-
კითხვა, რომელიც საგონებელში გვაგდებსსაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 4
-
-
აგერ უკვე საუკუნეებია, რაც რელიგიური წინამძღოლები ხალხს ასწავლიან, რომ ადამიანის სული უკვდავია. თითქმის ყველა ძირითადი მიმდინარეობის, მათ შორის ინდუიზმის, იუდაიზმის, ქრისტიანული თუ მუსულმანური რელიგიის მიმდევრებს სჯერათ, რომ სული ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში განაგრძობს არსებობას. მეტიც, ბუდიზმი ასწავლის, რომ ადამიანი არაერთხელ ევლინება სამყაროს და შინაგანი თუ მენტალური ძალის მობილიზაციის შედეგად უდიდეს ნეტარებას, ნირვანას, აღწევს.
ასეთი სწავლებების გამო მთელ მსოფლიოში ბევრს სჯერა, რომ სიკვდილი ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ამიტომ მათი აზრით, სიკვდილი სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელოვანი ეტაპია. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანი ღვთის ნებით კვდება.
-
-
რას ამბობს ბიბლია?საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 4
-
-
ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ „სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“. მაგრამ საინტერესოა, განაგრძობს არსებობას სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულისგან გამიჯნული რაღაც ნაწილი, რომელსაც ზოგი „სულს“ ეძახის? თუ ასეა, გამოდის, რომ ღმერთს ადამი მოუტყუებია და სიკვდილი არ ყოფილა ცოდვის შედეგი. არადა ბიბლიაში ნათქვამია: „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელები 6:18). სინამდვილეში სატანამ მოატყუა ევა, როცა უთხრა: „არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4).
აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ სწავლება სულის უკვდავების შესახებ სიცრუეა, მაშინ რა ხდება სინამდვილეში სიკვდილის შემდეგ?
ბიბლია ნათელს ჰფენს ამ საკითხს
წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. ებრაული სიტყვა „ნეფეშ“,a რომელიც ითარგმნება „ცოცხალ სულად“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „მსუნთქავს“ (დაბადება 2:7, სქოლიო).
ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ სული არ არის ადამიანის სხეულისგან გამიჯნული ნაწილი, რომელიც უკვდავია. სინამდვილეში თავად ადამიანია „ცოცხალი სული“. ამიტომ ბიბლიაში ვერსად ნახავთ ფრაზას „უკვდავი სული“.
მაშ, რატომ ასწავლის ამდენი რელიგია, რომ სული უკვდავია მაშინ, როცა ბიბლიიდან სრულიად საპირისპიროს ვიგებთ? ეს სწავლება სათავეს ძველი ეგვიპტიდან იღებს.
წარმართული სწავლება ფეხს იკიდებს
ძვ. წ. V საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა, რომ „პირველები, რომლებმაც სულის უკვდავების შესახებ სწავლება დაამკვიდრეს“, ეგვიპტელები იყვნენ. ეს სწავლება ბაბილონელებმაც გაიზიარეს. ძვ. წ. 332 წლისთვის კი, როცა ალექსანდრე დიდმა ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო, ბერძენი ფილოსოფოსები აქტიურად ავრცელებდნენ სწავლებას სულის უკვდავების შესახებ, ამიტომ მალე ამ სწავლებამ მთელ საბერძნეთის იმპერიაში მოიკიდა ფეხი.
ბიბლიაში ვერსად ნახავთ ფრაზას „უკვდავი სული“
ახ. წ. I საუკუნეში ორი ცნობილი იუდაური სექტის წევრები, ესეები და ფარისევლები, ასწავლიდნენ, რომ სული სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. ერთ იუდაურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ძირითადი მიზეზი, რის გამოც იუდეველებს შორის ღრმად გაიდგა ფესვი სწავლებამ სულის უკვდავების შესახებ, ის გახლდათ, რომ მათ გაიზიარეს ბერძენი ფილოსოფოსების, უმთავრესად კი პლატონის, იდეები“. მსგავსად, პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც თვლიდა, რომ ამ სწავლებას წმინდა წერილებთან საერთო არაფერი არ ჰქონდა და რომ ის „ბერძენი სწავლულების შეხედულებებს ეფუძნებოდა“. ფლავიუსისთვის ეს სწავლება ბერძნული მითოლოგიის ნაწილი იყო და მეტი არაფერი.
ვინაიდან ბერძნული კულტურის გავლენა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვრცელდებოდა, წარმართული სწავლება სულის უკვდავების შესახებ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმაც შეითვისეს. ერთი ისტორიკოსი იონა ლენდერინგი აღნიშნავს: „ქრისტიანული სწავლებებისა და პლატონისეული ფილოსოფიის შერწყმას ხელი შეუწყო თავად პლატონის იდეამ, რომ თითქოს ადამიანის სული განსხეულებამდე უკეთეს ადგილას მკვიდრობს, შემდეგ კი ზნედაცემულ ქვეყნიერებას ევლინება“. ამგვარად, ეს წარმართული სწავლება კარგად შეითვისა ქრისტიანულმა ეკლესიამ და ის მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სწავლებად იქცა.
„ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
პირველ საუკუნეში მოციქული პავლე წერდა: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“ (1 ტიმოთე 4:1). ეს სიტყვები მართლაც ზედმიწევნით შესრულდა! სულის უკვდავება სწორედ ერთ-ერთი „დემონური სწავლებაა“, რადგან ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და სათავეს წარმართული რელიგიებიდან და ფილოსოფიური სწავლებებიდან იღებს.
თუმცა იესოს სიტყვები გვაიმედებს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). როცა ბიბლიიდან საფუძვლიან ცოდნას ვიღებთ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში გაბატონებული რელიგიების სწავლებები ცრუ და ღვთის შეურაცხმყოფელია; ჩვენ ვთავისუფლდებით ცრუ რელიგიის მარწუხებისგან და შედეგად აღარც ღვთისთვის მიუღებელ რიტუალებში ვიღებთ მონაწილეობას. მეტიც, ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ისეთი ტრადიციებისა და ცრურწმენისგან, რაც სულის უკვდავებას უკავშირდება (იხილეთ ჩარჩო „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“).
ჩვენი შემოქმედის განზრახვა არ ყოფილა, რომ დედამიწაზე, სულ რაღაც, 70—80 წელი გვეცხოვრა და შემდეგ მთელი მარადიულობა სხვა სამყაროში გაგვეტარებინა. მას სურდა, რომ მის მორჩილთ მარადიულად აქ, დედამიწაზე, ეცხოვრათ. ეს დიდებული განზრახვა იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს უყვარს კაცთა მოდგმა; მას ამ განზრახვის შესრულებაში ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს! (მალაქია 3:6). მართლაც რა მანუგეშებელია ფსალმუნმომღერლის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“! (ფსალმუნი 37:29).
-