საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად დიდია საშიშროება?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | ნოემბერი 8
    • რამდენად დიდია საშიშროება?

      სამი კვირის ჩვილ გოგონას, ჰოლი მულინს, 1997 წლის ოქტომბერში ინფექციის გამო ყურში ანთებითი პროცესი განუვითარდა. რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამიტომ, ექიმმა მას თანამედროვე ანტიბიოტიკი დაუნიშნა. დაავადება წესით ადვილად უნდა განკურნებულიყო. . . მაგრამ პატარას კვლავ შემოუბრუნდა ინფექცია და იგივე მეორდებოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობის ყოველი კურსის გავლის შემდეგ.

      ერთი წლის სანამ გახდებოდა, პატარა ჰოლის სხვადასხვა სახის 17 ანტიბიოტიკით უმკურნალეს. წლისა და 9 თვის ასაკში კი ყველაზე მწვავე ინფექცია შეეყარა. ექიმებმა, როგორც უკანასკნელი იმედი, ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს, რომელიც ვენიდან შეჰყავდათ ორგანიზმში. 14-დღიანი მკურნალობა, როგორც იქნა, წარმატებით დაგვირგვინდა და ბავშვი განიკურნა.

      ასეთი შემთხვევები ბოლო დროს ძალიან გახშირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი გართულებები მხოლოდ ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის როდი შეინიშნება. ნებისმიერი ასაკის ადამიანები სნეულდებიან და ზოგჯერ იღუპებიან კიდეც ისეთი ინფექციებით, რომლებიც უწინ ადვილად იკურნებოდა ანტიბიოტიკებით. მიკრობებმა, რომლებმაც ანტიბიოტიკების შემოტევას გაუძლეს, ზოგიერთ სამკურნალო დაწესებულებაში ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან შექმნეს სერიოზული პრობლემები. მოგვიანებით კი, 60—70-იან წლებში, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკრობები საავადმყოფოს გარეთ, საზოგადოებაშიც გავრცელდა.

      დროთა განმავლობაში მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ წამლებისადმი გამძლე მიკრობთა გავრცელების უმთავრესი მიზეზი ადამიანებისა და ცხოველების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენება იყო. 1978 წელს ერთმა მედმუშაკმა ანტიბიოტიკების გადამეტებულ გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ ეს პროცესი „უმართავი გახდა და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა“. 90-იანი წლებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში იხილავდით მსგავს სათაურებს: „ფრთხილად, სუპერმიკრობები!“, „სუპერმიკრობები მსოფლიოს იპყრობენ!“, „საშიში წამლები — ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენება სუპერმიკრობების გამრავლებას იწვევს“.

      მხოლოდ სენსაციის მოხდენის მიზნით იყო ეს სათაურები შერჩეული? ცნობილი სამედიცინო ორგანიზაციების თანახმად, მსგავსი ფორმულირებები სულაც არ იყო გაზვიადება. აი, რა თქვა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) გენერალურმა დირექტორმა ინფექციური დაავადებების 2000 წლის ანგარიშში: „ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე კაცობრიობა კიდევ ერთი კრიზისის წინაშე დადგა. უწინ განკურნებადმა დაავადებებმა . . . ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი შეუვალობა გამოიმუშავეს და ახლა აუღებელ ციხესიმაგრედ იქცნენ“.

      რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა? „[წამლებისადმი რეზისტენტული მიკრობების] საგანგაშო გავრცელება ლამის ყველა გზას გვიჭრის და ინფექციური დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას გვისპობს“, — იტყობინებოდა ჯდმო. ზოგიერთი სპეციალისტი იმასაც კი ამბობს, რომ კაცობრიობა უბრუნდება „ანტიბიოტიკამდელ“ ეპოქას, როცა არანაირი ანტიბიოტიკური პრეპარატი არ არსებობდა ინფექციური სნეულებების განსაკურნავად.

      საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ უდიდესი სამედიცინო პროგრესის მიუხედავად რეზისტენტული მიკროორგანიზმები მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ? რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი და სხვები ამ მიკრობებისგან დავიცვათ? გადაიჭრება თუ არა მომავალში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ მიკრობებთან დაკავშირებული პრობლემა და თუ გადაიჭრება, როგორ? ამ საკითხებზე მომდევნო სტატიებში ვიმსჯელებთ.

  • რეზისტენტული მიკრობები როგორ გადმოდიან შეტევაზე?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | ნოემბერი 8
    • რეზისტენტული მიკრობები როგორ გადმოდიან შეტევაზე?

      ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები, სოკოები და სხვა მიკროორგანიზმები, როგორც ჩანს, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის დღიდანვე არსებობენ. ეს ყველაზე პრიმიტიული ქმნილებები გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომაა, რომ ისინი შესანიშნავად ეგუებიან ისეთ გარემო პირობებს, სადაც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპებოდა. ისინი გვხვდებიან როგორც ოკეანის ფსკერზე არსებულ მდუღარე ჰიდროთერმულ ნაკადებში, ისე არქტიკის ყინულოვან წყლებში. დღეს კი ეს მიკრობები მათ წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მძლავრ იარაღსაც — ანტიმიკრობულ პრეპარატებსაც — უვნებლები უსხლტებიან.

      ასი წლის წინათ ხალხმა იცოდა, რომ ზოგი მიკრობი დაავადებას იწვევდა, მაგრამ ანტიმიკრობულ მედიკამენტებზე იმხანად არავის სმენოდა. ამიტომ, თუ ვინმეს სერიოზული ინფექციური დაავადება შეეყრებოდა, მორალური მხარდაჭერის გარდა ექიმებს ბევრი ვერაფრის შეთავაზება შეეძლოთ. ადამიანი თავისი იმუნიტეტის იმედზე რჩებოდა. ინფექციას იმუნური სისტემა უნდა გამკლავებოდა, ხოლო თუ ის სუსტი აღმოჩნდებოდა, ბრძოლა ხშირად ტრაგიკული შედეგით მთავრდებოდა. მიკრობებით დაინფიცირებული უმნიშვნელო განაკაწრიც კი ძალიან ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.

      ასე რომ, პირველი უსაფრთხო ანტიმიკრობული პრეპარატების — ანტიბიოტიკების — აღმოჩენა ნამდვილი რევოლუცია იყო მედიცინაშიa. XX საუკუნის 30-იან წლებში სულფანილამიდური პრეპარატების, ხოლო 40-იან წლებში პენიცილინისა და სტრეპტომიცინის გამოყენება დაიწყეს სამკურნალო მიზნით, რასაც მომდევნო ათწლეულებში სხვა არნახული აღმოჩენები მოჰყვა. 90-იანი წლებისთვის მედიკოსთა „არსენალში“ 15 კატეგორიად დაჯგუფებული 150 სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის ანტიბიოტიკური ნაერთი იყო.

      გაცრუებული იმედი

      50—60-იანი წლებისთვის ზოგი უკვე ზეიმობდა ინფექციურ დაავადებებზე გამარჯვებას. ზოგიერთი მიკრობიოლოგი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი სნეულებები და მათთან დაკავშირებული კოშმარი მალე ჩაჰბარდებოდა წარსულს. როგორც შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელმა 1969 წელს კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, კაცობრიობა ახლო მომავალში „დახურავდა ინფექციური დაავადებების მატიანეს“. ნობელის პრემიის ლაურეატმა მაკფარლან ბერნეტმა და დეივიდ უაიტმა 1972 წელს დაწერეს: „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ინფექციურ დაავადებებს მომავალი არა აქვს“. დიახ, ბევრი ფიქრობდა, რომ მსგავსი დაავადებები საერთოდ აღმოიფხვრებოდა.

      ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ინფექციური დაავადებები ისტორიის კუთვნილება გახდა, რამაც თავდაჯერებულობის „სინდრომის“ საყოველთაო გავრცელება გამოიწვია. ერთმა მედდამ, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა სახიფათონი იყვნენ მიკრობები ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე, შენიშნა, რომ ზოგიერთ ახალგაზრდა მედდას დაუდევრობა დასჩემდა და ჰიგიენის ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფდა. როცა ის შეახსენებდა, ხელები დაებანათ, ისინი ყოველთვის ასე პასუხობდნენ: „ნუ ნერვიულობ, ახლა ჩვენ ანტიბიოტიკები გვაქვს“.

      ანტიბიოტიკებით გატაცებამ და მათმა ბოროტად გამოყენებამ დამღუპველი შედეგები მოიტანა. ინფექციური დაავადებები არათუ აღმოიფხვრა, არამედ უფრო მეტიც — მათ ახალი ძალებით შემოუტიეს კაცობრიობას და მსოფლიოში სიკვდილიანობის უპირველეს მიზეზად იქცნენ! აი, სხვა ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო ინფექციური დაავადებების გავრცელებას: ომი და მისით გამოწვეული ქაოსი, განვითარებად ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული არასრულფასოვანი კვება, სუფთა წყლის ნაკლებობა, ცუდი სანიტარული პირობები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა და გლობალური კლიმატური ცვლილებები.

      რეზისტენტული ბაქტერიები

      ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პრიმიტიული მიკრობები მთელ მსოფლიოს გაუჩენდნენ თავსატეხს. თუმცა იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ მიკროორგანიზმები წამლებისადმი რეზისტენტულები გახდებოდნენ, ძნელი სულაც არ უნდა ყოფილიყო. რატომ? თუ წარსულს გადავავლებთ თვალს, ყველაფერი გასაგები გახდება. მოდი დავუფიქრდეთ, როგორ წარმოიშვა მსგავსი პრობლემა 40-იანი წლების შუა ხანებში, როცა ინსექტიციდ დიქლორდიფენილტრიქლორეთანის (დდტ) გამოყენება დაიწყესb. ძროხის ფერმების მეპატრონეები სიხარულისგან ცას ეწივნენ — დდტ-ს შესხურებამ თითქმის მთლიანად გაწყვიტა ბუზები. მაგრამ ბუზების ნაწილი გადარჩა და მათმა მომყოლმა თაობამ იმუნიტეტი გამოიმუშავა დდტ-ს მიმართ. მალე ამ ბუზებმა, რომლებსაც დდტ ვეღარაფერს აკლებდა, უსაშველოდ დაიწყეს გამრავლება.

      ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დდტ-ს გამოიყენებდნენ და აფთიაქებში 1944 წლიდან პენიცილინის გაყიდვას დაიწყებდნენ, უკვე ცხადი გახდა, რა საოცარი თავდაცვითი მექანიზმებით იყვნენ აღჭურვილნი პათოგენური ბაქტერიები. ეს თავისებურება პენიცილინის აღმომჩენმა, დრ-მა ალეგზანდერ ფლემინგმა შენიშნა. თავის ლაბორატორიაში იგი აკვირდებოდა, თუ როგორ უმკვრივდებოდათ ბაქტერია Staphylococcus aureus-ის (სტაფილოკოკის ჰოსპიტალური შტამი) მომდევნო ახალ-ახალ თაობებს უჯრედის გარსი, რომლის გარღვევაც მის მიერ აღმოჩენილ წამალს უფრო და უფრო უჭირდა.

      ამ დაკვირვებების საფუძველზე დრ-მა ფლემინგმა დაახლოებით 60 წლის წინ იწინასწარმეტყველა, რომ დაინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში არსებული პათოგენური ბაქტერიები შეიძლება პენიცილინის მიმართ შეუვალნი გამხდარიყვნენ. ამრიგად, თუ პენიცილინის გარკვეული დოზა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების საჭირო რაოდენობას ვერ მოსპობდა, მაშინ ამ ბაქტერიების ახალი, რეზისტენტული თაობა შეუფერხებლად დაიწყებდა გამრავლებას. შედეგად კი, დაავადება, რომელიც პენიცილინმა ვერ შეაჩერა, კვლავ თავს იჩენდა.

      წიგნში „ანტიბიოტიკური პარადოქსი“ ვკითხულობთ: „ფლემინგის პროგნოზი გამართლდა — თანაც ისეთი სიმძაფრითა და მასშტაბებით, რომ თავადაც ვერ წარმოიდგენდა“. საინტერესოა, რა მოხდა? აღმოჩნდა, რომ ბაქტერიების ზოგიერთი კულტურის გენები — ანუ მათსავე დნმ-ში არსებული ერთი ბეწო სქემები — გამოიმუშავებენ ფერმენტებს, რომლებიც თრგუნავენ პენიცილინის მოქმედებას. ამიტომაა, რომ პენიცილინით მკურნალობის ინტენსიური კურსებიც კი ხშირად უნაყოფოა. აღმოჩენა მართლაც რომ თავზარდამცემი იყო!

      ინფექციური დაავადებები რომ დაემარცხებინათ, XX საუკუნის 40—70-იან წლებში მედიკოსები სისტემატურად მუშაობდნენ ახალი ანტიბიოტიკების გამოგონებაზე. ანტიბიოტიკების გარკვეული რაოდენობა 80—90-იან წლებშიც დაამზადეს. ახალ პრეპარატებს იმ ბაქტერიების მოსპობა შეეძლოთ, რომლებიც უწინდელი წამლებისადმი რეზისტენტულები იყვნენ. რამდენიმე წელიწადში კი ბაქტერიების ახალი შტამები გამოჩდნენ — მათ ამ ახალი ანტიბიოტიკებისადმიც შეიძინეს შეუვალობა.

      როგორც აღმოჩნდა, ბაქტერიებს წინააღმდეგობის გაწევის მრავალი გასაოცარი და მარჯვე ხერხი აქვთ. თავდაცვითი მექანიზმები საშუალებას აძლევს ბაქტერიებს, ანტიბიოტიკებისათვის შეუღწევადი გახადონ უჯრედის გარსი ან ისე შეიცვალონ უჯრედის შიდა ქიმიური სტრუქტურა, რომ ანტიბიოტიკებმა ვეღარაფერი ავნონ. გარდა ამისა, ბაქტერიას ზოგჯერ ანტიბიოტიკის შემოჭრისთანავე შეუძლია მისი უკან გაძევება ან მისი დაშლა და გაუვნებლება.

      რაც უფრო ფართოდ დაიწყეს ანტიბიოტიკების გამოყენება, ბაქტერიების რეზისტენტული შტამებიც მით უფრო გამრავლდნენ და გავრცელდნენ. ნუთუ სრული კრახით დასრულდა ანტიბიოტიკების ეპოქა? არა, როგორც ამას შემთხვევათა უმრავლესობა აჩვენებს. თუ ერთი ანტიბიოტიკი არაეფექტური აღმოჩნდა რომელიმე ინფექციასთან ბრძოლაში, სხვა, ჩვეულებრივ, ამარცხებს მას. ბაქტერიების რეზისტენტულობამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს, მაგრამ ეს მოვლენა უკანასკნელ ხანებამდე, ჩვეულებრივ, კონტროლირებადი იყო.

      მულტირეზისტენტული ბაქტერიები

      მეცნიერებს შიშის ზარი დასცა მოგვიანებით გაკეთებულმა კიდევ ერთმა აღმოჩენამ: ბაქტერიები თურმე ერთმანეთს უცვლიან გენებს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ გენების ურთიერთგაცვლა მხოლოდ ერთი და იმავე სახეობის ბაქტერიებს შეეძლოთ, მაგრამ მოგვიანებით აბსოლუტურად სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებში სრულიად ერთნაირი რეზისტენტული გენები აღმოაჩინეს. ასეთი ურთიერთგაცვლის საშუალებით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებმა მრავალი თანამედროვე პრეპარატისადმი განივითარეს რეზისტენტობა.

      უფრო უარესიც: 90-იან წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ზოგიერთი ბაქტერია თავისით ივითარებს წამლებისადმი გამძლეობას. საკმარისია ერთმა ანტიბიოტიკმა შეუტიოს, რომ ზოგიერთი ტიპის ბაქტერია ერთბაშად მრავალი — როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური — ანტიბიოტიკისადმი ხდება რეზისტენტული.

      პირქუში მომავალი

      ადამიანთა უმრავლესობას დღეს კვლავაც კურნავს ანტიბიოტიკების უდიდესი ნაწილი, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ასეთი მკურნალობა მომავალში? წიგნში „ანტიბიოტიკური პარადოქსი“ ნათქვამია: „აღარ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას პირველივე დანიშნული ანტიბიოტიკით განვკურნავთ“. წიგნი დასძენს: „მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ანტიბიოტიკების შეზღუდული მარაგის არსებობა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იქ არსებული არც ერთი ანტიბიოტიკი არ იქნება ეფექტური . . . ადამიანები ავადდებიან და კვდებიან ისეთი ინფექციებით, რომელთა შესახებაც 50 წლის წინ ზოგი დარწმუნებით ამბობდა, ეს სნეულებები სავსებით აღმოიფხვრებაო“.

      ბაქტერიები ერთადერთი მიკრობები როდი არიან, რომლებმაც წამლების მიმართ შეუვალობა გამოიმუშავეს. ვირუსები, სოკოები და სხვა მიკროსკოპული პარაზიტებიც საკვირველ შემგუებლობას ამჟღავნებენ. მათგან ვითარდებიან ახალი საშიში შტამები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მეცნიერების მიერ ახალი ანტიმიკრობული პრეპარატების აღმოსაჩენად და დასამზადებლად მიმართული ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდება.

      მაშ, რა არის გამოსავალი? შესაძლებელია თუ არა წამლებისადმი რეზისტენტობის აღმოფხვრა ან, სხვა თუ არაფერი, სიტუაციის გაკონტროლება? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების მიერ მოპოვებული გამარჯვებები შევინარჩუნოთ ჩვენს მსოფლიოში, სადაც ინფექციური დაავადებები სულ უფრო მეტ ადამიანს ტანჯავს?

      [სქოლიოები]

      a ანტიბიოტიკებს, როგორც წესი, უწოდებენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ბაქტერიების სასიცოცხლო ფუნქციებს თრგუნავს. „ანტიმიკრობული პრეპარატი“ უფრო ზოგადი ტერმინია. იგი მოიცავს ნებისმიერ წამალს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკრობებს ებრძვის — იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები თუ უმარტივესი პარაზიტები.

      b ინსექტიციდებს, ისევე როგორც წამლებს, მომწამლავი თვისებები აქვთ. მათ შეუძლიათ სარგებლობაც მოიტანონ და ზიანიც. მაგალითად, ანტიბიოტიკები მავნე მიკრობებს ანადგურებენ, მაგრამ ისინი სასარგებლო ბაქტერიებსაც სპობენ.

  • როცა მიკრობები აღარავისთვის იქნება საზიანო
    გამოიღვიძეთ! — 2003 | ნოემბერი 8
    • როცა მიკრობები აღარავისთვის იქნება საზიანო

      მიკრობების, ანუ მიკროორგანიზმების არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელია. ისინი ნიადაგისა და ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მე-7 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში, „მიკრობთა სახეობები“, აღნიშნულია, რომ „ჩვენს ორგანიზმში . . . ტრილიონობით ბაქტერია ბინადრობს“. მათგან უმეტესობა არამარტო სასარგებლოა, არამედ აუცილებელიცაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათგან მხოლოდ მცირეა დაავადების გამომწვევი, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: მომავალში არც ერთი მიკრობი აღარ იქნება საზიანო.

      იმის გაგებამდე, თუ რა საშუალებებით აღმოიფხვრება მიკრობების მიერ გამოწვეული საზიანო შედეგები, მოდი განვიხილოთ, რა ძალისხმევა ხმარდება დღეს დაავადების გამომწვევ მიკრობებთან ბრძოლას. ყურადღება მიაქციეთ თანდართულ ჩარჩოს „რისი გაკეთება შეგიძლიათ?“, ასევე იმას, თუ რა დახმარების შემოთავაზება შეუძლიათ მედიცინის მუშაკებს რეზისტენტულ მიკრობებთან საბრძოლველად.

      გლობალური სტრატეგია

      ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა გრო ჰარლემ ბრენტლანმა, აღწერა, რა იყო ამ მხრივ მიღწეული. „ანგარიში ინფექციური დაავადებების შესახებ, 2000“, ქვესათაურში „ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის დაძლევა“, მან ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ შემუშავებულიყო გლობალური სტრატეგია ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების რეზისტენტულობის გასაკონტროლებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო „ჯანდაცვის ყველა მუშაკის თანამშრომლობა“ და თქვა: „შესაძლებლობა გვეძლევა, მასიური კამპანია წამოვიწყოთ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ“.

      ჯდმო-მ 2001 წელს შეიმუშავა „გლობალური სტრატეგია ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის დასაძლევად“. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ „რა უნდა გაკეთდეს და როგორ“. სტრატეგია განკუთვნილია როგორც ჯანდაცვის მუშაკების, ისე მთელი საზოგადოებისთვის. სტრატეგიაში ადამიანებს ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი ავადმყოფობისგან და უზრუნველყოფენ ინსტრუქციით, თუ როგორ გამოიყენონ ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები დაინფიცირების შემთხვევაში.

      გარდა ამისა, ჯანდაცვის მუშაკები — ექიმები, მედდები, ასევე საავადმყოფოს მთელი პერსონალი და კერძო საავადმყოფოებსა თუ მოხუცებულთა სახლებში მომუშავეები — აღძრეს, უკეთ ეზრუნათ უსაფრთხოების ზომებზე, რათა თავიდან აეცილებინათ სხვადასხვა სახის ინფექციის გავრცელება. სამწუხაროდ, გამოკვლევების თანახმად, ჯანდაცვის ბევრი მუშაკი დღემდე ყურადღებას არ აქცევს, რომ ხელები დაიბანონ ან ხელთათმანები გამოიცვალონ ახალი პაციენტის გასინჯვამდე.

      გამოკვლევებმა აგრეთვე ცხადყო, რომ ხშირად ექიმები ანტიბიოტიკებს მაშინაც კი უნიშნავენ პაციენტებს, როცა არ არის საჭირო. ამის მიზეზი გარკვეულწილად ისაა, რომ ხშირად ექიმებისგან თავად პაციენტები მოითხოვენ ანტიბიოტიკების დანიშვნას, რადგან ის სწრაფი განკურნების საშუალებად მიაჩნიათ. ასე რომ, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან პაციენტებს და ანტიბიოტიკების დანიშვნაზე თანხმდებიან. ხშირად ისინი საკმარის დროს არ უთმობენ, რომ პაციენტებს საჭირო ცოდნა მისცენ; არც ინფექციის გამოსავლენად საჭირო საშუალებები გააჩნიათ. ისინი პაციენტებს ახალ და ძვირადღირებულ ანტიბიოტიკებს უწერენ, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებთან და მიკროორგანიზმებთან შეუძლიათ ბრძოლა. ეს კი ხელს უწყობს წამლებისადმი მიკრობების შეუვალობის ზრდას.

      ჯდმო-ს „გლობალური სტრატეგია“ აგრეთვე შეეხო საავადმყოფოებს, ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებს, კვების მრეწველობას, ფარმაცევტულ კომპანიებსა და კანონმდებლებს. პროგრამა ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდებს ყველას, რათა ერთად დასძლიონ რეზისტენტული მიკრობების მიერ შექმნილი გლობალური საშიშროება. მაგრამ იქნება კი ასეთი პროგრამა ეფექტური?

      ხელისშემშლელი ფაქტორები

      ჯდმო-ს „გლობალურმა სტრატეგიამ“ არაპირდაპირ მიუთითა, რომ ჯანმრთელობის სფეროში პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ძირითად წინააღმდეგობას ქმნის მოგებისკენ სწრაფვა, ანუ ფული. ბიბლია ამბობს, რომ ფულის სიყვარული წარმოშობს „ყოველგვარ ბოროტებას“ (1 ტიმოთე 6:9, 10). ჯდმო მოგვიწოდებს: „სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ფარმაცევტული ინდუსტრიის საქმიანობასაც, კერძოდ, საჭიროა, სათანადოდ გაკონტროლდეს, როგორც ურთიერთგარიგებები სავაჭრო აგენტებსა და მედპერსონალს შორის, ასევე ფარმაცევტული ფირმების მიერ მედიკოსებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები“.

      ფარმაცევტული კომპანიები ჯიუტად სთავაზობენ თავიანთ პროდუქციას ექიმებს. ისინი პირდაპირ მიმართავენ მომხმარებლებს ტელევიზიის საშუალებით, როცა რეკლამას უკეთებენ თავიანთ პროდუქციას. აშკარაა, რომ ეს განაპირობებს მედიკამენტების ჭარბ მიღებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს წამლებისადმი გამძლე მიკრობების გავრცელებას.

      ჯდმო-ს „გლობალური სტრატეგიის“ ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც ეძღვნება ანტიმიკრობული პრეპარატების მიღებას პროდუქტის მომცემ ცხოველებში, ნათქვამია: „ზოგ ქვეყანაში ვეტერინარები თავიანთი შემოსავლის დაახლოებით 40 პროცენტს წამლების გაყიდვით გამოიმუშავებენ ხოლმე. ასე რომ, მათ ხელს არ აძლევს ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობის შეზღუდვა“. კარგადაა დასაბუთებული, რომ რეზისტენტული მიკრობების აღმოცენება და მათი გავრცელება ანტიბიოტიკების ჭარბ მიღებასთანაა დაკავშირებული.

      ანტიბიოტიკური პრეპარატების რიცხვი საოცარი სისწრაფით იზრდება. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 20 ათას ტონა ანტიბიოტიკს უშვებენ. მთელ მსოფლიოში წარმოებული ანტიბიოტიკების დაახლოებით ნახევარს ხალხი იყენებს; დანარჩენი კი, როგორც ცხოველებისთვის, ისე ნიადაგის გასანოყიერებლად გამოიყენება. ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებს, სწრაფი გაზრდის მიზნით, ცხოველების საკვებში ურევენ.

      მთავრობის როლი

      როგორც ჯდმო-ს „გლობალური სტრატეგიის“ ზოგად მიმოხილვაში იყო აღნიშნული, „თითოეულ ქვეყანას ამ სტრატეგიის რეალიზაციაში უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ ამ საქმეში“.

      უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგ ქვეყანაში შემუშავდა ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის დასაძლევი პროგრამები. პროგრამებში უდიდესი ყურადღება მიექცა ურთიერთთანამშრომლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროგრამების მიზანი იყო: ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებასა და გამძლე მიკრობების გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის გამკაცრება, ასევე ინფექციური დაავადებების უკეთ გაკონტროლება, ანტიმიკრობული პრეპარატების სათანადო გამოყენება როგორც მედიცინაში, ისე სოფლის მეურნეობაში, კვლევა-ძიება რეზისტენტობის პრობლემაში ჩასაწვდომად და ახალი მედიკამენტების გამოგონება. ჯდმო-ს „ანგარიში ინფექციური დაავადებების შესახებ, 2000“ არ იყო მანუგეშებელი. რატომ?

      ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ისინი „სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებენ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რადგან ჯანდაცვა მათთვის პირველ ადგილზე არ დგას“. მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ „დაავადება და, მაშასადამე, მისადმი შეუვალობა ისეთ დროს იჩენს ხოლმე თავს, როგორიცაა: საომარი არეულობა, სიღარიბე, მასობრივი მიგრაცია და გარემოს დაბინძურება. ამ დროს უმრავლესობა ინფექციური დაავადებების საშიშროების წინაშე დგება“. სამწუხაროდ, მთავრობებმა ამ პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლეს.

  • როცა მიკრობები აღარავისთვის იქნება საზიანო
    გამოიღვიძეთ! — 2003 | ნოემბერი 8
    • [ჩარჩო 9 გვერდზე]

      რისი გაკეთება შეგიძლიათ?

      როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ თავი რეზისტენტული მიკრობებისგან? ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე პრაქტიკულ მითითებას გვაძლევს: 1) ყურადღება მახვილდება, თუ როგორ შეიძლება დაავადების შემცირება და ინფექციის გავრცელება. 2) მოცემულია რჩევები, თუ როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ანტიმიკრობული პრეპარატების გონივრულად გამოყენება.

      ლოგიკურია, რომ დაავადების შესამცირებლად და მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. როგორ უნდა მოიქცე, რომ დაავადებებისგან დაიცვა თავი?

      ზომები დაავადებების თავიდან ასაცილებლად

      1. მაქსიმალურად შეეცადეთ გაითვალისწინოთ სამი ძირითადი რამ: 1) სათანადო კვება, 2) ვარჯიში და 3) საკმარისი დასვენება.

      2. დაიცავით პირადი ჰიგიენა. მედიცინის მუშაკები მიიჩნევენ, რომ ხელების დაბანა ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაავადებებთან და ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველად.

      3. დარწმუნდით, რომ საკვები, რითაც მთელი ოჯახი იკვებებით, უსაფრთხოა. ყოველთვის დაიბანეთ ხელები და დაიცავით სისუფთავე იმ ადგილას, სადაც საჭმელს ამზადებთ. წყალი, სადაც ხელებს იბანთ და საკვებ პროდუქტებს რეცხავთ, სუფთა უნდა იყოს. რამდენადაც მიკრობები ბევრი რაოდენობითაა საკვებ პროდუქტებში, განსაკუთრებით კი ხორცში, ის საგანგებოდ უნდა დაამუშაოთ. სათანადოდ შეინახეთ საკვები პროდუქტები. მაგალითად, ზოგი პროდუქტი მაცივარში მოათავსეთ.

      4. შეეცადეთ, საღამოს ან დილით ადრე არ გამოხვიდეთ გარეთ იმ ადგილებში, სადაც სერიოზული დაავადებები მწერების საშუალებით გადადის, რადგან ამ დროს ისინი ყველაზე აქტიურები არიან. გამოიყენეთ დამცავი ბადეები.

      5. ვაქცინის საშუალებით შეძლებთ იმუნიტეტის გამომუშავებას, რათა დაამარცხოთ ზოგი მიკრობი, რომელიც გავრცელებულია თქვენს ტერიტორიაზე.

      ანტიბიოტიკების გამოყენება

      1. ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ყიდვამდე ან მიღებამდე ექიმს მიმართეთ. რეკლამას ხშირად გამყიდველისთვის უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე მყიდველისთვის.

      2. ნუ მოსთხოვთ ექიმს, რომ ანტიბიოტიკები გამოგიწეროთ. თუ ასე მოიქცევით, შეიძლება ის დაგთანხმდეთ; ეს კი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გააკეთოს, რომ პაციენტი არ დაკარგოს. კარგია გვახსოვდეს, რომ ზოგი დაავადება ვირუსითაა გამოწვეული და მის წინაშე ანტიბიოტიკები უძლურია. ვირუსით გამოწვეული დაავადების დროს ანტიბიოტიკების მიღებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას შეუწყოს ხელი.

      3. ნუ მოითხოვთ მაინცდამაინც უახლესი წამლების დანიშვნას; შესაძლოა, ეს საუკეთესო საშუალება არ იყოს თქვენთვის და ზედმეტი ხარჯიც მოჰყვეს.

      4. წამლის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროდან მიიღეთ. გაიგეთ: რა მიზნით გამოიყენება ეს პრეპარატი? რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მას? როგორ მოქმედებს ის სხვა წამლების მიღებასთან ერთად და კიდევ რა ფაქტორების გამო შეიძლება იყოს მათი გამოყენება საზიანო?

      5. ანტიბიოტიკებით მკურნალობა თუ ნამდვილად აუცილებელია, უმჯობესია, სრული კურსი ჩაიტაროთ, თუნდაც თავს უკეთესად გრძნობდეთ. მკურნალობის ბოლო სტადია იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმი საბოლოოდ გათავისუფლდეს ინფექციისგან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება