საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 9/1 გვ. 24-28
  • მე იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მე იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სასტიკი გამოცდების დასაწყისი
  • კომპრომისის საკითხი
  • დევნა ძლიერდება
  • აღმოსავლეთში გადაყვანა და გაქცევა
  • თავისუფლება, მაგრამ შემდგომი ტრაგედია
  • ნანატრი თავისუფლება!
  • რწმენის გამოცდა სლოვაკეთში
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • პოლიტიკური აქტივისტიდან ნეიტრალიტეტის დამცველ ქრისტიანამდე
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • განსაცდელებმა ვერ დამიმსხვრია იმედი
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • მტკიცედ გადავწყვიტეთ, ღვთის მმართველობისთვის დაგვეჭირა მხარი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 9/1 გვ. 24-28

მე იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე

მოგვითხრო იან კორპა-ონდომ

იდგა 1942 წელი; კურსკის მახლობლად უნგრელი ჯარისკაცები მდარაჯობდნენ. იმ ფაშისტური ბლოკის ტყვეები ვიყავით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთს ებრძოდა. საფლავი გათხრილი მქონდა და ათი წუთი მომცეს, რომ გადამეწყვიტა, მოვაწერდი თუ არა ხელს საბუთზე, რომლითაც უარს ვიტყოდი იეჰოვას მოწმეობაზე. სანამ მოგითხრობდეთ, თუ რა მოხდა შემდეგ, ნება მიბოძეთ მოგიყვეთ, როგორ მოვხვდი იქ.

დავიბადე 1904 წელს აღმოსავლეთ სლოვაკიის ერთ პატარა სოფელ ზაჰორში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ზაჰორი ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს, ჩეხოსლოვაკიის, ნაწილი გახდა. ჩვენს სოფელში 200 კომლი ცხოვრობდა და ორი ეკლესია იყო: ბერძნული კათოლიკური და კალვინისტური.

მიუხედავად იმისა, რომ კალვინისტურ ეკლესიაში დავდიოდი, მეტად უზნეო ცხოვრებას ვეწეოდი. არც თუ ისე შორს ჩემგან ერთი სრულიად განსხვავებული მამაკაცი ცხოვრობდა. ერთ დღეს ის გამესაუბრა და ბიბლია მათხოვა. მაშინ, ცხოვრებაში პირველად დავიჭირე ეს წიგნი ხელში. იმ ხანებში, 1926 წელს, ბარბარაზე დავქორწინდი და მალე ორი ბავშვი, ბარბარა და იანი, შეგვეძინა.

მე დავიწყე ბიბლიის კითხვა, მაგრამ წაკითხულიდან ბევრი რამ არ მესმოდა. ამიტომ ჩემს მოძღვართან მივედი და დახმარება ვთხოვე. „ბიბლია მხოლოდ განათლებული ხალხისთვისაა, — მითხრა მან, — არც ეცადო მის გაგებას“. შემდეგ მან კარტის თამაში შემომთავაზა.

მოგვიანებით ბიბლიის პატრონს მივაკითხე, რომელიც ბიბლიის მკვლევარი (როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეები იყვნენ ცნობილი) იყო. ის სიამოვნებით დამეხმარა და მალე თვალი ამეხილა. შევწყვიტე გადამეტებული სმა და დავიწყე ზნეობრივად სუფთა ცხოვრება და სხვებთან იეჰოვაზე საუბარი. ბიბლიური ჭეშმარიტება ზაჰორში 20-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი და მალე ბიბლიის აქტიური მკვლევარების ჯგუფი ჩამოყალიბდა.

იმ დროს ძლიერ რელიგიურ წინააღმდეგობას შევხვდი. ადგილობრივმა მღვდელმა ოჯახის თითქმის ყველა წევრი ჩემს წინააღმდეგ განაწყო და ამტკიცებდა, რომ ჭკუიდან შევიშალე. მაგრამ ცხოვრების აზრი შევიძინე და მტკიცედ გადავწყვიტე, ჭეშმარიტი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, მემსახურა. ამიტომ 1930 წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.

სასტიკი გამოცდების დასაწყისი

1938 წელს ჩვენი მხარე უნგრეთის მმართველობის ქვეშ მოხვდა; მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთი გერმანიას ემხრობოდა. იმ დროისთვის ჩვენს სოფელში, რომელშიც ათასზე ნაკლები კაცი ცხოვრობდა, დაახლოებით 50 მოწმე იყო. ჩვენ განვაგრძეთ ქადაგება, მიუხედავად იმისა, რომ ამით სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხეში ვიგდებდით.

1940 წელს უნგრეთის ჯარში გამიწვიეს. რა უნდა გამეკეთებინა? მე წაკითხული მქონდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები ხალხის შესახებ, რომლებიც თავიანთი მახვილებისგან სახნისებს სჭედავენ, და ვიცოდი, რომ თავის დროზე ღმერთი გაათავისუფლებდა დედამიწას ყოველგვარი ომისგან (ფსალმუნი 45:10; ესაია 2:4). ამიტომ შევიძულე ომი და გადავწყვიტე არ წავსულიყავი ჯარში, მიუხედავად მოსალოდნელი შედეგებისა.

წელიწადითა და ორი თვით პატიმრობა მომისაჯეს და სასჯელს პეჩში (უნგრეთი) ვიხდიდი. იმავე ციხეში ხუთი სხვა მოწმე იჯდა; ჩვენ გვიხაროდა, რომ ურთიერთობის შესაძლებლობა გვქონდა. მართალია, ერთხელ ფეხებზე ბორკილდადებული სამარტოო ტუსაღობაში ვიყავი. როდესაც უარი ვთქვით საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებაზე, გვცემეს. აგრეთვე თითქმის მთელი დღის განმავლობაში გვაიძულეს, სმენაზე ვმდგარიყავით. ეს გამოცდა თვეობით გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, ბედნიერები ვიყავით, რადგან ღვთის წინაშე სუფთა სინდისი გვქონდა.

კომპრომისის საკითხი

ერთ დღეს თხუთმეტი კათოლიკე მღვდლისგან შემდგარი ჯგუფი მოვიდა და გვარწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ჯარში წასვლა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. საუბრისას ვუთხარით: „თუ დაგვიმტკიცებთ ბიბლიიდან, რომ სული უკვდავია და, ომში დაღუპვის შემთხვევაში, ზეცად ავმაღლდებით, წავალთ ჯარში“. რა თქმა უნდა, მათ ვერ დაამტკიცეს სულის უკვდავება და აღარ ისურვეს ჩვენთან საუბრის გაგრძელება.

1941 წელს სასჯელი მოვიხადე და მოუთმენლად ველოდი ოჯახში დაბრუნებას. ამის ნაცვლად, ბორკილდადებული შაროშპატაკში (უნგრეთი) არსებულ სამხედრო ბაზაში მიკრეს თავი. იქ გათავისუფლების შანსი მომცეს. „შენგან მხოლოდ ის მოითხოვება, ხელი მოაწერო ამ დაპირებას, რომ სახლში დაბრუნებისას 200 პენგეს გადაიხდი“, — მითხრეს მათ.

„როგორ? — ვკითხე მე. — რისთვის გინდათ ეს ფული?“

„სამაგიეროდ, — მითხრეს მათ, — მოწმობას მიიღებ, რომ სამხედრო სამედიცინო შემოწმებისას გამოუსადეგარი აღმოჩნდი“.

ამ სიტყვებმა გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არაადამიანურ მოპყრობას ვითმენდი; დავიღალე. ახლა, თუ გარკვეულ თანხას გადავიხდიდი, თავისუფალი ვიქნებოდი. „ვიფიქრებ ამაზე“, — ჩავიბუტბუტე ჩემთვის.

რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო? ცოლსა და შვილებზე უნდა მეფიქრა. სწორედ იმ დროს თანაქრისტიანისგან გამამხნევებელი წერილი მივიღე. ის ციტირებდა ებრაელთა 10:38-ს, რომელშიც მოციქულ პავლეს იეჰოვას სიტყვები მოჰყავს: „მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას“. ცოტა ხანში, ყაზარმებთან ორ უნგრელ ოფიცერთან საუბრისას ერთმა მათგანმა მითხრა: „შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა პატივს გცემთ, ასე მტკიცედ რომ იცავ ბიბლიურ პრინციპებს. არ დანებდე!“

მეორე დღეს იმათთან წავედი, რომლებმაც 200 პენგედ გათავისუფლება შემომთავაზეს, და ვუთხარი: „რადგანაც იეჰოვა ღმერთი უშვებს ჩემს პატიმრობას, ის ჩემს გათავისუფლებაზეც იზრუნებს. მე არ გამოვისყიდი ჩემს თავს“. ასე რომ, ათი წლის პატიმრობა მომისაჯეს. ისინი დაუსრულებლად ცდილობდნენ, ვაეძულებინე, რომ კომპრომისზე წავსულიყავი. სასამართლო შემიწყალებდა, თუ ჯარში მხოლოდ ორი თვე ვიმსახურებდი, ამავე დროს, იარაღის ტარება არც კი დამჭირდებოდა. ამაზეც უარი ვუთხარი და ჩემი სასჯელიც დაიწყო.

დევნა ძლიერდება

ისევ პეჩის ციხეში ჩამსვეს. ამჯერად ტანჯვა უფრო ძლიერი იყო. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ზურგს უკან ხელებშეკრული ვიყავი დაკიდებული. ამის გამო ორივე მხარი მეღრძო. ასეთი წამება ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხოლოდ იეჰოვას უნდა ვმადლობდე, რომ არ დავნებდი.

1942 წელს ჩვენ — პოლიტიკური პატიმრებისგან, ებრაელებისა და იეჰოვას 26 მოწმისგან შემდგარი ჯგუფი — გადაგვიყვანეს ქალაქ კურსკში, რომელიც გერმანელებს ჰქონდათ დაკავებული. ჩვენ გერმანელებს გადაგვცეს, რომლებმაც პატიმრებს ჯარისკაცებისთვის საკვების, იარაღისა და ტანისამოსის ზიდვა დაგვავალეს. მოწმეებმა უარი ვთქვით ამ სამუშაოს შესრულებაზე, რადგან ის ჩვენს ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ისევ უნგრელებს გადაგვცეს.

ბოლოს კურსკის ადგილობრივ ციხეში ჩაგვსვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ, კაუჩუკის ხელკეტებით გვცემდნენ. ერთხელ ხელკეტი საფეთქელში მომხვდა და მუხლებზე დავეცი. ცემისას ვფიქრობდი, რომ ‘სიკვდილი ადვილი ყოფილა’. მთელი სხეული დამიბუჟდა და ვერაფერს ვგრძნობდი. სამი დღის მანძილზე გვაშიმშილეს. შემდეგ სასამართლოში წარგვადგინეს და ექვს ჩვენგანს სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ ოცნი დავრჩით.

რწმენის გამოცდები, რომლებიც კურსკში იმ დღეებში, 1942 წლის ოქტომბერში, შემხვდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მკაცრი იყო. ჩვენი გრძნობები კარგად გამოხატა ძველი დროის მეფე იოშაფატმა, როდესაც მისი ხალხი აურაცხელი ჯარის წინაშე იდგა: „უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი“ (მეორე ნეშტთა 20:12).

თვრამეტი უნგრელი ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ ოცნი საერთო საფლავის გასათხრელად წაგვიყვანეს. თხრა რომ დავასრულეთ, გვითხრეს, რომ ათი წუთი გვქონდა იმ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, რომელშიც ეწერა: „იეჰოვას მოწმეების სწავლება არასწორია. მე აღარ ვირწმუნებ მას და აღარ დავუჭერ მხარს. ვიბრძოლებ უნგრეთისთვის. . . ჩემი ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ვუერთდები რომის კათოლიკურ ეკლესიას“.

ათ წუთში გაისმა ბრძანება: „მარჯვნისაკენ! საფლავისკენ, იარ!“ შემდეგ: „პირველი და მესამე პატიმარი — ორმოში!“ ამ ორს კიდევ ათი წუთი მიეცა, რომ გადაეწყვიტათ დოკუმენტზე ხელის მოწერა. ერთმა ჯარისკაცმა სთხოვა: „დათმეთ თქვენი რწმენა და ამოდით საფლავიდან!“ კრინტი არავის დაუძრავს. შემდეგ ოფიცერმა ორივე დახვრიტა.

„დანარჩენებს რა ვუყოთ?“ — ჰკითხა ოფიცერს ჯარისკაცმა.

„შებოჭეთ, — უპასუხა მან, — კიდევ ვაწამებთ და დილის ექვს საათზე დავხვრეტთ“.

უეცრად, შემეშინდა; სიკვდილისა კი არა, არამედ იმისა, რომ წამებას ვერ ავიტანდი და დათმობაზე წავიდოდი. ამიტომ წინ გადავდგი ნაბიჯი და ვუთხარი: „სერ, ჩვენ იმავეს ვაშავებთ, რაც ჩვენმა ძმებმა დააშავეს, რომლებიც ეს-ესაა დახვრიტეთ. რატომ არ გვხვრიტავთ ჩვენც?“

მაგრამ არ დაგვხვრიტეს. ზურგს უკან შეკრული ხელებით დაგვკიდეს. გონებას რომ ვკარგავდით, წყალს გვასხამდნენ. სხეულის სიმძიმის გამო ორივე მხარი გვეღრძო და საშინელ ტკივილს ვგრძნობდით. დაახლოებით სამი საათი გვაწამეს. შემდეგ, მოულოდნელად, გაისმა ბრძანება, აღარ დაეხვრიტათ იეჰოვას მოწმეები.

აღმოსავლეთში გადაყვანა და გაქცევა

სამი კვირის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მწყობრით მივდიოდით, სანამ მდინარე დონის სანაპიროებს არ მივადექით. მათ, ვინც თვალყურს გვადევნებდნენ, გვითხრეს რომ უკან ცოცხლები ვერ დავბრუნდებოდით. მთელი დღე უაზროდ გვამუშავებდნენ, გვათხრევინებდნენ და ისევ გვავსებინებდნენ თხრილებს. საღამოს კი შეგვეძლო ახლომახლო გვევლო.

სიტუაციას გადავხედე; ორი გამოსავალი არსებობდა. ან იქ უნდა დავხოცილიყავით, ან კიდევ გერმანელებს უნდა გავქცეოდით და რუსებს ჩავბარებულიყავით. მხოლოდ სამმა გადავწყვიტეთ გაყინული მდინარე დონით გაქცევა. 1942 წლის 12 დეკემბერს იეჰოვას ლოცვით მივმართეთ და წავედით. როგორც კი რუსების ფრონტის ხაზს მივადექით, მაშინვე სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოგვათავსეს, სადაც 35 000 ტყვე იყო, რომელთაგანაც გაზაფხულისთვის მხოლოდ 2 300 დარჩა ცოცხალი. დანარჩენები შიმშილით დაიხოცნენ.

თავისუფლება, მაგრამ შემდგომი ტრაგედია

მე ცოცხალი დავრჩი, მაგრამ ომის დარჩენილი წლების და მისი დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში ვიყავი. ბოლოს, 1945 წლის ნოემბერში, სახლში, ზაჰორში დავბრუნდი. ფერმა ცუდ მდგომარეობაში დამხვდა, ამიტომ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. ომის განმავლობაში ცოლი და შვილები ფერმაზე მუშაობდნენ, მაგრამ 1944 წლის ოქტომბერში რუსების მოახლოებისას აღმოსავლეთისკენ იქნენ ევაკუირებული. მთელი ჩვენი საბადებელი გაძარცვული იყო.

ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სახლში დაბრუნებისას ცოლი ძალიან ავად დამხვდა და 1946 წლის თებერვალში დამეღუპა. ის მხოლოდ 38 წლის იყო. განშორების ხუთი ხანგრძლივი, რთული წლის შემდეგ ერთად ყოფნით გახარებისთვის ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა.

ნუგეში სულიერ ძმებს შორის ვპოვე, რადგან კრებებს ვესწრებოდი და კარდაკარ მსახურებაში ვმონაწილეობდი. 1947 წელს ცოტაოდენი ფული ვისესხე, რომ ქალაქ ბრნოში, რომელიც დაახლოებით 400 კილომეტრითაა დაცილებული, კონგრესს დავსწრებოდი. იქ სულიერი ძმებისგან, რომელთა შორის საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი, ნეიტან ჰ. ნორიც იყო, დიდი ნუგეში და გამხნევება მივიღე.

დიდ ხანს არ გაგრძელებულა ჩვენი თავისუფლება. 1948 წელს კომუნისტებმა ჩვენი შევიწროება დაიწყეს. ჩვენი ძმებიდან ბევრი, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უწევდნენ ხელმძღვანელობას, 1952 წელს დააპატიმრეს, ამიტომ კრებებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა დამაკისრეს. 1954 წელს მეც დამიჭირეს და 4-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ქრისტიანული ნეიტრალიტეტისთვის ჩემი ვაჟი იანი და შვილიშვილი იურიც დააპატიმრეს. ორი წელი კატორღაში გავატარე პრაღაში. 1956 წელს ამინისტია გამოცხადდა და გამათავისუფლეს.

ნანატრი თავისუფლება!

ბოლოს და ბოლოს, 1989 წელს კომუნიზმმა ჩეხოსლოვაკიაში თავისი ძალა დაკარგა და იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად იქნა რეგისტრირებული. ასე რომ, თავისუფლად შეგვეძლო ერთად შეკრება და საჯაროდ ქადაგება. იმ დროისთვის ზაჰორში დაახლოებით ასი მოწმე ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სოფელში ყოველი მეათე კაცი მოწმე იყო. რამდენიმე წლის წინ ზაჰორში ორასკაციანი მშვენიერი დიდი სამეფო დარბაზი ავაშენეთ.

სუსტი ჯანმრთელობის გამო, სამეფო დარბაზში ძმებს მანქანით დავყავარ. სიამოვნებას მანიჭებს იქ ყოფნა და საგუშაგო კოშკის შესწავლაზე კომენტარების მიცემა. განსაკუთრებულ ბედნიერებას კი ჩემი ოჯახის სამი თაობის, მათ შორის რამდენიმე შვილიშვილის, იეჰოვასადმი მსახურება მანიჭებს. ერთი მათგანი ჩეხოსლოვაკიაში იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, სანამ ამ სახის მსახურებაში ოჯახურმა პასუხისმგებლობებმა არ შეუშალა ხელი.

იეჰოვას ვმადლობ უამრავი გამოცდისას ჩემი გაძლიერებისთვის. ძალას მმატებს, რომ მას პირველ ადგილზე ვაყენებ — ‘თითქოს უხილავს ვხედავ’ (ებრაელთა 11:27). დიახ, მე საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ძლევამოსილი მაშველი მკლავი. ამიტომაა, რომ დღესაც ვცდილობ, დავესწრო კრების შეხვედრებს და, შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მივიღო მისი სახელის საჯაროდ გაცხადებაში.

[სურათი 25 გვერდზე]

სამეფო დარბაზი ზაჰორში.

[სურათი 26 გვერდზე]

სიხარულით ვღებულობ მონაწილეობას საგუშაგო კოშკის შესწავლაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება