საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წმინდა სული — რატომ აქვს ხალხს მასზე განსხვავებული შეხედულება?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
    • წმინდა სული — რატომ აქვს ხალხს მასზე განსხვავებული შეხედულება?

      რა არის წმინდა სული? ერთი შეხედვით, ეს კითხვა მარტივი ჩანს, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა შეიძლება რთული იყოს. პაპმა ბენედიქტე XVI-მ ავსტრალიაში შეკრებილ ხალხს უთხრა: „ჩვენთვის წმინდა სულის საკითხის ბოლომდე გაგება შეუძლებელია“.

      კითხვაზე, რა არის წმინდა სული, მრავალი სხვადასხვაგვარად პასუხობს, ზოგი კი დაბნეულობაშია. ბევრის აზრით, წმინდა სული არის:

      • პიროვნება, რომელიც ქრისტეს მოწაფეებში ცხოვრობს

      • ადამიანებთან ღვთის ყოფნის სიმბოლო

      • სამების ნაწილი

      რატომ არსებობს ამ საკითხზე ამდენი განსხვავებული შეხედულება? ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ზოგი თეოლოგი აცხადებდა, რომ წმინდა სული ღვთის თანასწორი პიროვნება იყო. მაგრამ ეს არც ბიბლიური სწავლება იყო და არც ადრეული ქრისტიანები ასწავლიდნენ ამას. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ძველ აღთქმაში არსადაა ნათქვამი, რომ ღვთის სული პიროვნებაა . . . ღვთის სული უბრალოდ ღვთის ძალაა“. ამავე ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ძველ აღთქმაში ღვთის სული, ძირითადად, მოხსენიებულია როგორც რამე და არა ვინმე; ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ მუხლებიდან, რომლებშიც წმინდა სული ღვთის ძალასთან არის გაიგივებული“.

      ცხადია, ხალხისთვის რთულია იმის აღქმა, რომ ძალა პიროვნებაა. შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ წმინდა სული არ არის პიროვნება ანუ „ცოცხალი არსება“. სწორ დასკვნას აკეთებენ ისინი? თუ უნდა დავეთანხმოთ თეოლოგებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „წმინდა სული მამისგან და ძისგან ცალკე მდგომი პიროვნებაა“?

      სწორი პასუხის მისაღებად უნდა მივმართოთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, რომელშიც წმინდა სულის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული. პავლე მოციქულმა დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

      რატომ არის წმინდა სულის შესახებ სიმართლის ცოდნა აუცილებელი? იმიტომ, რომ ეს ღვთისგან დახმარების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ. ხომ არ გრძნობთ ზოგჯერ, რომ საკუთარი ძალებით ცხოვრებისეულ სირთულეებს ვერ გაუმკლავდებით? იესომ თავის მოწაფეებს აღუთქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ . . . თუკი თქვენ . . . აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:9, 13).

      მომდევნო სტატიებში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იქნება, თუ რა არის წმინდა სული და როგორ შეუძლია მას ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს.

      [ჩანართი 3 გვერდზე]

      ბიბლია გვიხსნის, რა არის წმინდა სული

  • რა არის წმინდა სული?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
    • რა არის წმინდა სული?

      იესომ ერთხელ თავის მოწაფეებს ჰკითხა: „რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს?“ (ლუკა 11:11, 12). გალილეაში მცხოვრები ბავშვები კვერცხითა და თევზით იკვებებოდნენ და ბუნებრივია, იცოდნენ, რა საკვები უნდა ეთხოვათ მშობლებისთვის.

      იესომ თქვა, რომ გამუდმებით უნდა ვთხოვდეთ ღმერთს წმინდა სულს ისევე, როგორც მშიერი ბავშვი სთხოვს მამას საჭმელს (ლუკა 11:9, 13). წმინდა სულის შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება დაგვეხმარება, დავინახოთ, რა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მას ჩვენს ცხოვრებაში. თავდაპირველად, განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია წმინდა სულზე.

      „უზენაესის ძლიერება“

      ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ წმინდა სული ღვთის ძალაა, რომელსაც ის თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. როცა ქალწულ მარიამს ვაჟის დაბადება ამცნო, ანგელოზმა გაბრიელმა დასძინა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:35). გაბრიელის სიტყვებიდან ჩანს, რომ წმინდა სულსა და „უზენაესის ძლიერებას“ შორის კავშირი არსებობს.

      მსგავს აზრს ბიბლიის სხვა მონაკვეთებშიც ვკითხულობთ. წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „მე ავივსე ძალით, იეჰოვას სულით“ (მიქა 3:8). იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ“ (საქმეები 1:8). პავლე მოციქულიც საუბრობდა „წმინდა სულის ძალაზე“ (რომაელები 15:13, 19).

      რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ზემოხსენებულის საფუძველზე? წმინდა სულსა და ღვთის ძალას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. იეჰოვა წმინდა სულს იმისთვის იყენებს, რომ თავისი ძალა გამოავლინოს. მარტივად რომ ვთქვათ, წმინდა სული არის ღვთის მოქმედი ძალა. ეს მართლაც საოცარი ძალაა! ჩვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა ძალა დასჭირდებოდა ღმერთს სამყაროს შესაქმნელად. ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვა შემდეგ სიტყვებს გვეუბნება: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ესაია 40:26).

      ამგვარად, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მთელი სამყარო ყოვლისშემძლე ღვთის „დიდი ძლიერების“ ანუ ძალის წყალობით არსებობს. ღვთის მოქმედი ძალა განუსაზღვრელია და ჩვენი სიცოცხლეც მასზეა დამოკიდებული (იხილეთ ჩარჩო „წმინდა სული მოქმედია“).

      იეჰოვას შეუძლია თავისი ძალა გამოიყენოს როგორც დიდი საქმეების განსახორციელებლად, ისე შედარებით მცირე საქმეებისთვის. მაგალითად, მან ეს ძალა გამოიყენა სამყაროს შესაქმნელად და ამავე ძალას იყენებს თავისი მსახურების დასახმარებლად. ბიბლიაში მოყვანილი უამრავი მაგალითიდან ვიგებთ, რომ ღმერთი წმინდა სულს აძლევდა თავის მსახურებს.

      „იეჰოვას სულია ჩემზე“

      იესოს მსახურებიდან ნათლად ვიგებთ, როგორ აძლიერებს წმინდა სული ღვთის მსახურებს. „იეჰოვას სულია ჩემზე“, — უთხრა იესომ ნაზარეთში მცხოვრებ ხალხს (ლუკა 4:18). რისი გაკეთება შეძლო იესომ „სულის ძალით“? (ლუკა 4:14). მან განკურნა ადამიანები დაავადებისგან, დააწყნარა აბობოქრებული ზღვა, რამდენიმე პურითა და თევზით დააპურა ათასობით ადამიანი და მკვდრებიც კი აღადგინა. პეტრე მოციქულმა იესოზე თქვა, რომ ის იყო კაცი, რომელიც ღმერთმა აშკარად დაგვანახვა „სასწაულებით, საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა“ (საქმეები 2:22).

      წმინდა სულით დღეს აღარ ხდება მსგავსი სასწაულები. თუმცა მას შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენს ცხოვრებაში. როგორც იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, იეჰოვა აძლევს წმინდა სულს თავის თაყვანისმცემლებს (ლუკა 11:13). სწორედ ამიტომ შეეძლო ეთქვა პავლე მოციქულს: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13). შეუძლია წმინდა სულს შენს ცხოვრებაზეც მოახდინოს დადებითი გავლენა? ამ კითხვას შემდეგ სტატიაში გაეცემა პასუხი.

      [ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

      წმინდა სული პიროვნება არ არის

      ბიბლიაში წმინდა სული წყალთან არის შედარებული. ღმერთი დაჰპირდა თავის ხალხს, რომ მომავალში აკურთხებდა. მან უთხრა მათ: „გადმოვღვრი წყალს მწყურვალისთვის და მოჩუხჩუხე ნაკადულებს — გამომშრალი მიწისთვის; ჩემს სულს გადმოვღვრი შენს შთამომავალზე და ჩემს კურთხევას — შენს მოდგმაზე“ (ესაია 44:3).

      როცა ღმერთმა წმინდა სული გადმოღვარა თავის მსახურებზე, ისინი ‘წმინდა სულით აღივსნენ’. ბიბლიაში წერია, რომ იესო, იოანე ნათლისმცემელი, პეტრე, პავლე, ბარნაბა და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილი მოწაფეები აღივსნენ წმინდა სულით (ლუკა 1:15; 4:1; საქმეები 4:8; 9:17; 11:22, 24; 13:9).

      დაფიქრდით შემდეგზე: შესაძლებელია, რომ მრავალი ადამიანი ‘აღივსოს’ პიროვნებით? შეიძლება იმის თქმა, რომ ერთი პიროვნებით ‘აღივსო’ ადამიანთა ჯგუფი? რა თქმა უნდა, ეს ყოველივე აზრს მოკლებულია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანები აღივსნენ სიბრძნით ან საფუძვლიანი ცოდნით, მაგრამ მასში არსადაა ნათქვამი, რომ ვინმე აღივსო პიროვნებით (გამოსვლა 28:3; ლუკა 2:40; კოლოსელები 1:9).

      „სულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „პნევმა“ უხილავ ძალასაც ნიშნავს. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, სიტყვა „პნევმას“ „ძირითადი მნიშვნელობაა ქარი; აგრეთვე, ის ნიშნავს სუნთქვას. ამ სიტყვის კიდევ ერთი მნიშვნელობაა სული, რომელიც ქარის მსგავსად უხილავი და ძლიერია“.

      ნათელია, რომ წმინდა სული პიროვნება არ არის.a

      [სქოლიო]

      a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 201—204, „ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ“.

      [საავტორო უფლება]

      Photodisc/SuperStock

  • წმინდა სული — ძალა, რომელიც გჭირდებათ
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
    • წმინდა სული — ძალა, რომელიც გჭირდებათ

      „თავიდან ნუ მომიშორებ და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ“ (ფსალმუნი 51:11). ამ სიტყვებით მიმართა მეფე დავითმა მხურვალე ლოცვის დროს იეჰოვას, როცა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

      დავითი გრძნობდა, რომ წმინდა სული მთელი ცხოვრების მანძილზე ეხმარებოდა. ჯერ კიდევ მოზარდმა დავითმა წმინდა სულის მეშვეობით სძლია გოლიათს, რომელიც ძლიერი მეომარი იყო (1 სამუელი 17:45—50). წმინდა სულის დახმარებით დაწერა დავითმა შესანიშნავი ფსალმუნები, რომელთაგან ზოგიერთს ბადალი არ მოეძებნება. „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“, — თქვა დავითმა (2 სამუელი 23:2).

      იესო ქრისტემაც აღნიშნა, რომ დავითის ცხოვრებაში წმინდა სული განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ერთხელ იესომ თავის მსმენელებს უთხრა: «დავითი წმინდა სულით თავად ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევო“» (მარკოზი 12:36; ფსალმუნი 110:1). იესომ იცოდა, რომ დავითი წმინდა სულით აღძრული წერდა ფსალმუნებს. შესაძლებელია, რომ წმინდა სული ჩვენც დაგვეხმაროს?

      „ითხოვეთ და მოგეცემათ“

      შესაძლოა ფსალმუნები არასდროს დაწეროთ, მაგრამ შეხვდეთ ისეთ დაბრკოლებებს, რომლებიც შეიძლება გოლიათივით დაუძლეველი მოგეჩვენოთ. მაგალითად, განვიხილოთ იზაბელისa შემთხვევა. ის ქმარმა ახალგაზრდა ქალის გამო მიატოვა. ქმარმა იზაბელს დიდი ვალები დაუტოვა და ორი მცირეწლოვანი გოგონას აღზრდაშიც არ ეხმარებოდა ფინანსურად. „თავს მიტოვებულად და არარაობად ვთვლიდი, — ამბობს იზაბელი. — მიუხედავად ამისა, ვგრძნობდი, რომ წმინდა სული მაძლიერებდა“.

      მოელოდა იზაბელი, რომ წმინდა სულს ძალისხმევის გარეშე მიიღებდა? არა, ის ყოველდღე ევედრებოდა ღმერთს, რომ წმინდა სული მიეცა. იზაბელმა იცოდა, რომ მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით შეძლებდა პრობლემებთან გამკლავებას, შვილებზე სათანადოდ ზრუნვას და ღირსების გრძნობის დაბრუნებას. მან გაითვალისწინა იესოს შემდეგი რჩევა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7).

      რობერტოც გრძნობდა, რომ ღვთის წმინდა სული სჭირდებოდა. ის თამბაქოსა და ჰაშიშს ეწეოდა და მათზე დამოკიდებული გახდა. ის ორ წელზე მეტხანს ცდილობდა ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. რობერტო ამბობს: „როცა ნარკოტიკებს თავს ანებებ, მისი მიღების სურვილი უფრო და უფრო გიძლიერდება. თავის შეკავება ძალიან რთულია, რადგან ნარკოტიკების მიღების დაუოკებელი სურვილი თითქმის ყოველდღე გაწუხებს“.

      რობერტო შემდეგ განაგრძობს: „მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე ცხოვრება შემეცვალა და ღვთისთვის სათანადო სახით მეცა თაყვანი. ვცდილობდი, გონება ბიბლიაში მოცემული სასარგებლო აზრებით შემევსო. ყოველდღე მხურვალედ ვლოცულობდი და ვთხოვდი ღმერთს, ძალა მოეცა, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად მეცხოვრა. ვიცოდი, რომ საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებდი. ვხედავდი, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდუნება მძლევდა და სასოწარკვეთილება მეუფლებოდა. მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით შევძელი ძალების განახლება. წმინდა სულის გარეშე ამ ჩვევას თავს ვერასდროს დავანებებდი“ (ფილიპელები 4:6—8).

      „არწივივით გაშლიან ფრთებს“

      იზაბელისა და რობერტოს მსგავსად, მილიონობით იეჰოვას მოწმე გრძნობს წმინდა სულის ძალას. თუ გსურთ, თქვენც შეძლებთ იეჰოვას მოქმედი ძალის მიღებას, რისი მეშვეობითაც მან სამყარო შექმნა. თუ მთელი გულით სთხოვთ ღმერთს წმინდა სულს, შეიძენთ ღვთის შესახებ ცოდნას და მთელი გულით შეეცდებით მისი ნების შესრულებას, ის სიამოვნებით მოგცემთ მას (ესაია 55:6; ებრაელები 11:6).

      ღვთის სული გაგაძლიერებთ, რომ ღმერთს ემსახუროთ და დაძლიოთ ნებისმიერი სირთულე, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ. სწორედ ამაში გვარწმუნებს ბიბლია: „[იეჰოვა] ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს. . . იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს. ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ესაია 40:28—31).

      [სქოლიო]

      a ზოგი სახელი შეცვლილია.

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      ‘ყოველდღე მხურვალედ ვლოცულობდი და ვთხოვდი ღმერთს, ძალა მოეცა. ვიცოდი, რომ საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებდი. ვხედავდი, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს’

      [ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

      წმინდა სული მოქმედია

      ღმერთმა წმინდა სული სამყაროს შესაქმნელად გამოიყენა. რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით . . . თუ სულს გაუშვებ, წარმოიქმნებიან“, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 104:24, 30; დაბადება 1:2; იობი 33:4).

      წმინდა სულის შთაგონებით ღვთისმოშიშმა კაცებმა ბიბლია დაწერეს. „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ბერძნული სიტყვა, რომელიც „შთაგონებულად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღვთისგან შთაბერილს“. იეჰოვა თავისი სულით შთააგონებდა ბიბლიის დამწერებს, რომ „ღვთის სიტყვა“ დაეწერათ (1 თესალონიკელები 2:13).

      წმინდა სულის ძალით ღვთის მსახურები ზუსტად წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. მოციქულმა პეტრემ ახსნა: „წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:20, 21; იოელი 2:28).

      წმინდა სული ეხმარებოდა იესოსა და სხვა მორწმუნე მამაკაცებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და სასწაულების მოხდენაში. იესომ თქვა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო“ (ლუკა 4:18; მათე 12:28).

      [ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

      წმინდა სული დაგეხმარებათ . . .

      ცდუნებებთან გამკლავებასა და მავნე ჩვევების დაძლევაში. მოციქულმა პავლემ თქვა: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

      ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში. „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალატელები 5:22, 23).

      განსაცდელების ატანაში. „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება