-
ისტორია უნდა გვჯეროდეს მისი?გამოიღვიძეთ! — 2001 | მარტი 8
-
-
ისტორია უნდა გვჯეროდეს მისი?
„ისტორიის ცოდნა. . . იმ აზრს გვინერგავს, რომ ჩვენ ვართ იმ კაცობრიობის ნაწილი, რომელიც სათავეს ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იღებს და ჩვენი სიკვდილის შემდეგაც დიდ ხანს განაგრძობს არსებობას“. „ისტორიის შესასწავლი მოკლე ცნობარი“, ავტორი მაიკლ სტანფორდი.
ისტორიის გარეშე ცხოვრება მეხსიერების გარეშე ცხოვრებას ჰგავს. უისტორიოდ თქვენ, თქვენი ოჯახი, თქვენი სანათესაო და თქვენი ერიც კი, ფესვების გარეშე, წარსულის გარეშე აღმოჩნდებოდა. აწმყო უსაძირკვლოდ და აზრს მოკლებულად მოგვეჩვენებოდა.
ისტორია შეიძლება შევადაროთ დიდ საგანძურს, რომელიც სავსეა ცხოვრებისეული გაკვეთილებით. მას შეუძლია დაგვეხმაროს იმაში, რომ ერთი და იგივე შეცდომები, რომლებიც სხვებს წარსულში დაუშვიათ, ხშირად ჩვენც არ გავიმეოროთ. როგორც ერთი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, ის, ვინც ივიწყებს წარსულს, უცილობლად იმეორებს მას. ისტორიის ცოდნამ შეიძლება წარსულ ცივილიზაციებში ჩაგვახედოს, მოგვხიბლოს გასაოცარი აღმოჩენებით, გაგვაცნოს საინტერესო ადამიანები და განსხვავებული შეხედულებები.
მაგრამ იმის გამო, რომ ისტორია დიდი ხნის წინათ მცხოვრები ადამიანებისა და მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ მისი მონათხრობი სანდოა? თუკი ისტორიიდან ფასდაუდებელი გაკვეთილების მიღება გვინდა, ცხადია, ისინი ნამდვილ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს. და როცა ვიგებთ სიმართლეს, ჩვენ უნდა დავეთანხმოთ მას მაშინაც კი, თუ ის არც ისე სასიამოვნოა. წარსული ვარდის ბუჩქს ჰგავს — ის მიმზიდველიცაა და ეკლიანიც; მას შეუძლია აღგვაფრთოვანოს და შეუძლია ტკივილი მოგვაყენოს.
მომდევნო სტატიებში განვიხილავთ კაცობრიობის ისტორიის ზოგიერთ მხარეს, რომლებიც დაგვეხმარება წაკითხულის სიზუსტის შეფასებაში. აგრეთვე განვიხილავთ იმას, თუ რა სარგებლობის მიღება შეუძლია დაკვირვებულ მკითხველს უტყუარი ისტორიული ჩანაწერებიდან.
[სურათი 3 გვერდზე]
რა გაკვეთილების სწავლა შეგვიძლია ისტორიიდან?
[სურათი 3 გვერდზე]
დედოფალი ნეფერტიტი
[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]
Nefertiti: Ägyptisches Museum der Staatlichen Museen Preußischer Kulturbesitz, Berlin
Border: Photograph taken by courtesy of the British Museum
-
-
რის სწავლა შეგვიძლია წარსულიდან?გამოიღვიძეთ! — 2001 | მარტი 8
-
-
რის სწავლა შეგვიძლია წარსულიდან?
„ისტორიკოსებისთვის არ არსებობს მიზეზისა და შედეგის აღწერაზე მნიშვნელოვანი რამ“. ჯერალდ შლაბეკი, დოცენტი-ისტორიკოსი.
ისტორიკოსები ხშირად სვამენ კითხვას, როგორ და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა? მაგალითად, ისტორიიდან ვიცით, რომ რომის იმპერია დაეცა. მაგრამ რატომ დაეცა? კორუფციამ და სიამოვნებათა ძიებამ ხომ არ გამოიწვია ეს? სამართავად ძალზე რთული ხომ არ გახდა იმპერია და მისი არმიის შენახვაც ძალიან ძვირი ხომ არ ჯდებოდა? ძალიან ხომ არ მომრავლდნენ და გაძლიერდნენ რომის მტრები?
ჩვენს დღეებში, აღმოსავლეთ ევროპაში გაბატონებული კომუნიზმი, რომელიც ერთ დროს დასავლეთისთვის საფრთხედ მიაჩნდათ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით თითქოსდა თვალის დახამხამებაში დაეცა. მაგრამ რატომ? რას ვსწავლობთ აქედან? ისტორიკოსები ცდილობენ, გასცენ პასუხები ასეთ კითხვებს. მაგრამ პასუხების გაცემისას, როდესაც ისინი მოვლენების შეფასებას ცდილობენ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს მათზე პირადი აზრი?
შეიძლება ვენდოთ მატიანეს?
ისტორიკოსები გამომძიებლებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მეცნიერებს. ისინი იკვლევენ ძველ ჩანაწერებს, ეჭვი შეაქვთ მათში და კამათობენ მათ გამო. მათი მიზანია, დაადგინონ სიმართლე, მაგრამ ხშირად მათი მიზანი გაურკვეველია. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ მათი შრომა, უმეტესწილად, ადამიანებთანაა დაკავშირებული, ხოლო ისტორიკოსებს არ ძალუძთ აზრების ამოკითხვა — განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა აზრების. გარდა ამისა, ისტორიკოსებს შეიძლება წინასწარშექმნილი და მიკერძოებული აზრები ჰქონდეთ. ამიტომაც ზოგჯერ საუკეთესო ისტორიული ნაშრომი, სინამდვილეში, წარმოადგენს მოვლენების თავისებურ ინტერპრეტაციას, რომელიც ავტორმა საკუთარი თვალთახედვიდან გამომდინარე შექმნა.
რა თქმა უნდა, ისტორიკოსს რომ საკუთარი თვალსაზრისი გააჩნია, მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნაშრომი უზუსტოა. ბიბლიური ამბავი, რომელიც „მეფეთა“ და „ნეშტთა“ წიგნებში გვხვდება, პარალელურ ცნობებს შეიცავს. ეს ცნობები ხუთი სხვადასხვა ადამიანის მიერ არის დაწერილი, მაგრამ ჩანს, რომ მათში არ არის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ან უზუსტობები. იგივე შეიძლება ითქვას ოთხ სახარებაზე. ბიბლიის ბევრი მწერალი საკუთარი ნაკლოვანებებისა და შეცდომების შესახებაც კი წერდა — რასაც ქვეყნიურ ჩანაწერებში იშვიათად თუ შევხვდებით (რიცხვნი 20:9—12; მეორე რჯული 32:48—52).
გარდა შესაძლო წინასწარშექმნილი აზრისა, ისტორიული მონათხრობის კითხვისას სხვა დამაფიქრებელ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დამწერის მოტივი. „ნებისმიერ ისტორიას, რომელსაც ძალაუფლების მქონენი, დიდების მაძიებლები ან მათი მეგობრები ჰყვებიან, უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, — ამბობს მაიკლ სტანფორდი თავის წიგნში „მოკლე ცნობარი ისტორიის შესასწავლად“. საეჭვო მოტივები ნათელი ხდება მაშინაც, როცა ისტორიულ ნამუშევრებში ოდნავ ან აშკარადაც კი გამოსჭვივის ნაციონალისტური და პატრიოტული ხასიათის მოწოდებები. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს სკოლის სახელმძღვანელოებსაც ეხება. ერთ-ერთი ქვეყნის სახელმწიფო დადგენილებაში სრულიად დაუფარავად იყო თქმული, რომ ისტორიის საგნის შესწავლის მიზანი „ადამიანების გულებში ნაციონალისტური და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა. . . ვინაიდან ერის წარსულის ცოდნა პატრიოტული მოქმედებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია“.
გადაკეთებული ისტორია
ზოგჯერ ისტორია არა მხოლოდ წინასწარშექმნილი აზრის მიხედვით იწერება, არამედ გადაკეთებულიცაა ხოლმე. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგალითად, „ტროცკის სახელი მატიანედან ამოშალეს, ისე რომ კომისრის არსებობის ფაქტიც კი მიჩქმალეს“, — ნათქვამია წიგნში „სინამდვილე ისტორიაში“. ვინ იყო ტროცკი? ის რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერი და ლენინის შემდეგ პირველი კაცი იყო. ლენინის სიკვდილის შემდეგ ტროცკის შეხლა-შემოხლა ჰქონდა სტალინთან, ის გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, მოგვიანებით კი მოკლეს. მისი სახელი საბჭოთა ენციკლოპედიებიდანაც კი წაიშალა. ისტორიული მოვლენების ამნაირად დამახინჯებას და ამასთანავე არასტანდარტული წიგნების დაწვასაც კი რეგულარულად მიმართავდნენ ბევრ სახელმწიფოში დიქტატორული რეჟიმის დროს.
მაგრამ ისტორიის დამახინჯების პრაქტიკას ძველადაც მიმართავდნენ. იგი თავის სათავეს, სულ მცირე, ეგვიპტისა და ასურეთის დროიდან იღებს. ამაყი და პატივმოყვარე ფარაონები, მეფეები და იმპერატორები დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ისტორიულ ჩანაწერებში მათი სახე და მმართველობის ხანა შელამაზებული ყოფილიყო. ასე რომ, მათ მიღწევებს სისტემატიურად აზვიადებდნენ, მაშინ როცა იმას, რაც უხერხული ან სამარცხვინო იყო — მაგალითად, ომში დამარცხება — გაკვრით მოიხსენიებდნენ, ჩქმალავდნენ ან ზოგჯერ საერთოდაც არ იხსენიებდნენ. ამის მკვეთრ კონტრასტს წარმოადგენს ბიბლიაში ჩაწერილი ისტორია ისრაელი ერის შესახებ, რომელიც როგორც მეფეების, ისე ქვეშევრდომების დაცემასა და აღმავლობზე მოგვითხრობს.
როგორ ამოწმებენ ისტორიკოსები ძველი ჩანაწერების სიზუსტეს? ისინი ადარებენ მათ ძველ საგადასახადო ჩანაწერებს, კანონთა კრებულებს, მონათა ბაზრისთვის გაკეთებულ განცხადებებს, საქმიან და კერძო წერილებსა და ჩანაწერებს, წარწერებს ჭურჭლის ნატეხებზე, გემების სავახტო ჟურნალებში, აკლდამებსა და საფლავებში ნაპოვნ მასალებს. ეს მოძიებული მასალა ოფიციალურ წერილობით ცნობებს ხშირად დამატებით ან განსხვავებულ შუქს ჰფენს. როდესაც ხარვეზებს ან გაურკვევლობას აწყდებიან, პატიოსანი ისტორიკოსები, ჩვეულებრივ, აღიარებენ მათ არსებობას მაშინაც კი, როცა ამ ხარვეზების შესავსებად საკუთარი თეორიების შემოთავაზება შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, გონიერი მკითხველი ერთზე მეტ ნაშრომს მიმართავს, თუკი ისტორიული მოვლენების შესახებ ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიღება სურს.
მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რომელსაც ისტორიკოსი ხვდება, მისი შრომის შედეგად სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება. ერთ ისტორიულ წიგნში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ისტორია ძნელი დასაწერია, . . ის მნიშვნელოვანია, არსებითად მნიშვნელოვანიც კია ჩვენთვის“. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს, ისტორიას შეუძლია უფრო უკეთ გაგვარკვიოს ადამიანების ამჟამინდელ მდგომარეობაში. მაგალითად, სულ მალე დავინახავთ, რომ ძველად მცხოვრები ხალხი იგივე თვისებებს ავლენდა, რასაც — დღევანდელი ადამიანები. იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა თაობაში ეს თვისებები მეორდებოდა, ისტორიულ მოვლენებზე უდიდესი გავლენა იქონია. შესაძლოა, ამით აიხსნება იმ გამოთქმის გაჩენა, რომ ისტორია მეორდება. მაგრამ ეყრდნობა კი ეს დასკვნა ფაქტებსა და ლოგიკურ მსჯელობას?
მეორდება ისტორია?
შეგვიძლია თუ არა წარსულზე დაყრდნობით ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი? გარკვეული სახის მოვლენები მართლაც მეორდება. მაგალითად, შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა, თქვა: „ყოველი ცივილიზაცია, რომელსაც ოდესღაც უარსებია, საბოლოო ჯამში, განადგურებულა“. მან დასძინა: „ისტორია არის მონათხრობი წარუმატებელი მცდელობებისა და განუხორციელებელი მისწრაფებების შესახებ. . . ასე რომ, ისტორიკოსს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ტრაგედია გარდაუვალია“.
არც ერთი იმპერიის დაცემა არ მომხდარა ერთნაირად. ბაბილონი ერთ ღამეში დასცეს მიდიელებმა და სპარსელებმა ძვ. წ. 539 წელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთი რამდენიმე სამეფოდ გაიყო და, საბოლოოდ, გზა დაუთმო რომს. მაგრამ რომის დაცემის მიზეზი სადავოა. ისტორიკოსი ჯერალდ შლაბეკი სვამს კითხვას: „როდის დაეცა რომი? ნამდვილად დაეცა ის? ახ. წ. 400-სა და 600 წლებს შორის დასავლეთ ევროპაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ უამრავი რამ უცვლელი დარჩა“a. ნათელია, რომ ზოგი ისტორიული მოვლენა მეორდება, მაშინ როცა სხვები — არა.
ერთი რამ, რაც განუწყვეტლივ მეორდება ისტორიაში, არის ადამიანური მმართველობის წარუმატებლობა. როგორი კარგიც უნდა ყოფილიყო მთავრობა, ყველა დროში მასში განუწყვეტლივ იჩენდა თავს ანგარება, წინდაუხედაობა, სიხარბე, კორუფცია, ნათესავ-ახლობელთა მფარველობა და, განსაკუთრებით, ძლიერი სწრაფვა ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისკენ. ამიტომაც წარსულში მრავლად იყო გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრებები, დარღვეული ხელშეკრულებები, ომები, სოციალური მღელვარებები და ძალადობა, სიმდიდრის დატაცება და ეკონომიკური კრახი.
მაგალითისთვის ვნახოთ რა არის ნათქვამი წიგნში „The Columbia History of the World“ იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია დასავლურმა ცივილიზაციამ მსოფლიოზე: „მას შემდეგ, რაც კოლუმბმა და კორტესმა დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ხალხს მათთვის მიცემული ახალი შესაძლებლობების შესახებ აცნობეს, ხალხში აღიძრა უცხოტომელთა მოქცევის, მოგების მიღებისა და სახელის მოხვეჭის სურვილი, რის შედეგადაც დასავლურმა კულტურამ თითქმის მთელ მსოფლიოში მოიკიდა ფეხი და უმთავრესად — ძალისმიერი გზით. თავიანთი სამფლობელოს გაფართოების დაუცხრომელი სურვილით აღძრულმა და უფრო ძლიერი იარაღით აღჭურვილმა დამპყრობლებმა მსოფლიოს დარჩენილი ნაწილი იძულებით დაუქვემდებარეს ევროპის დიდ მმართველ ძალებს. . . ამ კონტინენტებზე [აფრიკა, აზია და ამერიკა] მცხოვრები ხალხი, მოკლედ რომ ვთქვათ, უმოწყალო და შეუბრალებელი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა“. რამდენად ჭეშმარიტია ბიბლიაში, ეკლესიასტეს 8:9-ში, ნათქვამი სიტყვები: «კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა [„მისდა“, აქ] საზიანოდ»!
შესაძლოა, ამ სავალალო მდგომარეობის აღმწერმა ჩანაწერმა აღძრა ერთი გერმანელი ფილოსოფოსი იმის სათქმელად, რომ ერთადერთი რამ, რასაც ისტორიიდან ვსწავლობთ, არის ის, რომ ადამიანები არაფერს სწავლობენ ისტორიიდან. იერემიას 10:23-ში ნათქვამია: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა. . . მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ის ფაქტი, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნაბიჯების წარმართვა, დღეს განსაკუთრებით უნდა გვაფიქრებდეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს, რომელთაც რაოდენობითა და მასშტაბით ვერაფერი შეედრება. მაშ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ?
უპრეცედენტო პრობლემები
კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა ისეთი დრო, მთელ დედამიწას ერთსა და იმავე დროს რომ დამუქრებოდა უტყეობა, ნიადაგის ეროზია, გაუდაბნოება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მასობრივი გადაშენება, ატმოსფეროში ოზონის ფენის შეთხელება, დაბინძურება, გლობალური დათბობა, ოკეანეებში სიცოცხლის თანდათანობითი გაქრობა და მოსახლეობის უსწრაფესი ზრდა.
„სხვა სირთულე, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება აწყდება, ცვლილებების აშკარა სისწრაფეა“, — ნათქვამია წიგნში „A Green History of the world“. ჟურნალ „უორლდ უოჩის“ რედაქტორი, ედ არზი, წერს: «ის, რის პირისპირაც ჩვენ ახლა ვდგავართ, იმდენად სცილდება ჩვენი ცნობიერების საზღვრებს, რომ, სინამდვილეში, ვერ ვხვდებით, თუ რამდენად სერიოზული საშიშროების წინაშე ვიმყოფებით მაშინაც კი, როცა ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცება არსებობს. ეს „რაღაც“ არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ და ფიზიკურ პროცესებში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე უზარმაზარი ცვლილებები».
ამ და ამასთან დაკავშირებული პრობლემების მხედველობაში მიღებით, ისტორიკოსი პარდონ ტილინგჰესტი ამბობს: „საზოგადოების მიერ აღებული კურსი უკიდურესად გართულდა, და ბევრ ჩვენგანში ეს გართულებული მდგომარეობა შიშს ბადებს. დღეს რა ხელმძღვანელობის შეთავაზება შეუძლიათ პროფესიონალ ისტორიკოსებს დაბნეული ხალხისთვის? როგორც ჩანს, ისინი მათ ბევრს ვერაფერს შესთავაზებენ“.
პროფესიონალი ისტორიკოსებისთვის შეიძლება რთულ ამოცანას წარმოადგენდეს რაიმეს გაკეთება ან ადამიანებისთვის რამე რჩევის მიცემა, მაგრამ, უეჭველია, ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ჩვენი შემოქმედისთვის. სინამდვილეში, ბიბლიაში მან იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში მსოფლიოს „საზარელი ჟამი“ დაუდგებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). მაგრამ ღმერთმა ბევრი ისეთი რამ მოიმოქმედა და გააკეთა, რის გაკეთებაც ისტორიკოსებს არ ძალუძთ; როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, მან არსებული მდგომარეობიდან ხსნის გზა გვიჩვენა.
[სქოლიო]
a შლაბეკის დაკვირვება ეთანხმება დანიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ რომის იმპერიის წიაღშივე აღმოცენდებოდა მისი მემკვიდრე. იხილეთ წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ მე-4 და მე-9 თავები (გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).
[ჩანართი 5 გვერდზე]
„ნებისმიერ ისტორიას, რომელსაც ძალაუფლების მქონენი. . . ჰყვებიან, უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“. მაიკლ სტანფორდი, ისტორიკოსი.
[სურათი 4 გვერდზე]
იმპერატორი ნერონი
[საავტორო უფლება]
Roma, Musei Capitolini
[სურათები 7 გვერდზე]
ყველა ეპოქაში «კაცი კაცზე მძლავრობდა მისდა საზიანოდ».
[საავტორო უფლება]
“The Conquerors,” by Pierre Fritel. Includes (left to right): Ramses II, Attila, Hannibal, Tamerlane, Julius Caesar (center), Napoléon I, Alexander the Great, Nebuchadnezzar, and Charlemagne. From the book The Library of Historic Characters and Famous Events, Vol. III, 1895; planes: USAF photo
-
-
სარწმუნოა ბიბლიური ისტორია?გამოიღვიძეთ! — 2001 | მარტი 8
-
-
სარწმუნოა ბიბლიური ისტორია?
ისინი კიცხავდნენ მმართველებს; ისინი განსჯიდნენ მღვდლებს; ისინი ამხელდნენ ხალხს მათ ბოროტებაში;. ისინი არც საკუთარ ნაკლოვანებებსა და ცოდვებს ფარავდნენ; მათ დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ზოგ მათგანს სიმართლის თქმისა და წერისთვის სიცოცხლესაც კი ასალმებდნენ. ვინ იყვნენ ისინი? ბიბლიური დროის წინასწარმეტყველები, რომელთა შორისაც მრავალს თვით საღვთო წერილის დაწერაში აქვს მიღებული მონაწილეობა (მათე 23:35—37).
თავის წიგნში „ისტორიკოსი და ისტორია“, პეიჯ სმითი წერს: „[ებრაელები] ერთნაირი გულახდილობით იტყობინებოდნენ თავიანთი გმირებისა და მათ შორის მცხოვრები ბოროტმოქმედების, საკუთარი თავისა და თავიანთი მტრების შესახებ, რადგან ყოველივე ამას ღვთის მეთვალყურეობით წერდნენ; ფაქტების შენიღბვითა თუ შელამაზებით არაფერი შეემატებოდათ, ბევრს კი დაკარგავდნენ“. სმითმა ისიც აღნიშნა, რომ „სირიისა და ეგვიპტის მეომარი მეფეების მოსაწყენი ქრონოლოგიური ჩანაწერების გვერდით მონათხრობი ღვთის რჩეული ხალხის გასაჭირისა და ტრიუმფის შესახებ. . . საინტერესო ისტორიად გვევლინება. ებრაელმა მემატიანეებმა ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი აღმოაჩინეს — კერძოდ ის, რომ ნამდვილ ისტორიულ პიროვნებებს ნაკლოვანებებიც ჰქონდათ და შეცდომებსაც უშვებდნენ“.
ბიბლიის დამწერები ზედმიწევნით იცავდნენ სიზუსტეს. ისტორიული და არქეოლოგიური კუთხით ბიბლიის შეფასების შემდეგ მწერალმა ვერნერ კელერმა თავისი წიგნის „ბიბლია როგორც ისტორია“ წინასიტყვაობაში აღნიშნა: «ამჟამად ხელმისაწვდომი უამრავი სარწმუნო და კარგად დასაბუთებული მასალის მხედველობაში მიღების შემდეგ. . . თავში ეს ერთი წინადადება მიტრიალებს: „რაც უნდა იყოს, ბიბლია მაინც მართალია!“».
სარწმუნო ისტორია მნიშვნელოვანი გაკვეთილებით
ბიბლიის დამწერები, უმთავრესად, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ — მიწადმოქმედები, მწყემსები, მეთევზეები. მაგრამ იმან, რაც მათ დაახლოებით 1600-წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩაწერეს, უფრო მეტ ადამიანზე იქონია გავლენა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ჩანაწერმა, ძველმა თუ თანამედროვემ. გარდა ამისა, მათ ნაწერს ყველა მხრიდან უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:25). დღეს მთლიანი ბიბლიის ან მისი ნაწილების წაკითხვა თითქმის 2 200 ენაზეა შესაძლებელი — არც ერთი სხვა წიგნი არ არის ამდენ ენაზე ნათარგმნი! ასე რატომ განსხვავდება ბიბლია სხვა წიგნებისგან? შემდგომი განაცხადები დაგვეხმარება ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.
„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
„ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4).
„ყოველივე ეს მათ [ისრაელებს] დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს [ქრისტიანების] დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11).
დიახ, როგორც ღვთის მიერ შთაგონებული და მის მიერ შემონახული ჩანაწერი ნამდვილი ადამიანების შესახებ, რომელთაგანაც ზოგი ღმერთს ასიამოვნებდა, ზოგი კი — არა, ბიბლია ყველა სხვა წიგნს აღემატება. ის არ არის კანონებისა და წესების მშრალი ნუსხა, რომელშიც ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რა აკეთო და რა არა; ბიბლია არც პატარა საინტერესო საბავშვო მოთხრობების კრებულია. მართალია, ღმერთმა დამწერებად ადამიანები გამოიყენა, მაგრამ ეს ბიბლიას მხოლოდ მატებს ფასეულობას, რადგან ის თბილია, მიმზიდველია და ყველა თაობის მკითხველთა გულს ეხება. არქეოლოგმა უილიამ ოლბრაიტმა თქვა: „ბიბლია, რომელიც კაცობრიობისათვის ღვთისგან გადაცემული უნიკალური გამოცხადებაა, და რომელიც ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი, შეიცავს ღრმა ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ორი ან სამი ათასი წლის წინათ“.
ბიბლიის წარუვალი აქტუალობის გასაგებად, მოდი დავუბრუნდეთ იმ წერტილს, საიდანაც კაცობრიობის ისტორია დაიწყო — და სადაც მხოლოდ ბიბლიას შეუძლია გადაგვიყვანოს — და ვნახოთ, თუ რა მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის წიგნი „დაბადება“.
დროული გაკვეთილები უძველესი მონათხრობიდან
სხვა ყველაფერთან ერთად, „დაბადებაში“ მოთხრობილია ადამიანთა ოჯახის წარმოშობის შესახებ — ნახსენებია ამ ოჯახის წევრების სახელები და კიდევ მრავალი სხვა რამ. ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი სხვა ისტორიული წყარო არ არის ასე ზუსტი. „მაგრამ რა აზრი აქვს დღეს იმის ცოდნას, თუ ვინ იყვნენ ჩვენი პირველი წინაპრები?“ — შეიძლება იკითხოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან „დაბადება“ გვაგებინებს, რომ ყველა ადამიანი — კანის ფერის, ტომისა და ერის მიუხედავად — ერთი და იმავე მშობლების შთამომავლები ვართ და ამით რასიზმს ყოველგვარ საძირკველს აცლის (საქმეები 17:26).
„დაბადება“ ზნეობის საკითხებშიც გვთავაზობს ხელმძღვანელობას. ის შეიცავს ცნობას სოდომის, გომორისა და მათ მეზობლად მდებარე ქალაქების შესახებ, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა იქ მცხოვრებთა სქესობრივი უკუღმართობის გამო (დაბადება 18:20—19:29). ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „იუდას“, მე-7 მუხლში ნათქვამია: «სოდომი და გომორი და მოსაზღვრე ქალაქები, . . რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის [„ჩვენთვის გამაფრთხილებელ“, აქ] მაგალითებად არიან დადგენილი». სოდომსა და გომორში მცხოვრებ ხალხს ღვთისგან არანაირი ზნეობრივი კანონი არ მიუღია; მაგრამ, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს, მათ ღვთისგან ბოძებული სინდისი ჰქონდათ. ამიტომაც ღმერთს სამართლიანად შეეძლო ამ ადამიანებისგან პასუხი მოეთხოვა მათი საქმეებისთვის (რომაელთა 1:26, 27; 2:14, 15). ასევე დღესაც, ღმერთი პასუხს მოსთხოვს ყველა ადამიანს მათი საქმეების გამო, მიუხედავად იმისა, აღიარებენ ისინი მის სიტყვას, წმინდა ბიბლიას, თუ არა (2 თესალონიკელთა 1:8, 9).
გადარჩენასთან დაკავშირებული ისტორიული გაკვეთილი
რომში, ტიტუსის თაღის რელიეფზე გამოსახული არიან რომაელი ჯარისკაცები, რომლებიც ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ტაძრის წმინდა ჭურჭელს ეზიდებიან. იმ დროს მილიონზე მეტი იუდეველი დახოცეს. მაგრამ გადარჩნენ ის ქრისტიანები, ვინც ყურად იღო იესოს წინასწარი გაფრთხილება: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია“ (ლუკა 21:20—22).
იერუსალიმის განადგურების ამბავი მხოლოდ ისტორია როდია, ის უფრო იმ დიდი გასაჭირის პირველსახე იყო, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს დაატყდება. მაგრამ მაშინაც იქნებიან გადარჩენილები. ისინი აღწერილი არიან, როგორც „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. ისინი „არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“, ვინაიდან გამოამჟღავნეს რწმენა იესოს დაღვრილი სისხლისადმი — რწმენა, რომელიც ბიბლიურ ისტორიასა და წინასწარმეტყველებაზეა დაფუძნებული (გამოცხადება 7:9, 14).
ისტორია, რომელიც არასოდეს განმეორდება
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის მმართველობის დროს, რომელიც უკანასკნელია ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში. იმის საფუძველზე, რაც ისტორიიდან ვიცით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მანამდე არსებულ სხვა მსოფლიო მპყრობელთა მსგავსად, მანაც უნდა მიაღწიოს თავის აღსასრულს. მაგრამ როგორ? ბიბლიის თანახმად, ამ მპყრობლის აღსასრული ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. დანიელის 2:44-ში მინიშნებულია ახ. წ. 1914 წელზე და ნათქვამია მმართველი პოლიტიკური ძალების ანუ „სამეფოების“ შესახებ: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.
დიახ, ღვთის სამეფო — მისი ზეციერი მთავრობა, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში — ზემოხსენებული „დიდი გასაჭირის“ კულმინაციურ წერტილში, არმაგედონში, ადამიანთა უსამართლო მმართველობის ყოველგვარ ნაკვალევს წაშლის. ამის შემდეგ ეს სამეფო „სხვა ხალხში არ გადავა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არასოდეს დაემხობა და ძალაუფლება არ წაერთმევა. თავის ბატონობას ის „დედამიწის კიდემდე“ განავრცობს (ფსალმუნი 71:8).
დაბოლოს, ცრუ რელიგიის, უსამართლო პოლიტიკისა და ხარბი კომერციული სისტემის გაუთავებელ პარპაშსაც ბოლო მოეღება. ფსალმუნის 71:7-ში შემდეგი აღთქმაა მოცემული: „გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“. აღარ იარსებებს ეგოიზმი და სიამაყე. ღვთის აღმატებული თვისება — სიყვარული — მთელ პლანეტას მოიცავს (1 იოანე 4:8). იესომ თქვა: „გიყვარდეთ ერთმანეთი“. ამის თაობაზე ისტორიკოსმა უილ დიურანტმა თქვა: „ის საბოლოო დასკვნა, რაც ისტორიიდან გამომაქვს, ისეთივეა, როგორიც იესომ გამოიტანა. . . სიყვარული ყველაზე სასარგებლო რამ არის მსოფლიოში“.
ადამიანებისადმი სიყვარულმა ღმერთი აღძრა, რომ ბიბლიის დაწერა შთაეგონებინა მათთვის. მხოლოდ ეს წიგნი აშუქებს სწორად წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ სიცოცხლის მომცემი მისი ცნობა. ამის გაკეთება კი იმით შეგიძლიათ, რომ შეძლებისდაგვარად გარკვეული დრო გამოუყოთ ბიბლიის შესწავლას. ამ მიზნით, იესოს მითითების თანახმად, იეჰოვას მოწმეები ხალხს უზიარებენ ‘სახარებას სასუფეველზე [„სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას“, აქ]’. მალე ეს კეთილი ცნობა მხოლოდ წინასწარმეტყველება აღარ იქნება, ის ცოცხალი ისტორიის ნაწილი გახდება (მათე 24:14).
[ჩანართი 9 გვერდზე]
„რაც უნდა იყოს, ბიბლია მაინც მართალია!“. ვერნერ კელერი
[ჩანართი 11 გვერდზე]
„ბიბლია, რომელიც კაცობრიობისათვის ღვთისგან გადაცემული უნიკალური გამოცხადებაა, და რომელიც ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი, შეიცავს ღრმა ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ორი ან სამი ათასი წლის წინათ“. უილიამ ოლბრაიტი, არქეოლოგი.
[სურათები 9 გვერდზე]
მოაბური ქვა: შეიცავს მეფე მეშას ვერსიას ისრაელსა და მოაბს შორის კონფლიქტის შესახებ (4 მეფეთა 3:4—27), სხვადასხვა ბიბლიური ადგილის სახელწოდებასა და ძველი ებრაული ასოებით დაწერილ ღვთის სახელს.
[საავტორო უფლება]
Musée du Louvre, Paris.
ვერცხლის დინარი: მასზე გამოსახულია ტიბერიუს კეისარი და მისი სახელია წარწერილი (მარკოზი 12:15—17).
ნაბონიდის ქრონიკა: ქვის ფილა, რომელზე შესრულებული ლურსმული წარწერებიც კიროსის მიერ ბაბილონის უეცარ დაპყრობას გვამცნობს (დანიელის მე-5 თავი).
[საავტორო უფლება]
Photograph taken by courtesy of the British Museum.
ქვის ფილა: მასზე პონტოელი პილატეს სახელია წარწერილი ლათინურად.
Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority.
მკვდარი ზღვის ხელნაწერები ფონზე: ესაიას ტექსტის შემოწმებამ ცხადყო, რომ ეს წიგნი თითქმის უცვლელი დარჩა 1000 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელით გადაწერისას.
[საავტორო უფლება]
Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem.
[სურათები 10 გვერდზე]
ტიტუსის თაღის რელიეფი ადასტურებს ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების ფაქტს.
[საავტორო უფლება]
Soprintendenza Archeologica di Roma
-