საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ აღუდგება წინ მთავართა მთავარს?
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • [სურათები 174 გვერდზე]

      ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნება:

      1. ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ის პირველი პრეზიდენტი (1789—1797).

      2. ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1837—1901).

      3. ვუდრო უილსონი, აშშ-ის პრეზიდენტი (1913—1921).

      4. დეივიდ ლოიდ ჯორჯი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1916—1922).

      5. უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1940—1945, 1951—1955).

      6. ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშ-ის პრეზიდენტი (1933—1945).

  • ვინ აღუდგება წინ მთავართა მთავარს?
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • საიდუმლოებით მოცული მომცრო რქა

      13. რა ამოვიდა ერთ-ერთი რქიდან და რა გააკეთა მან?

      13 დანიელის ხილვის მომდევნო ნაწილი შემდგომ 2 200-ზე მეტ წლიან პერიოდს და თვით ჩვენს დროსაც ეხება. დანიელი წერს: «ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ [„ცოდვის გამო თანდათანობით დაითრგუნა მხედრობა და მუდმივი მსხვერპლი“, აქ] და მან [„რქამ“, აქ] მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა» (დანიელი 8:9—12).

      14. ანგელოზი გაბრიელის სიტყვების თანახმად, რას გააკეთებდა სიმბოლური მომცრო რქა და რა დაემართებოდა მას?

      14 ამ სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად ყურადღება უნდა მივაქციოთ ღვთის ანგელოზის ნათქვამს. ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ოთხი სამეფოს შესახებ საუბრის შემდეგ ანგელოზმა გაბრიელმა თქვა: «მისი მეფობის [„მათი სამეფოს“, აქ] ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით» (დანიელი 8:23—25).

      15. რა უთხრა ანგელოზმა დანიელს ხილვის შესახებ?

      15 „დამალე ეს ხილვა, — უთხრა ანგელოზმა დანიელს, — რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი“ (დანიელი 8:26). ხილვის ეს ნაწილი არ უნდა შესრულებულიყო „შორეული დღეების“ დადგომამდე და დანიელს უნდა ‘დაემალა ეს ხილვა’. როგორც ჩანს, მისი მნიშვნელობა დანიელისთვის საიდუმლოებით იყო მოცული. მაგრამ ახლა ის „შორეული დღეები“, რაღა თქმა უნდა, უკვე დამდგარი უნდა იყოს. ამიტომ გვებადება კითხვა: რა გვიჩვენა ისტორიამ ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებასთან დაკავშირებით?

      მომცრო რქა ძლიერდება

      16. ა) რომელი რქის ადგილზე ამოვიდა მომცრო რქა? ბ) როგორ გახდა რომი, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეექვსე მსოფლიო მპყრობელი, მაგრამ რატომ არ ყოფილა ის მომცრო რქა?

      16 როგორც ისტორია გვიჩვენებს, მომცრო რქა ოთხი რქიდან ერთ-ერთის — დასავლეთით არსებული სახელმწიფოს — ადგილზე ამოვიდა. ეს იყო მაკედონიისა და საბერძნეთის ელინისტური სახელმწიფო, რომელსაც მხედართმთავარი კასანდრე ედგა სათავეში. მოგვიანებით ეს სამეფო თრაკიასა და მცირე აზიაში გამეფებულმა მხედართმთავარმა ლისიმაქემ დაიმორჩილა. ძვ. წ. II საუკუნეში ყოფილი საბერძნეთის იმპერიის ტერიტორიის ეს დასავლეთი ნაწილი რომმა დაიპყრო. ძვ. წ. 30 წლისთვის კი რომმა ყველა ელინისტური სახელმწიფო თავის საზღვრებში მოაქცია და ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ მეექვსე მსოფლიო მპყრობლად იქცა. მაგრამ რომის იმპერია არ ყოფილა დანიელის მიერ ნანახი მომცრო რქა, რადგანაც მას არ უარსებია „უკანასკნელ ვადამდე“ (დანიელი 8:19).

      17. ა) რა კავშირი ჰქონდა ბრიტანეთს რომის იმპერიასთან? ბ) რა აკავშირებდა ბრიტანეთის იმპერიას მაკედონიისა და საბერძნეთის ელინისტურ სახელმწიფოსთან?

      17 რას გვიმხელს ისტორია აგრესიულ „პირქუშ მეფეზე“? რომის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბრიტანეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ახ. წ. V საუკუნემდე ბრიტანეთის ტერიტორია რომის პროვინციებში შედიოდა. დროთა განმავლობაში რომის იმპერია დაკნინდა, მაგრამ ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია კვლავაც ახდენდა ზეგავლენას ბრიტანეთსა და რომის უღელქვეშ მყოფ სხვა ევროპულ ქვეყნებზე. „რომის იმპერიის დაცემით, — წერს ნობელის პრემიის ლაურეატი, მექსიკელი პოეტი და მწერალი, ოქტავიო პაზი, — ძალაუფლება ეკლესიამ ჩაიგდო ხელში“. შემდეგ ის განაგრძობს: „ეკლესიის მამები და მოგვიანებით სწავლულებიც ქრისტიანულ მოძღვრებას ბერძნული ფილოსოფიით ამახინჯებდნენ“. XX საუკუნის ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ბერტრან რასელი კი წერს: „დასავლეთის ცივილიზაციას, რომელიც ბერძნული ცივილიზაციიდან იღებს სათავეს, საფუძვლად ედო მილეტში [ბერძნული ქალაქი მცირე აზიაში] ორი ათას ხუთასი წლის წინათ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური და მეცნიერული ტრადიცია“. ამგვარად, ბრიტანეთის იმპერიის კულტურას ფესვები მაკედონიისა და საბერძნეთის ელინისტურ სახელმწიფოში ჰქონდა გადგმული.

      18. რომელი მსოფლიო მპყრობელი წარმოადგენს „პირქუშ მეფედ“ ქცეულ მომცრო რქას ამ ‘უკანასკნელ ჟამს’? ახსენით.

      18 ბრიტანეთის იმპერიას 1763 წლისთვის დამარცხებული ჰყავდა უძლიერესი მეტოქეები — ესპანეთი და საფრანგეთი. ის ზღვებსა და ოკეანეებზე გაბატონდა და, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი გახდა. მას შემდეგაც კი, რაც 1776 წელს ამერიკაში ბრიტანეთის 13-მა კოლონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა, ბრიტანეთის იმპერიამ საზღვრები გააფართოვა და დედამიწისა და მისი მოსახლეობის მეოთხედი მოიცვა. მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მოკავშირეობით ინგლის-ამერიკის ერთობლივი მსოფლიო მპყრობელი ჩამოყალიბდა. როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ის მართლაც „პირქუშ მეფედ“ იქცა. ასე რომ, პირქუშ მსოფლიო მპყრობლად ქცეულ მომცრო რქას ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი წარმოადგენს.

      19. რა არის წარმოდგენილი ხილვაში ნანახი „მშვენიერი ქვეყნით“?

      19 დანიელმა იხილა, რომ მომცრო რქა „მეტისმეტად გაიზარდა . . . მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით“ (დანიელი 8:9). იეჰოვას მიერ თავისი რჩეული ხალხისთვის აღთქმული მიწა იმდენად მშვენიერი იყო, რომ მას „ყოველი ქვეყნის მშვენება“ ანუ მთელი დედამიწის მშვენება ეწოდებოდა (ეზეკიელი 20:6, 15). 1917 წლის 9 დეკემბერს იერუსალიმი ინგლისის ჯარებმა დაიკავეს, ხოლო პალესტინა ერთა ლიგის მანდატით 1920 წლიდან 1948 წლის 14 მაისამდე დიდ ბრიტანეთს გადაეცა სამართავად, მაგრამ ხილვა წინასწარმეტყველური იყო და მრავალი რამ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ამიტომაც „მშვენიერი ქვეყნით“ წარმოდგენილია არა იერუსალიმი, არამედ მეშვიდე მსოფლიო მპყრობლის პერიოდში მცხოვრები ის ხალხი, რომელსაც იეჰოვა წმინდა ერად თვლის. განვიხილოთ, როგორ ავიწროებს ამ წმიდანებს ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი.

      „საწმიდარის ადგილი“ მიტოვებულია

      20. ვინ არიან წარმოდგენილი „ცის მხედრობითა და ვარსკვლავებით“, რომელთა დაცემასაც მომცრო რქა ცდილობს?

      20 მცირე რქამ, რომელიც „ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი“. ანგელოზის სიტყვების თანახმად, „ცის მხედრობა და ვარსკვლავები“, რომელთა დაცემასაც ცდილობს მომცრო რქა, „წმიდათა ერია“ (დანიელი 8:10, 24). ამ „წმიდათა ერს“ ქმნიან სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები. იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე, ახალი კავშირის ძალით, მათ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ დამყარებული და ღვთისადმი განსაკუთრებული მსახურებისთვის არიან განწმედილი და გამორჩეული (ებრაელთა 10:10; 13:20). იეჰოვა მათ, როგორც იესო ქრისტეს ზეციერ თანამემკვიდრეებს, წმიდებად მიიჩნევს (ეფესელთა 1:3, 11, 18—20). ასე რომ, დანიელის ხილვაში „ცის მხედრობით“ წარმოდგენილი არიან დედამიწაზე დარჩენილი წევრები იმ 144 000 „წმიდისა“, რომლებმაც ზეცაში კრავთან ერთად უნდა იმეფონ (გამოცხადება 14:1—5, სსგ).

      21. ვინ არიან „საწმიდარში“, რომლის განადგურებასაც მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი ცდილობს?

      21 დღეს 144 000 სულითცხებული ქრისტიანის დედამიწაზე დარჩენილი წევრები „ზეციური იერუსალიმის“ — ქალაქის მსგავსი ღვთის სამეფოს — და მისი სულიერი ტაძრის წარმომადგენლები არიან (ებრაელთა 12:22, 28; 13:14). ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმ „საწმიდარში“ არიან, რომლის დათრგუნვასა და განადგურებასაც ცდილობს მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი (დანიელი 8:13). საწმიდარს დანიელი ‘[იეჰოვას] საწმიდრის ადგილსაც’ უწოდებს და ამბობს: «წაერთვა მთავარს [იეჰოვას] მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ [„ცოდვის გამო თანდათანობით დაითრგუნა მხედრობა და მუდმივი მსხვერპლი“, აქ] და მან [რქამ] მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა» (დანიელი 8:11, 12). როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?

      22. რა მძიმე „ცოდვა“ ჩაიდინა მეშვიდე მსოფლიო მპყრობელმა მეორე მსოფლიო ომის დროს?

      22 რა მდგომარეობაში იყვნენ იეჰოვას მოწმეები მეორე მსოფლიო ომის დროს? მათ სასტიკად დევნიდნენ! თავიდან ისინი მხოლოდ ნაცისტურ და ფაშისტურ ქვეყნებში იდევნებოდნენ. მაგრამ მალე ‘ჭეშმარიტება მიწაზე დაემხო’ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ‘განმტკიცებული ძლიერების მქონე მომცრო რქა’ ბატონობდა. სამეფოს მაუწყებელთა „მხედრობის“ საქმიანობა — კეთილი ცნობის ქადაგება — ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში აიკრძალა (მარკოზი 13:10). ამ ერებმა უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურიდან იეჰოვას მოწმეთა გათავისუფლებაზე, რითაც არად ჩააგდეს ღვთისადმი მათი მსახურება. ამერიკის შეერთებულ შტატებში იეჰოვას ერთგულ მსახურებს თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფდნენ. ფაქტობრივად, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელმა მოინდომა ქების მსხვერპლის, „ბაგეთა ნაყოფის“, წართმევა — მსხვერპლისა, რომელსაც ‘მუდმივად’ სწირავდნენ იეჰოვას მისი თაყვანისმცემლები (ებრაელთა 13:15). ამგვარად, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელმა „ცოდვა“ ჩაიდინა და უზენაესი ღმერთის სამკვიდრებელს — „საწმიდარის ადგილს“ — დაესხა თავს.

      23. ა) როგორ ‘აღუდგა წინ მთავართა მთავარს’ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი მეორე მსოფლიო ომის დროს? ბ) ვინ არის „მთავართა მთავარი“?

      23 მომცრო რქა მეორე მსოფლიო ომის დროს „წმიდათა“ დევნით „მხედრობის მთავრამდე გაიზარდა“ ანუ, როგორც ანგელოზმა გაბრიელმა თქვა, წინ აღუდგა „მთავართა მთავარს“ (დანიელი 8:11, 25). „მთავართა მთავარი“ მხოლოდ იეჰოვას ეწოდება. „მთავრად“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა „სარ“ იმ ზმნის მონათესავეა, რომელიც „ძალაუფლების გამოვლენას“ ნიშნავს. ეს სიტყვა შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მეფის ძის ან სამეფო ოჯახის წარმომადგენლის მიმართ, ისე მეთაურების ან წინამძღოლების მიმართ. დანიელის წიგნში მოხსენიებულია ანგელოზთა ერთ-ერთი მთავარი, მიქაელი. ღმერთი ყველა ასეთი მთავრის მთავარია (დანიელი 10:13, 21; შეადარეთ ფსალმუნი 82:19). ნუთუ ვინმე შეძლებს წინ აღუდგეს მთავართა მთავარს — იეჰოვა ღმერთს?

      „საწმიდრის“ განწმედა

      24. რაში გვარწმუნებს დანიელის 8:14?

      24 მთავართა მთავარს წინ ვერავინ აღუდგება; თვით „პირქუში მეფე“ — ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელიც კი ვერ შეძლებს ამას! ამ მეფეს ძალა არ შესწევს, გაანადგუროს ღვთის საწმიდარი. ანგელოზის სიტყვების თანახმად, „ორიათას სამასი საღამოსა და დილის“ შემდეგ ‘საწმიდარი უნდა განწმედილიყო’ ანუ, „ახალი ინგლისური ბიბლიის“ მიხედვით, მას „გამარჯვება უნდა მოეპოვებინა“ (დანიელი 8:13, 14, The New English Bible).

      25. რა ხანგრძლივობისაა წინასწარმეტყველური 2 300 დღე და რა მოვლენასთან არის ის დაკავშირებული?

      25 ეს 2 300 დღე წინასწარმეტყველურ პერიოდს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ის 360-დღიანი წინასწარმეტყველური წლებისგან შედგება (გამოცხადება 11:2, 3; 12:6, 14). ამგვარად, 2 300 დღე შეადგენს 6 წელს, 4 თვესა და 20 დღეს. რომელი წლები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ამ პერიოდს? ღვთის ხალხის დევნა სხვადასხვა ქვეყანაში XX საუკუნის 30-იან წლებში გაძლიერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი ბატონობდა. რატომ? ისინი მტკიცედ იცავდნენ თავიანთ პოზიციას და ‘ღმერთს უფრო მეტად ემორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29). აქედან გამომდინარე, 2 300 დღე მეორე მსოფლიო ომთან უნდა იყოს დაკავშირებულიb. მაგრამ როდის დაიწყო და დამთავრდა ეს წინასწარმეტყველური პერიოდი?

      26. ა) როდიდან შეიძლება ავითვალოთ 2 300 დღე? ბ) როდის დამთავრდა 2 300-დღიანი პერიოდი?

      26 „საწმიდრის“ ‘განსაწმედად’ ანუ აღსადგენად განკუთვნილი 2 300 დღე მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც „საწმიდარი“ ღმერთმა პირველად ჩათვალა წმინდად. ეს იყო 1938 წლის 1 ივნისს, როდესაც ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა სტატიის „ორგანიზაცია“ I ნაწილი. სტატიის II ნაწილი 1938 წლის 15 ივნისის ნომერში დაიბეჭდა. თუ 1938 წლის 1 ან 15 ივნისიდან გადავითვლით 2 300 დღეს (ებრაული კალენდრის მიხედვით, 6 წელი, 4 თვე და 20 დღე), მივალთ 1944 წლის 8 ან 22 ოქტომბერთან. პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ) 1944 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გამართული სპეციალური ორდღიანი კონგრესის პირველ დღეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ისაუბრა თემაზე „თეოკრატიული სტრუქტურა დღეს“. 2 ოქტომბერს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე ცვლილებები იქნა შეტანილი საზოგადოების წესდებაში, რომ ის არსებული კანონების გათვალისწინებით მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო თეოკრატიულ სტრუქტურასთან. მას შემდეგ, რაც ნათელი მოეფინა ბიბლიურ მოთხოვნებს, მოხდა იეჰოვას მოწმეების კრებების თეოკრატიული სტრუქტურის მიხედვით რეორგანიზაცია.

      27. რა ცხადყოფს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დევნის პერიოდში „მუდმივი მსხვერპლის“ შეწირვა აკრძალული იყო?

      27 ამ 2 300-დღიან პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც 1939 წელს დაიწყო, ღვთის საწმიდარში „მუდმივი მსხვერპლის“ შეწირვა მკაცრად იკრძალებოდა. 1938 წელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 39 ფილიალი უწევდა მეთვალყურეობას, 1943 წლისთვის კი მათგან მხოლოდ 21 ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში სამეფოს მქადაგებელთა რიცხობრივი ზრდაც შედარებით მცირე იყო.

      28, 29. ა) რა წინსვლა განიცადა იეჰოვას ორგანიზაციამ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს? ბ) როგორ დამთავრდა მტრების მცდელობა, დაეთრგუნათ და გაენადგურებინათ „საწმიდარი“?

      28 როგორც აღვნიშნეთ, მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ თვეებში იეჰოვას მოწმეები განახლებული ძალებით შეუდგნენ მტკიცე გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებას, რომ თავიანთი, როგორც თეოკრატიული ორგანიზაციის, მსახურებით განედიდებინათ ღვთის მმართველობა. ამ მიზნით 1944 წელს ცვლილებები იქნა შეტანილი მათი საქმიანობის ორგანიზაციასა და მმართველობით სტრუქტურაში. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 1944 წლის 15 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დასკვნითი სამუშაოს შესასრულებლად ორგანიზებულნი“. ამ და იმავე პერიოდში გამოქვეყნებულ სხვა სტატიებში, რომლებიც მსახურებას ეხებოდა, აღინიშნებოდა, რომ 2 300 დღე უკვე გასული იყო, ‘საწმიდარი კი — განწმედილი’.

      29 მტრების მცდელობა, დაეთრგუნათ და გაენადგურებინათ „საწმიდარი“, კრახით დამთავრდა. დედამიწაზე დარჩენილმა „წმიდებმა“ და მათმა თანამსახურმა „უამრავმა ხალხმა“ გაიმარჯვეს (გამოცხადება 7:9). საწმიდარი განწმედილია და კვლავაც მიმდინარეობს იეჰოვასადმი წმინდა მსახურება.

      30. რა დაემართება მალე „პირქუშ მეფეს“?

      30 ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი დღესაც ბატონობს. მაგრამ მალე, როგორც ანგელოზმა გაბრიელმა თქვა, ისიც „შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით“ (დანიელი 8:25). ძალიან მალე, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი — „პირქუში მეფე“ — შეიმუსრება, მაგრამ არა ადამიანის ხელით, არამედ ზეადამიანური ძალით არმაგედონში (დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14, 16). რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთის, მთავართა მთავრის, სახელი საბოლოოდ განიწმინდება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება