საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მთელი დედამიწის მოსამართლე“ ყოველთვის სამართლიანად იქცევა
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
    • აბრაამი დარწმუნებულია, რომ იეჰოვა სამართლიან განაჩენს გამოუტანს სოდომსა და გომორას

      „მთელი დედამიწის მოსამართლე“ ყოველთვის სამართლიანად იქცევა

      „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ (კან. 32:4).

      სიმღერები: 112, 89

      როგორ დაგვეხმარება ამ მუხლების გახსენება, როცა უსამართლობას შევხვდებით?

      • მიქას 7:7

      • იგავების 19:3

      • მათეს 18:15

      1. როგორ გამოხატა აბრაამმა იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      „განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ (დაბ. 18:25). ამ სიტყვებით აბრაამმა ნდობა გამოუცხადა იეჰოვას, რომ ის სამართლიან განაჩენს გამოუტანდა სოდომსა და გომორას. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა არასდროს მოიქცეოდა უსამართლოდ და „მართალს ბოროტთან ერთად“ არ გაანადგურებდა. ასეთი რამ წარმოუდგენლად მიაჩნდა აბრაამს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ იეჰოვამ დაავალა მოსეს, მასზე დაეწერა: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კან. 31:19; 32:4).

      2. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვა უსამართლოდ ვერ მოიქცევა?

      2 რატომ იყო აბრაამი დარწმუნებული, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად ასამართლებს? იმიტომ, რომ იეჰოვა სამართლიანობისა და სიმართლის განსახიერებაა. „სამართლიანობად“ და „სიმართლედ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვები ხშირ შემთხვევაში ერთად გვხვდება ებრაულ წერილებში. ამ ორ ცნებას შორის განსხვავება ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ ლოგიკურია, რომ იეჰოვა, რომელიც სიმართლის ეტალონია, ყოველთვის სამართლიანად აფასებს სიტუაციას. უფრო მეტიც, როგორც მისი სიტყვიდან ვიგებთ, „ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 33:5).

      3. რა უსამართლობას ხვდება ხალხი დღეს?

      3 გულმართალ ადამიანებს ანუგეშებთ იმის ცოდნა, რომ ამ უსამართლობით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად იქცევა. დღეს ადამიანები ზოგჯერ დიდი უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან. მაგალითად, ზოგი უსამართლოდ დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. მათგან ზოგი მხოლოდ საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ დნმ-ის ექსპერტიზის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც ათობით წელი იხდიდნენ სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ. უკანონოდ დაპატიმრება გულგატეხილობასა და რისხვას იწვევს. თუმცა ქრისტიანისთვის სხვა სახის უსამართლობა შეიძლება უფრო რთული ასატანი იყოს.

      უსამართლობა კრებაში

      4. როგორ შეიძლება გამოიცადოს ქრისტიანის რწმენა?

      4 ქრისტიანებისთვის უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ქრისტიანული კრების გარეთ უსამართლობას ხვდებიან. მაგრამ ჩვენი რწმენა შეიძლება გამოიცადოს, თუ კრებაში ისეთ რამეს ვაწყდებით, რაც ერთი შეხედვით უსამართლობა გვგონია. როგორ მოიქცევით, თუ ფიქრობთ, რომ კრებაში უსამართლობის მსხვერპლი ხართ? გახდება ეს თქვენთვის დაბრკოლების მიზეზი?

      5. რატომ არ უნდა გაუკვირდეს ქრისტიანს, თუ კრებაში უსამართლობას შეხვდება?

      5 ვინაიდან ყველანი არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ, გვესმის, რომ კრებაში შეიძლება ვინმე უსამართლოდ მოგვექცეს ან ჩვენ მოვექცეთ სხვებს უსამართლოდ (1 იოან. 1:8). თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ერთგულ ქრისტიანებს ეს არც უკვირთ და არც აბრკოლებთ. იეჰოვამ თავის სიტყვაში პრაქტიკული რჩევები მოგვცა, რათა უმწიკვლობის შენარჩუნება მაშინაც შეგვძლებოდა, როცა უსამართლობას თანამორწმუნეების მხრიდან შევხვდებოდით (ფსალმ. 55:12—14).

      6, 7. რა უსამართლობას შეხვდა ერთი ძმა კრებაში და რომელი თვისებები დაეხმარა მას, რომ სწორად მოქცეულიყო?

      6 განვიხილოთ ძმა ვილი დილის შემთხვევა. 1931 წლიდან ძმა დილი ერთგულად მსახურობდა ბეთელში შვეიცარიის ქალაქ ბერნში. 1946 წელს ის ნიუ-იორკში სკოლა „გალაადის“ მერვე კლასში მიიწვიეს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი შვეიცარიაში დანიშნეს სარაიონო ზედამხედველად. თავის ბიოგრაფიაში ძმა დილმა თქვა: „1949 წლის მაისში ბერნის ბეთელს ვაცნობე, რომ დაქორწინებას ვაპირებდი“. ბეთელიდან მას მისწერეს: „პიონერობის გარდა ყველა პასუხისმგებლობა ჩამოგერთმევა“. ძმა დილმა ახსნა, რას ნიშნავდა ეს: „აღარ მქონდა მოხსენების წარმოთქმის უფლება . . . ბევრი და-ძმა აღარ გვესალმებოდა და ისე გვეპყრობოდა, თითქოს გარიცხულები ვიყავით“.

      7 როგორ გაართვა თავი ძმა დილმა ამ სიტუაციას? მან თქვა: „ვიცოდით, რომ ბიბლია დაქორწინებას არ კრძალავდა, ამიტომ გამუდმებით ვლოცულობდით და ჩვენს სადარდებელს იეჰოვას ვანდობდით“. საბოლოოდ, ძმებს შეუსწორეს ქორწინების შესახებ არასწორი შეხედულება და ძმა დილს ყველა პასუხისმგებლობა დაუბრუნეს. იეჰოვასადმი მისი ერთგულება დაჯილდოვდა.a ჩვენც უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: მექნება მსგავსი სულიერი ხედვა, თუ ასეთ უსამართლობას შევხვდები? მოთმინებით დაველოდები იეჰოვას თუ საკუთარი ძალით შევეცდები უსამართლობის გამოსწორებას? (იგავ. 11:2; წაიკითხეთ მიქას 7:7).

      8. რატომ შეიძლება დავასკვნათ არასწორად, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან კრებაში ვინმეს უსამართლოდ ექცევიან?

      8 გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ შეიძლება არასწორად დავასკვნათ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან კრებაში ვინმეს უსამართლოდ ექცევიან. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ არასრულყოფილების გამო რაღაცას არასწორად აღვიქვამთ ან ყველა ფაქტი არ ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორად გვესმის საკითხი თუ არასწორად, ლოცვა, ერთგულება და იეჰოვაზე მინდობა დაგვიცავს, რომ არ განვურისხდეთ იეჰოვას (წაიკითხეთ იგავების 19:3).

      9. ვის მაგალითებს განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?

      9 განვიხილოთ უსამართლობის სამი შემთხვევა, რომლებიც ბიბლიურ დროში იეჰოვას ხალხს შორის მოხდა. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ მოექცნენ აბრაამის შვილთაშვილ იოსებს თავისი ძმები. შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, როგორ მოექცა იეჰოვა ისრაელის მეფე ახაბს და რა შეცდომა დაუშვა მოციქულმა პეტრემ სირიის ანტიოქიაში. ამ მაგალითების განხილვისას დაუკვირდით, რა დაგეხმარებათ სულიერი ხედვისა და იეჰოვასთან ურთიერთობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ.

      იოსები — უსამართლობის მსხვერპლი

      10, 11. ა) რა უსამართლობას შეხვდა იოსები? ბ) რის შესაძლებლობა მიეცა პატიმრობაში მყოფ იოსებს?

      10 იეჰოვას ერთგულ მსახურ იოსებს არა მხოლოდ გარეშეები მოექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი ძმებიც, რაც ძალიან მტკივნეული იქნებოდა მისთვის. იოსები 17 წლისა იყო, როცა ძმებმა მონად გაყიდეს ეგვიპტეში (დაბ. 37:23—28; 42:21). ამ უცხო ქვეყანაში ჩასვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ ის გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს და გასამართლების გარეშე ციხეში ჩასვეს (დაბ. 39:17—20). მისი მონობა და პატიმრობა თითქმის 13 წელს გაგრძელდა. როგორ დაგვეხმარება იოსების შემთხვევა, თუ თანამორწმუნისგან უსამართლობას შევხვდებით?

      11 იოსებს შესაძლებლობა მიეცა, რომ ერთ-ერთი პატიმრისთვის თავისი ამბავი მოეყოლა. ეს პატიმარი ეგვიპტის მეფის მერიქიფეთა ყოფილი უფროსი იყო. ციხეში იოსებთან ერთად ყოფნის დროს მერიქიფეთა უფროსმა სიზმარი ნახა, რომელიც იოსებმა ღვთივშთაგონებით ახსნა. მან უთხრა მერიქიფეს, რომ ძველ თანამდებობაზე დააბრუნებდნენ. იოსებმა ისარგებლა შემთხვევით და მას თავისი ამბავიც მოუყვა. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია არა მხოლოდ იქიდან, რაც იოსებმა თქვა, არამედ იქიდანაც, რაც არა თქვა (დაბ. 40:5—13).

      12, 13. ა) როგორ ცხადყო იოსებმა მერიქიფისთვის ნათქვამი სიტყვებით, რომ არ ეგუებოდა თავის ხვედრს? ბ) რა არ მოიხსენია იოსებმა მერიქიფესთან საუბარში?

      12 წაიკითხეთ დაბადების 40:14, 15. იოსებმა საკუთარ თავზე თქვა, რომ მოტაცებული იყო. აშკარაა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. იოსებმა ისიც არაორაზროვნად თქვა, რომ არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებდნენ. მან სთხოვა მერიქიფეს, ის ფარაონთან მოეხსენიებინა, რადგან პატიმრობიდან თავის დაღწევა უნდოდა.

      13 იოსების სიტყვებიდან ჩანდა, რომ თავის ხვედრს არ ეგუებოდა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი. იოსებმა ნათლად აუხსნა ყველაფერი მერიქიფეს, რომელიც სავარაუდოდ მის დახმარებას შეძლებდა. თუმცა ალბათ შენიშნეთ, რომ წმინდა წერილებში გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული, იოსებს ოდესმე ვინმესთვის, თვით ფარაონისთვისაც კი, ეთქვა, რომ გამტაცებლები მისი ძმები იყვნენ. როცა ძმები ეგვიპტეში ჩავიდნენ და იოსებს შეურიგდნენ, ფარაონმა კარგად მიიღო ისინი და შესთავაზა, ეგვიპტეში ეცხოვრათ და გაეხარათ „ყოველივე კარგით ეგვიპტის მიწაზე“ (დაბ. 45:16—20).

      მამაკაცი ჭორაობს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამს

      უარყოფითი საუბარი ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს (იხილეთ აბზაცი 14)

      14. რა დაგვეხმარება, რომ კრების წევრებზე უარყოფითად არ ვისაუბროთ?

      14 ქრისტიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ იჭორაოს. თუმცა სავსებით გამართლებულია, რომ მან დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს და ისინი საქმის კურსში ჩააყენოს, თუ კრების რომელიმე წევრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა (ლევ. 5:1). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს სერიოზული ცოდვა, ამიტომ მათ სხვების, მათ შორის უხუცესების, ჩარევის გარეშეც შეუძლიათ მოაგვარონ უთანხმოება (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24; 18:15). მოდი გამოვავლინოთ ერთგულება და ასეთი უთანხმოებები ბიბლიური პრინციპების დახმარებით მოვაგვაროთ! ზოგ შემთხვევაში შეიძლება იმასაც მივხვდეთ, რომ უსამართლოდ არავინ მოგვქცევია. რა მადლიერები ვიქნებით, რომ არ გავამწვავეთ სიტუაცია და ცილი არ დავწამეთ თანაქრისტიანს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლები ვართ თუ არა, ზურგს უკან ლაპარაკით სიტუაციას ვერასდროს მოვაგვარებთ. ასეთი შეცდომისგან იეჰოვასა და ძმებისადმი ერთგულება დაგვიცავს. ფსალმუნმომღერალმა მასზე, „ვინც უბიწოდ დადის“, თქვა, რომ ის „ცილს არავის სწამებს თავისი ენით, ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს“ (ფსალმ. 15:2, 3; იაკ. 3:5).

      გაუფრთხილდით ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას

      15. როგორ აღმოჩნდა იეჰოვასთან ურთიერთობა კურთხევა იოსებისთვის?

      15 იეჰოვასთან იოსების ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. მძიმე განსაცდელებით სავსე 13 წლის მანძილზე იოსებმა ცხადყო, რომ საკითხებს იეჰოვას თვალით უყურებდა (დაბ. 45:5—8). მას არასდროს დაუდანაშაულებია იეჰოვა იმაში, რაც თავს გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ იოსებს არ დავიწყებია გადატანილი განსაცდელები, ის არ გაბოროტებულა. უფრო მეტიც, იოსები არ ჩამოშორებია იეჰოვას სხვების არასრულყოფილებისა და ბოროტი საქმეების გამო. ის ერთგული დარჩა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოასწორა იეჰოვამ მდგომარეობა და როგორ აკურთხა ის და მისი ოჯახი.

      16. რატომ უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას უფრო მეტად, თუ უსამართლობას კრებაში ვხვდებით?

      16 მსგავსად, ჩვენც უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან ურთიერთობას. არასდროს უნდა დავუშვათ, რომ თანაქრისტიანების არასრულყოფილებამ ჩამოგვაშოროს ჩვენს საყვარელ ღმერთს (რომ. 8:38, 39). ამის საპირისპიროდ, უნდა მივბაძოთ იოსებს, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას და საკითხებს მისი თვალით შევხედოთ. როცა ბიბლიური პრინციპების თანახმად ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის სათანადო დროს სათანადოდ გამოასწორებს მდგომარეობას.

      მიენდეთ „მთელი დედამიწის მოსამართლეს“

      17. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვენდობით „მთელი დედამიწის მოსამართლეს“?

      17 ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს, უსამართლობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით. ზოგჯერ შეიძლება კრებაში თქვენ ან თქვენი ახლობელი უსამართლობის მსხვერპლი გახდეთ ან ისეთ რამეს წააწყდეთ, რაც უსამართლობა გგონიათ. ნუ დაგაბრკოლებთ ეს! (ფსალმ. 119:165). ნაცვლად ამისა, გამოავლინეთ ერთგულება, ილოცეთ და მიენდეთ ღმერთს. ამასთანავე, თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება ყველა ფაქტი არ ვიცოდეთ. ისიც კარგად გვესმის, რომ არასრულყოფილების გამო შეიძლება რაღაც არასწორად გავიგოთ. როგორც იოსების შემთხვევიდან დავინახეთ, არ უნდა ვისაუბროთ უარყოფითად, რადგან ეს მდგომარეობას უფრო ამწვავებს. დაბოლოს, სიტუაციის საკუთარი ძალით გამოსწორების ნაცვლად, ერთგულება უნდა შევინარჩუნოთ და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. შედეგად, იეჰოვას მოწონებასა და კურთხევას დავიმსახურებთ, როგორც ეს იოსების შემთხვევაში მოხდა. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა, „მთელი დედამიწის მოსამართლე“, ყოველთვის სწორად მოიქცევა, „რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (დაბ. 18:25; კან. 32:4).

      18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      18 მომდევნო სტატიაში განვიხილავთ უსამართლობის კიდევ ორ შემთხვევას, რომელთაც ბიბლიურ დროში იეჰოვას ხალხს შორის ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევებიდან დავინახავთ, როგორ დაგვეხმარება თავმდაბლობა და მიმტევებლობა, რომ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი ავირეკლოთ.

      a იხილეთ 1991 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ძმა ვილი დილის ბიოგრაფია, გვერდები 25—29 [რუს.].

  • იზიარებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს?
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
    • ანტიოქიაში მოციქული პეტრე იუდეველ ქრისტიანებთან ერთად ჭამს, უცხოტომელი ქრისტიანებისგან კი თავს შორს იჭერს

      იზიარებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს?

      „გავაცხადებ იეჰოვას სახელს . . . ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან“ (კან. 32:3, 4).

      სიმღერები: 110, 2

      როგორ დაგვეხმარება ამ მუხლების გახსენება, როცა უსამართლობას შევხვდებით?

      • კანონის 32:4

      • 1 პეტრეს 5:5

      • მათეს 6:14

      1, 2. ა) რა უსამართლობას შეხვდნენ ნაბოთი და მისი ვაჟები? ბ) რომელ ორ თვისებაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

      წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: მამაკაცს ცილს სწამებენ ისეთ რამეში, რაც სიკვდილით ისჯება. გაოგნებული და შეშფოთებული ოჯახისა და მეგობრების წინაშე მას ცრუ ბრალდებას უყენებენ ორი უვარგისი კაცის მოწმობის საფუძველზე. სამართლიანობის მოყვარულებს ამ უდანაშაულო კაცისა და მისი ვაჟების სიკვდილით დასჯის დანახვაზე გული ყელში ებჯინებათ. ეს არ გეგონოთ გამოგონილი ამბავი. ის თავს გადახდა იეჰოვას ერთგულ მსახურ ნაბოთს, რომელიც ისრაელში მეფე ახაბის მეფობის დროს ცხოვრობდა (1 მეფ. 21:11—13; 2 მეფ. 9:26).

      2 ამ სტატიაში ნაბოთის შემთხვევასთან ერთად განვიხილავთ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთგული უხუცესის შემთხვევასაც, რომელმაც ერთხელ სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამ ბიბლიური მაგალითებიდან დავინახავთ, რომ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის ასარეკლად მნიშვნელოვანია, თავმდაბლები და მიმტევებლები ვიყოთ, როცა კრებაში უსამართლობას ვხვდებით.

      სამართლის გამრუდება

      3, 4. როგორი კაცი იყო ნაბოთი და რატომ არ მიჰყიდა მან მეფე ახაბს თავისი ვენახი?

      3 ნაბოთი იეჰოვას ერთგული იყო, მაშინ როცა ისრაელთა უმეტესობა მეფე ახაბისა და მისი ბოროტი ცოლის, დედოფალ იზებელის ცუდ მაგალითს მიჰყვებოდა. ისინი ბაალის თაყვანისმცემლები იყვნენ და არც იეჰოვას სცემდნენ პატივს და არც მის კანონებს. მათგან განსხვავებით ნაბოთი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას.

      4 წაიკითხეთ 1 მეფეების 21:1—3. როცა ახაბმა ნაბოთს ვენახის გაყიდვა ან სანაცვლოდ უკეთესი ვენახის მიცემა შესთავაზა, ნაბოთმა უარი უთხრა და მიზეზიც აუხსნა: „იეჰოვამ დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე!“. ნაბოთმა უარი იეჰოვას კანონის საფუძველზე თქვა, რომელიც ისრაელებს ტომიდან ტომში სამკვიდრო მიწის სამუდამოდ გაყიდვას უკრძალავდა (ლევ. 25:23; რიცხ. 36:7). აშკარაა, ნაბოთი ამ საკითხს იეჰოვას თვალით უყურებდა.

      5. რა გააკეთა იზებელმა ნაბოთის მოსაკლავად?

      5 სამწუხაროდ, ნაბოთისგან უარის მიღების შემდეგ მეფე ახაბმა და მისმა ცოლმა არაერთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს. ვენახის ხელში ჩასაგდებად იზებელმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ნაბოთისთვის ცრუ ბრალდებები წაეყენებინათ. ამის გამო ნაბოთიც და მისი ვაჟებიც სიკვდილით დასაჯეს. რა რეაქცია ექნებოდა იეჰოვას ამ საშინელ უსამართლობაზე?

      ღვთის სამართლიანი განაჩენი

      6, 7. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ სამართლიანობის მოყვარულია და როგორ ანუგეშებდა ეს ნაბოთის ოჯახსა და მეგობრებს?

      6 იეჰოვამ დაუყოვნებლივ გაგზავნა ელია ახაბის სამხილებლად. ელიამ სამართლიანად უწოდა ახაბს მკვლელი და ქურდი. იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ახაბი, მისი ცოლი და მათი ვაჟები ნაბოთისა და მისი ვაჟების ხვედრს გაიზიარებდნენ (1 მეფ. 21:17—25).

      7 მიუხედავად იმისა, რომ ნაბოთის ოჯახსა და მეგობრებს დიდ ტკივილს მიაყენებდა ახაბის ჩადენილი ბოროტება, მათ გარკვეულწილად ანუგეშებდათ იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ იცოდა ამ უსამართლობის შესახებ და დაუყოვნებლივ იმოქმედა. მაგრამ მოვლენების შემდგომ განვითარებას შეიძლებოდა მათი თავმდაბლობა და იეჰოვასადმი ნდობა გამოეცადა.

      8. რა რეაქცია ჰქონდა ახაბს, როცა იეჰოვას განაჩენი გაიგო და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      8 იეჰოვას განაჩენის „გაგონებაზე ახაბმა შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალო შემოიხვია. მარხულობდა, ჯვალოში იწვა და დამწუხრებული დადიოდა“. ახაბმა თავი დაიმდაბლა. იეჰოვამ უთხრა ელიას: „რაკი დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას, მისი ვაჟის სიცოცხლეში დავატეხ უბედურებას მის სახლს“ (1 მეფ. 21:27—29; 2 მეფ. 10:10, 11, 17). იეჰოვამ, რომელიც „გულების შემმოწმებელია“, გარკვეულწილად წყალობა გამოავლინა ახაბის მიმართ (იგავ. 17:3).

      თავმდაბლობა დამცველია

      9. როგორ დაიცავდა თავმდაბლობა ნაბოთის ოჯახსა და მეგობრებს?

      9 როგორ იმოქმედებდა ეს გადაწყვეტილება მათზე, ვინც ახაბის საშინელი დანაშაულის შესახებ იცოდა? მოვლენების ერთი შეხედვით ასეთ რადიკალურ ცვლილებას შეიძლებოდა ნაბოთის ოჯახის წევრებისა და მეგობრების რწმენა გამოეცადა. ამ შემთხვევაში თავმდაბლობა დაეხმარებოდა მათ, რომ კვლავაც იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებად დარჩენილიყვნენ და ეჭვი არ შეჰპაროდათ ღვთის სამართლიანობაში (წაიკითხეთ კანონის 32:3, 4). იეჰოვა ნაბოთსა და მის ოჯახს მაშინ აღუდგენს სრულ სამართალს, როცა დედამიწაზე მართლების აღდგომა იქნება (იობ. 14:14, 15; იოან. 5:28, 29). თავმდაბალ ადამიანს არც ის ავიწყდება, რომ „ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი“ (ეკლ. 12:14). განაჩენის გამოტანისას იეჰოვა მხედველობაში იღებს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. ამიტომ თავმდაბლობა დაზარალებულ ადამიანს სულიერი ზიანისგან იცავს.

      10, 11. ა) რა და რა ვითარებაში შეიძლება გამოიცადოს ჩვენი რწმენა? ბ) რაში დაგვეხმარება თავმდაბლობა?

      10 როგორ მოიქცევით, თუ უხუცესები თქვენთვის გაუგებარ ან მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ? მაგალითად, როგორი რეაქცია გექნებათ, თუ კრებაში პასუხისმგებლობას დაკარგავთ ან თქვენს საყვარელ ადამიანს ჩამოერთმევა პასუხისმგებლობები? რას გააკეთებთ, თუ თქვენი მეუღლე, შვილი ან ახლო მეგობარი კრებიდან გაირიცხება, თქვენ კი არ ეთანხმებით მიღებულ გადაწყვეტილებას? როგორ მოიქცევით, თუ ფიქრობთ, რომ შემცოდველის მიმართ უადგილო გულმოწყალება გამოავლინეს? ასეთმა სიტუაციებმა შეიძლება იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ჩვენი რწმენა გამოსცადოს. როგორ დაგიცავთ თავმდაბლობა ასეთი გამოცდების დროს? განვიხილოთ ორი მხარე.

      კრებაში ძმა გაოგნებულია უხუცესების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით

      როგორ მოიქცევით, თუ უხუცესები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელსაც არ ეთანხმებით? (იხილეთ აბზაცები 10, 11)

      11 პირველი, თავმდაბლობა გვეხმარება, ვაღიაროთ, რომ ყველა ფაქტი არ ვიცით. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ საქმის გარშემო ყველაფერი ვიცით, ადამიანის გულის დანახვა არ შეგვიძლია; ეს მხოლოდ იეჰოვას შეუძლია (1 სამ. 16:7). ამ უდავო ჭეშმარიტებამ უნდა აღგვძრას, თავმდაბლები ვიყოთ, ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და იეჰოვას თვალით შევხედოთ საკითხს. მეორე, თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ მორჩილება და მოთმინება გამოვავლინოთ, ვიდრე იეჰოვა არ გამოასწორებს სიტუაციას. ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ . . . ბოროტს კი ხელი არ მოემართება; მისი დღეები ჩრდილივით იქნება და ვერ შეძლებს მათ გახანგრძლივებას“ (ეკლ. 8:12, 13). ნებისმიერ შემთხვევაში თავმდაბლად მოქცევა საუკეთესო გამოსავალია (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:5).

      თვალთმაქცობა კრებაში

      12. რა შემთხვევას განვიხილავთ და რატომ?

      12 პირველ საუკუნეში სირიის ანტიოქიაში მომხდარმა შემთხვევამ იქ მცხოვრები ქრისტიანების თავმდაბლობა და მიმტევებლობა გამოსცადა. მოდი ამ შემთხვევის განხილვისას დავფიქრდეთ, ჩვენ რამდენად მიმტევებლები ვართ და დავუკვირდეთ, როგორ უკავშირდება მიმტევებლობა სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს.

      13, 14. რა პასუხისმგებლობებს ასრულებდა პეტრე და როგორ გამოავლინა გაბედულება?

      13 ქრისტიანულ კრებაში მოციქული პეტრე ყველასთვის კარგად ცნობილი უხუცესი იყო. პეტრეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობები მიანდო მას (მათ. 16:19). მაგალითად, პეტრემ ახ. წ. 36 წელს სასიხარულო ცნობა უქადაგა კორნელიუსსა და მის სახლეულობას. ეს არ იყო უმნიშვნელო რამ, რადგან კორნელიუსი წინადაუცვეთელი უცხოტომელი იყო. როცა კორნელიუსმა და მისმა სახლეულობამ წმინდა სული მიიღეს, პეტრემ თქვა: „ვის შეუძლია წყალში მონათვლა აუკრძალოს ამათ, რომლებმაც ჩვენსავით მიიღეს წმინდა სული?“ (საქ. 10:47).

      14 მოციქულები და უხუცესები ახ. წ. 49 წელს შეიკრიბნენ იერუსალიმში იმის გადასაწყვეტად, უნდა წინადაცვეთილიყვნენ თუ არა გაქრისტიანებული უცხოტომელები. ამ შეხვედრაზე პეტრემ გაბედულად ილაპარაკა და შეახსენა ძმებს, რომ რამდენიმე წლით ადრე წინადაუცვეთელმა უცხოტომელებმაც მიიღეს წმინდა სულის ძღვენი. ვინაიდან პეტრე ამის თვითმხილველი იყო, მისმა დამოწმებამ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა (საქ. 15:6—11, 13, 14, 28, 29). როგორი მადლიერები იქნებოდნენ იუდეველი და უცხოტომელი ქრისტიანები იმისთვის, რომ პეტრეს სიმართლის სათქმელად გაბედულება ეყო! მათ არ გაუჭირდებოდათ ამ სულიერად მოწიფული მამაკაცის ნდობა (ებრ. 13:7).

      15. რა შეცდომა დაუშვა პეტრემ სირიის ანტიოქიაში? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

      15 ამ შეხვედრიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ პეტრე სირიის ანტიოქიაში ჩავიდა. იქ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა უცხოტომელ ძმებთან. პეტრეს დიდი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ ისინი ბევრ რამეს ისწავლიდნენ მისგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაუკვირდებოდათ და გაუტყდებოდათ გული ძმებს, როცა პეტრემ მათთან ერთად ჭამა შეწყვიტა. პეტრეს საქციელმა ცუდი გავლენა მოახდინა სხვა იუდეველ ქრისტიანებზე, მათ შორის ბარნაბაზე, რომლებიც აჰყვნენ მას თვალთმაქცობაში. რამ უბიძგა მოწიფულ ქრისტიან უხუცესს ასეთი არასწორი საქციელისკენ, რასაც შეიძლებოდა კრებაში დაყოფა გამოეწვია? რის სწავლა შეგვიძლია პეტრეს შეცდომიდან და როგორ დაგვეხმარება ნასწავლი, თუ კრებაში უხუცესმა სიტყვით ან საქმით გული გვატკინა?

      16. როგორ შეუსწორეს პეტრეს თვალსაზრისი და რა კითხვები წამოიჭრება?

      16 წაიკითხეთ გალატელების 2:11—14. პეტრე კაცთმოშიშების მახეში გაება (იგავ. 29:25). მიუხედავად იმისა, რომ პეტრემ პირველწყაროდან იცოდა ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისი, მას შეეშინდა, რას იფიქრებდნენ იერუსალიმის კრებიდან ჩასული წინადაცვეთილი იუდეველები. მოციქული პავლე, რომელიც აგრეთვე ესწრებოდა ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში გამართულ შეხვედრას, დაუპირისპირდა პეტრეს ანტიოქიაში და თვალთმაქცობაში ამხილა ის (საქ. 15:12; გალ. 2:13). როგორი რეაქცია ექნებოდათ ასეთ უსამართლობაზე უცხოტომელ ქრისტიანებს, რომელთაც პეტრემ აწყენინა? დაბრკოლდებოდნენ ისინი? დაკარგავდა პეტრე ამ შეცდომის გამო პასუხისმგებლობებს?

      იყავით მიმტევებლები

      17. რის შესაძლებლობა მისცა პეტრეს იეჰოვას მიმტევებლობამ?

      17 როგორც ჩანს, პეტრემ თავმდაბლად მიიღო პავლესგან გაკიცხვა. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მან პასუხისმგებლობები დაკარგა. ღვთივშთაგონებით მან მოგვიანებით ორი წერილი დაწერა, რომლებიც ბიბლიის ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ პეტრე თავის მეორე წერილში პავლეს „საყვარელ ძმად“ მოიხსენიებს (2 პეტ. 3:15). მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს არასწორი საქციელი ტკივილს მიაყენებდა უცხოტომელ ქრისტიანებს, კრების თავი, იესო, კვლავაც აძლევდა მას დავალებებს (ეფეს. 1:22). ამგვარად, კრების წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იეჰოვასა და იესოს მსგავსად გამოევლინათ მიმტევებლობა. იმედი გვაქვს, რომ ამ არასრულყოფილი კაცის შეცდომის გამო არც ერთი მათგანი არ დაბრკოლებულა.

      18. როდის გვჭირდება სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის არეკვლა?

      18 როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებში, ისე დღესაც არ არსებობენ სრულყოფილი უხუცესები, რადგან „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). სათქმელად ადვილია, მაგრამ სირთულე მაშინ იჩენს თავს, როცა ძმების არასრულყოფილებას პირადად ვაწყდებით. ავირეკლავთ ამ დროს სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს? მაგალითად, როგორი რეაქცია გექნებათ, თუ უხუცესი ისეთ რამეს იტყვის, რაშიც მიკერძოება გამოჩნდება? დაბრკოლდებით, თუ უხუცესი გაუაზრებლად გაწყენინებთ ან გულს გატკენთ თავისი სიტყვებით? ცხელ გულზე იმის დასკვნის ნაცვლად, რომ ეს ძმა უხუცესი აღარ უნდა იყოს, გამოავლენთ მოთმინებას და მიანდობთ ამ საქმეს კრების თავს, იესოს? შეეცდებით, რომ შეცდომის იქით გაიხედოთ და დაინახოთ, რამდენი წელი ემსახურება ეს ძმა იეჰოვას ერთგულად? გაიხარებთ იმ ძმასთან ერთად, რომელმაც გაწყენინათ, თუ ის ისევ უხუცესად იმსახურებს და დამატებით პასუხისმგებლობებსაც მიიღებს? თუ მიმტევებლები იქნებით, შეძლებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის არეკვლას (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15).

      19. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

      19 სამართლიანობის მოყვარულები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა იეჰოვა სრულად აღმოფხვრის სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერების მიერ გამოწვეულ უსამართლობას (ეს. 65:17). მანამდე მოდი გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ თავმდაბლად ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები, მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს და ამგვარად გავიზიაროთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება