საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით ცდუნებას და დაძლევთ გულგატეხილობას!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
    • წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით ცდუნებას და დაძლევთ გულგატეხილობას!

      „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ“ (საქ. 1:8).

      1, 2. რას დაჰპირდა იესო თავის მოწაფეებს, და რატომ იყო ეს საჭირო?

      იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები საკუთარი ძალით ვერ შეძლებდნენ, შეესრულებინათ ყველაფერი, რაც მან დაავალა. მათ, უდავოდ, აღმატებული ძალა დასჭირდებოდათ ღვთისგან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწის კიდით-კიდემდე უნდა ექადაგათ, სასტიკ წინააღმდეგობებს უნდა შეხვედროდნენ და ადამიანურ სისუსტეებს უნდა გამკლავებოდნენ. სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8).

      2 ამ წინასწარმეტყველების შესრულება მაშინ დაიწყო, როცა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადმოვიდა იესო ქრისტეს მიმდევრებზე. ისინი მთელ იერუსალიმში ქადაგებდნენ. ვერანაირმა წინააღმდეგობამ ვერ შეაჩერა ისინი (საქ. 4:20). „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ იესოს ერთგულ მიმდევრებს, მათ შორის ჩვენც, უდავოდ, გვჭირდება ღვთის ძალა (მათ. 28:20).

      3. ა) ახსენით, რა განსხვავებაა წმინდა სულსა და ძალას შორის. ბ) რაში გვეხმარება იეჰოვას ძალა?

      3 იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ ‘მიიღებდნენ ძალას, როცა წმინდა სული გადმოვიდოდა მათზე’. სიტყვებს „ძალას“ და „სულს“ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ღვთის სული არის ენერგიის უშრეტი წყარო. სწორედ ამ სულის მეშვეობით ავსებს ღმერთი ენერგიით სულიერ თუ უსულო ქმნილებებს თავისი ნების შესასრულებლად. რაც შეეხება ძალას, ის „მოქმედებისკენ აღგვძრავს და შედეგის მიღწევაში გვეხმარება“. ეს ძალა პოტენციის სახით თითოეულ ჩვენგანშია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას სასურველი შედეგის მისაღწევად. წმინდა სული შეიძლება შევადაროთ ელექტროენერგიის წყაროს, რომელიც ენერგიით ავსებს აკუმულატორს. ამ მოწყობილობაში ყოველთვის არის პოტენციური ენერგია, მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, როცა დაიტენება. ძალა, რომელსაც იეჰოვა თავისი წმინდა სულით თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს, აღგვძრავს, რომ ქრისტიანული მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ. ეს ძალა აგრეთვე გვეხმარება, შევეწინააღმდეგოთ ნებისმიერ რამეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩვენზე (წაიკითხეთ მიქას 3:8; კოლოსელების 1:29 ).

      4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში, და რატომ?

      4 რა ცხადყოფს, რომ ღმერთმა წმინდა სულის მეშვეობით მოგვცა ძალა? როგორ გვეხმარება წმინდა სული, რომ სხვადასხვა სიტუაციაში სწორად ვიქცეოდეთ და სათანადოდ ვრეაგირებდეთ? რამდენადაც გვინდა, ღმერთს ერთგულად ვემსახუროთ, მრავალ დაბრკოლებას ვხვდებით — სატანა თავს უამრავ განსაცდელს გვატეხს, ქვეყნიერება არაერთ მახეს გვიგებს და ჩვენს სისუსტეებთანაც გვიწევს ბრძოლა. ასეთი დაბრკოლებები რომ გადავლახოთ, უნდა დავრჩეთ ქრისტიანულ გზაზე, რეგულარულად უნდა ვიქადაგოთ და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. განვიხილოთ, როგორ გვეხმარება წმინდა სული, გავუმკლავდეთ ცდუნებებსა და გულგატეხილობას, და აღვიდგინოთ ძალა.

      წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით ცდუნებებს!

      5. როგორ გვაძლიერებს ლოცვა?

      5 იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ასე ელოცათ: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც ღმერთს ამ სიტყვებით მიმართავენ. იესომ აგრეთვე თქვა, რომ „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ, მისი წმინდა სულის ძალით შევძლებთ იმის გაკეთებას, რაც სწორია! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა თავიდან აგვარიდებს ცდუნებებს (1 კორ. 10:13). მაგრამ, როცა ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, უფრო მხურვალედ და დაჟინებით უნდა ვილოცოთ (მათ. 26:42).

      6. რის საფუძველზე პასუხობდა იესო სატანას, როცა ეს უკანასკნელი აცდუნებდა?

      6 როცა ეშმაკისგან იცდებოდა, იესომ საღვთო წერილიდან მოიყვანა ციტატები. მის გონებაში ღვთის სიტყვები ღრმად იყო ჩაბეჭდილი, რაც მისივე პასუხებიდან გამოჩნდა: «დაწერილია . . . ისიც დაწერილია . . . გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“». იეჰოვასა და მისი სიტყვის სიყვარული აღძრავდა იესოს, რომ უარეყო ყველაფერი, რაც მაცდურმა შესთავაზა (მათ. 4:1—10). სატანამ ვერაფრით აცდუნა იესო და ამიტომ, მიატოვა იგი.

      7. როგორ გვეხმარება ბიბლია, არ ავყვეთ ცდუნებებს?

      7 თუკი იესო, ეშმაკისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია, საღვთო წერილს იშველიებდა, მით უმეტეს ჩვენ გვმართებს ასე მოქცევა! სატანისა და დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რომ შევძლოთ, პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ ღვთის ნორმებს და მთელი გულით დავიცვათ. ბევრი, ვინც შეისწავლა ბიბლია და დაინახა, რამდენად ბრძენი და სამართლიანია ღმერთი, ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება დაიწყო. ღვთის სიტყვა მართლაც მოქმედია და „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). რაც უფრო მეტს ვკითხულობთ და ვუღრმავდებით წმინდა წერილებს, მით უფრო ‘ვწვდებით მის ჭეშმარიტებას’ (დან. 9:13). ამიტომ, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ დავფიქრდებით ბიბლიის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც ჩვენი სისუსტეების დაძლევაში დაგვეხმარება.

      8. რა შემთხვევაში მივიღებთ ღვთის სულს?

      8 გარდა ამისა, იესომ იმიტომ შეძლო ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომ ის იყო „წმინდა სულით აღვსილი“ (ლუკ. 4:1). თუ გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას და ვისარგებლოთ ყველაფრით, რასაც იგი თავისი წმინდა სულით გვაძლევს — ჩვენ უნდა შევისწავლოთ ბიბლია, ვილოცოთ და ურთიერთობა გვქონდეს და-ძმებთან (იაკ. 4:7, 8). ბევრს სულიერ საქმეებში სრული მონაწილეობა დაეხმარა, რომ გამამხნევებელ სულიერ აზრებზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებული.

      9, 10. ა) თქვენ რა ცდუნებების წინაშე დგებით? ბ) როგორ დაგეხმარებათ ლოცვა და ფიქრი, გაუმკლავდეთ ცდუნებებს მაშინაც კი, როცა ძალაგამოცლილი ხართ?

      9 რა ცდუნებებთან გიწევთ ბრძოლა? როდისმე გქონიათ ფლირტი მასთან, ვინც არ არის თქვენი მეუღლე? თუ არა ხართ დაქორწინებული, გქონიათ ცდუნება, მასთან წასულიყავით პაემანზე, ვინც თქვენს რწმენას არ იზიარებს? როდესაც ქრისტიანი ტელევიზორს უყურებს ან ინტერნეტით სარგებლობს, ეკრანზე შეიძლება მოულოდნელად უზნეობის ამსახველი კადრი გამოჩნდეს. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც მომხდარა, როგორი რეაქცია გქონდათ? კარგი იქნება, თუ გააანალიზებთ, როგორ შეიძლება ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა სერიოზულ ცოდვამდე მიგიყვანოთ (იაკ. 1:14, 15). იმაზეც იფიქრეთ, თუ რამხელა ტკივილი შეიძლება მიაყენოს თქვენმა არასწორმა საქციელმა იეჰოვას, კრებასა და თქვენს ოჯახს. თუ ყოველთვის უერთგულებთ ღვთის პრინციპებს, სუფთა სინდისი გექნებათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:37; იგავების 22:3 ). რა დროსაც არ უნდა აღმოჩნდეთ ცდუნების წინაშე, ღმერთს სთხოვეთ, რომ ძალა მოგცეთ მასთან გასამკლავებლად.

      10 კიდევ ერთი რამეა აღსანიშნავი ბიბლიის იმ მონაკვეთიდან, როდესაც სატანა იესოს აცდუნებდა. სატანა მაშინ შეეცადა იესოს შეცდენას, როცა ის უდაბნოში იყო და 40 დღე არაფერი ჰქონდა ნაჭამი. უეჭველია, ეშმაკს „ხელსაყრელი შემთხვევა“ მიეცა, რომ შეერყია იესოს ერთგულება (ლუკ. 4:13). სატანა ჩვენს საცდუნებლადაც ეძებს ხელსაყრელ შემთხვევას. ამიტომ აუცილებელია, რომ სულიერად ძლიერები ვიყოთ. სატანა ხშირად თავის მსხვერპლს იმ დროს იღებს მიზანში, როცა ისინი ყველაზე დაუცველები ჩანან. განსაკუთრებით მაშინ უნდა ვთხოვოთ ღმერთს დაჟინებით, რომ თავისი წმინდა სულით დაგვიცვას, როცა ძალაგამოცლილი ან გულგატეხილები ვართ (2 კორ. 12:8—10).

      წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით გულგატეხილობას და აღიდგენთ ძალას

      11, 12. ა) რატომაა დღეს ბევრი გულგატეხილი? ბ) რა მოგვცემს ძალას, რომ დავძლიოთ გულგატეხილობა?

      11 არასრულყოფილების გამო დროდადრო გული გვიტყდება. დღევანდელ სტრესულ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებით გვთრგუნავს. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ძნელად ასატან დროში, როგორიც არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას (2 ტიმ. 3:1—5). რაც უფრო ახლოვდება არმაგედონი, მით უფრო რთული ხდება ცხოვრება — უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა და ემოციურადაც ვიფიტებით. გასაკვირი არ არის, რატომ უჭირს დღეს ბევრს ოჯახის შენახვა. ისინი იმდენად ქანცგაწყვეტილები არიან, რომ თავს ვეღარ ართმევენ ოჯახურ პასუხისმგებლობებს. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ასეთ ზეწოლას?

      12 იესომ მოწაფეები დაარწმუნა, რომ ‘მისცემდა მათ დამხმარეს’ — ღვთის წმინდა სულს (წაიკითხეთ იოანეს 14:16, 17 ). ეს არის უშრეტი ენერგიის წყარო სამყაროში, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება. იეჰოვას წმინდა სულით „შეუძლია განუზომლად მეტი გააკეთოს“ ჩვენ გასაძლიერებლად, რათა ნებისმიერ ცდუნებას გავუძლოთ (ეფეს. 3:20). თუ ღვთის წმინდა სულს მივენდობით, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, მივიღებთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ მაშინაც კი, თუ „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ“ (2 კორ. 4:7, 8). იეჰოვა არ გვპირდება, რომ სტრესს აგვარიდებს თავიდან. მაგრამ იგი გვარწმუნებს, რომ სტრესთან გასამკლავებლად თავის წმინდა სულს მოგვცემს (ფილ. 4:13).

      13. ა) როგორ უმკლავდება ერთი ახალგაზრდა ღვთის სულის ძალით თავის მდგომარეობას? ბ) ხომ არ გახსენდებათ ისეთი და ან ძმა, რომელიც სტეფანის მსგავსად მძიმე მდგომარეობაშია?

      13 დავფიქრდეთ სტეფანის მაგალითზე, რომელიც 19 წლისაა და პიონერად მსახურობს. 12 წლის ასაკში სტეფანის ინსულტმა დაარტყა. მას ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. სტეფანიმ ორჯერ გაიკეთა ოპერაცია და სხივური თერაპიის კურსი ჩაიტარა. ამის შემდეგ მას კიდევ ორჯერ დაარტყა ინსულტმა, რამაც ნაწილობრივ გაუჩერა მარცხენა კიდურები და მხედველობაც დაუქვეითა. სტეფანი ცდილობს, ნაკლებად დაიტვირთოს თავი, რათა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ეყოს ძალა, მაგალითად ქრისტიანული კრების შეხვედრებისთვის და ქადაგებისთვის. ის გრძნობს, როგორ აძლიერებს იეჰოვა თავისი წმინდა სულით და როგორ ეხმარება ბევრი რამის მოთმენაში. როდესაც მას სევდა იპყრობს, ბიბლიურ პუბლიკაციებში მოცემული თანამორწმუნეების შემთხვევების წაკითხვა დიდ ნუგეშს ჰგვრის. სტეფანის და-ძმებიც მხარში უდგანან — უგზავნიან ბარათებს და შეხვედრის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ ამხნევებენ. სტეფანის დაინტერესებულები, რომლებიც მასთან მიდიან სახლში, ემადლიერებიან სტეფანის იმის გამო, რომ მათ ბიბლიას ასწავლის. ამ ყველაფრისთვის სტეფანი ძალიან მადლიერია იეჰოვასი. მისი საყვარელი მუხლია ფსალმუნის 41:3. იგი დარწმუნებულია, რომ ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები მასზე სრულდება.

      14. რა არ უნდა გავივლოთ გულში, როცა გადაღლილები ვართ, და რატომ?

      14 როდესაც გადაღლილები ვართ ან სტრესი გვაქვს, გულშიც კი არ უნდა გავივლოთ, რომ თუ ნაკლებ დროს დავუთმობთ სულიერ საქმეებს, სტრესი შეგვიმცირდება. ეს ყველაზე მცდარი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, რადგან ღვთისგან სწორედ მაშინ ვიღებთ წმინდა სულს, როცა რეგულარულად გვაქვს პირადი შესწავლა, ოჯახური თაყვანისცემის საღამო, ყოველთვის ვქადაგებთ და ვესწრებით კრების შეხვედრებს. სულიერი საქმეები გამოგვაცოცხლებს (წაიკითხეთ მათეს 11:28, 29 ). მართლაც ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ბევრი კრების შეხვედრაზე გადაღლილი მიდის, ხოლო შეხვედრის შემდეგ განახლებული ძალით ბრუნდებიან სახლში.

      15. ა) ჰპირდება იეჰოვა ქრისტიანებს, რომ იოლი ცხოვრება ექნებათ? ახსენით ბიბლიის საფუძველზე. ბ) რას გვპირდება ღმერთი, და რაზე უნდა დაფიქრდეთ?

      15 ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ადვილია, იყო ქრისტეს მოწაფე. ქრისტიანმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს ერთგულების შესანარჩუნებლად (მათ. 16:24—26; ლუკ. 13:24). იეჰოვა წმინდა სულით აძლიერებს ძალაგამოცლილთ. წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს. ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ეს. 40:29—31). თუ დროდადრო თქვენც გიჭირთ სულიერ საქმეებში მონაწილეობა, კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ამის გამომწვევ მიზეზზე.

      16. რა უნდა გავაკეთოთ გადაღლილობისა და გულგატეხილობის მიზეზების აღმოსაფხვრელად?

      16 იეჰოვას სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ‘დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილ. 1:10). პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულ ცხოვრებას გრძელ დისტანციაზე სირბილს ადარებდა, გვირჩევს: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და . . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1). პავლე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოვიშოროთ ზედმეტი ტვირთი ანუ აღარ ვისწრაფოთ ისეთი უსარგებლო მიზნებისკენ, რაც ძალას გამოგვაცლის. ზოგი ამ დაძაბულ დროში ზედმეტ ტვირთს იკიდებს და ამით კიდევ უფრო ირთულებს ცხოვრებას. ასე რომ, თუ ხშირად გამოფიტული ხართ და სტრესი გაქვთ, დაფიქრდით, რამდენ დროსა და ენერგიას გართმევთ სამუშაო, მოგზაურობა, სპორტი ან გართობის სხვა საშუალებები. გონიერებამ და მოკრძალებულობამ თითოეულ ჩვენგანს უნდა გვიბიძგოს, გავაცნობიეროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, და ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ ფუჭ საქმეებს.

      17. რატომ შეიძლება ზოგს გული გაუტყდეს, მაგრამ რაში გვარწმუნებს იეჰოვა?

      17 შეიძლება ზოგს გული იმანაც გაუტეხოს, რომ, მისი აზრით, აღსასრული იგვიანებს (იგავ. 13:12). ყველას, ვისაც მსგავსი გრძნობა ეუფლება, შეუძლია გამხნევდეს აბაკუმის 2:3-ში ჩაწერილი სიტყვებით: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ქვეყნიერების აღსასრული მის მიერ დანიშნულ დროს მოხდება!

      18. ა) ღვთის რომელი დაპირებები გაძლიერებთ? ბ) რა მხრივ დაგვეხმარება მომდევნო სტატია?

      18 იეჰოვას ერთგული მსახურები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა დაღლილობა და გულგატეხილობა აღარ იარსებებს და ყველა „ახალგაზრდულ ძლიერებას“ დაიბრუნებს (იობ. 33:25). თუ ქრისტიანული საქმეებით სრულად დავკავდებით, დღესვე ვიგრძნობთ ძალას, რადგან ღმერთი თავისი წმინდა სულით დაგვეხმარება (2 კორ. 4:16; ეფეს. 3:16). არ დაუშვათ, რომ გულგატეხილობამ მარადიული კურთხევები დაგაკარგვინოთ. ნებისმიერი განსაცდელი, იქნება ეს ცდუნება, გადაღლილობა თუ გულგატეხილობა, დღეს თუ არა, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აუცილებლად ჩაჰბარდება წარსულს. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ აძლიერებს ღვთის სული ქრისტიანებს, რომ აიტანონ დევნა, გაუმკლავდნენ თანატოლების გავლენას თუ სხვა სირთულეებს.

  • წმინდა სულის ძალით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებით!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
    • წმინდა სულის ძალით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებით!

      „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).

      1. რატომ ხვდებიან იეჰოვას მოწმეები არაერთ გასაჭირს?

      იეჰოვას მოწმეები არ არიან დაზღვეული სხვადასხვა გასაჭირისგან. ზოგჯერ ამის მიზეზი არასრულყოფილება ან დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერებაა. ზოგჯერ კი ღვთის მსახურებს სირთულეებს უქმნიან ისინი, ვინც ეწინააღმდეგება მათ რწმენას (დაბ. 3:15). კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ღმერთი ეხმარებოდა თავის ერთგულ მსახურებს, აეტანათ რელიგიური შეუწყნარებლობა, არ მოქცეულიყვნენ თანატოლების გავლენაში და გაეძლოთ ყველანაირი გასაჭირისთვის. ღვთის წმინდა სულის ძალით ჩვენც შევძლებთ ამას.

      წმინდა სული გაგაძლიერებთ რელიგიური შეუწყნარებლობის დროს!

      2. რა არის მოწინააღმდეგეების მიზანი, და როგორ ვლინდება რელიგიური შეუწყნარებლობა?

      2 რელიგიური შეუწყნარებლობის დროს მიზანმიმართულად ავიწროებენ ან ზიანს აყენებენ ხალხს თავიანთი რწმენის გამო. მოწინააღმდეგეების მიზანია, შეაჩერონ მორწმუნეების საქმიანობა, ხელი შეუშალონ თავიანთი მრწამსის გავრცელებაში ან შეარყიონ მათი ერთგულება. რელიგიური დევნა შეიძლება იყოს შენიღბული ან აშკარა. ბიბლია სატანის თავდასხმებს ლომისა და კობრას თავდასხმებს ადარებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:13 ).

      3. როგორია ლომის მსგავსი და კობრას მსგავსი თავდასხმები?

      3 გააფთრებული ლომის მსგავსად, სატანა ხშირად პირდაპირ გადმოდის შეტევაზე — ის აღძრავს ხალხს, ძალა იხმარონ ღვთის ხალხზე, ციხეში ჩასვან ან აკრძალონ მათი საქმიანობა (ფსალმ. 94:20). „წელიწდეულში“ ხშირად მოყვანილია იეჰოვას მოწმეების არაერთი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ სატანა ასეთ ტაქტიკას მიმართავდა. ბევრგან უმართავი ბრბო, რომელთაც სამღვდელოების ფანატიკოსი წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები აქეზებენ, შეურაცხყოფას აყენებს ღვთის ხალხს. ეს თავდასხმები, რომლებიც ლომის მსხვერპლზე თავდასხმას მოგვაგონებს, ცოტას თუ აკარგვინებს იეჰოვას მსახურების სურვილს. ეშმაკი აგრეთვე კობრას მსგავსად ფარულად ესხმის თავს მსხვერპლს, რათა მოწამლოს მათი გონება და თავისი ნება შეასრულებინოს. ამ ტაქტიკას იგი იმიტომ მიმართავს, რომ ღვთის მსახური სულიერად დაასუსტოს ან ღვთის რომელიმე პრინციპი დაარღვევინოს. მაგრამ ღვთის წმინდა სულის ძალით ჩვენ შევძლებთ, გავუძლოთ სატანის თავდასხმას, იქნება ეს აშკარა თუ შენიღბული.

      4, 5. რა მოგვამზადებს დევნის ასატანად, და რატომ? მოიყვანეთ მაგალითი.

      4 დევნის ასატანად ვერ მოვემზადებით, თუ წინასწარ წარმოვიდგენთ, რა შეიძლება შეგვემთხვას მომავალში. ზუსტად ვერ ვიტყვით, რა გველოდება წინ, ამიტომ ზედმეტი წუხილი არას გვარგებს, რადგან ჩვენი შიში შეიძლება არასდროს გამართლდეს. მაგრამ რაღაცის გაკეთება მაინც შეგვიძლია. მათ უმრავლესობას, ვინც წინააღმდეგობა გადაიტანა, დაეხმარა იესოს მაგალითსა და სწავლებებზე, აგრეთვე იმ ბიბლიურ პერსონაჟებზე ფიქრი, ვინც ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა. ამის წყალობით მათ იეჰოვასადმი სიყვარული გაუღრმავდათ. ღვთის სიყვარულმა კი მათ ყველანაირი განსაცდელი გადაატანინა.

      5 დავფიქრდეთ ორი მალაველი დის მაგალითზე. მათ გააფთრებული ბრბო დაესხა თავს და პარტიული ბილეთის ყიდვას აიძულებდა; ისინი სცემეს, გააშიშვლეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ისიც კი უთხრეს, რომ ბეთელის ოჯახის წევრებმა იყიდეს პარტიული ბილეთები. დებმა ამაზე უპასუხეს: „ჩვენ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ვემსახურებით. ნაყიდიც რომ ჰქონდეთ ფილიალში ძმებს ბილეთები, ჩვენ აზრს მაინც არ შევიცვლით. კიდეც რომ მოგვკლათ, მაინც იმავე აზრზე დავრჩებით!“ ბრბომ თავი დაანება დებს, როცა მათი გაბედულება დაინახა.

      6, 7. როგორ აძლიერებს იეჰოვა წმინდა სულით თავის მსახურების დევნის დროს?

      6 პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ თესალონიკელმა ქრისტიანებმა „დიდ გასაჭირში“ მიიღეს ჭეშმარიტება, მაგრამ ეს „წმინდა სულის სიხარულით“ გააკეთეს (1 თეს. 1:6). ბევრი ქრისტიანი, წარსულშიც და დღესაც, რომლებმაც დევნა აიტანეს, ამბობს, რომ ყველაზე უმძიმესი განსაცდელების დროსაც კი ისინი შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, რაც წმინდა სულის ერთ-ერთი ნაყოფია (გალ. 5:22). სწორედ მშვიდობამ დაიცვა მათი გულები და გონება. იეჰოვა თავისი წმინდა სულით აძლიერებს თავის მსახურებს, რომ გადაიტანონ განსაცდელი და როცა გასაჭირში ჩავარდებიან, ბრძნულად მოიქცნენ.a

      7 ბევრი გაოცებას ვერ მალავს, როცა ხედავს, როგორ ინარჩუნებენ ერთგულებას ღვთის მსახურები სასტიკი დევნების დროსაც კი. მოწმეები აღმატებულ ძალას იღებენ ღვთისგან და ამიტომაც შეუძლიათ ნებისმიერი განსაცდელის გადატანა. პეტრე მოციქული გვარწმუნებს: „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტ. 4:14). ჩვენ რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვის გამო ვიდევნებით, იმაზე მოწმობს, რომ ღვთის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ (მათ. 5:10—12; იოან. 15:20). მართლაც სიხარულის მიზეზია ის, რომ იეჰოვას მოწონებას ვიმსახურებთ!

      წმინდა სულის დახმარებით არ მოექცევით თანატოლების გავლენაში!

      8. ა) რა დაეხმარა იესო ნავეს ძეს და ქალებ იეფუნეს ძეს, არ მოქცეულიყვნენ იმ ისრაელების გავლენაში, რომლებიც მათი ასაკის იყვნენ? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათი მაგალითიდან?

      8 სატანის კარგად შენიღბული მეთოდებიდან ერთ-ერთია თანატოლების ზეგავლენა. მაგრამ იეჰოვას სული ქვეყნიერების სულზე გაცილებით ძლიერია, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ავიტანოთ დაცინვა, ცილისწამება და აგრეთვე არ მოვექცეთ მათ გავლენაში, ვინც გვაიძულებს ღვთის ნორმების დარღვევას. მაგალითად, ვნახოთ, რა დაეხმარა იესო ნავეს ძეს და ქალებ იეფუნეს ძეს, არ მოქცეულიყვნენ სხვა ათი მზვერავის გავლენაში, რომლებიც ქანაანის მიწის დასაზვერად იყვნენ გაგზავნილი. ღვთის წმინდა სული დაეხმარა მათ, რომ იეჰოვას თვალით შეეხედათ სიტუაციისთვის და სრულიად განსხვავებული აზროვნება ჰქონოდათ (წაიკითხეთ რიცხვების 13:30; 14:6—10, 24 ).

      9. რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები უმრავლესობისგან განსხვავებული?

      9 წმინდა სული იესოს მოციქულებსაც დაეხმარა, დამორჩილებოდნენ ღმერთს და არა ბევრისთვის პატივდებულ რელიგიურ წინამძღოლებს (საქ. 4:21, 31; 5:29, 32). უმეტესობამ არჩია, უმრავლესობის აზრი გაეზიარებინა და ამგვარად თავი აერიდებინა დაპირისპირებისა თუ კონფლიქტისთვის. რაც შეეხება ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მათ ხშირად უწევთ, დადგნენ სიმართლის მხარეს და დაიცვან თავიანთი პოზიცია. მაგრამ ღვთის წმინდა სულის შეწევნით მათ არ აქვთ იმის შიში, რომ სხვებისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეთ (2 ტიმ. 1:7). განვიხილოთ, რა მხრივ არ უნდა მოვექცეთ თანატოლების გავლენაში.

      10. რა დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგი ქრისტიანი?

      10 ზოგი ახალგაზრდა შეიძლება დილემის წინაშე დადგეს, თუ გაიგებს, რომ მისმა მეგობარმა უწმინდური ჩვევა განივითარა. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ თუ მეგობრის დასახმარებლად უხუცესს მიმართავენ, მეგობრის ნდობას დაკარგავენ. სწორედ ამიტომ დუმილს არჩევენ, რადგან მათ ასე ესმით მეგობრისადმი ერთგულება. ცოდვის ჩამდენმა შეიძლება დაჟინებით სთხოვოს მეგობარს, რომ არ გათქვას ის. ეს მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა არ არის. ზოგი უფროსი ასაკის ადამიანსაც უჭირს, უხუცესთან მივიდეს და თავისი მეგობრის ან ოჯახის წევრის ჩადენილი დანაშაულის შესახებ უთხრას. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ჭეშმარიტი ქრისტიანი?

      11, 12. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანამორწმუნე დაჟინებით გთხოვთ, არ გაამხილოთ მისი დანაშაული, და რატომ უნდა მოიქცეთ ასე?

      11 წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. დავუშვათ, ახალგაზრდა ძმამ ნიკამ, გაიგო, რომ მის მეგობარს დათოს ჩვევად ექცა პორნოგრაფიის ყურება. ნიკამ დათოს უთხრა, რომ სერიოზულად დააფიქრა მისმა საქციელმა. დათომ არაფრად ჩააგდო მისი სიტყვები. როცა ნიკამ ურჩია, რომ უხუცესებთან მისულიყო, დათომ უთხრა: თუ შენ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ, არავის ეტყვი ამის შესახებ. მეგობრის დაკარგვის შიში ხომ არ გაუჩნდებოდა ნიკას? შეიძლება ის ფიქრობდა, რომ თუ დათო ყველაფერს უარყოფდა, დაუჯერებდნენ კი მას უხუცესები? მაგრამ იგი დუმილით ვერ გამოასწორებდა მდგომარეობას. უფრო მეტიც, თუ გაჩუმდებოდა, მას იეჰოვასთან გაუფუჭდებოდა ურთიერთობა. კარგი იქნებოდა, თუ ნიკას გაახსენდებოდა, რომ „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“ (იგავ. 29:25). კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ნიკას? ის კიდევ ერთხელ უნდა მისულიყო დათოსთან და თბილად აეხსნა მისთვის, რომ ცოდვას სჩადიოდა. ნიკას ამისთვის გაბედულება დასჭირდებოდა. თუ დათო მზად იქნებოდა ამ საკითხზე სალაპარაკოდ, ნიკა კიდევ ერთხელ შეახსენებდა მას, რომ უხუცესებთან მისულიყო და გაეფრთხილებინა ის, თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში არ იტყოდა სიმართლეს, თავად გააკეთებდა ამას (ლევ. 5:1).

      12 თუ თქვენც აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში, შეიძლება თავიდან თქვენი მეგობარიც განაწყენდა. მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ის მიხვდა, რომ მისთვის საუკეთესო გსურდათ. თუ შემცოდველი მიიღებს დახმარებას, ის ყოველთვის თქვენი მადლიერი იქნება იმისთვის, რომ გაბედულება გამოიჩინეთ და უერთგულეთ. მაგრამ, თუ ის ღალატად ჩაგითვლით თქვენს საქციელს, გიღირთ კი ასეთი მეგობრის ყოლა? არასდროს ინანებთ, თუ ყველაზე ძვირფას მეგობარს, იეჰოვას ასიამოვნებთ. როცა, პირველ რიგში, იეჰოვას ვუხარებთ გულს, ჩვენი ერთგულებისთვის დაგვაფასებენ ისინი, ვისაც იეჰოვა უყვარს და ჩვენი ნამდვილი მეგობრები გახდებიან. ჩვენ არასდროს უნდა დავუშვათ, რომ ‘ადგილი მივცეთ ეშმაკს’ ქრისტიანულ კრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იეჰოვას წმინდა სულს დავანაღვლიანებთ. მაგრამ, როცა ქრისტიანული კრების სიწმინდეს ვუწყობთ ხელს, წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვებით (ეფეს. 4:27, 30).

      ღვთის სულის ძალით ნებისმიერ გასაჭირს გადაიტანთ!

      13. რა და რა სახის გასაჭირს ხვდება იეჰოვას ხალხი, და რატომ?

      13 ქრისტიანს შეიძლება სხვადასხვა სახის გასაჭირი დაატყდეს თავს — ეს შესაძლოა იყოს ფინანსური კრიზისი, უმუშევრობა, სტიქიური უბედურება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი თუ ავადმყოფობა. ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ და ამიტომ, ადრე თუ გვიან ნებისმიერ ჩვენგანს მოუწევს ამა თუ იმ სახის განსაცდელთან გამკლავება (2 ტიმ. 3:1). ნებისმიერი გასაჭირის დროს მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. ღვთის წმინდა სულის ძალით ნებისმიერ გასაჭირს გადავიტანთ.

      14. რამ გააძლიერა იობი არაერთი გასაჭირის გადასატანად?

      14 იობმა ერთიმეორის მიყოლებით საშინელი განსაცდელები გადაიტანა. მან დაკარგა მთელი ქონება, შვილები, მეგობრები; აგრეთვე საშინელი დაავადება შეეყარა და მისმა ცოლმა იეჰოვასადმი ნდობა დაკარგა (იობ. 1:13—19; 2:7—9). მაგრამ იობისთვის ნამდვილი ნუგეშისმცემელი ელიჰუ აღმოჩნდა. იეჰოვამ იმაზე დააფიქრა იობი, რაც ელიჰუმ უთხრა: „ყური დაუგდე ამას, იობ, გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს“ (იობ. 37:14). რა დაეხმარა იობს განსაცდელების გადატანაში და ჩვენ რა დაგვეხმარება? იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვას წმინდა სული სხვებს გასაჭირში, დაგვეხმარება, რომ ჩვენც გავუძლოთ გასაჭირს (იობ. 38:1—41; 42:1, 2). ალბათ, არაერთი შემთხვევა გაგვახსენდება, როცა ღმერთმა პირადად ჩვენზე იზრუნა. იგი დღესაც დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით.

      15. რამ გადაატანინა პავლე მოციქულს განსაცდელები?

      15 მოციქულმა პავლემ რწმენის გამო ბევრჯერ სიკვდილს ჩახედა თვალებში (2 კორ. 11:23—28). როგორ შეინარჩუნა მან ემოციური და სულიერი წონასწორობა ამ უმძიმეს პერიოდში? იგი ლოცულობდა და მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას. ერთ-ერთი ბოლო განსაცდელისას, რომელსაც, როგორც ჩანს, მისი წამებით სიკვდილი მოჰყვა, პავლემ დაწერა: „უფალი მედგა გვერდში და მაძლიერებდა, რათა ჩემი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას“ (2 ტიმ. 4:17). ამიტომ, პავლე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე არწმუნებდა თანამორწმუნეებს, რომ ‘ნურაფერზე დაიწყებდნენ წუხილს’ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7, 13 ).

      16, 17. მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც აჩვენებს, როგორ აძლიერებს იეჰოვა დღეს გასაჭირში მყოფ თავის მსახურებს.

      16 პიონერი და, სახელად როქსანა ერთ-ერთია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებზე. როდესაც მან თავის დამსაქმებელს ნებართვა სთხოვა, კონგრესზე დასასწრებად რამდენიმე დღით გაეთავისუფლებინა, უფროსმა გაბრაზებულმა უთხრა, რომ თუ კონგრესზე წავიდოდა, სამუშაოდან დაითხოვდა. ამის მიუხედავად, როქსანა მაინც წავიდა კონგრესზე და თან მხურვალედ სთხოვდა იეჰოვას, რომ მისთვის სამუშაო შეენარჩუნებინა. ლოცვის შემდეგ მან სიმშვიდე იგრძნო. ორშაბათს სწორედ ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა — იგი უფროსმა სამუშაოდან დაითხოვა. მართალია, როქსანას დიდი ხელფასი არ ჰქონდა, მაგრამ სამსახურის გარეშე ვერ შეძლებდა ოჯახის შენახვას. მან კვლავ ილოცა და დაფიქრდა იმაზე, რომ თუკი ის ღმერთმა კონგრესზე სულიერად დააპურა, მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც იზრუნებდა. ერთხელ, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, როქსანამ შენიშნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეძებდნენ მკერავებს. იგი გამოეხმაურა დამსაქმებელს. თუმცა, მას სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა, მენეჯერმა მაინც აიყვანა იგი სამუშაოზე და დაუნიშნა ხელფასი, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინა სამსახურში გამომუშავებულ თანხას. როქსანამ დაინახა, რომ იეჰოვამ მის ლოცვას უპასუხა. მაგრამ ყველაზე დიდი კურთხევა ის იყო, რომ როქსანამ შეძლო თანამშრომლებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება.

      17 დროდადრო შეიძლება ფიქრობთ, რომ იეჰოვა არ პასუხობს თქვენს ლოცვებს, რადგან შესაძლოა მაშინვე არ გპასუხობთ ან ისე არ გპასუხობთ, როგორც ამას თქვენ მოელით. მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო და თუ დღეს ჩვენთვის ყველაფერი ცხადი არ არის, მომავალში გახდება ნათელი. ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: ღმერთი არ მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს (ებრ. 6:10).

      წმინდა სულის დახმარებით ნებისმიერ განსაცდელსა თუ ცდუნებას გაუძლებთ!

      18, 19. ა) რატომ ხვდებიან ხშირად ღვთის მსახურები განსაცდელებს და რატომ დგებიან ცდუნების წინაშე? ბ) როგორ შეძლებთ განსაცდელების გადატანას?

      18 იეჰოვას ხალხი ხშირად დგება ცდუნების წინაშე, მათ აგრეთვე უწევთ დევნის ატანა, გულგატეხილობასთან გამკლავება და თანატოლების გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ქვეყნიერება ჩვენ მიმართ მტრულად არის განწყობილი (იოან. 15:17—19). მიუხედავად ამისა, წმინდა სულით დახმარებით შეგვიძლია დავძლიოთ ნებისმიერი განსაცდელი, რასაც ღვთის მსახურების დროს ვხვდებით. იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ რამეს, რის გადატანასაც ვერ შევძლებთ (1 კორ. 10:13). ის არ დაგვტოვებს და არ მიგვატოვებს (ებრ. 13:5). თუ დავემორჩილებით ღვთივშთაგონებულ სიტყვას, ეს დაგვიცავს და გაგვაძლიერებს. უფრო მეტიც, ღვთის წმინდა სულმა შეიძლება აღძრას თანამორწმუნეები, რომ ყველაზე რთულ პერიოდში დახმარების ხელი გამოგვიწოდონ.

      19 დაე, თითოეულმა ჩვენგანმა სთხოვოს ღმერთს ლოცვაში წმინდა სული და ჩაუღრმავდეს ღვთის სიტყვას! კვლავაც გაძლიერდით „მთელი ძალით მისი დიდებული ძლევამოსილებისამებრ, რათა ყველაფერი მოითმინოთ და სულგრძელნი იყოთ სიხარულით“! (კოლ. 1:11).

      [სქოლიო]

      a იხილეთ 2001 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 16 და 1993 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 21, 22 (რუს.).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება