როგორ მოვამზადოთ კარგი შესავალი
1. რამდენად მნიშვნელოვანია კარგი შესავალი?
1 როგორც გემრიელი სუნი გვიღვივებს მადას ჭამისას, ისე კარგი შესავალი იძლევა საუბრის დაწყების საშუალებას ბიბლიურ საკითხებზე. კარგი შესავალი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხანგრძლივობის და სხვადასხვა შინაარსის, მაგრამ, როგორც ყველა გემრიელ საჭმელს, მასაც წინასწარ ფიქრი და მომზადება სჭირდება (იგავ. 15:28). როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
2. როგორ მოვამზადოთ საინტერესო შესავალი?
2 შეარჩიე საინტერესო თემები. თუ ჩვენმა შესავალმა მობინადრე არ დააინტერესა, შეიძლება საუბარი მალევე შეწყდეს. ასე რომ, შესავლის მომზადებისას იფიქრე, რა თემები აინტერესებს ხალხს შენს ტერიტორიაზე. შეიძლება ეს იყოს საკითხები მთავრობასთან, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებასთან ან იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოეღება ბოლო ომებს. ადამიანს, როგორც წესი, სიამოვნებს, როცა საკუთარ აზრს გამოთქვამს, ამიტომ საინტერესო კითხვა შეარჩიე. შეგიძლია „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“ რომელიმე შეთავაზების ნიმუში აიღო და შენს ტერიტორიას მოარგო. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ოჯახური თაყვანისცემის საღამოზეც გაივარჯიშებთ შეთავაზებებზე.
3. როგორ შეგვიძლია შესავალი სიტყვები მოვარგოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის კულტურასა და წარმომავლობას?
3 კულტურა და წარმომავლობა. ზოგიერთ კულტურაში სტუმარმა მასპინძელს მისვლის მიზეზი მისვლისთანავე უნდა აუხსნას. ზოგან კი უტაქტობად ითვლება, თუ მოსული სტუმარი პირდაპირ საქმეზე გადადის. მან ჯერ უნდა მოიკითხოს მასპინძელი და მისი ოჯახი და თავის თავზეც უნდა თქვას ორიოდე სიტყვა. ქრისტიანულ ქვეყნებში თამამად შეგვიძლია საუბრის დასაწყისშივე ვახსენოთ ბიბლია (საქ. 2:14—17). მაშინ, როცა სხვა რელიგიის ხალხთან ან ათეისტებთან საუბრისას უმჯობესია, ბიბლია მხოლოდ განმეორებითი მონახულების დროს ვახსენოთ (საქ. 17:22—31).
4. როგორ უნდა მოვამზადოთ შესავალი სიტყვები?
4 შესავალი სიტყვები. შესავალი სიტყვები დიდი სიფრთხილით შეარჩიე. როგორც წესი, მოკლე და მარტივი წინადადებები უფრო პრაქტიკულია. ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადავცემთ შესავალ სიტყვებს. ილაპარაკე ხალისიანად. გულწრფელად და მეგობრულად გაუღიმე ადამიანს და აჩვენე, რომ მართლა გაინტერესებს ის. ზემოხსენებული რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება, მოვამზადოთ საინტერესო შესავალი, რომელიც აღძრავს ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, იკვებონ „იეჰოვას სუფრიდან“ (1 კორ. 10:21).