საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
    • იზრდება საზოგადოების მღელვარება

      ზემოხსენებული პრობლემების გამო ნიუ-ჯერზის (აშშ) კანონისა და სახალხო დაცვის დეპარტამენტმა მშობლებსა და მეურვეებს საგანგებო წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ „მხარში ამოსდგომოდნენ მათ, რადგან მწვავედ იდგა ბავშვების მიერ სკოლაში თუ სკოლის გარეთ ინტერნეტის არასათანადოდ გამოყენების პრობლემა“. წერილში განსაკუთრებული შეშფოთება იყო გამოთქმული იმის გამო, რომ ბავშვები ინტერნეტში პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს ათავსებდნენ. ასეთი საიტები მაგნიტივით იზიდავს ზნედაცემულ ახალგაზრდებსა თუ უფროსებს. წერილში აგრეთვე ნათქვამი იყო: „მშობლებო, უნდა გესმოდეთ, რამდენად რეალური საშიშროების წინაშე დგანან ბავშვები, და რომ თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იმით, თუ უკეთ გეცოდინებათ, როგორ იყენებენ ისინი ინტერნეტს“.

      სამწუხაროდ, ზოგმა მშობელმა თითქმის არ იცის, რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში. ერთი დედა, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს, თუ რით არის დაკავებული მისი თექვსმეტი წლის გოგონა ინტერნეტში, აღნიშნავს: „მშობლებს რომ სცოდნოდათ, რას განათავსებენ და რაზე მსჯელობენ მათი შვილები ინტერნეტში, თავზარი დაეცემოდათ“. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით ზოგი ახალგაზრდა საიტებზე ისეთ სურათებს განათავსებს, რომლებშიც აშკარად გამომწვევად გამოიყურება.

      უარყოფითი გავლენა

      რით არის ეს განგაში გამოწვეული? ზედმეტად შეწუხებული უფროსების აკვიატებით ხომ არა, რომლებსაც უკვე დაავიწყდათ მოზარდობის წლები? არა, რადგან სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. დაფიქრდით ერთ ფაქტზე: ზოგან თხუთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის მესამედს უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, ხოლო ცამეტიდან ცხრამეტ წლამდე ასაკის მოზარდთა ნახევარზე მეტი ორალურ სექსს მიმართავს.

      უწყობს ხელს ტექნიკის განვითარება ამ დამაფიქრებელ სტატისტიკას? უდავოდ. „არაფერი აძლევს მოზარდებს თავის ნებაზე მოქმედების საშუალებას ისე, როგორც მობილური ტელეფონი და ინტერნეტი, რისი მეშვეობითაც ისინი ნებისმიერთან ადვილად შედიან კონტაქტში, რათა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარონ“, — ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. მართლაც, იმისათვის, რომ საიდუმლოდ შეხვდეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, საკმარისია, კომპიუტერის კლავიატურაზე რამდენიმე ღილაკს დააჭიროთ თითი. როგორც ერთი გამოკვლევა ცხადყოფს, ხუთიდან ოთხი გოგონა აღიარებს, რომ მაინცდამაინც არ ფრთხილობს, როდესაც ინტერნეტში შედის.

      ზოგს, ვინც ინტერნეტით ეძებს მეგობარ გოგონას ან ბიჭს ერთი დღისთვის თუ უფრო ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, ვერც კი წარმოუდგენია, რა საფრთხეში იგდებს თავს. „იზრდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი“, — ამბობს ქალაქ ნოვატოს (კალიფორნია, აშშ) პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჯენიფერ უელჩი; ის დასძენს, რომ ბევრი მათგანი ინტერნეტით იწყებს ურთიერთობას მომავალ თავდამსხმელთან, შემდეგ კი შეხვედრაზე თანხმდება.

      მოერიდეთ „ქვეყნიერების სიბრძნეს“!

      ჟურნალ-გაზეთებში მოცემულ რჩევებში, რომლებიც ახალგაზრდებსა და მათ სქესობრივ ცხოვრებას ეხება, საკმაოდ რბილი მიდგომა შეინიშნება. მართალია, აღნიშნულ პუბლიკაციებში დადებითადაა გაშუქებული ზნეობრივი სიწმინდე თუ თავშეკავება, მაგრამ მათში უმთავრესად „უსაფრთხო“ სექსისკენ არის მოწოდება და არა იმისკენ, რომ საერთოდ უარი თქვან ასეთ კავშირზე. „ჩვენ არ შეგვიძლია ახალგაზრდების შეჩერება, — როგორც ჩანს, ამით იმართლებენ თავს სტატიების ავტორები, — ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ მათში პასუხისმგებლობის გრძნობა გავაღვივოთ“.

      სტატიაში, რომელიც განთავსებული იყო მოზარდებისთვის განკუთვნილ ერთ ცნობილ ვებ-საიტზე, ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, ჰქონდეთ თუ არა სქესობრივი კავშირი სხვასთან, ურჩევდნენ, რომ შემდეგი სამი ფაქტორი გაეთვალისწინებინათ: 1) დაფეხმძიმების რისკი, 2) ვენერული დაავადებების რისკი, და 3) პარტნიორების ემოციური მზადყოფნა. „და მაინც, — ნათქვამი იყო საიტზე, — ის, თუ როგორ მოიქცევით, თქვენი გადასაწყვეტია“. სტატიაში მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები, რომ ახალგაზრდებს ამ თემაზე მშობლებთან ემსჯელათ. ხოლო იმაზე, მისაღებია თუ არა საერთოდ ასეთი სქესობრივი ურთიერთობები, ერთი სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი.

      თუ მშობელი ხართ, უდავოა, არ გენდომებათ, რომ თქვენმა შვილებმა ქვეყნიერების ცვალებადი და უგუნური სიბრძნით იხელმძღვანელონ (1 კორინთელები 1:20). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, თავი აარიდონ იმ საფრთხეს, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ? ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემას მხოლოდ კომპიუტერის გამორთვით ან ტელეფონის წართმევით გადაჭრით. ზერელე მიდგომით შვილებს ვერ დაეხმარებით (იგავები 4:23). ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შვილები მობილურსა და ინტერნეტს შეიძლება იმ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ, რომლებსაც თქვენ, როგორც მშობელი, ყველაზე უკეთ დაუკმაყოფილებდით. რომელია ეს მოთხოვნილებები?

  • ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
    • a ნაცვლად იმისა, რომ შვილებს უბრალოდ დაუშალონ ინტერნეტით სარგებლობა, მშობლები უნდა გაეცნონ იმ საიტებს, რომლებსაც მათი შვილები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. ასეთი სახით მშობლები დაეხმარებიან შვილებს, რომ ‘გაიწაფონ აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). ეს მაშინაც დაეხმარებათ შვილებს, როცა ისინი წამოიზრდებიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება