საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘თქვენ წმიდები უნდა იყოთ, რადგან წმიდა ვარ მე’
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • ‘თქვენ წმიდები უნდა იყოთ, რადგან წმიდა ვარ მე’

      „წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი“ (ლევიანნი 19:2).

      1. რომელი ადამიანები არიან წმინდებად აღიარებული წუთისოფელში?

      წუთისოფლის რელიგიათა უმეტესობა მრავალს წმინდად მიიჩნევს. ინდოელ მონაზონ დედა ტერეზას, ხშირად, როგორც წმინდას ისე მოიხსენიებენ იმის გამო, რომ მან მთელი თავისი სიცოცხლე ღარიბ-ღატაკებს უძღვნა. პაპს „წმინდა მამას“ უწოდებენ. თანამედროვე კათოლიკური მოძრაობის დამაარსებელი ოპუს დაი, ხოსემარია ისკრიბა, ზოგიერთი კათოლიკის მიერ აღიარებულია „სიწმინდის ნიმუშად“. განდის დიდი პატივით უწოდეს წმინდა ადამიანი. ბუდიზმს თავისი წმინდა ბერები ჰყავს და ისლამს წმინდა წინასწარმეტყველები. მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს იყო წმინდა?

      2, 3. ა) რას ნიშნავს სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“? ბ) რომელ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?

      2 სიტყვა „წმინდა“ განიმარტება, როგორც: „1. . .ღვთიურ ძალასთან დაკავშირებული; საღმრთო. 2. თაყვანსაცემად ან პატივსაცემად მიჩნევა ან აღიარება. . . 3. მკაცრი ან მაღალი რელიგიური თუ სულიერი სისტემის თანახმად ცხოვრება. . . 4. განკუთვნა ან განცალკევება რელიგიური მიზნით“. ბიბლიურ კონტექსტებში სიწმინდე ნიშნავს „რელიგიურ სისუფთავეს ან სისპეტაკეს; საღმრთოს“. ბიბლიის ცნობარის (Insight on the Scriptures) თანახმად, „თავდაპირველი ებრაული [სიტყვა] ქოʹდჰეშ აგრეთვე განმარტოების, განსაკუთრებულობის, ანუ ღვთის გულისთვის განწმენდის აზრს შეიცავს. . . მდგომარეობას, როდესაც განკუთვნილი ხარ ღვთისადმი მსახურებისთვის“a.

      3 ისრაელ ერს ებრძანა, რომ ყოფილიყო წმინდა. ღვთის კანონში ნათქვამი იყო: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა“. ვინ იყო სიწმინდის წყარო? როგორ შეეძლოთ არასრულყოფილ ისრაელებს გამხდარიყვნენ წმინდა? რის სწავლა შეიძლება დღეს იმ გაკვეთილიდან, რომ იეჰოვა სიწმინდისკენ მოგვიწოდებს? (ლევიანნი 11:44).

      როგორ დაუკავშირდა ისრაელი სიწმინდის წყაროს

      4. როგორ იყო იეჰოვას სიწმინდე ნაჩვენები ისრაელში?

      4 ყოველივეს, რაც დაკავშირებულია იეჰოვასადმი ისრაელიანთა თაყვანისმცემლობასთან, უნდა თვლიდნენ და ეპყრობოდნენ წმინდად. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვა თავად არის სიწმინდის საწყისი და წყარო. მოსეს ჩანაწერი წმინდა კარვის, შესამოსელისა და მორთულობის მომზადებისთვის მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით: „გააკეთა ჯიღა — სიწმიდის გვირგვინი — ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე“. ეს ხალასი ოქროს ჯიღა დამაგრებული იყო მღვდელმთავრის შესამოსელზე და ეს ნიშნავდა, რომ გამოყოფილი იყო განსაკუთრებული სიწმინდის მსახურებისთვის. როდესაც მასზე მოხატული მბრწყინავი ნიშნები მზის სხივებზე იძლეოდა დამოწმებას, ისრაელებს რეგულარულად შეახსენებდა, რომ იეჰოვა წარმოადგენს წმინდას (გამოსვლა 28:36; 29:6; 39:30).

      5. როგორ შეიძლებოდა არასრულყოფილი ისრაელი წმინდად მიჩნეულიყო?

      5 მაგრამ, რა შემთხვევაში გახდებოდნენ ისრაელები წმინდა? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლო ურთიერთობას დაამყარებდნენ იეჰოვასთან და წმინდა თაყვანისმცემლობა ექნებოდათ მის მიმართ. მათ ესაჭიროებოდათ ზუსტი შემეცნება უდიდესი ‘წმიდის’ შესახებ, რათა წმინდად ეცათ თაყვანი როგორც ფიზიკური, აგრეთვე სულიერი სიწმინდით (იგავნი 2:1–6; 9:10). ისრაელებს, ამასთანავე, წმინდა აღძვრებითა და წმინდა გულით უნდა ეცათ თაყვანი ღვთისთვის. ყოველი თვალთმაქცური თაყვანისმცემლობა არასასიამოვნოა იეჰოვასთვის (იგავნი 21:27).

      რატომ დაგმო იეჰოვამ ისრაელი

      6. როგორ ეპყრობოდნენ იეჰოვას ტაბლას მალაქიას თანამედროვე ებრაელები?

      6 ამის ნათელი ილუსტრაცია იყო მაშინ, როდესაც ისრაელებს გულცივად მიჰქონდათ ტაძარში უვარგისი, ცუდი შესაწირავი. იეჰოვამ, თავისი წინასწარმეტყველის, მალაქიას მეშვეობით დაგმო მათი არასრულფასოვანი შესაწირავები: „არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი. . . თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ — როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? ამბობს უფალი“ (მალაქია 1:10, 12, 13).

      7. რომელ უწმინდურ საქმეებს სჩადიოდნენ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ებრაელები?

      7 ებრაელთა ცრუ ჩვეულებები რომ დაეგმო, ღმერთმა გამოიყენა მალაქია, რომელიც შესაძლოა ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში წინასწარმეტყველებდა. მღვდლები კარგ მაგალითს არ იძლეოდნენ და მათი საქციელი ნამდვილად არ იყო წმინდა. ხალხსაც ასეთი გზა ჰქონდა არჩეული და ღვთის პრინციპების მიმართ არ იჩენდა ერთგულებას, ამან მრავალი იქამდე დაიყვანა, რომ თავიანთ ცოლებს ეყრებოდნენ, რათა უფრო ახალგაზრდა, უცხო ქვეყნის ქალები მოეყვანათ. მალაქია წერდა: „მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატეb; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო. . . გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი“ (მალაქია 2:14–16).

      8. განქორწინებასთან დაკავშირებულმა თანამედროვე თვალსაზრისმა როგორი ზეგავლენა მოახდინა ზოგიერთებზე ქრისტიანულ კრებებში?

      8 დღეს მრავალ ქვეყანაში, სადაც განქორწინება ადვილად ხდება, განქორწინებათა რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. ამან თვით ქრისტიანულ კრებაზეც მოახდინა გავლენა. იმის ნაცვლად, რომ პრობლემის გადასაწყვეტად დახმარება უხუცესებთან ეძიათ და მთელი ძალებით ეცადათ, თავიანთი ქორწინება წარმატებული ყოფილიყო, ზოგიერთმა ძალიან იჩქარა განქორწინების საკითხში. ამის გამო კი, ხშირად, ბავშვებს უწევთ მძიმე ემოციური ტვირთის ზიდვა (მათე 19:8, 9).

      9, 10. როგორ უნდა ავირეკლოთ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა?

      9 როგორც ზემოთ განვიხილეთ, მალაქიას დროს გამეფებული სავალალო მდგომარეობის გამო იეჰოვამ პირდაპირ დაგმო იუდეის უგულო თაყვანისმცემლობა და ნათლად თქვა, რომ მხოლოდ წმინდა თაყვანისმცემლობას მიიღებდა. ნუთუ არ უნდა გააღვიძოს ამან ჩვენში იმის სურვილი, რომ ავირეკლოთ ჩვენი სათაყვანებელი იეჰოვა ღმერთის, უზენაესი უფლის, ჭეშმარიტი სიწმინდის საწყისის თვისება? ვწირავთ თუ არა იეჰოვას ნამდვილად წმინდა მსახურებას? ვიცავთ თუ არა საკუთარ თავს სულიერად სუფთა მდგომარეობაში?

      10 ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენგან სრულყოფილება მოითხოვება, რაც შეუძლებელია, და არც იმას, რომ საკუთარი თავი სხვებს შევადაროთ. ეს ნიშნავს, რომ ყოველმა ქრისტიანმა ღმერთს შესთავაზოს თაყვანისმცემლობისთვის ის, რაც მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესოა, რის საშუალებასაც პირადად მისი პიროვნული მდგომარეობა იძლევა. ეს შეეხება ჩვენი თაყვანისმცემლობის ხარისხს. ჩვენი საღვთო მსახურება უნდა იყოს რაც შეიძლება საუკეთესო — წმინდა. როგორ შეიძლება ამის განხორციელება? (ლუკა 16:10; გალატელთა 6:3, 4).

      წმინდა გული წმინდა თაყვანისმცემლობის საწინდარია

      11, 12. სად არის უწმინდური მოქმედებების სათავე?

      11 იესო საკმაოდ გასაგებად ასწავლიდა, რომ რაც არის ადამიანის გულში, ნათელი ხდება მისი საუბრითა და მოქმედებებით. იესომ თავიანთ თვალში მართალ, მაგრამ სინამდვილეში უწმინდურ ფარისევლებს უთხრა: „იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“. მოგვიანებით მან ახსნა, რომ ბოროტი მოქმედებები გამოწვეულია გულში ჩაბუდებული ბოროტი ფიქრებით, ანუ შინაგანი პიროვნებით. მან თქვა: „ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“ (მათე 12:34; 15:18–20).

      12 ეს გვეხმარება გავიგოთ, რომ უწმინდური მოქმედებები არ არის მხოლოდ უნებლიე ან წინასწარი საფუძვლის არმქონე. ასეთი მოქმედებები არის ბილწი ფიქრების შედეგი, რომლებიც ჩაბუდებულია გულში — საიდუმლო სურვილები და შესაძლოა ფანტაზიები. აი, რატომ თქვა იესომ: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო’. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრუშობა და სიძვა იმ დრომდე იდგამს ღრმად გულში ფესვებს, სანამ პიროვნება რამეს ჩაიდენდეს. შემდეგ, როდესაც შეიქმნება ხელსაყრელი სიტუაცია, უწმინდური ფიქრები უწმინდურ მოქმედებად გადაიქცევა. მრუშობა, სიძვა, სოდომია, ქურდობა, ღვთისგმობა და განდგომილება ამის ცხად შედეგს წარმოადგენს (მათე 5:27, 28; გალატელთა 5:19–21).

      13. რომელია ზოგიერთი მაგალითი იმისა, თუ უწმინდური ფიქრები როგორ წარმოშობს უწმინდურ მოქმედებებს?

      13 ზემოთ მოხსენიებული სიტუაციის ილუსტრირება მრავალნაირად არის შესაძლებელი. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში კაზინოები სოკოებივით მომრავლდა, რის შედეგადაც აზარტული თამაშით გატაცების შესაძლებლობები იზრდება. პიროვნება შესაძლოა გამოიცადოს ასეთი თამაშით, რომელიც ვითომდა ფინანსური პრობლემებიდან გამოსავალს იძლევა. მაცდურმა ფიქრებმა შეიძლება ისე გაიტაცოს ძმა, რომ თავის მართლების დროს უარყოს ბიბლიური პრინციპებიc. მეორე მაგალითი: ქრისტიანს, რომლისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომია პორნორგაფია, ეს სატელევიზიო გადაცემებით იქნება თუ ვიდეოთი, კომპიუტერებითა თუ წიგნებით, ასეთმა მოქმედებამ შეიძლება შედეგად უწმინდური მოქმედება ჩაადენინოს. ამისთვის საკმარისია უარყოს თავისი სულიერი ჯავშანი და ვიდრე გონს მოვა, უკვე უზნეობა ექნება ჩადენილი. უმეტეს შემთხვევაში, ცოდვაში ჩავარდნა იწყება გონებით. დიახ, მსგავს შემთხვევაზე სრულდება იაკობის სიტყვები: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15; ეფესელთა 6:11–18).

      14. როგორ გამოიცვალა ზოგიერთი, რომლებიც უწმინდურად იქცეოდნენ?

      14 საბედნიეროდ, მრავალმა ქრისტიანმა, რომლებმაც ცოდვა წინასწარ განუზრახველად ჩაიდინეს, აჩვენა, რომ ჭეშმარიტად ინანიებდა ჩადენილს და უხუცესებს ჰქონდათ საშუალება სულიერად აღედგინათ ისინი. თვით მათ, რომლებიც გაირიცხნენ იმის გამო, რომ არ ინანიებდნენ ჩადენილს, საბოლოოდ, მოუხმეს გონებას და კვლავ აღდგნენ კრებებში. ისინი მიხვდნენ, თუ რამდენად იოლია მოექცე სატანის გავლენაში, როდესაც ნებაზე უშვებ, რომ უწმინდურმა ფიქრებმა გულში გაიდგას ფესვები (გალატელთა 6:1; 2 ტიმოთე 2:24–26; 1 პეტრე 5:8, 9).

      განსაცდელი — საკუთარი უსუსურობის პირისპირ ყოფნა

      15. ა) რატომ გვიწევს საკუთარი უსუსურობის პირისპირ ყოფნა? ბ) რა დაგვეხმარება საკუთარი სისუსტეების გამოსაცნობად?

      15 ჩვენ მთელი ძალებით უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, თუ სინამდვილეში როგორია ჩვენი გული. ვართ თუ არა მზად, თვალი გავუსწოროთ საკუთარ უსუსურობას, გავიცნობიეროთ და შემდეგ ვიმუშაოთ, რომ ვძლიოთ მას? ვართ თუ არა მზად, ვკითხოთ გულწრფელ მეგობარს რჩევა, თუ როგორ შეგვიძლია გავუმჯობესდეთ და შემდეგ შევისმინოთ რჩევა? წმინდად რომ დავრჩეთ, უნდა ვძლიოთ ჩვენს შეცდომებს. რატომ? სატანამ იცის ჩვენი სისუსტეები. ის გამოიყენებს ოსტატურ საშუალებებს, რომ ჩაგვითრიოს ცოდვასა და უწმინდურ მოქმედებაში. ის მზაკვრული მოქმედებებით ცდილობს, ჩამოგვაცილოს ღვთის სიყვარულს ისე, რომ აღარ ვიყოთ განწმედილი და გამოსადეგი იეჰოვასადმი მსახურებაში (იერემია 17:9; ეფესელთა 6:11; იაკობი 1:19).

      16. რა წინააღმდეგობები ჰქონდა პავლეს?

      16 პავლე მოციქულსაც ჰქონდა გამოცდები და განსაცდელი, რასაც თავად ამბობდა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება — არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. . . შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:18–23).

      17. როგორ გაიმარჯვა პავლემ საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში?

      17 ახლა პავლეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ პავლე აღიარებდა თავის სისუსტეებს. მიუხედავად ამისა, მას შეეძლო ეთქვა: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული“. პავლეს უყვარდა ის, რაც კარგი იყო, ხოლო ცუდი კი სძულდა. მაგრამ მას კვლავ უწევდა ბრძოლა, ის იმავე ბრძოლას ეწეოდა, როგორ ბრძოლასაც ჩვენ დღეს ვეწევით — ბრძოლა სატანის, ქვეყნიერებისა და სხეულის წინააღმდეგ. მაშასადამე, როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ბრძოლაში, დავრჩეთ წმინდა, გამოვეყოთ ამ წუთისოფელს და მისეულ აზროვნებას? (2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 6:12).

      როგორ შეგვიძლია დავრჩეთ წმინდა?

      18. როგორ შეგვიძლია დავრჩეთ წმინდა?

      18 სიწმინდე არ მიიღწევა ყველაზე ადვილი მოქმედებების კურსის არჩევით ან თვითშემწყნარებლობით. ასეთი ადამიანი ყოველთვის გამონახავს საპატიო მიზეზს თავისი მოქმედებებისთვის და შეეცდება ნებისმიერი დაადანაშაულოს. ალბათ, გვესაჭიროება ვისწავლოთ, პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენს მოქმედებებზე და არ დავემსგავსოთ მათ, რომლებიც აცხადებენ, რომ ბედი მათ წინააღმდეგ თამაშობს, ოჯახის წარსულის ან წარმომავლობის გამო. მაგრამ ყოველივეს ფესვები არის პიროვნების გულში. უყვარს თუ არა მას სამართლიანობა? ილტვის სიწმინდისკენ? სურს ღვთის კურთხევა? ფსალმუნმომღერალი ნათელს ხდის სიწმინდისკენ სწრაფვას შემდეგი სიტყვებით: „ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას“. პავლე მოციქული წერდა: „სიყვარული იყოს უთვალთმაქცო, განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს“ (ფსალმუნი 33:15; 96:10; რომაელთა 12:9).

      19, 20. ა) როგორ შეგვიძლია სტიმული მივცეთ ჩვენს გონებას? ბ) რას შეიცავს ეფექტური პირადი შესწავლა?

      19 ჩვენ შეგვიძლია ‘მივეკრათ კეთილს’, თუ საკითხს იეჰოვას თვალსაზრისით შევხედავთ და, თუ გვაქვს ქრისტეს აზრი (1 კორინთელთა 2:16). როგორ არის ეს შესაძლებელი? ღვთის სიტყვის რეგულარული სწავლითა და შესწავლილზე ფიქრით. რამდენად ხშირად იყო მოცემული ეს რჩევა! მაგრამ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ამ რჩევას? მაგალითად, სანამ დაიწყება შეხვედრა, მთელი გულისყურით სწავლობ ჟურნალს და ნახულობ ბიბლიურ მუხლებს? შესწავლაში ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ყოველი აბზაცის რამდენიმე ფრაზის ქვეშ ხაზის გასმას. შესასწავლი სტატიის ჩაკითხვასა და ზოგიერთი წინადადების ქვეშ ხაზის გასმას მიაქვს მხოლოდ 15 წუთი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სტატია შევისწავლეთ? სინამდვილეში, ყოველი შემოთავაზებული სტატიის შესწავლასა და სულიერად სასარგებლოს ათვისებას ესაჭიროება ერთი ან ორი საათი.

      20 შესაძლოა ჩვენ გვესაჭიროება, ვასწავლოთ საკუთარ თავს, რომ კვირაში რამდენიმე საათით მოვცილდეთ ტელევიზორს და ნამდვილად მოვახდინოთ კონცენტრაცია საკუთარ სიწმინდეზე. რეგულარული შესწავლა გვზრდის სულიერად და სტიმულს აძლევს ჩვენს გონებას, რომ გამოვიტანოთ სწორი გადაწყვეტილებები — გადაწყვეტილებები, რომლებიც ‘წმიდა ქცევისა და ღვთისმოსაობის’ საწინდარია (2 პეტრე 3:11; ეფესელთა 4:23; 5:15, 16).

      21. რომელ კითხვაზე უნდა გაიცეს პასუხი?

      21 ახლა წამოიჭრება კითხვა: ჩვენ, როგორც ქრისტიანები, კიდევ რა საქმიანობასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ, ისეთივე წმინდა, როგორც იეჰოვაა წმინდა? შემდეგი სტატია გვთავაზობს მსჯელობისთვის ფასეულ საკითხებს.

  • „იყავით წმიდები ყოველ საქციელში“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • „იყავით წმიდები ყოველ საქციელში“

      «იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“» (1 პეტრე 1:15, 16).

      1. რატომ მოუწოდა პეტრემ ქრისტიანებს სიწმინდისკენ?

      რატომ გვირჩევს პეტრე ზემოხსენებულს? მან დაინახა იმის აუცილებლობა, რომ ყოველმა ქრისტიანმა დაიცვას ფიქრები და მოქმედებები, რათა მიჰყვეს იეჰოვას სიწმინდეს. ამიტომ, ამ სიტყვებამდე მან თქვა: „შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ. . . როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს“ (1 პეტრე 1:13, 14).

      2. რატომ იყო ჩვენი გულისთქმები უწმინდური ჭეშმარიტების შეცნობამდე?

      2 ჩვენი ადრინდელი გულისთქმები უწმინდური იყო. რატომ? ქრისტიანული ჭეშმარიტების მიღებამდე უმრავლესობა მივყვებოდით წუთისოფლისეულ გზას. პეტრემ იცოდა ეს, როდესაც სავსებით ნათლად წერდა: „რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, რაკი ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში. ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ“. რასაკვირველია, პეტრეს არ ჩამოუთვლია ის უწმინდური მოქმედებები, რომლებიც ჩვენს თანამედროვე წუთისოფელშია დამახასიათებელი და იმ დროისთვის ცნობილი არ იყო (1 პეტრე 4:3, 4).

      3, 4. ა) როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ არასწორ გულისთქმებს? ბ) უნდა გამოხატონ თუ არა ქრისტიანებმა ემოციები? განმარტე.

      3 გაამახვილე თუ არა ყურადღება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გულისთქმები, ხორცისთვის, გრძნობებისა და ემოციებისთვის არის მიმზიდველი? როდესაც დავუშვებთ, რომ მსგავსმა გულისთქმებმა იმძლავროს ჩვენში, ჩვენი ფიქრები და მოქმედებები იოლად ხდება უწმინდური. ეს ნათლად გვიჩვენებს აუცილებლობას, რომ აზროვნების უნარმა მართოს ჩვენი მოქმედებები. პავლემ ეს შემდეგნაირად გამოთქვა: „ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით [აზროვნების უნარით]“ (რომაელთა 12:1, 2).

      4 ღმერთს რომ წმინდა მსხვერპლი წარვუდგინოთ, გზა უნდა მივცეთ აზროვნების უნარს და არა ემოციებს. რამდენმა ჩაიდინა უზნეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ნებაზე მიუშვა საკუთარი თავი და რომ მოქმედებები გრძნობებს დაუმორჩილა! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავახშოთ ჩვენში ემოციები; მათ გარეშე, როგორ შევძლებდით სიხარული გამოგვეხატა იეჰოვასადმი მსახურებაში? მაგრამ, თუ ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს სულის ნაყოფები და არა ხორცის, უნდა შევეცადოთ რომ ჩვენი გონება ქრისტეს აზროვნებით წარვმართოთ (გალატელთა 5:22, 23; ფილიპელთა 2:5).

      წმინდა ცხოვრება, წმინდა ფასი

      5. რატომ ჰქონდა პეტრეს შეგნებული სიწმინდის აუცილებლობა?

      5 რატომ ჰქონდა პეტრეს შეგნებული ქრისტიანული სიწმინდის აუცილებლობა? მას კარგად ესმოდა წმინდა ფასი, რომელიც მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად იქნა გაღებული. ის წერდა: „იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19). დიახ, სიწმინდის წყარომ, იეჰოვა ღმერთმა, გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, „წმიდა“, რომ დედამიწაზე გაეღო გამოსასყიდი, რათა ადამიანებს კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ღმერთთან (იოანე 3:16; 6:69; გამოსვლა 28:36; მათე 20:28).

      6. ა) რატომ არის ძნელი, ყოველთვის წმინდად მოვიქცეთ? ბ) რა დაგვეხმარება წმინდა მოქმედებების შენარჩუნებაში?

      6 მაგრამ ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ იოლი არ არის სატანის გახრწნილ წუთისოფელში წმინდა ცხოვრების შენარჩუნება. სატანა ყოველთვის მახეს უგებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც ცდილობენ ცოცხლები გადარჩნენ ამ სისტემაში (ეფესელთა 6:12; 1 ტიმოთე 6:9, 10). ზემოქმედება ქვეყნიურ სამსახურში, წინააღმდეგობა ოჯახის მხრიდან, დაცინვა სკოლაში და თანატოლების ზეგავლენა — ასეთ სიტუაციებში სიწმინდის შესანარჩუნებლად საჭიროა ძლიერი სულიერობა. ეს ხაზგასმით გვიჩვენებს პირადი შესწავლისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრების უაღრესად დიდ მნიშვნელობას. პავლე ურჩევდა ტიმოთეს: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმოთე 1:13). ამ ჯანსაღ სიტყვებს ვღებულობთ სამეფო დარბაზებში ყოფნისა და ბიბლიის პირადი შესწავლის დროს. ეს ჯანსაღი სიტყვები დაგვეხმარება, რომ ვიყოთ წმინდა ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებში, ნებისმიერი შემთხვევისას.

      წმინდა საქციელი ოჯახში

      7. როგორ უნდა ახდენდეს სიწმინდე ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე გავლენას?

      7 როდესაც პეტრემ მოიყვანა ციტატა ლევიანთა 11:44-დან, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა ჰაʹგი·ოს, რაც ნიშნავს „ცოდვისგან შორს მდგომსა და ღმერთზე, ღვთიურზე კონცენტრირებულს“ (An Expository Dictionary of New Testament Words, უ. ი. უაინი). როგორ გავლენას უნდა ახდენდეს ეს ჩვენს ქრისტიანულ ოჯახურ ცხოვრებაზე? ეს, რასაკვირველია, უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენი ოჯახური ცხოვრება დაფუძნებული იყოს სიყვარულზე, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). თავგანწირული სიყვარული არის ზეთი, რომელიც არეგულირებს როგორც დაქორწინებულ წყვილთა შორის ურთიერთობას, აგრეთვე მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულებასაც (1 კორინთელთა 13:4–8; ეფესელთა 5:28, 29, 33; 6:4; კოლასელთა 3:18, 21).

      8, 9. ა) როგორი სიტუაციები ვითარდება ზოგჯერ ქრისტიანულ ოჯახებში? ბ) რა ბრძნულ რჩევას იძლევა ბიბლია ამასთან დაკავშირებით?

      8 ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ასეთი სიყვარული თავისთავად უნდა არსებობდეს ქრისტიანულ ოჯახში. მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ სიყვარული ქრისტიანულ ოჯახებში ყოველთვის არ მეფობს ისე, როგორც ნამდვილად უნდა მეფობდეს. ოჯახური სიყვარული შესაძლოა ვლინდება სამეფო დარბაზებში, მაგრამ რამდენად იოლია სიყვარულის ჩახშობა ოჯახურ ატმოსფეროში. მაშინ ჩვენ შესაძლოა უეცრად გვავიწყდება, რომ ცოლი არის ჩვენი ქრისტიანი და, ხოლო ქმარი ჯერ კიდევ იგივე ძმაა (შესაძლოა სამსახურებრივი თანაშემწე ანდა უხუცესი), რომელსაც სამეფო დარბაზში ყველა პატივს ცემს. ნერვები იძაბება და შესაძლოა წარმოიშვას სიბრაზეგარეული არგუმენტები. შეიძლება გაორებული ნორმები თანდათან დამკვიდრდეს ჩვენს ცხოვრებაში. ეს უკვე აღარ ჰგავს ქრისტიანი ქმრისა და ცოლის ურთიერთობას, არამედ ქალისა და მამაკაცის უთანხმოებას. მათ ავიწყდებათ, რომ ოჯახში უნდა მეფობდეს წმინდა ატმოსფერო. შესაძლოა ისინი წუთისოფლის ადამიანთა მსგავსად საუბრობენ. რამდენად იოლია გესლიანი და სარკაზმით აღსავსე შენიშვნების გამოცრა! (იგავნი 12:18; შეადარე საქმეები 15:37–39).

      9 მაგრამ პავლე გვირჩევს: „არავითარი უშვერი სიტყვა [ბერძნულად ლოʹგოს სა·ფროსʹ, „ბილწი საუბარი“, მაშასადამე უწმინდური] არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“. ეს შეეხება ყველა მსმენელს ოჯახში, მათ შორის ბავშვებსაც (ეფესელთა 4:29; იაკობი 3:8–10).

      10. როგორ ეხება ბავშვებს სიწმინდესთან დაკავშირებული რჩევა?

      10 სიწმინდეზე ეს მითითებები ასევე ქრისტიანული ოჯახის ბავშვებსაც შეეხება. რამდენად იოლია, რომ სკოლიდან დაბრუნებულებმა მიბაძონ თავიანთი წუთისოფლის ამხანაგების ურჩობითა და უპატივცემლობით გაჟღენთილ საუბარს! ბავშვებო, ნუ მიბაძავთ უკულტურო ყმაწვილების საქციელს, რომლებმაც შეურაცხყვეს იეჰოვას წინასწარმეტყველი და რომლებიც ბილწი ენითა და ღვთისმგმობლობით დღევანდელ დღეს წარმოადგენენ უტიფარი ახალგაზრდების პარალელს (მეოთხე მეფეთა 2:23, 24). შენი საუბარი არ უნდა წაიბილწოს უხეში ქუჩური გამოთქმებით, რომლებსაც იყენებენ უზომოდ უსაქმური ადამიანები ან ისინი, რომლებიც არ ცდილობენ თავაზიანი სიტყვების ხმარებას. როგორც ქრისტიანები, ჩვენი საუბარი უნდა იყოს წმინდა, სასიამოვნო, წამახალისებელი, სიკეთით აღსავსე და „მარილით შეზავებული“. ეს უნდა გვანსხვავებდეს ჩვენ სხვა ხალხებისგან (კოლასელთა 3:8–10; 4:6).

      სიწმინდე და ოჯახის ურწმუნო წევრები

      11. რატომ არ ნიშნავს წმინდად ყოფნა თავდაჯერებულ სამართლიანად ყოფნას?

      11 როდესაც კეთილსინდისიერად ვცდილობთ სიწმინდის გამოვლენას, განსაკუთრებით ოჯახის ურწმუნო წევრებთან ისე არ უნდა ვიმოქმედოთ, თითქოს, ვინმეზე უკეთესს წარმოვადგენთ და სხვებთან შედარებით სამართლიანები ვართ. ჩვენი სიკეთით აღსავსე მოქმედებები სხვა თუ არაფერი, დაეხმარება მათ, გაიგონ, რომ ჩვენ განსხვავებულებს წარმოვადგენთ დადებითი მხრიდან და ვიცით, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული და თანაგრძნობა ისე, როგორც კეთილი სამარიელი მოიქცა იესოს იგავში (ლუკა 10:30–37).

      12. როგორ შეუძლია ქრისტიან პიროვნებას ჭეშმარიტება უფრო მოსაწონად გამოიყენოს საკუთარ მეუღლესთან?

      12 პეტრემ ყურადღება გაამახვილა ოჯახის ურწმუნო წევრებთან სწორი დამოკიდებულების დიდ მნიშვნელობაზე, როდესაც ქრისტიანი ცოლების მისამართით წერდა: „ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით“. ქრისტიან ცოლს (სხვა შემთხვევებში ქმარსაც) შეუძლია უფრო მოსაწონად უჩვენოს ჭეშმარიტება ურწმუნო მეუღლეს, თუ მისი მოქმედებები არის წრფელი, ყურადღებიანი და პატივისცემით აღსავსე. ეს ნიშნავს, რომ თეოკრატიულ გეგმებში უნდა იყოს საკმაოდ მოქნილი ისე, რომ ურწმუნო მეუღლე არ იყოს მისგან უარყოფილი და მიტოვებულიa (1 პეტრე 3:1, 2).

      13. როგორ შეუძლიათ ზოგჯერ უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს დაეხმარონ თანაქრისტიანის ურწმუნო მეუღლეს, დააფასოს ჭეშმარიტება?

      13 ზოგჯერ უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა იმით, რომ ახლოს გაიცნონ თანაქრისტიანი დის ურწმუნო ქმარი. ასეთი გზით მან შეიძლება დაინახოს, რომ იეჰოვას მოწმეები არიან ჩვეულებრივი, თავაზიანი ადამიანები, აქვთ ფართო ინტერესები, რომლებიც მხოლოდ ბიბლიით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი შემთხვევისას უხუცესმა გამოავლინა ინტერესი თანაქრისტიანი დის ურწმუნო მეუღლის მიმართ, რომელიც თევზაობით იყო გატაცებული. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათ შორის ყინული გამხვალიყო. ის მამაკაცი საბოლოოდ მოინათლა და გახდა ძმა. მეორე შემთხვევაში, ურწმუნო მეუღლე გატაცებული იყო იადონებით. უხუცესები უკან არ იხევდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა შეისწავლა იადონებთან დაკავშირებული მასალები და როდესაც შეხვდებოდა მას, შეეძლო საუბარი მისთვის საინტერესო თემაზე წამოეწყო! მაშასადამე, სიწმინდე არ ნიშნავს, იყო მკაცრი ან გქონდეს შეზღუდული გონება (1 კორინთელთა 9:20–23).

      როგორ შეგვიძლია ვიყოთ წმინდები კრებაში?

      14. ა) რომელია სატანის ერთ-ერთი მეთოდი, რომ ძირი გამოუთხაროს კრებას? ბ) როგორ შევძლებთ არ გავებათ სატანის მახეში?

      14 სატანა ეშმაკი არის ცილისმწამებელი, რადგან ბერძნული სიტყვა ეშმაკი, დი·აʹბო·ლოს, ნიშნავს „ბრალმდებელს“ ან „ცილისმწამებელს“. ცილისწამება მისი ერთ-ერთი ხელობაა და, რასაკვირველია, ცდილობს გამოიყენოს კრებაში. მისი უსაყვარლესი მეთოდია ჭორაობა. ვრთავთ თუ არა ჩვენ საკუთარ თავს ნებას, რომ მოგვატყუოს ასეთი უწმინდური საქციელით? როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ჭორაობის წამოწყებით, მისი გამეორებით ან მოსმენით. ბრძნულ იგავში ნათქვამია: „უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს“ (იგავნი 16:28). რა არის ჭორისა და ცილისწამების შხამსაწინააღმდეგო საშუალება? ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საუბარი ყოველთვის არის წამახალისებელი და სიყვარულზე დაფუძნებული. თუ ჩვენს ძმებში ვეძებთ სათნოებას და არა ხასიათის ნაკლოვანებებს, ჩვენი საუბარი ყოველთვის იქნება სასიამოვნო და სულიერი. გახსოვდეს, რომ კრიტიკა იოლია. და პიროვნება, რომელიც ჭორაობს შენთან სხვების შესახებ, ის სხვებთანაც ჭორაობს შენზე! (1 ტიმოთე 5:13; ტიტე 2:3).

      15. ქრისტესთვის დამახასიათებელი რომელი თვისება დაეხმარება ყველას კრებაში სიწმინდის შესანარჩუნებლად?

      15 კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად, ყოველ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ქრისტეს აზრი და როგორც ვიცით, მისი ძირითადი თვისება სიყვარულია. პავლე კოლასელებს ურჩევდა, რომ ქრისტეს მსგავსად, მოწყალეები ყოფილიყვნენ: „როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. . . მიუტევეთ ერთმანეთს. . . და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“. შემდეგ მან დაუმატა: „ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა“, უეჭველია, რომ ასეთი მიმტევებლური სულისკვეთებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ კრების ერთიანობა და სიწმინდე (კოლასელთა 3:12–15).

      ჩანს თუ არა ჩვენი სიწმინდე მეზობლებში?

      16. რატომ უნდა იყოს ჩვენი წმინდა თაყვანისმცემლობა ბედნიერების მომტანი თაყვანისმცემლობა?

      16 რა შეიძლება ითქვას ჩვენს მეზობლებზე? როგორი შეხედულება აქვთ მათ ჩვენზე? ვაფრქვევთ თუ არა ირგვლივ ჭეშმარიტების სიხარულს, თუ ისე გამოვიყურებით, რომ მძიმე ტვირთი გვაქვს აკიდებული? თუ ჩვენ ვართ წმინდები, როგორც იეჰოვაა წმინდა, ეს უნდა ვლინდებოდეს ჩვენს საუბარსა და მოქმედებაში. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი წმინდა თაყვანისმცემლობა არის ბედნიერების მომტანი თაყვანისმცემლობა. რატომ? იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, არის ბედნიერი ღმერთი, რომელსაც სურს, რომ მისი თაყვანისმცემლები იყვნენ სიხარულით აღსავსენი. ამიტომ თქვა ფსალმუნმომღერალმა ძველად იეჰოვას ხალხის შესახებ: „ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი [იეჰოვა, აქ]“. ვავლენთ თუ არა ამ ბედნიერებას? ჩვენი ბავშვებიც ავლენენ თუ არა კმაყოფილებას, რომ არიან იეჰოვას ხალხს შორის სამეფო დარბაზებსა და კონგრესებზე? (ფსალმუნი 88:16, 17; 143:15 ბ).

      17. რა პრაქტიკული საშუალება არსებობს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში გაწონასწორებულობა გამოვავლინოთ?

      17 ჩვენ, აგრეთვე, გაწონასწორებული სიწმინდე უნდა გამოვავლინოთ თანამშრომლობისა და მეზობლური თავაზიანობის სულისკვეთებით. ზოგჯერ მეზობლებთან აუცილებელია თანამშრომლობა, შესაძლოა, ერთობლივი დასუფთავების ღონისძიებისას ან, როგორც ზოგიერთ ქვეყნებშია, ქუჩებისა და გზების გალამაზებისა და შეკეთებისას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სიწმინდე შეიძლება გამოვლინდეს იმითაც, თუ როგორ ვუვლით ჩვენს ბაღს, ეზოსა და სხვა საკუთრებას. თუ ჩვენ ნაგავს ვტოვებთ გარეთ დაყრილს ან მოუვლელი და მიგდებული ეზო გვაქვს და შესაძლოა ძველი, დამტვრეული მანქანაც ყველასათვის თვალში მოსახვედრად გვაქვს მიტოვებული, ნუთუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატივისცემას ვავლენთ მეზობლების მიმართ? (გამოცხადება 11:18).

      სიწმინდე სამსახურსა და სკოლაში

      18. ა) რა დაბრკოლება არსებობს დღეს ქრისტიანებისთვის? ბ) როგორ შეგვიძლია, განსხვავებულები ვიყოთ ქვეყნიერებისგან?

      18 უწმინდურ ქალაქ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე მოციქული სწერდა: „წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან. არა საერთოდ ამ წუთისოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით წუთისოფელს“ (1 კორინთელთა 5:9, 10). ქრისტიანები, რომლებსაც უწევთ დღის განმავლობაში შეხვდნენ უზნეო, ამორალურ ადამიანებს, მრავალი დაბრკოლების პირისპირ დგანან. ეს მათთვის უმწიკვლოების საკმაოდ დიდი გამოცდაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ გადაკიდებას, გახრწნილობასა და ორგულობას იწონებენ და მიმტევებლობით ეპყრობიან. სამსახურსა თუ სკოლაში არ უნდა დავრთოთ თავს ნება, რომ დავაკნინოთ ჩვენი ნორმები იმისთვის, რომ გარშემომყოფთათვის ვჩანდეთ „ჩვეულებრივი“. ამის ნაცვლად, ჩვენი თავაზიანი, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული ქრისტიანული მოქმედებები ცნობილი უნდა იყოს იმ გამჭრიახი ხალხისთვის, რომლებიც გრძნობენ სულიერ მოთხოვნილებებს და რომლებიც უკეთესს ეძებენ (მათე 5:3; 1 პეტრე 3:16, 17).

      19. ა) რა განსაცდელი აქვთ თქვენს ბავშვებს სკოლაში? ბ) რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რომ მხარი დაუჭირონ თავიანთ ბავშვებს და მათ წმინდა საქციელს?

      19 მსგავსად დგანან მრავალი განსაცდელის წინაშე ჩვენი ბავშვები სკოლაში. თქვენ, მშობლებო, მიდიხართ თუ არა თქვენი ბავშვების სკოლაში? იცით თუ არა როგორი ატმოსფეროა გამეფებული იქ? გაქვთ თუ არა მასწავლებლებთან ურთიერთობა? რატომ არის ეს კითხვები მნიშვნელოვანი? მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სკოლა იქცა ძალადობის, ნარკოტიკებისა და გარყვნილების ბუდედ. როგორ შეძლებენ თქვენი ბავშვები უმწიკვლოების შენარჩუნებასა და წმინდად მოქცევას, თუ მშობლებისგან თანაგრძნობით აღსავსე მხარდაჭერას არ ღებულობენ? პავლემ სამართლიანად ურჩია მშობლებს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21). ბავშვების გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზია ის, როცა არ გვესმის მათი ყოველდღიური პრობლემები და განსაცდელი. სკოლაში განსაცდელების გადალახვისთვის მომზადება იწყება ქრისტიანული ოჯახის სულიერ ატმოსფეროში (მეორე რჯული 6:6–9; იგავნი 22:6).

      20. რატომ არის სიწმინდე აუცილებელი?

      20 დასკვნისას, რატომ არის ყოველი ჩვენგანისთვის სიწმინდე აუცილებელი? ის წარმოადგენს თავდასაცავ საშუალებას სატანის წუთისოფლისა და აზროვნების თავდასხმისას. ეს კურთხევაა დღეს და მომავალშიც კურთხევა იქნება. ეს გვეხმარება, რომ გვქონდეს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ნამდვილი ცხოვრების საწინდარი. ეს გვეხმარება, რომ ვიყოთ გაწონასწორებულები, სხვებისთვის მისადგომები, კომუნიკაციის დამყარების უნარის მქონე ქრისტიანები და არა დაუცხრომელი ფანატიკოსები. უბრალოდ რომ ვთქვათ, ასეთი მოქმედებით ვემსგავსებით ქრისტეს (1 ტიმოთე 6:19).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება