-
ბიბლია — შეუდარებელი წიგნისაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივნისი
-
-
ბიბლია — შეუდარებელი წიგნი
მას მსოფლიოს ბესტსელერს უწოდებენ და ეს ნამდვილად ასეა. ბიბლიას ნებისმიერ სხვა წიგნზე მეტად კითხულობენ და ყველაზე მეტად აფასებენ. ცნობილია, რომ დღეისთვის ის (მთლიანად თუ ნაწილობრივ) ოთხ მილიარდ ეგზემპლარად 2 000-ზე მეტ ენაზეა გავრცელებული.
მაგრამ ბიბლიის ასე ფართოდ გავრცელებაზე უფრო დიდი ინტერესის გამომწვევი ის მტკიცებაა, რომ მისი ავტორი ღმერთია. „მთელი წერილი ღვთივსულიერია“, — წერდა ქრისტიანი მოციქული პავლე (2 ტიმოთე 3:16). რას ნიშნავს ეს? გამოთქმა ‘ღვთივსულიერი’ (ბერძნული სიტყვა „თე·ოʹპნეუ·სტოს“) სიტყვასიტყვით „ღვთისგან შთაბერილს“ ნიშნავს. მონათესავე ბერძნული სიტყვა „პნეუʹმა“ ნიშნავს „სულს“. ამრიგად მტკიცება გულისხმობს, რომ ღვთის სულიწმიდა აღძრავდა ჩამწერ ადამიანებს, მან, ასე ვთქვათ, დაჰბერა მათ, რათა შედეგი მართებულად წოდებულიყო ღვთის სიტყვად და არა ადამიანის. ბიბლიის მრავალ შემსწავლელს მართლაც აოცებს ჰარმონია, რომელიც ყველა მის წიგნს გასდევს, მეცნიერული სიზუსტე, ჩამწერების პატიოსნება და გულახდილობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესრულებული წინასწარმეტყველებები — რომელთაგანაც თითოეულმა მილიონობით მოაზროვნე მკითხველი დაარწმუნა, რომ ეს წიგნი ადამიანზე ბევრად უფრო აღმატებული წყაროსგანააa.
მაგრამ რამდენად მკაცრად ხელმძღვანელობდა ღმერთი ბიბლიის დაწერას? ზოგი ამბობს, რომ ის სიტყვასიტყვით კარნახობდა მას. სხვები ამბობენ, რომ ბიბლიაში მხოლოდ აზრებია ინსპირირებული და არა სიტყვები. მაგრამ, სინამდვილეში, ინსპირაცია ერთი მეთოდით არ შემოიფარგლება, რადგან ღმერთი „მრავალი სახით ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში“ (ებრაელთა 1:1; შეადარე 1 კორინთელთა 12:6). შემდეგ სტატიაში გამოვიკვლევთ საშუალებებს, რომლებიც ღმერთმა ბიბლიის ჩამწერ დაახლოებით 40 ადამიანთან დასაკავშირებლად გამოიყენა.
-
-
როგორ დაიწერა ღვთის ინსპირირებით ბიბლია?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივნისი
-
-
როგორ დაიწერა ღვთის ინსპირირებით ბიბლია?
კომუნიკაციის საშუალებები დღეს ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა პერიოდში. ტელეფონები, ფაქსები, კომპიუტერები — ვინ წარმოიდგენდა მრავალი წლის წინ, რომ ცნობები მსოფლიოს ყველა კუთხეში, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ გადაიცემოდა.
მაგრამ კომუნიკაციის ყველაზე საინტერესო საშუალება, რომელსაც ადამიანი ვერასდროს დაეუფლება, ღვთისგან ინსპირაციაა. იეჰოვამ დაახლოებით 40 ადამიანს შთააგონა, რომ წერილობით გადმოეცათ მისი სიტყვა, წმინდა ბიბლია. მსგავსად იმისა, როგორც ადამიანებს კომუნიკაციის ერთზე მეტი საშუალება აქვთ, საღვთო წერილის ინსპირირებისთვის იეჰოვამ კომუნიკაციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენა.
კარნახი. ღვთისგან შეტყობინებული გარკვეული ცნობები მოგვიანებით ბიბლიურ ჩანაწერად იქცაa. მაგალითად, განვიხილოთ წესები, რომლებიც რჯულის კავშირს შეადგენენ. „ჩაიწერე ეს სიტყვები, — უთხრა მოსეს იეჰოვამ, — რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს“ (გამოსვლა 34:27). ‘ანგელოზების განკარგულებით მიღებული’ ეს „სიტყვები“ მოსემ ჩაწერა და მათი ხილვა დღეს შეიძლება ბიბლიის წიგნებში — „გამოსვლა“, „ლევიანნი“, „რიცხვნი“ და „მეორე რჯული“ (საქმეები 7:53).
მრავალმა სხვა წინასწარმეტყველმა — მათ შორის: ესაიამ, იერემიამ, ეზეკიელმა, ამოსმა, ნაუმმა და მიქამ — ღვთისგან განსაკუთრებული ცნობა ანგელოზების მეშვეობით მიიღო. ზოგჯერ ეს მამაკაცები თავიანთ ცნობებს იწყებდნენ დაახლოებით ასეთი სიტყვებით: „ასე ამბობს უფალი“ (ესაია 37:6; იერემია 2:2; ეზეკიელი 11:5; ამოსი 1:6; მიქა 2:3; ნაუმი 1:12). შემდეგ ისინი წერილობით გადმოსცემდნენ ღვთის ნათქვამს.
ხილვა, სიზმარი და ბურანი. ხილვა არის მღვიძარე ადამიანის გონებაში გამოხატულების, სურათის ან ცნობის მოვლინება, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, რამე არაჩვეულებრივი საშუალებით ხდება. მაგალითად, პეტრემ, იაკობმა და იოანემ, „როცა გაეღვიძათ“, იესოს ფერისცვალება იხილეს (ლუკა 9:28–36; 2 პეტრე 1:16–21). ზოგ შემთხვევაში ცნობა სიზმარში ანუ ღამის ძილნარევ ხილვაში ადამიანს ქვეცნობიერად ევლინებოდა. ამიტომაც დანიელი წერს: „თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა“; ან რონალდ ა. ნოქსის თარგმანის თანახმად: „როცა ვიწექი, სიზმარში ვიხილე“ (დანიელი 4:7).
იეჰოვასგან ბურანში მყოფი ადამიანი, ნაწილობრივ ფხიზლად ყოფნის მიუხედავად, როგორც ჩანს, სრული კონცენტრაციის მდგომარეობაში ეფლობოდა (შეადარე საქმეები 10:9–16). ბიბლიაში ბერძნულიდან გადმოთარგმნილი სიტყვა „ბურანი“ (ექʹსტა·სის) ნიშნავს „გათიშვას ან ფიქრში წასვლას“. ის გონების ნორმალური მდგომარეობის შეცვლის აზრს იძლევა. ამრიგად, ხილვის სრული შეთვისების დროს ბურანში მყოფი ადამიანი ითიშება გარემოსგან. მოციქული პავლე, როგორც ჩანს, ასეთ ბურანში იყო, როცა „ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (2 კორინთელთა 12:2–4).
ღვთისგან ნაკარნახევი ცნობების ჩამწერებისგან განსხვავებით, ხილვებისა თუ სიზმრების მხილველ ან ბურანში მყოფ ბიბლიის მწერლებს ხშირად გარკვეული თავისუფლება ჰქონდათ თავიანთი სიტყვებით ნანახის აღსაწერად. აბაკუმისთვის ნათქვამი იყო: „ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა“ (აბაკუმი 2:2).
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ბიბლიის ეს ნაწილები გარკვეულწილად ნაკარნახევზე ნაკლებად ინსპირირებულია? არავითარ შემთხვევაში. სულიწმიდის საშუალებით იეჰოვამ ღრმად ჩაბეჭდა თავისი ცნობა თითოეული ჩამწერის გონებაში, რათა ღვთის აზრები გადმოეცათ და არა ადამიანის. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა შესაფერისი სიტყვების ამორჩევის ნებას რთავდა, ის ჩამწერთა გულსა და გონებას ხელმძღვანელობდა, რათა არც ერთი მნიშვნელოვანი ცნობა არ გამოტოვებულიყო და საბოლოოდ სათანადოდ ჩათვლილიყო ღვთის სიტყვებად (1 თესალონიკელთა 2:13).
ინსპირაცია ღვთისგან. ბიბლია შეიცავს წინასწარმეტყველებას — წინასწარ გაცხადებულ და ჩაწერილ ისტორიას — რაც საკმაოდ აღემატება უბრალო ადამიანის უნარს. ერთ-ერთი მაგალითია 200 წლით ადრე ნაწინასწარმეტყველები ‘იავანის [„საბერძნეთის“, აქ] მეფის’, ალექსანდრე მაკედონელის, აღზევება და დამხობა! (დანიელი 8:1–8, 20–22). ბიბლია აგრეთვე ისეთ შემთხვევებს აშუქებს, რომლებიც ადამიანის თვალს არასდროს უნახავს. ერთ-ერთი მაგალითი ზეცისა და დედამიწის შექმნაა (დაბადება 1:1–27; 2:7, 8). გარდა ამისა, ბიბლია ზეცაში გამართულ საუბრებს შეიცავს, რომელთა მსგავსნიც იობის წიგნში მოიპოვება (იობი 1:6–12; 2:1–6).
თუ ასეთ შემთხვევებს ღმერთი უშუალოდ ჩამწერს არ ატყობინებდა, ის მათ ვინმეს ამცნობდა, რათა ზეპირი ან დაწერილი ისტორიის ნაწილად გამხდარი ცნობები ერთი თაობიდან მეორეში გადასულიყო, სანამ ბიბლიური ჩანაწერის ნაწილი გახდებოდა. (იხილე ჩარჩო მე-7 გვერდზე). ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იყო ყოველი ასეთი ცნობის წყარო და ის ხელმძღვანელობდა ჩამწერებს, რათა მათ ცნობებში შეცდომები, გაზვიადება ან მითები არ შერეულიყო. წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით პეტრე წერდა: „ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ [წინასწარმეტყველებას]“b (2 პეტრე 1:21).
საჭიროა გულმოდგინება
თუმცა ბიბლიის მწერლები „სულიწმიდის მიერ [იყვნენ] აღძრულნი“, მათ გულდასმით უნდა ეფიქრათ აზრების ჩასაწერად. მაგალითად, სოლომონი „იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს. ეძებდა [ის] საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები“ (ეკლესიასტე 12:9, 10).
თავიანთი მასალის დასაბუთებისთვის ბიბლიის ზოგ მწერალს მნიშვნელოვანი გამოკვლევა უნდა ეწარმოებინა. მაგალითად, თავის „სახარებასთან“ დაკავშირებით ლუკა წერდა: „გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად [რომ] აგიწერო“. რასაკვირველია, ღვთის სული აკურთხებდა ლუკას ძალისხმევას და, უეჭველია, აღძრავდა საიმედო ისტორიული საბუთების აღმოსაჩენად და სანდო თვითმხილველების გამოსაკითხად, როგორებიც იმ დროისთვის ცოცხალი მოწაფეები და, შესაძლოა, იესოს დედა, მარიამი, იყვნენ. გარდა ამისა, ღვთის სული ხელმძღვანელობდა ლუკას, რომ ზუსტად ჩაეწერა ეს ცნობები (ლუკა 1:1–4).
ლუკას სახარებისგან განსხვავებით იოანეს სახარება პირადად ნანახ მოვლენებზე იყო დაფუძნებული და იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 65 წლის შემდეგ დაიწერა. უეჭველია, იეჰოვას სულმა დაძაბა იოანეს მეხსიერება, რათა არაფერი დავიწყებოდა დროთა განმავლობაში. ეს იესოს დანაპირებს ეთანხმებოდა, რომელიც თავის მიმდევრებს დაუტოვა: „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26).
ზოგ შემთხვევაში ბიბლიის მწერლები თავიანთ ჩანაწერებში იმ ადრინდელი ისტორიკოსი მწერლების მიერ ნანახ დამოწმებებს რთავდნენ, რომელთაგანაც ყველა არ იყო ინსპირირებული. მესამე და მეოთხე მეფეთა იერემიამ უმთავრესად ამგვარად შეადგინა (მეოთხე მეფეთა 1:18). პირველი და მეორე ნეშტთათვის მასალის მოსაგროვებლად ეზრამ, სულ მცირე, 14 არაინსპირირებული წყარო გამოიყენა, მათ შორის ‘დავით მეფის მატიანის აღრიცხვა’ და ‘იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნი’ (პირველი ნეშტთა 27:24; მეორე ნეშტთა 16:11). მოსეც კი ციტირებდა ‘საუფლო ბრძოლების წიგნიდან’, რომელიც, როგორც ჩანს, ღვთის ხალხის ომების საიმედო ჩანაწერი იყო (რიცხვნი 21:14, 15).
ასეთ შემთხვევებში აქტიური მონაწილეობა სულიწმიდას ეკუთვნოდა და ის აღძრავდა ბიბლიის მწერლებს, მხოლოდ საიმედო მასალა ამოერჩიათ, რომელიც შემდეგ ბიბლიის ინსპირირებული ჩანაწერის ნაწილი გახდა.
გამოსადეგი რჩევები — ვისგან?
ბიბლია უხვად შეიცავს გონებამახვილურ პირად დაკვირვებებზე დაფუძნებულ გამოსადეგ რჩევებს. მაგალითად, სოლომონი წერდა: „კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა“ (ეკლესიასტე 2:24). პავლე ‘თავის რჩევას იძლეოდა’ ქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცა ამატებდა: „ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული“ (1 კორინთელთა 7:25, 39, 40). უდავოა, პავლეს ჰქონდა ღვთის სული, რადგან მოციქული პეტრეს თანახმად, პავლეს დაწერილი „მისთვის მინიჭებული სიბრძნით“ იყო (2 პეტრე 3:15, 16). ამრიგად, ღვთის სულის ხელმძღვანელობით ის თავის აზრს გამოთქვამდა.
ასეთ პირად აზრებს ბიბლიის მწერლები მათთვის ხელმისაწვდომი საღვთო წერილის გამოკვლევისა და გამოყენების საფუძველზე გამოთქვამდნენ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათი ნაწერები ღვთის აზრებს შეესატყვისებოდა. მათ მიერ დაწერილი ღვთის სიტყვის ნაწილი გახდა.
რასაკვირველია, ბიბლია ისეთ ადამიანთა განაცხადებსაც შეიცავს, რომლებიც არასწორად აზროვნებდნენ (შეადარე იობის 15:15 42:7-თან). მასში აგრეთვე ღვთის მსახურთა გულისტკივილის გამომხატველი გამონათქვამები შედის, თუმცა ეს გამონათქვამები მთლიანად ვერ გადმოსცემს საქმის ვითარებასc. იმ დროს, როცა ჩამწერი პირად აზრებს გამოთქვამდა, ღვთის სული მაინც ხელმძღვანელობდა მას ჩანაწერის სიზუსტისთვის, რაც მცდარი მსჯელობის გამოსაცნობად და გამოსაჩენად ემსახურებოდა. გარდა ამისა, კონტექსტი თითოეულ შემთხვევაში ნათლად აჩვენებს გონიერ მკითხველს, სარწმუნოა თუ არა მწერლის მსჯელობა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მთელი ბიბლია ღვთის ცნობაა. იეჰოვა ნამდვილად ყურადღებას აქცევდა, რომ მთელი შინაარსი მისი განზრახვის შესაბამისი ყოფილიყო და რომ მისადმი მსახურების ძლიერ მსურველნი უზრუნველყოფილიყვნენ არსებითად მნიშვნელოვანი მითითებებით (რომაელთა 15:4).
ადამიანი მწერლები — რატომ?
ბიბლიის დასაწერად ადამიანთა გამოყენება იეჰოვას დიდებულ სიბრძნეზე მეტყველებს. დაფიქრდი: ღმერთს რომ ეს საქმე ანგელოზებისთვის ჩაებარებინა, ექნებოდა კი ბიბლიას მსგავსი მიმზიდველობა? ჩვენ ნამდვილად აღგვაფრთოვანებდა ღვთის თვისებებისა და საქმეების შესახებ ანგელოზების თვალსაზრისის წაკითხვა. მაგრამ ჩვენ ძნელად თუ ჩავწვდებოდით ბიბლიის ცნობას, ადამიანის ხელით ნაწერის ელფერი რომ არ ჰქონოდა.
მაგალითად: ბიბლიაში შეიძლება უბრალოდ მოხსენიებულიყო, რომ მეფე დავითმა მრუშობა და მკვლელობა ჩაიდინა და მოგვიანებით მოინანია. მაგრამ რამდენად უფრო უკეთესია პირადად დავითის სიტყვების წაკითხვა, რომლებითაც ჩადენილისთვის გულისტკივილს გამოხატავდა და იეჰოვას პატიებას ევედრებოდა! „ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას, — წერდა ის. — მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმუნი 50:5, 19). ასე რომ, ბიბლიას ახასიათებს სითბო, მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, რომელსაც მას ადამიანის ხელი აძლევს.
დიახ, ჩვენთვის თავისი სიტყვის მოსაცემად იეჰოვამ შესანიშნავი საშუალება აირჩია. თუმცა მის დასაწერად მან სისუსტეებისა და შეცდომების ჩამდენი ადამიანები გამოიყენა, ისინი სულიწმიდით იყვნენ აღძრული, რათა მათ ნაწერში შეცდომა არ გაპარულიყო. ამრიგად ბიბლიას შეუდარებელი მნიშვნელობა აქვს. მისი რჩევა გონივრულია და დედამიწაზე მომავალ სამოთხესთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები საიმედო (ფსალმუნი 118:105; 2 პეტრე 3:13).
რატომ არ გავიხადოთ ჩვევად ღვთის სიტყვის ყოველდღიურად წაკითხვა? პეტრე წერდა: „ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 პეტრე 2:2). რადგან ის ღვთისგან ინსპირირებულია, შენ ნახავ, რომ მთელი წერილი „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
[სქოლიოები]
a სულ მცირე ერთხელ — ათი მცნების შემთხვევაში — ცნობა უშუალოდ „ღვთის თითით“ იყო დაწერილი. მოსემ უბრალოდ გადაწერა ეს სიტყვები გრაგნილებზე ან სხვა მასალაზე (გამოსვლა 31:18; მეორე რჯული 10:1–5).
b აქ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა „აღძრულნი“, „ფეʹრო“, სხვა ფორმითაა გამოყენებული საქმეების 27:15, 17-ში ქარწაღებული ხომალდის აღსაწერად. ამრიგად, ბიბლიის მწერლებს სულიწმიდა ‘მართავდა’. ის აღძრავდა ნებისმიერი ყალბი ინფორმაციის უარსაყოფად და მხოლოდ ნამდვილის ჩასაწერად.
c მაგალითისთვის შეადარე მესამე მეფეთა 19:4 მე-14 და მე-18 მუხლებთან; იობის 10:1–3; ფსალმუნის 72:12, 13, 21; იონას 4:1–3, 9; აბაკუმის 1:1–4, 13.
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
საიდან მიიღო მოსემ ცნობები?
ბიბლიის წიგნი „დაბადება“ მოსემ დაწერა, მაგრამ ჩაწერილი მოვლენები მის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. მაშ, საიდან მიიღო მოსემ ასეთი ცნობები? ის შეიძლება უშუალოდ ღვთისგან ყოფილიყო ან, შესაძლოა, ზოგი შემთხვევა ერთი თაობიდან მეორეში ზეპირად გადმოცემულიყო. რადგან ძველ დროში ადამიანთა ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო დიდი იყო, დაბადებაში მოსეს მიერ გაკეთებული მრავალი ჩანაწერი შეიძლება ადამიდან სულ ხუთი თაობის წარმომადგენლებს გადმოეცათ — მეთუშალახს, სემს, ისაკს, ლევის და ყამრამს.
გარდა ამისა, მოსეს წერილობით არსებული ცნობების გათვალისწინება შეეძლო. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით, პიროვნების მოხსენიებამდე მოსე ხშირად იყენებს გამოთქმას: „ეს არის ამბავი. . .“ (დაბადება 6:9; 10:1; 11:10, 27; 25:12, 19; 36:1, 9; 37:2). ზოგი სწავლული ამბობს, რომ ‘ამბავად’ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა „ტოჰ·ლე·დჰოჰთ“ მიუთითებს უკვე წერილობით არსებულ ისტორიულ საბუთებზე, რომლებიც მოსემ თავისი ჩანაწერების წყაროდ გამოიყენა. თუმცა, რასაკვირველია, გადაწყვეტით ამის მტკიცება შეუძლებელია.
სავსებით შესაძლებელია, რომ ცნობები, რომელსაც წიგნი „დაბადება“ შეიცავს, სამივე ზემოხსენებული მეთოდით იყო მიღებული — ნაწილი უშუალო გამოცხადებით, სხვა — ზეპირი გადმოცემით და ზოგი — მატიანეებიდან. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოსეს იეჰოვას სული შთააგონებდა. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჩაწერილი მართებულად ითვლება ღვთის სიტყვად.
-