-
ზნეობის სწრაფი დაცემაგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
სასტიკი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხალხმა ძველი ზნეობრივი ტრადიციების დაცვის ნაცვლად, საკუთარი ნორმები დაიდგინა. წიგნში „სიყვარული, სექსი და ომი — ცვალებადი ფასეულობები, 1939—1945“, ნათქვამია: „როგორც ჩანს, შეუზღუდავი სქესობრივი ურთიერთობის ტენდენცია ფრონტის ხაზიდან ზურგშიც გავრცელდა. . . ომის პერიოდში სიცოცხლის წუთიერებისა და მღელვარების განცდამ მალე ყოველგვარი ზნეობრივი ბარიერი მოშალა და ზურგშიც ისევე გააუფასურა სიცოცხლე და შეამცირა მისი ხანგრძლივობა, როგორც ფრონტის ხაზზე“.
სიკვდილის გამუდმებულმა შიშმა ხალხს, თუნდაც წამიერად, ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი გაუძლიერა. ერთმა ბრიტანელმა დიასახლისმა იმ საშინელ წლებში თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობების გასამართლებლად თქვა: „ჩვენ სინამდვილეში უზნეოები არ ვყოფილვართ; უბრალოდ, ომი იყო“. ერთი ჯარისკაცი ამბობს: „უმეტესობა უზნეო ადამიანებად მიგვიჩნევდა, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს მოვმკვდარიყავით“.
-
-
ზნეობის სწრაფი დაცემაგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
ახალი ნორმები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სქესობრივი ურთიერთობების თემაზე ახალი ნაშრომები გამოიცა. ერთ-ერთი მათგანი იყო 40-იან წლებში შეერთებულ შტატებში გამოცემული 800-ზე მეტ გვერდიანი „კინზის ნაშრომი“. შედეგად, მრავალმა დაუფარავად დაიწყო სქესობრივ საკითხებზე საუბარი, რაზეც ადრე, ჩვეულებრივ, არ საუბრობდნენ. თუმცა ჰომოსექსუალიზმსა და სხვა გაუკუღმართებულ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ ნაშრომში მოცემული სტატისტიკური მონაცემები მოგვიანებით გაზვიადებულად მიიჩნიეს, ამ ნაშრომმა მაინც გამოაშკარავა, რომ ომის შემდგომ წლებში ზნეობა მკვეთრად დაეცა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, წესიერების ნიღაბს ამოფარებოდნენ. მაგალითად, ცენზურა აკონტროლებდა რადიოს, კინო-თეატრებსა და ტელევიზიას, რათა უზნეო შინაარსის მასალა არ გავრცელებულიყო. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. შეერთებული შტატების განათლების ყოფილმა მინისტრმა უილიამ ბენეტმა თქვა: „60-იანი წლებისთვის ამერიკა ძალიან სწრაფად ჩაეფლო დემორალიზაციის ჭაობში“. იგივე მოხდა სხვა მრავალ ქვეყანაშიც. რამ გამოიწვია 60-იან წლებში ზნეობის სწრაფი დაცემა?
იმ ათწლეულებში თითქმის ერთდროულად დაიწყო ფემინისტური მოძრაობა და სქესობრივი რევოლუცია, რამაც ეგრეთ წოდებული „ახალი ზნეობა“ დაამკვიდრა. დაიწყეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების წარმოებაც. ამან შესაძლებელი გახადა დაფეხმძიმების შიშის გარეშე სქესობრივი ურთიერთობა, რამაც წარმოშვა „თავისუფალი სიყვარულის“ ცნება — „ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა“.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რაც შეეხება ზნეობის საკითხებს, იმ პერიოდში პრესა, კინო და ტელევიზია მეტად შემწყნარებელი გახდა. მოგვიანებით, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ სატელევიზიო გადაცემების შესახებ აღნიშნა: „ტელევიზია უწონებს ადამიანებს ჟინის დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას; დადებით შუქში წარმოაჩენს ძალადობასა და სისასტიკეს; და მაყურებელს სქესობრივი აღვირახსნილობისკენ უბიძგებს“.
70-იან წლებში ვიდეომაგნიტოფონის ფართოდ გამოყენება დაიწყეს. ადამიანებს უკვე განმარტოებით, თავიანთ სახლებში შეეძლოთ ამორალური სცენების ყურება, რის უფლებასაც სახალხოდ, კინოთეატრებში არასოდეს მისცემდნენ საკუთარ თავს. ბოლო დროს კი მთელ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს, ვისაც კომპიუტერი აქვს, შეუძლია ყველაზე გახრწნილი მასალის ნახვა.
შედეგები მრავალმხრივ არის შემაშფოთებელი. შეერთებული შტატების ციხის ერთმა ზედამხედველმა აღნიშნა: „ათი წლის წინ ქუჩაში დაჭერილ ბავშვებს რომ მოიყვანდნენ, მათთვის შეიძლებოდა აგეხსნა, რა იყო სწორი და არასწორი; მაგრამ დღეს არ ესმით, რაზე ვესაუბრები“.
-