-
თვალთმაქცობა მოეღება ოდესმე ბოლო?საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 დეკემბერი
-
-
თვალთმაქცობა მოეღება ოდესმე ბოლო?
პანაიოტა ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გაიზარდა. მოზარდობისას მას პოლიტიკისადმი ძლიერი ინტერესი გაუჩნდა. მოგვიანებით ის თავის სოფელში ერთი პოლიტიკური პარტიის მდივანი გახდა. პარტიისთვის პოპულარიზაცია რომ გაეწია და თანხები მოეზიდა, ის ხალხს სახლშიც კი აკითხავდა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ პანაიოტას გული გაუტყდა, რადგან შენიშნა, რომ თანაპარტიელებს შორის, რომლებიც ერთმანეთს თანამებრძოლებს უწოდებდნენ, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, პატივმოყვარეობას, უთანხმოებასა და შურს.
დანიელი ირლანდიაში ღრმადმორწმუნე ოჯახში აღიზარდა. სამწუხაროდ, მას დღემდე არ ამოსდის გონებიდან მღვდლების თვალთმაქცობა, რომლებიც გადამეტებულად სვამდნენ, აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ და ეკლესიისთვის შეწირულ თანხას იპარავდნენ. არადა, დანიელს ურცხვად ასწავლიდნენ, რომ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯებოდა.
ჯეფრი დიდი ხნის მანძილზე მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა საერთაშორისო გემთმფლობელ კომპანიაში, რომელსაც ფილიალები დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ჰქონდა. ის იხსენებს, თუ როგორ თაღლითობდნენ კლიენტები და კონკურენტი კომპანიები მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს. ისინი ყველანაირ ტყუილზე მიდიოდნენ, ოღონდ კი კონტრაქტი გაეფორმებინათ.
-
-
თვალთმაქცობა მოეღება ოდესმე ბოლო?საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 დეკემბერი
-
-
„მათში ნამდვილი სიყვარული და სხვებისადმი გულწრფელი ინტერესი შევნიშნე“ (პანაიოტა)
პანაიოტას ცხოვრებაში ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში კრების შეხვედრას დაესწრო. მან დაინახა, რომ იქ შეკრებილები სამართლიანად სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ იქცეოდნენ. ის ამბობს: „მათში ნამდვილი სიყვარული და სხვებისადმი გულწრფელი ინტერესი შევნიშნე. ასეთი რამ ერთხელაც არ მიგრძნია იმ საზოგადოებაში, რომელშიც წლების განმავლობაში ვტრიალებდი“.
პანაიოტამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მალევე მოინათლა. მართალია, მან ეს ნაბიჯი 30 წლის წინ გადადგა, მაგრამ დღეს ის ასეთ რამეს ამბობს: „სიცოცხლის აზრი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციამ კი არ მაპოვნინა, არამედ სასიხარულო ცნობის ქადაგებამ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც მალე მთელ მსოფლიოში სამართალს დაამყარებს“.
„არ შემეძლო, თანაქრისტიანებისთვის თავი იმად მომეჩვენებინა, რაც სინამდვილეში არ ვიყავი“ (დანიელი)
დანიელს, მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა და სულიერად წინ წაიწია, ქრისტიანულ კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობები დაეკისრა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მან შეცდომა დაუშვა, რის გამოც სინდისი მოსვენებას არ აძლევდა. იგი იხსენებს: „ის თვალთმაქცობა რომ მახსენდებოდა, რასაც წლების განმავლობაში ეკლესიაში ვხედავდი, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად პასუხისმგებლობებზე უარის თქმა მიმაჩნდა. არ შემეძლო, თანაქრისტიანებისთვის თავი იმად მომეჩვენებინა, რაც სინამდვილეში არ ვიყავი“.
საბედნიეროდ, გარკვეული დროის შემდეგ, როცა დანიელმა ცვლილებები მოახდინა, სუფთა სინდისით შეძლო, კვლავ მიეღო პასუხისმგებლობები კრებაში. მსგავსი გულწრფელობა ახასიათებთ მათ, ვინც ღმერთს უთვალთმაქცოდ ემსახურება. მათ ისწავლეს, რომ „ჯერ საკუთარი თვალიდან [ამოიღონ] მორი“ და შემდეგ შესთავაზონ სხვას „ბალახის ღერის“ ამოღება.
„აღარ უნდა ვყოფილიყავი გაქნილი და ენაგაქლესილი მენეჯერი. ბიბლიამ ჩემს სინდისზე ძლიერ იმოქმედა“ (ჯეფრი)
ჯეფრი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ბიზნესში ტრიალებდა, აღნიშნავს: «რაც უფრო მეტ ბიბლიურ ცოდნას ვიძენდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ აღარ უნდა ვყოფილიყავი გაქნილი და ენაგაქლესილი მენეჯერი, რომელიც კონტრაქტის გასაფორმებლად ყველანაირ ტყუილზე იყო წამსვლელი. ჩემს სინდისზე ძლიერ იმოქმედა იგავების 11:1-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „მატყუარა პინები სისაძაგლეა იეჰოვასთვის“». მართლაც, იმ თვალთმაქცი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც იესოს სიტყვაში გამოჭერას ცდილობდნენ, ჯეფრიმ ისწავლა, რომ თანაქრისტიანებთან თუ სხვებთან საქმიანი ურთიერთობისას არ ჰქონოდა ფარული აღძვრები.
-