ჭეშმარიტი მართლმსაჯულება — როდის და როგორ?
უდანაშაულოს არ უნდა აშინებდეს ჭეშმარიტი მართლმსაჯულება. სინამდვილეში, მოქალაქეებს თითქმის ყველგან აქვთ მადლიერების მიზეზი, თუ მათ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებას ცდილობს. ამაში შედის კანონთა კრებული, პოლიცია, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ დაცვას, და მართლმსაჯულების აღმსრულებელი სასამართლოები. ჭეშმარიტი ქრისტიანები პატივს სცემენ სასამართლო სისტემას, რომელშიც ცხოვრობენ, რადგან მისდევენ ბიბლიურ მითითებას — ‘დაემორჩილონ უმაღლეს ხელმწიფებას’ (რომაელთა 13:1–7).
მაგრამ ბევრ ქვეყანაში სასამართლო სისტემები საზიანო და არასასიამოვნო შეცდომებს უშვებსa. დამნაშავის დასჯისა და უდანაშაულოს დაცვის ნაცვლად ზოგჯერ უდანაშაულოები ისჯებიან ისეთი დანაშაულებისთვის, რომლებიც არ ჩაუდენიათ. სხვებმა წლები დაჰყვეს ციხეში, რადგან სერიოზული ეჭვების გამო — იყვნენ თუ არა ისინი დამნაშავეები და არსებობდა თუ არა საფუძველი მათი ნასამართლობისთვის — გათავისუფლებულ იქნენ მხოლოდ მაშინ, როცა მათი პატიმრობის ვადა თითქმის ამოიწურა. აქედან გამომდინარე, მრავალი სვამს კითხვას: იქნება ოდესმე ჭეშმარიტი მართლმსაჯულება ყველასთვის? თუ დიახ, როდის და როგორ? ვის შეგვიძლია ვენდოთ, რომ დაიცავს უდანაშაულოს? და რა იმედი არსებობს უსამართლობის მსხვერპლთათვის?
მცდარი მართლმსაჯულება
ამ საუკუნის 80-იან წლებში გერმანია შეესწრო „ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ სასამართლო პროცესს“, როცა დედა სამუდამო პატიმრობაში აიყვანეს თავისი ორი ასულის მკვლელობისთვის. მაგრამ წლების შემდეგ მის წინააღმდეგ არსებული სამხილი გადაამოწმეს და ახალ სასამართლო პროცესზე გაათავისუფლეს. გაზეთი „დი ცაიტი“ (Die Zeit) 1995 წელს იტყობინებოდა, რომ პირველი განაჩენი „შეიძლება სასამართლო შეცდომა აღმოჩენილიყო“. ამ სტატიის დაწერის დროისთვის ზემოხსენებულმა ქალმა ცხრა წელი დაჰყო ციხეში, თუმცა მისი დამნაშავეობა ეჭვქვეშ იყო.
1974 წლის ნოემბრის ერთ საღამოს ქალაქ ბირმინგემის (ინგლისი) ცენტრი შეაზანზარა ორი ბომბის აფეთქებამ, რამაც 21 ადამიანი იმსხვერპლა. ეს იყო შემთხვევა, რომელიც „ბირმინგემში არავის არასოდეს დაავიწყდება“, — წერდა პარლამენტის წევრი კრის მალენი. მოგვიანებით „ბრიტანეთის ისტორიაში უდიდეს მკვლელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ სცნეს ექვსი უდანაშაულო მამაკაცი“. შემდგომში მათი ნასამართლობა მოხსნილ იქნა — მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც 16 წელი დაჰყვეს ციხეში!
იურისკონსულტი კენ კრისპინი იტყობინებოდა შემთხვევას, რომელმაც „საზოგადოების ყურადღება მიიზიდა ავსტრალიის იურიდიული ისტორიის მატიანეში შეუდარებელი მეთოდით“. ერთი ოჯახი არზის კლდის მახლობლად ბანაკდებოდა, როცა მათი ბავშვი დაიკარგა და ვეღარ იპოვეს. მკვლელობა დედას დააბრალეს, დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1987 წელს, მას შემდეგ, რაც მან სამ წელიწადზე მეტი დაჰყო ციხეში, გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ მის წინააღმდეგ არსებული სამხილი ვერ ამართლებდა ნასამართლობას. ის სასჯელისგან გაათავისუფლეს.
1986 წელს მოკლეს სამხრეთ შეერთებულ შტატებში მცხოვრები 18 წლის გოგონა. ბრალი დასდეს შუა ხნის მამაკაცს, დამნაშავედ სცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მან ექვსი წელიწადი გაატარა სიკვდილმისჯილთა შორის, ვიდრე დადგინდებოდა, რომ დანაშაულთან საერთო არაფერი ჰქონია.
არის ყოველივე ეს სასამართლო შეცდომების იშვიათი მაგალითები? დეივიდ რუდოვსკი (პენსილვანიის იურიდიული სკოლის უნივერსიტეტი) შენიშნავს: „დაახლოებით 25 წელიწადია, რაც სასამართლო სისტემაში ვარ და მრავალი საქმე განმიხილავს. მე ვიტყოდი, რომ მსჯავრდადებულები, რომლებიც, სინამდვილეში, უდანაშაულოები არიან. . . ჩემი ვარაუდით, 5–10%-ს შეადგენენ“. კრისპინი დამაფიქრებელ კითხვას სვამს: „არიან სხვა უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც გულგატეხილები სხედან ციხის საკნებში?“ რანაირად შეიძლება ასეთი ტრაგიკული შეცდომების დაშვება?
ადამიანთა სასამართლო სისტემები — ადამიანისთვის დამახასიათებელი სისუსტეებით
„ადამიანთა არც ერთ სისტემას არ შეუძლია იმის მოლოდინი ჰქონდეს, რომ სრულყოფილი იქნება“, — ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ 1991 წელს. სასამართლო სისტემა მხოლოდ იმდენად სამართლიანი და საიმედო შეიძლება იყოს, რამდენადაც ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან და სათავეში უდგანან მას. ადამიანი მიდრეკილია შეცდომის, უპატიოსნობისა და წინასწარ შექმნილი აზრისკენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ადამიანთა სასამართლო სისტემები ზუსტად ამ ნაკლოვანებებს ავლენს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
მოსამართლე როლფ ბენდერის (გერმანია) სიტყვების თანახმად, სისხლის სამართლის ყველა საქმის 95 პროცენტში მოწმეების მტკიცებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამხილს. მაგრამ ყოველთვის სანდოები არიან სასამართლოში ასეთი მოწმეები? მოსამართლე ბენდერი თვლის, რომ არა. მას მიაჩნია, რომ სასამართლოში მოწმეების ნახევარი ცრუობს. ბერნტ შიუნემანმა, მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტში სისხლის სამართლის კოდექსის ორდინარულმა პროფესორმა, მსგავსი რამ შენიშნა. გაზეთ „დი ცაიტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შიუნემანმა დაადასტურა, რომ მოწმეების მტკიცებები სამხილის მთავარ — თუმცა არასაიმედო — ფორმას წარმოადგენს. „ჩემი აზრით, მართლმსაჯულებაში დაშვებული შეცდომების მიზეზი ისაა, რომ მოსამართლე მოწმეების არასაიმედო მტკიცებებს ეყრდნობა“.
მოწმეები ცდებიან; ცდებიან პოლიციელებიც. განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის შემდეგ, რომელიც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, პოლიცია იძულებული ხდება, რომ ვინმე დააპატიმროს. ასეთ ვითარებაში თითოეული პოლიციელი ჰყვება ცდუნებას — მოიგონოს სამხილი ან აიძულოს ეჭვმიტანილი, რომ გამოტყდეს. როცა ექვსი მამაკაცი, რომლებსაც ბირმინგემში ბომბების აფეთქებაში ედებოდათ ბრალი, გაათავისუფლეს, ბრიტანულ გაზეთ „ინდიპენდენტში“ გამოჩნდა სათაური: „ექვსი ბრალდებულის გასამართლება ზნედაცემული პოლიციის მიერ“. „ტაიმზის“ თანახმად, „პოლიციამ ცილი დასწამა, შეთქმულება მოაწყო და იცრუა“.
ზოგჯერ წინასწარ შექმნილმა აზრებმა პოლიციასა და საზოგადოებას შეიძლება ეჭვი მიატანინოს გარკვეული რასის, რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლებზე. გაზეთ „იუნატიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტის“ თანახმად, ამის გამო დანაშაულის გახსნა შეიძლება გახდეს „უფრო რასიზმის საკითხი, ვიდრე საღი აზროვნებისა“.
როგორც კი საქმე სასამართლოს გადაეცემა, გადაწყვეტილებებზე შეიძლება იმოქმედოს არა მარტო მოწმეების ნათქვამმა, არამედ ექსპერტიზის ჩვენებამაც. უფრო და უფრო რთულ სასამართლო სფეროში მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის გადაწყვეტა შეიძლება მოუწიოთ ბალისტიკის ან თითის ანაბეჭდების, ხელწერის, სისხლის ჯგუფების, თმის ფერის, ქსოვილის ძაფებისა თუ დნმ-ს ნიმუშების ამოცნობის საფუძველზე. ერთმა იურისტმა შენიშნა, რომ სასამართლოები აწყდება „მრავალ ექსპერტს, რომლებიც აღწერენ ჩახლართულ პროცედურებს“.
გარდა ამისა, ჟურნალი „ნეიჩე“ (Nature) აღნიშნავს, რომ ყველა ექსპერტი არ ეთანხმება სასამართლო სამხილის ინტერპრეტაციას. „სასამართლო ექსპერტებს შორის შეიძლება ნამდვილი უთანხმოება იყოს“. სამწუხაროდ, „მცდარი სასამართლო სამხილი უკვე მრავალ მცდარ ნასამართლობაზე იყო პასუხისმგებელი“.
სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ამჟამად ყველა სასამართლო სისტემა ადამიანისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს ირეკლავს. მაშ, ვის შეგვიძლია ვენდოთ, რომ დაიცავს უდანაშაულოს? შეგვიძლია ვიქონიოთ ოდესმე ჭეშმარიტი მართლმსაჯულების იმედი? და რა იმედი არსებობს სასამართლო შეცდომის მსხვერპლთათვის?
„მე, უფალს, მიყვარს სამართალი“
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი მართლმსაჯულებაში დაშვებული შეცდომის მსხვერპლი ხართ, იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს, ესმით, თუ რის გადატანა გიწევთ. ყველაზე შემაძრწუნებელი უსამართლობა ჩადენილ იქნა მაშინ, როცა ქრისტე წამების ძელზე სიკვდილით დასაჯეს. მოციქული პეტრე გვეუბნება, რომ იესოს „ცოდვა [არ] ჩაუდენია“. მიუხედავად ამისა, ცრუ მოწმეებმა ბრალი დასდეს მას, დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასაჯეს (1 პეტრე 2:22; მათე 26:3, 4, 59–62).
წარმოიდგინეთ, რა უნდა ეგრძნო იეჰოვას თავისი ძისადმი ასეთი ცუდი მოპყრობისას! სამართლიანობა იეჰოვას ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. ბიბლია გვეუბნება: „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 32:5).
იეჰოვამ ისრაელს განსაკუთრებული სასამართლო სისტემა მისცა. გაუხსნელი მკვლელობის შემთხვევაში სიკვდილის ანაზღაურება მსხვერპლშეწირვით ხდებოდა. ადგილი არ ჰქონდა არავითარ ზემოქმედებას, რომ თითოეული დანაშაული გახსნილიყო უდანაშაულო პიროვნების მსჯავრდადების რისკით. არავის დაედებოდა ბრალი მკვლელობაში მხოლოდ არაპირდაპირი სამხილის ან ექსპერტიზის ჩვენების საფუძველზე; საჭირო იყო სულ მცირე ორი თვითმხილველი (მეორე რჯული 17:6; 21:1–9). ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მაღალი ნორმები აქვს და დაინტერესებულია, რომ მართლმსაჯულება სწორად ხორციელდებოდეს. მართლაც, ის ამბობს: „მე, უფალს, მიყვარს სამართალი“ (ესაია 61:8).
რასაკვირველია, ისრაელის სასამართლო სისტემა იმავე ნაკლოვანებების მქონე ადამიანების ხელში იყო, რომლებიც ჩვენ გვაქვს. იყო შემთხვევები, როცა კანონს არასწორად იყენებდნენ. მეფე სოლომონი წერდა: „თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სამართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ“ (ეკლესიასტე 5:7).
იეჰოვას შეეძლო მის ძესთან დაკავშირებით ჩადენილი უსამართლობის გამოსწორება. ამის გარანტიამ გააძლიერა იესო, რომელმაც «მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [„სიხარულისთვის“, აქ] დაითმინა ჯვარი». მსგავსად ამისა, სასიხარულო პერსპექტივას — ვიცხოვროთ მესიის მმართველობის ქვეშ მყოფ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე, სადაც ჭეშმარიტი მართლმსაჯულება იქნება გაბატონებული, — შეუძლია გაგვაძლიეროს, რომ ამ ძველ სისტემაში გავუძლოთ უსამართლობის შესახებ გაგონილს ან პირადად განცდილ უსამართლობასაც კი. არ არსებობს ზიანი, რომლის გამოსწორებაც იეჰოვას არ შეეძლოს თავის დროზე. ისინიც კი, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს სასამართლო შეცდომის გამო, შეიძლება აღდგენილ იქნენ მკვდრეთით (ებრაელთა 12:2; საქმეები 24:15).
თუ ვიტანჯებით, როგორც უსამართლობის მსხვერპლები, შეგვიძლია მადლიერები ვიყოთ, რომ მრავალ სასამართლო სისტემაში არსებობს კანონიერი გზები, რომლებმაც შეიძლება მდგომარეობის გამოსწორების საშუალება მოგვცეს. ქრისტიანებს შეუძლიათ ასეთი გზების გამოყენება. მაგრამ მათ ახსოვთ შემდეგი ფაქტი: არასრულყოფილი სასამართლო სისტემები ადამიანთა იმ საზოგადოების ანარეკლია, რომელიც მნიშვნელოვან რეორგანიზებას საჭიროებს. ეს მალე მოხდება — ღვთის ხელით.
იეჰოვა მალე მოსპობს ამ უსამართლო სისტემას და შეცვლის მას ახალი სისტემით, რომელშიც „დამკვიდრებულია სიმართლე“. შეგვიძლია სრულიად დარწმუნებული ვიყოთ, რომ მაშინ ჩვენი შემოქმედი სამართალს აღასრულებს თავისი მესიანური მეფის, იესო ქრისტეს, მეშვეობით. ახლოსაა ჭეშმარიტი მართლმსაჯულება ყველასთვის! რამდენად მადლიერები შეგვიძლია ვიყოთ ამ პერსპექტივისთვის (2 პეტრე 3:13).
[სქოლიო]
a აქ მოხსენიებულ შემთხვევებში „საგუშაგო კოშკი“ არც ვინმეს დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მიუთითებს, არც რომელიმე ქვეყნის სასამართლო სისტემას უჭერს მხარს, როგორც სხვა ქვეყნისაზე უკეთესს. გარდა ამისა, ეს ჟურნალი სასჯელის ერთ ფორმას არ ამჯობინებს მეორეს. ამ სტატიაში, უბრალოდ, მოყვანილია დაწერის დროისთვის ცნობილი ფაქტები.
[ჩანართი 27 გვერდზე]
არასრულყოფილი სასამართლო სისტემები — ზნედაცემულ მმართველობის ფორმასთან, ცრუ რელიგიასთან და უპრინციპო კომერციასთან ერთად — ადამიანთა იმ საზოგადოების ანარეკლია, რომელიც მნიშვნელოვან რეორგანიზებას საჭიროებს.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
ნუგეში საღვთო წერილიდან
1952 წლის ნოემბერში დერიკ ბენტლიმ და კრისტოფერ კრეგმა საწყობი გატეხეს კროიდონში, ლონდონის მახლობლად. ბენტლი 19 წლის იყო, კრეგი კი — 16-ის. გამოძახებულ იქნა პოლიცია; კრეგმა ერთ-ერთ პოლიციელს ესროლა და მოკლა. მან ცხრა წელი მოიხადა ციხეში, მაშინ როცა მკვლელობისთვის ბენტლი ჩამოახრჩეს 1953 წელს.
ბენტლის და, აირისი, 40 წელი იბრძოდა, რომ ჩამოერეცხა ძმის სახელს მოცხებული ჩირქი მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ ჩაუდენია. 1993 წელს ხელისუფლებამ ბოდიში მოუხადა მას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენისთვის და აღიარა, რომ დერიკ ბენტლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოეხრჩოთ. ამ შემთხვევის შესახებ აირის ბენტლი წიგნში „დაე სამართლიანი იყოს ის“ (Let Him Have Justice) წერდა:
«სროლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დერიკი ქუჩაში იეჰოვას მოწმეს შეხვდა. . . და ლეინი ჩვენგან არცთუ ისე შორს ცხოვრობდა „ფეევიუ როუდზე“ და დერიკი მიიპატიჟა ბიბლიური მოთხრობების მოსასმენად. . . კარგი ის იყო, რომ და ლეინს ჰქონდა ბიბლიური მოთხრობების ჩანაწერი, რომელიც მან დერიკს ათხოვა [რადგანაც ის ცუდი მკითხველი იყო]. . . დერიკი ბრუნდებოდა ხოლმე და მიყვებოდა, რასაც მისგან იგებდა, მაგალითად, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა კვლავ დავბრუნდებით».
აირის ბენტლიმ თავისი ძმა სიკვდილმისჯილთა შორის მოინახულა სიკვდილით დასჯის წინ. როგორ გრძნობდა დერიკი თავს? „ის რასაც და ლეინი ეუბნებოდა ხოლმე, დაეხმარა მას დარჩენილი დღეების გადატანაში“. (კურსივი ჩვენია).
თუ სასამართლო შეცდომის გამო მძიმე განსაცდელში ხართ, კარგი იქნებოდა თქვენთვის ბიბლიური ჭეშმარიტებების კითხვა და მათზე ფიქრი. ამან შეიძლება დიდი ნუგეში მოგცეთ, რადგან იეჰოვა ღმერთი არის „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
[სურათი 29 გვერდზე]
შემაძრწუნებელი უსამართლობა იქნა ჩადენილი მაშინ, როცა ქრისტე სიკვდილით დასაჯეს.