ჩვენ მორწმუნენი ვართ
პერუს ალტიპლანოში სამეფოს შესახებ ქადაგება
ალტიპლანო ანდების აღმოსავლეთ და დასავლეთ ქედებს შორის, ბოლივიასა და პერუს საზღვარზე, მდებარეობს. მისი სახელი „მაღალ ზეგანს“ ანუ „პლატოს“ ნიშნავს. იგი ტერიტორიულად, უმეტესწილად, ბოლივიას ეკუთვნის.
ალტიპლანოს სიგანე 100 კილომეტრია და სიგრძე — 1 000 კილომეტრზე მეტი. ის ზღვის დონიდან 3 700 მეტრ სიმაღლეზეა აზიდული. ოკეანის სანაპიროზე მდებარე პერუს დედაქალაქიდან, ლიმადან, თუ თვითმფრინავით გადმოფრინდებით, დაინახავთ დათოვლილ ვულკან მისტის, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 5 822 მეტრს აღწევს და რომლის მწვერვალს ღრუბლებს შორის ამოუყვია თავი. 6 000 მეტრი სიმაღლე აქვს შორეულ თოვლით დაფარულ ამპატოსა და კოროპუნას მწვერვალებს. შემდეგ კი თვალწინ იშლება ვრცელი ზეგანი — სამხრეთ პერუს ალტიპლანო.
პერუს ალტიპლანოს მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი, პუნო, ტიტიკაკას ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ეს ტბა მსოფლიოს უმაღლესი სანაოსნოდ გამოსადეგი ტბაა. ვინაიდან ეს ადგილი 3 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს, იქ ამსვლელები უნდა შეეგუონ ჰაერის გაიშვიათების გამო ჟანგბადის ნაკლებობას. ტიტიკაკას ტბასთან კეჩუა და აიმარა ინდიელები ცხოვრობენ. იქ მისული ადამიანი დაინახავს ხასხასა წითელი, მწვანე ან ლურჯი ტანსაცმლით შემოსილ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავიანთ „ჩაკრასში“ ანუ პატარა ფერმებში მუშაობენ. თუმცა პერუში ძირითადი ენა ესპანურია, ალტიპლანოში კეჩუა და აიმარა ენებზეც ლაპარაკობენ.
სამქადაგებლო საქმიანობის წამოწყება
კეჩუა და აიმარა ენებზე მოლაპარაკე მრავალმა თავმდაბალმა, შრომისმოყვარე ადამიანმა არც ისე დიდი ხნის წინათ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ზუსტი შემეცნება მიიღო. ეს კი იეჰოვას მიერ სრული დროით სპეციალურ პიონერად ენთუზიაზმით მქადაგებელთა ძალისხმევის უხვად კურთხევის შედეგი იყო.
მაგალითად, სპეციალური პიონერები ხოსე და სილვია პუტინაში დანიშნეს. ეს ქალაქი ტიტიკაკას ტბიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. ორ თვეში სილვია ბიბლიის 16 შესწავლას ატარებდა, ხოლო ხოსე — 14-ს. მხოლოდ ექვს თვეში კრებაში მაუწყებელთა რიცხვი 23-დან 41-მდე გაიზარდა. დროთა განმავლობაში კრებაზე დამსწერთა რიცხვმა 48-დან 132-მდე მოიმატა.
„როდესაც ამ იზოლირებულ საზოგადოებაში კრების შეხვედრების ჩატარება დავიწყეთ, — აღნიშნავს ხოსე, — შევნიშნეთ, რომ პრაქტიკული იყო მისი საჯარო შეხვედრით დაწყება და შემდეგ წიგნის შესწავლის ჩატარება. ეს ახლად დაინტერესებულებს კრების შეხვედრებზე დასწრებას უადვილებდა“.
ორმა დამ, რომელთაგანაც ერთ-ერთი პიონერია, პირველად შეიტანა კეთილი ცნობა მიუნანის გარემოსგან მოწყვეტილ საზოგადოებაში. მიუნანი პუტინადან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული. იქ მათ უსინათლო მამაკაცთან, ლუსიოსთანa, ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ამ კაცმა შესწავლაზე მიიწვია თავისი ძმა, მიგელი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მისოინერი (მაგრამ არა სამღვდელოების წარმომადგენელი) და ახლო მდებარე თემის წინამძღოლი იყო. როდესაც მიგელს მეგობარმა ჰკითხა, თუ რატომ დადიოდა ყოველ კვირა მიუნანში, ის პასუხობდა, რომ იქ იეჰოვასა და მისი სიტყვის შესახებ სწავლობდა. მაშინ სხვებს წამოეჭრათ კითხვა: აქ რატომ არ უნდა გვესწავლა ბიბლია? მიგელის თემში ხალხის დაინტერესების გამო მოწმეებმა მალე იქაც დაიწყეს შეხვედრების ჩატარება.
მიგელმა ნასწავლის სხვებთან გაზიარება დაიწყო. მაგრამ როგორ მოიქცა ის თავის მისიონერულ და მმართველობით საქმეებთან დაკავშირებით? თემის შეკრებაზე მან განაცხადა, რომ კათოლიკე მისიონერობას თავს ანებებდა. დანიშნეს სხვა ვინმე მის ადგილზე? აუდიტორიიდან ვიღაცამ თქვა: რაში გვჭირდება სხვა მისიონერი, როდესაც ჩვენ უკვე ვსწავლობთ ჭეშმარიტებას? რა თქმა უნდა, ეს ადამიანი იეჰოვას მოწმეების მიერ ნასწავლ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობდა. მის ნათქვამს ვიღაცამ დასძინა: ჩვენ არა ვართ თანახმა, რომ მარტო შენ მიანებო თავი ამ სამსახურს. რატომ არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი ყველამ? შემდეგ კი მთელმა აუდიტორიამ ერთხმად იყვირა: ყველა თავს ვანებებთ ამ სამსახურს!
ცოტა მოგვიანებით თემის თავყრილობაზე კერპებისა და ჯვრის საკითხი განიხილეს. ერთმა მამაკაცმა ყველა დამსწრეს სთხოვა, წაეკითხათ მეორე რჯულის 7:25, სადაც ნათქვამია: „ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის“.
შემდეგ კი ამ მამაკაცმა ყველას, ვინც, წაკითხულიდან გამომდინარე, კერპების დაწვაზე თანახმა იყო, ხელის აწევა სთხოვა. მაშინვე ყველამ ასწია ხელი (საქმეები 19:19, 20). ახლა ამ თემის 25 ოჯახიდან 23 სწავლობს ღვთის სიტყვას. ორი მათგანი მოუნათლავ მაუწყებლად მსახურობს, ხუთი წყვილი კი თავისი ქორწინების რეგისტრირებას აპირებს, რათა იეჰოვას წინაშე სუფთად წარდგომა შესძლონ (ტიტე 3:1; ებრაელთა 13:4).
აუდიოკასეტების გამოყენებით სწავლება
ალტიპლანოში განათლების დონე დაბალია. ამიტომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ ადგილობრივ ენაზე გამოცემული აუდიო- და ვიდეოკასეტები კარგ დამხმარე საშუალებებს წარმოადგენს. მათ ბიბლიის საშინაო შესწავლისთვისაც კი იყენებენ. ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ აუდიოკასეტის გამოყენებით სპეციალური პიონერი, დორა, ბიბლიის შესწავლებს ატარებს. ერთი პარაგრაფის მოსმენის შემდეგ დორა შემსწავლელს კითხვებს უსვამს.
ადგილობრივი რადიო რეგულარულად გადასცემს კეჩუა ენაზე ბროშურის „რას მოითხოვს“ მონაკვეთებს. აგრეთვე ესპანურ ენაზე გადაიცემა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-იდან გარკვეული მონაკვეთები. ამიტომ, როდესაც იეჰოვას მოწმეები აკითხავენ, მრავალი იღებს სამეფოს შესახებ ცნობას და უფრო მეტის შესწავლის სურვილს გამოთქვამსს.
ალტიპლანო მსოფლიოსთვის შეუმჩნეველია, მაგრამ არა ღმერთისთვის. კაცობრიობისადმი იეჰოვას სიყვარულის წყალობით მაღალმთიანი ანდების ალტიპლანოს მცხოვრები მრავალი ადამიანი იმ ხალხის ნაწილი გახდა, რომლებიც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდებულ სახლს განადიდებენ (ანგია 2:7).
[სქოლიო]
a ამ სტატიაში გამოყენებული ზოგი სახელი შეცვლილია.