საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არის კარდაკარ მსახურება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
    • რატომ არის კარდაკარ მსახურება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

      „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:42).

      1, 2. ა) ქადაგების რომელი მეთოდით არიან განსაკუთრებით ცნობილი იეჰოვას მოწმეები? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეიძლება იხილოთ ასეთი სურათი: სუფთად ჩაცმული ორი ადამიანი აკაკუნებს კარზე და ცდილობს, მობინადრეს მოკლედ გადასცეს ბიბლიური ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ; თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, შეიძლება მას ბიბლიური ლიტერატურა მისცენ და ბიბლიის უფასო შესწავლა შესთავაზონ; ამის შემდეგ ისინი მომდევნო კართან მიდიან. თუ თქვენც მონაწილეობთ ამ საქმეში, ალბათ ამჩნევთ, რომ ხშირად, სანამ ვინმეს დაელაპარაკებით, ის უკვე ხვდება, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. მართლაც, კარდაკარ ქადაგება იეჰოვას მოწმეების ამოსაცნობი ნიშანია.

      2 ჩვენ სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, რომ შევასრულოთ იესოს დავალება — ვიქადაგოთ და მოწაფეები მოვამზადოთ (მათ. 28:19, 20). ჩვენ ვქადაგებთ ბაზრებში, ქუჩებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საქ. 17:17). ბევრს ტელეფონით ვესაუბრებით ან წერილებით ვუზიარებთ სასიხარულო ცნობას. ზოგთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ყოველდღიური საქმეების კეთების დროსაც ვქადაგებთ. ჩვენ აგრეთვე გვაქვს ოფიციალური ვებ-საიტიa, სადაც ბიბლიური პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები 300-ზე მეტ ენაზეა განთავსებული. ამ ყოველივეს, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, კარგი შედეგები მოაქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს ქვეყნებში სასიხარულო ცნობის გავრცელების ძირითადი საშუალება კარდაკარ ქადაგებაა. როდიდან ჩაეყარა საფუძველი ქადაგების ამ მეთოდს? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ღვთის ხალხს კარდაკარ მსახურების მიმართ და როგორ შეიძინა ამ მსახურებამ ასეთი ფართო მასშტაბები? რატომ არის კარდაკარ ქადაგება მნიშვნელოვანი?

      მივყვებით მოციქულების მაგალითს

      3. რა მითითებები მისცა იესომ მოციქულებს და როგორ უნდა ექადაგათ მათ?

      3 კარდაკარ ქადაგებას ბიბლიური საფუძველი აქვს. სანამ იესო თავის მოციქულებს საქადაგებლად გაგზავნიდა, მან ისინი დაარიგა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“. როგორ უნდა მოეძებნათ მათ ღირსეულები? იესომ უთხრა მოციქულებს, რომ ხალხისთვის სახლებში მიეკითხებინათ: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას“. უნდა დალოდებოდნენ მოციქულები ხალხისგან მოწვევას, რომ მათთან მისულიყვნენ და ექადაგათ? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ: „სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ“ (მათ. 10:11—14). იესოს ამ მითითებიდან აშკარად ჩანს, რომ სასიხარულო ცნობის საუწყებლად წასულ მოციქულებს საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ინიციატივა და ხალხისთვის სახლებში უნდა მიეკითხებინათ (ლუკ. 9:6).

      4. სად არის ბიბლიაში მოხსენიებული კარდაკარ ქადაგება?

      4 ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მოციქულები კარდაკარ ქადაგებდნენ. მაგალითად, საქმეების 5:42-ში ნათქვამია, თუ რას აკეთებდნენ მოციქულები მას შემდეგ, რაც ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრება დაფუძნდა. ამ მუხლში ვკითხულობთ: „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, პავლე მოციქულმა ეფესოს კრების უხუცესებს შეახსენა: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“. სახლში აკითხავდა პავლე ამ უხუცესებს, ვიდრე ისინი მორწმუნეები გახდებოდნენ? როგორც ჩანს, ეს ასე იყო, რადგან პავლემ მათ სხვა ყველაფერთან ერთად „ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ“ ასწავლა (საქ. 20:20, 21). საქმეების 20:20-ის შესახებ ბიბლეისტი რობერტსონი თავის ნაშრომში წერს: „უნდა აღინიშნოს, რომ ეს უდიდესი მქადაგებელი კარდაკარ ქადაგებდა“ („Word Pictures in the New Testament“).

      თანამედროვე კალიების ლაშქარი

      5. როგორ არის აღწერილი სამქადაგებლო საქმიანობა იოელის წინასწარმეტყველებაში?

      5 სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც პირველ საუკუნეში მიმდინარეობდა, ჩვენს დროში გაცილებით დიდი მასშტაბებისთვის უნდა მიეღწია. წინასწარმეტყველმა იოელმა ცხებული ქრისტიანების ქადაგება მწერების, მათ შორის კალიების, გამანადგურებელ შემოსევას შეადარა (იოელ. 1:4). კალიებს, რომლებიც ლაშქარივით მიიწევენ წინ, გზად ვერაფერი ეღობება. ისინი აღწევენ სახლებში და გზადაგზა ყველაფერს ნთქავენ (წაიკითხეთ იოელის 2:2, 7—9). მართლაც, რა ცოცხლადაა აღწერილი ამ წინასწარმეტყველებაში ის, თუ რა გულმოდგინედ და შეუპოვრად შეასრულებდა ღვთის ხალხი სამქადაგებლო საქმეს ჩვენს დროში! ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური სხვა ცხვრები გულმოდგინედ ქადაგებენ, რითაც სრულდება იოელის წინასწარმეტყველება. მსახურებაში ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული კარდაკარ ქადაგებაა (იოან. 10:16). როგორ დაიწყეს იეჰოვას მოწმეებმა ქადაგების იმ მეთოდის გამოყენება, რომელსაც მოციქულები მიმართავდნენ?

      6. რისკენ მოუწოდეს 1922 წელს მოწმეებს, მაგრამ როგორ გამოეხმაურა ზოგი ამას?

      6 ათას ცხრაას ცხრამეტი წლიდან ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ თითოეულ ქრისტიანს უნდა ექადაგა. მაგალითად, 1922 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) მოცემული იყო სტატია სათაურით „მსახურება ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა“, რომელიც შეახსენებდა ცხებულ ქრისტიანებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ხალხთან კარდაკარ მისვლა, მათთვის ბიბლიური ლიტერატურის შეთავაზება და მოახლოებული ზეციერი სამეფოს შესახებ დამოწმება“. ლიტერატურის გასავრცელებლად სპეციალური შეთავაზებები იბეჭდებოდა „ბიულეტენში“, რომელსაც ახლა „ჩვენი სამეფო მსახურება“ ეწოდება. ამ ყოველივეს მიუხედავად, მათი რიცხვი, ვინც კარდაკარ მსახურობდა, თავიდან ძალიან მცირე იყო. კარდაკარ ქადაგებისგან ზოგი თავს იკავებდა. მათ საამისოდ სხვადასხვა მიზეზი მოჰყავდათ, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი თაკილობდნენ კარდაკარ ქადაგებას. მას შემდეგ, რაც უფრო დიდი აქცენტი გაკეთდა ქადაგების აუცილებლობაზე, მრავალი მათგანი თანდათანობით ჩამოშორდა იეჰოვას ორგანიზაციას.

      7. რისი გაკეთება გახდა საჭირო 50-იანი წლების დასაწყისში?

      7 მომდევნო ათწლეულებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში. მაგრამ, აშკარა იყო, რომ მოწმეებს მეტი დასწავლება სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კარდაკარ ექადაგათ. მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. 50-იანი წლების დასაწყისში მოწმეთა 28 პროცენტის მსახურება მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ისინი კრებაზე დასასწრებად ხალხში მოსაწვევ ბარათებს ავრცელებდნენ და ქუჩებში ჟურნალებით იდგნენ. მოწმეთა 40 პროცენტზე მეტი არარეგულარულად მსახურობდა — ზოგჯერ თვე ისე გადიოდა, რომ ისინი საერთოდ არ ქადაგებდნენ. რა უნდა გაკეთებულიყო მიძღვნილი ქრისტიანების დასახმარებლად, რომ მათ კარდაკარ ექადაგათ?

      8, 9. რა სასწავლო პროგრამა ამოქმედდა 1953 წელს, და რა შედეგები გამოიღო ამან?

      8 ნიუ-იორკში 1953 წელს ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კარდაკარ მსახურებაზე. ძმა ნეითან ნორმა აღნიშნა, რომ ყველა ქრისტიანი ზედამხედველი ვალდებული იყო, დახმარებოდა თითოეულ მოწმეს, რომ მათ რეგულარულად ექადაგათ კარდაკარ. „ყველას უნდა შეეძლოს სასიხარულო ცნობის კარდაკარ ქადაგება“, — თქვა ძმა ნორმა. ამ მიზნის მისაღწევად მთელ მსოფლიოში ამოქმედდა სასწავლო პროგრამა. მათ, ვინც არ ქადაგებდა კარდაკარ, ასწავლიდნენ, როგორ მისულიყვნენ ხალხთან სახლში, როგორ ემსჯელათ მათთან ბიბლიურ საკითხებზე და როგორ ეპასუხათ მათ შეკითხვებზე.

      9 ამ სასწავლო პროგრამამ საოცარი შედეგები გამოიღო. ათ წელიწადში მთელ მსოფლიოში მაუწყებელთა რიცხვი 100 პროცენტით გაიზარდა, განმეორებითი მონახულებების რაოდენობა — 126 პროცენტით, ხოლო ბიბლიის შესწავლების — 150 პროცენტით. დღეისათვის თითქმის სამეფოს შვიდი მილიონი მაუწყებელი ქადაგებს სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანი ზრდა იმის ერთ-ერთი მტკიცებაა, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა თავისი ხალხის ძალისხმევას, რომელსაც ისინი კარდაკარ მსახურებას ახმარენ (ეს. 60:22).

      ნიშნის დადება გადასარჩენად

      10, 11. ა) რა ხილვა ნახა ეზეკიელმა, რომლის შესახებაც ეზეკიელის მე-9 თავში ვკითხულობთ? ბ) როგორ სრულდება ეს ხილვა ჩვენს დროში?

      10 წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვიდანაც შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარდაკარ მსახურება. ხილვაში ეზეკიელი ხედავს შვიდ კაცს, რომელთაგანაც ექვსს ხელში იარაღი უჭირავს, ხოლო მეშვიდეს, რომელიც სელით არის შემოსილი, სამელნე აქვს. იეჰოვამ მეშვიდე კაცს უთხრა: „გაიარე ქალაქში . . . და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“. გამანადგურებელი იარაღის მქონე ექვს კაცს კი იეჰოვამ უბრძანა, რომ მიჰყოლოდნენ სამელნის მქონეს და დაეხოცათ ყველა, ვისაც ნიშანი არ ექნებოდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 9:1—6).

      11 ჩვენ გვესმის, რომ ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება. „სელით შემოსილი კაცი“ წარმოადგენს სულითცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს. ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმიანობით ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი სიმბოლურ ნიშანს ადებს მათ, ვინც „სხვა ცხვარი“ ხდება (იოან. 10:16). რა არის ეს ნიშანი, რომელიც სხვა ცხვარს თითქოსდა შუბლზე ადევს? ეს იმის დამადასტურებელია, რომ ისინი ღვთისადმი მიძღვნილი, იესო ქრისტეს მონათლული მოწაფეები არიან, რომლებიც ახალი — ქრისტეს მსგავსი — პიროვნებით შეიმოსნენ (ეფეს. 4:20—24). ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები სულითცხებულ ქრისტიანებთან ერთად ერთ ფარაში ერთიანდებიან და ცხებულებს ნიშნის დადების უმნიშვნელოვანეს საქმეში ეხმარებიან (გამოცხ. 22:17).

      12. როგორც ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხვრისმაგვარი ადამიანების ძებნა?

      12 ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ იმის მიზეზს, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც „ოხრავენ და კვნესიან“. ეს გადაუდებელი საქმეა, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. მალე იეჰოვას განაჩენის აღმსრულებელთა ზეციერი ლაშქარი, რომელიც წარმოდგენილია იარაღის მქონე ექვსი კაცით, გაანადგურებს მათ, ვისაც არ ექნება შუბლზე სიმბოლური ნიშანი. მოახლოებული გასამართლების შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა, რომ უფალი იესო „თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ . . . შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თეს. 1:7, 8). ყურადღება მიაქციეთ, რომ ხალხი იმის საფუძველზე გასამართლდება, თუ როგორ ეხმაურებიან ისინი სასიხარულო ცნობას. ამიტომ, ღვთის ცნობის გაცხადება აღსასრულამდე უნდა გაგრძელდეს (გამოცხ. 14:6, 7). ეს კი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს იეჰოვას ყველა მიძღვნილ მსახურს (წაიკითხეთ ეზეკიელის 3:17—19).

      13. ა) რა პასუხისმგებლობას გრძნობდა პავლე მოციქული და რატომ? ბ) რა პასუხისმგებლობას გრძნობთ თქვენს უბანზე მცხოვრები ხალხის მიმართ?

      13 პავლე მოციქული სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებას პირად პასუხისმგებლობად თვლიდა. ის წერდა: „ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა გაუწყოთ თქვენც, რომში მყოფთ“ (რომ. 1:14, 15). პავლე მადლიერი იყო იმ წყალობისთვის, რომელიც ღმერთმა მის მიმართ გამოავლინა, და ამიტომ თავს ვალდებულად თვლიდა, დახმარებოდა სხვებს, რომ მათაც მიეღოთ ღვთის წყალობა (1 ტიმ. 1:12—16). მას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თითოეული ადამიანის მოვალე იყო და ამ ვალს მხოლოდ მაშინ გაისტუმრებდა, როდესაც მათ სასიხარულო ცნობას უქადაგებდა. თქვენც თვლით საკუთარ თავს იმ ადამიანების მოვალედ, რომლებიც თქვენს უბანზე ცხოვრობენ? (წაიკითხეთ საქმეების 20:26, 27).

      14. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ვქადაგებთ სახალხოდ და კარდაკარ?

      14 მართალია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვიქადაგოთ კარდაკარ. მალაქიას 1:11-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში იეჰოვა ამბობს: „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში . . . წმინდა ძღვენს მიუძღვნიან ჩემს სახელს, რადგან დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“. ეს წინასწარმეტყველება იმით სრულდება, რომ იეჰოვას მიძღვნილი მსახურები თავმდაბლად ასრულებენ თავიანთ მსახურებას და მთელ მსოფლიოში სახალხოდ ადიდებენ ღვთის სახელს (ფსალმ. 109:30; მათ. 24:14). იეჰოვასთვის „ქების მსხვერპლის“ შეწირვა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვქადაგებთ სახალხოდ და კარდაკარ (ებრ. 13:15).

      წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენები გველის!

      15. ა) როგორ განვითარდა მოვლენები იერიხონის დაცემამდე? ბ) რაზე მიუთითებს ეს სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით?

      15 კიდევ როგორ წაიწევს წინ სამქადაგებლო საქმიანობა აღსასრულამდე? ამის წარმოდგენაში დაგვეხმარება იესო ნავეს ძის წიგნში ჩაწერილი შემთხვევა, რომელიც იერიხონის ალყაში მოქცევას ეხება. გავიხსენოთ, რომ მანამ, სანამ იეჰოვა იერიხონს გაანადგურებდა, ღვთის მითითების თანახმად, ისრაელებს ექვსი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ უნდა შემოევლოთ ქალაქისთვის. მაგრამ მეშვიდე დღეს მათ გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინათ. იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „მეშვიდე დღეს კი შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და ჩაჰბერონ მღვდლებმა საყვირებს. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქის საყვირს . . . მთელმა ხალხმა საომარი ყიჟინა დასცეს; ჩამოიქცევა ქალაქის გალავანი“ (იესო. 6:2—5). შესაძლოა დღევანდელთან შედარებით სამქადაგებლო საქმიანობაში ბევრად მეტის გაკეთება გახდეს საჭირო. როგორც უნდა იყოს, ჩვენ ერთ რამეში დარწმუნებული ვართ — ვიდრე ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება, ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ ქადაგება უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწევს.

      16, 17. ა) რა საქმე შესრულდება „დიდი გასაჭირის“ დამთავრებამდე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      16 შესაძლოა დადგეს ისეთი დრო, როდესაც ჩვენი ცნობა „საომარი ყიჟინასავით“ გაისმება. გამოცხადების წიგნში გასამართლების ცნობები აღწერილია, როგორც ‘ძლიერი სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის წონისაა’b. გამოცხადების 16:21-ში ნათქვამია: „მისი წყლული უჩვეულოდ დიდი იყო“. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რა როლს შეასრულებს კარდაკარ მსახურება აღსასრულის წინ ღვთის განაჩენის გაცხადებაში. მაგრამ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მანამ, სანამ „დიდი გასაჭირი“ დასრულდება, იეჰოვას სახელი ისე გაცხადდება, როგორც არასდროს (გამოცხ. 7:14; ეზეკ. 38:23).

      17 წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენები გველოდება, ამიტომ საჭიროა, რომ კვლავაც გულმოდგინედ გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ. რა სირთულეებს ვხვდებით, როდესაც კარდაკარ ვმსახურობთ, და როგორ შეგვიძლია მათი დაძლევა? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

      [სქოლიოები]

      a ვებ-საიტის მისამართია: www.watchtower.org

      b თუ აქ ბერძნული ტალანტი იგულისხმება, მაშინ თითოეული სეტყვის მარცვალი დაახლოებით 20 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

  • როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
    • როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?

      „ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2).

      1. რა სირთულეებს ხვდებოდა იერემია და როგორ გადალახა მან ისინი?

      იერემიას ისეთივე გრძნობები ჰქონდა, როგორიც ჩვენ გვაქვს. როდესაც იეჰოვამ უთხრა იერემიას, რომ ის „ხალხების წინასწარმეტყველი“ იქნებოდა, მან წამოიძახა: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“! მიუხედავად ამისა, იერემია მიენდო იეჰოვას და უარი არ თქვა ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებაზე (იერ. 1:4—10). 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იერემია ხალხისგან გულგრილობას ხვდებოდა. მას ეწინააღმდეგებოდნენ და დასცინოდნენ. ამ ერთგულ წინასწარმეტყველს ფიზიკური შეურაცხყოფის ატანაც კი მოუწია (იერ. 20:1, 2). ზოგჯერ გულგატეხილობის გამო მას იმის სურვილიც კი უჩნდებოდა, რომ შეეწყვიტა ღვთის სიტყვის ქადაგება. და მაინც, ის შეუპოვრად განაგრძობდა იმ ცნობის გაცხადებას, რომლის მოსმენაც უმრავლესობას არ სიამოვნებდა. ღვთის ძალის დახმარებით იერემიამ შეასრულა ის საქმე, რის გაკეთებასაც თავისი ძალით ვერასოდეს შეძლებდა (წაიკითხეთ იერემიას 20:7—9).

      2, 3. იერემიას მსგავსად, როგორ სირთულეებს ხვდებიან ღვთის დღევანდელი მსახურები?

      2 ღვთის დღევანდელ მსახურებს ზოგჯერ ისეთივე გრძნობები ეუფლებათ, როგორიც იერემიას ჰქონდა. როცა პირველად გავიგეთ, რომ კარდაკარ უნდა გვექადაგა, ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება დავასკვენით, რომ ამას ვერასოდეს შევძლებდით. მაგრამ, როდესაც კარგად გავიაზრეთ, რომ იეჰოვას ნება იყო, სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა სხვებისთვის, ჩვენ დავძლიეთ შიში და აქტიურად დავიწყეთ ქადაგება. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდა ისეთი რამ, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში შევწყვიტეთ კიდეც ქადაგება. გასაგებია, რომ ადვილი არ არის ჩავებათ ისეთი სახის მსახურებაში, როგორიცაა კარდაკარ ქადაგება, და აღსასრულამდე განვაგრძოთ ეს საქმე (მათ. 24:13).

      3 თქვენ შეიძლება იეჰოვას მოწმეებთან სწავლობთ ბიბლიას და კრების შეხვედრებსაც ესწრებით, მაგრამ თავს იკავებთ იმისგან, რომ მაუწყებელი გახდეთ და კარდაკარ დაიწყოთ ქადაგება. ან შესაძლოა მონათლული მოწმე ხართ, მაგრამ გიჭირთ კარდაკარ მსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ. თქვენ მსგავსად მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირს კარდაკარ მსახურება, მაგრამ ისინი მაინც აკითხავენ ხალხს სახლებში და განაგრძობენ ქადაგებას. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას დახმარებით თქვენც შეძლებთ ამას.

      მოვიკრიბოთ გაბედულება

      4. რა დაეხმარა პავლე მოციქულს, რომ გაბედულად ექადაგა სასიხარულო ცნობა?

      4 ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა სრულდება არა ადამიანური ძალით ან სიბრძნით, არამედ ღვთის სულით (ზაქ. 4:6). თითოეული ქრისტიანიც ღვთის სულის დახმარებით ქადაგებს (2 კორ. 4:7). განვიხილოთ პავლე მოციქულის მაგალითი. ის იხსენებს იმ შემთხვევას, როდესაც მას და მასთან ერთად მისიონერულ მსახურებაში მყოფ სილას მოწინააღმდეგეები სასტიკად მოეპყრნენ. „მას შემდეგ, რაც ჯერ ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს . . . ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“, — წერს პავლე (1 თეს. 2:2; საქ. 16:22—24). ჩვენთვის შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს ის, რომ ისეთ გულმოდგინე მქადაგებელს, როგორიც პავლე იყო, ზოგჯერ საკუთარ თავთან ‘ბრძოლა სჭირდებოდა’, რომ ექადაგა. მაგრამ პავლეს ესმოდა, რომ იეჰოვას უნდა მინდობოდა იმისთვის, რომ გაბედულად ექადაგა სასიხარულო ცნობა, და ეს ჩვენც უნდა გვესმოდეს (წაიკითხეთ ეფესოელების 6:18—20). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს მაგალითს?

      5. რა არის იმის ერთ-ერთი საშუალება, რომ გაბედულება მოვიკრიბოთ?

      5 ერთ-ერთი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება, მოვიკრიბოთ გაბედულება, ლოცვაა. ერთი პიონერი ამბობს: „ღმერთს ვთხოვ დახმარებას, რომ დამაჯერებლად ვიქადაგო, ვევედრები მას, რომ ადამიანების გულებამდე მივიტანო ღვთის სიტყვა, და ვლოცულობ, რომ მსახურებამ სიხარული მომანიჭოს. ჩვენ ხომ იეჰოვას საქმეს ვასრულებთ, და არა ჩვენსას, ამიტომ მისი დახმარების გარეშე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ“ (1 თეს. 5:17). ღმერთს ლოცვაში გამუდმებით უნდა ვთხოვდეთ წმინდა სულს, რომ გაბედულად ვიქადაგოთ (ლუკ. 11:9—13).

      6, 7. ა) რა ხილვა ჰქონდა ეზეკიელს და რას ნიშნავდა ის? ბ) რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვიდან?

      6 ეზეკიელის წიგნი გვიმჟღავნებს კიდევ ერთ რამეს, რაც გაბედულად ქადაგებაში დაგვეხმარება. ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელს ორივე მხრიდან ნაწერი გრაგნილი მისცა, რომელშიც ჩაწერილი იყო „სამგლოვიარო სიმღერები, კვნესა და მოთქმა“. იეჰოვამ წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ეჭამა ეს გრაგნილი: „კაცის ძეო, გაიძღე მუცელი, რათა გაივსო შიგნეული ამ გრაგნილით, რომელსაც გაძლევ“. რას ნიშნავდა ეს ხილვა? ეზეკიელს კარგად უნდა გაეთავისებინა ცნობა, რომელსაც შემდეგ ხალხს გაუცხადებდა. მას შემდეგ, რაც ეზეკიელი ამ ცნობას, ასე ვთქვათ, შეისისხლხორცებდა, ის მის შინაგან გრძნობებზე იმოქმედებდა. წინასწარმეტყველი გვიყვება: „მეც დავიწყე ჭამა და თაფლივით მეტკბო პირში“. ღვთის ცნობის სახალხოდ გაცხადება ეზეკიელისთვის თაფლივით „ტკბილი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეზეკიელს ურჩი ხალხისთვის ისეთი ცნობის გადაცემა მოუწევდა, რომელსაც უმრავლესობა არ მოუსმენდა, ის დიდ პატივად მიიჩნევდა იმას, რომ იეჰოვას წარმომადგენელი იქნებოდა და ღვთის დავალებას შეასრულებდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 2:8—3:4, 7—9).

      7 ღვთის მსახურებს დღეს ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის ხილვიდან. მრავალი დღეს ჩვენც არ გვისმენს. მათ არ ესმით, თუ რატომ ვახმართ ქადაგებას ამხელა ძალისხმევას. ქრისტიანულ მსახურებას რომ ყოველთვის პატივად მივიჩნევდეთ, საჭიროა, სულიერად კარგად ვიკვებებოდეთ. არარეგულარული და ზედაპირული შესწავლა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა კარგად გავითავისოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ბიბლიის კითხვა ჩვევად გავიხადოთ, პირად შესწავლას უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ და უფრო ხშირად ვიფიქროთ წაკითხულზე (ფსალმ. 1:2, 3).

      როგორ დავიწყოთ მსჯელობა ბიბლიურ საკითხებზე?

      8. რა მეთოდის გამოყენება ეხმარება სამეფოს ზოგ მაუწყებელს, რომ დაიწყონ მსჯელობა ბიბლიურ საკითხებზე?

      8 მრავალ მაუწყებელს კარდაკარ მსახურების დროს ყველაზე მეტად საუბრის დაწყება უჭირს. ზოგ ტერიტორიაზე მართლაც რთულია მობინადრესთან საუბრის წამოწყება. ზოგი მაუწყებელი თავს უფრო დაჯერებულად გრძნობს, როდესაც შეთავაზებას კარგად შერჩეული რამდენიმე სიტყვით იწყებს და შემდეგ მობინადრეს ტრაქტატს აძლევს (ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მობინადრესთან საუბრის დაწყება, ნაჩვენებია თანდართულ ჩარჩოში). ტრაქტატის სათაურმა ან სურათმა შეიძლება მობინადრის ყურადღება მიიქციოს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მოკლედ ავუხსნათ მას ჩვენი მისვლის მიზანი და დავუსვათ შეკითხვა. აგრეთვე შეგვეძლო მობინადრისთვის სამი ან ოთხი ტრაქტატი გვეჩვენებინა და გვეკითხა, თუ რომელი საკითხი აინტერესებს ყველაზე მეტად. ცხადია, ჩვენი მიზანი უბრალოდ ტრაქტატების გავრცელება კი არ არის, არამედ ბიბლიურ საკითხზე მსჯელობის დაწყება, რითაც ბიბლიის შესწავლას ჩავუყრიდით საფუძველს.

      9. რატომ არის აუცილებელი კარგი მომზადება?

      9 რა შეთავაზებასაც არ უნდა იყენებდეთ, კარგი მომზადება დაგეხმარებათ, რომ კარდაკარ მსახურების დროს დამაჯერებლად და ხალისით ილაპარაკოთ. ერთი პიონერი ძმა ამბობს: „თუ კარგად ვემზადები, მსახურებას ჩემთვის უფრო მეტი სიხარული მოაქვს. ამ დროს ერთი სული მაქვს, რომ მომზადებული შეთავაზება გამოვიყენო“. სხვა ძმა, რომელიც აგრეთვე პიონერად მსახურობს, აღნიშნავს: „როდესაც კარგად ვარ გაცნობილი ჩვენს პუბლიკაციებს, მაშინ უფრო მეტი მონდომებით ვავრცელებ მათ“. მართალია, გარკვეულწილად სასარგებლოა გონებაში იმ შეთავაზების გამეორება, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, მაგრამ ბევრმა დაინახა, რომ მათთვის უფრო დამხმარე აღმოჩნდა შეთავაზების ხმამაღლა გამეორება. ეს ეხმარება მათ, რომ იეჰოვასთვის საუკეთესო გაიღონ (კოლ. 3:23; 2 ტიმ. 2:15).

      10. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები პრაქტიკული და სასარგებლო იყოს?

      10 სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა გვეხმარება, რომ კარდაკარ უფრო ეფექტურად ვიქადაგოთ და უფრო მეტი სიხარული განვიცადოთ. თუ ყოველდღიური მუხლი პირდაპირ უკავშირდება სამქადაგებლო საქმიანობას, ძმამ შეიძლება წაიკითხოს ის და მოკლედ განიხილოს. ძმამ, რომელიც სამქადაგებლო შეხვედრას უძღვება, უნდა განიხილოს ან წარმოადგინოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზება ან მაუწყებლებს უნდა მისცეს პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც იმ დღეს მსახურებაში გამოიყენებენ. ეს დაეხმარება და-ძმებს, რომ უფრო ეფექტურად იქადაგონ. თუ უხუცესები და ის ძმები, რომლებიც ასეთ შეხვედრებს ატარებენ, წინასწარ კარგად მოემზადებიან, ისინი შეძლებენ ზემოაღნიშნული რჩევების გათვალისწინებას და შეხვედრის თავის დროზე დამთავრებას (რომ. 12:8).

      მნიშვნელოვანია ყურადღებით მოსმენა

      11, 12. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს თანაგრძნობით მოსმენა იმაში, რომ ხალხის გულამდე სასიხარულო ცნობა მივიტანოთ? მოიყვანეთ მაგალითი.

      11 კარგი მომზადება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მობინადრესთან ბიბლიურ თემაზე დავიწყოთ საუბარი და ის ჭეშმარიტებით დავაინტერესოთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მსახურებაში გულწრფელი ინტერესი გამოვავლინოთ ხალხის მიმართ. ასეთი ინტერესის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება ყურადღებით მოსმენაა. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი ამბობს: „მოთმინებითა და ყურადღებით მოსმენა ხალხისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. ეს ხალხს განაწყობს, რომ მათ სასიხარულო ცნობა მოისმინონ“. თანაგრძნობით მოსმენა მობინადრეს აღძრავს იმისკენ, რომ ბიბლიურ საკითხებზე საუბარში ჩაერთოს. ამას კარგად გვიჩვენებს შემდეგი შემთხვევა.

      12 სენტ-ეტიენში (საფრანგეთი) გამომავალ გაზეთ „პროგრე“-ში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ერთი ქალბატონი ყვებოდა თავის შემთხვევას. სამი თვის გოგონას დაღუპვიდან მალევე მის კარზე ორმა უცნობმა დააკაკუნა. „მე მაშინვე მივხვდი, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, — წერდა ეს ქალი. — მსურდა, თავაზიანად დამეთხოვა ისინი, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული ბროშურის გარეკანმა ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს ბროშურა ეხებოდა იმას, თუ რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას. მე ისინი სახლში შევიყვანე, რათა დამემტკიცებინა მათი შეხედულებების უსაფუძვლობა . . . მოწმეები ერთ საათზე ცოტა მეტხანს დარჩნენ ჩემთან. ისინი დიდი თანაგრძნობით მისმენდნენ. საუბრის შემდეგ თავი იმდენად კარგად ვიგრძენი, რომ მათ განმეორებით მონახულებაზე დავთანხმდი“ (რომ. 12:15). დროთა განმავლობაში ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას პირველი საუბრიდან ის კი არ დაამახსოვრდა, თუ რა უთხრეს მოწმეებმა, არამედ ის, თუ როგორ მოუსმინეს.

      13. როგორ შეგვიძლია შეთავაზებები იმ ადამიანების გათვალისწინებით გავაკეთოთ, ვისაც მსახურებაში ვხვდებით?

      13 როდესაც თანაგრძნობით ვუსმენთ ხალხს, მათი საუბრიდან ვიგებთ, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად, და საშუალება გვეძლევა, დავანახვოთ, რომ პრობლემებს მხოლოდ სამეფო გადაუჭრით. ამასთანავე მათი მოსმენით უკეთ ვხვდებით, როგორ შეიძლება მივუდგეთ მათ, რომ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კარგი მქადაგებლები, ჩვეულებრივ, კარგი მსმენელები არიან (იგავ. 20:5). ისინი მსახურებაში სხვებისადმი ნამდვილ ინტერესს ავლენენ და არა მხოლოდ მობინადრეების სახელებსა და მისამართებს იწერენ, არამედ იმასაც, თუ რა აინტერესებთ მათ და რა აწუხებთ. როდესაც ვინმე რაიმე კონკრეტული საკითხით ინტერესდება, ისინი პირადად იკვლევენ ამ საკითხს და მალევე აკითხავენ მობინადრეს. პავლე მოციქულის მსგავსად ასეთი მქადაგებლები თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უდგებიან და შეთავაზებებს იმის მიხედვით აკეთებენ, თუ ვინ შეხვდებათ მსახურების დროს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:19—23). ასეთი გულწრფელი ინტერესი შესანიშნავად ირეკლავს „ჩვენი ღვთის უდიდეს თანაგრძნობას“ და აღძრავს ხალხს, რომ მოისმინონ სასიხარულო ცნობა (ლუკ. 1:78).

      შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა

      14. მსახურების დროს როგორ შეგვიძლია ავირეკლოთ იეჰოვას თვისებები?

      14 ჩვენ ნების თავისუფლებით ვართ შექმნილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა გვაფასებს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია, ის არავის აიძულებს, რომ მას ემსახურონ. ის ადამიანებს სიყვარულით იზიდავს თავისკენ. იეჰოვა აკურთხებს ყველას, ვინც მადლიერებას გამოხატავს ყოველივე იმისთვის, რასაც ის აკეთებს (რომ. 2:4). ჩვენ, როგორც მისმა მსახურებმა, ისე უნდა გადავცეთ ხალხს სასიხარულო ცნობა, რომ მათ დაინახონ, თუ როგორი გულმოწყალეა ჩვენი ღმერთი (2 კორ. 5:20, 21; 6:3—6). ამისათვის კი საჭიროა, რომ ყოველთვის დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ. რა დაგვეხმარება ამაში?

      15. ა) იესოს მითითების თანახმად, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მისი მიმდევრები, თუ მათ ხალხი არ მოუსმენდა? ბ) რა დაგვეხმარება იმაში, რომ ყურადღება ღირსეულების მოძებნაზე გადავიტანოთ?

      15 იესოს მითითების თანახმად, მისი მიმდევრები მეტისმეტად არ უნდა დამწუხრებულიყვნენ იმის გამო, თუ ვინმე არ მოუსმენდათ. ნაცვლად ამისა, მათ მთელი ყურადღება ღირსეულების მოძებნაზე უნდა გადაეტანათ (წაიკითხეთ მათეს 10:11—15). ჩვენ ამაში დაგვეხმარება ისეთი მიზნების დასახვა, რომელთა განხორციელებაც არ გაგვიჭირდება. ერთი ძმა თავის თავს ოქროს მაძიებელს ადარებს. ის ამბობს: „ერთი სული მაქვს, ოქრო ვიპოვო!“ სხვა ძმას კი მიზნად აქვს დასახული, რომ „თავის უბანზე ყოველკვირა მონახოს ისეთი ადამიანი, რომელიც დაინტერესდება ჭეშმარიტებით, და რამდენიმე დღეში მიაკითხოს მას ინტერესის გასაღვივებლად“. ზოგი მაუწყებელი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად ყველა მობინადრეს ერთი მუხლი მაინც წაუკითხოს ბიბლიიდან. თქვენ რა რეალური მიზნის დასახვა შეგიძლიათ?

      16. რა მიზეზების გამო განვაგრძობთ ქადაგებას?

      16 ვაღწევთ თუ არა წარმატებას კარდაკარ მსახურების დროს, ეს მხოლოდ ხალხის გამოხმაურებაზე არ არის დამოკიდებული. მართალია, სამქადაგებლო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულწრფელი ადამიანების გადარჩენაში, მაგრამ ის სხვა ღირსეულ მიზნებსაც ემსახურება. ქრისტიანული მსახურების წყალობით იეჰოვასადმი სიყვარულს ვავლენთ (1 იოან. 5:3). ქადაგება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ‘სუფთა ვიყოთ ყველას სისხლისგან’ (საქ. 20:26, 27). მსახურებით ჩვენ აგრეთვე ვაფრთხილებთ უღვთო ადამიანებს, რომ „მოვიდა [ღვთის] სასამართლოს საათი“ (გამოცხ. 14:6, 7). და რაც ყველაზე მთავარია, სასიხარულო ცნობის ქადაგებით ღვთის მსახურები მთელ მსოფლიოში იეჰოვას სახელს განვადიდებთ (ფსალმ. 113:3). ამგვარად, მნიშვნელობა არა აქვს, გვისმენს თუ არა ხალხი, ჩვენ მაინც განვაგრძობთ ქადაგებას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სასიხარულო ცნობის ყველა გულმოდგინე მაუწყებელი „მშვენიერია“ იეჰოვას თვალში (რომ. 10:13—15).

      17. რისი აღიარება მოუწევს მალე ხალხს?

      17 მართალია, დღეს ბევრი არაფრად აგდებს ჩვენს ქადაგებას, მაგრამ მალე ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ ჩვენს მსახურებას (მათ. 24:37—39). იეჰოვამ დაარწმუნა ეზეკიელი, რომ იმ დროს, როცა შესრულდებოდა განაჩენი, რომელსაც ღვთის ეს ერთგული მსახური აცხადებდა, ურჩი ისრაელი იმას მაინც გაიგებდა, „რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2:5). მსგავსადვე, როდესაც ღმერთი ამ ქვეყნიერებისთვის გამოტანილ განაჩენს სისრულეში მოიყვანს, ხალხს მოუწევს იმის აღიარება, რომ ცნობა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები სახალხოდ თუ კარდაკარ ქადაგებდნენ, სინამდვილეში ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, იეჰოვასგან მომდინარეობდა. ისინი იმასაც მიხვდებიან, რომ მოწმეები ღვთის ნებას ასრულებდნენ. ჩვენ მართლაც დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ ამ განსაკუთრებულ დროში იეჰოვას სახელს ვატარებთ და მის ცნობას ვაცხადებთ! ღვთის შეწევნით ჩვენ შევძლებთ იმ სირთულეების დაძლევას, რაც ხელს გვიშლის კარდაკარ ქადაგებაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება