საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველას სურს, ჯანმრთელი იყოს!
    გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
    • ყველას სურს, ჯანმრთელი იყოს!

      დაახლოებით 2 700 წლის წინათ ღვთის წინასწარმეტყველმა დაწერა, რომ დადგებოდა დრო, როცა ავადმყოფობა აღარ იქნებოდა. ამ წინასწარმეტყველებამ ჩვენამდე მოაღწია და მისი წაკითხვა ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველ ესაიას ხელნაწერებში შეგვიძლია. მან თქვა: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“. „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 33:24; 35:5, 6). ასეთი მომავალი სხვა წინასწარმეტყველებებშიც არის აღწერილი. ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“ საუბრობს დროზე, როცა ღმერთი მოსპობს ტკივილს (გამოცხადება 21:4).

      შესრულდება ეს დანაპირები? დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა აღარ იარსებებს ავადმყოფობა და ყველას კარგი ჯანმრთელობა ექნება? უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ხალხის უმრავლესობას უკეთესი ჯანმრთელობა აქვს, ვიდრე წინა თაობებს ჰქონდათ; მაგრამ უკეთესი საუკეთესოს არ ნიშნავს. ავადმყოფობა დღესაც ტანჯავს ადამიანებს. იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება ავად გავხდეთ, შიშის მომგვრელია. მწარე რეალობაა, რომ დღესაც კი ვერავინ გაექცევა ამა თუ იმ სახის ფიზიკურ ავადმყოფობასა თუ ფსიქიკურ მოშლილობას.

      რა ფასად უჯდებათ ადამიანებს ავადმყოფობა?

      ჯანმრთელობის გაუარესებას თან სდევს მრავალი პრობლემა. დღითი დღე იზრდება მკურნალობის საფასური. მაგალითად, გასულ წელს ევროპაში ავადმყოფობის გამო 500 მილიონი სამუშაო დღე გაცდა; მსგავსი მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში. შრომის ნაყოფიერების შემცირება და მკურნალობის ხარჯების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას, რაც ყველას თავსატეხს უჩენს. მუშახელის ავადმყოფობის გამო საწარმოებსა და სახელმწიფოს დამატებითი ხარჯების გაღება უწევს. კომპენსაციის მიზნით საწარმოები თავიანთ პროდუქციაზე ფასებს ზრდიან და სახელმწიფო — გადასახადებს. ვინ ზარალდება ამით? ცხადია, თქვენ!

      სამწუხაროდ, ღარიბი ადამიანი ვერ ისარგებლებს სათანადო (ან ნებისმიერი სახის) სამედიცინო მომსახურებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მილიონებს იშვიათად ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი კვალიფიციურ მკურნალობაზე. მდიდარ ქვეყნებშიც კი ზოგს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება ქვეყანაში არსებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 46 მილიონს არა აქვს ჯანმრთელობა დაზღვეული.

      ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავადმყოფობა მხოლოდ ფინანსური ტვირთი არ არის. უფრო მძიმეა ემოციური ტვირთი, რაც უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს აწევს; მძიმე ასატანია ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ტკივილები, სერიოზულად დაავადებულთა ყურება და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სასოწარკვეთილება.

      იმის იმედი, რომ ავადმყოფობა აღარ იარსებებს, ადამიანის გულს მალამოდ ედება! ყველას უნდა, კარგი ჯანმრთელობა ჰქონდეს! რაც უნდა დაუჯერებლად გვეჩვენებოდეს, ბევრს სწამს, რომ ეს დრო ნამდვილად დადგება. ზოგს იმის იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ახალი გამოგონებების წყალობით ყველანაირი დავადების მოსპობა გახდება შესაძლებელი. მათ კი, ვინც ბიბლიას ენდობა, უძველესი ბიბლიური წინასწარმეტყველებების სწამთ და იმ დროს ელიან, როცა ავადმყოფობა მოისპობა. ვინ მოსპობს ავადმყოფობას — ადამიანი თუ ღმერთი? რას გვიქადის მომავალი?

  • განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
    • განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?

      განკურნავს თანამედროვე მეცნიერება მსოფლიოს? ნაწინასწარმეტყველებია წიგნ „ესაიასა“ და „გამოცხადებაში“, რომ დადგება დრო, როცა ადამიანები თავად შეძლებენ ყველა დაავადების განკურნებას? ზოგს მედიცინაში მიღწეული მრავალი წარმატება იმაში არწმუნებს, რომ მეცნიერებას შეუძლია მსოფლიოს განკურნება.

      მთავრობები თუ ცალკეული სპონსორები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად, დაავადებების წინააღმდეგ უპრეცედენტო კამპანიის წამოწყებაზე მუშაობენ. ისინი ცდილობენ განვითარებადი ქვეყნების ბავშვთა იმუნიზაციას. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, თუ ქვეყნები დასახულ მიზნებს მიაღწევს, „2015 წლისთვის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრებ 70 მილიონზე მეტ ბავშვს ყოველწლიურად გაუკეთდება ვაქცინები ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა: ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, რუბეოლა, ყვითელი ცხელება, ჰემოგლობინოფილური ბაქტერიით გამოწვეული B ტიპის გრიპი, ჰეპატიტი B, პოლიომიელიტი, როტავირუსით გამოწვეული გასტროენტერიტი, პნევმოკოკებითა თუ მენინგოკოკებით გამოწვეული დაავადებები და იაპონური ენცეფალიტი“. აგრეთვე ყოველ ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს ჯანმრთელობის ხელშემწყობი საშუალებები, მაგალითად, სუფთა წყალი და უკეთესი კვება; ასევე ცდილობენ, მოსახლეობას ასწავლონ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

      და მაინც, მეცნიერებს გაცილებით მეტის გაკეთების სურვილი აქვთ. მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა ჯანდაცვის სფეროში რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით ყოველ რვა წელიწადში მეცნიერთა მცდელობის შედეგად სამედიცინო დარგში დაგროვილი ცოდნა ორჯერ მატულობს. მრავალი უახლესი მიღწევებიდან აქ მხოლოდ რამდენიმეა მოყვანილი და საუბარია დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად დასახულ მიზნებზე.

      ◼ კომპიუტერული ტომოგრაფია. დაახლოებით 30 წელზე მეტია, რაც მედიცინაში გამოკვლევის ამ მეთოდს იყენებენ. კომპიუტერული ტომოგრაფის გამოყენებისას რენტგენული სხივებით შრეობრივი გაშუქების შედეგად მიიღება ორგანოების სამგანზომილებიანი გამოსახულებები. ეს აადვილებს დიაგნოსტიკასა და შინაგანი ორგანოების გამოკვლევას.

      მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პოლემიკა ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოსხივების უარყოფითი გავლენის შესახებ, მედიცინის მუშაკებს სჯერათ, რომ მომავალში გამოკვლევის ეს მეთოდი მრავალმხრივ იქნება სასარგებლო. ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული კლინიკის რადიოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი, მაიკლ ვანერი ამბობს: „გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კომპიუტერული ტომოგრაფია საოცრად დაიხვეწა“.

      კომპიუტერული ტომოგრაფი ახლა უფრო სწრაფი, ზუსტი და იაფია. უახლეს ტომოგრაფებში სკანირების სიჩქარე ძალიან დიდია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის სკანირებისას. ვინაიდან გული გამუდმებით ცემს, მისი ტომოგრაფიის შედეგად მიღებულ სურათებს არ ჰქონდა ნათელი კონტურები და რთული იყო გულის მდგომარეობის ზუსტად განსაზღვრა. როგორც ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ აღინიშნა, ახალი დანადგარების საშულებით სკანირებისას რენტგენის სხივი „წამის მესამედში მოივლის მთელ სხეულს, ეს კი გულისცემის სისწრაფეს აღემატება“, რაც შესაძლებელს ხდის უფრო ნათელი სურათის მიღებას.

      ასეთი უახლესი დანადგარების საშუალებით ექიმებს შეუძლიათ არა მარტო ანატომიური დეტალების დანახვა, არამედ სხეულის ამა თუ იმ ნაწილში ბიოქიმიურ პოცესებზე დაკვირვებაც. ეს კი შესაძლებელს ხდის კიბოს ადრეულ სტადიებზე გამოვლენას.

      ◼ ქირურგიაში რობოტების გამოყენება. რთული აგებულების რობოტების არსებობა მედიცინაში აღარ არის წარმოუდგენელი. რობოტების გამოყენებით უკვე ათასობით ოპერაცია კეთდება. ზოგჯერ ქირურგები რობოტის რამდენიმე „ხელს“ მართავენ. ეს „ხელები“ აღჭურვილია სკალპელებით, მაკრატლებით, ელექტრო-კოაგულატორებითა და სხვა ქირურგიული ინსტრუმენტებით. ეს მეთოდი ქირურგებს საშუალებას აძლევს, საოცარი სიზუსტით გააკეთონ ურთულესი ოპერაციები. „ქირურგები, რომლებიც რობოტების გამოყენებით აკეთებენ ოპერაციებს, აღნიშნავენ, რომ პაციენტები ნაკლებ სისხლს კარგავენ, ნაკლები ტკივილები აღენიშნებათ, იშვიათად აქვთ გართულებები, უფრო მალე ეწერებიან საავადმყოფოდან და შედარებით სწრაფად გადიან რეაბილიტაციის პროცესს, ვიდრე ისინი, ვისაც ჩვეულებრივი მეთოდით უკეთებენ ოპერაციას“, — აღნიშნავს ჟურნალი „ნიუსუიკი“.

      ◼ ნანომედიცინა. ნანომედიცინა არის მედიცინაში ნანოტექნოლოგიის გამოყენება; ნანოტექნოლოგია კი არის მეცნიერება მიკროსკოპული ობიექტების მანიპულირებისა და წარმოქმნის შესახებ. მეცნიერების ამ დარგში იყენებენ საზომ ერთეულს, რომელსაც ნანომეტრი ეწოდება; ნანომეტრი მეტრის ერთ მემილიარდედს შედაგენსa.

      შედარებისათვის, ჟურნალის გვერდი, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაახლოებით 100 000 ნანომეტრი სისქისაა, ხოლო ადამიანის თმა — დაახლოებით 80 000; სისხლის წითელი უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 2 500 ნანომეტრს უდრის; ბაქტერია დაახლოებით 1000 ნანომეტრი სიგრძისაა, ვირუსი კი — 100; თქვენი დნმ-ს დიამეტრი დაახლოებით 2, 5 ნანომეტრია.

      ნანოტექნოლოგიის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ახლო მომავალში მეცნიერები შეძლებენ ადამიანის ორგანიზმში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად ძალიან პატარა აპარატების შექმნას. ამ აპარატებს ხშირად ნანომანქანებს უწოდებენ. ეს პატარა რობოტები აღჭურვილი იქნება მიკროსკოპული კომპიუტერებით და თითოეულ მათგანს კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად დააპროგრამებენ. ამ საოცრად რთულ მანქანებს ააწყობენ დეტალებისგან, რომელთა ზომაც 100 ნანომეტრზე ნაკლები იქნება; ეს კი სისხლის წითელი უჯრედის დიამეტრზე 25-ჯერ პატარაა!

      ვინაიდან ამ მანქანებს ძალიან მცირე ზომა აქვთ, იმედოვნებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნანომანქანები შეძლებენ, შეაღწიონ ძალიან ვიწრო კაპილარებში და ჟანგბადით მოამარაგონ იშემიური უბნები, სისხლძარღვებს მოაშორონ ათეროსკლეროზული ფოლაქები და ტვინი გაათავისუფლონ დაზიანებული უჯრედებისგან; აგრეთვე იპოვონ და გაანადგურონ ვირუსები, ბაქტერიები და სხვა დამაინფიცირებელი აგენტები. ნანომანქანების გამოყენება კონკრეტულ უჯრედამდე წამლის მისატანადაც შეიძლება.

      მეცნიერების ვარაუდით, ნანომანქანების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაადვილდება კიბოს გამოვლენა. მედიცინის, ფიზიკისა და ბიომედიცინის მეცნიერებათა პროფესორმა, დოქტორ სამუელ ვიკლინმა, თქვა: „უამრავი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ აღმოჩენილ იქნას ძალიან პატარა ზომის სიმსივნე და ჩატარებულ იქნას კიბოს მკურნალობა ძლიერმოქმედი პრეპარატებით, რომლებიც მხოლოდ დაზიანებულ უბანზე იმოქმედებს; ეს კი შეამცირებს ნებისმიერი საზიანო გვერდითი მოვლენის წარმოქმნის საშიშროებას“.

      რაოდენ არარეალურადაც უნდა ჟღერდეს, ზოგი მეცნიერისთვის ნანომედიცინა სრულიად რეალურია. ამ დარგში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ათწლეულში ნანოტექნოლოგია დაინერგება და მას უჯრედების „შესაკეთებლად“ და მათი მოლეკულური სტუქტურის რეორგანიზაციისთვის გამოიყენებენ. ამ იდეის ერთი მხარდამჭერი აცხადებს: „ნანომედიცინა XX საუკუნის თითქმის ყველა გავრცელებულ დაავადებას, ტკივილსა და ტანჯვას მოსპობს და გაზრდის ადამიანთა შესაძლებლობებს“. როგორც ამბობენ, ზოგი მეცნიერი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს უკვე დღეს, როდესაც ნანომედიცინას ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას იყენებს.

      ◼ გენომიკა. გენომიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც გენების აგებულებას სწავლობს. ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი სასიცოცხლოდ აუცილებელ მრავალ კომპონენტს შეიცავს. ამ კომპონენტთაგან ერთ-ერთია გენები. თითოეულ ჩვენგანს აქვს დაახლოებით 35 000 გენი, რომლებიც განსაზღვრავს თმის ფერსა და სტრუქტურას, კანისა და თვალის ფერს, სიმაღლესა და ჩვენი ფიზიკური გარეგნობის სხვა თავისებურებებს. გენები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ იმუშავებს ჩვენი შინაგანი ორგანოები.

      გენების სტრუქტურის დაზიანება ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ზოგი მეცნიერის აზრით, ნებისმიერი დაავადება გენების დაზიანების შედეგად ჩნდება. ზოგიერთი გენეტიკური დეფექტი მემკვიდრეობითია, ზოგიც ბუნებაში არსებული საზიანო ელემენტების გავლენით ვითარდება.

      მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე ამოიცნობენ კონკრეტულ გენებს, რომლებიც განაპირობებს ორგანიზმის მიდრეკილებას ამა თუ იმ დაავადებისკენ. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, გაიგონ, მაგალითად, თუ რატომ ავადდება კიბოთი ერთი ადამიანი უფრო ადვილად, ვიდრე მეორე ან რატომ არის ამა თუ იმ სახის სიმსივნე ზოგ ადამიანში აგრესიული, სხვებში კი — არა. მეცნიერების ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებმა შეიძლება ისიც აღმოაჩინონ, თუ რატომ არის ესა თუ ის წამალი ერთი პაციენტისთვის ეფექტური, მეორისთვის კი — არა.

      ასეთი გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას მედიცინის დარგი, რომელსაც შეიძლება ინდივიდუალური მედიცინა ეწოდოს. როგორ შეგიძლიათ ამით ისარგებლოთ? ინდივიდუალური მედიცინა გვთავაზობს მკურნალობის მეთოდს, რომელიც უშუალოდ თქვენს გენომს შეესაბამება. მაგალითად, თუ თქვენი გენების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამა თუ იმ დაავადებისკენ ხართ მიდრეკილნი, მაშინ ექიმებს შეეძლებათ ამ დაავადების გამოვლენა მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ მისი სიმპტომები აღმოგაჩნდებათ. ამ იდეის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დაავადებული, სწორი მკურნალობით, დიეტით და ცხოვრების სწორი წესით შეიძლება საერთოდ თავიდან იქნას არიდებული ამ დაავადების განვითარება.

      გენებმა შეიძლება ექიმებს ისიც უკარნახოს, თუ რომელ წამალზე ექნება ორგანიზმს უარყოფითი რეაქცია. ეს ინფორმაცია ექიმებს საშუალებას მისცემს, გამოგიწერონ ზუსტად ის წამალი, რაც პირადად თქვენ გჭირდებათ, და ზუსტად იმ დოზით, რაც კონკრეტულ შემთხვევაშია საჭირო. გაზეთი „ბოსტონ გლოუბი“ იუწყება: „2020 წლისთვის [ინდივიდუალური მედიცინის] გავლენა გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია. გენების გამოკვლევის საფუძველზე დაამზადებენ ახალი თაობის წამლებს, რომლებსაც დიაბეტის, გულის დაავადებების, ალცჰეიმერის, შიზოფრენიისა და იმ მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, რომლებიც დღეს ფართოდ არის გავრცელებული“.

      მკურნალობის ზემოხსენებული მეთოდები მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი მეთოდიდან, რომელთა დანერგვასაც მეცნიერება სამომავლოდ გვპირდება. ცოდნა სამედიცინო სფეროში არნახული მასშტაბებით იზრდება. მაგრამ მეცნიერებს არ აქვთ იმის იმედი, რომ ოდესმე სრულიად აღმოფხვრიან დაავადებებს. არსებობს ბევრი დაბრკოლება, რომლებიც ჯერ კიდევ გადაულახავი ჩანს.

      ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლებები

      ადამიანთა ქმედებები ხელს უშლის დაავადებების აღმოფხვრას. მაგალითად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ადამიანების მიერ ეკოსისტემებისთვის გარკვეული ზიანის მიყენება ახალი, საშიში დაავადებების წარმოშობას განაპირობებს. „ნიუსუიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მერი პერლმა, ბუნების დაცვის სამსახურის პრეზიდენტმა, აღნიშნა: „XX საუკუნის 70-იანი წლებიდან 30-ზე მეტი ახალი დაავადება გაჩნდა; ამ დაავადებებს შორის არის: შიდს-ი, ებოლა, ლაიმა და მწვავე რესპირატორული დაავადების სინდრომი. მეცნიერების აზრით, ამ დაავადებების უმრავლესობა ცხოველთა სამყაროდან გავრცელდა ადამიანებში“.

      გარდა ამისა, ადამიანები იღებენ ნაკლებ ხილსა და ბოსტნეულს და მეტ შაქარს, მარილსა და გაჯერებულ ცხიმებს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ არ ეწევიან ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას და უარს არ ამბობენ ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ჩვევებზე, რის გამოც გულსისხლძარღვთა დაავადებები უვითარდებათ. იზრდება თამბაქოს მწეველთა რიცხვი, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს, და ამას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იღებს ტრავმებს ან იღუპება. ომისა და ძალადობის შედეგად უამრავი ადამიანი კვდება ან სახიჩრდება. ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას მილიონების ჯანმრთელობა ეწირება.

      ფაქტი ის არის, რომ გამოწვევი მიზეზებისა თუ მედიცინაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, ზოგი დაავადება კვლავაც დიდ ტკივილს აყენებს კაცობრიობას. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, „ნებისმიერ მომენტში 150 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება დეპრესიით, დაახლოებით 25 მილიონი — შიზოფრენიით, 38 მილიონი კი — ეპილეფსიით“. აივ-ი/შიდს-ით, დიარეით, მალარიით, პნევმონიითა და ტუბერკულოზით მილიონობით ადამიანი ავადდება, რის შედეგადაც უამრავი ბავშვი და ახალგაზრდა იღუპება.

      არსებობს კიდევ სხვა, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის დაავადებების მოსპობას. ორი დიდი გადაულახავი დაბრკოლებაა სიღარიბე და ცუდი მთავრობა. ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, ინფექციური დაავადებებით დაღუპული მილიონობით ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მთავრობას რომ ეზრუნა მათზე და საკმარისი თანხები გამოეყო.

      გადალახავს ამ დაბრკოლებებს მედიცინაში დაგროვილი ცოდნა და სამედიცინო ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი განვითარება? მოისპობა ოდესმე ავადმყოფობა? ზემოთ მოხსენიებული ფაქტორები ამ კითხვაზე ნათელი პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევს. ამ კითხვაზე პასუხს ბიბლია იძლევა. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, თუ რას გვეუბნება ბიბლია დროზე, როდესაც დაავადებები აღარ იარსებებს.

      [სქოლიო]

      a პრეფიქსი „ნანო“ ბერძნული სიტყვის ნაწილია და ნიშნავს „მემილიარდედს“.

      [ჩარჩო/სურათები 7 გვერდზე]

      კომპიუტერული ტომოგრაფია

      შინაგანი ორგანოების უფრო ნათელი და ზუსტი გამოსახულებები დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.

      [საავტორო უფლებები]

      © Philips

      Siemens AG

      ქირურგიაში რობოტების გამოყენება

      ქირურგიული ინსტრუმენტებით აღჭურვილი რობოტების საშუალებით ექიმები საოცარი სიზუსტით აკეთებენ ურთულეს ოპერაციებს.

      [საავტორო უფლება]

      © 2006 Intuitive Surgical, Inc.

      ნანომედიცინა

      ადამიანების მიერ შექმნილი მიკროსკოპული მანქანები ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, პაციენტებს უჯრედულ დონეზე უმკურნალონ. სურათზე ნაჩვენებია მხატვრის ინტერპრეტაცია, თუ როგორ ასრულებს ნანომანქანა სისხლის წითელი უჯრედის ფუნქციას.

      [საავტორო უფლებები]

      Artist: Vik Olliver (vik@diamondage.co.nz)/Designer: Robert Freitas

      გენომიკა

      მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თითოეული ადამიანის გენომის შესწავლით შესაძლებელი იქნება დაავადების გამოვლენა და მკურნალობა მანამ, სანამ პაციენტს რაიმე სიმპტომი აღენიშნება.

      [საავტორო უფლება]

      Chromosomes: © Phanie/ Photo Researchers, Inc.

      [ჩარჩო 8, 9 გვერდებზე]

      ექვსი დაუძლეველი მტერი

      დღეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა მედიცინაში და საგრძნობლად გაუმჯობესდა პაციენტთა მომსახურებისთვის საჭირო ტექნოლოგიები. ამის მიუხედავად, ინფექციური დაავადებები ჯერაც დიდ ზიანს აყენებს მსოფლიოს. აქ ჩამოთვლილი დაავადებები დღემდე დაუძლეველია.

      აივ-ი/შიდს-ი

      დაახლოებით 60 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული აივ-ით, 20 მილიონი კი უკვე დაიღუპა შიდს-ით. 2005 წელს კიდევ 5 მილიონი დაინფიცირდა აივ-ით და 3 მილიონზე მეტი დაიღუპა შიდს-თან დაკავშირებული გართულებებით. ამ დაავადების მსხვერპლთა შორის 500 000-ზე მეტი ბავშვია. აივ-ით დაინფიცირებულთა უმრავლესობას სათანადო მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება.

      დიარეა

      ყოველწლიურად დიარეით დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანი ავადდება და ძირითადად ის ღარიბთა სიკვდილიანობას იწვევს. დიარეის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა; იგი ვრცელდება დაბინძურებული წყლითა თუ საკვებით ან პირადი ჰიგიენის დაუცველობით. ყოველწლიურად ნაწლავური ინფექციები 2 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

      მალარია

      მალარიით ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ავადდება და დაახლოებით 1 მილიონი კვდება; მათ შორის ბევრი ბავშვია. აფრიკაში დაახლოებით ყოველ ნახევარ წუთში მალარიით ერთი ბავშვი იღუპება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, „მეცნიერებს დღემდე არა აქვთ მალარიის დასამარცხებელი სასწაულთმოქმედი საშუალება, და მრავალი ეჭვობს, რომ ოდესმე ექნებათ“.

      წითელა

      2003 წელს წითელამ 500 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ის ბავშვთა შორის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია; წითელა ადვილად გადამდები დაავადებაა. ამ დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ხდება ავად. პარადოქსია, მაგრამ წითელას წინაააღმდეგ ეფექტური და იაფი ვაქცინა დაახლოებით 40 წლის წინ უკვე იყო ხელმისაწვდომი.

      პნევმონია

      ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ინფექციურ დაავადებათა შორის ბავშვების სიკვდილიანობას ყველაზე მეტად პნევმონია იწვევს. ყოველწლიურად პნევმონია ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 2 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს იწირავს. დაღუპულ ბავშვთა უმრავლესობა აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდა. მრავალ ქვეყანაში პაციენტებს თითქმის არა აქვთ მკურნალობის შესაძლებლობა.

      ტუბერკულოზი

      2003 წელს ტუბერკულოზი გახდა 1 700 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ჯანდაცვის მუშაკების მთავარი თავსატეხი მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტებიების წარმოშობაა. ამ ბაქტერიებიდან ზოგმა ტუბერკულოზის სამკურნალო ყველა მედიკამენტისადმი განივითარა რეზისტენტულობა. წამლებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებმაც სათანადოდ არ იმკურნალეს ან მკურნალობა ბოლომდე არ ჩაიტარეს.

      [ჩარჩო/სურათი 9 გვერდზე]

      მრავლდება არატრადიციული მკურნალობის მეთოდები

      არსებობს მკურნალობის მრავალი მეთოდი, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ტრადიციული მედიცინა არ ცნობს. ეს მეთოდები არატრადიციული მკურნალობის მეთოდებია. განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობისთვის მხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს მიმართავს. ღარიბ ქვეყნებში მრავალს ხელი არ მიუწვდება ტრადიციული მეთოდებით მკურნალობაზე მაშინ, როდესაც მრავალი თავად ირჩევს ამ მეთოდით მკურნალობას.

      მკურნალობის არატრადიციული მეთოდები მდიდარ ქვეყნებშიც სარგებლობს პოპულარობით. არატრადიციული მკურნალობის გავრცელებულ მეთოდებს შორისაა: აკუპუნქტურა, მანუალური თერაპია, ჰომეოპათია, ნატუროთერაპია და ფიტოთერაპია. ამ მეთოდთაგან ზოგი მეცნიერულად გამოკვლეულ იქნა და დადგინდა, რომ გარკვეული დაავადებების დროს მათი გამოყენება სასარგებლოა, მაგრამ ზოგი მათგანი ბოლომდე არ არის შესწავლილი. არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის პოპულარიზაციამ წამოჭრა კითხვა — არის თუ არა ამ მეთოდებით მკურნალობა უსაფრთხო. მრავალ ქვეყანაში არატრადიციულ მკურნალობას არავინ უწევს კონტროლს; ეს კარგ გარემოს ქმნის თვითმკურნლობისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისთვის; აგრეთვე ხელს უწყობს თაღლითობას. კეთილი სურვილებით აღძრული მეგობრები და ნათესავებიც შეიძლება თვითნებურად დანიშნული მკურნალების როლში გამოვიდნენ. ყოველივე ამას შეიძლება ორგანიზმის უარყოფითი რეაქციები და ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა შედეგები მოჰყვეს.

      ზოგ ქვეყანაში, სადაც არატრადიციულ მედიცინას კონტროლი ეწევა, ის მისაღები ხდება ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის მომხრეთათვისაც; ამ მეთოდით მკურნალობას ექიმები ნიშნავენ. და მაინც, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის საფუძვლიანი მტკიცება, რომ ამ მეთოდების გამოყენებით დაავადებები ოდესმე მაინც მოისპობა.

  • როდესაც ავადმყოფობა აღარ იქნება!
    გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
    • როდესაც ავადმყოფობა აღარ იქნება!

      მრავალს იმის იმედი აქვს, რომ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ზეცაში ასულები გათავისუფლდებიან ტკივილისა და ავადმყოფობისგან. ამ საყოველთაო მრწამსის საპირისპიროდ, ბიბლია გვაძლევს იმედს, რომ ადამიანები დედამიწაზე იცხოვრებენ სამოთხეში (ფსალმუნი 37:11; 115:16). ის გვპირდება, რომ ადამიანებს ექნებათ სრულყოფილი ჯანმრთელობა, იქნებიან ბედნიერნი და მარადიულად იცხოვრებენ.

      რა არის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი? როგორ მოისპობა ავადმყოფობა დედამიწაზე? ამ კითხვებზე ბიბლია გვპასუხობს.

      ◼ ავადმყოფობის ნამდვილი მიზეზი. პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, ღმერთმა სრულყოფილი ჯანმრთელობა მისცა (დაბადება 1:31; მეორე კანონი 32:4). ისინი დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისთვის იყვნენ შექმნილი, და ეს შესაძლებლობა მანამ არ დაუკარგავთ, სანამ ნებაყოფლობით არ წავიდნენ ღვთის წინააღმდეგ. დაუმორჩილებლობის შედეგად მათმა ორგანიზმმა დაავადებისადმი გამძლეობა დაკარგა (დაბადება 3:17—19). ღვთის მმართველობის უგულებელყოფით მათ შემოქმედთან, სრულყოფილი სიცოცხლის წყაროსთან, ურთიერთობა გაწყვიტეს. ისინი არასრულყოფილები გახდნენ. შედეგად, როგორც ღმერთს ჰქონდა ნათქვამი, ისინი ავადმყოფობასა და სიკვდილს ვერსად გაექცეოდნენ (დაბადება 2:16, 17; 5:5).

      ღვთის წინააღმდეგ წასვლის შემდეგ ადამსა და ევას თავიანთი შთამომავლობისთვის მხოლოდ არასრულყოფილების გადაცემა შეეძლოთ (რომაელები 5:12). როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, დღეს მეცნიერები აღიარებენ, რომ ადამიანებს აქვთ მემკვიდრეობითი დეფექტები, რაც ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ მეცნიერთა ჯგუფმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ბიოლოგიურად გარდაუვალია ის, რომ სიცოცხლის დასაწყისშივე ორგანიზმში იწყება პროცესები, რომლებიც საკუთარი თავის განადგურებისკენ არის მიმართული“.

      ◼ ადამიანთა მცდელობა ამაოა. მეცნიერებამ დაავადებებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის გაგება მეცნიერებისთვის იმდენად რთულია, რომ ბოლომდე ვერ წვდებიან მას. ეს გასაკვირი არ არის ბიბლიის შემსწავლელებისთვის, რომლებმაც იციან ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმუნი 146:3).

      მაგრამ ბიბლიის სიტყვების თანახმად, „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა 18:27). იეჰოვა ღმერთს შეუძლია მოსპოს ავადმყოფობის მიზეზი. ის განკურნავს ყველა ჩვენს სნეულებას (ფსალმუნი 103:3). ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვა აღგვითქვამს: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

      ◼ რისი გაკეთება გმართებთ. იესო ქრისტემ აღნიშნა, თუ რისი გაკეთება გვმართებს, რომ ვიცხოვროთ ქვეყნიერებაში, სადაც ავადმყოფობა აღარ იქნება. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

      ღვთის პიროვნებასა და მისი ძის, იესოს, სწავლებებს ბიბლიით ვეცნობით. ღვთის სიტყვაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც გვეხმარება, უკვე დღეს ვიცხოვროთ უკეთესად. გარდა ამისა, ღმერთი თავის მორჩილ მსახურებს ჰპირდება ისეთ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, სადაც არავითარი ტკივილი აღარ იარსებებს. დიახ, ღმერთი აღგვითქვამს მომავალს, როდესაც „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

      [ჩარჩო/სურათები 11 გვერდზე]

      გაწონასწორებული თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

      ბიბლია მოგვიწოდებს, დავაფასოთ სიცოცხლე. იეჰოვას მოწმეები ამას ითვალისწინებენ და ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ისინი თავს არიდებენ ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა: ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და სიგარეტის მოწევა. ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან ჭამა-სმაში ზომიერების გამოვლენასაც მოელის (იგავები 23:20; ტიტე 2:2, 3). მსგავსი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, სათანადო დასვენებასა და ვარჯიშთან ერთად, მრავალ ფიზიკურ უძლურებას აგარიდებთ. დაავადების შემთხვევაში კი დახმარებისთვის სანდო სპეციალისტებს უნდა მიმართოთ.

      ბიბლია ადამიანს ასწავლის, იყოს აზრიანი და „კეთილგონიერი“ (ტიტე 2:12; ფილიპელები 4:5). დღეს მრავალი კარგავს წონასწორობას და მკურნალობის მეთოდების ძიებაში იმდენად არის ჩაფლული, რომ ამას სულიერობა ეწირება. ზოგი მკურნალობის ისეთ საეჭვო მეთოდს იყენებს, რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. სხვები სახსრებსა და დროს მკურნალობის ისეთ მეთოდებსა და წამლებში ხარჯავენ, რომლებიც არაეფექტურია და შეიძლება საზიანოც კი იყოს.

      დღეს სრულყოფილი ჯანმრთელობა არავის აქვს. იმ დროის მოლოდინში კი, როდესაც ავადმყოფობა აღარ იარსებებს, ბიბლიური სიბრძნე და კეთილგონიერება დაგვეხმარება, გაწონასწორებულები ვიყოთ კარგი ჯანმრთელობის ძიებისას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება