-
„არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
განკურნება
20. როგორ და როდის განიკურნება ღვთის ხალხი?
20 ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის დასასრულს მანუგეშებელი აღთქმაა მოცემული: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული“ (ესაია 33:24). ესაია აქ ძირითადად სულიერ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს, რადგან ეს ავადმყოფობა ცოდვასთან ანუ „დანაშაულთან“ არის დაკავშირებული. ამ სიტყვების პირველი შესრულებისას იეჰოვას აღთქმა იმას ნიშნავს, რომ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ერი სულიერად განიკურნება (ესაია 35:5, 6; იერემია 33:6; შეადარეთ ფსალმუნი 103:1—5). ღმერთი ხალხს ძველ ცოდვებს მიუტევებს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენენ.
21. დღეს რა მხრივ იკურნებიან სულიერად იეჰოვას თაყვანისმცემლები?
21 აღსანიშნავია, რომ ესაიას წინასწარმეტყველება დღესაც სრულდება. იეჰოვას ხალხი ჩვენს დროშიც განიკურნა სულიერი გაგებით. ისინი გათავისუფლდნენ ისეთი ცრუ სწავლებებისგან, როგორიც სულის უკვდავება, სამება და ჯოჯოხეთის შესახებ წარმოდგენაა. მათ ხელმძღვანელობა მიიღეს ზნეობის საკითხებში, რამაც ისინი უზნეო საქმეებისგან გაათავისუფლა და სწორი გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა. იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ისინი სპეტაკნი არიან ღვთის თვალში და სუფთა სინდისი აქვთ მის წინაშე (კოლასელთა 1:13, 14; 1 პეტრე 2:24; 1 იოანე 4:10). ამ სულიერ განკურნებას ფიზიკური სარგებლობაც მოაქვს. მაგალითად, უზნეო სექსსა და თამბაქოს პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმა ქრისტიანებს სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებებისა და კიბოს სხვადასხვა ფორმისგან იცავს (1 კორინთელთა 6:18; 2 კორინთელთა 7:1).
22, 23. ა) ესაიას 33:24-ის რა დიდებულ შესრულებას ველით მომავალში? ბ) რა აქვთ გადაწყვეტილი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს დღეს?
22 გარდა ამისა, არმაგედონის შემდეგ, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, ესაიას 33:24-ის სიტყვები უფრო დიდებულად შესრულდება. მესიანური სამეფოს ქვეშევრდომად მცხოვრებ ადამიანებს სულიერ განკურნებასთან ერთად დიდებული ფიზიკური განკურნებაც ელით (გამოცხადება 21:3, 4). სატანის სისტემის განადგურებიდან მცირე ხანში მსოფლიო მასშტაბით უეჭველად მოხდება სასწაულები, რომლებსაც იესო ახდენდა დედამიწაზე ყოფნის დროს. უსინათლონი დაინახავენ, ყრუებს სმენის უნარი მიეცემათ და დავრდომილნი გაივლიან! (ესაია 35:5, 6). ეს საშუალებას მისცემს ყველას, ვინც დიდ გასაჭირში გადარჩება, მონაწილეობა მიიღონ მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევის დიდებულ საქმიანობაში.
23 მოგვიანებით, როდესაც მკვდრეთით აღდგომა დაიწყება, ცხადია, ხალხი სრულიად ჯანმრთელი აღდგება. გარდა ამისა, კაცობრიობის მიმართ გამომსყიდველური მსხვერპლის თანდათანობით გამოყენების საფუძველზე, ხალხის ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო გაუმჯობესდება სრულყოფილების მიღწევამდე. მაშინ მართალი ადამიანები ნამდვილად ‘გაცოცხლდებიან’ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (გამოცხადება 20:5, 6). იმ დროს როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას შეეხება სიტყვები „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. რა შესანიშნავი აღთქმაა! დაე ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი შეეცადოს დღეს იმ ხალხს შორის ყოფნას, ვისზეც ეს სიტყვები შესრულდება!
-
-
„არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[სურათი 354 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში კაცობრიობას დიდებული ფიზიკური განკურნება ელის.
-