საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გწამს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • გწამს გარდასახვა?

      „გახსოვს მეზობელი გოგონა, პატარაობისას რომ გიყვარდა აქ, ინდოეთში? — სწერდა მუკანდბაი თავის ვაჟს, შეერთებული შტატების უნივერსიტეტის სტუდენტს. — რამდენიმე კვირაში დაქორწინებას აპირებს. ვიფიქრე, რომ შენ უნდა იცოდე ეს“.

      რატომ მიაწოდა მამამ თავის ვაჟს ეს ცნობა? ბოლოს და ბოლოს, მუკანდბაიმ წლების წინ გარკვევით დაუსვა წერტილი იმ ყმაწვილურ რომანს. გარდა ამისა, ვაჟი ექვსი წელი იყო, რაც შტატებში იმყოფებოდა უმაღლესი განათლების მისაღებად. ამ ხნის მანძილზე მას გოგონასთან კონტაქტი არ ჰქონია და მუკანდბაიმ იცოდა ეს.

      მაშ, რა იყო წუხილის მიზეზი? ის, რომ მუკანდბაის სწამდა გარდასახვა ანუ მეორედ დაბადებაa. თუ შემთხვევით ორ პიროვნებას შორის ბავშვური მიზიდულობა იყო ადრინდელ ცხოვრებაში მათი ცოლქმრობის შედეგი, სისასტიკე იქნებოდა მათი დაცილება ახლა, საქორწინო ასაკში. მუკანდბაის მხოლოდ უნდოდა, შეეტყობინებინა თავისი ვაჟისთვის, ვიდრე გოგონა სხვისი ცოლი გახდებოდა ამ ცხოვრებაში.

      განიხილე სხვა შემთხვევა. ოთხი წლის გოგონას რამდენჯერმე მოუწია მუმბაის (ინდოეთი) საავადმყოფოში აუტანელი მდგომარეობის გადატანა. მას გულის სარქვლის ნაკლოვანება აწუხებდა. შეძლებული მშობლები ვერ უყურებდნენ მის ტანჯვას. მაგრამ ისინი მსჯელობდნენ: „უნდა შევურიგდეთ ამას. როგორც ჩანს, თავის ადრინდელ ცხოვრებაში რაღაცის გაკეთებით დაიმსახურა ეს“.

      გარდასახვის რწმენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეში ინდუიზმში, ბუდიზმში, ჯაინიზმში, სიქიზმსა და ინდოეთში წარმოშობილ სხვა რელიგიებში. ცხოვრების შემთხვევები — შეყვარებიდან ძლიერ ტანჯვამდე — განიხილება, როგორც ადრინდელ ცხოვრებაში ან ცხოვრებებში შესრულებული საქმეების შედეგი.

      გარდასახვის თეორია დასავლეთის ქვეყნებშიც მრავალს იტაცებს. ამერიკელი მსახიობი შერლი მაკლეინი აღიარებს, რომ სწამს ის. ვანკუვერის (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) მწერალი ლორელ ფელენი ამტკიცებს, რომ 50 წარსული ცხოვრება ახსოვს. 1994 წელს CNN/USA Today-თვის გელაპას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 1 016 ადამიანიდან 270-ზე მეტმა აღიარა, რომ გარდასახვა სწამს. გარდასახვის რწმენა მიმდინარეობა „ახალი ერის“ ნაწილიცაა. მაგრამ რა მტკიცება უჭერს მხარს ამ რწმენას?

      „ადრინდელი ცხოვრების მოგონებები!“ — ამბობენ გარდასახვის მორწმუნეები. ამიტომ ბანგკოკში სამი წლის რატნას „წარსული ცხოვრების მოგონებები, რომელშიც ის იყო მორწმუნე ქალი, რომელიც 60 წელს გადაცილებული მოკვდა“, მეთვალყურეთა უმეტესობამ გარდასახვის დამაჯერებელ საბუთად მიიღო.

      მიუხედავად ამისა, სკეპტიციზმი მრავლადაა. შესაძლებელია მოგონებათა სხვა განმარტებებიც, რომლებიც წარსულ ცხოვრებებს მიეწერებაb. ინდუსი ფილოსოფოსი ნიკილანანდი თავის წიგნში (Hinduism: Its Meaning for the Liberation of the Spirit) ამბობს, რომ ‘შეუძლებელია საღი გონებით დაამტკიცო სიკვდილის შემდგომი შემთხვევები’. მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებს, რომ „მეორედ დაბადების თეორია შესაძლებელი უფროა, ვიდრე შეუძლებელი“.

      მაგრამ მხარს უჭერს ამ მოძღვრებას ბიბლია? და რა იმედს იძლევა მიცვალებულისთვის ღვთის ინსპირირებული სიტყვა?

      [სქოლიოები]

      a „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ (The New Encyclopædia Britannica) ნათქვამია, რომ „გარდასახვა“ ნიშნავს „სულის მეორედ დაბადებას ერთ ან ერთზე მეტ შემდგომ არსებად, რომელიც შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი ან, ზოგ შემთხვევაში, მცენარე“. ამ მოვლენის აღსაწერად გამოიყენება აგრეთვე ტერმინი „მეორედ დაბადება“, მაგრამ სიტყვა „გარდასახვა“ საყოველთაოდაა მიღებული. ინდური ენების რამდენიმე ლექსიკონი ამ სიტყვებს ერთნაირი მნიშვნელობით იყენებს.

  • უნდა გწამდეს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • უნდა გწამდეს გარდასახვა?

      ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი შეყვარებასა და გარდასახვის ცნებას ერთმანეთს უკავშირებდა. მას სწამდა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ უკვდავი სული გადადის იმაში, რასაც „წმინდა ფორმების სფერო“ ეწოდება. ის, უსხეულო, იქ რამდენიმე ხანს რჩება და ფორმებს ათვალიერებს. მოგვიანებით, სხვა სხეულში გადასახლებისას, სულს ქვეცნობიერად ახსენდება და ენატრება ფორმების სფერო. პლატონის თანახმად, ადამიანის შეყვარების მიზეზი ისაა, რომ შეყვარებულში ხედავს სილამაზის იდეალურ ფორმას, რომელიც ბუნდოვნად ახსოვს და ეძებს.

      სათავისა და საფუძვლის დადგენა

      გარდასახვის სწავლებისთვის სულის უკვდავებაა საჭირო. მაშინ გარდასახვის წარმოშობამ იმ ხალხებსა თუ ერებამდე უნდა მიგვიყვანოს, რომელთაც ასეთი რწმენა აქვთ. ამის საფუძველზე ზოგი ფიქრობს, რომ იგი ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა. სხვებს მიაჩნიათ, რომ მან საწყისი ძველ ბაბილონეთში აიღო. ბაბილონეთის რელიგიისთვის პრესტიჟის მისანიჭებლად მისმა სამღვდელოებამ შემოიღო სულის გადასახლების თეორია. ამგვარად მათ შეეძლოთ იმის მტკიცება, რომ მათი რელიგიური გმირები გარდასახული სახელოვანი, თუმცა დიდი ხნის მკვდარი, წინაპრები იყვნენ.

      მაგრამ გარდასახვის რწმენა სრულ აყვავებამდე მივიდა ინდოეთში. ინდუსი ბრძენები თავს იმტვრევდნენ ადამიანთა შორის უბედურებისა და ტანჯვის საყოველთაო პრობლემებზე. „როგორ შეიძლება ეს სამართლიანი შემოქმედის ცნებას ეთანხმებოდეს?“ — იკითხეს მათ. ისინი ცდილობდნენ უთანხმოების გადაწყვეტას ღვთის სამართლიანობასა და მსოფლიოში არსებულ გაუთვალისწინებელ უბედურებებსა თუ უთანასწორობებს შორის. თავის დროზე მათ მოიგონეს „კარმის კანონი“, მიზეზისა და შედეგის კანონი, — „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. მათ შეადგინეს დაწვრილებითი „ბალანსი“, რომლითაც ერთი სიცოცხლის განმავლობაში მქონე დამსახურებები და შეცდომები ჯილდოვდება ან ისჯება მომდევნოში.

      „კარმა“, უბრალოდ, „მოქმედებას“ ნიშნავს. ინდუსზე ამბობენ, რომ აქვს კარგი კარმა, თუ ის შეესაბამება სოციალურ და რელიგიურ ნორმებს, და ცუდი კარმა, თუ არ შეესაბამება. მისი მოქმედება, ანუ კარმა, განსაზღვრავს მის მომავალს თითოეული მომდევნო მეორედ დაბადებისას. „ყველა ადამიანი იბადება იმ თავისებურებით, რომელიც, უმთავრესად, წარსულ ცხოვრებებში მათი მოქმედებებით მომზადდა, თუმცა მათ ფიზიკურ დამახასიათებელ თვისებებს შთამომავლობა განსაზღვრავს, — ამბობს ფილოსოფოსი ნიკილანადი. — [ამგვარად,] ადამიანი საკუთარი ბედის არქიტექტორი და მშენებელია“. მიუხედავად ამისა, უმაღლესი მიზანი ამ გადასახლების ციკლიდან გათავისუფლება და ბრაჰმანთან — უმაღლეს რეალობასთან — გაერთიანება უნდა იყოს. ეს, როგორც სწამთ, მიიღწევა საზოგადოებისთვის მისაღები მოქმედების მცდელობითა და საგანგებო ინდუსური შემეცნებით.

      ამგვარად, გარდასახვის სწავლება თავის საფუძვლად სულის უკვდავების დოგმას იყენებს და კარმის კანონის გამოყენებით დოქტრინას მასზე აგებს. მოდი ვნახოთ, რას გვეტყვის ამ ცნებებზე ღვთის ინსპირირებული სიტყვა, ბიბლია.

      არის თუ არა სული უკვდავი?

      ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი, მივმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებულ უმაღლეს ავტორიტეტს — შემოქმედის ინსპირირებულ სიტყვას. ბიბლიის უპირველეს წიგნში, დაბადებაში, ვიგებთ „სულის“ ზუსტ მნიშვნელობას. პირველი ადამიანის, ადამის, შექმნასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [„სულად“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა]» (დაბადება 2:7). ნათელია, რომ სული არის არა ის, რაც ადამიანს აქვს, არამედ რაც თვითონ არის. აქ სულად გადმოტანილი ებრაული სიტყვაა „ნეʹფეშ“. ბიბლიაში ის დაახლოებით 700-ჯერ გვხვდება და არც ერთხელ არ მიუთითებს ადამიანის განცალკევებულ და უსხეულო ნაწილზე, მაგრამ ყოველთვის მიუთითებს რაღაც რეალურსა და ფიზიკურზე (იობი 6:7, ძვო; ფსალმუნი 34:13; 106:9; 118:28).

      რა ემართება სულს სიკვდილის დროს? განიხილე, თუ რა დაემართა ადამს სიკვდილისას. როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა უთხრა: ‘მიწად მიიქცევი, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი’ (დაბადება 3:19). დაფიქრდი, რას უნდა ნიშნავდეს ეს. ვიდრე ღმერთი მტვრისგან შექმნიდა მას, ადამი არ არსებობდა. სიკვდილის შემდეგ ადამი იმავე არარსებობის მდგომარეობას დაუბრუნდა.

      უბრალოდ რომ ვთქვათ, ბიბლია ასწავლის, რომ სიკვდილი სიცოცხლის საპირისპიროა. ეკლესიასტეს 9:5, 10-ში ვკითხულობთ: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“.

      ეს ნიშნავს, რომ მკვდრებს არ შეუძლიათ რამის გაკეთება ან შეგრძნება. მათ აღარ აქვთ არავითარი ფიქრი, არც არაფერი ახსოვთ. ფსალმუნმომღერალი ამბობს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამ[იანი]ს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:3, 4).

      ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ სიკვდილის დროს სული სხვა სხეულში კი არ გადადის, არამედ კვდება. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“, — ხაზგასმით ამბობს იგი (ეზეკიელი 18:4, 20; საქმეები 3:23; გამოცხადება 16:3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამგვარად, სულის უკვდავების დოგმა — სწორედ გარდასახვის თეორიის საფუძველი — ვერანაირ მხარდაჭერას ვერ პოულობს საღვთო წერილში. მის გარეშე ეს თეორია მკვდარია. მაშ, რით აიხსნება ტანჯვა, რასაც მსოფლიოში ვხედავთ?

      რატომ იტანჯებიან ადამიანები?

      ადამიანის ტანჯვის მთავარი მიზეზი არასრულყოფილებაა, რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა ყველას ცოდვილი ადამისგან. „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). რადგანაც ადამის საშუალებით გავჩნდით, ყველა ჩვენგანი ავადმყოფდება, ბერდება და კვდება (ფსალმუნი 40:2, 4; ფილიპელთა 2:25–27).

      გარდა ამისა, შემოქმედის ურყევი ზნეობრივი კანონი ამბობს: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას“ (გალატელთა 6:7, 8). ამგვარად, უწესო ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური მწუხარება, არასასურველი ორსულობა და ვენერული დაავადებები. „[შეერთებულ შტატებში] ავთვისებიანი სიმსივნის განსაცვიფრებელი 30 პროცენტი შეიძლება მიეწეროს თამბაქოს წევას და ამდენივე — ცხოვრების წესს, განსაკუთრებით დიეტის დაცვასა და მოძრაობის უკმარისობას“, — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში (Scientific American). ზოგი უბედურება, რომლებიც ტანჯვას იწვევს, ადამიანის მიერ მიწის რესურსების ბოროტად გამოყენების შედეგია (შეადარე გამოცხადება 11:18).

      დიახ, მრავალი ტანჯვა თვითონ ადამიანის ბრალია. მაგრამ, რადგანაც სული უკვდავი არ არის, კანონი — „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ — შეუძლებელია გამოიყენო ადამიანის ტანჯვის დასაკავშირებლად კარმასთან — სავარაუდო ადრინდელი ცხოვრების მოქმედებასთან. „ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია“, — ამბობს ბიბლია (რომაელთა 6:7, 23). ამგვარად, ცოდვის ნაყოფი არ გადაიტანება სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეში.

      მრავალ ტანჯვას სატანა ეშმაკიც იწვევს. სინამდვილეში, ამ წუთისოფელში სატანა მბრძანებლობს (1 იოანე 5:19, აქ). და, როგორც იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, მისი მოწაფეები ‘ყველასგან მოძულებულნი იქნებოდნენ მისი სახელის გამო’ (მათე 10:22). შედეგად, მართალი კაცი უფრო ხშირად აწყდება პრობლემებს, ვიდრე ბოროტი.

      ამ წუთისოფელში ხდება ზოგი ისეთი შემთხვევა, რომელთა მიზეზებიც არაა ადვილი გამოსარკვევი. უსწრაფესი მორბენალი შეიძლება წაბორძიკდეს და წააგოს შეჯიბრი. ძლიერი არმია შეიძლება დამარცხდეს სუსტი ძალების წინაშე. გონიერმა ადამიანმა შეიძლება ვერ იშოვოს კარგი სამუშაო და ამიტომ შიმშილით დაიტანჯოს. კომერციული საქმიანობის მართვა-გამგეობის ჩინებულად მცოდნე ხალხმა პირობების გამო შეიძლება ვერ მოახმაროს საქმეს ცოდნა და, ამგვარად, გაღარიბდეს. მცოდნე ადამიანებმა შეიძლება თავს დაიტეხონ ძალაუფლების მქონე პირების რისხვა და ათვალწუნებამდე მივიდნენ. რატომაა ეს ასე? „რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“, — პასუხობს ბრძენი მეფე სოლომონი (ეკლესიასტე 9:11).

      კაცობრიობა იტანჯებოდა დიდი ხნით ადრე მანამ, სანამ ინდუსი ბრძენები ეცდებოდნენ, აეხსნათ, რატომაა ასე. მაგრამ არსებობს უკეთესი მომავლის იმედი? და რა დაპირებას შეიცავს ბიბლია მიცვალებულებთან დაკავშირებით?

      მშვიდობიანი მომავალი

      შემოქმედი გვპირდება, რომ მალე ბოლოს მოუღებს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებას, რომელიც სატანის მმართველობას ექვემდებარება (იგავნი 2:21, 22; დანიელი 2:44). ადამიანთა ახალი სამართლიანი საზოგადოება — ‘ახალი მიწა’ — მაშინ რეალობად იქცევა (2 პეტრე 3:13). იმ დროს „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). სიკვდილიც კი ჩამოცილებულ იქნება, ვინაიდან ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).

      ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერების მცხოვრებლებთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). გარდა ამისა, თავმდაბლები „დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).

      წინა სტატიაში მოხსენიებული მუკანდბაი ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო ღვთის შესანიშნავი აღთქმები. მაგრამ მილიონებს, რომლებიც ისე დაიხოცნენ, რომ ვერ შეიცნეს ღმერთი, პერსპექტივა აქვთ, გაიღვიძონ ასეთ მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში, ვინაიდან ბიბლია გვპირდება: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15; ლუკა 23:43, აქ).

      აქ გამოყენებული გამოთქმა „მკვდრეთით აღდგომა“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან — „ა·ნაʹსტა·სის“ — რომელიც სიტყვასიტყვით „კვლავ ადგომას“ ნიშნავს. ამგვარად, მკვდრეთით აღდგომაში შედის პიროვნების ცხოვრების წესის აღდგენა.

      ცისა და დედამიწის შემოქმედი უსაზღვრო სიბრძნეს ფლობს (იობი 12:13). მიცვალებულების ცხოვრების წესის გახსენება არ წარმოადგენს მისთვის პრობლემას (შეადარე ესაია 40:26). იეჰოვა ღმერთი უხვად ფლობს სიყვარულსაც (1 იოანე 4:8). აქედან გამომდინარე, მას შეუძლია გამოიყენოს თავისი სრულყოფილი მეხსიერება არა მიცვალებულების დასასჯელად მათ მიერ ჩადენილი ცუდი საქმეებისთვის, არამედ მათთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იმ პიროვნულობით, რაც სიკვდილამდე ჰქონდათ.

      მუკანდბაის მსგავსი მილიონობით ადამიანისთვის მკვდრეთით აღდგომას კვლავ საყვარელ ადამიანებთან ყოფნის მნიშვნელობა ექნება. მაგრამ წარმოიდგინე, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს იმათთვის, ვინც ახლა ცხოვრობს. აიღე, მაგალითად, მუკანდბაის ვაჟი, რომელმაც ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შესანიშნავი ჭეშმარიტება გაიგო. როგორი მანუგეშებელია მისთვის იმის ცოდნა, რომ მამამისი არ არის გაბმული „მეორედ დაბადების“ თითქმის უსასრულო ციკლის ხაფანგში, რომელთაგანაც თითოეული ბოროტებითა და ტანჯვითაა გარშემორტყმული! მას, უბრალოდ, სიკვდილის ძილით სძინავს და მკვდრეთით აღდგომას მოელის. რა გულში ჩამწვდომია მისთვის იმ შესაძლებლობაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს მამას გაუზიარებს იმას, რაც თვითონ ისწავლა ბიბლიიდან!

      ღვთის ნებაა, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ახლა დროა, გაიგო, როგორ შეგიძლია მარადიულად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე სხვა მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც უკვე ასრულებენ ღვთის ნებას (იოანე 17:3).

  • უნდა გწამდეს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • ღვთის დამახასიათებელი თვისებები და კარმის კანონი

      „კარმის კანონი, — ხსნიდა მოჰანდაზ კ. განდი, — უმოწყალო და აურიდებელია. ასე რომ, ღმერთს თითქმის არ ესაჭიროება ჩარევა. მან დააფუძნა კანონი და, ასე ვთქვათ, განზე გადგა“. განდის ეს აწუხებდა.

      მეორე მხრივ, მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული დანაპირები გვიჩვენებს, რომ ღმერთი დიდადაა დაინტერესებული თავისი შემოქმედებით. მიცვალებულს სიცოცხლე რომ დაუბრუნოს სამოთხეში დედამიწაზე, ამ პიროვნებაზე ღმერთმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ახსოვდეს. ღმერთი ნამდვილად თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს (1 პეტრე 5:6, 7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება