საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ დაკარგა ხალხმა მოთმინება?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | დეკემბერი
    • რატომ დაკარგა ხალხმა მოთმინება?

      ეს თვისება ოდითგანვე აკლდათ ადამიანებს. საცობებსა თუ რიგებში გაღიზიანებული და მდგომარეობიდან გამოსული ადამიანების ნახვა ნამდვილად არ წარმოადგენს იშვიათ სანახაობას. მაგრამ ექსპერტების თქმით, ადამიანები დღეს, ისე როგორც არასდროს, უკიდურესი მოუთმენლობის სენით არიან შეპყრობილნი. მიზეზები კი ერთობ გასაოცარია.

      როგორც, ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, მოთმინების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. მონრეალში (კანადა) გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ „ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ისეთებმა როგორიცაა, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი თუ აიპოდი, საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება . . . იმან, რომ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ჩვენთვის სასურველ შედეგებს დაუყოვნებლივ ვიღებთ, გაზარდა ჩვენში იმის მოთხოვნილება, რომ ცხოვრების სხვა სფეროებშიც ასევე სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგები“.

      ოჯახის ფსიქოლოგი დოქტორი ჯენიფერ ჰარსტეინი დამაფიქრებელ დასკვნას აკეთებს: „ჩვენ, ადამიანებს განგვივითარდა სასურველი შედეგების დაუყოვნებლივ მიღების ერთგვარი კულტურა და გვსურს, რომ ყველაფერს სწრაფად, ეფექტურად და სასურველი გზით ვიღებდეთ. როცა ეს არ ხდება, იმედი გვიცრუვდება და ვღიზიანდებით. დავკარგეთ სიმშვიდისა და მოცემულ სიტუაციებში სიამოვნების შეგძრნების ყოველგვარი კულტურა“.

      ბევრი თვლის, რომ იმეილი ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას და შესაძლოა სულ მალე მოდიდანაც კი გადავიდეს. გაინტერესებთ მიზეზი? ბევრს, ვინც აგზავნის შეტყობინებას, აღარ ჰყოფნის მოთმინება, რომ საათები ან თუნდაც წუთები ელოდოს პასუხს. იმეილები და ჩვეულებრივი წერილები, როგორც წესი, ითვალისწინებენ შესავალ და დასკვნით სიტყვებს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ფორმალობები მოსაწყენი და დროის წამრთმევია. ისინი ამჯობინებენ სწრაფ შეტყობინებებს, რომელიც არ მოითხოვს მსგავს პროტოკოლს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს არ გააჩნია იმდენი მოთმინება, რომ თავაზიანი მოკითხვის სიტყვები ჩაწეროს წერილში. ბევრი იმის დროსაც კი ვერ ნახულობს, რომ თავისი დაწერილი წერილი გაგზავნამდე გადაიკითხოს. შედეგად, ადრესატი იღებს ისეთ ტექსტს, რომელშიც უამრავი გრამატიკული თუ სხვა სახის შეცდომაა დაშვებული.

      ბევრს იმდენად უჭირს მოთმინება, რომ არ შეუძლია ფურცელზე დაბეჭდილი გრძელი ტექსტის ბოლომდე წაკითხვა

      სულმოკლეობის სინდრომი მხოლოდ ციფრულ სამყაროში როდი შეინიშნება. მოთმინების ნაკლებობა ხალხს ცხოვრების სხვა სფეროებშიც დაეტყო. აბა, დაფიქრდით, დაგიფიქსირებიათ ოდესმე, რომ ძალიან სწრაფად ლაპარაკობთ, ჭამთ, სწრაფად ატარებთ მანქანას ან სწრაფად ხარჯავთ ფულს? კომპიუტერის ჩართვის, ლიფტისა თუ შუქნიშანზე მწვანე ფერის ლოდინში გასული წამები მთელ მარადიულობად ხომ არ გეჩვენებათ?

      ექსპერტების თქმით, ბევრს იმდენად უჭირს მოთმინება, რომ არ შეუძლია ფურცელზე დაბეჭდილი გრძელი ტექსტის ბოლომდე წაკითხვა. რატომ? იმიტომ, რომ მიჩვეულნი არიან სწრაფად გადასვლას ინტერნეტში ვებ-გვერდიდან ვებ-გვერდზე და ბმულიდან ბმულზე იმ იმედით, რომ საჭირო ინფორმაციას სწრაფად მოძებნიან.

      მაშ, სად გაქრა მოთმინება? ექსპერტებს ბოლომდე არ შეუძლიათ ადამიანის მოთმინებიდან გამომყვანი ყველა მიზეზის განსაზღვრა. მაგრამ არაერთი დამაჯერებელი ფაქტი არსებობს იმისა, რომ მოუთმენლობა საზიანოა ადამიანისთვის. მომდევნო სტატიები საუბრობს იმაზე, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მოუთმენლობა და როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები.

      მიჩვეულნი არიან სწრაფად გადასვლას ინტერნეტში ვებ-გვერდიდან ვებ-გვერდზე და ბმულიდან ბმულზე

  • მოუთმენლობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს
    გამოიღვიძეთ! — 2012 | დეკემბერი
    • მოუთმენლობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს

      წარმოიდგინეთ, კაცი მიდის მანქანით გზაზე. მის წინ მოძრაობს ავტომობილი, რომელსაც მანდილოსანი მართავს. ის ფიქრობს, რომ ქალბატონი მეტისმეტად ნელა ატარებს მანქანას. ვინაიდან გზის ამ მონაკვეთზე გასწრება აკრძალულია, გაღიზიანებული მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან ახლოს მიჰყვება წინა მანქანას. მოულოდნელად კარგავს მოთმინებას, გადადის მეორე ზოლში და მაღალი სიჩქარით ასრულებს გასწრებას. ფაქტობრივად, ის არღვევს კანონს და ქმნის საავარიო სიტუაციას.

      სამსახურში ქალს არ ჰყოფნის მოთმინება, იმუშაოს ისეთი თანამშრომლების გვერდით, რომლებიც არ არიან მისნაირი სწრაფები და გონებამახვილები. მამაკაცი ლიფტის ლოდინში გაუთავებლად აჭერს თითს ღილაკს. თქვენც ხომ არ გამოდიხართ ხშირად მდგომარეობიდან თქვენს ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას? ან თუ მშობელი ხართ, ხომ არ კარგავთ მოთმინებას შვილებთან ურთიერთობის დროს? ადვილად ღიზიანდებით სხვების შეცდომებზე?

      დროდადრო ყველანი ვკარგავთ მოთმინებას. მაგრამ თუ ეს ჩვევად გვექცა, ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული შედეგები მოიტანოს.

      ჯანმრთელობის შერყევა

      მოთმინების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია იმედგაცრუებასთან, გაღიზიანებასა და გაბრაზებასთან. ასეთმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება ადამიანში ზედმეტი სტრესი გამოიწვიოს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში მოუთმენლობა დასახელებულია ჰიპერტონიის გამომწვევ ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად, ახალგაზრდებშიც კი.

      მოუთმენლობას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ახლავს თან. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამან შესაძლოა ადამიანში წონის მომატება გამოიწვიოს. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ აღნიშნული იყო: „სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მოუთმენელ ადამიანთა შემთხვევაში გაცილებით მეტია წონის მომატების ალბათობა, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვისაც ლოდინი შეუძლია“. ბევრ ქვეყანაში იაფი და არაჯანსაღი საკვები თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება, ამიტომ მოუთმენელი ადამიანები ვერ უძლებენ ცდუნებას და ხშირად ყიდულობენ ასეთ საკვებს.

      მედღეხვალიეობა

      ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევართა გაერთიანება, რომელსაც კოორდინირებას უწევს ლონდონის ცენტრი, აცხადებს, რომ მოუთმენელ ადამიანებს ქრონიკული მედღეხვალიეობა ახასიათებთ. ის ხომ არ გახლავთ ამის მიზეზი, რომ მათ არ ჰყოფნით მოთმინება, ბოლომდე მიიყვანონ საქმე, რომელსაც ცოტათი მეტი დრო სჭირდება? ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის გადადების ჩვევამ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული შედეგები მოუტანოს ადამიანს და მის შემოსავალზეც კი აისახოს. ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფში“ მოყვანილი იყო ექსპერტ ერნესტო რეუბენის სიტყვები: „მედღეხვალიეობა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შრომისნაყოფიერებაზე და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოგვაყენოს, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებს დროულად არ აკეთებს“.

      ალკოჰოლი და ძალადობა

      ერთი ბრიტანული გაზეთის თქმით, „მოუთმენელი ადამიანი მიდრეკილია გვიანობამდე სმისკენ და ჩხუბისა და აყალმაყალის ატეხისკენ“. ეს დასკვნა კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ასობით კაცსა და ქალს დააკვირდნენ (South Wales Echo).

      საღი აზრის დაქვეითება

      ვაშინგტონის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მოუთმენელი „ადამიანები ხშირად იღებენ ნაჩქარევ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს“. ამ აზრს ეთანხმება ინდოეთში, ბარათიდასანის უნივერსიტეტში სოციალური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელანგო პონუსვამი. ის ამბობს: „მოუთმენლობა ძვირი დაგიჯდებათ. შეიძლება მას თქვენი ფინანსები, მეგობრობა და ჯანმრთელობაც კი შეეწიროს, ვინაიდან არასწორი გადაწყვეტილებები ხშირად მოუთმენლობის შედეგია“.

      ფინანსური ზარალი

      „მოუთმენლობა პირდაპირ კავშირშია დიდ ვალებთან“, — ნათქვამია ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევით ანგარიშში. მაგალითად, ახალდაქორწინებულებმა, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, შესაძლოა მოინდომონ კომფორტულად მოწყობილი სახლი; და ეს ყველაფერი — ავეჯი, მანქანა, და სხვა დანარჩენი — ბანკიდან აღებული სესხით. ამან შესაძლოა თავად წყვილის ქორწინებას მიაყენოს სერიოზული ზიანი. არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრების განცხადებით, „ახალშეუღლებული წყვილები, რომლებიც ქორწინებას ვალებით იწყებენ, უფრო ნაკლებად შეიგრძნობენ ბედნიერებას, ვიდრე ისინი, ვისაც ძალიან ცოტა ვალი აქვს ან საერთოდ არა აქვს“.

      ზოგიერთი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზი სწორედ რომ მოუთმენლობაა. ფინანსურმა ჟურნალმა „ფორბსმა“ განაცხადა, რომ „დღეს არსებული საბაზრო მდგომარეობა არის შედეგი მეტისმეტი მოუთმენლობის და უზომო სიხარბის. მოთმინების ნაკლებობამ ათასები მიიყვანა იმ ზომამდე, რომ შეიძინონ ისეთი ძვირადღირებული ნივთები, რომელთა საფასურის გადახდაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. ასეთი სახით, ისინი ებმებიან ისეთ ვალებში, რომელთა გადახდაც წლების განმავლობაში მოუწევთ, უარეს შემთხვევაში შეიძლება ვერც კი გადაიხადონ“.

      მეგობრების დაკარგვა

      მოთმინების ნაკლებობამ შესაძლოა ადამიანებთან ურთიერთობის უნარიც დაგვიქვეითოს. როცა ადამიანს არ ჰყოფნის მოთმინება, რომ საღი და აზრიანი საუბრები წარმართოს სხვასთან, ამით ფაქტობრივად, ეჩვევა დაუფიქრებელ და ზერელე საუბრებს. შეიძლება ის იმ დროსაც კი ღიზიანდება, როცა სხვები საუბრობენ. ასეთ პიროვნებას არ გააჩნია საკმარისი მოთმინება, რომ მოსაუბრეებს ბოლომდე ათქმევინოს სათქმელი. ამ დროს ის მათ პირში ეჩრება და სათქმელს აწყვეტინებს ან სხვა გზით ცდილობს საუბრის სწრაფად დამთავრებას.

      ასეთი მოუთმენლობის შედეგი შესაძლოა მეგობრების დაკარგვა იყოს. წინა სტატიაში მოხსენიებული მედიცინის მუშაკი, დოქტორი ჯენიფერ ჰარსტეინი წერს: „ვის ენდომება ისეთ ადამიანთან ყოფნა, რომელიც გამუდმებით საათზე იყურება და ერთ ადგილას ვერ ჩერდება?“ დიახ, მოუთმენლობა ნამდვილად არ არის მიმზიდველი და სასიამოვნო თვისება! მას შეუძლია მეგობრები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოგვაშოროს.

  • როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | დეკემბერი
    • როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები

      წინა სტატიების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ადამიანი, რაც უფრო მომთმენია, მით უფრო ჯანმრთელია, უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს და კარგი მეგობრებიც ჰყავს. მაშ, როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

      დააკვირდით მიზეზებს

      დააკვირდით, რას ან ვის გამოჰყავხართ მოთმინებიდან. შეიძლება მოთმინებას თქვენი მეუღლე, მშობლები ან შვილები გაკარგვინებენ. შეიძლება მოთმინების ძაფი მაშინ გიწყდებათ, როცა ვინმეს ელოდებით ან სადმე გაგვიანდებათ. შესაძლოა დაღლილობა, შიმშილი, უძილობა ან სტრესი იყოს ამის მიზეზი. სახლში ყოფნისას უფრო ხშირად გამოდიხართ მწყობრიდან თუ სამსახურში ყოფნისას?

      რაში გეხმარებათ მოთმინებიდან გამომყვან მიზეზებზე დაკვირვება? დიდი ხნით ადრე მეფე სოლომონმა დაწერა: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ამ ძველი ბიბლიური იგავის თანახმად, თუ ადამიანი წინასწარ განჭვრეტს, რამ შეიძლება გამოიყვანოს მოთმინებიდან, ადვილად შეძლებს მის თავიდან არიდებას. მართალია, ძალისხმევაა საჭირო, რომ უფრო მომთმენები გავხდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება ჩვენი ბუნების ნაწილად იქცევა.

      გაიმარტივეთ ცხოვრება

      პროფესორი ნორინ ჰარტსფელდი, რომელიც მინესოტას შტატში სენტ-ჯონსის უნივერსიტეტში ინფორმატიკას ასწავლის, აღნიშნავს: „ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე საქმის ერთად კეთება. ტვინი ვერ ახდენს ერთდროულად რამდენიმე საკითხზე კონცენტრირებას. დროთა განმავლობაში ასეთი რეჟიმი აქვეითებს კონცენტრირებისა და ყურადღების უნარს და თანდათანობით ადამიანი კარგავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: მოთმინება, შეუპოვრობა, საღი აზროვნება და პრობლემების მოგვარების უნარი“.

      როცა უამრავ საქმეს ხარ შეჭიდებული, ძალიან ბევრ ადგილას გიწევს სიარული და ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვს კონტაქტი, სტრესი მატულობს და შესაბამისად, მოთმინების გამომუშავებაც ძნელია. წინა სტატიაში მოხსენიებული ჯენიფერ ჰარსტეინი აღნიშნავს: „მოუთმენლობას ძირითადად სტრესი იწვევს“.

      ერთი ინგლისური ანდაზა ამბობს: „შეჩერდი და შეიგრძენი ვარდის სურნელი“. სხვა სიტყვებით: დრო გამოყავი იმისთვის, რომ ისიამოვნო ცხოვრებით. უმჯობესია, დრო რამდენიმე ადამიანთან მყარი მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად გამოიყენოთ, ვიდრე ყოველ მეორესთან ცდილობდეთ დამეგობრებას. დააზუსტეთ, რამდენი დრო გჭირდებათ ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად და პრიორიტეტები გონივრულად დაადგინეთ. მოერიდეთ ჰობის ისეთ სახეობებს, რომლებიც უბრალოდ დროის წამრთმევია. დრო შეიძლება წაგართვათ თანამედროვე ტექნოლოგიებმაც.

      იმისათვის, რომ გაიმარტივოთ ცხოვრება, გადახედეთ თქვენი დღის რეჟიმს. რა შეგიძლიათ შეამციროთ ან ამოიღოთ დღის განრიგიდან? ბიბლიური იგავი ამბობს: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] შენახვის დრო და გადაყრის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 6). იქნებ ახლაა იმის დრო, თავი დაანებოთ ისეთი საქმეების კეთებას, რომლებსაც ძალიან დიდი დრო მიაქვს და თქვენს მოთმინებაც სცდის.

      იყავით რეალისტი

      ცხოვრებას რეალურად შეხედეთ. უპირველესად, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ დრო თავისი რიტმით მიდის და თქვენ მას ვერ დააჩქარებთ. ასე იწყება მოთმინებაზე მუშაობა.

      არც ის დაგავიწყდეთ, რომ სიტუაციებს ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ. ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს. კაცმა არ იცის თავისი დრო“ (ეკლესიასტე 9:11, 12).

      როდესაც სიტუაციას ვეღარ აკონტროლებთ, ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, გამოსავალზე იფიქრეთ. მაგალითად, თუ ტრანსპორტი იგვიანებს, იმის მაგივრად, რომ გაბრაზდეთ, უმჯობესია სხვა საშუალება მოძებნოთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ბოლოს და ბოლოს მოუთმენლობას და განრისხებას ჯობია, ფეხით წახვიდეთ. თუ სხვა გზა არ არის და მაინც ლოდინი გიწევთ, რამეთი დაკავდით, მაგალითად საქმეები დაგეგმეთ ან რაიმე საინტერესო წაიკითხეთ.

      პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისეთ საკითხებზე წუხილს, რასაც ვერ შეცვლით, კარგი არაფერი მოაქვს. ერთხელ იესომაც იკითხა: „რომელ თქვენგანს შეუძლია, რომ წუხილით ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე?“ (ლუკა 12:25).

      დაუახლოვდით ღმერთს

      მრავალმა ბიბლიური პრინციპების გამოყენებით შეძლო მოთმინების გამომუშავება. ბიბლიის თანახმად, სულიერად მოწიფული ადამიანი უფრო ადვილად ავლენს მოთმინებას სხვა მრავალ ისეთ მნიშვნელოვან თვისებასთან ერთად, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა და თავშეკავება (გალატელები 5:22, 23). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7). ასე რომ, იკითხეთ ბიბლია და ისწავლეთ, როგორ გახდეთ უფრო მომთმენები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება