საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უცხოენოვან კრებაში მსახურება
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მარტი
    • უცხოენოვან კრებაში მსახურება

      იოანე მოციქულმა დაწერა: „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მცხოვრებთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6). დღეს ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებას ვხედავთ, რადგან მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სხვადასხვა ენაზე ქადაგება. სასიხარულო ცნობას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები იმიგრანტებიც ისმენენ თავიანთ მშობლიურ ენაზე. ეს კი იმის შედეგია, რომ იეჰოვას გულმოდგინე მოწმეები უცხო ენებს სწავლობენ.

      თქვენც ხომ არ მსახურობთ უცხოენოვან კრებაში? ან ხომ არ ფიქრობთ ასეთი სახის მსახურებაზე? ამ საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია უანგარობა და სწორი თვალსაზრისი. რამდენადაც თქვენი მიზანი სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებაა, როგორც ჩანს, თქვენ საუკეთესო მოტივი — ღვთისა და მოძმისადმი სიყვარული — გამოძრავებთ (მათე 22:37—39; 1 კორინთელები 13:1). სხვებს რომ ღვთის გაცნობაში დავეხმაროთ, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ის, რომ სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდეს სხვა ეროვნების ადამიანებთან, გავეცნოთ მათ კულტურასა და სამზარეულოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ უცხო ენის შესწავლას? თუ ასეა, უცხო ენის სწავლისას სათანადო თვალსაზრისის განვითარება დაგეხმარებათ. ჯეიმზი, რომელმაც იაპონური ენა ისწავლა, ამბობს: „ნუ გექნებათ იმის შიში, რომ ენას ვერ ისწავლით“. იმის დანახვა, რომ მრავალმა ამ მხრივ უკვე მიაღწია წარმატებებს, დაგეხმარებათ, სირთულეების დროსაც კი არ შეწყვიტოთ შესწავლა და შეინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი. როგორ შეგიძლიათ უცხო ენის შესწავლა? რა დაგეხმარებათ, მოერგოთ უცხოენოვან კრებას? რა უნდა გააკეთოთ სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად?

      მონდომებით შეუდექით მეცადინეობას

      ენის შესწავლის მრავალი მეთოდი არსებობს. მასწავლებლები თუ მოსწავლეები სხვადასხვა მეთოდს ამჯობინებენ. თუმცა, უმრავლესობას გამოცდილ პედაგოგთან მომზადება ურჩევნია, რადგან ამგვარად ისინი უფრო ადვილად და სწრაფად ეუფლებიან ენას. გარდა ამისა, სასარგებლოა უცხო ენაზე ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის კითხვა, ასევე აუდიოკასეტების მოსმენა. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სიტყვათა მარაგის შეძენასა და თეოკრატიული ტერმინების სწავლაში. ტელე-რადიო პროგრამები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მისაღებია ქრისტიანებისთვის, დაგეხმარებათ ენის შესწავლასა და ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის კულტურის გაცნობაში. უფრო ეფექტურია, თუ ენის შესწავლას ყოველდღე მცირე დროს დაუთმობთ, ვიდრე ამისთვის იშვიათად გამოყოფთ დიდ დროს.

      ენის შესწავლა ცურვის სწავლის მსგავსია. ცურვის თეორიულად სწავლა შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა წყალში ჩასვლა და სათანადო მოძრაობების გაკეთება. ასეა ენის შესწავლის დროსაც. უცხო ენის დაუფლებაში მხოლოდ მეცადინეობა ვერ დაგეხმარებათ. როცა საშუალება მოგეცემათ, ურთიერთობა იქონიეთ ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან — უსმინეთ მათ და ეცადეთ, ჩაებათ საუბარში. ქრისტიანული საქმიანობა ამის შესანიშნავი საშუალებაა. ნასწავლი შეგიძლიათ მალევე გამოიყენოთ სამქადაგებლო მსახურებაში. „ამან შეიძლება ცოტა შეგაშინოთ, — ამბობს მიდორი, რომელიც ჩინურს სწავლობს, — მაგრამ მობინადრეები ხედავენ, რომ მოწმეები მათი ენის შესწავლას დიდ ძალისხმევას ახმარენ. ისინი შეიძლება მოსასმენად აღიძრან. საკმარისია მათ ენაზე ვთქვათ, რომ მოხარულები ვართ მათი გაცნობით, რომ უკვე სიამოვნებით გვისმენენ“.

      ქრისტიანული შეხვედრებიც ძალიან დამხმარეა. შეეცადეთ, ყოველ შეხვედრაზე ერთი კომენტარი მაინც გააკეთოთ. თავიდან შეიძლება შიშის გრძნობა დაგეუფლოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. კრების წევრები დაინტერესებულნი არიან თქვენი წარმატებით. მონეფა, რომელიც კორეულს სწავლობს, ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ დის, რომელიც შეხვედრებზე ჩემ გვერდით ჯდება და გარკვეული სიტყვების მნიშვნელობას მიწერს. მის მიერ გამოვლენილი მოთმინება და სიყვარული ნამდვილად მეხმარება“. სიტყვების გარკვეული მარაგის დაგროვება დაგეხმარებათ, ახალ ენაზე დაიწყოთ აზროვნება და გონებაში სიტყვასიტყვით თარგმანის ნაცვლად, ნათქვამი აზრობრივად გაიგოთ.

      თავდაპირველად, მიზნად დაისახეთ, „ადვილად გასაგები სიტყვები“ წარმოთქვათ (1 კორინთელები 14:8—11). მობინადრეებს შეიძლება ესმით, რომ ეს თქვენთვის უცხო ენაა, მაგრამ შეცდომების ან შესამჩნევი აქცენტის გამო მათ შესაძლოა ვერ გაიგონ თქვენი ნათქვამი. თუ თავიდანვე სათანადო ყურადღებას მიაქცევთ სიტყვების სწორად წარმოთქმასა და გრამატიკას, არასწორად აღარ დაიმახსოვრებთ სიტყვებს. მარკი, რომელმაც სუაჰილური ენა ისწავლა, გვირჩევს: „სთხოვეთ ენის კარგად მცოდნეს, შეგისწოროთ უხეში შეცდომები და შემდეგ მადლობა გადაუხადეთ“. ცხადია, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ბევრი დრო და ენერგია. მართალია, შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს, გაგისწოროთ შეცდომები, მაგრამ შეეცადეთ, დავალებები და კომენტარები იმ სიტყვების გამოყენებით მოამზადოთ, რომლებიც უკვე ისწავლეთ ან რომელთა მნიშვნელობაც შემოწმებული გაქვთ. ეს სწავლის პროცესს დააჩქარებს და დამაჯერებლად საუბარში დაგეხმარებათ.

      განაგრძეთ მეცადინეობა

      „ცხოვრებაში ბევრი რამ მისწავლია და გამიკეთებია, მაგრამ უცხო ენის შესწავლა ყველაზე მეტად გამიჭირდა, — ამბობს მონეფა. — ხანდახან ვფიქრობ სწავლის შეწყვეტას, მაგრამ მახსენდება კორეულ ენაზე მოლაპარაკე ბიბლიის შემსწავლელები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ის, რომ ღრმა ბიბლიურ სწავლებებს უბრალო ენით გადავცემ. ასეთ დროს ისიც მახსენდება, თუ როგორ ახარებს ძმებს ჩემი უმნიშვნელო წარმატებებიც კი“. მალე ნუ დაყრით ფარ-ხმალს! თქვენი მიზანი ხომ ის არის, რომ სხვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გადასცეთ (1 კორინთელები 2:10). აქედან გამომდინარე, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ უცხოელებს ბიბლია მშობლიურ ენაზე ასწავლოთ. ენის სწავლის პროცესში საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად არ განეწყოთ და სხვებს არ შეადაროთ თავი. ზოგი სწრაფად ეუფლება ენას, ზოგს კი უფრო მეტი დრო სჭირდება. მიუხედავად ამისა, კარგია, თუ შეამჩნევთ საკუთარ მიღწევებს (გალატელები 6:4). „ენის სწავლა კიბეზე ასვლას ჰგავს, — აღნიშნავს ჯუნი, რომელიც ჩინურს სწავლობს. — ზუსტად მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ არაფერი გამოგდით, აღმოაჩენთ, რომ წინ მიიწევთ“.

      ახალი ენის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, სიხარულით განაგრძეთ სწავლა და საკუთარ თავს სრულყოფილებას ნუ მოსთხოვთ (ფსალმუნები 99:2). შეცდომები გარდაუვალია. ამის გარეშე ენის სწავლა შეუძლებელია. ერთმა ძმამ, რომელიც იტალიურს სწავლობდა, მსახურებისას მობინადრეს ჰკითხა: „იცით, რა არის სიცოცხლის ცოცხი?“ მას უნდოდა ეთქვა „სიცოცხლის აზრი“. ერთმა ქრისტიანმა, რომელიც პოლონურ კრებაში მსახურობდა, თქვა: „ვიმღეროთ ძაღლი“, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა „საგალობელი“. ძმამ, რომელიც ჩინურს სწავლობს, აუდიტორიას მოუწოდა, რწმენა გამოევლინათ იესოს „წიგნების კარადისადმი“, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა „გამომსყიდველური მსხვერპლისადმი“. ეს კი ინტონაციის უმნიშვნელო ცვლილებამ გამოიწვია. შეცდომების დაშვებას დადებითი მხარეც აქვს. შესწორებული სიტყვები ან გამოთქმები ადვილად აღარ დაგავიწყდებათ.

  • უცხოენოვან კრებაში მსახურება
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მარტი
    • სულიერობის შენარჩუნება

      ძმამ, რომელიც ახალი გადმოსული იყო უცხოენოვან კრებაში, ყური მოჰკრა დედა-შვილის საუბარს. დედა ბავშვს კომენტარის მომზადებაში ეხმარებოდა. „დედიკო, უფრო მოკლედ არ შეიძლება?“ — ჰკითხა ბავშვმა. — „არა ძვირფასო, მოკლე კომენტარებს ისინი გააკეთებენ, ვისთვისაც ჩვენი ენა მშობლიური არ არის“, — მიუგო დედამ.

      ქრისტიანები, რომლებსაც თვეების ან წლების განმავლობაში უჭირთ თავისუფლად ლაპარაკი, შეიძლება გონებრივად, ემოციურად და სულიერად გამოიფიტონ. ჯანეტი, რომელიც ახლა თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად, იხსენებს: „ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების გამო ადვილად მიტყდებოდა გული“. ჰიროკო, რომელმაც ინგლისური ისწავლა, ამბობს: „ძაღლებსა და კატებსაც კი ჩემზე კარგად ესმოდათ ინგლისური“. ქეითი კი ყვება: „როცა ესპანურ კრებაში გადავედი, აღარც ბიბლიის შესწავლა მქონდა და აღარც განმეორებითი მონახულება, მაშინ როცა ჩემს კრებაში რამდენიმე შესწავლას ვატარებდი და ბევრი განმეორებითი მონახულება მქონდა. ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ არაფერს ვაკეთებდი“.

      დადებითი განწყობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჰიროკოს გულგატეხილობა ეუფლებოდა, თავს ინუგეშებდა: „თუ სხვებმა შეძლეს, მეც შევძლებ“. ქეითი ამბობს: „ამ დროს მახსენდება მეუღლე, რომელიც ენის შესწავლაში წარმატებებს აღწევს და კრებაშიც ბევრ საქმეს აკეთებს. სწორედ ეს დამეხმარა თავდაპირველი სირთულეების გადალახვაში. ჯერ კიდევ მჭირდება ენის გაუმჯობესება, თუმცა დღითი დღე უფრო უკეთ გამომდის უცხო ენაზე ქადაგება და ეს სიხარულს მანიჭებს“. მისი მეუღლე, ჯეფი, ამატებს: „შეიძლება გული გიტყდებათ, თუ ყველაფერს ვერ იგებთ, რასაც განცხადებებსა და უხუცესების შეხვედრებზე ამბობენ. ასეთ დროს ვცდილობ გულწრფელი ვიყო და თავმდაბლურად ვეკითხები ძმებს იმას, რასაც ვერ ვგებულობ. ისინიც სიხარულით მეხმარებიან“.

      უცხოენოვან კრებაში მსახურებისას სულიერად რომ არ მოსუსტდეთ, საჭიროა კარგი სულიერი კვება (მათე 5:3). კაზუიუკი, რომელიც მრავალი წელია პორტუგალიურ კრებაში მსახურობს, ამბობს: „კარგი სულიერ კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მთელი ოჯახი კრების შეხვედრებისთვის ჩვენს ენაზეც ვემზადებით და პორტუგალიურზეც“. ზოგი ქრისტიანი დროდადრო მშობლიურ ენაზე ესწრება კრებებს. ამასთანავე კარგი დასვენებაც მნიშვნელოვანია (მარკოზი 6:31).

      ‘გამოთვალეთ ხარჯები’

      თუ უცხოენოვან კრებაში აპირებთ გადასვლას, ჯერ ‘ხარჯები გამოთვალეთ’ (ლუკა 14:28). უპირველესად იმაზე უნდა დაფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ეს თქვენს სულიერობასა და იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობაზე. ილოცეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ისიც გაითვალისწინეთ, როგორ იმოქმედებს ეს მეუღლესა და ბავშვებზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მრთავს ჩემი მდგომარეობა იმის ნებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღო? ვარ სულიერად და ემოციურად მომზადებული ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად?“ გონივრულია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც საუკეთესო იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახის სულიერობისთვის. რომელ კრებაშიც უნდა იმსახუროთ, ყველგან შეგიძლიათ ბევრი გააკეთოთ და სიხარული ჰპოვოთ.

      ისინი, რომლებიც უცხოენოვან კრებებში მსახურობენ, ბევრ კურთხევას იღებენ. „უცხოენოვან კრებაში მსახურებას ჩემთვის უდიდესი ბედნიერება მოაქვს, — ამბობს ბარბარა, რომელიც მეუღლესთან ერთად ესპანურ კრებაში მსახურობს. — ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლა თავიდან დავიწყე. მადლიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა, რადგან მე და ჩემი მეუღლე მაინც ვერ შევძლებდით სხვა ქვეყანაში მისიონერად მსახურებას“.

      მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ასაკის ათასობით მოწმე დიდ ძალისხმევას ახმარს უცხო ენის შესწავლას, რათა სხვადასხვა ერის ადამიანებს სასიხარულო ცნობა აუწყონ. თუ თქვენც მათ შორის ხართ, გქონდეთ სუფთა მოტივები და შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. რაც ყველაზე მთავარია, მიენდეთ იეჰოვას და ის აკურთხებს თქვენს ძალისხმევას (2 კორინთელები 4:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება