საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პატიება და დავიწყება — შესაძლებელია?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აგვისტო 8
    • პატიება და დავიწყება — შესაძლებელია?

      ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა 1945 წლის, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების, შემდეგ. ეს იყო ისტორიაში ყველაზე სასტიკი მსოფლიო ომი, რომელიც კაცობრიობას ძალიან ძვირი დაუჯდა.

      მეორე მსოფლიო ომი ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ომში, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. უამრავმა ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური ტრავმა მიიღო. მრავალს, ვინც ეს საშინელი წლები გადაიტანა, ომის სისასტიკის მტკივნეული მოგონებები და საყვარელი პიროვნებების დაკარგვით გამოწვეული ჭრილობები ჯერაც არ მოშუშებია.

      მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ ამოშლილა ჰოლოკაუსტის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი საშინელებები და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მკვლელობა. როგორც ევროპაში, ისე აზიაში დამპყრობთა ჯარებმა მრავალი საშინელება ჩაიდინეს: ისინი ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, ძარცვავდნენ და აშინებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. აგრეთვე მრავალი იმსხვერპლა საჰაერო თავდასხმამ, რომელმაც უამრავი უდანაშაულო კაცი, ქალი და ბავშვი უსახლკაროდ დატოვა, მრავალს ტრავმა მიაყენა, ხოლო მრავალი დახოცა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბრძოლის ველზე მილიონობით ჯარისკაცმა არაერთი მძიმე დღე გადაიტანა.

      ფსიქიკური და ემოციური ჭრილობები

      მეორე მსოფლიო ომგადატანილი ადამიანებიდან მრავალს, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან, იმ დროს მომხდარი საშინელი მოვლენებით გამოწვეული ფსიქიკური და ემოციური ჭრილობები დღესაც არ მოშუშებიათ. მათ უნდათ, რომ მოიშორონ ეს საზარელი მოგონებები, მაგრამ ვერ ახერხებენ. ზოგს იმ თავზარდამცემი მოვლენების წარმოდგენა კვლავ უახლებს ტკივილებს და ეს მათთვის კოშმარის ხელახლა ნახვას ჰგავს.

      მაგრამ არიან სხვები, რომლებსაც არ სურთ დაივიწყონ ყოველივე ეს, ვინაიდან შურისძიება ან ომში დაცემულთა ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვა სწადიათ. გარდა ამისა, არსებობს საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისი, რომ წარსულის საშინელებები საზოგადოების მეხსიერებაში უნდა ცოცხლობდეს, რათა მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს.

      რამდენიმე წლის წინ, 1994—1995 წლებში, ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის დაწყების დღისა (1944 წლის ივნისი) და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების (1945 წლის მაისი) 50-ე წლისთავის აღნიშვნისას გამეფებულმა ატმოსფერომ ცხადყო, რომ იმ მოვლენების მრავალი თვითმხილველისთვის ყოველივეს პატიება და დავიწყება ძალზე ძნელია. ხშირად ყოფილი მტრების შერიგების ნებისმიერი მცდელობა მარცხით მთავრდება. მაგალითად, ბრიტანელმა ვეტერანებმა არ ისურვეს, რომ გერმანელთა წარმომადგენლებიც მოეწვიათ ნორმანდიაში მოკავშირეების მიერ დესანტის გადმოსხმის დღესასწაულის აღსანიშნავად.

      მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილ საშინელებებსა და პატიებისა და დავიწყების სირთულეებთან დაკავშირებით მწერალმა ვლადიმირ ჟანკელევიჩმა ასეთი აზრი გამოთქვა: „როდესაც სახეზეა ასეთი საზარელი ომის ფაქტი, ბუნებრივი რეაქციაა. . . იყო აღშფოთებული, ყოველი ღონე იხმარო, არ დაგავიწყდეს, თუ რა მოხდა, და, ნიურნბერგში შეკრებილ მოკავშირეთა ტრიბუნალის მოსამართლეთა მსგავსად, დადო აღთქმა, ქვეყნის კიდემდე მისდიო დამნაშავეებს“. მანვე დასძინა: „დიდი სიამოვნებით შევცვლიდით ღვთისადმი იესოს ლოცვას, რომელიც წმინდა ლუკას სახარებაშია მოცემული, და ვიტყოდით: უფალო, არ მიუტევო, ვინაიდან მათ იციან, რას აკეთებენ“ (შეადარეთ ლუკა 23:34).

      სამწუხაროდ, 1945 წლიდან დღემდე მრავალი სხვა საშინელება ხდება კამბოჯაში, რუანდასა და ბოსნიაში (მოხსენიებული ქვეყნები არსებულ მრავალ შემთხვევას შორის მხოლოდ რამდენიმეა) და დედამიწა კვლავ სისხლით ირწყვება. ამ უკანასკნელ საშინელებებს თან სდევს სიკვდილი, დაქვრივება, დაობლება, აწეწილი ცხოვრება და ასეთი მოვლენების თანმხლები საზარელი მოგონებები.

      ეჭვგარეშეა, XX საუკუნე უპრეცედენტო სისასტიკის საუკუნეა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ამ პერიოდის შესახებ ზუსტად იწინასწარმეტყველა ბიბლიამ — ადამიანები „სასტიკნი“ და „კეთილის მოძულენი“ არიან (2 ტიმოთე 3:1–5; გამოცხადება 6:4–8).

      რა უნდა ვქნათ?

      მსგავს სისასტიკეზე ხალხი სხვადასხვაგვარად რეაგირებს. რა უნდა ვქნათ ჩვენ? უნდა გვახსოვდეს ყოველივე? თუ უნდა დავივიწყოთ? ნიშნავს დამახსოვრება ყოფილი მტრების მიმართ სიმწრის დაგროვებას, გულში ბოღმის ჩამარხვასა და პატიებაზე უარის თქმას? მეორე მხრივ, ნიშნავს პატიება დავიწყებას იმ გაგებით, რომ მთლიანად აღხოცო ცუდი მოგონებები?

      რას ფიქრობს კაცობრიობის შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, წარსულში მომხდარ და დღეს მიმდინარე საზარელ ომებზე? მიუტევებს ის მომნანიებლებს? ძალიან ხომ არ დააგვიანა ღმერთმა საშინელი მოვლენების მსხვერპლთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება? არის იმის რაიმე მყარი საფუძველი, რომ ოდესმე ბოლო მოეღება საშინელებებს, რამეთუ უკვე ათასწლეულებია, რაც ისინი ხდება? საბოლოოდ, როგორ გამოასწორებს ყოვლისშემძლე ღმერთი ამ რთულ მდგომარეობას?

  • უნდა გვახსოვდეს წარსული?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აგვისტო 8
    • უნდა გვახსოვდეს წარსული?

      „შეუძლიათ იუდეველებს ჰოლოკაუსტის დავიწყება?“ — წამოჭრა კითხვა სან-ანტონიოს (ტეხასი) ამერიკელ მექსიკელთა კულტურის ცენტრის პრეზიდენტმა ვირჯილ ელიზონდომ. ეს შეგვახსენებს, რომ ამ საუკუნის საშინელებებმა ადამიანთა მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. მეოცე საუკუნის საშინელებებს შორის სომეხთა გენოციდი (1915—1923) და კამბოჯელთა მასობრივი მკვლელობებიც (1975—1979) უნდა მოვიხსენიოთ. მაგრამ ეს არ არის სრული სია.

      მსხვერპლებისა და მწვალებლების შერიგების მიზნით რელიგიურ და პოლიტიკურ წინამძღოლებს არაერთხელ მოუწიათ, ხალხისთვის ეთხოვათ, დაევიწყებინათ საშინელი მოვლენების სიმწარე. მაგალითად, ეს მოხდა ძვ. წ. 403 წელს ათენში (საბერძნეთი). არც ისე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ქალაქი „ოცდაათი ტირანის“ სასტიკი ოლიგარქიული რეჟიმის დამხობის მოწმე გახდა — რეჟიმისა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა და ფიზიკურადაც კი სპობდა თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს. ახალმა მთავრობამ სამოქალაქო სიმშვიდის აღდგენის მიზნით წინა ტირანიის მომხრეებისთვის ამნისტიის (ამ სიტყვის ბერძნული მნიშვნელობაა „დავიწყება“, „პატიება“) შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

      შეიძლება პატიება ბრძანებულების გამოცემით?

      შედარებით ადვილია ბრძანებულების გამოცემით ეცადო, უდანაშაულო ადამიანთა გონებიდან ამოშალო ჩადენილი საშინელებები. მთავრობამ შეიძლება ეს პოლიტიკური მოსაზრებით გააკეთოს, როგორც ეს ძველ საბერძნეთსა და მეორე მსოფლიო ომის დასასრულისას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა. მაგალითად, 1946 წელს იტალიაში ამნისტიით გათავისუფლდა 200 000-ზე მეტი მოქალაქე, რომლებსაც, „მეტ-ნაკლებად, ბრალი მიუძღოდათ ფაშისტური რეჟიმის დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებში“, — აღინიშნა ერთ-ერთ გაზეთში (La Repubblica).

      მაგრამ ერთია მთავრობის ან სახალხო ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სრულიად სხვა — საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის აზრი. შეუძლებელია ბრძანებულების გამოცემით აიძულო ცალკეული მოქალაქე — შესაძლებელია, დაუნდობელი კონფლიქტების, ხოცვა-ჟლეტის ან სხვა სისასტიკეების უმწეო მსხვერპლი — დაივიწყოს გადატანილი ტანჯვა-წამება.

      მხოლოდ მიმდინარე საუკუნეში ას მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ომებში; მათგან მრავალი საშინელი წამებით მოკვდა. თუ ამას დავუმატებდით მშვიდობიან პერიოდში დახოცილთა რაოდენობას, საშინელებების რიცხვი საკმაოდ გაიზრდებოდა. მრავალი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხდარი საშინელებებიდან არაფერი იქნეს დავიწყებული.

      ვისაც წარსული მოგონებების აღმოფხვრა სურს

      ადამიანები, რომლებიც იმ საშინელებების მსხვერპლებს ან მათ შთამომავლებს პატიებისა და დავიწყებისკენ მოუწოდებენ, ხშირად ამტკიცებენ, რომ წარსულის გახსენება მხოლოდ განხეთქილების წყაროა, განსაკუთრებით, თუ მომხდარი საშინელების შემდეგ ათწლეულებია გასული. ისინი ამბობენ, რომ პატიება გამაერთიანებლად მოქმედებს, ხოლო წარსულის გახსენება უკან ვერ დაატრიალებს ისტორიის ბორბალს, როგორიც უნდა იყოს იმ ტრაგიკული მოვლენებით გამოწვეული ტანჯვა-წამება.

      მაგრამ წარსულის დავიწყების მცდელობაში ზოგი იქამდე მიდის, რომ უარყოფს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უსაშინელესი ბოროტმოქმედებების რეალურობას. თვითმარქვია რევიზიონისტი ისტორიკოსების წაქეზებით ზოგი აცხადებს, რომ ჰოლოკაუსტი არასოდეს ყოფილაa. მათ სიკვდილის ყოფილი ბანაკების, მაგალითად ოსვენციმისა და ტრებლინკის, დათვალიერებასაც გაუწიეს ორგანიზება და დამთვალიერებლებს ეუბნებოდნენ, რომ ამ ადგილებში არასოდეს ყოფილა გაზის კამერები, და ყოველივე ამას აკეთებენ მრავალი თვითმხილველისა და მტკიცებებისა თუ დოკუმენტების მთელი გორების არსებობის მიუხედავად.

      რატომ სარგებლობს წარმატებით გარკვეულ წრეებში რევიზიონისტების ასეთი ცრუ იდეები? იმიტომ რომ ზოგი არჩევს დაივიწყოს როგორც თავისი, ისე საკუთარი ხალხის პასუხისმგებლობა. რატომ? ნაციონალიზმის, საკუთარი იდეოლოგიის, ანტისემიტიზმის ან სხვა მსგავსი საკითხების გამო. რევიზიონისტების მსჯელობის თანახმად, როგორც კი საშინელებები დავიწყებას მიეცემა, მათზე პასუხისმგებლობაც მოიხსნება. მაგრამ მრავალი ადამიანი ენერგიულად ეწინააღმდეგება ამ არასერიოზულ რევიზიონისტებს, რომლებსაც ერთმა ფრანგმა ისტორიკოსმა „მოგონებების მკვლელები“ უწოდა.

      ისინი ვერ ივიწყებენ

      გადარჩენილებისთვის, რა თქმა უნდა, ძალზე ძნელია, დაივიწყონ ომის ან სხვა საშინელებების დროს დაღუპული საყვარელი პიროვნებები. მაგრამ უმეტესობა იმ მიზნით არ ივიწყებს მომხდარ ხოცვა-ჟლეტასა და გენოციდს, რომ როგორც მათ, ისე მათთვის საყვარელი პიროვნებების მიერ გადატანილი ტანჯვა-წამება სარგებლობის მომტანი გაკვეთილი იყოს მსგავსი სისასტიკის გამეორების არიდებაში.

      ამიტომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღენიშნა იმ საშინელებების სააშკარაოზე გამოტანის იუბილე, რომლებსაც ნაცისტები სჩადიოდნენ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. გერმანიის პრეზიდენტის ნათქვამის თანახმად, ეს იმ განზრახვით გაკეთდა, რომ ამის შესახებ „ხსოვნა შემონახულიყო როგორც გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის“.

      მსგავსად ამისა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 50-ე წლისთავის იუბილეზე პაპმა იოანე პავლე II-მ აღნიშნა: „რაც დრო გადის, ომის შესახებ მოგონებები არ უნდა გახუნდეს; პირიქით, ისინი ჩვენი და მომავალი თაობებისთვის მკაცრი გაკვეთილი უნდა იყოს“. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკურ ეკლესიას ყოველთვის არ ახსოვს იმ წლების საშინელებები და მსხვერპლები.

      იმ მიზნით, რომ ამ და სხვა საუკუნეების განმავლობაში მომხდარი გენოციდი ახალი თაობებისთვის გაკვეთილი და გაფრთხილება იყოს, დაარსდა მრავალი დიდი მუზეუმი, მაგალითად „ჰოლოკაუსტის მემორიალური მუზეუმი“ (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და „ბეიტ ჰაშოეს შემწყნარებლობის მუზეუმი“ (ლოს-ანჯელესი). ამავე მიზნით ამ თემაზე გადაღებულ იქნა მრავალი ამაღელვებელი დოკუმენტური და სხვა ფილმები. ყოველივე ეს იმის მცდელობაა, რომ ადამიანებმა არ დაივიწყონ ერთი ხალხის მიერ მეორისადმი მიყენებული ტანჯვა-წამება.

      რისთვისაა საჭირო დამახსოვრება?

      „წარსულის დამვიწყებელი შეცდომას კვლავ გაიმეორებს“, — წერდა ამერიკელი ესპანელი ფილოსოფოსი ჯორჯ სანტაიანა. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობამ არაერთხელ დაივიწყა ადვილად წარსული და გაიმეორა დაშვებული შეცდომები.

      ადამიანების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობების ხანგრძლივი და საშინელი შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანის ადამიანზე ბატონობამ აბსოლუტური კრახი განიცადა. რატომ ხდება ასე? ადამიანები გამუდმებით იმეორებენ ერთსა და იმავე ძირითად შეცდომას — უარყოფენ ღმერთსა და მის კანონებს (დაბადება 3:1–6; ეკლესიასტე 8:9). დღესაც სწორედ ისე, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, ‘უკუღმართი თაობა’ იმავეს აკეთებს და შედეგებსაც იმკის (ფილიპელთა 2:15; ფსალმუნი 91:8; 2 ტიმოთე 3:1–5, 13).

      ვინაიდან საუბარში შემოქმედი, იეჰოვა, ჩავრთეთ, გავიგოთ, როგორია მისი თვალსაზრისი. რას ივიწყებს ის და რა ახსოვს? შეიძლება ადამიანების მიერ ჩადენილი საშინელებების მტკივნეული მემკვიდრეობის დაძლევა? ‘შეწყდება ბიწიერთა ბოროტება’? (ფსალმუნი 7:10).

  • საშინელებები — როგორ გადაწყვეტს ღმერთი ამ პრობლემას?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აგვისტო 8
    • საშინელებები — როგორ გადაწყვეტს ღმერთი ამ პრობლემას?

      როგორ შეიძლება საშინელებების არიდება? როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა? ისტორიის შესწავლისას ცხადი ხდება, რომ ადამიანებმა ვერ შეძლეს ეს. ფაქტობრივად, ამ საკითხისადმი ადამიანების მიდგომაში არსებობს მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მომენტი, თუ არაფერს ვიტყოდით აშკარა თვალთმაქცობაზე.

      მაგალითად, განვიხილოთ 1995 წელს მომხდარი შემთხვევა. ამ წელს აღინიშნა მეორე მსოფლიო ომის ნაცისტური ჰოლოკაუსტის დასრულებისა და ატომური ბომბის აფეთქების 50-ე წლისთავი. დედამიწის მრავალ კუთხეში მემორიალურ ცერემონიას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ. რატომ? იმიტომ რომ საყოველთაოდ განევრცოთ ამ საშინელებებისადმი ზიზღის გრძნობა, რათა ისინი არასოდეს გამეორებულიყო. მაგრამ მსგავს ცერემონიებში ზოგმა დამკვირვებელმა არაჯანსაღი, მიუღებელი ელემენტები შენიშნა.

      თვალთმაქცობა

      საინფორმაციო საშუალებებით ფართოდ გაშუქებული ამ ცერემონიების დროს რელიგიისა და მთავრობის წარმომადგენლებს სურდათ, კეთილისმყოფელად წარმოჩენილიყვნენ ან, სულ მცირე, ბოროტმოქმედებად მაინც არ მიეჩნიათ. მაგრამ სახელმწიფოებს, რომლებიც გმობდნენ წარსულში ჩადენილ საშინელებებს, აგებული აქვთ საბრძოლო იარაღების არსენალები და ამ მიზნისთვის უზარმაზარი თანხები აქვთ გამოყოფილი. ამავე დროს, ისინი არ ჭრიან ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა: სიღარიბე, ზნეობრივი დეგრადაცია და გარემოს დაბინძურება და ხშირად ამბობენ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად საკმარისი ფონდები არა აქვთ.

      წუთისოფლის რელიგიები ცდილობენ, შეთხზან ისტორიები, რომლებიც შენიღბავენ დიქტატორების მიერ ჩადენილ საშინელებებზე ხანგრძლივ დუმილს და მიჩქმალავენ თავიანთ წამქეზებლურ მოქმედებას. ამ რელიგიებმა არაფერი გააკეთეს, რათა ხალხი თანამორწმუნეებთან ბრძოლისგან შეეკავებინათ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში კათოლიკეები ხოცავდნენ კათოლიკეებს, პროტესტანტები კი — პროტესტანტებს, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ და მოწინააღმდეგე მხარეებში იბრძოდნენ. ორივე მხარე აცხადებდა, რომ ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ აკეთებდნენ იმას, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა იესოს მოძღვრებას (მათე 26:52; იოანე 13:34, 35; 1 იოანე 3:10–12; 4:20, 21). სხვა რელიგიებმაც იგივე გააკეთეს. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ რელიგიების წევრები კვლავაც განაგრძობენ საშინელებების ჩადენას.

      იესოს დროს რელიგიური წინამძღოლები თვალთმაქცები იყვნენ. იესომ მათ განუცხადა: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ“ (მათე 23:29–31). ის რელიგიური წინამძღოლები აცხადებდნენ, რომ ღვთისმოსავები იყვნენ, მაგრამ ისინი თვალთმაქცობდნენ, ვინაიდან იესოსა და მის მოწაფეებს დევნიდნენ.

      გაკვეთილი ბიბლიიდან

      მსოფლიო ისტორია შეიძლება ჩვენთვის გაკვეთილი იყოს, მაგრამ ყველაზე სასარგებლო გაკვეთილი ბიბლიაშია მოცემული. მასში ისტორიის გადმოცემა ადამიანურ თვალსაზრისსა და წინასწარ შექმნილ შეხედულებებზე არ არის დამოკიდებული. ბიბლიაში ისტორია და მომავალი ღვთის აზროვნების მიხედვითაა გაშუქებული (ესაია 55:8, 9).

      საღვთო წერილი ლაპარაკობს როგორც კარგ და ცუდ მოვლენებზე, ისე კარგ და ცუდ ადამიანებზე. ხშირად ამ ცნობებიდან შეიძლება საჭირო, ღვთის ნებასთან შეთანხმებული, გაკვეთილის მიღება. ძველი ისრაელის ისტორიაში მომხდარი მრავალი მოვლენის მოხსენიების შემდეგ მოციქული პავლე აკეთებს დასკვნას: „ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად“ (1 კორინთელთა 10:11). იესომ თვითონ მიიღო გაკვეთილი ისტორიიდან, რაც მოწაფეებისადმი მისი სიტყვებიდან ჩანს: „გაიხსენეთ ლოტის ცოლი“ (ლუკა 17:32).

      რა ახსოვს და რას ივიწყებს ღმერთი

      ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ღმერთი ადამიანებს მათი მოქმედებიდან გამომდინარე იმახსოვრებს ან ივიწყებს. თუ შემცოდველი ინანიებს, ღმერთი „მრავალგზის“ პატიობს (ესაია 55:7). თუ ბოროტი ინანიებს და „მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს. . . არც-ერთი ცოდვა. . . არ გაუხსენდება“ (ეზეკიელი 33:14–16).

      პავლე წერდა: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10). ამგვარად, იეჰოვა დააჯილდოებს მათ, რომლებიც დადებით პიროვნებებად ჰყავს დამახსოვრებული. ერთგული იობი ლოცულობდა: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [საერთო საკაცობრიო სამარეში] დამმალავდე. . . დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!“ (იობი 14:13).

      და პირიქით, ღმერთი ბოროტმოქმედებს, რომლებიც არ ინანიებენ თავიანთ საქციელს, მოსესთვის ნათქვამი შემდეგი სიტყვებისამებრ მოექცევა: „ამოვშლი [მათ] ჩემი წიგნიდან“ (გამოსვლა 32:33). დიახ, ღმერთი სამუდამოდ დაივიწყებს ბოროტებს.

      საბოლოო მსაჯული

      ღმერთია კაცობრიობის ისტორიის საბოლოო მსაჯული (დაბადება 18:25; ესაია 14:24, 27; 46:9–11; 55:11). თავის უზენაეს სამსჯავროზე ის არ დაივიწყებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მრავალ საშინელებას. თავისი სამართლიანი აღშფოთების დღეს განსჯის ყველა იმ ადამიანსა და სხვადასხვა ინსტიტუტს, რომლებსაც ამაში ბრალი მიუძღვით (გამოცხადება, მე-18 და მე-19 თავები).

      ამ განსასჯელებს შორის იქნება ცრუ რელიგიის მთელი სისტემა, რომელსაც ბიბლიაში სიმბოლურად „დიდი ბაბილონი“ ეწოდება. მის შესახებ წერია: „მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი“ (გამოცხადება 18:2, 5).

      ამ რელიგიებს თავიანთი მიმდევრებისთვის სწორი მოქმედება უნდა ესწავლებინათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ამიტომ ღვთის სიტყვა წუთისოფლის ყველა რელიგიის შესახებ ამბობს: „მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 18:24). ვინაიდან ამ რელიგიებმა თავიანთ წევრებს თანამორწმუნის სიყვარული არ ასწავლეს, მათ სისხლისღვრაში ედებათ ბრალი.

      ახალი ქვეყნიერება ახლოსაა!

      ახლოსაა ის დრო, როდესაც ბოროტება საბოლოოდ განადგურდება (სოფონია 2:1–3; მათე 24:3, 7–14). მას შემდეგ დედამიწის ბედნიერ მოსახლეობას აღარ დასტანჯავს ‘გლოვა, გოდება და ტკივილი’ (გამოცხადება 21:3–5). არასოდეს მოხდება საშინელებები და ხოცვა-ჟლეტა, რადგან ადამიანებს ჩამოერთმევათ დედამიწაზე მმართველობის უფლება და მიეცემა ღვთის ზეციერ სამეფოს, რომელსაც „მშვიდობის მთავარი“, იესო ქრისტე, უხელმძღვანელებს (ესაია 9:5, 6; დანიელი 2:44; მათე 6:9, 10).

      იმ დროისთვის ბოლომდე შესრულდება ფსალმუნის 45:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „[ღმერთი] შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“. ეს მშვიდობა მარადიული იქნება, ვინაიდან ესაიას 2:4 წინასწარმეტყველებს: „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. ფსალმუნის 36:11 ამბობს: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“. დიახ, მაშინ იტყვიან, რომ „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს“ (ესაია 14:7).

      ყოველივე ზემოთ მოხსენიებული ნიშნავს, რომ სამართლიანი ახალი ქვეყნიერება ახლოსაა. და იმ ახალ ქვეყნიერებაში ღვთის ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომობით კიდევ ერთი სასწაულებრივი მოვლენა — მკვდრეთით აღდგომა — მოხდება! ღვთის სიტყვა გვპირდება: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).

      დედამიწაზე ყოფნისას იესომ ეს აჩვენა იმით, რომ ადამიანები მკვდრეთით აღადგინა. მაგალითად, როდესაც მან გოგონა აღადგინა, ბიბლიური ცნობის თანახმად, „[ის] მყისვე წამოდგა. . . და გაიარა. . . [ვინც ხედავდა ყოველივე ამას] დიდად გაუკვირდათ“ (მარკოზი 5:42). სხვადასხვა საშინელების დროსა და დიდი ხნის წინათ დახოცილები მკვდრეთით აღდგებიან და მარადიულად დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. დროთა განმავლობაში „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17).

      ბრძნულად იმოქმედებთ, თუ ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, ზუსტ შემეცნებას მიიღებთ და მის ნებას შეასრულებთ. მაშინ როდესაც ღმერთი საბოლოოდ მოაგვარებს საშინელებების პრობლემებს და ამ მოვლენების მსხვერპლებს მკვდრეთით აღადგენს, თქვენც დადებით პიროვნებად გაგიხსენებთ. იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება