საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა

      რუსტამი რუსეთში ცხოვრობს, მას საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს. წარსულში ის არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს ძვირად დაუჯდებოდა. მან მიატოვა მოწევა და ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება. მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობის გამო სულ მოთენთილობას გრძნობდა.

      მართალია, მუშაობას დილის რვა საათზე იწყებდა, მაგრამ ათ საათამდე გამოფხიზლება უჭირდა და ხშირად ავადმყოფობდა. რუსტამმა ცხოვრების წესის შეცვლა გადაწყვიტა. შედეგებზე ის თავად გვესაუბრება: „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ავადმყოფობის გამო სამუშაო სულ ორჯერ გავაცდინე. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხნედ და ხალისიანად ვარ. ცხოვრებით ვხარობ“.

      რამი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ნეპალში ცხოვრობს. იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, ცუდი სანიტარიული პირობებია, იქაურობა კოღოებითა და ბუზებითაა სავსე. ადრე რამსა და მისი ოჯახის წევრებს სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებოდათ, ხშირად თვალის ინფექციაც აწუხებდათ. ცხოვრებაში ცვლილება მათაც მოახდინეს, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

      გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!

      ადამიანები თავიანთი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავენ კავშირს ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას შორის. ისინი თვლიან, რომ კარგი ჯანმრთელობა უბრალოდ გამართლებაა და მისი სრულად გაკონტროლება შეუძლებელია. ასეთი ფატალისტური შეხედულების გამო მრავალი არ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ ცხოვრება უფრო ნაყოფიერი გახადოს.

      ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, სინამდვილეში ყველას შეუძლია საკუთარი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და შეგნებულად არ მოისწრაფებთ სიცოცხლეს.

      მშობლებს შეუძლიათ სიტყვითა თუ საქმით დაეხმარონ შვილებს ჯანსაღი წესით ცხოვრებაში, თუ კარგ ჩვევებს ჩაუნერგავენ. ჯანმრთელობისთვის დახარჯული დრო და სახსრები იმით აგვინაზღაურდება, რომ ავადმყოფობა ნაკლებად შეგვაწუხებს და მკურნალობაში ზედმეტი დრო და სახსრები არ დაგვეხარჯება. ინგლისურში ასეთი გამოთქმა არსებობს: „უნცია თავდაცვა გირვანქა განკურნებას უდრისო“.

      მომდევნო სტატიებში განხილული იქნება ხუთი ძირითადი რჩევა, რომელიც რუსტამს, რამსა და სხვა მრავალს დაეხმარა. მათი გათვალისწინება თქვენც დაგეხმარებათ.

      [სურათი 3 გვერდზე]

      რუსტამი

      [სურათი 3 გვერდზე]

      რამი და მისი ოჯახის წევრები დასალევად სუფთა წყალს იღებენ

  • რჩევა 1 — იკვებეთ სწორად
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • რჩევა 1 — იკვებეთ სწორად

      „მიირთვით, ოღონდ ბევრი არა, თანაც ძირითადად მცენარეული საკვები“. ამ სიტყვებით შეაჯამა ერთ-ერთი კვლევის ავტორმა, მაიკლ პოლანმა მარტივი, მაგრამ დროის მიერ გამოცდილი ჭეშმარიტება. რას გულისხმობდა ის?

      ◯ მიირთვით ახალი პროდუქტები. მიირთვით „ნამდვილი“, საღი საკვები, რომლითაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში იკვებებოდა, და არა თანამედროვე მზა პროდუქტები. ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვები, ჩვეულებრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, მარილსა და ცხიმს, რაც ხელს უწყობს ინსულტის, კიბოს, გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებას. ეცადეთ, ცხიმში შეწვის ნაცვლად, საკვები ორთქლზე მოხარშოთ, გამოაცხოთ ან უცხიმოდ შეწვათ. მარილის ნაკლებობა კი მწვანილითა და სანელებლებით აინაზღაურეთ. ხორცი კარგად მოამზადეთ და ნურასდროს შეჭამთ გაფუჭებულ პროდუქტს.

      ◯ იკვებეთ ზომიერად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში შემაშფოთებლად გაიზარდა ჭარბწონიან და მსუქან ადამიანთა რიცხვი, რაც ხშირ შემთხვევაში გადამეტებული ჭამის შედეგია. როგორც ერთ-ერთი გამოკვლევიდან ჩანს, აფრიკის ზოგიერთ ნაწილში „ჭარბწონიან ბავშვთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც საკმარისი საკვები არა აქვთ“. ჭარბი წონის მქონე ბავშვების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ადრე თუ გვიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს დიაბეტი. ამიტომ მშობლებო, მიეცით მაგალითი შვილებს და შეამცირეთ თქვენი ულუფა!

      ◯ მიიღეთ ძირითადად მცენარეული საკვები. ბალანსირებულ კვებაში მეტი უპირატესობა ენიჭება ხილს, ბოსტნეულსა და გაუცეხვავ მარცვლოვან პროდუქტებს, ვიდრე ხორცეულსა და სახამებლით მდიდარ საკვებს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხორცი თევზით ჩაანაცვლეთ. შეამცირეთ მაკარონის, თეთრი პურისა და თეთრი ბრინჯის მიღება, რადგან მათი კვებითი ღირებულება დაბალია. მოერიდეთ სახიფათო მოდურ დიეტებს. მშობლებო, თუ გინდათ, რომ გაუფრთხილდეთ შვილების ჯანმრთელობას, შეაყვარეთ მათ ჯანსაღი საკვები! მაგალითად, ჯობია ბავშვებს სასუსნაოდ თხილეული, კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული მისცეთ, ვიდრე ჩიპსები და კანფეტები.

      ◯ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. დიდებმაც და პატარებმაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით უნდა მიიღონ წყალი თუ სხვა უშაქრო სასმელი, განსაკუთრებით ცხელ ამინდში და მაშინ, როცა მძიმე სამუშაოს ასრულებენ ან ვარჯიშობენ. სითხე გვეხმარება საჭმლის მონელებაში, ორგანიზმიდან შხამების გამოდევნასა და კანის გაჯანსაღებაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს წონაში კლებას. შედეგად, ადამიანი თავს კარგად გრძნობს და უკეთ გამოიყურება. ნუ მიეძალებით ალკოჰოლსა და შაქრის შემცველ სასმელებს. დღეში ერთი ქილა (330 მლ.) გაზიანი სასმელის მიღების შედეგად წლის ბოლოს შეიძლება დაახლოებით 7 კილოგრამი მოიმატოთ.

      ზოგ ქვეყანაში სუფთა წყალი დეფიციტია და ძვირი ღირს, არადა წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია. დაბინძურებული წყალი უნდა გადადუღდეს ან ქიმიურად დამუშავდეს. დაბინძურებული წყლით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომებისა და მიწისძვრების შედეგად. მაგალითად, როგორც ამბობენ, დაბინძურებული წყლის გამო დღეში 4 000 ბავშვი იღუპება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს, ახალშობილი პირველი ექვსი თვის განმავლობაში დედის რძით უნდა იკვებებოდეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, სულ მცირე, ორ წლამდე, დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვებიც უნდა მიიღოს.

  • რჩევა 2 — იზრუნეთ საკუთარ თავზე
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • რჩევა 2 — იზრუნეთ საკუთარ თავზე

      „არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29). თუ რამდენიმე ძირითად რჩევას გაითვალისწინებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

      ◯ კარგად გამოიძინეთ. „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). დღევანდელი ცხოვრების წესი ადამიანებს სულ უფრო ნაკლებ დროს უტოვებს ძილისთვის. მაგრამ ძილი ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გამოკვლევებიდან გამოჩნდა, რომ ძილის დროს ჩვენს ტვინსა და სხეულს თვითაღდგენის უნარი აქვს, რაც დადებითად აისახება მეხსიერებასა და განწყობაზე.

      ძილი აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ამცირებს სხვადასხვა ინფექციების, დიაბეტის, ინსულტის, გულის დაავადებების, კიბოს, სიმსუქნის, დეპრესიისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკსაც კი. ნაცვლად იმისა, რომ ტკბილეულით, კოფეინითა და სხვა სტიმულატორებით ხელი შევუშალოთ ძილს, ამ ბუნებრივ „დამცავ მექანიზმს“, კარგი იქნება, თუ მოვუსმენთ ჩვენი ორგანიზმის ხმას და დროულად დავიძინებთ. ზრდასრულ ადამიანს ყოველღამე შვიდი-რვა საათი უნდა ეძინოს, რომ თავი კარგად იგრძნოს, კარგად გამოიყურებოდეს და შრომისუნარიანი იყოს. ახალგაზრდებს ძილისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ. ის ახალგაზრდები, რომლებსაც ძილი აკლიათ, უფრო ხშირად ხვდებიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს და საჭესთან ეძინებათ.

      ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავადმყოფობის პერიოდში. მაგალითად, ჩვენი ორგანიზმი ადვილად მოერევა გაციებას, თუ ცოტა მეტს დავიძინებთ და ბევრ სითხეს მივიღებთ.

      ◯ გაუფრთხილდით კბილებს. ჭამის შემდეგ კბილების გახეხვა და ძაფით გაწმენდა, განსაკუთრებით ძილის წინ, თავიდან აგარიდებთ კარიესს, ღრძილების ანთებასა და კბილების დაკარგვას. კბილების გარეშე გაგვიჭირდება საჭმლის დამუშავება. როგორც ამბობენ, სპილოები ასაკის გამო კი არ იღუპებიან, არამედ შიმშილით, რადგან გაცვეთილი კბილების გამო სათანადოდ ვეღარ ღეჭავენ საკვებს. იმ ბავშვებს, რომლებსაც ჭამის შემდეგ კბილების გახეხვასა და ძაფით გაწმენდას აჩვევენ, უკეთესი ჯანმრთელობა ექნებათ.

      ◯ მიაკითხეთ ექიმს. ზოგი დაავადების დროს აუცილებელია პროფესიული სამედიცინო დახმარება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკით შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ გართულებები და ზედმეტი ხარჯები. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, იმის ნაცვლად, რომ სიმპტომებს შეებრძოლოთ, გამოიკვლიეთ მიზეზები და აღმოფხვერით.

      კვალიფიციურ სპეციალისტთან რეგულარული გამოკვლევის ჩატარება, განსაკუთრებით ორსულობის დროს, მრავალ სერიოზულ პრობლემას აგარიდებთ.a მაგრამ გახსოვდეთ, რომ ექიმებს სასწაულის მოხდენა არ შეუძლიათ. ყველანაირი ავადმყოფობისგან სრულად მხოლოდ მაშინ განვიკურნებით, როცა ღმერთი „ყველაფერს ახალს“ შექმნის (გამოცხადება 21:4, 5).

      [სქოლიო]

      a იხილეთ სტატია, „ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილები“ 2009 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

  • რჩევა 3 — იმოძრავეთ
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • რჩევა 3 — იმოძრავეთ

      „ვარჯიში რომ წამალი იყოს, მსოფლიოში ყველას ამ წამალს გამოუწერდნენ“ (ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, აშშ). ჩვენი ორგანიზმისთვის ფიზიკურ აქტივობაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.

      ◯ ივარჯიშეთ. ფიზიკურად აქტიური ცხოვრება გვეხმარება, თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ, უკეთ ვიაზროვნოთ, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები ვიყოთ. სათანადო კვებასთან ერთად ვარჯიში წონის გაკონტროლებაშიც გვეხმარება. ვარჯიშის დროს არ არის აუცილებელი მკვეთრი და მტკივნეული მოძრაობების გაკეთება. კვირაში რამდენჯერმე რეგულარული და ზომიერი ვარჯიში ძალიან სასარგებლოა.

      ძუნძული, სირბილი, ველოსიპედის ტარება და სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, რომლის დროსაც გული შედარებით სწრაფად ცემს და ოფლი გამოიყოფა, გააუმჯობესებს თქვენს ამტანობას და შეამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. აერობიკა, მსუბუქი განტელებით ვარჯიში და ტანვარჯიში ძვლებს, კუნთებსა და კიდურებს გაგიმაგრებთ. ასეთი ვარჯიშები აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

      ◯ იარეთ. ვარჯიში ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა და ამისთვის სპორტდარბაზში სიარული სულაც არ არის აუცილებელი. ეცადეთ, ზოგჯერ ფეხითაც იაროთ ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის მანქანით, ავტობუსით ან ლიფტით ისარგებლოთ. რატომ უნდა ელოდოთ ტრანსპორტს, როცა დანიშნულების ადგილამდე შეგიძლიათ ფეხით უფრო სწრაფად მიხვიდეთ. მშობლებო, ხელი შეუწყვეთ ბავშვებს, რომ შეძლებისდაგვარად ეზოში ითამაშონ. აქტიური თამაში გაამაგრებს მათ სხეულს და ხელს შეუწყობს ორგანიზმის სათანადოდ კოორდინაციას, რაშიც პასიური გართობა, მაგალითად ვიდეოთამაშები, ვერ დაეხმარებათ.

      მნიშვნელობა არა აქვს, რა ასაკში იწყებთ ვარჯიშს. ზომიერი ვარჯიში ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა. თუ ხანში ხართ შესული ან რაიმე გაწუხებთ და გსურთ ვარჯიშის დაწყება, კარგი იქნება, თუ ჯერ ექიმს ჰკითხავთ რჩევას. მთავარია, დაიწყოთ ვარჯიში. ასაკოვან ადამიანსაც კი შეუძლია კუნთების გამაგრება და ძვლოვანი მასის შენარჩუნება, თუ პირველივე ჯერზე ზედმეტად ინტენსიურად არ ივარჯიშებს და თანდათანობით შეაჩვევს ორგანიზმს მოძრაობას. ეს ხანდაზმულებში დაცემის ალბათობასაც შეამცირებს.

      სწორედ ვარჯიში დაეხმარა პირველ სტატიაში მოხსენიებულ რუსტამს. შვიდი წლის წინ მან და მისმა მეუღლემ დილაობით, კვირაში ხუთ დღეს, ძუნძულით სიარული დაიწყეს. რუსტამი იხსენებს: „თავიდან ვცდილობდით, რამე მოგვემიზეზებინა და სარბენად არ წავსულიყავით. მაგრამ რახან ორნი ვიყავით, ერთმანეთს ვახალისებდით. ახლა ეს სასიამოვნო და სასარგებლო ჩვევად გვექცა“.

      [სურათი 6 გვერდზე]

      ვარჯიში შეიძლება სასიამოვნო იყოს

  • რჩევა 4 — გაუფრთხილდით ჯანმრთელობას
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • რჩევა 4 — გაუფრთხილდით ჯანმრთელობას

      „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა არა მარტო ავადმყოფობისა და ზედმეტი ტკივილისგან დაგიცავთ, არამედ დროსაც და ფულსაც დაგიზოგავთ.

      იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე. „ხელების დაბანით ხელს შეუშლით ინფექციის გავრცელებას და გაუფრთხილდებით ჯანმრთელობას“, — ნათქვამია აშშ-ს დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების ცნობარში. როგორც ვარაუდობენ, ინფექციათა 80 პროცენტი დაუბანელი ხელებით გადადის. ამიტომ დღის განმავლობაში ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ჭამის წინ, საჭმლის მომზადებამდე, ჭრილობის დამუშავების ან შეხვევის წინ, ცხოველთან შეხების, საპირფარეშოთი სარგებლობის ან ბავშვის საფენის გამოცვლის შემდეგ.

      საპონი და წყალი უფრო ეფექტურია, ვიდრე ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები. ბავშვები გაცილებით ჯანმრთელები არიან, როცა მშობლები აჩვევენ მათ ხელების დაბანას და პირისა და თვალებისთვის ხელის მორიდებას. გარდა ამისა, ყოველდღე ბანაობა, სუფთა ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოყენება ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას.

      თავი დაიცავით ინფექციებისგან. მოერიდეთ გაციებულ ან ვირუსით დაავადებულ ადამიანთან ახლო ფიზიკურ კონტაქტს და მისი ჭურჭლის გამოყენებას. მათი ნერწყვით და ცხვირიდან გამონადენით შეიძლება თქვენც დასნეულდეთ. ისეთი დაავადებები, როგორიცაა B და C ჰეპატიტი, და შიდს-ის გამომწვევი ვირუსი აივ-ი ვრცელდება სქესობრივი გზით, ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენებითა და სისხლის გადასხმით. ვაქცინაციით შეიძლება ზოგიერთი ინფექციის თავიდან არიდება, მაგრამ გონიერი ადამიანი მაინც ფრთხილობს ინფექციური დაავადების მატარებელთან ურთიერთობისას. თავი დაიცავით მწერებისგან. ნუ დასხდებით და ნუ დაიძინებთ გარეთ ისეთ ადგილებში, სადაც მრავლად არის კოღოები ან დაავადების გამავრცელებელი სხვა მწერები. გამოიყენეთ საწოლზე ჩამოსაფარებელი სპეციალური დამცავი ბადე და აგრეთვე მწერებისგან დამცავი სხვა საშუალებები. მწერებისგან განსაკუთრებით ბავშვები დაიცავით.a

      შეინარჩუნეთ სისუფთავე სახლში. ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენი სახლი შიგნიდან თუ გარედან სუფთა და მოწესრიგებული იყოს. მიხედეთ ისეთ ადგილებს, სადაც წყალი გროვდება და კოღოები მრავლდებიან. ჭუჭყი, ღიად დატოვებული საჭმელი თუ ნაგავი იზიდავს მწერებსა და პარაზიტებს, რომლებსაც დაავადებათა გამომწვევი მიკრობების გავრცელება შეუძლიათ. თუ არ გაქვთ საპირფარეშო, ამოთხარეთ მიწა და მოიწყვეთ პრიმიტიული საპირფარეშო ნაცვლად იმისა, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ღია ცის ქვეშ დაიკმაყოფილოთ. საპირფარეშოს ხვრელს რამე დააფარეთ, რათა თვალის ინფექციებისა თუ სხვა დაავადებების გადამტანი ბუზებისგან დაიცვათ თავი.

      ნუ მიაყენებთ ორგანიზმს ზიანს. დაიცავით უსაფრთხოების წესები მუშაობის, მანქანის, მოტოციკლეტის ან ველოსიპედის ტარების დროს. შეამოწმეთ, გამართულად მუშაობს თუ არა თქვენი სატრანსპორტო საშუალება. გამოიყენეთ შესაბამისი დამცავი მოწყობილობა და აქსესუარები, მაგალითად, სათვალეები, კასკა, სპეციალური ფეხსაცმელი, უსაფრთხოების ღვედები და ყურის საცობები. დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე, რადგან ეს ხელს უწყობს კიბოს განვითარებას და კანის ნაადრევ დაბერებას. უარი თქვით თამბაქოზე. თუ ასე მოიქცევით, მნიშვნელოვნად შეამცირებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის კიბოსა და ინსულტის რისკს.b

      a იხილეთ სტატია „დაავადებების გამავრცელებელი მწერები“, 2003 წლის 22 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.).

      b იხილეთ სტატიათა სერია „როგორ გადავაგდო სიგარეტი?“, 2010 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში.

  • რჩევა 5 — მიეცით სტიმული საკუთარ თავსა და ოჯახს
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • რჩევა 5 — მიეცით სტიმული საკუთარ თავსა და ოჯახს

      „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“ (იგავები 13:16). თუ გათვითცნობიერდებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში, უფრო მეტად იზრუნებთ, როგორც საკუთარ, ისე ოჯახის ჯანმრთელობაზე.

      ◯ გაიგეთ უფრო მეტი. მრავალ ქვეყანაში სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ლიტერატურას. ისარგებლეთ ამ საშუალებებით და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეთ იმის შესახებ, როგორ უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე და როგორ უნდა დაიცვათ თავი საფრთხისგან. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მზად იყავით საჭირო ცვლილებების მოსახდენად.

      ის ჯანსაღი ჩვევები, რომელსაც ოჯახში დანერგავთ, თქვენს შვილებსაც გამოადგება და შვილიშვილებსაც. როცა მშობლები კარგ მაგალითს აძლევენ შვილებს, ჯანსაღ კვებასთან, ჰიგიენასთან, ძილთან, ვარჯიშსა და დაავადებათა პროფილაქტიკასთან დაკავშირებით, ეს მომავალ თაობაზეც დადებითად აისახება (იგავები 22:6).

      ◯ კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო? მხოლოდ იმით დაინტერესება არ კმარა, თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ღრმად გამჯდარი არაჯანსაღი ჩვევების მოშორება ადვილი არ არის. ზოგჯერ მცირე ცვლილების მოსახდენადაც კი დიდი ძალისხმევაა საჭირო. მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის შიშიც კი ვერ აიძულებს ბევრს, აკეთოს ის, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს უფრო სერიოზული მიზეზი, რატომ უნდა იზრუნოს ჯანმრთელობაზე.

      წყვილებს კარგი ჯანმრთელობა სჭირდებათ, რომ ერთმანეთის დახმარება შეძლონ. მშობლებმა შვილების ჯანმრთელობასა და აღზრდაზე უნდა იზრუნონ, ხოლო ზრდასრულმა შვილებმა — ხანდაზმულ ნათესავებსა და მშობლებზე. ამას ემატება იმის სურვილიც, რომ ტვირთად არ ვიქცეთ სხვებისთვის. ამ ყველაფერს კი საფუძვლად სიყვარული და სხვებზე ზრუნვა უდევს.

      ყველაზე დიდ სტიმულს კი ჩვენი შემოქმედისადმი მადლიერება და ერთგულება გვაძლევს. მორწმუნე ადამიანები უფრთხილდებიან ღვთისგან ბოძებულ ძვირფას საჩუქარს, სიცოცხლეს (ფსალმუნი 36:9). თუ ჯანმრთელები ვიქნებით, ღვთისთვის უფრო მეტს გავაკეთებთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვის ამაზე უკეთეს სტიმულს რა მოგვცემს?!

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      დატკბით ჯანსაღი ცხოვრებით

  • მიიღეთ ზომები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • მიიღეთ ზომები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

      გახსოვთ ამ სტატიათა სერიის დასაწყისში მოხსენიებული რამი? სხვების მსგავსად, არც მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია რაციონალური კვება და სხვა სასარგებლო ჩვევების გამომუშავება. აი, რას ამბობს რამი: «2002 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სტატია „მიირთვით ნოყიერი საკვები“ დამეხმარა იმის დანახვაში, თუ რატომ უნდა მიმექცია ყურადღება კვებისთვის.

      მთელი ოჯახი ვცდილობდით, გამოგვეყენებინა სტატიაში მოცემული რჩევები, რის შედეგადაც იმუნიტეტი გაგვიძლიერდა. ვიდრე ამ საკითხს სერიოზულად მოვეკიდებოდით, ხშირად ვცივდებოდით, მაგრამ ახლა იშვიათად ვცივდებით. „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთი სტატიის წყალობით, „ექვსი საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“ (2003 წლის 8 ოქტომბერი), ჩვენ ვისწავლეთ სუფთა სასმელი წყლის იაფად და ადვილად შოვნა.

      „გამოიღვიძეთ!“-ში ჩვენთვის კიდევ ერთი საინტერესო სტატია იყო, კერძოდ, „საპონი — ყველასთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა“ (2003 წლის 8 დეკემბერი). მასში მოცემული რჩევების გათვალისწინება წაკითხვისთანავე დავიწყეთ. მას შემდეგ თვალის ინფექცია აღარ გვაწუხებს.

      ჩვენს სამეზობლოში ყურადღებას არავინ აქცევს იმას, რომ იქაურობა ბუზებითა და კოღოებით არის სავსე. მაგრამ ფილმიდან, „ბიბლია — წიგნი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“a, მთელმა ოჯახმა ვისწავლეთ, რომ თავი უნდა დავიცვათ ამ მწერებისგან. ამის ცოდნა კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება».

      ხელს ნუ ჩაიქნევთ! თუ ცვლილების მოხდენას საჭიროებთ, გიჯობთ, დაისახოთ რეალური მიზნები და თანდათანობით განახორციელოთ. მაგალითად, ერთბაშად კი ნუ ამოიღებთ ნაკლებად სასარგებლო საკვებს თქვენი რაციონიდან, არამედ თანდათანობით შეამცირეთ მისი რაოდენობა. შეეცადეთ, დღის განმავლობაში ცოტა წაივარჯიშოთ და შედარებით ადრე დაწვეთ დასაძინებლად. სულ არაფერს ჯობია, ცოტა მაინც გაიქნიოთ ხელ-ფეხი. კარგი ჩვევის გამომუშავებას ზოგჯერ კვირები ან თვეები სჭირდება. თუ ამ დროის განმავლობაში დიდ ცვლილებებს ვერ შენიშნავთ, გულს ნუ გაიტეხთ. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს და შედეგიც სახეზე იქნება.

      დღევანდელ არასრულფასოვან გარემოში არარეალურია იმის მოლოდინი, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება. ხშირად ჩვენი ავადმყოფობის მიზეზი თანდაყოლილი არასრულყოფილებაა და არა ის, რომ დაუდევრად ვეკიდებით საკუთარ ჯანმრთელობას. ამიტომ, მეტისმეტად ნუ დაიმძიმებთ გულს ჯანმრთელობაზე ან სხვა რამეზე ფიქრით. „რომელ თქვენგანს შეუძლია, რომ წუხილით ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე?“, — თქვა იესომ (ლუკა 12:25). ნაცვლად ამისა, ეცადეთ, არაჯანსაღი ჩვევებით არ დაიმახინჯოთ ცხოვრება და უაზროდ არ მოისწრაფოთ სიცოცხლე. ამგვარად, თქვენ შეძლებისდაგვარად შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას, სანამ არ დადგება ღვთის ახალი ქვეყნიერება, სადაც „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

      [სქოლიო]

      a მომზადებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება