-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლებები
ადამიანთა ქმედებები ხელს უშლის დაავადებების აღმოფხვრას. მაგალითად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ადამიანების მიერ ეკოსისტემებისთვის გარკვეული ზიანის მიყენება ახალი, საშიში დაავადებების წარმოშობას განაპირობებს. „ნიუსუიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მერი პერლმა, ბუნების დაცვის სამსახურის პრეზიდენტმა, აღნიშნა: „XX საუკუნის 70-იანი წლებიდან 30-ზე მეტი ახალი დაავადება გაჩნდა; ამ დაავადებებს შორის არის: შიდს-ი, ებოლა, ლაიმა და მწვავე რესპირატორული დაავადების სინდრომი. მეცნიერების აზრით, ამ დაავადებების უმრავლესობა ცხოველთა სამყაროდან გავრცელდა ადამიანებში“.
გარდა ამისა, ადამიანები იღებენ ნაკლებ ხილსა და ბოსტნეულს და მეტ შაქარს, მარილსა და გაჯერებულ ცხიმებს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ არ ეწევიან ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას და უარს არ ამბობენ ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ჩვევებზე, რის გამოც გულსისხლძარღვთა დაავადებები უვითარდებათ. იზრდება თამბაქოს მწეველთა რიცხვი, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს, და ამას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იღებს ტრავმებს ან იღუპება. ომისა და ძალადობის შედეგად უამრავი ადამიანი კვდება ან სახიჩრდება. ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას მილიონების ჯანმრთელობა ეწირება.
ფაქტი ის არის, რომ გამოწვევი მიზეზებისა თუ მედიცინაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, ზოგი დაავადება კვლავაც დიდ ტკივილს აყენებს კაცობრიობას. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, „ნებისმიერ მომენტში 150 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება დეპრესიით, დაახლოებით 25 მილიონი — შიზოფრენიით, 38 მილიონი კი — ეპილეფსიით“. აივ-ი/შიდს-ით, დიარეით, მალარიით, პნევმონიითა და ტუბერკულოზით მილიონობით ადამიანი ავადდება, რის შედეგადაც უამრავი ბავშვი და ახალგაზრდა იღუპება.
არსებობს კიდევ სხვა, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის დაავადებების მოსპობას. ორი დიდი გადაულახავი დაბრკოლებაა სიღარიბე და ცუდი მთავრობა. ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, ინფექციური დაავადებებით დაღუპული მილიონობით ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მთავრობას რომ ეზრუნა მათზე და საკმარისი თანხები გამოეყო.
-
-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
[ჩარჩო 8, 9 გვერდებზე]
ექვსი დაუძლეველი მტერი
დღეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა მედიცინაში და საგრძნობლად გაუმჯობესდა პაციენტთა მომსახურებისთვის საჭირო ტექნოლოგიები. ამის მიუხედავად, ინფექციური დაავადებები ჯერაც დიდ ზიანს აყენებს მსოფლიოს. აქ ჩამოთვლილი დაავადებები დღემდე დაუძლეველია.
აივ-ი/შიდს-ი
დაახლოებით 60 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული აივ-ით, 20 მილიონი კი უკვე დაიღუპა შიდს-ით. 2005 წელს კიდევ 5 მილიონი დაინფიცირდა აივ-ით და 3 მილიონზე მეტი დაიღუპა შიდს-თან დაკავშირებული გართულებებით. ამ დაავადების მსხვერპლთა შორის 500 000-ზე მეტი ბავშვია. აივ-ით დაინფიცირებულთა უმრავლესობას სათანადო მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება.
დიარეა
ყოველწლიურად დიარეით დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანი ავადდება და ძირითადად ის ღარიბთა სიკვდილიანობას იწვევს. დიარეის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა; იგი ვრცელდება დაბინძურებული წყლითა თუ საკვებით ან პირადი ჰიგიენის დაუცველობით. ყოველწლიურად ნაწლავური ინფექციები 2 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
მალარია
მალარიით ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ავადდება და დაახლოებით 1 მილიონი კვდება; მათ შორის ბევრი ბავშვია. აფრიკაში დაახლოებით ყოველ ნახევარ წუთში მალარიით ერთი ბავშვი იღუპება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, „მეცნიერებს დღემდე არა აქვთ მალარიის დასამარცხებელი სასწაულთმოქმედი საშუალება, და მრავალი ეჭვობს, რომ ოდესმე ექნებათ“.
წითელა
2003 წელს წითელამ 500 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ის ბავშვთა შორის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია; წითელა ადვილად გადამდები დაავადებაა. ამ დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ხდება ავად. პარადოქსია, მაგრამ წითელას წინაააღმდეგ ეფექტური და იაფი ვაქცინა დაახლოებით 40 წლის წინ უკვე იყო ხელმისაწვდომი.
პნევმონია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ინფექციურ დაავადებათა შორის ბავშვების სიკვდილიანობას ყველაზე მეტად პნევმონია იწვევს. ყოველწლიურად პნევმონია ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 2 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს იწირავს. დაღუპულ ბავშვთა უმრავლესობა აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდა. მრავალ ქვეყანაში პაციენტებს თითქმის არა აქვთ მკურნალობის შესაძლებლობა.
ტუბერკულოზი
2003 წელს ტუბერკულოზი გახდა 1 700 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ჯანდაცვის მუშაკების მთავარი თავსატეხი მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტებიების წარმოშობაა. ამ ბაქტერიებიდან ზოგმა ტუბერკულოზის სამკურნალო ყველა მედიკამენტისადმი განივითარა რეზისტენტულობა. წამლებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებმაც სათანადოდ არ იმკურნალეს ან მკურნალობა ბოლომდე არ ჩაიტარეს.
-