-
რას ვსწავლობთ წიგნ „ლევიანებიდან“საგუშაგო კოშკი — 2019 | ნოემბერი
-
-
როგორ დავიმსახუროთ იეჰოვას მოწონება
3. რატომ სწირავდნენ ისრაელები მსხვერპლს ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს?
3 გაკვეთილი პირველი: ჩვენი მსხვერპლი მისაღები რომ იყოს იეჰოვასთვის, მისი მოწონება უნდა დავიმსახუროთ. ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს ისრაელი ერი ერთად იკრიბებოდა და იეჰოვას ცხოველურ შესაწირავს სწირავდა. ეს შესაწირავები მათ შეახსენებდა, რომ ცოდვებისგან განწმენდა სჭირდებოდათ. ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს, სანამ წმინდათაწმინდაში ერის ცოდვებისთვის შეწირული ცხოველის სისხლს შეიტანდა, მღვდელმთავარს უფრო მნიშვნელოვანი რიტუალი უნდა შეესრულებინა.
(იხილეთ აბზაცი 4)d
4. ლევიანების 16:12, 13-დან გამომდინარე, რას აკეთებდა მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს, როცა პირველად შედიოდა წმინდათაწმინდაში? (იხილეთ სურათი გარეკანზე)
4 წაიკითხეთ ლევიანების 16:12, 13. გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი სამჯერ შედიოდა წმინდათაწმინდაში. წარმოიდგინეთ, რომ პირველი შესვლის დროს მას ერთ ხელში სურნელოვანი საკმეველი უჭირავს, მეორე ხელში კი მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე ოქროს საცეცხლური. მღვდელმთავარი ფარდასთან ჩერდება, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ყოფს. შემდეგ დიდი მოწიწებით წმინდათაწმინდაში შედის და შეთანხმების კიდობნის წინ ჩერდება. სიმბოლური გაგებით ის იეჰოვას წინაშე დგება. მღვდელმთავარი დიდი სიფრთხილით აყრის ნაკვერჩხალს საკმეველს, რის შემდეგაც ოთახი ტკბილი სურნელებით ივსება.b მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ შევა წმინდათაწმინდაში, რათა ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლი შეიტანოს. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხოველის სისხლის წარდგენამდე, მან ჯერ საკმეველი აკმია.
5. როგორი განწყობით შეჰქონდა საკმეველი მღვდელმთავარს წმინდათაწმინდაში და რას ვსწავლობთ აქედან?
5 რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი საკმეველს აკმევდა? ბიბლიაში ღვთის ერთგული მსახურების ლოცვები საკმეველსაა შედარებული (ფსალმ. 141:2; გამოცხ. 5:8). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მღვდელმთავარი უდიდესი მოწიწებით აკმევდა საკმეველს იეჰოვას წინაშე. ჩვენც მსგავსი მოწიწება უნდა გამოვავლინოთ, როცა ლოცვით მივმართავთ იეჰოვას. მადლიერები ვართ, რომ სამყაროს შემოქმედი გვაძლევს უფლებას, ვესაუბროთ და დავუახლოვდეთ მას, როგორც შვილი მამას (იაკ. 4:8). იეჰოვა მეგობრებად გვიღებს (ფსალმ. 25:14). ეს იმდენად დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ყველანაირად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას.
6. როგორ უკავშირდება იესოს დედამიწაზე ცხოვრებას ის ფაქტი, რომ ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლის წარდგენამდე მღვდელმთავარი საკმეველს აკმევდა?
6 გავიხსენოთ, რომ ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლის წარდგენამდე მღვდელმთავარს საკმეველი უნდა ეკმია. ეს იმის დასტური იქნებოდა, რომ იეჰოვა მოიწონებდა გაღებულ შესაწირავს. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იესოს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდს? სანამ კაცობრიობისთვის მსხვერპლად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა, მას უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გაეკეთებინა. იესოს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება და უმწიკვლობა უნდა შეენარჩუნებინა, რათა მისი მსხვერპლი იეჰოვასთვის მისაღები ყოფილიყო. ამგვარად, იესო დაამტკიცებდა, რომ იეჰოვას ნებისამებრ მოქმედება ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. გარდა ამისა, ის გაამართლებდა იეჰოვას უზენაესობას და დაამტკიცებდა, რომ მისი მმართველობა სამართლიანია.
7. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ იესომ დედამიწაზე იეჰოვას მოსაწონად იცხოვრა?
7 დედამიწაზე ცხოვრების დროს იესო სრულყოფილად ემორჩილებოდა იეჰოვას. ვერც საცდურმა, ვერც განსაცდელმა და ვერც მტანჯველმა სიკვდილმა, რომელიც წინ ელოდა, ვერ გაუნელა მას სურვილი, რომ იეჰოვას მმართველობისთვის დაეჭირა მხარი (ფილ. 2:8). განსაცდელების პირისპირ მყოფი „ღაღადითა და ცრემლებით“ აღავლენდა ლოცვას იეჰოვას წინაშე (ებრ. 5:7). გულმხურვალე ლოცვები იესოს ერთგულებაზე მეტყველებდა და უფრო მეტად უძლიერებდა ღვთისადმი მორჩილების სურვილს. იეჰოვასთვის მისი ლოცვები ტკბილსურნელოვანი საკმეველივით იყო. დედამიწაზე იესომ იეჰოვას მოსაწონად იცხოვრა და მისი უზენაესობა გაამართლა.
8. როგორ მივბაძოთ იესოს?
8 იესოს ვბაძავთ, როცა ყველანაირად ვცდილობთ, უმწიკვლოდ ვიცხოვროთ და იეჰოვას კანონებს ვუერთგულოთ. განსაცდელების პირისპირ გულმხურვალე ლოცვაში ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, რათა მის მოსაწონად მოვიქცეთ. ასეთი სახით ცხადვყოფთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას მმართველობას. გვესმის, რომ იეჰოვასთვის მიუღებელი იქნება ჩვენი ლოცვები, თუ მისთვის საძულველ საქმეებს ჩავიდენთ. მაგრამ, თუ ღვთის ნორმების თანახმად ვიცხოვრებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი გულწრფელი ლოცვები მისთვის ტკბილსურნელოვანი საკმეველივით იქნება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი უმწიკვლობა და ერთგულება გულს უხარებს ზეციერ მამას (იგავ. 27:11).
-
-
რას ვსწავლობთ წიგნ „ლევიანებიდან“საგუშაგო კოშკი — 2019 | ნოემბერი
-
-
b კარავში აბოლებული საკმეველი წმინდად მიიჩნეოდა, ამიტომ ძველ ისრაელში მას მხოლოდ იეჰოვას თაყვანისცემის დროს იყენებდნენ (გამ. 30:34—38).
-