საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფიზიკური ჯანმრთელობა
    გამოიღვიძეთ! — 2019 | No. 3
    • მამაკაცი მიირთმევს სალათს

      ფიზიკური ჯანმრთელობა

      ბიბლია არ არის სამედიცინო სახელმძღვანელო. მაგრამ მასში ჩაწერილი რჩევები გვეხმარება, მივყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. განვიხილოთ ზოგიერთი ბიბლიური პრინციპი, რომელთა გათვალისწინებაც გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.

      იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

      ბიბლიური პრინციპი: „არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29).

      რას ნიშნავს: ეს სიტყვები მოგვიწოდებს, ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. როგორც ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრების წესით. ასე რომ, თუ მიჰყვებით ჯანსაღი ცხოვრების წესს, უკეთესი ჯანმრთელობა გექნებათ.

      რა უნდა გააკეთოთ:

      • სწორად იკვებეთ. იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.

      • ივარჯიშეთ. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ფიზიკური აქტივობა გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას მაშინაც კი, თუ ინვალიდი ხართ ან ქრონიკულ დაავადებას ებრძვით. მართალია, ამ მხრივ დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ მეგობრებს და ექიმებს, მაგრამ თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.

      • საკმარისად იძინეთ. ხანგრძლივი დროის მანძილზე არასაკმარისი ძილის შედეგად სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება. ზოგი ცხოვრების ისეთ წესს ირჩევს, რის გამოც საკმარისად არ სძინავს. ასე რომ, თუ საკმარისად იძინებთ, უფრო უკეთ იგრძნობთ თავს.

      მოიშორეთ მავნე ჩვევები

      ბიბლიური პრინციპი: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“ (2 კორინთელები 7:1).

      რას ნიშნავს: უფრო ჯანმრთელები ვიქნებით, თუ უარს ვიტყვით თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე, რაც არაერთი დაავადების და სიკვდილის მიზეზიც კი ხდება.

      რა უნდა გააკეთოთ: კალენდარზე აღნიშნეთ, როდის დაანებებთ თავს ამ მავნე ჩვევას. დათქმულ დღემდე კი მოიშორეთ ყველაფერი, იქნება ეს სიგარეტი, სანთებელა, საფერფლე თუ სხვა რამ, რაც ამ ჩვევას უკავშირდება. მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ხშირად ეწევიან. თქვენი გადაწყვეტილების შესახებ უთხარით მეგობრებს, რომლებიც მხარს დაგიჭერენ.

      სხვა ბიბლიური პრინციპები

      მამაკაცი კითხულობს ბიბლიას

      თუ გსურთ, გქონდეთ ბიბლიის პირადი ეგზემპლარი, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს

      დაიცავით უსაფრთხოების ზომები

      „როცა სახლს აიშენებ, ბანს მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს“ (კანონი 22:8).

      დაიოკეთ ბრაზი

      „რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია, მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი“ (იგავები 14:29).

      ნუ შეჭამთ ზომაზე მეტს

      „ნუ იქნები მათ შორის . . . ვინც ხორცით ვერ ძღება“ (იგავები 23:20).

  • ემოციური მდგომარეობა
    გამოიღვიძეთ! — 2019 | No. 3
    • სუპერმარკეტის სალაროსთან ანერვიულებულ ხალხს შორის ერთი ქალი თავის პატარა გოგონასთან ერთად საკმაოდ მშვიდად დგას რიგში

      ემოციური მდგომარეობა

      ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ნეგატიური ემოციები მავნეა ჯანმრთელობისთვის და მოგვიწოდებს, პოზიტიური ემოციებით ჩავანაცვლოთ.

      ბრაზი

      ბიბლიური პრინციპი: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32).

      რას ნიშნავს: ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუ ვისწავლით ემოციების მართვას. ზოგჯერ შეიძლება სამართლიანად გავბრაზდეთ, მაგრამ, თუ საკუთარ თავს არ გავაკონტროლებთ, ეს ყოველთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. ცნობილი ფაქტია, რომ ცხელ გულზე ადამიანები ხშირად ისეთ რამეს ამბობენ ან აკეთებენ, რასაც მოგვიანებით ნანობენ.

      რა უნდა გააკეთოთ: მანამ დაიოკეთ ბრაზი, სანამ წყობილებიდან გამოხვალთ. ზოგის აზრით, რისხვის გადმონთხევა სიძლიერის მაჩვენებელია, სინამდვილეში კი სისუსტის ნიშანია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგავები 25:28). სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, კარგად გაეცანით ფაქტებს, რაც ბრაზის დაოკებაში დაგეხმარებათ. „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11). თუ მთლიანი სურათის დანახვას შეეცდებით, გაგიადვილდებათ თავის ხელში აყვანა და ემოციების მოთოკვა.

      მადლიერება

      ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

      რას ნიშნავს: ამბობენ, რომ მხოლოდ მადლიერი ადამიანია ბედნიერი. ამას ისინიც ადასტურებენ, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა ან ყველაფერი დაკარგა, რაც გააჩნდა. როგორც თავად აღნიშნავენ, ემოციური წონასწორობის აღდგენაში მათ ერთი რამ ეხმარებათ: ნაცვლად იმისა, რომ იმაზე იფიქრონ, რაც დაკარგეს, მადლიერნი არიან იმისთვის, რაც გააჩნიათ.

      რა უნდა გააკეთოთ: ყოველდღე იფიქრეთ, რისთვის ხართ მადლიერი. აუცილებელი არ არის, ეს განსაკუთრებული რამ იყოს. მაგალითად, მადლიერი იყავით იმისთვის, რომ ლამაზი დილა გაგითენდათ, საყვარელ ადამიანთან სასიამოვნოდ გაატარეთ დრო ან უბრალოდ იმისთვის, რომ ცოცხალი ხართ. თუ ამაზე ფიქრისთვის დროს გამოყოფთ, დადებითად დაიმუხტებით და თქვენი ემოციური მდგომარეობაც ერთი ორად გაუმჯობესდება.

      განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ იმაზე იფიქრებთ, რატომ ხართ ოჯახის წევრების და მეგობრების მადლიერი. როცა ვინმეს მიმართ მადლიერებას გრძნობთ, უთხარით მას ამის შესახებ, იქნება ეს პირადად თუ წერილობით. ეს განამტკიცებს თქვენ შორის ურთიერთობას და განგაცდევინებთ გაცემით გამოწვეულ სიხარულს (საქმეები 20:35).

      სხვა ბიბლიური პრინციპები

      ქალი ბიბლიის აუდიოჩანაწერს უსმენს და თან თავისი გოგონას ტანსაცმელს კეცავს

      თუ გსურთ, მოუსმინოთ ბიბლიის აუდიოჩანაწერებს რომელიმე ენაზე, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს jw.org. ისინი ხელმისაწვდომია დაახლოებით 40 ენაზე

      ნუ ჩაებმებით კამათში

      „დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14).

      ზედმეტად ნუ იწუხებთ ხვალინდელ დღეზე

      „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

      ნაცვლად იმისა, რომ ემოციებს აჰყვეთ, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ

      „ჭკუა დაგიცავს და გამჭრიახობა დაგიფარავს“ (იგავები 2:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება