საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 3/8 გვ. 24-25
  • საოცარი მელია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საოცარი მელია
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მისი, როგორც ხის, როლი
  • მწერებს სძულთ ის
  • „პატარა აფთიაქი“
  • ზეთის ხე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 3/8 გვ. 24-25

საოცარი მელია

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ნიგერიაში

„პატარა აფთიაქი“ — ასე უწოდებენ ინდოელები ხეს, რომელსაც მელია ეწოდება. საუკუნეების განმავლობაში ეს ხალხი ამ ხეს შეჰყურებდა ტკივილის, სიცხისა და ინფექციური დაავადებების დროს დახმარების აღმოსაჩენად. მათ სწამთ, რომ მელია ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და მრავალი ინდოელი ყოველი წლის დასაწყისში ჭამს მელიას რამდენიმე ფოთოლს. მისი რტოებით კბილებსაც იხეხავენ, ფოთლების ნახარშს კანისთვის იყენებენ, ხოლო მელიას ჩაის ტონუსის ასამაღლებლად სვამენ.

ბოლო წლებში მეცნიერები მზარდ ინტერესს ავლენენ მელიას ხისადმი. მაგრამ მეცნიერული ნაშრომი სათაურით „მელია — გლობალური პრობლემების გადამჭრელი ხე“ გვაფრთხილებს: „თუმცა მელიას შესაძლებლობები თითქმის ამოუწურავი გვეჩვენება, კონკრეტულად ჯერ არაფერი ვიცით მის შესახებ. მეცნიერები, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ მცენარესა და მის პოტენციალს, აღიარებენ, რომ ამ ეტაპზე მათი მოლოდინის დამადასტურებელი ფაქტორები საკმაოდ მოკრძალებულია“. მიუხედავად ამისა, ცნობაში აგრეთვე ნათქვამია: «გამოკვლევის ორმა ათწლეულმა დიდი იმედების მომცემი შედეგები მოგვცა იმდენ დისციპლინაში, რომ ამ საიდუმლოებით მოცულმა მცენარემ შეიძლება როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებს უზარმაზარი სარგებლობა მოუტანოს. ზოგი ძალზე ფრთხილი მკვლევარიც კი ამბობს, რომ „მელია საოცარი მცენარის სახელწოდებას იმსახურებს“ ».

მისი, როგორც ხის, როლი

მელია ტროპიკულ ზონაში იზრდება; ის მელიისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სიმაღლით 30 მეტრი, ხოლო გარშემოწერილობით 2,5 მეტრი შეიძლება გაიზარდოს. რადგან ფოთლები იშვიათად სცვივა, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მის ჩრდილქვეშ შეფარება. ის სწრაფად იზრდება, დიდ მოვლას არ საჭიროებს და მწირ ნიადაგზეც კარგად ხარობს.

ამ საუკუნის დასაწყისში მელია საჩრდილობელ ხედ შეიტანეს დასავლეთ აფრიკაში და მისი გავრცელების ზოლი საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონზე შეჩერდა. მეტყევეებმა ეს ხე ფიჯიში, მავრიტანიაში, საუდის არაბეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და კარიბის კუნძულებზეც გაავრცელეს. შეერთებულ შტატებში მისთვის გამოყოფილი აქვთ საცდელი ნაკვეთები არიზონის სამხრეთ ნაწილში, კალიფორნიასა და ფლორიდაში.

გარდა იმისა, რომ ცხელ ამინდში მთელი წლის განმავლობაში ჩრდილს იძლევა, მელია შეიძლება შეშადაც გამოიყენო. უფრო მეტიც, მისი თერმომედეგი მერქანი გამოსადეგია მშენებლობასა და სადურგლო საქმიანობაში. ასე რომ, მის, მხოლოდ როგორც ხის, ღირსებებზეც რომ ვილაპარაკოთ, მელია ძალიან სასარგებლო მცენარეა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მწერებს სძულთ ის

ინდოეთის მოსახლეობამ დიდი ხანია იცის, რომ მელიას ფოთლებს ვერ იტანენ აბეზარი მწერები და ამიტომ ამ ფოთლებს დებენ საწოლებში, წიგნებში, ყუთებში, საჭმლის კარადაში და განჯინაში. 1959 წელს ერთმა გერმანელმა ენტომოლოგმა თავის სტუდენტებთან ერთად მას შემდეგ დაიწყო მელიას გამოკვლევა, რაც სუდანში შემოსეული მილიარდობით კალიის მიერ მელიას ფოთლების გარდა ყველა ხის ფოთლების გადაჭამის მოწმე გახდა.

იმ დროიდან მოყოლებული მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მელიას რთულ ქიმიურ ნივთიერებათა არსენალი ეფექტური საშუალებაა 200-ზე მეტი სახეობის მწერის, ასევე სხვადასხვა ტკიპების, ნემატოდების, სოკოების, ბაქტერიებისა და ზოგიერთი ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. მკვლევარებმა ერთი ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს — სოიას ფოთლები იაპონური ხოჭოებით სავსე ჭურჭელში ჩააწყვეს. თითოეული ფოთლის ნახევრისთვის მელიას ექსტრაქტი ჰქონდათ ნასხურები. ხოჭოებმა შეჭამეს ფოთლის ის ნახევარი, რომელზეც ექსტრაქტი არ შეუსხურებიათ, ხოლო ექსტრაქტიანებს ახლოსაც არ გაეკარნენ. ფაქტობრივად, ისინი ექსტრაქტიანი ფოთლების პატარა ნაგლეჯის ჭამასაც კი შიმშილობას არჩევდნენ.

ასეთი ექსპერიმენტები სინთეტიკური პესტიციდების იაფი, არატოქსიკური და ადვილად მოსამზადებელი ალტერნატიული საშუალებების შემუშავების შესაძლებლობაზე მიგვითითებს. მაგალითად, ნიკარაგუაში ფერმერები მელიას დაფხვნილ თესლს წყალთან ურევენ — 80 გრამი თესლი 1 ლიტრ წყალზე. დაფხვნილ თესლს 12 საათის განმავლობაში ალბობენ, შემდეგ ნარევს გადაწურავენ და წყალს მოსავალს ასხურებენ.

მელიას ნაწარმები მწერების უმეტესობას მაშინვე არ კლავს. მელიას ექსტრაქტები ცვლის მწერის სასიცოცხლო პროცესებს ისე, რომ საბოლოოდ მწერი ვერ ჭამს, ვერ მრავლდება ან მეტამორფოზს ვერ განიცდის. თუმცა მელიას პროდუქტები მწერების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ისინი ზიანს არ აყენებს ჩიტებს, თბილსისხლიან ცხოველებსა და ადამიანებს.

„პატარა აფთიაქი“

მელიას ადამიანებისთვის სხვა სარგებლობაც მოაქვს. მისი თესლები და ფოთლები ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლებსაც ანტისეპტიკური, ანტივირუსული და ფუნგიციდური მოქმედება აქვს. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ის ანთების, ჰიპერტენზიისა და წყლულის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს. ამბობენ, რომ მელიას ექსტრაქტისგან მიღებული წამლები დიაბეტს და მალარიას შველის. სხვა პოტენციურ სარგებლობაში შედის:

მწერების საწინააღმდეგო მოქმედება. მელიას ერთ-ერთი კომპონენტი, ბიოპესტიციდი, მძლავრად მოქმედებს ზოგი შხამიანი მწერის წინააღმდეგ. მელიას ზეთზე დამზადებული ბუზებისა და კოღოების საწინააღმდეგო საშუალება უკვე იყიდება.

კბილების ჰიგიენა. მილიონობით ინდოელი ყოველ დილით ტეხს მელიას რტოს, ღეჭავს მის ბოლოს, რათა დაარბილოს ის და შემდეგ კბილების გასახეხად იყენებენ. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს სასარგებლოა, რადგან ხის ქერქის კომპონენტებს ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება აქვს.

კონტრაცეპტული მოქმედება. მელიას ზეთს ძლიერი სპერმატოციდული მოქმედება აქვს და შენიშნეს, რომ ლაბორატორიაში ცხოველებზე მოქმედებისას, ის მკვეთრად ამცირებს შობადობას. მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტი იმის იმედს იძლევა, რომ შესაძლოა მელიას კომპონენტები კონტრაცეპტული აბის სახით მამაკაცებისთვისაც გამოდგეს.

ნათელია, რომ მელია ჩვეულებრივი ხე არ არის. თუმცა მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ის ბევრ რამეს გვპირდება: ეპიდემიური დაავადებების შეზღუდვას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ტყის მასივების აღდგენაში დახმარებასა და შესაძლოა ჭარბად დასახლების შეზღუდვასაც. გასაკვირი არ არის, რომ ხალხმა ამ ხეს „ადამიანებისადმი ღვთის ძღვენი“ უწოდა.

[სურათები 25 გვერდზე]

მელია, მელიას ფოთოლი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება