„გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ მსახურებაში
2014 წლის სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა მსახურებას 1 945 487 604 საათი დაუთმეს; ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კვლავაც აქტიურნი ვიყოთ ღვთისადმი მსახურებაში (ფსალმ. 110:3; 1 კორ. 15:58). ვინაიდან „დრო ცოტაღა დარჩა“, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს დრო მსახურებაში უფრო მეტ ადამიანთან საქადაგოდ გამოვიყენოთ? (1 კორ. 7:29).
მსახურებაში „ხელსაყრელი დრო“ რომ გამოვისყიდოთ, მოხერხებულები უნდა ვიყოთ. მაგალითად, თუ მსახურების რომელიმე სფეროს რეგულარულად საათს ან საათზე მეტს უთმობ, მაგრამ ვერავისთან ახერხებ საუბარს, კარგი იქნება, თუ მსახურების განრიგში ისეთ ცვლილებებს შეიტან, რომ უფრო მეტ ადამიანს შეხვდე და უქადაგო. მართალია, ვითარება ყველგან განსხვავებულია, მაგრამ ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება, გამოისყიდო შენთვის „ხელსაყრელი დრო“, რათა „მუშტები ჰაერს არ ურტყა“ (1 კორ. 9:26).
კარდაკარ მსახურება. ათწლეულების განმავლობაში მაუწყებლები მსახურებას, როგორც წესი, კარდაკარ ქადაგებით იწყებდნენ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი დღის მანძილზე მუშაობს, კარგი იქნება, თუ კარდაკარ საღამოს იქადაგებ, რადგან ამ დროს მობინადრეთა უმეტესობა სახლშია და ისვენებს. ქუჩაში ან საქმიან უბნებზე ქადაგებას კი შესაძლოა უკეთესი შედეგები მოჰყვეს დღის განმავლობაში.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება. ლიტერატურის მაგიდები და სტენდები კრების ტერიტორიაზე ხალხმრავალ ადგილებში უნდა დაიდგას (იხილე 2013 წლის ივლისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 5). მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაზე, სადაც სტენდი დგას, ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა შემცირდება, კრების სამსახურებრივ კომიტეტს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომ ლიტერატურის სტენდი ან მაგიდა უფრო ხალხმრავალ ადგილას გადაიტანოს.
განმეორებითი მონახულებები და ბიბლიის შესწავლები. შეგიძლია განმეორებითი მონახულებები და ბიბლიის შესწავლები იმ დროს დაგეგმო, როცა სხვა სახის მსახურება ნაკლებად წარმატებულია? მაგალითად, თუ კარდაკარ მსახურება შაბათ დილით უფრო ეფექტიანია, შესაძლოა ბიბლიის შესწავლა შუადღით ან საღამოს ჩაატარო.
მართალია, მსახურებაში გატარებული დროის აღრიცხვა გვახარებს, მაგრამ სიხარული გვიათკეცდება, როცა ამას კარგი შედეგი ახლავს თან. თუ დაინახავ, რომ დღის რომელიმე მონაკვეთში ამა თუ იმ სახის მსახურება უნაყოფოა, ძალა მსახურების სხვა სფეროში მოსინჯე. ლოცვაში სთხოვე იეჰოვას, „სამკლის ბატონს“, გიხელმძღვანელოს, რათა გამოისყიდო შენთვის „ხელსაყრელი დრო“ მსახურებაში (მათ. 9:38).