თავი მეოთხე
იეჰოვას სახლი აღზევებულია
1, 2. რა სიტყვებს ვკითხულობთ „ესაიას კედელზე“ და საიდან არის აღებული ეს ციტატა?
„მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. ამ სიტყვებს ნიუ-იორკში გაეროს მოედანზე, „ესაიას კედელზე“, ვკითხულობთ. წლების მანძილზე არ ჩანდა, საიდან იყო აღებული ეს ციტატა. რამდენადაც გაერო მსოფლიო მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად, შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ის 1945 წელს გაეროს დამაარსებლებს ეკუთვნოდა.
2 მოგვიანებით, 1975 წელს, წარწერის ქვეშ ესაიას სახელი გამოჩნდა, რამაც ნათელი გახადა, რომ ეს არ იყო თანამედროვე ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები. ისინი 2700 წელზე მეტი ხნის წინათ დაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილია, რომელსაც დღეს ესაიას წიგნის მეორე თავში ვკითხულობთ. ათასწლეულების მანძილზე მშვიდობისმოყვარეთ აინტერესებდათ, როგორ და როდის მოხდებოდა ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები. ახლა კი ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია. დღეს ჩვენი თვალით შეგვიძლია დავინახოთ, რა დიდებულად სრულდება ეს უძველესი წინასწარმეტყველება.
3. ვინ არიან ერები, რომლებიც მახვილებისგან სახნისებს ჭედავენ?
3 ვინ არიან ეს ერები, რომლებიც მახვილებისგან სახნისებს ჭედავენ? ცხადია, ისინი არ არიან თანამედროვე სახელმწიფოები და მათი მთავრობები. ეს სახელმწიფოები დღემდე მახვილებს აკეთებენ ანუ იარაღს აწარმოებენ, როგორც საომრად, ისე ძალის გამოყენებით „მშვიდობის“ შესანარჩუნებლად. მათზე ის უფრო შეიძლება ითქვას, რომ სახნისებისგან ყოველთვის მახვილებს ჭედავდნენ! ესაიას წინასწარმეტყველება სრულდება ყველა ერის წარმომადგენლებზე — ხალხზე, რომელიც იეჰოვას, „მშვიდობის ღმერთს“, სცემს თაყვანს (ფილიპელთა 4:9).
ერები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ მიედინებიან
4, 5. რა არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას მე-2 თავის პირველ მუხლებში და როგორ არის დადასტურებული ამ სიტყვების უტყუარობა?
4 ესაიას მე-2 თავი შემდეგი სიტყვებით იწყება: «სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე [„გორაკებზე“, აქ] მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას» (ესაია 2:1, 2).
5 აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარმეტყველება უბრალო ვარაუდი არ არის. ესაია ღვთის შთაგონებით წერს და ამბობს, რომ ყველაფერი, უეჭველად, ასე „იქნება“. იეჰოვას განზრახვები ყოველთვის სრულდება (ესაია 55:11). როგორც ჩანს, თავისი დანაპირების უტყუარობის დასადასტურებლად ღმერთმა ესაიას თანამედროვე წინასწარმეტყველი მიქა აღძრა, რომ მასაც ჩაეწერა თავის წიგნში იგივე წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ესაიას 2:2—4-ში ვკითხულობთ (მიქა 4:1—3).
6. როდის უნდა შესრულებულიყო ესაიას წინასწარმეტყველება?
6 როდის უნდა შესრულებულიყო ესაიას წინასწარმეტყველება? „უკანასკნელ დღეებში“. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ნაწინასწარმეტყველებია ის თავისებურებანი, რომლებითაც ამ პერიოდის ამოცნობა შეიძლება. ესენია ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები, შიმშილობა და „საზარელი ჟამი“ (2 ტიმოთე 3:1—5; ლუკა 21:10, 11)a. ამ წინასწარმეტყველებათა შესრულება საკმარისად ამტკიცებს, რომ „უკანასკნელ დღეებში“, ამ სისტემის უკანასკნელ ჟამს, ვცხოვრობთ. ამგვარად, შეგვიძლია მოველოდეთ, რომ ჩვენს დროში შესრულდება და საკუთარი თვალით ვიხილავთ ყოველივე იმას, რაც ესაიამ იწინასწარმეტყველა.
უფლის მთა — თაყვანისცემის ადგილი
7. რა წინასწარმეტყველურ სურათს წარმოგვიდგენს ესაია?
7 ესაია რამდენიმე სიტყვით შესანიშნავ წინასწარმეტყველურ სურათს წარმოგვიდგენს. თვალწინ იშლება მაღალი მთა და მის მწვერვალზე აღმართული დიდებული სახლი, იეჰოვას ტაძარი. ეს მთა ზემოდან გადაჰყურებს მაღალ მთა-გორებს. მიუხედავად ამისა, ის თავზარდამცემი და შემაძრწუნებელი კი არ არის — მიმზიდველია. ყველა ერში არიან უფლის სახლის მთაზე ასვლის მსურველები და ისინი მიედინებიან კიდეც მისკენ. ამის წარმოდგენა რთული არ არის, მაგრამ რას ნიშნავს ეს ყოველივე?
8. ა) რასთან იყო დაკავშირებული მთა-გორები ესაიას დღეებში? ბ) რა არის წარმოდგენილი „უფლის სახლის მთისკენ“ ერების დენით?
8 ესაიას დღეებში მთა-გორები ყოველთვის თაყვანისმცემლობასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, კერპთაყვანისმცემლები იქ რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავიანთ ცრუ ღმერთებს (მეორე რჯული 12:2; იერემია 3:6). მაგრამ მორიას მთის თხემს იერუსალიმში იეჰოვას სახლი ანუ ტაძარი ამშვენებდა. ღვთის ერთგული ისრაელები წელიწადში სამჯერ მიემგზავრებოდნენ იერუსალიმს და ადიოდნენ მორიას მთაზე, რომ ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცათ თაყვანი (მეორე რჯული 16:16). აქედან გამომდინარე, „უფლის სახლის მთისკენ“ ერების დენით ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში უამრავი ხალხის გაერთიანებაა წარმოდგენილი.
9. რა არის წარმოდგენილი „უფლის სახლის მთით“?
9 დღეს, რა თქმა უნდა, ღვთის ხალხი პირდაპირი გაგებით მთაზე აგებულ ქვის ტაძარში არ იკრიბება. იეჰოვას ტაძარი იერუსალიმში ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარებმა მიწასთან გაასწორეს. გარდა ამისა, მოციქულმა პავლემ ნათლად დაგვანახვა, რომ იერუსალიმის ტაძარსა და მანამდე არსებულ კარავს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ასახავდნენ უფრო დიდებულ, მომავლის სულიერ „ჭეშმარიტ კარავს, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა“ (ებრაელთა 8:2). ეს სულიერი კარავი იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაერთიანების საშუალებაა (ებრაელთა 9:2—10, 23). აქედან გამომდინარე, ესაიას 2:2-ში მოხსენიებული „უფლის სახლის მთა“ ჩვენს დროში განდიდებულ წმინდა თაყვანისმცემლობას წარმოადგენს. წმინდა თაყვანისმცემლობის მიმდევარნი რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიაზე არ იკრიბებიან, მათი შეკრება თაყვანისმცემლობაში გაერთიანებით ხდება.
წმინდა თაყვანისმცემლობის აღზევება
10, 11. როგორ იქნა აღზევებული იეჰოვას თაყვანისმცემლობა ჩვენს დროში?
10 წინასწარმეტყველების თანახმად, ‘უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდებოდა და მწვერვალებზე მაღლა აღიმართებოდა’. ესაიას მოღვაწეობის პერიოდამდე დიდი ხნით ადრე მეფე დავითმა აღთქმის კიდობანი სიონის მთაზე აიტანა იერუსალიმში, რომელიც ზღვის დონიდან 760 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. კიდობანი იქ ინახებოდა, ვიდრე მორიას მთაზე ტაძრის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდებოდა (მეორე მეფეთა 5:7; 6:14—19; მეორე ნეშტთა 3:1; 5:1—10). ამგვარად, ესაიას დროს კიდობანი უკვე აღზევებული იყო, ანუ ტაძარში იყო დასვენებული, ბევრ იმ გორაკზე მაღლა, რომლებზეც ხალხი ცრურელიგიურ რიტუალებს ასრულებდა.
11 რა თქმა უნდა, იეჰოვას თაყვანისმცემლობა სულიერი გაგებით ყოველთვის ცრუთაყვანისმცემლობაზე მაღლა იდგა. ჩვენს დროში კი იეჰოვამ ცამდე აღამაღლა და განადიდა წმინდა თაყვანისმცემლობა და ყოველგვარ უწმინდურ თაყვანისმცემლობაზე, „გორაკებსა“ და „მთებზე“, გაცილებით მაღლა დააყენა. როგორ? ძირითადად მათი შეკრებით, ვისაც „სულითა და ჭეშმარიტებით“ მისი თაყვანისცემა სურს (იოანე 4:23).
12. ვინ არიან „სასუფევლის ძენი“ და როგორ მოხდა მათი შეკრება?
12 იესო ქრისტემ „წუთისოფლის აღსასრული“ მკის დროდ მოიხსენია, როდესაც ანგელოზებს „სასუფევლის ძენი“ ანუ ქრისტეს მომავალი თანამეფეები და ზეციური დიდების თანაზიარნი უნდა შეეკრიბათ (მათე 13:36—43). 1919 წლიდან ამ ძეთაგან ‘დარჩენილები’ იეჰოვას ნებით ანგელოზებთან ერთად მონაწილეობენ მკაში (გამოცხადება 12:17). ამგვარად, პირველად „სასუფევლის ძენი“ ანუ იესოს ცხებული ძმები იკრიბებიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შემდგომ შეკრებაში.
13. როგორ აკურთხა იეჰოვამ ცხებულები?
13 მკის პერიოდში იეჰოვა ეხმარება ცხებულებს ღვთის სიტყვის, ბიბლიის, თანდათანობით გაგებასა და პრაქტიკულად გამოყენებაში. ესეც ხელს უწყობს წმინდა თაყვანისმცემლობის აღზევებას. მიუხედავად იმისა, რომ ‘წყვდიადი ფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს’, იეჰოვას მიერ განწმენდილი ცხებულები ‘მნათობებივით ანათებენ’ კაცობრიობაში (ესაია 60:2; ფილიპელთა 2:15). „მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით“ სულითცხებულები ‘მზესავით ბრწყინავენ თავიანთი მამის სასუფეველში’ (კოლასელთა 1:9; მათე 13:43).
14, 15. ვისი შეკრება ხდება „სასუფევლის ძეთა“ გარდა და როგორ იწინასწარმეტყველა ეს ანგიამ?
14 მათ გარდა სხვებმაც დაიწყეს დენა „უფლის სახლის მთისკენ“. ამ ხალხს, რომელსაც იესომ „სხვა ცხვრები“ უწოდა, დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი აქვს (იოანე 10:16; გამოცხადება 21:3, 4). 30-იან წლებში ასეთი ადამიანები ათასობით გამოჩნდნენ, შემდეგ ასობით ათასი გახდნენ, ხოლო დღეს მათმა რიცხვმა მილიონებს მიაღწია! მოციქულ იოანეს ხილვაში ისინი აღწერილი არიან, როგორც „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9).
15 ანგიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა ამ უამრავი ხალხის გამოჩენა. ის წერდა: «ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი [„უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ (ისინი, რომლებიც წმინდა თაყვანისმცემლობაში ცხებულებს შეუერთდებიან)]; დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი» (ანგია 2:6, 7). რიცხობრივად ამ ჯერ კიდევ მზარდი „უამრავი ხალხისა“ და მათი ცხებული თანამსახურების არსებობა იეჰოვას სახლში წმინდა თაყვანისმცემლობას განადიდებს. არასდროს ყოფილა ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში ამდენი ხალხი გაერთიანებული, რამდენიც დღეს. ეს კი განადიდებს იეჰოვასა და ღვთის სამეფოს ცხებულ მეფეს, იესო ქრისტეს. როგორც მეფე სოლომონი წერდა, „ერის სიმრავლე მეფის დიდებაა“ (იგავნი 14:28).
ადამიანთა ცხოვრებით ამაღლებული თაყვანისმცემლობა
16—18. ზოგმა რა ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში, რათა იეჰოვასთვის სათანადოდ ეცათ თაყვანი?
16 მხოლოდ იეჰოვას დამსახურებაა ჩვენს დროში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ამაღლება, მაგრამ ამაში მის მსახურებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა. როგორც მთაზე ასვლას სჭირდება ძალისხმევა, ისე ღვთის სამართლიანი ნორმების სწავლა და მათთან შეთანხმებულად ცხოვრება მოითხოვს მონდომებას. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, ღვთის მსახურებმა დღესაც მიატოვეს ისეთი ცხოვრების წესი და საქმეები, რომლებიც შეუფერებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის. მეძავნი, კერპთაყვანისმცემელნი, მრუშნი, მპარავნი, ხარბნი, ლოთნი და სხვა არასწორი საქმეების ჩამდენნი, რომლებმაც ახალი ცხოვრება დაიწყეს, დღეს ‘განბანილნი’ არიან ღვთის თვალში (1 კორინთელთა 6:9—11).
17 მრავალმა შეიცვალა ცხოვრება იმ ახალგაზრდა ქალის მსგავსად, რომელიც წერს: „მომავლის იმედი არ გამაჩნდა. უზნეობა და ლოთობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; ვენერულ დაავადებებსაც ვერსად გავექეცი; ნარკოტიკებით ვვაჭრობდი; ჩემთვის ცხოვრებაში ყველაფერი სულ ერთი იყო“. ბიბლიის შესწავლის შემდეგ ის ძირეულად ცვლიდა თავის ცხოვრებას, რათა ღვთის ნორმების შესაბამისად მოქცეულიყო. ახლა ის ამბობს: „დღეს უდიდეს სულიერ სიმშვიდეს განვიცდი და საკუთარი ღირსების გრძნობაც გამიჩნდა, იმედით ვუყურებ მომავალს, გავიგე, რა არის ნამდვილი ოჯახი და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მამა იეჰოვასთან ურთიერთობით ვხარობ“.
18 იეჰოვას კეთილგანწყობილების მოპოვების შემდეგაც უნდა განვაგრძოთ წმინდა თაყვანისმცემლობის განდიდება ცხოვრებაში მისი პირველ ადგილზე დაყენებით. იეჰოვამ ესაიას მეშვეობით ათასწლეულებით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დროში უამრავი ადამიანი მიანიჭებდა მის თაყვანისმცემლობას ცხოვრებაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას. ხართ თქვენც მათ შორის?
ხალხი, რომელმაც ისწავლა იეჰოვას გზები
19, 20. რას და სად სწავლობს ღვთის ხალხი?
19 ესაია განაგრძობს წინასწარმეტყველებას ჩვენი დროის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების შესახებ: «დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის [„იაკობის ღვთის“, აქ] სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა — იერუსალიმიდან» (ესაია 2:3).
20 იეჰოვას ხალხი დაკარგული ცხვარივით გზააბნეული არ დადის. ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის საშუალებით იეჰოვა თავის „რჯულსა“ და „სიტყვას“ აწვდის მათ და ისინიც სწავლობენ მის გზებს. ეს ცოდნა მათ „მისი ბილიკებით“ სიარულში ეხმარება. ღვთის ხალხს მადლიერების გრძნობა აღძრავს, და ღმერთიც ამასვე მოუწოდებს მათ, რომ ერთმანეთს იეჰოვას გზების შესახებ ესაუბრონ. ისინი დიდ კონგრესებზე ან პატარ-პატარა ჯგუფებად სამეფო დარბაზებსა თუ სახლებში იკრიბებიან, რათა გაიგონ და ისწავლონ ღვთის გზები (მეორე რჯული 31:12, 13). ამით ადრინდელ ქრისტიანებს ბაძავენ, რომლებიც ერთად იკრიბებოდნენ ერთმანეთის გასამხნევებლად და „სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ წასახალისებლად (ებრაელთა 10:24, 25).
21. რა დავალებას ასრულებენ იეჰოვას მსახურები?
21 ისინი სხვებსაც იწვევენ ‘მთაზე ასასვლელად’, ანუ გზას უჩვენებენ იეჰოვას განდიდებული თაყვანისმცემლობისკენ, რითაც ზუსტად ასრულებენ ზეცად ამაღლებამდე იესოს მიერ მოწაფეებისთვის მიცემულ დავალებას: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ღვთის შეწევნით იეჰოვას მოწმეები მორჩილად ასრულებენ ამ მოწოდებას — მთელ მსოფლიოში იმოწაფებენ ხალხს, ასწავლიან ღვთის სიტყვას და ნათლავენ.
მახვილებისგან სახნისები
22, 23. რა არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას 2:4-ში და რა თქვა ამის შესახებ გაეროს ერთმა ოფიციალურმა პირმა?
22 ახლა კი მივედით იმ მუხლამდე, რომლის ნაწყვეტსაც გაეროს მოედანზე, „ესაიას კედელზე“, ვკითხულობთ. ესაია წერს: «სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხს [„ყველაფერს მოაგვარებს უთვალავ ხალხს შორის“ აქ]; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს» (ესაია 2:4).
23 ზემოხსენებულის ხორცშესხმა ნამდვილად დიდი მიღწევა იქნებოდა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფედერიკო მაიორმა, შემდეგი აზრი გამოთქვა: „ომის ვერავითარი საშინელება, რომელიც საკმაოდ კარგად დავინახეთ [მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წყალობით], როგორც ჩანს, ვერ აჩერებს მრავალი საუკუნის წინათ ამოქმედებულ ომის უზარმაზარ მანქანას. დღევანდელი თაობების წინაშე თითქმის გადაუჭრელი ბიბლიური ამოცანა დგას — ‘მახვილებისგან სახნისები გამოჭედონ’ და ომისკენ სწრაფვა, რომელიც უხსოვარი დროიდან განუვითარდა ადამიანს, მშვიდობის სიყვარულით შეცვალონ. ეს იქნებოდა ყველაზე კეთილშობილური საქმე, რის გაკეთებაც კი კაცობრიობას შეუძლია, და ყველაზე დიდი დანატოვარი ჩვენი შთამომავლობისთვის“.
24, 25. ვინ და როგორ ასრულებს ესაიას სიტყვებს?
24 ერები, მთლიანობაში, ვერასდროს მიაღწევენ ამ ამაღლებულ მიზანს. ეს, უბრალოდ, მათ შესაძლებლობას აღემატება. ესაიას სიტყვებს ასრულებენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, რომლებიც წმინდა თაყვანისმცემლობაში არიან გაერთიანებული. იეჰოვამ ‘ყველაფერი მოაგვარა მათ შორის’. მან თავის ხალხს ერთმანეთთან მშვიდობიანი ცხოვრება ასწავლა. ამ დაყოფილ, დაუსრულებელი ომების წუთისოფელში მათზე შეიძლება ითქვას, რომ ‘მახვილებისგან სახნისები გამოჭედეს და შუბებისგან — ნამგლები’. როგორ?
25 უპირველესად, აღსანიშნავია ის, რომ ისინი არ მონაწილეობენ ერებს შორის ომებში. იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეიარაღებული ხალხი მივიდა მის შესაპყრობად. როდესაც პეტრემ მახვილი იშიშვლა თავისი მოძღვრის დასაცავად, იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). მას შემდეგ იესოს მიმდევრები მახვილებისაგან სახნისებს ჭედავენ, ხელში არ იღებენ იარაღს ადამიანის მოსაკლავად და მხარს არ უჭერენ ომებს. ისინი ‘ცდილობენ, მშვიდობა იქონიონ ყველასთან’ (ებრაელთა 12:14).
მშვიდობისკენ სწრაფვა
26, 27. როგორ ‘ეძიებს მშვიდობას და ისწრაფვის მისკენ’ ღვთის ხალხი? მოიყვანეთ მაგალითი.
26 ღვთის ხალხის მშვიდობა მხოლოდ ომებში მონაწილეობაზე უარის თქმით არ შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც 230-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მრავალი ენა და კულტურა აქვთ, მათ შორის მშვიდობა მეფობს. ჩვენს დროში მათზე სრულდება პირველ საუკუნეში იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვები: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ქრისტიანები დღეს „მშვიდობის მყოფელნი“ არიან (მათე 5:9). ისინი ‘ეძიებენ მშვიდობას და მისკენ ისწრაფვიან’ (1 პეტრე 3:11). მათი მხარდამჭერი „მშვიდობის ღმერთი“ იეჰოვაა (რომაელთა 15:33).
27 მრავალი საოცარი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ გახდნენ ადამიანები მშვიდობისმყოფელნი. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი თავისი წარსულის შესახებ წერს: „მძიმე ბავშვობამ თავდაცვა მასწავლა, გამაუხეშა და ცხოვრებაზე გამანაწყენა. დიდ ჩხუბისთავად ვიქეცი. ყოველდღე ვჩხუბობდი მეზობელ ბავშვებთან, ხან მუშტებით, ხანაც ქვებითა და ბოთლებით. საშინლად აგრესიულ პიროვნებად ჩამოვყალიბდი“. ეს ახალგაზრდა გამოეხმაურა მოწოდებას, ‘ასულიყო უფლის მთაზე’, ისწავლა ღვთის გზები და ბოლოს ღვთის მშვიდობიანი მსახური გახდა.
28. როგორ ისწრაფიან მშვიდობისკენ ქრისტიანები?
28 იეჰოვას მსახურთა უმრავლესობა წარსულში არ ყოფილა ასეთი აგრესიული. ისინი ცდილობენ, თუნდაც უბრალო მოქმედებით — თავაზიანობით, პატიებითა და თანაგრძნობით — მშვიდობა შეინარჩუნონ სხვებთან. არასრულყოფილების მიუხედავად, ისწრაფვიან იმისკენ, რომ მიჰყვნენ ბიბლიურ რჩევას: ‘შეიწყნარონ ერთიმეორე და მიუტევონ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს’ (კოლასელთა 3:13).
მშვიდობიანი მომავალი
29, 30. რა მომავალი ელის დედამიწას?
29 იეჰოვამ ამ „უკანასკნელ დღეებში“ საოცარი რამ მოიმოქმედა. მან ყველა ერიდან შეკრიბა ხალხი, რომელსაც მის სამსახურში ყოფნა სურს და მათ თავისი გზებით, მშვიდობის გზებით, სიარული ასწავლა. ეს ხალხი მოახლოებულ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს და მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებს, სადაც არასდროს იქნება ომი (გამოცხადება 7:14).
30 მახვილი ანუ იარაღი აღარასოდეს იარსებებს. ფსალმუნმომღერალი წერდა ამ დროზე: «მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა [„რა საოცრებანი მოახდინა დედამიწაზე“, აქ]. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით» (ფსალმუნი 45:9, 10). მომავლის ამ მოვლენების გათვალისწინებით, ესაიას შემდგომი მოწოდება დღესაც ისეთივე დროულია, როგორც მისი დაწერის დროს იყო: „ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!“ (ესაია 2:5). დაე გვიძღოდეს იეჰოვას სინათლე, რათა მარადიულად შევძლოთ მისი გზებით სიარული (მიქა 4:5).
[სქოლიო]
a იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, მე-11 თავი „ეს უკანასკნელი დღეებია!“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.