აუწერელი წამებისთვის განკუთვნილი იარაღები
არ გაჟრჟოლებთ ისეთი სიტყვების მოსმენისას, როგორიცაა: „შებორკვა“, „წამება“ და „სიკვდილით დასჯა“? ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ევროპაში ინკვიზიციისა და ჯადოქრებად მიჩნეულთა გასამართლების მსხვერპლნი გახდნენ (XIII—XIX საუკუნეები), ყოველივე ეს მწარე სინამდვილე იყო. იარაღები, რომელთა სურათები ქვემოთ არის მოცემული, მდინარე რაინზე მდებარე ქალაქ რიუდესჰაიმის (გერმანია) მუზეუმს ეკუთვნის და ამავე საუკუნეებით თარიღდება. ისინი წამების მსხვერპლთა ტანჯვაზე მიგვანიშნებს.
ენით გამოუთქმელი იყო საბრალო ადამიანის ტანჯვა, როცა აშიშვლებდნენ და ბასრი წვეტებით დაფარულ „ინკვიზიციის სკამზე“ სვამდნენ დასაკითხავად. შემდეგ „მარწუხებით“ აგლეჯდნენ ან უმტვრევდნენ ხელებს, ფეხებს ან სახსრებს. „კატის თათს“ ხორცების დასაგლეჯად იყენებდნენ; სხეულის არც ერთ ნაწილს არ ზოგავდნენ. „წვეტებიანი საყელო“ მსხვერპლის კისერზე, მხრებსა და ყბაზე განგრენას იწვევდა, რასაც სისხლის სწრაფი მოწამვლა და სიკვდილი მოსდევდა.
რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ უფლებამოსილი ინკვიზიტორები ამ და მსგავს იარაღებს იყენებდნენ დისიდენტების — უმთავრესად ჩვეულებრივი ადამიანების — დასასჯელად, რომლებსაც მსჯავრს სდებდნენ და წამებით აიძულებდნენ, „აღსარება“ ეთქვათ. სინამდვილეში, პაპის ინკვიზიციის დროს, რომელიც ვალდენსებთან იყო დაკავშირებული, საწამებელ იარაღებს ნაკურთხ წყალსაც კი ასხურებდნენ.
ინკვიზიციის გამო ქრისტიანული სამყარო დანაშაულის მძიმე ტვირთს ატარებს. ისტორიკოსი უოლტერ ნიგი განმარტავს: „ქრისტიანობას კურთხევები აღარ ექნება, სანამ საბოლოოდ გულწრფელად და ღრმა რწმენით არ მოინანიებს ინკვიზიციის დროს ჩადენილ ცოდვებს და მთელი გულით, უსიტყვოდ არ იტყვის უარს ნებისმიერ რელიგიურ ძალადობაზე“.
[სურათები 29 გვერდზე]
ინკვიზიციის სკამი
მარწუხები
წვეტებიანი საყელო
კატის თათი
[საავტორო უფლება]
All pictures: Mittelalterliches Foltermuseum Rüdesheim/Rhein