-
იესო ერთ ფარისეველს სტუმრობსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
„თქვენ, ფარისევლები, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნაძარცვითა და ბოროტებით. უგუნურნო! განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?“ (ლუკა 11:39, 40).
ამ სიტყვებით იესო ფარისეველთა თვალთმაქცობას ხდის ფარდას. მართალია, ფარისევლები და სხვები, წესისამებრ, ყოველთვის იბანენ ხელებს, მაგრამ გულებს არ ისუფთავებენ ბოროტებისგან. ამიტომ იესო ასეთ რჩევას აძლევს მათ: „გაეცით მოწყალებად შინაგანი და ყველაფერი სუფთა გექნებათ“ (ლუკა 11:41). ეს სრული ჭეშმარიტებაა! გაცემისკენ გულში მოჭარბებული სიყვარული უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, რომ თითქოსდა ძალიან მართლები ვართ.
იესოს მსმენელები კი გასცემენ, მაგრამ ავიწყდებათ გაცილებით მნიშვნელოვანი, რაზეც იესო უმახვილებს ყურადღებას: „იხდით პიტნის, ტეგანისა და სხვა მწვანილეულის მეათედს, ღვთის სამართალსა და სიყვარულს კი გვერდს უვლით!“ (ლუკა 11:42). ღვთის კანონის თანახმად მეათედის შეწირვა მოითხოვებოდა (კანონი 14:22). ამაში შედიოდა პიტნა, ტეგანი და მწვანილეულობა, რომელთაც საჭმლის შესაკმაზად იყენებდნენ. ფარისევლები ზედმიწევნით ასრულებდნენ ამ მოთხოვნას, მაგრამ რა შეიძლება ითქვას გაცილებით მნიშვნელოვანზე, რისი დაცვაც ღვთის კანონით მოითხოვებოდა, კერძოდ სამართლიანობის გამოვლენასა და ღვთის წინაშე მოკრძალებით სიარულზე? (მიქა 6:8).
იესო განაგრძობს: „ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან გიყვართ წინა ადგილები სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე! ვაი თქვენ, რადგან შეუმჩნეველ სამარხებს ჰგავხართ, რომლებზეც ადამიანები დააბიჯებენ და არც კი იციან!“ (ლუკა 11:43, 44). დიახ, თუ ადამიანი შემთხვევით დააბიჯებდა ფეხს შეუმჩნეველ სამარხს, რიტუალური თვალსაზრისით უწმინდური გახდებოდა. იესო ამ ფაქტს იმის საჩვენებლად უსვამს ხაზს, რომ ფარისევლების უწმინდურება დაფარულია (მათე 23:27).
იესოს სიტყვებზე ერთი კანონის მცოდნე უკმაყოფილებას გამოთქვამს: „მოძღვარო, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“. მაგრამ ასეთმა ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი დახმარების ხელს არ უწვდიან ხალხს. იესო ამბობს: „ვაი თქვენც, კანონის მცოდნეებო, რადგან ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ! ვაი თქვენ, რადგან სამარხებს უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენმა მამა-პაპამ დახოცა!“ (ლუკა 11:45—47).
იესო ტვირთში გულისხმობს ადამიანურ ტრადიციებსა და ფარისეველთა მიერ დამახინჯებულ კანონს. ისინი არ უმსუბუქებენ ხალხს ტვირთს, პირიქით უფრო უმძიმებენ და მის ტარებას აიძულებენ. აბელიდან მოყოლებული მათი წინაპრები ხოცავდნენ ღვთის წინასწარმეტყველებს. ახლა კი ისინი, ვინც ცდილობენ, თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს პატივს სცემენ წინასწარმეტყველებს და სამარხებს უშენებენ, სინამდვილეში თავიანთ მამა-პაპას ჰბაძავენ და მათ მსგავსად აზროვნებენ და იქცევიან. მათ ყველაზე დიდი წინასწარმეტყველის მოკვლაც კი აქვთ განზრახული. იესო ამბობს, რომ ღმერთი აუცილებლად აგებინებს პასუხს ამ თაობას და ეს ასეც მოხდა ამ მოვლენებიდან დაახლოებით 38 წელიწადში, ახ. წ. 70 წელს.
იესო განაგრძობს: „ვაი თქვენ, კანონის მცოდნეებო, რადგან წაიღეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!“ (ლუკა 11:52). ეს მამაკაცები, წესით, ხალხს ღვთის სიტყვას უნდა ასწავლიდნენ, მაგრამ ისინი ართმევენ მათ შესაძლებლობას, გაეცნონ ღვთის აზრებს და ჩასწვდნენ მისი სიტყვის სიღრმეებს.
-
-
მაგალითი მდიდარ კაცზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ფარისევლის სახლიდან გამოსვლის შემდეგ იესო ისეთ რამეს ამბობს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი მოწაფეებისთვის: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს — თვალთმაქცობას“. იესომ ეს რჩევა მანამდეც მისცა მოწაფეებს, მაგრამ ახლა ფარისეველთან სტუმრობის დროს დარწმუნდა, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს მართლაც დროული რჩევაა (ლუკა 12:1; მარკოზი 8:15). ფარისევლები შეიძლება ცდილობენ, ღვთისმოსაობის საბურველში გახვიონ საკუთარი ბოროტება, მაგრამ მათ მანკიერებას აუცილებლად უნდა აეხადოს ფარდა, რადგან ხალხს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იესო უხსნის მსმენელს: „არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება, და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება“ (ლუკა 12:2).
-