმე შეიცვალოს, რათა როგორმე ბოლო მოეღოს გაუგებრობას, გაურკვევლობასა და შიშს? შეიძლება ბოლო მოეღოს ყოველივე იმას, რაც სიძულვილის წარმოშობას უწყობს ხელს?
[ჩანართი 6 გვერდზე]
წინასწარ შექმნილ ცუდ აზრსა და სიძულვილის გრძნობას, ძირითადად, იძენენ!
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ჩვენ არ ვიბადებით. . .
. . . სიძულვილის გრძნობითა და ფანატიზმით.
[სურათი 7 გვერდზე]
დაჯგუფებები, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, ინტერნეტს ახალგაზრდების მოსატყუებლად იყენებენ.
[სურათი 7 გვერდზე]
რელიგია ხშირად აღვივებს სიძულვილს.
[საავტორო უფლება]
AP Photo
-
-
სიძულვილის დამარცხებაგამოიღვიძეთ! — 2001 | აგვისტო 8
-
-
სიძულვილის დამარცხება
„გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (მათე 5:44).
რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ ორი მტრულად განწყობილი ერის ლიდერები ინტენსიურად აწარმოებდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებას. მათ შეხვედრებს ესწრებოდა ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოს პრეზიდენტი; ის თავის ავტორიტეტსა და დიპლომატიას ამ ორი ლიდერის შეთანხმებამდე მისაყვანად იყენებდა. მაგრამ ეს გულმოდგინე მცდელობა წყლის ნაყვა აღმოჩნდა. რამდენიმე კვირაში ამ ორ ერს შორის დაიწყო ის, რასაც ჟურნალ „ნიუსუიკმა“ „ორი ათეული წლის განმავლობაში გამოვლენილი ძალადობიდან უსაშინელესი“ უწოდა.
მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ეთნიკურ და ეროვნულ ჯგუფებს შორის არსებული სიძულვილი და მტრობა ეროვნული ლიდერების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, არა და არ ქრება. სიძულვილი მთელ ქვეყნიერებას მოედო; მას ხელს უწყობს გაურკვევლობა, ფანატიზმი და პროპაგანდა. მაგრამ, მაშინ, როდესაც დღევანდელი ლიდერები ამაოდ ეძებენ პრობლემის გადაწყვეტის ახალ და რაციონალურ საშუალებებს, მათ მხედველობიდან რჩებათ წარმატების მიღწევის ერთი „ძველი“, საუკეთესო საშუალება. ამ საშუალებაზე იესო ქრისტე საუბრობდა მთაზე ქადაგების დროს. ის მსმენელებს ღვთის მორჩილებისკენ მოუწოდებდა, და სწორედ მაშინ მისცა ხალხს დარიგება, რომელიც ამ სტატიის დასაწყისშია მოხსენიებული: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“. ეს მოწოდება არა მარტო სიძულვილისა და წინასწარ შექმნილი უარყოფითი თვალსაზრისის გავლენისგან გათავისუფლებას ემსახურება, არამედ ერთადერთი წარმატებული საშუალებაა!
სკეპტიკოსები იდეას მტრის სიყვარულის შესახებ, როგორც უკიდურესად იდეალისტურსა და განუხორციელებელს, ყურსაც კი არ ათხოვებენ ხოლმე. მაგრამ თუკი სიძულვილის შეძენა შეიძლება, განა გონივრული არ არის იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება უარი ითქვას მის შეძენაზე? ასე რომ, იესოს სიტყვებში კაცობრიობისთვის რეალური იმედია ჩადებული. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ დიდი ხნის მტრობის აღმოფხვრაც კი შესაძლებელია.
განვიხილოთ რა მდგომარეობაში იყვნენ, იესოს დროს მცხოვრები იუდეველი მსმენელები. მტრების საპოვნელად მათ შორს წასვლა არ სჭირდებოდათ. რომაელთა ჯარები კვლავაც იქაურობის ბატონპატრონობას განაგრძობდნენ; ისინი იუდეველებს დიდ გადასახადებს აკისრებდნენ, პოლიტიკურ მაქინაციებს აწყობდნენ, მათ უხეშად ეპყრობოდნენ და ჩაგრავდნენ (მათე 5:39—42). მაგრამ უმნიშვნელო უთანხმოებების შედეგად, რომელიც თავის დროზე არ მოგვარდა და შემდგომში გართულდა კიდეც, შეიძლება ზოგი იუდაელი თავის თანამემამულესაც კი მტრად მიიჩნევდა (მათე 5:21—24). შეეძლო თუ არა იესოს, ჰქონოდა თავისი მსმენელების იმედი, რომ ისინი შეიყვარებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ზიანსა და ტკივილს აყენებდნენ?
„სიყვარულის“ მნიშვნელობა
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ „სიყვარულში“ იესო არ გულისხმობდა იმ გრძნობას, რომელიც ახლო მეგობრებს შორის არსებობს. სიყვარულის გამომხატველი ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს 5:44-შია გამოყენებული, ნაწარმოებია სიტყვიდან „აგაპე“. ამ სიტყვაში იგულისხმება ის სიყვარული, რომელსაც პრინციპები მართავს. ეს მაინცდამაინც თბილ გრძნობებს არ ნიშნავს. ვინაიდან ასეთი სახის სიყვარული სიმართლის პრინციპებით წარიმართება, ის ადამიანს სხვების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ აღძრავს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. სიყვარულ „აგაპეს“ ამგვარად შეუძლია პირადი მტრობის ძლევა. თავად იესომ გამოავლინა ასეთი სიყვარული, როდესაც რომაელი ჯარისკაცების — რომლებმაც ის ძელზე გააკრეს — დაწყევლის ნაცვლად, მათთვის ლოცულობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).
არსებობს იმის რეალური იმედი, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა შეისისხლხორცებს იესოს მოძღვრებას და ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული გაუჩნდებათ? არა, რადგან ბიბლია ცხადყოფს, რომ წუთისოფელი კვლავაც სწრაფად განაგრძობს უბედურებისკენ სვლას. „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ“, — წინასწარმეტყველებს 2 ტიმოთე 3:13. მიუხედავად ამისა, ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ სიძულვილის დამარცხება და ბიბლიის შესწავლის საშუალებით სიმართლის პრინციპების საფუძვლიანად ათვისება. ფაქტები ცხადყოფს, რომ მრავალმა ამგვარად ისწავლა, თუ როგორ არიდებოდნენ სიძულვილის გავლენას. განვიხილოთ რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი.
სიყვარულის სწავლა
13 წლის ასაკში ჟოზე პარტიზანულ ომში ჩაება და ერთ-ერთი ტერორისტული ჯგუფის წევრი გახდაa. მას ასწავლიდნენ იმ ადამიანების სიძულვილს, ვის გამოც თითქოსდა გამეფებული იყო უსამართლობა, რომელსაც ირგვლივ ხედავდა. მას მიზნად ჰქონდა დასახული, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, მოესპო ისინი. მის თვალწინ ბევრი მეგობრის სიკვდილი ჟოზეს სიმწრისა და შურისძიების გრძნობით ავსებდა. ხელყუმბარების კეთებისას ის საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რატომ არსებობს ამდენი უბედურება? თუ ღმერთი არსებობს, ნუთუ ამას ვერ ხედავს?“ შეცბუნებულსა და დეპრესიაში ჩავარდნილს ბევრჯერ ხმამაღლა უტირია.
ჟოზე ბოლოს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებას დაუკავშირდა. კრების პირველივე შეხვედრაზე შენიშნა იქ გამეფებული სიყვარული. ყველა თბილად და მეგობრულად ესალმებოდა. მოგვიანებით თემაზე „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?“ საუბრისას სწორედ იმ კითხვებზე მიიღო პასუხები, რომლებიც მას აინტერესებდაb.
დროთა განმავლობაში ბიბლიიდან მიღებულმა შემეცნებამ ჟოზეს ცხოვრება და აზროვნება შეცვალა. მან გაიგო, რომ „ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. ყოველი, ვისაც სძულს. . . კაცისმკვლელია. ხოლო. . . არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია“ (1 იოანე 3:14, 15).
მაგრამ მეგობარ ტერორისტებთან კავშირის გაწყვეტამ, ჟოზეს პრობლემები გაუჩინა. როდესაც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში მიდიოდა, უკან ყოველთვის მიჰყვებოდნენ. ძველ მეგობართაგან ზოგი შეხვედრებსაც კი ესწრებოდა, რათა გაეგოთ, თუ რამ გამოიწვია ჟოზეში ასეთი გარდატეხა. საბოლოოდ, მათ გულს მოეშვათ, რადგან გაიგეს, რომ ჟოზეს არ გაუცია ისინი და ის მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა, და თავი დაანებეს. 17 წლის ასაკში ჟოზე მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მალე მან სრული დროით მსახურება დაიწყო. ადამიანების მოკვლის დაგეგმვის ნაცვლად, ახლა მათთან სიყვარულისა და იმედის შესახებ ცნობა მიაქვს!
ეთნიკური ბარიერის დანგრევა
შეუძლიათ თუ არა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს დაანგრიონ სიძულვილის ბარიერი, რაც მათ ერთმანეთისგან ყოფს? განვიხილოთ იეჰოვას მოწმეთა შემთხვევა, რომლებიც ამჰარულ ენაზე ლაპარკობენ. ისინი ლონდონში ცხოვრობენ. მათ ჯგუფში 35 წევრია, მათგან 20 ეთიოპიელი და 15 ერიტრეელი. ისინი მშვიდობიანად და გაერთიანებულად სცემენ თაყვანს ღმერთს მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში ერიტრეელები და ეთიოპელები ერთმანეთს მტრობენ.
ერთ ეთიოპიელ მოწმეს ოჯახის წევრებმა უთხრეს: „არასოდეს ენდო ერიტრეელებს!“, მაგრამ ახლა ის არა მარტო ენდობა ერიტრეელ თანაქრისტიანებს, არამედ ძმებსა და დებსაც კი უწოდებს! თუმცა ერიტრეელები, ჩვეულებრივ, ტიგრაიულ ენაზე ლაპარაკობენ, ისინი ამჰარულს, თავიანთი ეთიოპიელი ძმების მშობლიურ ენასაც სწავლობენ, რათა მათთან ერთად შეძლონ ბიბლიის შესწავლა. ღვთიური სიყვარულის, როგორც „სრულქმნილობის კავშირის“, განმტკიცების რა სასწაულებრივი დადასტურებაა! (კოლასელთა 3:14).
წარსულის წარსულად დატოვება
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ვინმე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება? განა ნორმალური არ არის მტანჯველების მიმართ მტრობის გულში ჩატოვება? განვიხილოთ მანფრედის, გერმანელი მოწმის შემთხვევა. მან კომუნისტების ციხეში ექვსი წელი გაატარა მხოლოდ იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმე იყო. ოდესმე უგრძნია მანფრედს შემავიწროებლების მიმართ სიძულვილი ან ჰქონია მათთვის სამაგიეროს მიზღვის სურვილი? არა — პასუხობს ის. როგორც გერმანული გაზეთი „საარბრიუკერ ცაიტუნგი“ იუწყება, მანფრედმა თქვა: „უსამართლობის ჩადენა ან უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი. . . აღვივებს სიძულვილს, რაც კიდევ უფრო მეტ უსამართლობას იწვევს“. მანფრედი ეყრდნობა ბიბლიის სიტყვებს: „ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:17, 18).
მსოფლიო სიძულვილის გარეშე!
იეჰოვას მოწმეები არ აცხადებენ, რომ სრულყოფილები არიან. ხშირად ისინი ხედავენ, რომ ძველი მტრობისა და სიძულვილის დავიწყება არც ისე ადვილია. ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებას გამუდმებით გულმოდგინე ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ, მთლიანობაში, იეჰოვას მოწმეები იმის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ, რომ ბიბლიას სიძულვილის დამარცხების ძალა შესწევს. ბიბლიის საშინაო შესწავლის პროგრამით მოწმეები ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ეხმარებიან რასიზმისა და ფანატიზმის ბორკილებისგან გათავისუფლებაშიc (იხილეთ ჩარჩო: „ბიბლია სიძულვილის დამარცხებაში გვეხმარება“). ეს წარმატება მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრამის შედეგებისა, რომელიც მალე ადამიანებს სიძულვილისა და მისი მიზეზების ბოლომდე აღმოფხვრაში დაეხმარება. ეს მომავალი საგანმანათლებლო პროგრამა ღვთის სამეფოს, მსოფლიო მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელდება. იესო „უფლის ლოცვაში“ გვასწავლიდა, გველოცა ამ სამეფოსთვის: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი» (მათე 6:9, 10).
ბიბლია აღგვითქვამს, რომ ამ ზეციერი მთავრობის ზედამხედველობით «აივსება მიწა უფლის ცოდნით [„იეჰოვას შესახებ შემეცნებით“, აქ]» (ესაია 11:9; 54:13). ესაიას წინასწარმეტყველებიდან ხშირად ციტირებული სიტყვები მაშინ გლობალური მასშტაბით შესრულდება: „სამართალს განიკითხავს იგი [ღმერთი] ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4). ამგვარად ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს სიძულვილს.
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
b იხილეთ წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, მე-8 თავი — „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას“; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c სახლში ბიბლიის უფასოდ შესასწავლად შეგიძლიათ მიმართოთ იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებს ან წერილი გაუგზავნოთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[ჩარჩო 11 გვერდზე]
ბიბლია სიძულვილის დამარცხებაში გვეხმარება
● „საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან“ (იაკობი 4:1). კონფლიქტების თავიდან არიდება ხშირად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეგოისტური სურვილების გაკონტროლებას ვისწავლით.
● „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). სხვების ინტერესების ჩვენსაზე წინ დაყენება არის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ზედმეტ კონფლიქტებს აგვარიდებდა თავიდან.
● „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნი 36:8). ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკონტროლოთ კიდეც ჩვენში არსებული არაჯანსაღი მიდრეკილებები.
● „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:24, 26). ალოგიკურია იმაზე ფიქრი, რომ ერთი რასა მეორეზე უპირატესია, რადგან ყველა ერთი და იმავე ოჯახიდან — კაცთა მოდგმიდან, ვართ.
● „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“ (ფილიპელთა 2:3). უგუნურებაა ზემოდან დავსცქეროდეთ სხვებს, რადგან ხშირად მათ ისეთი სასურველი თვისებები და შესაძლებლობები აქვთ, რაც ჩვენ გვაკლია. არც ერთ რასასა ან კულტურაში არ არის თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც კარგია.
● „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). რასისა და კულტურის მიუხედავად, სხვებისადმი თუ პირველები გამოვავლენთ მეგობრულ დამოკიდებულებას და გავუწვდით მათ დახმარების ხელს, ამით ხელს შევუწყობთ ჩატეხილი ხიდის აღდგენასა და გაუგებრობის აღმოფხვრას.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
ეთიოპიელი და ერიტრეელი მოწმეები ერთად, მშვიდობიანად სცემენ თაყვანს ღმერთს.
[სურათი 10 გვერდზე]
მანფრედმა, რომელიც კომუნისტების ციხეში პატიმრობას ცოცხალი გადაურჩა, სიძულვილზე სიძულვილითვე არ უპასუხა.
[სურათი 10 გვერდზე]
ბიბლიას ხალხის დამქსაქსველი ბარიერების მოსპობა შეუძლია
-