-
გავრცელებული შეხედულებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ნოემბერი
-
-
გავრცელებული შეხედულება
„კოშმარები მესიზმრებოდა, თითქოს ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი! ვხედავდი, როგორ ვვარდებოდი ცეცხლში და კივილით მეღვიძებოდა. ჯოჯოხეთის შიშით ყველანაირად ვცდილობდი, არ შემეცოდა“ (არლენი).
გწამთ, რომ ცოდვილები ჯოჯოხეთში იტანჯებიან? მრავალს ამაში ეჭვი არ ეპარება. მაგალითად, 2005 წელს შოტლანდიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეცნიერის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შოტლანდიის სამღვდელოების ერთ მესამედს სწამდა, რომ ისინი, ვინც ღმერთს განუდგებოდა, „ჯოჯოხეთში მარადიულად დაიტანჯებოდა სულიერად“; ერთი მეხუთედი კი იმაში იყო დარწმუნებული, რომ ასეთ ადამიანებს ჯოჯოხეთში ფიზიკური ტანჯვა ელოდა.
მრავალ ქვეყანაში ბევრს არ ეპარება ეჭვი ჯოჯოხეთის არსებობაში. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 2007 წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 პროცენტს სწამდა ჯოჯოხეთის არსებობა. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც ნაკლებად რელიგიური ხალხი ცხოვრობს, სჯერათ, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. 2004 წელს სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელთა 42 პროცენტსა და ბრიტანელთა 32 პროცენტს სწამდა ჯოჯოხეთის არსებობისა.
რას ასწავლის სამღვდელოება?
მრავალი სასულიერო პირი აღარ ასწავლის, რომ ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი სატანჯველი ადგილია და 1994 წელს „კათოლიკური ეკლესიის კატეხიზისში“ გამოქვეყნებულ თვალსაზრისს იზიარებს: „ჯოჯოხეთი ყველაზე დიდი სასჯელია და ღვთისგან მარადიულ ჩამოშორებას გულისხმობს“.
მიუხედავად ამისა, მრავალ ადამიანს სწამს, რომ ჯოჯოხეთი არის სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის ადგილი. ამ შეხედულების მხარდამჭერნი ამბობენ, რომ სწავლებას ჯოჯოხეთზე ბიბლია უდევს საფუძვლად. „სამხრეთის ბაპტისტთა თეოლოგიური სემინარიის“ ხელმძღვანელმა, ალბერტ მოლერმა თქვა: „ეს სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული“.
აქვს მნიშვნელობა, რას იწამებ?
იმ შემთხვევაში, თუ ჯოჯოხეთი ტანჯვის ადგილია, შიშის მიზეზი ნამდვილად არსებობს. მაგრამ, თუ ეს სწავლება სიმართლეს არ შეეფერება, მაშინ რელიგიური წინამძღოლები აბნევენ და აშინებენ მათ, ვისაც სწამს ჯოჯოხეთის არსებობისა; და ამგვარად ისინი ღვთის ცილისმწამებლებიც კი გამოდიან.
რას ამბობს ღვთის სიტყვა, ბიბლია, ამ საკითხთან დაკავშირებით? ბიბლიის სხვადასხვა თარგმანის საფუძველზე მომდევნო სტატიები პასუხს გასცემს სამ კითხვას: 1) სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ? 2) რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ? 3) როგორ იმოქმედებს თქვენზე სიმართლე?
-
-
სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ნოემბერი
-
-
სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
„ყველა სული უკვდავია, ბოროტების სულიც . . . მარადიულად დაისჯება ჩაუქრობელი ცეცხლის შურისძიებით და არ მოკვდება. მათ ტანჯვას დასასრული არ ექნება“ (კლემენტ ალექსანდრიელი, ახ. წ. II—III საუკუნის მწერალი).
კლემენტის მსგავსად, ვისაც სჯერა სწავლების, რომ ჯოჯოხეთი მარადიული ტანჯვის ადგილია, ფიქრობენ, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს. ბიბლიურია ეს სწავლება? ვნახოთ, რა პასუხს სცემს ბიბლია ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს.
იყო პირველი კაცი, ადამი უკვდავი? ღმერთმა უთხრა ადამს: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). აშკარაა, რომ ადამი უკვდავი არ იყო.
რა დაემართა ადამს შეცოდების შემდეგ? ღვთის სასჯელი ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა არ ყოფილა. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში წერია: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19, კურსივი ჩვენია). ღვთის ამ განაცხადიდან არ ჩანს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამის სული განაგრძობდა ცხოვრებას. როცა ადამი მოკვდა — სული მოკვდა.
აქვს ადამიანს უკვდავი სული? ღმერთმა წინასწარმეტყველ ეზეკიელს უთხრა: „შემცოდავი სული კი მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). მოციქულმა პავლემ დაწერა: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). თუ ყველა ადამიანმა შესცოდა, მაშინ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ყველა სული კვდება.
იცის მკვდარმა სულმა რამე ან გრძნობს რამეს? ღვთის სიტყვა ამბობს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იმასთან დაკავშირებით, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ, ბიბლია ამბობს: „დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). თუ მკვდრებმა „არაფერი იციან“ და მათი ფიქრებიც ქრება, როგორ შეიძლება, ჯოჯოხეთში იტანჯონ?
იესო ქრისტემ სიკვდილი შეადარა ძილს და არა ცნობიერების რომელიმე დონესa (იოანე 11:11—14). ზოგმა შეიძლება უარყოს ეს აზრი და თქვას: იესო ასწავლიდა, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი იყო და მასში ცოდვილები ჩაიყრებოდნენ. განვიხილოთ, რას ასწავლიდა იესო სინამდვილეში ჯოჯოხეთის შესახებ.
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „რას ვსწავლობთ იესოსგან? — რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?“, გვერდები 16, 17.
-
-
რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ნოემბერი
-
-
რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ?
„თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება“ (მარკოზი 9:47, 48, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
სხვა შემთხვევაში იესო ლაპარაკობდა სასამართლოს პერიოდზე, როცა ბოროტებს ეტყოდა: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში“ (მათე 25:41, 46, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ერთი შეხედვით ზემოთ მოცემული სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება ჰქონდა მხედველობაში. ცხადია, იესოს აზრად არ მოსვლია შეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვას, სადაც ნათქვამია: „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
რას გულისხმობდა იესო, როცა ადამიანების ჯოჯოხეთში ჩაგდებაზე ლაპარაკობდა? იესოს სიტყვები — „საუკუნო ცეცხლი“ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ სიმბოლურით? რა გაგებით „წავლენ . . . საუკუნო სატანჯველში“ ბოროტები? სათითაოდ განვიხილოთ ეს კითხვები.
რას გულისხმობდა იესო, როცა ადამიანების ჯოჯოხეთში ჩაგდებაზე ლაპარაკობდა? მარკოზის 9:47-ში „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „გეენა“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „გე ჰინომ“, რომელიც „ჰინომის ველს“ ნიშნავს. ჰინომის ველი ძველი იერუსალიმის გარეუბანში იყო. ისრაელი მეფეების დროს ამ ადგილზე ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად, რაც ღვთისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. ღმერთმა თქვა, რომ სიკვდილით დასჯიდა ყველას, ვინც ამ ცრუ თაყვანისმცემლობაში მიიღებდა მონაწილეობას. ჰინომის ველს დაერქმეოდა „სასაკლაო ველი“, სადაც „ამ ხალხის გვამები“ დაუმარხავად ეყრებოდა (იერემია 7:30—34, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამგვარად, იეჰოვამ ის კი არ იწინასწარმეტყველა, რომ ჰინომის ველი ცოცხალი ადამიანების ტანჯვის ადგილი გახდებოდა, არამედ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ბევრი გვამი ეყრებოდა.
დედამიწაზე იესოს ყოფნისას იერუსალიმის მცხოვრებთათვის ჰინომის ველი ნაგავსაყრელი იყო. ისინი ამ ნაგავსაყრელზე საშინელი ბოროტმოქმედების გვამებს ყრიდნენ და ცეცხლს არ აქრობდნენ ნაგვისა და გვამების დასაწვავად.
როგორც ჩანს, იესოს ესაიას 66:24-ში ჩაწერილი სიტყვები ჰქონდა მხედველობაში, როცა უკვდავ მატლებზე და ჩაუქრობელ ცეცხლზე ლაპარაკობდა. „[ღვთის] შემცოდე ხალხის“ გვამების შესახებ ესაია ამბობს, რომ „მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იესომ და მისმა მსმენელებმა იცოდნენ, რომ ესაიას ეს სიტყვები მათ ეხებოდა, ვინც დამარხვას არ იმსახურებდა.
ამგვარად, იესო „ჰინომის ველს“, ანუ „გეენას“, ისეთი ადამიანების სიკვდილის სიმბოლოდ იყენებდა, რომლებიც არასდროს აღდგებოდნენ. ამას ადასტურებს იესოს სიტყვები, რომ ღმერთს „სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ასე რომ, „გეენა“ მარადიული სიკვდილის სიმბოლოა და არა მარადიული ტანჯვის.
იესოს სიტყვები — „საუკუნო ცეცხლი“ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ სიმბოლურით? აღსანიშნავია, რომ მათეს 25:41-ში მოხსენიებული „საუკუნო ცეცხლი“, „ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“ იყო გამზადებული. როგორ ფიქრობთ, პირდაპირი გაგებით ცეცხლმა შეიძლება დაწვას სულიერი ქმნილებები? თუ იესო, სიტყვა „ცეცხლს“ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა? არც იქვე მოხსენიებული „ცხვრები“ და „თხები“ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით; ისინი იესომ თვალსაჩინო მაგალითებად მოიყვანა ადამიანთა ორი ტიპის გამოსაკვეთად (მათე 25:32, 33). საუკუნო ცეცხლი, რომელზეც იესომ ილაპარაკა, გადატანითი მნიშვნელობით, მთლიანად დაწვავს ბოროტებს.
რა გაგებით „წავლენ . . . საუკუნო სატანჯველში“ ბოროტები? მიუხედავად იმისა, რომ მათეს 25:46-ში ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობა იყენებს სიტყვა „სატანჯველს“, რომელიც ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „კოლასინ“, მისი ძირითადი მნიშვნელობა „ხეების შეფერხება“ ან ზედმეტი ტოტების მოკვეთაა. ასე რომ, ცხვრისმაგვარი ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ, თხისმაგვარი მოუნანიებელი ადამიანები კი „საუკუნო სატანჯველში“ დაიტანჯებიან, ანუ მარადიულად მოიკვეთებიან.
რას ფიქრობთ?
იესოს არასდროს უსწავლებია, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს; თუმცა, ის ხშირად ასწავლიდა ხალხს, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა (ლუკა 14:13, 14; იოანე 5:25—29; 11:25). რატომ იტყოდა იესო, რომ მკვდრები აღდგებოდნენ, თუ მას სწამდა, რომ სული უკვდავი იყო?!
იესო არ ასწავლიდა, რომ ღმერთი მარადიულად დატანჯავდა ბოროტებს. ამის საპირისპიროდ, იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). რატომ თქვა იესომ, რომ ვინც მას არ იწამებდა, მოკვდებოდა? თუ იესო იმას გულისხმობდა, რომ ისინი საუკუნოდ იცოცხლებდნენ, მაგრამ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში დაიტანჯებოდნენ? ამის თქმა რომ სდომებოდა, პირდაპირ არ იტყოდა?!
სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ ბიბლიიდან არ მომდინარეობს; ეს სწავლება ქრისტიანულად შენიღბული წარმართული შეხედულებაა. (იხილეთ ჩარჩო, „ჯოჯოხეთის“ მოკლე ისტორია, გვერდი 6). ღმერთი მარადიულად არ ტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ღვთის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე?
[ჩარჩო 6 გვერდზე]
„ჯოჯოხეთის“ მოკლე ისტორია
წარმართული დასაბამი. ძველ ეგვიპტეში ხალხს სწამდა, რომ არსებობდა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ძვ. წ. 1375 წლით დათარიღებული ერთ-ერთი წიგნი საუბრობს მათზე, ვისაც „ცეცხლოვან ორმოებში ჩაყრიან“. წიგნში წერია, რომ ისინი „ვერ გაიქცევიან, და . . . ცეცხლის ალს თავს ვერ დააღწევენ“ („The Book Ȧm-Ṭuat“). ბერძენმა ფილოსოფოსმა პლუტარქემ (დაახლ. ახ. წ. 46—120) დაწერა ქვესკნელში მყოფებზე: „[ისინი] ღრიალებდნენ, როცა დაუნდობლად აწამებდნენ, სასტიკად სჯიდნენ და ამცირებდნენ“.
სწავლებამ იუდაიზმშიც შეაღწია. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. 37 — დაახლ. 100) სიტყვების თანახმად, ესენიელები (იუდაიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დარწმუნებული იყვნენ სულის უკვდავებაში და სწამდათ, რომ ის მარადიულად განაგრძობდა არსებობას. ის წერდა: „ეს ბერძნების შეხედულებას ჰგავს . . . ისინი ფიქრობენ, რომ ბოროტი სულები ბნელ და საშინელ ადგილზე იმყოფებიან და მარადიულად ისჯებიან“.
სწავლება ქრისტიანულ სამყაროში მკვიდრდება. ახ. წ. მეორე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ წიგნში „პეტრეს აპოკალიპსი“ ბოროტებზე ნათქვამი იყო: „მათი ხვედრი ჩაუქრობელი ცეცხლია . . . რისხვის ანგელოზი ეზრიელი ნახევრად ცეცხლმოკიდებულ კაცებსა და ქალებს მიათრევს და ბნელ ადგილას — ჯოჯოხეთში ყრის, სადაც მრისხანე სული დასჯის მათ“. მეორე საუკუნეში მცხოვრები თეოფილე ანტიოქიელი ციტირებდა ბერძენი მისანი ქალის, სიბილას, სიტყვებს, რომელმაც იწინასწარმეტყველა ბოროტებზე: „თქვენზე გადმოვა ცეცხლი და სამუდამოდ ცეცხლის ალში იქნებით გახვეული“. თეოფილე აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები „ჭეშმარიტი, სამართლიანი და ყველა ადამიანისთვის საყურადღებოა“.
შუა საუკუნეებში სისხლისღვრას ამ სწავლებით ამართლებდნენ. ინგლისის დედოფალმა, მარიამ I (1553—1558), იმავე „მარიამ სისხლიანმა“ დაახლოებით 300 პროტესტანტი მისცა ცეცხლს. როგორც ამბობენ, ის ასე იმართლებდა თავს: „ვინაიდან ერეტიკოსების სულები ჯოჯოხეთში მარადიულად დაიწვებიან, ყველაზე მართებულად მიმაჩნია, ღვთის მსგავსად ვიძიო შური მათზე და აქვე დავწვა!“.
ჯოჯოხეთის ახალი განმარტება. ბოლო წლებში ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება არაერთმა რელიგიურმა მიმდინარეობამ ახსნა ახლებურად. მაგალითად, 1995 წელს ანგლიკანურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ეწერა: „ჯოჯოხეთი არ ნიშნავს მარადიულ ტანჯვას. ის გულისხმობს ისეთ არჩევანს, რითაც ადამიანი სამუდამოდ უარყოფს ღმერთს. ამ არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ არარსებობა მოჰყვება“.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
რა არის „ცეცხლის ტბა“?
გამოცხადების 20:10-ში ნათქვამია, რომ ეშმაკს „ცეცხლის ტბაში“ ჩააგდებენ, სადაც ეწამება დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ეშმაკი მარადიულად რომ დაიტანჯოს, ღმერთმა ცოცხალი უნდა დატოვოს. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ იესო სიკვდილით გააქარწყლებს მას (ებრაელები 2:14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ეს სიმბოლური ცეცხლის ტბა „მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 21:8). ამაში არ იგულისხმება ადამის ცოდვის შედეგად მიღებული სიკვდილი, რომლისგანაც შესაძლებელია თავის დახსნა (1 კორინთელები 15:21, 22). ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ „ცეცხლის ტბაში“ მყოფნი თავს დააღწევდნენ მას. აქედან გამომდინარე, „მეორე სიკვდილი“ სამუდამო სიკვდილს ნიშნავს.
„ცეცხლის ტბაში“ ჩაყრილნი რა გაგებით იტანჯებიან მარადიულად? „ტანჯვად“ ნათარგმნი სიტყვა „დაპატიმრებასაც“ ნიშნავს. ერთხელ, როცა იესო დემონებით შეპყრობილ ორ კაცს შეხვდა, დემონებმა ყვირილი მორთეს: „ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად [უფსკრულში ჩვენს დასაპატიმრებლად]?“ (მათე 8:29; ლუკა 8:30, 31, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ასე რომ, „ცეცხლის ტბაში“ მყოფნი იმ გაგებით დაიტანჯებიან, რომ მოქმედების საშუალება მარადიულად არ მიეცემათ.
-
-
ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენზე?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ნოემბერი
-
-
ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენზე?
ვინც ასწავლის, რომ ჯოჯოხეთი სატანჯველი ადგილია, იეჰოვა ღმერთს ცუდად ახასიათებს და შეურაცხყოფს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ბოროტებს გაანადგურებს (2 თესალონიკელები 1:6—9). მაგრამ თუნდაც სამართლიანი რისხვა ღვთის ძირითადი თვისება როდია.
ღმერთი არ არის ბოროტი და შურისმაძიებელი. ის კითხვასაც კი სვამს: „განა მე ვისურვებ ბოროტმოქმედის სიკვდილს?“ (ეზეკიელი 18:23, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). თუ ღმერთს ბოროტის სიკვდილი არ ახარებს, როგორ შეიძლება, მარადიულად სიამოვნებით უყუროს მის ტანჯვას?
ღვთის აღმატებული თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:8). მართლაც, „კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე“ (ფსალმუნი 145:9, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ღმერთს სურს, რომ ჩვენც გვქონდეს მის მიმართ გულწრფელი სიყვარული (მათე 22:35—38).
ღვთის შიში თუ ჯოჯოხეთის შიში
სწავლება ჯოჯოხეთში სულის ტანჯვის შესახებ, ღვთისადმი ავადმყოფურ შიშს ბადებს. ამის საპირისპიროდ, ის, ვინც ღვთის შესახებ სიმართლეს იგებს და ის სულ უფრო და უფრო უყვარდება, მის მიმართ ჯანსაღ შიშს ივითარებს. „სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს“ (ფსალმუნი 110:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ღვთის მიმართ ამგვარი შიში ავადმყოფური შიში როდია; ეს შემოქმედის მიმართ ღრმა პატივისცემიდან მომდინარეობს და აღგვძრავს, გული გავუხაროთ მას.
განვიხილოთ, თუ რა გავლენა იქონია ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის გაგებამ 32 წლის კატლენზე, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მისთვის უცხო არ ყოფილა დროსტარება, ძალადობა, გარყვნილება და საკუთარი თავის სიძულვილიც კი. ის აღნიშნავს: „ვუყურებდი ჩემს ერთი წლის გოგონას და ვფიქრობდი, რას ვუკეთებ მას? ამის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები-მეთქი“. კატლენი ცდილობდა ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას, მაგრამ უშედეგოდ. ის ამბობს: „მთელი გულით მინდოდა კარგი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება და ქვეყნიერება ისეთი სასტიკი იყო, რომ ყველაფერი აზრს კარგავდა“.
შემდეგ კატლენი იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. ის ამბობს: „გავიგე, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებულა. ბიბლიიდან ამომწურავი პასუხი მივიღე ამ საკითხზე. რომ გავიგე, ჯოჯოხეთის ცეცხლში არ დავიწვებოდი, შვებით ამოვისუნთქე“. კატლენმა ისიც გაიგო, რომ ღმერთი ადამიანებს ბოროტებისგან განწმენდილ დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდებოდა (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ლუკა 23:43). კატლენი ამბობს: „ეჭვი არ მეპარება, რომ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მაქვს!“
შეძლებდა კატლენი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შიშის გარეშე ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას? ის ამბობს: „როცა ნარკოტიკების მიღების დიდი სურვილი მქონდა, ვლოცულობდი და იეჰოვა ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. იმაზე ვფიქრობდი, ღმერთი როგორ უყურებდა ასეთ საშინელ ჩვევებს, და არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის. ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვებს“ (2 კორინთელები 7:1). ღვთის გულის ტკენის შიშმა კატლენს დაანებებინა თავი ნარკოტიკებისთვის.
ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შიში კი არა, ღვთის სიყვარულის განვითარება და ჯანსაღი შიში აღგვძრავს, ღვთის ნების შესასრულებლად, რასაც მარადიული ბედნიერება მოაქვს. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით“ (ფსალმუნი 127:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]
ვინ დააღწევს ჯოჯოხეთს თავს?
ბიბლიის ზოგი თარგმანი ცოტა არ იყოს დამაბნეველია, როცა ორ ბერძნულ სიტყვას, „გეენას“ და „ჰადესს“, ერთ სიტყვად — „ჯოჯოხეთად“ თარგმნის. ბიბლიაში „გეენა“ სრულ განადგურებას ნიშნავს, აღდგომის იმედის გარეშე. ამის საპირისპიროდ, „ჰადესში“ მყოფთ აღდგომის იმედი აქვთ.
ამგვარად, იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, მოციქულმა პეტრემ დაარწმუნა თავისი მსმენელები, რომ იესო მიტოვებული არ იყო ჯოჯოხეთში (საქმეები 2:27, 31, 32; ფსალმუნი 15:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამ მუხლში „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „ჰადესი“. იესო არ ყოფილა ცეცხლოვან ადგილზე. „ჰადესი“ ანუ „ჯოჯოხეთი“ სამარე იყო. მაგრამ მხოლოდ იესო არ გათავისუფლებულა „ჰადესიდან“.
აღდგომასთან დაკავშირებით, ბიბლია ამბობს: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები“(გამოცხადება 20:13, 14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ღმერთი იმ გაგებით დააცარიელებს „ჯოჯოხეთს“, რომ ყველას აღადგენს, ვისაც სიცოცხლის ღირსად მიიჩნევს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). რა არაჩვეულებრივი იმედი გვაქვს — ვნახავთ გარდაცვლილ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც იეჰოვა, მარად მოსიყვარულე ღმერთი, სამარიდან დაიხსნის!
-