-
მოძულებულნი რწმენის გამოსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 დეკემბერი
-
-
მოძულებულნი რწმენის გამო
„ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო“ (მათე 10:22).
1, 2. შეგიძლიათ გაიხსენოთ ზოგი შემთხვევა, რომელიც გადაიტანეს იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი რწმენის თანახმად ცხოვრების გამო?
კუნძულ კრეტაზე მცხოვრები მაღაზიის პატიოსანი მეპატრონე მრავალჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს და საბერძნეთის სასამათლოს წინაშე წარადგინეს. მთლიანობაში, მეუღლისა და ხუთი შვილისგან მოწყვეტილმა, ექვს წელზე მეტი გაატარა ციხეში. იაპონიაში 17 წლის მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ყოფაქცევითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა 42 თანაკლასელისგან. საფრანგეთში უამრავი ადამიანი უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ მუყაითი და კეთილსინდისიერი მუშების რეპუტაცია ჰქონდათ. რა კავშირი აქვს ამ შემთხვევებს ერთმანეთთან?
2 ყველა ზემოხსენებული იეჰოვას მოწმეა. რა „ბრალი“ მიუძღვით მათ? უმთავრესად ის, რომ ისინი თავიანთი რელიგიური შეხედულებების თანახმად ცხოვრობენ. იესო ქრისტეს სწავლებების შესაბამისად, მაღაზიის მეპატრონე თავის რწმენას სხვებს უზიარებდა (მათე 28:19, 20). მას, უმრავლეს შემთხვევაში, ბრალი ედებოდა არქაული ბერძნული კანონით, რომლის თანახმადაც პროზელიტიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. მოსწავლე სკოლიდან იმიტომ გარიცხეს, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ აძლევდა, მონაწილეობა მიეღო კენდოს (იაპონური ფარიკაობა) სავალდებულო ვარჯიშში (ესაია 2:4). საფრანგეთში სამსახურიდან გათავისუფლებულებს კი უთხრეს, რომ მათი გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი იეჰოვას მოწმეობა იყო.
3. რატომ აწყდება შედარებით იშვიათად ბევრი იეჰოვას მოწმე ადამიანთა მხრიდან წინააღმდეგობებს?
3 ამ ბოლო დროს ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები მსგავს არასასიამოვნო შემთხვევებს ხვდებიან. მაგრამ ბევრი მათგანი შედარებით იშვიათად აწყდება ადამიანთა მხრიდან ასეთ წინააღმდეგობებს. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი კარგი ყოფაქცევითა და რეპუტაციით, რომელიც არავის აძლევს საფუძველს, რომ ზიანი მიაყენოს მათ (1 პეტრე 2:11, 12). ისინი არ აწყობენ შეთქმულებებს და არ მისდევენ მავნე ჩვევებს (1 პეტრე 4:15). პირიქით, ისინი ცდილობენ, იცხოვრონ ბიბლიის რჩევის თანახმად — დაემორჩილონ ჯერ ღმერთს და შემდეგ მიწიერ ხელისუფლებას. ისინი იხდიან კანონით დადგენილ გადასახადებს და ცდილობენ, ‘ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყვნენ’ (რომაელთა 12:18; 13:6, 7; 1 პეტრე 2:13–17). ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობით ისინი ადამიანებს კანონების, ოჯახური ფასეულობებისა და ზნეობრივი ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. მთავრობის ბევრი წარმომადგენელი აქებს მათ, რადგან კანონის დამცველი მოქალაქეები არიან (რომაელთა 13:3). მიუხედავად ამისა, როგორც შესავალი აბზაცები გვიჩვენებს, დროდადრო ისინი ოპოზიციის სამიზნე ხდებიან, ზოგ ქვეყანაში კი მთავრობა კრძალავს მათს საქმიანობას. უნდა გაგვაკვირვოს ამან?
მოწაფეობის ‘ფასი’
4. იესოს სიტყვების თანახმად, რას უნდა მოელოდეს ის, ვინც მისი მოწაფე ხდება?
4 იესო ქრისტემ გარკვევით უთხრა თავის მოწაფეებს, თუ როგორ მოექცეოდნენ მათ. „მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი, — უთხრა მან თავის მიმდევრებს. — მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“. მართლაც, იესო „უმიზეზოდ“ შეიძულეს (იოანე 15:18–20, 25; ფსალმუნი 68:5; ლუკა 23:22). მის მოწაფეებსაც იგივე მოელოდათ — წინააღმდეგობა კანონიერი საფუძვლის გარეშე. იესო არაერთხელ აფრთხილებდა მათ: „მოძულებულნი იქნებით“ (მათე 10:22; 24:9).
5, 6. ა) რატომ სურდა იესოს, რომ მის მომავალ მიმდევრებს მოწაფეობის ‘ფასი გამოეთვალათ’? ბ) რატომ არ უნდა ჩავცვივდეთ საგონებელში, როდესაც წინააღმდეგობებს ვაწყდებით?
5 ამიტომ იესოს სურდა, რომ მის მომავალ მიმდევრებს მოწაფეობის ‘ფასი გამოეთვალათ’ (ლუკა 14:28). რატომ? არა იმიტომ, რომ გადაეწყვიტათ, გახდებოდნენ თუ არა მისი მიმდევრები, არამედ მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ შეასრულებდნენ იმას, რაც მოეთხოვებოდათ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი ან გასაჭირი, რაც ქრისტეს მოწაფეობას მოჰყვება (ლუკა 14:27). ძალას არავინ გვატანს, რომ, როგორც ქრისტეს მიმდევარმა, ვემსახუროთ იეჰოვას. ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა; ეს აგრეთვე შემეცნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა. წინასწარ ვიცით, რომ იმ კურთხევებთან ერთად, რომლებსაც ღმერთთან მიძღვნის შემდეგ ვღებულობთ, ‘მოძულებულნიც’ ვიქნებით. ასე რომ, საგონებელში არ ვცვივდებით, როდესაც წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ჩვენ ‘ფასი გამოთვლილი’ გვაქვს და სრულიად მომზადებული ვართ მის გადასახდელად (1 პეტრე 4:12–14).
6 რატომ მიაჩნდა ზოგს, მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა საჭიროდ? პასუხისთვის გამოვიკვლიოთ პირველ საუკუნეში არსებული ორი რელიგიური ჯგუფი. ორივე სძულდათ, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული მიზეზების გამო.
სიძულვილი
7, 8. რომელი სწავლებები ავლენდნენ წარმართების მიმართ სიძულვილს და, აქედან გამომდინარე, როგორ ეპყრობოდნენ იუდეველები წარმართებს?
7 ახ. წ. პირველი საუკუნისთვის ისრაელები რომაელთა მმართველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო იუდაიზმი, იუდეველთა რელიგიური სისტემა, მთლიანად დაიმორჩილეს ისეთმა რელიგიურმა წინამძღოლებმა, როგორიც იყვნენ მწიგნობრები და ფარისევლები (მათე 23:2–4). ამ ფანატიკოსმა წინამძღოლებმა ერი მოსეს რჯულს მოსწყვიტეს და არაიუდეველთა ზიზღი ჩაუნერგეს. დროთა განმავლობაში მათ ჩამოაყალიბეს რელიგია, რომელმაც წარმოქმნა წარმართებისადმი სიძულვილი. ამის გამო წარმართებიც ზიზღს ავლენდნენ იუდეველების მიმართ.
8 იუდეველი წინამძღოლებისთვის რთული არ იყო წარმართებისადმი სიძულვილის შესახებ ქადაგება, რადგან მაშინ იუდეველები წარმართებს საძულველ ადამიანებად მიიჩნევდნენ. რელიგიური წინამძღოლები ასწავლიდნენ, რომ იუდეველი ქალი მარტო არ უნდა დარჩენილიყო წარმართებთან, რადგან მათ „გარყვნილებად მიიჩნევდნენ“. იუდეველი კაცი მათთან „მარტო არ უნდა დარჩენილიყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი სისხლისმღვრელები იყვნენ“. თუ მოწველის პროცესს ერთი იუდეველი მაინც არ უყურებდა, წარმართის მიერ მოწველილ რძეს არ დალევდნენ. თავიანთი წინამძღოლების ზეგავლენით იუდეველები გულცივები და მიუკარებლები ხდებოდნენ (შეადარეთ იოანე 4:9).
9. რა შედეგი მოჰყვა არაიუდეველების შესახებ იუდეველი წინამძღოლების სწავლებებს?
9 იუდეველებსა და წარმართებს შორის კარგ ურთიერთობას საერთოდ არ უწყობდა ხელს არაიუდეველებთან დაკავშირებული ასეთი სწავლებები. წარმართები თვლიდნენ, რომ იუდეველები კაცთმოძულეები იყვნენ. რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა (დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 56 წელს) თქვა, რომ იუდეველები „მტრებად მიიჩნევდნენ დანარჩენ ადამიანთა მოდგმას“. ტაციტუსი იმასაც აცხადებდა, რომ წარმართებს, რომლებიც იუდეველი პროზელიტები ხდებოდნენ, ასწავლიდნენ, უარი ეთქვათ თავიანთ ქვეყანაზე და პატივი არ ეცათ საკუთარი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, რომაელები უთმენდნენ იუდეველებს, რომლებიც თავიანთი სიმრავლის გამო მათთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. მაგრამ ახ. წ. 66 წელს იუდეველთა აჯანყებამ რომაელები აღძრა, რომ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი გაენადგურებინათ.
10, 11. ა) როგორ უნდა მოპყრობოდნენ უცხოელებს მოსეს რჯულის თანახმად? ბ) რას ვსწავლობთ იქიდან, რაც იუდაიზმს დაემართა?
10 რა საერთო ჰქონდა უცხოელებზე ასეთ შეხედულებას მოსეს რჯულში მოცემულ თაყვანისმცემლობის ფორმასთან? რჯული სხვა ერებისგან გამოყოფისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ დაეცვა ისრაელები, განსაკუთრებით კი წმინდა თაყვანისმცემლობა (იესო ნავეს ძე 23:6–8). მიუხედავად ამისა, რჯულით მოითხოვებოდა, რომ უცხოელებს სამართლიანად და პატივისცემით მოქცეოდნენ და სტუმარმასპინძლობა გამოევლინათ მათ მიმართ მანამ, სანამ ისრაელის რჯულს დაემორჩილებოდნენ (ლევიანნი 24:22). იესოს დღეებში იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ჩამოსცილდნენ რჯულის ნამდვილ მნიშვნელობას, რომელიც აშკარად მოითხოვდა უცხოელის პატივისცემას. მათ ჩამოაყალიბეს თაყვანისმცემლობის ფორმა, რომელმაც წარმოშვა უცხოელებისადმი სიძულვილი. თავის მხრივ, უცხოელებსაც სძულდათ ასეთი თაყვანისმცემლობა. და ბოლოს, პირველ საუკუნეში ებრაელებმა დაკარგეს იეჰოვას კეთილგანწყობილება (მათე 23:38).
11 შეგვიძლია აქედან რამის სწავლა? დიახ, შეგვიძლია. იეჰოვასა და მისი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მიუღებელია, როდესაც ქრისტიანი თვითდაჯერებულია და მედიდურად უყურებს მათ, რომლებიც არ იზიარებენ მის რწმენას. გავიხსენოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთგული ქრისტიანები. მათ არ სძულდათ არაქრისტიანები და არც რომაელთა წინააღმდეგ მოუწყიათ აჯანყება. მიუხედავად ამისა, ისინი „მოძულებულნი“ იყვნენ. რატომ? და ვის მიერ?
ვის სძულდა პირველი ქრისტიანები?
12. ბიბლიაში სად ჩანს, რომ იესოს სურს, მის მიმდევრებს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეთ არაქრისტიანებზე?
12 იესოს სწავლებიდან ნათელია, რომ მის მოწაფეებს გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა გამოევლინათ არაქრისტიანების მიმართ. ერთი მხრივ, მან თქვა, რომ მისი მიმდევრები წუთისოფლისგან გამოყოფილი იქნებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი უნდა მორიდებოდნენ ისეთ თვალსაზრისსა და საქციელს, რომლებიც იეჰოვას სამართლიან გზებს ეწინააღმდეგებოდა. მათ აგრეთვე ნეიტრალური პოზიცია უნდა დაეკავებინათ ომისა და პოლიტიკის საკითხებში (იოანე 17:14, 16). მეორე მხრივ, არაქრისტიანების მიმართ სიძულვილის ქადაგების ნაცვლად, იესომ უთხრა თავის მიმდევრებს, ‘ყვარებოდათ თავიანთი მტრები’ (მათე 5:44). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი. თუ სწყურია, დაალევინე“ (რომაელთა 12:20). მან ისიც უთხრა ქრისტიანებს, რომ ‘სიკეთე მოემოქმედათ ყველასთვის’ (გალატელთა 6:10, აფ).
13. რატომ ეწინააღმდეგებოდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს მოწაფეებს?
13 მიუხედავად ამისა, ქრისტეს მოწაფეებმა მალე დაინახეს, რომ „მოძულებულნი“ იყვნენ ადამიანთა სამი ჯგუფის მიერ. პირველი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ქრისტიანებმა სწრაფად მიიქციეს მათი ყურადღება. ქრისტიანები მაღალი ზნეობრივი პრინციპებითა და პატიოსნებით გამოირჩეოდნენ და მთელი გულმოდგინებით გადასცემდნენ იმედის მომცემ ცნობას. ათასები ტოვებდნენ იუდაიზმს და ქრისტიანობას იღებდნენ (საქმეები 2:41; 4:4; 6:7). იუდეველი რელიგიური წინამძღოლებისთვის იესოს იუდეველი მოწაფეები განდგომილები იყვნენ (შეადარეთ საქმეები 13:45). ის განრისხებული წინამძღოლები გრძნობდნენ, რომ ქრისტიანობამ გააუქმა მათი ტრადიციები. ქრისტიანები აგრეთვე უარყოფდნენ მათს შეხედულებას წარმართებზე. ახ. წ. 36 წელს წარმართები ქრისტიანები ხდებოდნენ, იზიარებდნენ იგივე რწმენას და იუდეველი ქრისტიანების თანაბარი მდგომარეობა ჰქონდათ (საქმეები 10:34, 35).
14, 15. ა) რატომ სძულდათ ქრისტიანები წარმართ თაყვანისმცემლებს? ბ) რომელი მესამე ჯგუფის მიერ იყვნენ „მოძულებულნი“ პირველი ქრისტიანები?
14 მეორე, ქრისტიანები წარმართი თაყვანისმცემლების მიერ იყვნენ მოძულებული. მაგალითად, ძველ ეფესოში ქალღმერთ არტემიდეს ვერცხლის ტაძარი შემოსავლის სარფიანი წყარო იყო. მაგრამ, როდესაც პავლემ იქ იქადაგა, საკმაოდ ბევრი ეფესელი გამოეხმაურა და მიატოვა არტემიდეს თაყვანისცემა. ვერცხლზე მომუშავე ხელოსნებმა აურზაური ატეხეს, რადგან მათ სავაჭრო საქმეს საფრთხე ემუქრებოდა (საქმეები 19:24–41). რაღაც ამის მგავსი მოხდა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბითინიაში (დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთი თურქეთი). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამთავრებიდან მალევე ბითინიის მმართველი პლინიუს უმცროსი იუწყებოდა, რომ წარმართული ტაძრები დაცარიელდა და საგრძნობლად შემცირდა მსხვერპლშესაწირი ცხოველებისთვის საკვების გაყიდვა. ამაში ქრისტიანებს ბრალს სდებდნენ და დევნიდნენ, რადგან მათი თაყვანისმცემლობა კრძალავდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვას და კერპთაყვანისმცემლობას (1 იოანე 5:21; ებრაელთა 10:1–9). ნათელია, რომ ქრისტიანობის გავრცელებამ იმოქმედა მათზე, რომლებიც მოგებას ღებულობდნენ ცრუ თაყვანისმცემლობისგან, და მათზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და შემოსავლის წყარო.
15 მესამე, ქრისტიანები ნაციონალისტი რომაელების მიერ იყვნენ „მოძულებულნი“. თავდაპირველად ქრისტიანები რომაელებისთვის ცნობილი იყვნენ როგორც მცირე და, შესაძლოა, ფანატიკური რელიგიური ჯგუფი. მაგრამ დროთა განმავლობაში, მხოლოდ იმის გაცხადებაც კი, რომ ქრისტიანი იყავი, დანაშაულად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. რატომ მიაჩნდათ პატიოსანი მოქალაქეები, რომლებიც ქრისტიანულ ცხოვრებას ეწეოდნენ, დევნისა და სიკვდილით დასჯისთვის შესაფერის მსხვერპლად?
რატომ სძულდათ პირველი ქრისტიანები რომაულ სამყაროში?
16. რა მხრივ იყვნენ ქრისტიანები წუთისოფლისგან გამოყოფილი და რატომ არ უყვარდათ ისინი რომაულ სამყაროში?
16 ქრისტიანები ძირითადად იმიტომ სძულდათ რომაულ სამყაროში, რომ ისინი თავიანთი რელიგიური რწმენის თანახმად ცხოვრობდნენ. მაგალითად, ისინი წუთისოფლისგან გამოყოფილი იყვნენ (იოანე 15:19). არ იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის და უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე. შედეგად ამისა, ისინი „წუთისოფლისთვის მკვდარ, ცხოვრების ყოველ საქმეში გამოუსადეგარ ადამიანებად ჰყავდათ წარმოდგენილი“, — ამბობს ისტორიკოსი ავგუსტუს ნეანდერი. ამ წუთისოფლისგან გამოყოფა იმასაც ნიშნავდა, რომ განრიდებოდნენ გახრწნილი რომაული სამყაროს უზნეო გზებს. „მცირე ქრისტიანული ჯგუფები ღვთისმოსაობითა და წესიერებით ხელს უშლიდნენ სიამოვნებისთვის შეშლილ წარმართულ სამყაროს“, — ამბობს ისტორიკოსი უილ დიურანტი (1 პეტრე 4:3, 4). ქრისტიანების დევნითა და სიკვდილით დასჯით რომაელები, ალბათ, ისწრაფოდნენ, რომ გაეჩუმებინათ ეს ხელისშემშლელი ქრისტიანები.
17. რა ცხადყოფს, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების სამქადაგებლო საქმემ შედეგი გამოიღო?
17 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები დაუცხრომელი გულმოდგინებით ქადაგებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას (მათე 24:14). დაახლოებით ახ. წ. 60 წლისთვის პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). პირველი საუკუნის ბოლოსთვის იესოს მიმდევრებმა მთელ რომის იმპერიაში — აზიაში, ევროპასა და აფრიკაში — მოამზადეს მოწაფეები. ‘კეისრის სახლობიდანაც’ კი ქრისტიანები გახდნენa (ფილიპელთა 4:22). ეს გულმოდგინე ქადაგება აღშფოთებას იწვევდა. ნეანდერი ამბობს: „ქრისტიანობამ მყარად მოიკიდა ფეხი ყველა ფენის ადამიანებში და სახელმწიფო რელიგიას უარყოფა ემუქრებოდა“.
18. რატომ იწვევდა რომაელებსა და იესოს მიმდევრებს შორის გაუგებრობას იეჰოვასადმი ქრისტიანების განსაკუთრებული ერთგულებით მსახურება იეჰოვასადმი?
18 იესოს მიმდევრები განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურებოდნენ იეჰოვას (მათე 4:8–10). შესაძლოა, თაყვანიმცემლობის სხვა მხარეზე მეტად ასეთი ერთგულება იწვევდა მათსა და რომაელებს შორის გაუგებრობას. რომაელები უთმენდნენ სხვა რელიგიებს, სანამ მათი მიმდევრები იმპერატორის თაყვანისმცემლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას. პირველი ქრისტიანები ასეთ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომის სახელმწიფოზე მაღალი ძალაუფლების, იეჰოვა ღმერთის, წინაშე (საქმეები 5:29). შედეგად ამისა, ქრისტიანს, სხვა მხრივ რაც უნდა სამაგალითო მოქალაქე ყოფილიყო, სახელმწიფოს მტრად მიიჩნევდნენ.
19, 20. ა) ვინ იყო, უმთავრესად, პასუხისმგებელი ერთგული ქრისტიანების წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ბრალდებაში? ბ) რა ცრუ ბრალდებები წარმოიშვა ქრისტიანების წინააღმდეგ?
19 თუმცა რომაულ სამყაროში სხვა მიზეზის გამოც იყვნენ ერთგული ქრისტიანები „მოძულებულნი“. მათ შესახებ ბოროტი ცილისწამება ადვილად ირწმუნეს, რაზეც, უმთავრესად, იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იყვნენ პასუხისმგებელი (საქმეები 17:5–8). დაახლოებით ახ. წ. 60–61 წელს, როდესაც პავლე რომის იმპერატორის ნერონის სასამართლოს ელოდებოდა, იუდეველები ქრისტიანების შესახებ ამბობდნენ: „ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:22). ნერონს, უდავოდ, ყური ჰქონდა მოკრული ქრისტიანების ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის. ახ. წ. 64 წელს, როდესაც ნერონს ბრალი ედებოდა ხანძარში, რომელმაც გადაწვა რომი, მან, ცნობების თანახმად, უკვე ჩირქმოცხებული ქრისტიანები განტევების ვაცებად გამოარჩია. როგორც ჩანს, ამან დააჩქარა გაშმაგებული დევნის ტალღა, რომელიც ქრისტიანების განადგურებისკენ იყო მიმართული.
20 ქრისტიანების მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებები ხშირად აშკარა ტყუილთან და რწმენის დამახინჯებასთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან ისინი მონოთეისტები იყვნენ და არ ეთაყვანებოდნენ იმპერატორს, ათეისტებად შერაცხეს. იმის გამო, რომ ზოგი არაქრისტიანი ოჯახის წევრი ქრისტიან ნათესავებს ეწინააღმდეგებოდა, ქრისტიანებს სდებდნენ ბრალს ოჯახების დანგრევაში (მათე 10:21). როგორც ზოგიერთი წყარო ამტკიცებს ისინი კანიბალებად შერაცხეს უფლის სერობისას იესოს მიერ გამოთქმული სიტყვების დამახინჯების გამო (მათე 26:26–28).
21. რომელი ორი მიზეზის გამო იყვნენ ქრისტიანები „მოძულებულნი“?
21 მაშასადამე, ერთგული ქრისტიანები რომაელების მიერ ორი მთავარი მიზეზის გამო იყვნენ „მოძულებულნი“: 1) ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენისა და ამ რწმენის თანახმად ცხოვრების გამო და 2) მათ წინააღმდეგ გავრცელებული ყალბი ბრალდებების გამო. მიზეზის მიუხედავად, მოწინააღმდეგეების მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის ჩახშობა იყო. რასაკვირველია, ქრისტიანების დევნის ნამდვილი წამქეზებლები ზეადამიანური მოწინააღმდეგეები, უხილავი ბოროტი სულები, იყვნენ (ეფესელთა 6:12).
22. ა) რომელი მაგალითი გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეები მონდომებული არიან, ‘სიკეთე მოიმოქმედონ ყველასთვის’? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 11). ბ) რა საკითხები იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
22 პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას თანამედროვე მოწმეები „მოძულუბულნი“ არიან სხადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, მოწმეებს არ სძულთ სხვა რელიგიის ადამიანები და არც მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოთავენი არიან. პირიქით, ისინი მთელ მსოფლიოში ნამდვილი სიყვარულით არიან ცნობილი, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი სოციალური, რასობრივი და ეთნიკური ბარიერი. მაშ, რატომ დევნიან მათ? როგორ რეაგირებენ ისინი წინააღმდეგობებზე? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
-
-
ჩვენი რწმენის დაცვასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 დეკემბერი
-
-
ჩვენი რწმენის დაცვა
„წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით. . . უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15).
1, 2. რატომ არ უკვირთ იეჰოვას მოწმეებს წინააღმდეგობები და რისკენ ისწრაფვიან ისინი?
უმრავლეს ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები პატიოსან და ზნეობრივად სუფთა ადამიანებად არიან ცნობილი. ბევრის აზრით, ისინი კარგი მეზობლები არიან და არავითარ საფრთხეს არ ქმნიან. ამიტომაც უცნაურია, რომ ამ მშვიდობისმოყვარე ქრისტიანებს, ომებისა თუ მშვიდობის დროს უსამართლოდ დევნიან. მათ არ უკვირთ ასეთი წინააღმდეგობა. სინამდვილეში, ისინი ელიან კიდეც ამას. ბოლოს და ბოლოს, მათ იციან, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთგული ქრისტიანები „მოძულებულნი“ იყვნენ. მაშ, რატომ უნდა მოელოდნენ დღეს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები, რომ განსხვავებულად მოექცევიან? (მათე 10:22). გარდა ამისა, ბიბლია ამბობს: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12).
2 იეჰოვას მოწმეები არ ესწრაფვიან დევნებს და არც გაჭირვება ახარებთ, რომელსაც შეიძლება თან მოჰყვეს ჯარიმები, პატიმრობები ან სასტიკი მოპყრობა. ისინი ისწრაფვიან ‘მშვიდი და წყნარი ცხოვრებისკენ’, რომ დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება (1 ტიმოთე 2:1, 2). ისინი აფასებენ მრავალ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ თავისუფლებას თავიანთი თაყვანისმცემლობის გასაგრძელებლად და კეთილსინდისიერად ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიანად იყვნენ ‘ყველა ადამიანთან’, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებთან (რომაელთა 12:18; 13:1–7). მაშ, რატომ არიან ისინი „მოძულებულნი“?
3. რომელია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მოწმეები უსამართლოდ არიან მოძულებულნი?
3 იეჰოვას მოწმეები ძირითადად იმავე მიზეზების გამო არიან უსამართლოდ მოძულებულნი, რომელთა გამოც პირველი ქრისტიანები იყვნენ. პირველი: იეჰოვას მოწმეები თავიანთი რწმენის თანახმად ცხოვრობენ, რაც ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ისინი გულმოდგინედ ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას, მაგრამ ადამიანებს ხშირად არ ესმით მათი გულმოდგინება და მათ ქადაგებას „რწმენის იძულებით თავს მოხვევად“ მიიჩნევენ (შეადარეთ საქმეები 4:19, 20). ისინი აგრეთვე ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ პოლიტიკასა და ომებში, რაც ზოგჯერ არასწორად ესმით, თითქოს იეჰოვას მოწმეები მოღალატეები არიან (მიქა 4:3, 4).
4, 5. ა) რა მხრივ არიან იეჰოვას მოწმეები ცილისწამების სამიზნეები? ბ) უმეტეს შემთხვევაში, ვინ აქეზებს ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ იეჰოვას მსახურებს?
4 მეორე: იეჰოვას მოწმეები ცილისწამების სამიზნეები არიან. მათ შესახებ აშკარა ტყუილებს ავრცელებენ და მათს რწმენას დამახინჯებულად წარადგენენ. შედეგად ამისა, ზოგ ქვეყანაში მათ უსამართლოდ თავს ესხმიან. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ უსისხლო მკურნალობის მეთოდს მიმართავენ, რაც შეესატყვისება მათს სურვილს — დაემორჩილონ ბიბლიის მითითებას და ‘თავი შეიკავონ სისხლისგან’ — ისინი უმართებულოდ შერაცხეს „ბავშვების მკვლელებად“ და „თვითმკვლელების სექტად“ (საქმეები 15:29). მაგრამ, სინამდვილეში, იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ სიცოცხლეს და ეძებენ საუკეთესო სამედიცინო დახმარებას საკუთარი თავისა და თავიანთი ბავშვებისთვის. ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველ წელს იეჰოვას მოწმეთა აურაცხელი ბავშვი იღუპება სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო, სრულიად უსაფუძვლოა. ამასთანავე, იმის გამო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ერთნაირ ზემოქმედებას არ ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, იეჰოვას მოწმეებს ოჯახების დანგრევაშიც ადანაშაულებენ. მაგრამ მათ, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს იცნობენ, იციან, რომ ისინი დიდად აფასებენ ოჯახურ ცხოვრებას და ცდილობენ, მიჰყვნენ ბიბლიის რჩევას, რომ, რწმენის მიუხედავად, ცოლ-ქმარს უნდა უყვარდეთ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, შვილები კი უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს (ეფესელთა 5:21—6:3).
5 აღმოჩნდა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, სასულიერო პირები აქეზებენ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ იეჰოვას მსახურებს. ისინი გავლენას ახდენენ ხელისუფლებასა და საინფორმაციო საშუალებებზე და ცდილობენ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ჩახშობას. როგორ უნდა შევხვდეთ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, წინააღმდეგობას, რომელსაც ვაწყდებით ჩვენი რწმენისა და ქადაგების თუ ჩვენ მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდების გამო?
„თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის“
6. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს მათ მიმართ, რომლებიც არ არიან ქრისტიანული კრების წევრები?
6 თავდაპირველად სწორი თვალსაზრისი — იეჰოვას თვალსაზრისი — გვესაჭიროება მათ მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს. სხვაგვარად, ალბათ, უსარგებლო უთანხმოებას ჩამოვაგდებდით ან საყვედურებს მივიღებდით. „თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის“, — დაწერა მოციქულმა პავლემ (ფილიპელთა 4:5). აქედან გამომდინარე, ბიბლია აღგვძრავს, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს მათ მიმართ, რომლებიც არ არიან ქრისტიანული კრების წევრები.
7. რას ნიშნავს ‘დავიცვათ თავი წუთისოფლისგან შეურყვნელად’?
7 მეორე მხრივ, ბიბლია აშკარად გვირჩევს, რომ ‘დავიცვათ თავი წუთისოფლისგან შეურყვნელად’ (იაკობი 1:27; 4:4). სიტყვა „წუთისოფელი“, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიაში, გამოიყენება ხალხთა მასებთან დაკავშირებით, რომლებიც ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან. ჩვენ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ; სამსახურში, სკოლასა თუ სამეზობლოში მათთან გვიხდება ურთიერთობა (იოანე 17:11, 15; 1 კორინთელთა 5:9, 10). მაგრამ წუთისოფლისგან შეურყვნელად ვიცავთ თავს, თუ ვერიდებით ისეთ აზროვნებას, საუბარსა და საქციელს, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის სამართლიან გზებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს წუთისოფელთან ახლო ურთიერთობით გამოწვეული საფრთხე, განსაკუთრებით საფრთხე მათი მხრიდან, რომლებიც არაფრად აგდებენ იეჰოვას ნორმებს (იგავნი 13:20).
8. რატომ არ გვაძლევს ბიბლიის რჩევა — ‘დავიცვათ თავი წუთისოფლისგან შეურყვნელად’ — რაიმე საფუძველს, მედიდურად ვუყუროთ სხვებს?
8 მაგრამ რჩევა — წუთისოფლისგან შეურყვნელები დავრჩეთ — არავითარ საფუძველს არ გვაძლევს, რომ დავამციროთ ისინი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები (იგავნი 8:13). გავიხსენოთ წინა სტატიაში მოხსენიებული იუდეველი რელიგიური წინამძღოლები. მათ მიერ ჩამოყალიბებულმა რელიგიურმა ფორმამ ვერ მოიპოვა იეჰოვას კეთილგანწყობილება და არც არაიუდეველებთან კარგი ურთიერთობის არსებობას შეუწყო ხელი (მათე 21:43, 45). ეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ფანატიკოსები ზემოდან დაჰყურებდნენ წარმართებს. ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი თვალსაზრისი და არაქრისტიანების მიმართ ზიზღს არ ვავლენთ. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ, ვინც მოისმენს ბიბლიის ცნობას ჭეშმარიტების შესახებ, ღვთის კეთილგანწყობილება მოიპოვოს (საქმეები 26:29; 1 ტიმოთე 2:3, 4).
9. რა მხრივ უნდა გამოვავლინოთ გაწონასწორებული ბიბლიური თვალსაზრისი, როდესაც მათ შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას?
9 როდესაც მათ შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, გაწონასწორებული ბიბლიური თვალსაზრისი უნდა გამოვავლინოთ. პავლემ უთხრა ტიტეს, რომ კუნძულ კრეტაზე მცხოვრები ქრისტიანებისთვის შეეხსენებინა: „არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ“ (ტიტე 3:2). ყურადღება მივაქციოთ, რომ ქრისტიანებს „არავინ“ უნდა დაეძრახათ, თუნდაც კრეტაზე მცხოვრები არაქრისტიანები, რომელთაგან ზოგი ცნობილი იყო ტყუილებით, ღორმუცელობითა და უქნარობით (ტიტე 1:12). ასე რომ, არაბიბლიური იქნებოდა, თუ მათ მიმართ, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, დამამცირებელ სიტყვებს გამოვიყენებდით. ასეთი მედიდური ყურებით მათ იეჰოვას თაყვანისმცემლობისკენ ვერ მივიზიდავთ. მაგრამ, როდესაც სხვებს იეჰოვას სიტყვის კეთილგონივრული პრინციპების თანახმად ვუყურებთ და ვეპყრობით, ‘ვამკობთ ღვთის მოძღვრებას’ (ტიტე 2:10).
როდის არის ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა
10, 11. როგორ აჩვენა იესომ, რომ იცოდა, თუ როდის იყო: ა) „ჟამი დუმილისა“? ბ) „ჟამი უბნობისა“?
10 არის „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 3:7-ში. აქედან გამომდინარე, რთულია გადაწყვიტო, თუ როდის არ იმართლო თავი მოწინააღმდეგეებთან და როდის დაიცვა საკუთარი რწმენა. იესოს მაგალითის მიბაძვით, რომელიც ყოველთვის წინდახედულებას იჩენდა, ბევრის სწავლა შეგვიძლია (1 პეტრე 2:21). მან იცოდა, თუ როდის იყო „ჟამი დუმილისა“. მაგალითად, როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა იესოს ცილი დასწამეს პილატეს წინაშე, მას „არაფერი უპასუხნია“ (მათე 27:11–14). მას არ სურდა რაიმე ეთქვა, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა ღვთის ნების შესრულებაში. ამის ნაცვლად, მან ამჯობინა, რომ მის საქმეებს ელაპარაკა. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტებაც კი ვერ შეცვლიდა მათს ამაყ გულსა და გონებას. ასე რომ, ხმის ამოუღებლად უარყო ბრალდება (ესაია 53:7).
11 მაგრამ იესომ ისიც იცოდა, თუ როდის იყო „ჟამი უბნობისა“. ზოგჯერ ის აშკარად ყველას გასაგონად ეპასუხებოდა ბრალმდებლებს. მაგალითად, როდესაც მწიგნობრები და ფარისევლები ცდილობდნენ ხალხის წინაშე იესოს სახელის შელახვას და ბრალს სდებდნენ, თითქოს ეშმაკის ძალით განდევნა დემონები, მან ლაპარაკი არჩია. დამაჯერებელი მსჯელობითა და თვალსაჩინო მაგალითით მან დაამტკიცა ცილისწამების უსაფუძვლობა (მარკოზი 3:20–30; იხილეთ აგრეთვე მათე 15:1–11; 22:17–21; იოანე 18:37). ასევე, როდესაც გაცემისა და დაპატიმრების შემდეგ იესო სინედრიონის წინაშე წარადგინეს, მღვდელმთავარმა კაიაფამ მზაკვრულად ჰკითხა: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ მაშინაც ‘უბნობის ჟამი’ იყო, რადგან, თუ არაფერს იტყოდა, შეიძლება ეფიქრათ, რომ ის უგულებელყოფდა ქრისტედ ყოფნას. ამიტომაც იესომ უპასუხა: „მე ვარ“ (მათე 26:63, 64; მარკოზი 14:61, 62).
12. რომელმა სიტუაციამ აღძრა პავლე და ბარნაბა, გაბედულად ელაპარაკათ იკონიაში?
12 განვიხილოთ აგრეთვე პავლესა და ბარნაბას შემთხვევა. საქმეების 14:1, 2-ში ნათქვამია: „იკონიაში ისინი ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. ხოლო ურჩმა იუდეველებმა გააღიზიანეს და გააბოროტეს წარმართთა სულები ძმების წინააღმდეგ“. „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ (The New English Bible) ნათქვამია: „მაგრამ იუდეველებმა აღაშფოთეს წარმართები, მოუწამლეს მათ გონება და ქრისტიანების წინააღმდეგ განაწყვეს“. იუდეველი მოწინააღმდეგეები არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ თავად უარყოფდნენ კეთილ ცნობას, ცილისწამებას მიმართეს, რომ წარმართი მოსახლეობა ქრისტიანების წინააღმდეგ განეწყოთa. რა ძლიერ უნდა სძულებოდათ მათ ქრისტიანობა! (შეადარეთ საქმეები 10:28). პავლე და ბარნაბა გრძნობდნენ, რომ ‘უბნობის ჟამი’ იყო, რათა ახალ მოწაფეებს გული არ გასტეხოდათ საჯარო შეურაცხყოფის გამო. „ისინი [პავლე და ბარნაბა] საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე“. ღმერთმა მოიწონა მათი მოქმედება და შესაძლებლობა მისცა სასწაულები მოეხდინათ. შედეგად ამისა, „ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი მოციქულებს“ (საქმეები 14:3, 4).
13. ჩვეულებრივ, როდის არის „ჟამი დუმილისა“, როდესაც გვლანძღავენ?
13 მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გვლანძღავენ? ეს მთლიანად სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ბიბლიურ პრინციპს უნდა მივმართოთ, რომ არის „ჟამი დუმილისა“. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებით აღსავსე მოწინააღმდეგეები ცდილობენ, უაზრო კამათში ჩაგვითრიონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგს, უბრალოდ, არ სურს, იცოდეს ჭეშმარიტება (2 თესალონიკელთა 2:9–12). იმის მცდელობა, რომ დავარწმუნოთ ურწმუნოები, უშედეგოა. უფრო მეტიც, თუ გაგვიტაცებს ყველა იმ ცრუ ბრალმდებელთან კამათი, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ჩამოვცილდებით უფრო მეტად მნიშვნელოვან და მადლიან საქმეს — ვერ დავეხმარებით გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ბიბლიის ჭეშმარიტების შესწავლა. ამიტომ, როდესაც მოწინააღმდეგეებს ვაწყდებით, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ჩვენ შესახებ სიცრუის გავრცელება, ბიბლია გვირჩევს, რომ ‘მოვერიდოთ მათ’ (რომაელთა 16:17, 18; მათე 7:6).
14. რა საშუალებებით შეგვიძლია სხვების წინაშე ჩვენი რწმენის დაცვა?
14 რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცავთ ჩვენს რწმენას. ბოლოს და ბოლოს, არის აგრეთვე „ჟამი უბნობისა“. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ გულწრფელი ადამიანების გამო, რომლებსაც ესმით ასეთი ცილისმწამებლური კრიტიკა. ჩვენ მზად ვართ გარკვევით ავუხსნათ სხვებს, რაც გვწამს; მართლაც, ჩვენ გვიხარია ამის კეთება. პეტრე წერდა: „წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). როდესაც გულწრფელი დაინტერესებულები გვთხოვენ, რომ დავუმტკიცოთ ჩვენი შეხედულებები, რომლებსაც სათუთად ვეკიდებით, და როდესაც მოწინააღმდეგეების მიერ წაყენებული ცრუ ბრალდებების შესახებ გვეკითხებიან, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი რწმენა და ბიბლიიდან გონივრული პასუხები მოვუყვანოთ. ამასთანავე, ჩვენს კარგ ყოფაქცევასაც ბევრის თქმა შეუძლია. როდესაც გონიერი დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ ნამდვილად ვცდილობთ ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრებას, ისინი ადვილად დაინახავენ, რომ ჩვენ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ცრუა (1 პეტრე 2:12–15).
15. რომელი შემთხვევა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნეები არიან?
15 მაგალითად, 1997 წლის 1 აგვისტოს ერთ რუსულ გაზეთში გამოქვეყნდა ცილისმწამებლური სტატია, რომელიც სხვა მრავალთან ერთად აცხადებდა, რომ იეჰოვას მოწმეები კატეგორიულად მოითხოვენ ორგანიზაციის წევრებისგან, უარი თქვან მეუღლეებსა და მშობლებზე, თუ არ ესმით მათი და არ იზიარებენ მათს რწმენას“. ვინც იეჰოვას მოწმეებს იცნობს, იცის, რომ ეს ცილისმწამებლური ბრალდებაა. ბიბლია ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანები სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოეპყრონ ოჯახის წევრებს, რომლებიც იზიარებენ მათს რწმენას. მოწმეები ცდილობენ, მიჰყვნენ ამ მითითებას (1 კორინთელთა 7:12–16; 1 პეტრე 3:1–4). მიუხედავად ამისა, სტატია დაიბეჭდა და ბევრი მკითხველი დეზინფორმირებული იყო. მაგრამ როგორ დავიცვათ ჩვენი რწმენა, როდესაც ცილს გვწამებენ?
16, 17, და ჩარჩო მე-16 გვერდზე. ა) რა იყო ნათქვამი ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ სიტუაციებში უნდა გამოეხმაურონ იეჰოვას მოწმეები საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას?
16 აქაც არის „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“. ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“ გამოთქმული იყო ასეთი აზრი: „საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დეზინფორმაცია უყურადღებოდ დავტოვოთ თუ სათანადო მეთოდებით დავიცვათ ჭეშმარიტება, დამოკიდებულია სიტუაციაზე, კრიტიკოსსა და მის მიზანზე“. ზოგ შემთხვევაში შეიძლება უმჯობესი იყოს ნეგატიური ცნობების იგნორირება, რითაც თავიდან ავიცილებთ მორიგ ჭორებს.
17 სხვა შემთხვევაში შეიძლება ‘უბნობის ჟამი’ იყოს. სანდო ჟურნალისტი ან კორესპონდენტი შეიძლება არასწორად არის ინფორმირებული იეჰოვას მოწმეების შესახებ და შეიძლება მიესალმოს ჩვენ შესახებ სწორ ინფორმაციას (იხილეთ ჩარჩო „დამახინჯებული ინფორმაციის გამოსწორება“). თუ საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული ნეგატიური ინფორმაცია ხალხს ცრურწმენისკენ განაწყობს, რაც ხელს გვიშლის სამქადაგებლო საქმიანობაში, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ, რომ სათანადო გზით დაიცვან ჭეშმარიტებაb. მაგალითად, გამოცდილ უხუცესებს შეიძლება დაევალოთ, რომ წარმოადგინონ ფაქტები ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ტელევიზია; სხვა შემთხვევაში იფიქრებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეებს თავის მართლება არ შეუძლიათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით თითოეული მოწმე გონივრულად ხელმძღვანელობს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მითითებებით და თანამშრომლობს მის წარმომადგენლებთან (ებრაელთა 13:17).
კეთილი ცნობის კანონით დაცვა
18. ა) რატომ არ ვსაჭიროებთ ადამიანთა მთავრობებისგან ნებართვას ქადაგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ ვმოქმედებთ, როდესაც გვიკრძალავენ ქადაგებას?
18 ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უფლებამოსილება ზეციდან მოგვეცა. იესოს, რომელმაც ამ დავალების შესრულება დაგვავალა, მიცემული აქვს „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18–20; ფილიპელთა 2:9–11). ამიტომაც ქადაგებასთან დაკავშირებით ადამიანთა მთავრობებისგან ნებართვა არ გვესაჭიროება. მიუხედავად ამისა, შეგნებული გვაქვს, რომ რელიგიური თავისუფლება ხელს უწყობს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიური თავისუფლება გვაქვს, რომ განვაგრძოთ ჩვენი თაყვანისმცემლობა, კანონებს მივმართავთ მის დასაცავად. მაგრამ, სადაც არ გვაქვს, ვცდილობთ, რომ კანონიერი გზით მოვიპოვოთ ის. ჩვენი მიზანია არა საზოგადოებრივი რეფორმა, არამედ ‘სახარების დაცვა და განმტკიცება’c (ფილიპელთა 1:7).
19. ა)რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ ‘მივცემთ ღვთისას ღმერთს’? ბ) როგორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული?
19 ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვაღიარებთ, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი. მისი კანონი უზენაესია. ჩვენ კეთილსინდისიერად ვემორჩილებით ადამიანთა მთავრობებს და ‘კეისარს კეისრისას ვაძლევთ’. მაგრამ არ დავუშვებთ, რომ რამემ ხელი შეგვიშალოს უფრო მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში — ‘მივცეთ ღვთისა ღმერთს’ (მათე 22:21). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთი მოქმედებით „მოძულებულნი“ ვიქნებით, მაგრამ ამას მოწაფეობის ფასის ნაწილად მივიჩნევთ. XX საუკუნეში იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმეების ისტორია იმის დამადასტურებელია, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი რწმენის დაცვა. იეჰოვას დახმარებითა და მხარდაჭერით კვლავაც ‘დაუცხრომლად ვასწავლით და ვახარებთ’ კეთილ ცნობას (საქმეები 5:42).
[სქოლიოები]
a ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ იუდეველი მოწინააღმდეგეები „განზრახ მიდიოდნენ ნაცნობებთან [წარმართებთან] და ეუბნებოდნენ ყოველგვარ სისაძაგლეს, რაც კი მოუნდებოდათ, რათა არა მარტო ცუდი წარმოდგენა ჰქონოდათ ქრისტიანობაზე, არამედ შესძულებოდათ კიდეც“ (Matthew Henry’s Commentary on the Whole Bible).
b რუსეთის გაზეთში ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ (მოხსენიებულია მე-15 აბზაცში) იეჰოვას მოწმეებმა თხოვნით მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებულ სადავო საკითხების სასამართლო პალატას, რომ განეხილათ სტატიაში გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებები. ამას წინათ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საყვედური გამოუცხადა გაზეთის რედაქციას ცილისმწამებლური სტატიის დაბეჭდვისთვის (იხილეთ 1998 წლის 8 დეკემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26, 27).
c იხილეთ სტატია „კეთილი ცნობის კანონით დაცვა“, გვერდები 19—22.
-