საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიჰბაძეთ იეჰოვას, ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივნისი
    • 11. როგორ ვლინდებოდა მიუკერძოებლობა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში?

      11 პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ იუდეველები და არაიუდეველები. „დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს, — თქვა პავლე მოციქულმა, — იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“b (რომაელთა 2:10, 11). წარმოშობა არ იყო იმის განმსაზღვრელი, ისარგებლებდა თუ არა ვინმე იეჰოვას წყალობით; ეს იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა რეაგირებას მოახდენდა, როდესაც იეჰოვაზე და იმ იმედზე მოისმენდა, რომლის საფუძველიც ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მსხვერპლი იყო (იოანე 3:16, 36). პავლე მოციქულმა დაწერა: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში“. მოციქულმა აქ გამოიყენა კალამბური (სიტყვათა თამაში), რომელიც სიტყვა „იუდეველის“ (ნაწარმოებია სახელიდან „იუდა“, რაც ნიშნავს ქებულს) სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენებაზე იყო დაფუძნებული და დასძინა: „ვისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა“ (რომაელთა 2:28, 29). იეჰოვა მიუკერძოებლად აქებს ადამიანებს. ჩვენც ვიქცევით ასე?

      12. მომავლის რა პერსპექტივაზეა ლაპარაკი გამოცხადების 7:9-ში და ვისთვის იქნება ეს შესაძლებელი?

      12 მოგვიანებით იოანე მოციქულმა აღწერა თავისი ხილვა, სადაც ცხებული ქრისტიანები წარმოდგენილი არიან სულიერ ერად, რომელიც „ბეჭედდასმული, ისრაელიანთა ყველა ტომიდან“ შეკრებილი 144 000 წევრისგან შედგება. მათ შემდეგ იოანემ დაინახა „უამრავი ხალხი . . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში“ (გამოცხადება 7:4, 9). ასე რომ, დღეს ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ყოველი ერის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ნებისმიერი წარმოშობის ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მოახლოებულ „დიდ გასაჭირში“ გადარჩნენ და ახალ ქვეყნიერებაში „სიცოცხლის წყლის წყაროდან“ დალიონ (გამოცხადება 7:14—17).

      დადებითი შედეგები

      13—15. ა) როგორ შეგვიძლია რასობრივი და სხვადასხვა კულტურით გამოწვეული ბარიერების გადალახვა? ბ) მოიყვანეთ მაგალითები, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს გულთბილად მოპყრობას.

      13 იეჰოვა კარგად გვიცნობს თითოეულ ჩვენგანს, ისევე როგორც მოსიყვარულე მამა თავის შვილებს. თუ ჩვენც ვეცნობით ერთმანეთს და ინტერესს ვავლენთ ერთმანეთის კულტურისადმი, სულ უფრო უმნიშვნელო ხდება ნებისმიერი განსხვავება. ამის შედეგად ეთნიკური ბარიერები ქრება, ხოლო მეგობრობა და სიყვარული მტკიცდება. ხელი ეწყობა ერთობას (1 კორინთელთა 9:19—23). ამის კარგ მაგალითს გვაძლევენ მისიონერები, რომლებიც უცხო ქვეყნებში მსახურობენ. ისინი პირად ინტერესს ავლენენ იმ ხალხისადმი, რომელთა შორისაც ცხოვრობენ და ამის შედეგად ძალიან მალე უმეგობრდებიან ადგილობრივი კრებების წევრებს (ფილიპელთა 2:4).

      14 მიუკერძოებლობის გამოვლენამ ბევრ ქვეყანაში მოიტანა დადებითი შედეგები. ეთიოპელი აკილუ საშინელ მარტოობას გრძნობდა ლონდონში. ეს გრძნობა უფრო მეტად უმძაფრდებოდა, როდესაც ხედავდა, რომ ხალხი, როგორც ეს თანამედროვე ევროპის ბევრ დიდ ქალაქშია, მეგობრულად არ იყო განწყობილი უცხოელების მიმართ. ხოლო როდესაც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრას დაესწრო, მას სრულიად განსხვავებული გრძნობა დაეუფლა! გულთბილი მიღებისთანავე თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ ოჯახში. მალე უკეთესად გაიცნო და უფრო მეტად დააფასა შემოქმედი, რამაც აღძრა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაეწყო. ერთხელ სამქადაგებლო მსახურებისას აკილუს პარტნიორმა ჰკითხა, რა მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში. მან მაშინვე უპასუხა — იმედი მაქვს, ოდესმე ამჰარული კრების წევრი გავხდებიო. როდესაც ეს მისი ინგლისური კრების უხუცესებმა გაიგეს, ორგანიზება გაუწიეს იმას, რომ აკილუს მშობლიურ ენაზე საჯარო მოხსენება წარმოთქმულიყო. დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარებულ ამჰარულ შეხვედრაზე მოხსენების მოსასმენად უცხოელებთან ერთად ბევრი ადგილობრივი მოწმე მივიდა. დღეს მათ უკვე საკმაოდ ძლიერი კრება აქვთ, რომელშიც მხარდამხარ მსახურობენ ეთიოპელი თუ სხვა ეროვნების მოწმეები. იმ მხარეში ბევრმა დაინახა, რომ ხელს არაფერი უშლიდათ, იეჰოვას მხარე დაეკავებინათ და ამის ნიშნად მონათლულიყვნენ (საქმეები 8:26—36).

      15 ყველა ერს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები თუ ტრადიციები აქვს. ეს არ არის რომელიმე კულტურის უპირატესობის განმსაზღვრელი; უბრალოდ, თითოეული კულტურა განსხვავებულია. ამასწინათ, როდესაც კუნძულ მალტაზე იეჰოვასადმი მიძღვნილები ინათლებოდნენ, ადგილობრივი მოწმეების აშკარად გამოხატულ სიხარულს დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული სტუმრების სიხარულის ცრემლებიც ავსებდა. როგორც მალტელები, ისე ბრიტანელები გამოხატავდნენ საკუთარ გრძნობებს, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულად. იეჰოვას მიმართ გამოვლენილმა ძლიერმა სიყვარულმა უფრო მეტად განამტკიცა მათი ქრისტიანული ურთიერთობა (ფსალმუნები 132:1; კოლასელთა 3:14).

      უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა

      16—18. მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიანული კრების წევრებს ამა თუ იმ ერისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა.

      16 თანაქრისტიანებისადმი სიყვარულის განვითარება იმაში გვეხმარება, რომ ადამიანებს იეჰოვას თვალით შევხედოთ. თუ რომელიმე ერის, რასის ან კულტურის მიმართ დადებითად არ ვიყავით განწყობილი, შეგვიძლია უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა. მაგალითად შეგვეძლო მოგვეყვანა ალბერტი, რომელიც II მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა და 1942 წელს სინგაპურის დაცემისას ტყვედ ჩაუვარდა იაპონელებს. მოგვიანებით მას დაახლოებით სამ წელიწადს მოუწია მუშაობა „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე, მდინარე კხუენოიზე გადებულ ხიდთან ახლოს. როდესაც ომი დამთავრდა და ალბერტი გათავისუფლდა, ის 32 კილოგრამს იწონიდა, გატეხილი ჰქონდა ყბისა და ცხვირის ძვლები და დიზენტერიით, ტრიქოფიტიითა (კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადება) და მალარიით იყო დაავადებული. ათასობით ტყვე უარეს მდგომარეობაში იყო. ბევრი ცოცხალი ვერ გადარჩა. ალბერტი 1945 წელს დაბრუნდა სახლში. ყველა იმ საშინელების შემდეგ, რაც მან საკუთარი თვალით ნახა თუ პირადად გამოსცადა, ალბერტი გამწარებული ადამიანი იყო და სრულიად არ აინტერესებდა რამის გაგება ღვთისა და რელიგიის შესახებ.

      17 ალბერტის მეუღლე, აირინი, იეჰოვას მოწმე გახდა. ცოლის ხათრით ალბერტი იეჰოვას მოწმეთა კრების რამდენიმე შეხვედრას დაესწრო. მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო ახალგაზრდა სრული დროით მსახურმა, სახელად პაულმა. ალბერტი მალე დარწმუნდა იმაში, რომ იეჰოვა თითოეული ადამიანის გულს ხედავს და, შესაბამისად, ადამიანებს ინდივიდუალურად უყურებს. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

      18 პაული მოგვიანებით ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მან ისწავლა იაპონური და იმ კრებაში დაიწყო მსახურება, რომელიც იაპონურ ენაზე ტარდებოდა. როდესაც მან ინგლისში სტუმრად ჩასული რამდენიმე იაპონელი მოწმე თავის ყოფილ კრებაში მიიყვანა, ადგილობრივ ძმებს გაახსენდათ, რომ ალბერტი უარყოფითად იყო განწყობილი იაპონელებისადმი. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ის იაპონელებთან პირისპირ შეხვედრას ერიდებოდა. ამიტომაც ძმები ფიქრობდნენ, რომ მისთვის ადვილი არ იქნებოდა სტუმრებთან შეხვედრა. მაგრამ საგანგაშო არაფერი ყოფილა — ალბერტმა სტუმრები ძმური სიყვარულით მიიღო (1 პეტრე 3:8, 9).

      „იყავით თქვენც გაშლილნი“

      19. პავლე მოციქულის მიერ მოცემული რომელი რჩევა დაგვეხმარება, თუ ზოგჯერ მიკერძოებას ვავლენთ?

      19 „მიკერძოება კარგი არ არის“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 28:21). ბუნებრივია, გვსიამოვნებს კარგ ნაცნობებთან ურთიერთობა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სათანადო ინტერესს არ ვავლენთ მათდამი, ვისაც კარგად არ ვიცნობთ. ასეთი მიკერძოება არ შეეფერება იეჰოვას მსახურს. ცხადია, ყველასთვის კარგი იქნება, გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა, ‘ვიყოთ გაშლილნი’ — დიახ, გავფართოვდეთ სხვადასხვა ეროვნების თანაქრისტიანთა სიყვარულში (2 კორინთელთა 6:13).

      20. სად და როდის უნდა მივბაძოთ იეჰოვას, ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს?

      20 იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისა, მიუკერძოებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, გაერთიანებული ვიყოთ ერთ ფარაში, რომელსაც ერთი მწყემსი ჰყავს (ეფესელთა 4:4, 5, 16). იეჰოვას, ჩვენი მიუკერძოებელი ღმერთის, მიბაძვა დაგვეხმარება ქრისტიანულ მსახურებაში, ოჯახში, კრებაში და, საერთოდ, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. როგორ? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • ყველაში კარგი ეძებეთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივნისი
    • ყველაში კარგი ეძებეთ

      „გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ!“ (ნეემია 13:31).

      1. როგორ ეპყრობა იეჰოვა ყველას კარგად?

      ღრუბლიანი და მოქუფრული დღეების შემდეგ მზის გამოსვლა სასიამოვნო ცვლილებაა, რაც ბევრს კარგ ხასიათზე აყენებს. მცხუნვარე მზიანი დღეებისა და ხანგრძლივი გვალვის შემდეგ კი შხაპუნა წვიმა ან თუნდაც თავსხმა გამომაცოცხლებელია. ჩვენმა მოსიყვარულე შემოქმედმა, იეჰოვამ, ატმოსფეროს შექმნით ამინდიც გვაჩუქა. იესომ იეჰოვას ხელგაშლილობაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც თავის მოწაფეებს ასწავლა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:43—45). დიახ, იეჰოვა ყველას კარგად ეპყრობა. მისი მსახურები უნდა შეეცადონ, მიჰბაძონ თავიანთ შემოქმედს და ყველაში კარგი ეძებონ.

      2. ა) რატომ ექცევა იეჰოვა ყველას კარგად? ბ) რას ამჩნევს იეჰოვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვრეაგირებთ მის სიკეთეზე?

      2 რატომ ეპყრობა იეჰოვა ყველას კარგად? იმ დროიდან მოყოლებული, რაც ადამმა შესცოდა, იეჰოვა ადამიანებში ყოველივე კარგს ეძებს (ფსალმუნები 129:3, 4). მას განზრახული აქვს, მორჩილმა ადამიანებმა კვლავ სამოთხეში იცხოვრონ (ეფესელთა 1:9, 10). მისი წყალობა იმის საფუძველს გვიქმნის, რომ აღთქმული თესლის მეშვეობით ცოდვისა და არასრულყოფილებისგან გათავისუფლების იმედი გვქონდეს (დაბადება 3:15; რომაელთა 5:12, 15). გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენა, საბოლოოდ, სრულყოფილების დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს. ამჟამად იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს გვაკვირდება, რისი ერთ-ერთი მიზანიც ის არის, რომ დაინახოს, თუ როგორ ვრეაგირებთ მის ხელგაშლილობაზე (1 იოანე 3:16). ის ამჩნევს ყველაფერს, რითაც კი მისი სიკეთისათვის მადლიერებას გამოვხატავთ. „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“, — დაწერა პავლე მოციქულმა (ებრაელთა 6:10).

      3. რომელ კითხვაზე პასუხით უნდა დავინტერესდეთ?

      3 როგორ შევძლებთ, იეჰოვას მსგავსად, ადამიანებში ვეძებოთ ის, რაც კარგია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ ოთხი მხარე: 1) ქრისტიანული მსახურება, 2) ოჯახი, 3) კრება და 4) სხვებთან ჩვენი ურთიერთობა.

      ქადაგებისას და მოწაფეების მომზადებისას

      4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებით ვცდილობთ, ყოველივე კარგი დავინახოთ ადამიანებში?

      4 „ყანა . . . არის წუთისოფელი“, — განუმარტა იესომ თავის მოწაფეებს, რომლებმაც ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იგავის მნიშვნელობა ჰკითხეს. დღეს ქრისტეს მიმდევრები სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით ვაჩვენებთ, რომ გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა (მათე 13:36—38; 28:19, 20). ქადაგებით საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს რწმენას. იეჰოვას მოწმეები კარგად ვართ ცნობილი კარდაკარ თუ ქუჩაში ქადაგებით, რაც იმაზე მოწმობს, რომ გულმოდგინედ ვეძებთ ყველა ღირსეულს, ვინც სამეფოს შესახებ ცნობას მიიღებს. იესომ ხომ თავის მოწაფეებს შემდეგი მითითება მისცა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული“ (მათე 10:11; საქმეები 17:17; 20:20).

      5, 6. კარდაკარ მსახურებისას რატომ ვაკითხავთ ხალხს განმეორებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიძნელეებს ვხვდებით?

      5 კარდაკარ ქადაგებისას ვხედავთ, როგორ რეაგირებს ხალხი ჩვენს ცნობაზე. ზოგჯერ ოჯახის ერთი წევრი გვისმენს, მეორე კი გვეუბნება: „არ გვაინტერესებს“ და ამით საუბარი მთავრდება. რა სამწუხაროა, როდესაც ჩვენს მოსაუბრეზე გავლენას ახდენს ოჯახის იმ წევრის თვალსაზრისი, რომელიც გვეწინააღმდეგება ან უბრალოდ ინტერესს არ ავლენს ჭეშმარიტებისადმი! როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაში კარგი დავინახოთ?

      6 სხვა დროს ამავე უბანზე ქადაგებისას შეიძლება უშუალოდ იმ ადამიანთან მოვახერხოთ დალაპარაკება, რომელმაც ადრე საუბარი გაგვაწყვეტინა. წინა შემთხვევისას მომხდარის გათვალისწინება დაგვეხმარება, უკეთესად მოვემზადოთ. ჩვენს მოწინააღმდეგეს, შესაძლოა, კეთილი მიზნები ამოძრავებდა — დარწმუნებული იყო, რომ სწორად მოიქცეოდა, თუ თავისი ოჯახის წევრს სამეფოს შესახებ ცნობას არ მოასმენინებდა. მას, ალბათ, უარყოფითი თვალსაზრისი ჩვენი მიზნების შესახებ დეზინფორმაციის გავლენით ჰქონდა შექმნილი. ამის გამო თავი არ უნდა შევიკავოთ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისგან და ტაქტიანად ნათელი უნდა მოვფინოთ გაუგებრობას. ჩვენ გვსურს, რომ ყველას დავეხმაროთ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში. შედეგად კი, შესაძლოა, იეჰოვამ თავისთან მიიზიდოს ეს ადამიანი (იოანე 6:44; 1 ტიმოთე 2:4).

      7. რა დაგვეხმარება დადებითი განწყობით ქადაგებაში?

      7 იესო აფრთხილებდა თავის მოწაფეებს ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ. მან თქვა: „მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული — თავის დედისაგან და რძალი — თავის დედამთილისაგან“. შემდეგ კი დასძინა: „კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან“ (მათე 10:35, 36). მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს მდგომარეობა და თვალსაზრისი ეცვლებათ. მოულოდნელი ავადმყოფობა, ოჯახის წევრის დაღუპვა, სტიქიური უბედურება, მძიმე ემოციური ტრავმა და სხვა მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას ჩვენი ქადაგების მიმართ ადამიანის რეაქციაზე. თუ უარყოფითად ვიქნებით განწყობილი — ვიფიქრებთ, რომ ქადაგების დროს არ მოგვისმენენ, განა ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანებში კარგის დანახვას ვცდილობთ? განა სიხარულით არ უნდა მივაკითხოთ მათ განმეორებით? შესაძლოა, ისინი სრულიად სხვაგვარად შეგვხვდნენ. ზოგჯერ მობინადრე განსხვავებულად რეაგირებს არა მხოლოდ იმის გამო, თუ რას ვეუბნებით, არამედ, თუ როგორ ვეუბნებით. ქადაგების დაწყებამდე გულმხურვალე ლოცვა დაგვეხმარება, დადებითად განვეწყოთ და ასეთი განწყობით ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა (კოლასელთა 4:6; 1 თესალონიკელთა 5:17).

      8. რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად, თუ ქრისტიანი ცდილობს ურწმუნო ნათესავებში დაინახოს ის, რაც კარგია?

      8 ზოგ კრებაში ერთი სანათესავოდან იეჰოვას მრავალი მოწმე ემსახურება ღმერთს. ხშირად უმცროსების გულზე სწორედ ის ახდენს დადებით გავლენას, რომ უფროსები მტკიცედ დგანან თავიანთ პოზიციაზე და ნათესავებთან და საკუთარი ოჯახის წევრებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ. პეტრე მოციქულის რჩევა ბევრ ქრისტიან ცოლს დაეხმარა, „სიტყვის გარეშე“ მოეპოვებინა საკუთარი ქმარი (1 პეტრე 3:1, 2).

      ოჯახში

      9, 10. როგორ ცდილობდნენ იაკობი და იოსები, კარგი დაენახათ საკუთარი ოჯახის წევრებში?

      9 სხვებში კარგის დანახვა შეგვიძლია ოჯახშიც, რაშიც, ჩვეულებრივ, ხელს გვიწყობს ოჯახის წევრებს შორის არსებული ახლო ურთიერთობები. მაგალითად, განვიხილოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იაკობს თავის ვაჟებთან. დაბადების 37-ე თავის მე-3 და მე-4 მუხლებში აღნიშნულია, რომ იაკობს გამორჩეულად უყვარდა იოსები. ძმებს მისი შურდათ, რის გამოც იოსები სასიკვდილოდაც კი გაიმეტეს. მიუხედავად ამისა, ყურადღება მიაქციეთ, მოგვიანებით რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათდამი იაკობსა და იოსებს. ორივე მათგანი ცდილობდა კარგი დაენახა ოჯახის წევრებში.

      10 იოსებმა, რომელიც ეგვიპტეში შიმშილობის დროს ქვეყნის საკვების მარაგის ზედამხედველი იყო, ძმები კეთილგანწყობით მიიღო. მას მაშინვე არ გაუმჟღავნებია თავისი ვინაობა, მაგრამ იზრუნა იმაზე, რომ ძმებს არაფერი გასჭირვებოდათ და ხანდაზმულ მამასთან წასაღებადაც ჰქონოდათ საკვები. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ იოსები სიძულვილის მსხვერპლი იყო, ის ძმების კეთილდღეობაზე ზრუნავდა (დაბადება 41:53—42:8; 45:23). იაკობმა კი სიკვდილის წინ თავისი ვაჟები წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვებით აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამო მათ ზოგიერთი კურთხევა ვერ მიიღეს, არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს მემკვიდრეობა (დაბადება 49:3—28). ნამდვილად დიდი სიყვარული გამოავლინა იაკობმა!

      11, 12. ა) რომელი წინასწარმეტყველური მაგალითი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ოჯახის წევრებში ყოველთვის კარგის დანახვა? ბ) რას გვასწავლის გზასაცდენილი შვილის შესახებ იგავში მამის მაგალითი?

      11 იეჰოვას მიერ ორგული ისრაელი ერისადმი გამოვლენილი სულგრძელობის მაგალითი გვეხმარება დავინახოთ, როგორ ეძებს ის თავის ხალხში კარგს. იეჰოვამ წინასწარმეტყველ ოსიას ოჯახური მდგომარეობა გამოიყენა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ძლიერ სიყვარულს ავლენდა ისრაელების მიმართ. გომერი, ოსიას ცოლი, მრუში იყო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ ოსიას შემდეგი მითითება მისცა: „წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე, როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისაკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ“ (ოსია 3:1). რა იყო ასეთი მითითების მიზეზი? იეჰოვამ იცოდა, რომ განდგომილი ერიდან ზოგი სწორ რეაგირებას მოახდენდა მის მოთმინებაზე. ოსიამ დაწერა: „მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში“ (ოსია 3:5). ნამდვილად ღირს ამ მაგალითზე დაფიქრება, როდესაც ოჯახში სირთულეები გვექმნება. სხვა თუ არაფერი, ოჯახის წევრებს მოთმინების მაგალითს მაინც მივცემთ, თუკი მათში ყოველთვის კარგის დანახვას შევეცდებით.

      12 გზასაცდენილი შვილის შესახებ იესოს იგავი უკეთესად გაგვარკვევს, თუ როგორ უნდა დავინახოთ საკუთარი ოჯახის წევრებში ყოველივე კარგი. იგავში მამას ოჯახში უბრუნდება უმცროსი ვაჟი, რომელმაც ქონება აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა. ის შვილს შემწყნარებლურად იღებს. როგორ რეაგირებს მამა, როდესაც მას საყვედურობს უფროსი ვაჟი, რომელიც სახლიდან არასოდეს წასულა? ის უფროს ვაჟს ეუბნება: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია“. ამ სიტყვებით მამა შვილის გაჩუმებას კი არ ცდილობს, არამედ მას თავის სიყვარულში არწმუნებს. „უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულობდეთ, — განაგრძობს ის, — ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“. ჩვენც შეგვიძლია მსგავსადვე შევეცადოთ ადამიანებში კარგის დანახვას (ლუკა 15:11—32).

      ქრისტიანულ კრებაში

      13, 14. სიყვარულის „სამეფო რჯულით“ ხელმძღვანელობის რა შესაძლებლობა გვეძლევა კრებაში?

      13 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სიყვარულის „სამეფო რჯულით“ უნდა იხელმძღვანელონ (იაკობი 2:1—9). შეიძლება კრებაში ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ჩვენგან განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობის ქრისტიანებთან, მაგრამ ხომ არ შეინიშნება ჩვენ შორის ეროვნების, კულტურის, ანდა ყოფილი რელიგიის მიხედვით დაყოფა? თუ ასეა, როგორ შეგვიძლია იაკობის რჩევის გამოყენება?

      14 ქრისტიანულ შეხვედრებზე ნებისმიერთან გულთბილი შეხვედრით ვაჩვენებთ, რომ ყველას მიმართ დადებითად ვართ განწყობილი. როდესაც ინიციატივას ვავლენთ და სამეფო დარბაზში ველაპარაკებით მათ, ვინც პირველად მოვიდა ან არც ისე დიდი ხანია, რაც შეხვედრებს ესწრება, ისინი ხშირად უხერხულობის გრძნობისგან თავისუფლდებიან. კრებაზე პირველად დასწრების შემდეგ ზოგმა ასეთი რამ აღნიშნა: „ყველა ძალიან კარგად შემხვდა. თითქოს მე მათი დიდი ხნის ნაცნობი ვყოფილიყავი. თავს ნამდვილად თავისუფლად ვგრძნობდი“.

      15. როგორ მიეჩვევიან ახალგაზრდები უფროსებთან ურთიერთობას?

      15 ზოგიერთ კრებაში შეხვედრის შემდეგ სამეფო დარბაზში ან მის გარეთ ზოგი ახალგაზრდა ერთად იკრიბება და უფროსებთან ურთიერთობას ერიდება. რის გაკეთებაა შესაძლებელი იმისათვის, რომ ახალგაზრდები ასე არ მოიქცნენ? ცხადია, უპირველესად, მშობლებმა ოჯახში უნდა მიაჩვიონ შვილები კრების შეხვედრებისთვის მომზადებას (იგავები 22:6). მათ შეუძლიათ შვილებს დაავალონ, მთელი ოჯახისთვის გაამზადონ პუბლიკაციები, რომლებიც კრების შეხვედრაზე დასჭირდებათ. გარდა ამისა, ყველაზე უკეთესად დედ-მამა შეძლებს შვილების წახალისებას იმისკენ, რომ სამეფო დარბაზში ხანდაზმულებსა თუ ინვალიდებს გამოელაპარაკონ. მათთან აზრიანი საუბრის შედეგად ახალგაზრდები კმაყოფილი დარჩებიან.

      16, 17. როგორ შეძლებენ უფროსები კრების ახალგაზრდა წევრებში კარგის დანახვას?

      16 თავის მხრივ, უფროსი ასაკის და-ძმებმაც უნდა გამოავლინონ ახალგაზრდებისადმი ინტერესი (ფილიპელთა 2:4). მათ შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით დაელაპარაკონ და გაამხნევონ ისინი. კრებაზე ყოველთვის განვიხილავთ საინტერესო აზრებს. შესაძლებელია, უფროსებმა ახალგაზრდებს ჰკითხონ, როგორ მოეწონათ პროგრამა და განსაკუთრებით რას მიაქციეს ყურადღება, რასაც პირადად გამოიყენებდნენ. ახალგაზრდები, რომლებიც კრების განუყოფელი ნაწილი არიან, უნდა შევაქოთ ყურადღებით მოსმენისთვის, აგრეთვე კომენტარებში მონაწილეობისა და სცენაზე გამოსვლისთვის. თუ ახალგაზრდები კრებაში უფროსებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას ისწავლიან და საოჯახო საქმეებში მონაწილეობის მიღებას მიეჩვევიან, ალბათ, მოგვიანებით სერიოზული პასუხისმგებლობების შესრულებასაც შეძლებენ (ლუკა 16:10).

      17 დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებით ზოგი ახალგაზრდა სულიერად იმდენად იზრდება, რომ მზად არის უფრო მნიშვნელოვანი დავალებების მისაღებად. ახალგაზრდას ნაკლები დრო ექნება არასწორი საქციელისთვის, თუ რაღაცით იქნება დაკავებული (2 ტიმოთე 2:22). ასეთი დავალებებით ძმები ‘გამოიცდებიან’, შეძლებენ თუ არა თანაშემწედ მსახურებას (1 ტიმოთე 3:10). ის, თუ რამდენად აქტიურად მონაწილეობენ კრების შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებაში და რამდენად ყურადღებიანები არიან კრების წევრების მიმართ, უხუცესებს დამატებითი დავალებების მიცემამდე მათი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში დაეხმარება.

      ყველაში კარგის ძებნა

      18. სამართლებრივი და სადაო საკითხების მოგვარებისას რა საფრთხეს უნდა მოერიდონ უხუცესები და რატომ?

      18 „მიკერძოება სასამართლოზე არ არის კარგი“, — ნათქვამია იგავების 24:23-ში. ზეციერი სიბრძნე მოითხოვს, რომ უხუცესები სამართლებრივი და სადაო საკითხების მოგვარებისას მიკერძოებას მოერიდონ. მოწაფე იაკობმა თქვა: „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო“ (იაკობი 3:17). ცხადია, უხუცესები ყველაში კარგის დანახვას უნდა შეეცადონ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მათზე გავლენა არ მოახდინოს პირადმა ურთიერთობებმა და ემოციებმა. «უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა ასაფმა, — ანგელოზთა [ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მართლმსაჯულებას ასრულებენ] შორის ქმნა სამართალი: „როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და მიმხრობით განიკითხავთ ბოროტთა?“» (ფსალმუნები 81:1, 2). შესაბამისად, ქრისტიანი უხუცესები ერიდებიან მიკერძოებას, როდესაც განსახილველი საქმე მათ მეგობარს ან ნათესავს ეხება. ამით ისინი კრების ერთობას ინარჩუნებენ და იეჰოვას სულს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ (1 თესალონიკელთა 5:23).

      19. როგორ შეგვიძლია და-ძმებში კარგის დანახვა?

      19 სულიერ და-ძმებში თუ ყოველივე კარგის დანახვას შევეცდებით, მათდამი ისეთივე დამოკიდებულება გვექნება, როგორიც პავლეს ჰქონდა თესალონიკელთა მიმართ, რომლებსაც მისწერა: „ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ“ (2 თესალონიკელთა 3:4). ნაკლებ ყურადღებას გავამახვილებთ სხვის უარყოფით თვისებებზე, თუ ადამიანებში კარგის დანახვის სურვილი გვექნება. ასეთ შემთხვევაში, შევეცდებით დავინახოთ ძმების საქები მხარეები და რაღა თქმა უნდა, მოვერიდებით კრიტიკას. «განმგებელთაგან მოითხოვენ, რომ ვინმე აღმოჩნდეს სარწმუნო [„ერთგული“, აქ]», — დაწერა პავლე მოციქულმა (1 კორინთელთა 4:2). ერთგულების გამო მხოლოდ მათ როდი ვაფასებთ, ვისაც კრების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული; ჩვენთვის თითოეული ერთგული ძმა თუ და ძვირფასია. ამიტომაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს და ჩვენ შორის ქრისტიანული მეგობრობა მტკიცდება. შედეგად, ჩვენც ისევე ვუყურებთ თანაქრისტიანებს, როგორც პავლე უყურებდა თანამორწმუნეებს პირველ საუკუნეში. ისინი ღვთის სამეფოსთვის ჩვენი ‘თანამშრომელნი და მანუგეშებელნი’ ხდებიან (კოლასელთა 4:11). ამით კი სხვებისადმი ისეთივე დამოკიდებულებას ვავლენთ, როგორიც მათ მიმართ იეჰოვას აქვს.

      20. როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვინც ყველაში კარგის დანახვას ცდილობს?

      20 ჩვენც ვუერთდებით ნეემიას სიტყვებს, რომლებიც მან ლოცვაში წარმოთქვა: „გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ!“ (ნეემია 13:31). რა კარგია, რომ იეჰოვა ყოველივე კარგს ეძებს ადამიანებში! (3 მეფეთა 14:13). დაე ჩვენც მის მსგავსად მოვიქცეთ. ასეთ შემთხვევაში იეჰოვა დაგვიხსნის და მარადიული სიცოცხლით გვაკურთხებს ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც უკვე ასე ახლოსაა (ფსალმუნები 129:3—8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება