-
„ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
„ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“
„ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).
1. რას ფიქრობს ზოგი ღვთის თაყვანისმცემელთა შესახებ?
ბევრი მოაზროვნე ადამიანი თვლის, რომ დღეს მსოფლიოში წამყვანი რელიგიები კაცობრიობის საკეთილდღეოდ თითქმის არაფერს აკეთებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს რელიგიები თავიანთი სწავლებებითა და საქმეებით ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნიან ღმერთზე და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათ ღმერთი იწონებდეს. თუმცა მათ სწამთ, რომ ყველა რელიგიაში არიან სუფთა გულის ადამიანები, რომელთაც ღმერთი ამჩნევს და თავის თაყვანისმცემლებად მიიჩნევს. მათი აზრით, აუცილებელი არ არის, რომ ეს ადამიანები გამოეყონ ცრუ რელიგიას და ყველასგან განცალკევებულად სცენ ღმერთს თაყვანი. ისმის კითხვა: ღმერთიც ასე ფიქრობს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოდი თვალი გადავავლოთ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ბიბლიურ ისტორიას.
ხალხი, რომელსაც ღმერთმა შეთანხმება დაუდო
2. ვინ გახდა ღვთის გამორჩეული ხალხი და რა განასხვავებდა მათ სხვა ხალხებისგან? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
2 ძვ. წ. მე-20 საუკუნის დასაწყისში იეჰოვამ დედამიწაზე აირჩია ხალხი. აბრაამი, რომელსაც ბიბლიაში „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდება, ასობით ადამიანისგან შემდგარი დიდი ოჯახის თავი იყო (რომ. 4:11; დაბ. 14:14). ქანაანის მიწის მმართველები მას მთავრად მიიჩნევდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ (დაბ. 21:22; 23:6). იეჰოვამ აბრაამსა და მის შთამომავლებს შეთანხმება დაუდო (დაბ. 17:1, 2, 19). ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ეს არის თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება, რომელსაც დაიცავთ თქვენ და შენი შთამომავლობა: წინადაიცვითოს თქვენში ყველა მამაკაცმა . . . და ეს იყოს თქვენსა და ჩემ შორის დადებული შეთანხმების ნიშანი“ (დაბ. 17:10, 11). ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვების შესაბამისად, აბრაამმა და მისი სახლეულობიდან ყველა მამაკაცმა წინადაიცვითა (დაბ. 17:24—27). წინადაცვეთა აბრაამსა და მის შთამომავლებს, რომლებთანაც ღმერთს შეთანხმება ჰქონდა დადებული, სხვა ხალხებისგან გამოარჩევდა.
3. როგორ იქცა აბრაამის შთამომავლობა დიდ ხალხად?
3 აბრაამის შვილიშვილს, იაკობს, ანუ ისრაელს 12 ვაჟი ჰყავდა (დაბ. 35:10, 22ბ—26). გავიდა დრო და იაკობის ვაჟები ისრაელის 12 ტომის პატრიარქები გახდნენ (საქ. 7:8). ქანაანის მიწაზე ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო იაკობმა და მისმა სახლეულობამ ეგვიპტეს შეაფარეს თავი, სადაც იაკობის ვაჟი, იოსები, მთელ ეგვიპტეში საკვების გამნაწილებელი და ფარაონის მარჯვენა ხელი იყო (დაბ. 41:39—41; 42:6). იაკობის შთამომავლები ძლიერ გამრავლდნენ და ისინი „ხალხთა კრებულად“ იქცნენ (დაბ. 48:4; წაიკითხეთ საქმეების 7:17).
ხალხი, რომელიც ღმერთმა გამოისყიდა
4. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ თავდაპირველად ეგვიპტელებსა და იაკობის შთამომავლებს?
4 იაკობის შთამომავლები ეგვიპტეში ორ საუკუნეზე ცოტა მეტხანს დარჩნენ. ისინი იქ ნილოსის შესართავთან, გოშენის მიწაზე დასახლდნენ (დაბ. 45:9, 10). როგორც ჩანს, დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში მათ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ ეგვიპტელებთან — ცხოვრობდნენ პატარა ქალაქებში და მწყემსავდნენ ცხვარ-ძროხას. ფარაონმა, რომელიც დიდ პატივს სცემდა იოსებს, ისინი გულთბილად მიიღო (დაბ. 47:1—6). ეგვიპტელებს სძაგდათ მეცხვარეები (დაბ. 46:31—34). თუმცა მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდა დამორჩილებოდნენ ფარაონს და აეტანათ თავიანთ მიწაზე დასახლებული ებრაელები.
5, 6. ა) როგორ შეიცვალა ღვთის ხალხის მდგომარეობა ეგვიპტეში? ბ) როგორ გადარჩა მოსე და რა მოიმოქმედა ღმერთმა თავისი ხალხისთვის?
5 თუმცა ღვთის ხალხის მდგომარეობა არსებითად შეიცვალა: «გავიდა ხანი და ეგვიპტეში ახალი მეფე გამეფდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს. უთხრა მან თავის ხალხს: „ხედავთ?! ისრაელი ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია“ . . . ეგვიპტელებმა დაიმონეს ისრაელის ძეები და უმოწყალოდ ექცეოდნენ. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე მონური შრომით: თიხის ზელით, აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით; უმოწყალოდ ექცეოდნენ მათ და ნებისმიერ სამუშაოს ასრულებინებდნენ» (გამ. 1:8, 9, 13, 14).
6 ფარაონმა ებრაელთა ახალშობილი ბიჭების დახოცვაც კი ბრძანა (გამ. 1:15, 16). სწორედ ამ პერიოდში მოევლინა ქვეყანას მოსე. სამი თვის მოსე დედამ მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში დამალა; იგი ფარაონის ასულმა იპოვა და შემდეგ იშვილა. საბედნიეროდ, სიყრმის წლებში მოსეს დედამისი, იეჰოვას ერთგული მსახური, იოქებედი ზრდიდა; მოსე იეჰოვას ერთგული მსახური გახდა (გამ. 2:1—10; ებრ. 11:23—25). ღმერთმა „გადმოხედა“ თავისი ხალხის ტანჯვას და გადაწყვიტა, რომ მათ წინამძღოლად მოსე დაენიშნა, რათა ისინი მჩაგვრელთა ხელიდან გაეთავისუფლებინა (გამ. 2:24, 25; 3:9, 10). იეჰოვას ამგვარად უნდა გამოესყიდა ანუ ეხსნა თავისი ხალხი (გამ. 15:13; წაიკითხეთ კანონის 15:15).
ხალხი, რომელიც ღვთის ერად იქცა
7, 8. როგორ იქცა იეჰოვას ხალხი წმინდა ერად?
7 მართალია, ისრაელები ჯერ ერად არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი, მაგრამ იეჰოვა მათ უკვე თავის ხალხად მიიჩნევდა. ამიტომ მან მოსესა და აარონს დაავალა, რომ ფარაონისთვის ეთქვათ: «ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში“» (გამ. 5:1).
8 ისრაელების ეგვიპტიდან გასათავისუფლებლად იეჰოვამ ეგვიპტელებს 10 სასჯელი დაატეხა თავს, ხოლო ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში დაასამარა (გამ. 15:1—4). ამ შემთხვევიდან სამი თვეც კი არ იყო გასული, რომ ღმერთმა ისრაელებს სინას მთასთან ისტორიული შეთანხმება დაუდო და აღუთქვა: „ახლა, თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის . . . წმინდა ერად იქცევით“ (გამ. 19:5, 6).
9, 10. ა) კანონის 4:5—8-ის თანახმად, როგორ გამოარჩევდა კანონი ისრაელს სხვა ერებისგან? ბ) როგორ უნდა დაემტკიცებინათ ისრაელებს, რომ იეჰოვას წმინდა ხალხი იყვნენ?
9 სანამ ისრაელები მონობას თავს დააღწევდნენ, ისინი ეგვიპტეში ტომებად ცხოვრობდნენ; ტომებს ოჯახისთავები ანუ პატრიარქები ხელმძღვანელობდნენ. ეს მამაკაცები თავიანთი სახლეულობისთვის, მანამდე მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთა მსგავსად, ასრულებდნენ მმართველების, მსაჯულებისა და მღვდლების მოვალეობას (დაბ. 8:20; 18:19; იობ. 1:4, 5). თუმცა ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელებს კანონთა კრებული მისცა, რომელიც მათ სხვა ერებისგან გამოარჩევდა (წაიკითხეთ კანონის 4:5—8; ფსალმ. 147:19, 20). კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა სამღვდელო კლასი; სამართალს კი აჩენდნენ „უხუცესები“, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და სიბრძნით გამოირჩეოდნენ (კან. 25:7, 8). ამგვარად, კანონი განსაზღვრავდა იმას, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ახლად ჩამოყალიბებული ერის რელიგიური და სოციალური საქმიანობა.
10 იეჰოვამ ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოსეს მეშვეობით კიდევ გაუმეორა თავისი კანონები: „თქვენ კი იმის გამო, რაც იეჰოვამ გააკეთა, თქვით, რომ მისი ხალხი იქნებით, გამორჩეული საკუთრება, როგორც დაგპირდათ კიდეც, და დაიცავთ მის მცნებებს; აგამაღლებთ იგი ყველა სხვა ხალხებზე მეტად, რომლებიც მან შექმნა, და იქცევით ქებად, სახელად და მშვენებად, სანამ წმინდა ხალხი იქნებით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე“ (კან. 26:18, 19).
ხიზნებს ღვთის ხალხთან ერთად თაყვანისცემის უფლება ეძლევათ
11—13. ა) ვინ სცემდა იეჰოვას თაყვანს მის რჩეულ ხალხთან ერთად? ბ) რა უნდა გაეკეთებინა უცხოელს, რომელსაც იეჰოვას თაყვანისცემა სურდა?
11 მართალია, იეჰოვას უკვე ჰყავდა თავისთვის გამორჩეული ერი დედამიწაზე, მაგრამ ის ნებას რთავდა სხვებს, თავის ხალხს შორის ეცხოვრათ. მაგალითად, ღმერთმა არ აუკრძალა არაისრაელებს, „უამრავ ჭრელ ხალხს“, მათ შორის ეგვიპტელებს, რომ ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების დროს ისრაელებს გაჰყოლოდნენ (გამ. 12:38). იმ დროს, როცა იეჰოვამ ეგვიპტეს მეშვიდე სასჯელი მოუვლინა, ფარაონის მსახურებიდან ზოგს ღვთის სიტყვის შეეშინდა და იმ „ჭრელ ხალხს“ შეერია, რომლებმაც ისრაელებთან ერთად ეგვიპტე დატოვეს (გამ. 9:20).
12 ვიდრე ისრაელები იორდანეს გადაკვეთდნენ და ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდნენ, მოსემ მათ უთხრა, რომ გვერდით მყოფი ხიზნები ჰყვარებოდათ (კან. 10:17—19). ღვთის რჩეულ ერს თავის წიაღში უნდა მიეღო ნებისმიერი ხიზანი, რომელიც მზად იყო, მოსეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები შეესრულებინა (ლევ. 24:22). ზოგიერთი ხიზანი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა და ისეთივე განწყობით შეუერთდა ღვთის ხალხს, როგორითაც მოაბელი რუთი, რომელმაც ისრაელ ნაომის უთხრა: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“ (რუთ. 1:16). ხიზნები პროზელიტები გახდნენ და მათ შორის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა წინადაიცვითეს (გამ. 12:48, 49). იეჰოვამ ისინი თავისი რჩეული ხალხის კრებულში გულთბილად მიიღო (რიცხ. 15:14, 15).
ისრაელებს უყვარდათ ხიზნები (იხილეთ მე-11—13 აბზაცები)
13 ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა წარმოთქვა ლოცვა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ იეჰოვა იწონებდა უცხოტომელთა თაყვანისცემას: „თუ უცხოელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიდებული სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული, მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან, და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ისე ეშინოდეს შენი, როგორც შენს ხალხს ისრაელს, და იცოდეს, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე“ (2 მატ. 6:32, 33). ეს ასე იყო იესოს დედამიწაზე ყოფნის პერიოდშიც; არაებრაელს, რომელსაც იეჰოვას თაყვანისცემა სურდა, იმ ხალხთან ერთად უნდა ეცა მისთვის თაყვანი, რომელსაც ღმერთმა შეთანხმება დაუდო (იოან. 12:20; საქ. 8:27).
მოწმეთა ერი
14—16. ა) რა გაგებით იყო ისრაელი იეჰოვას მოწმეთა ერი? ბ) რა ვალდებულება გვაკისრია ღვთის ხალხს დღეს?
14 ისრაელები თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, ეთაყვანებოდნენ, ხოლო დანარჩენი ერები — თავიანთ ღვთაებებს. წინასწარმეტყველ ესაიას პერიოდში იეჰოვამ იმდროინდელი ვითარება სასამართლო პროცესს შეადარა. იეჰოვამ ხალხთა ღმერთებს მიმართა და თავიანთი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მოწმეების მოყვანა მოსთხოვა: «ერთ ადგილას შეიკრიბოს ყველა ხალხი და ერთად შეიკრიბონ ერები. მათ შორის რომელ [ღმერთებს] შეუძლიათ ამის თქმა? თუ გაგვაგებინებენ იმას, რაც თავდაპირველად უნდა შესრულდეს? მოიყვანონ თავიანთი მოწმეები, რათა მართლებად იქნენ აღიარებულნი, ან მოისმინონ და თქვან: „ეს ჭეშმარიტებაა!“» (ეს. 43:9).
15 ხალხთა ღმერთებს თავიანთი ღვთაებრიობის დამტკიცება ნამდვილად არ შეეძლოთ, რადგან ისინი უსიცოცხლო, უტყვი კერპები იყვნენ, რომელთაც სხვები დაატარებდნენ (ეს. 46:5—7). იეჰოვამ თავის ერს, ისრაელს კი უთხრა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება. მე, მე ვარ იეჰოვა და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი . . . ასე რომ, თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“ (ეს. 43:10—12).
16 იეჰოვას რჩეულ ხალხს, „სასამართლო პროცესზე“, სადაც ღვთის უზენაესობის საკითხი წყდებოდა, ნათლად და ხმამაღლა უნდა დაემოწმებინა, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. იეჰოვამ მათზე თქვა: „ჩემთვის შევქმენი, რათა ჩემ საქებრად ელაპარაკათ“ (ეს. 43:21). ეს ხალხი მისი სახელით იწოდებოდა. ვინაიდან ისრაელები ღმერთმა ეგვიპტელთაგან გამოისყიდა, ისინი ვალდებულნი იყვნენ, რომ დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა წინაშე ღვთის უზენაესობა დაეცვათ. მათ ისეთივე განწყობა უნდა ჰქონოდათ, როგორიც მოგვიანებით მცხოვრებ წინასწარმეტყველ მიქას, რომელმაც ჩვენ საყურადღებოდ შემდეგი სიტყვები დაწერა: „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5).
მოღალატე ერი
17. როგორ იქცა ისრაელი „გადაჯიშებულ ვაზად“?
17 სამწუხაროდ, ისრაელებმა თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, უღალატეს. ისინი მეზობელი ერების გავლენაში მოექცნენ და ხის და ქვის ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ძვ. წ. მე-8 საუკუნეში წინასწარმეტყველმა ოსიამ დაწერა: „ისრაელი გადაჯიშებული ვაზია . . . მეტ სამსხვერპლოს აგებს. გაუთვალთმაქცდათ გულები; დამნაშავეები აღმოჩნდებიან “(ოს. 10:1, 2). საუკუნე-ნახევრის შემდეგ კი იერემიამ ეს სიტყვები ღვთის ორგული ხალხის გასაგონად დაწერა: «„მე კი დარგული მყავდი, როგორც საუკეთესო წითელი ვაზი, ჭეშმარიტი თესლი. როგორ გადამექეცი გადაჯიშებულ უცხო ვაზად?!“ . . . „სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი შველა უბედურების დროს“ . . . ჩემს ხალხს . . . დავიწყებული ვყავარ» (იერ. 2:21, 28, 32).
18, 19. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ თავისი ერის წარმოშობის შესახებ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?
18 ნაცვლად იმისა, რომ ისრაელებს იეჰოვასთვის ეერთგულათ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დარჩენილიყვნენ და კარგი ნაყოფი გამოეღოთ, კერპთაყვანისმცემლობაში ჩაეფლნენ და ცუდი ნაყოფი გამოიღეს. ამიტომაც უთხრა იესომ თვალთმაქც იუდეველ წინამძღოლებს: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43). იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, ახალ ერში ანუ სულიერ ისრაელში ის ადამიანები შევიდოდნენ, ვისაც იეჰოვა „ახალ შეთანხმებას“ დაუდებდა. იეჰოვამ სულიერ ისრაელზე, ვისთანაც შეთანხმება უნდა დაედო, იწინასწარმეტყველა: „მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“ (იერ. 31:31—33).
19 მას შემდეგ, რაც ისრაელმა იეჰოვას უორგულა, მან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავის ხალხად ყოფნის პატივი პირველ საუკუნეში სულიერ ისრაელს არგუნა.
-
-
„ახლა . . . ღვთის ხალხი ხართ“საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
„ახლა . . . ღვთის ხალხი ხართ“
„ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“ (1 პეტ. 2:10).
1, 2. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და ვინ იქცა იეჰოვას ახალ ერად? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვას ხალხის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა. იმ დღეს იეჰოვამ თავისი წმინდა სულით შვა ახალი ერი — სულიერი ისრაელი, რომელსაც ბიბლია „ღვთის ისრაელს“ უწოდებს (გალ. 6:16). აბრაამიდან მოყოლებული ღვთის ხალხის ამოსაცნობი ნიშანი წინადაცვეთა იყო. ახლა კი დადგა დრო, როცა ეს ტრადიცია წარსულს უნდა ჩაჰბარებოდა. ახალი ერის წარმომადგენელთა შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა, რომ მათი „გული წინადაცვეთილია სულით“ (რომ. 2:29).
2 მათ შორის პირველები, ვინც ღვთის ახალ ერს ქმნიდნენ, იერუსალიმში ზედა ოთახში შეკრებილი ქრისტეს მოციქულები და ასზე მეტი მოწაფე იყვნენ (საქ. 1:12—15). ამ ქრისტიანებზე წმინდა სული გადმოვიდა და ისინი სულით შობილი ღვთის შვილები გახდნენ (რომ. 8:15, 16; 2 კორ. 1:21). ამით ცხადი გახდა, რომ ახალი შეთანხმება ამოქმედდა; შეთანხმების შუამავალი ქრისტე გახლდათ, რომელმაც საკუთარი სისხლით მიანიჭა ძალა ამ შეთანხმებას (ლუკ. 22:20; წაიკითხეთ ებრაელების 9:15). ამგვარად, მოწაფეები იეჰოვას ახალ ერად, მის ხალხად იქცნენ. ისინი წმინდა სულის მეშვეობით იმ ენებზე ამეტყველდნენ, რომლებზეც რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან იერუსალიმში იუდეველთა კვირების დღესასწაულის ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩამოსული იუდეველები და პროზელიტები საუბრობდნენ. ამ ადამიანებს თავიანთ მშობლიურ ენაზე ესმოდათ და იგებდნენ „ღვთის დიდებული საქმეების“ შესახებ, რომლებსაც ღვთის სულით შობილი ქრისტიანები უქადაგებდნენ (საქ. 2:1—11).
ღვთის ახალი ერი
3—5. ა) რა უთხრა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილ იუდეველებს? ბ) რამ შეუწყო ხელი იეჰოვას ახალი ერის ზრდას თავიდან?
3 იეჰოვამ პეტრე მოციქულის მეშვეობით იუდეველებსა და პროზელიტებს საშუალება მისცა, რომ ახალშობილი ერის, ქრისტიანული კრების წევრები გამხდარიყვნენ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ გაბედულად მიმართა იუდეველებს და უთხრა, რომ იესო, რომელიც მათ ძელზე გააკრეს, უნდა ერწმუნათ, ვინაიდან იგი „ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“. პეტრემ შეკრებილ ხალხს, რომელთაც აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, უპასუხა: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“ (საქ. 2:22, 23, 36—38). იმ დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი შეუერთდა ახალ ერს, სულიერ ისრაელს (საქ. 2:41). ამის შემდეგ გულმოდგინე მოციქულთა ქადაგებას უფრო და უფრო მეტი ნაყოფი გამოჰქონდა (საქ. 6:7). ახალი ერი იზრდებოდა.
4 მოგვიანებით სამქადაგებლო საქმემ უფრო ფართო ხასიათი მიიღო და სასიხარულო ცნობა სამარიელებსაც ექადაგათ; სამარიელები სასიხარულო ცნობას მთელი მონდომებით გამოეხმაურნენ. ბევრი მათგანი მას შემდეგ მოინათლა, რაც მახარობელმა ფილიპემ უქადაგა; თუმცა მათ წმინდა სული მაშინვე არ მიუღიათ. იერუსალიმში მყოფმა ხელმძღვანელმა საბჭომ მოციქულები, პეტრე და იოანე, ახალმოქცეულ სამარიელებთან გაგზავნა. მოციქულებმა „მათ ხელები დაადეს და გადმოვიდა მათზე წმინდა სული“ (საქ. 8:5, 6, 14—17). ამრიგად, სამარიელებიც სულიერი ისრაელის სულითცხებული წევრები გახდნენ.
პეტრემ კორნელიუსსა და მის სახლეულობას უქადაგა (იხილეთ მე-5 აბზაცი)
5 ახ. წ. 36 წელს იეჰოვამ კვლავ პეტრე მოციქულის მეშვეობით გაუხსნა გზა სხვა ადამიანებს, რომ ახალ ერს, სულიერ ერს, შეერთებოდნენ. პეტრე მოციქულმა უქადაგა რომაელ ასისთავს, კორნელიუსს, მის ნათესავებსა და ახლო მეგობრებს (საქ. 10:22, 24, 34, 35). ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა . . . წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე [არაიდუველებზე], ვინც სიტყვას ისმენდა. წინადაცვეთილი ერთგულები, რომლებიც პეტრესთან ერთად მოვიდნენ, გაოცებულები იყვნენ, რომ უცხოტომელებსაც მიეცათ უსასყიდლო ძღვენი, წმინდა სული“ (საქ. 10:44, 45). ასე რომ, სულიერ ისრაელში მორწმუნე წინადაუცვეთელი უცხოტომელებიც გაერთიანდნენ.
„ხალხი თავისი სახელისთვის“
6, 7. ა) რის გაკეთება მოეთხოვებოდა ხალხს, რომელიც ღმერთმა „თავისი სახელისთვის“ გამოარჩია? ბ) რა მასშტაბებს მიაღწია მათმა საქმიანობამ?
6 ახ. წ. 49 წელს გამართულ ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრაზე მოწაფე იაკობმა განაცხადა: „სიმონმა [პეტრემ] ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქ. 15:14). იმ ხალხს შორის, რომლებიც იეჰოვას სახელით იწოდებოდნენ, იყვნენ როგორც იუდეველი, ისე არაიუდეველი მორწმუნეები (რომ. 11:25, 26ა). მოგვიანებით პეტრემ ქრისტიანებს მისწერა: „ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“. პეტრემ თანამორწმუნეებს აუხსნა, თუ რა იყო მათი დანიშნულება: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ“ (1 პეტ. 2:9, 10). ღვთის ერს ქება-დიდება უნდა მიეძღვნა მისთვის და სახალხოდ განედიდებინა მისი სახელი. ისინი უნდა ყოფილიყვნენ, იეჰოვას, სამყაროს უზენაესი მმართველის, გაბედული მოწმეები.
7 იეჰოვამ სულიერ ისრაელსაც, ისევე როგორც ხორციელ ისრაელს, თავისი სახელისთვის შექმნილი ხალხი უწოდა, რომელთაც მის საქებრად უნდა ელაპარაკათ (ეს. 43:21). პირველ საუკუნეში ქრისტიანები ღვთაებებს, რომლებსაც ხალხი თაყვანს სცემდა, ამხელდნენ და გაბედულად აუწყებდნენ, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (1 თეს. 1:9). ისინი ამოწმებდნენ იეჰოვასა და იესოს შესახებ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; კოლ. 1:23).
8. რა გაფრთხილება მისცა პავლე მოციქულმა ღვთის ხალხს პირველ საუკუნეში?
8 პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ღვთის ერთ-ერთი გაბედული მსახური იყო. როდესაც იგი წარმართი ფილოსოფოსების წინაშე წარდგა, მედგრად დაიცვა იეჰოვას უზენაესობა და თქვა: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი“ (საქ. 17:18, 23—25). მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს პავლე მოციქულმა ღვთის სახელით წოდებული ქრისტიანები გააფრთხილა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30). ეს წინასწარმეტყველება პირველი საუკუნის ბოლოს შესრულდა (1 იოან. 2:18, 19).
9. რა დაემართა ღვთის ხალხს მოციქულთა სიკვდილის შემდეგ?
9 მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებებში განდგომილებამ მოიკიდა ფეხი, რის შედეგადაც, მსოფლიო არენაზე ქრისტიანული სამყარო გამოჩნდა. განდგომილი ქრისტიანები აღარ იყვნენ „ხალხი . . . [იეჰოვას] სახელისთვის“; მათ ღვთის სახელი ბიბლიის უამრავი თარგმანებიდანაც კი ამოიღეს. განდგომილებმა შემოიღეს წარმართული რიტუალები; ისინი არაბიბლიური დოგმებით, „წმინდა ომებითა“ და უზნეო საქციელით შეურაცხყოფდნენ ღმერთს. აქედან გამომდინარე, საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას დედამიწაზე თითო-ოროლა თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ არ არსებობდა მის თაყვანისმცემელთა ორგანიზებული ჯგუფი, „ხალხი თავისი სახელისთვის“.
ღვთის ერის ხელახლა შობა
10, 11. ა) რა იწინასწარმეტყველა იესომ ხორბალსა და სარეველაზე? ბ) როგორ შესრულდა იესოს იგავი 1914 წლის შემდეგ?
10 იესომ ხორბლისა და სარეველას იგავში იწინასწარმეტყველა, რომ განდგომილების შედეგად სულიერი წყვდიადი ჩამოწვებოდა. მან თქვა, რომ იმ დროს, როცა ხალხი დაიძინებდა, ეშმაკი სარეველას ჩათესავდა იმ მინდორში, სადაც კაცის ძეს თესლი ჰქონდა დათესილი. ორივე თესლს „ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე“ ერთად უნდა ეზარდა. იესომ თავად ახსნა, რომ „კარგი თესლი“ „სამეფოს ძეებს“ განასახიერებდა, ხოლო სარეველა — „ბოროტის ძეებს“. „ქვეყნიერების წყობის აღსასრულისას“ კაცის ძეს „მომკელები“ ანუ ანგელოზები უნდა გაეგზავნა, რათა მათ ხორბალი სარეველასგან გამოერჩიათ. ანგელოზები „სამეფოს ძეებს“ ერთად მოაგროვებდნენ (მათ. 13:24—30, 36—43). ისმის კითხვები: როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? და, როგორ გაუწია ღმერთმა ორგანიზება თავის ხალხს დედამიწაზე?
11 „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“ 1914 წელს დაიწყო. ამავე წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომიც. ამ დროისთვის რამდენიმე ათასი ცხებული ქრისტიანი ანუ „სამეფოს ძეები“, სულიერი გაგებით, დიდი ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 1919 წელს იეჰოვამ ისინი სულიერი ტყვეობიდან დაიხსნა და მათსა და „სარეველას“, ცრუქრისტიანებს, შორის მკვეთრი ზღვარი გაავლო. ღმერთმა „სამეფოს ძეებს“ თავი მოუყარა და ერად აქცია, როგორც ეს ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები: „თუ გაჩენილა ერთ დღეში ქვეყანა მშობიარობის ტკივილებით?! თუ დაბადებულა ერი ერთიანად?! მშობიარობის ტკივილები დაეწყო სიონს და ვაჟები გააჩინა“ (ეს. 66:8). სიონმა, სულიერი ქმნილებებისგან შემდგარმა იეჰოვას ორგანიზაციამ, შვა ცხებული ქრისტიანები და ისინი ერად აქცია.
12. რა მხრივ ამტკიცებენ ცხებული ქრისტიანები დღეს, რომ ღვთის ხალხი არიან?
12 პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ცხებულებიც, „სამეფოს ძეებიც“, იეჰოვას მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ ესაიას 43:1, 10, 11). ისინი სხვებისგან გამორჩეულნი იქნებოდნენ თავიანთი ქრისტიანული საქციელითა და იმით, რომ იქადაგებდნენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ . . . ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14; ფილ. 2:15). ეს ასეც მოხდა, მათ მილიონობით ადამიანს გააგებინეს სიმართლე (წაიკითხეთ დანიელის 12:3).
„თქვენთან ერთად წამოვალთ“
13, 14. რა უნდა გააკეთონ მათ, ვინც არ არიან სულიერი ისრაელის წარმომადგენლები, რომ თაყვანი სცენ და ემსახურონ იეჰოვას და რა იწინასწარმეტყველა ამის შესახებ ბიბლიამ?
13 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ძველ ისრაელში უცხოელებსაც შეეძლოთ, იეჰოვას თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ; ოღონდ მათ მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ იმ ხალხთან, ვისაც იეჰოვამ შეთანხმება დაუდო (1 მეფ. 8:41—43). დღესაც ისინი, ვინც სულიერი ისრაელის წარმომადგენლები არ არიან, იეჰოვას ხალხს — „სამეფოს ძეებს“ — ცხებულ მოწმეებს უნდა დაუახლოვდნენ.
14 ძველად მცხოვრებმა ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ ქვეყნიერების მიწურულს თავის ხალხთან ერთად იეჰოვას უამრავი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა. ესაიამ დაწერა: «წავა მრავალი ხალხი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“, რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან» (ეს. 2:2, 3). ზაქარიამაც მსგავსი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას საძებნელად და იეჰოვას გულის მოსალბობად“. მან „მრავალი ხალხის“ აღსაწერად სიმბოლური ენა გამოიყენა და დაწერა, რომ ისინი, „ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი“, მოეჭიდებოდნენ სულიერი ისრაელის „კალთას“ და იტყოდნენ: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:20—23).
15. რა გაგებით დადის „სხვა ცხვარი“ სულიერი ისრაელის წარმომადგენლებთან ერთად?
15 „სხვა ცხვარი“ სულიერი ისრაელის წარმომადგენლებთან ერთად „დადის“, ანუ ქადაგებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მარ. 13:10). ისინი ღვთის ხალხი ხდებიან, ცხებულ ქრისტიანებთან ერთად „ერთ სამწყსოში“ ერთიანდებიან, რომელსაც „კარგი მწყემსი“, ქრისტე მწყემსავს (წაიკითხეთ იოანეს 10:14—16).
-