-
დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენასაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მარტი
-
-
ფაშიზმი უნგრეთში
უნგრეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც იეჰოვას მოწმეები ათეულობით წლების განმავლობაში დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ზოგს დევნის ატანა არათუ ორი, არამედ სამი ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდანაც მოუწია. ერთ-ერთი ამგვარად დევნილთაგანი არის ადამ ზინგერი. ის 1922 წელს პაკსში (უნგრეთი) დაიბადა და პროტესტანტად აღიზარდა. 1937 წელს ადამს მოწმეებმა მიაკითხეს. მან მაშინვე გამოავლინა მათ მიერ გადმოცემული ცნობისადმი ინტერესი. ბიბლიაზე დაფუძნებულმა ინფორმაციამ იგი დაარწმუნა, რომ თავისი ეკლესიის სწავლება არ იყო ბიბლიური. ასე რომ, მან დატოვა პროტესტანტული ეკლესია და ბიბლიის მკვლევარებთან ერთად ქადაგება დაიწყო.
ფაშიზმი სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს უნგრეთში. რამდენიმეჯერ ჟანდარმებმა შენიშნეს, რომ ადამი კარდაკარ ქადაგებდა. მათ დააკავეს ის და დაკითხეს. იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და 1939 წელს მათი საქმიანობა აიკრძალა. 1942 წელს ადამი დააპატიმრეს, ციხეში მიიყვანეს და სასტიკად სცემეს. რამ შეაძლებინა ამ 19 წლის ახალგაზრდას რამდენიმე თვის განმავლობაში ციხეში ტანჯვის ატანა? „დაპატიმრებამდე გულმოდგინედ ვსწავლობდი ბიბლიას და იეჰოვას განზრახვის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მქონდა“, — თქვა მან. ადამმა მხოლოდ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შეძლო მონათვლა და იეჰოვას მოწმედ გახდომა. ის 1942 წლის აგვისტოს, უკუნეთ ღამეში, თავის სახლთან ახლოს მდინარეში მოინათლა.
უნგრეთის ციხესა და სერბიის შრომა-გასწორების კოლონიაში
მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა. უნგრეთმა გერმანიის მხარე დაიკავა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. ასე რომ, 1942 წლის შემოდგომაზე ადამი ჯარში გაიწვიეს. ის გვიყვება: „განვაცხადე, რომ ბიბლიიდან მიღებული სწავლების საფუძველზე ჯარში არ ვიმსახურებდი. აგრეთვე ავუხსენი, რომ პოლიტიკაში ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებდი“. ადამს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის უნგრეთში დიდხანს არ დარჩენილა.
1943 წელს დაახლოებით 160 მოწმეს თავი მოუყარეს, მდინარე დუნაის ნაპირზე გემებში ჩასხეს და სერბიაში ჩაიყვანეს. მათ შორის იყო ადამიც. სერბიაში ეს პატიმრები უკვე ჰიტლერის მესამე რაიხის კონტროლის ქვეშ იყვნენ. ისინი ქალაქ ბორის შრომა-გასწორების კოლონიაში მიიყვანეს სპილენძის საბადოში სამუშაოდ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მოწმეები უნგრეთში დააბრუნეს. იქ კი 1945 წლის გაზაფხულზე ადამი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს.
კომუნისტების მმართველობა უნგრეთში
სამწუხაროდ, ადამის თავისუფლებამ დიდხანს არ გასტანა. 40-იანი წლების დასასრულს უნგრეთში კომუნისტებმა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალეს. მათაც ზუსტად იგივე გააკეთეს, რაც ომის დაწყებამდე ფაშისტებმა. 1952 წელს 29 წლის ადამი, რომელსაც უკვე ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, ჯარში მსახურებაზე უარის თქმის გამო კვლავ დააპატიმრეს და დამნაშავედ სცნეს. ადამმა სასამართლოს წინაშე განაცხადა: „ახლა პირველად არ ვამბობ ჯარში მსახურებაზე უარს. ამავე მიზეზის გამო ომის დროს დამაპატიმრეს და სერბიაში გადამაგზავნეს. სინდისი არ მრთავს ჯარში მსახურების ნებას. მე იეჰოვას მოწმე ვარ და პოლიტიკაში არ ვერევი“. ადამს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მოგვიანებით ოთხ წლამდე შეუმცირეს.
ადამის დისკრიმინაცია 70-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის უკვე 35 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბიბლიის მკვლევარებმა პირველად მოინახულეს მისი მშობლები. ამ ხნის მანძილზე მას მთლიანობაში 23 წელი ჰქონდა მისჯილი, ექვსჯერ იყო გასამართლებული და, სულ მცირე, ათ ციხესა და ბანაკში ჰქონდა სასჯელი მოხდილი. მან დევნის რამდენიმე ტალღა აიტანა: ფაშისტური რეჟიმი ომამდელ უნგრეთში, გერმანული ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სერბიაში და კომუნისტური რეჟიმი ცივი ომის პერიოდში უნგრეთში.
ადამი დღემდე მშობლიურ ქალაქ პაკსში ცხოვრობს და ღმერთს ერთგულად ემსახურება. ჰქონდა მას რაიმე უჩვეულო უნარი, რამაც ასეთი სირთულეები აატანინა და რწმენისათვის ბრძოლაში გაამარჯვებინა? სულაც არა. ის გვიყვება:
«ძალიან დამეხმარა ბიბლიის შესწავლა, ლოცვა და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა. აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ორი ფაქტორი. პირველი: იეჰოვაა ძალის წყარო. მასთან ახლო ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის მაშველი რგოლის მსგავსი იყო. მეორე: ყოველთვის მახსოვდა რომაელთა მე-12 თავი, სადაც ნათქვამია: „შურს ნუ იძიებთ თქვენთვის“. ასე რომ, წყენა გულში არასოდეს ჩამიდია. რამდენჯერმე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი მდევნელებისთვის სამაგიერო მიმეზღო, მაგრამ ასეთი შესაძლებლობებით არასოდეს მისარგებლია. იეჰოვას მიერ მოცემული ძალა არასოდეს უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბოროტებაზე ბოროტებით ვუპასუხოთ».
-
-
დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენასაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მარტი
-
-
[სურათები 7 გვერდზე]
ადამ ზინგერი პატიმრობისას და დღეს.
-