ცელიაკიასთან ბრძოლა
ჩვენი კორესპონდენტისგან ფინეთში
— რომელი ფქვილი გამოიყენეთ ამ ნამცხვარში?
— რატომ მეკითხებით?! სიმინდის ფქვილი.
— რა მოაყარეთ ფორმას?
— პურის ფქვილი.
— მაპატიეთ, მაგრამ ვერ შევჭამ.
ასეთი უხერხული საუბარი შეიძლება ნაცნობი იყოს თქვენთვის, თუ ცელიაკიით ხართ დაავადებული. საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობა გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი არ იღებს გარკვეულ საკვებს. პრობლემა კი ცილოვან წებოვანაში, გლიადინშია, რომელსაც ხორბალი, ქერი, ჭვავი და შვრია შეიცავს. ეს წებოვანა უმრავლესობისთვის უვნებელია, მაგრამ მათ, ვისაც ცელიაკია აწუხებს, უზიანებს წვრილი ნაწლავის კედლებს და აქვეითებს მის მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს.
ცელიაკიის ზოგი სიმპტომია: მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება, ფაღარათი და წონაში დაკლება. რადგანაც მსგავსი ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, ზუსტი დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული იყოს. „წლების მანძილზე მეუბნებოდნენ, რომ მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება მქონდა“, — ამბობს ავადმყოფი, სახელად ჯუდი.
ცელიაკია, საერთოდ, ბავშვობაში ვითარდება, მაგრამ ზოგჯერ მისი სიმპტომები შუა ხნის ასაკამდე შეუმჩნეველია. თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, ამ დროს ზოგს დაავადების ნიშნები, მართალია შეუმჩნევლად, მაინც აქვს მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მას ყურადღება არ მიექცა, შეიძლება დამტანჯველი აღმოჩნდეს. ჩვეულებრივ, ცელიაკიით დაავადებული ბავშვები პატარები და სუსტები არიან, თან დიდი მუცლები და განუვითარებელი კუნთები აქვთ. რადგანაც ამ დროს ვიტამინების შეწოვა ნაკლებად ხდება, ცელიაკიამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რაქიტი და სურავანდი. დაავადების გართულების შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ძვლების დეფორმაცია ან ოსტეოპოროზი. იშვიათ შემთხვევაში ცელიაკია შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მათთვის, რომელთაც უკვე დიდი ხანია ეს დაავადება აქვთ მძიმე ფორმებში. მაგრამ ცელიაკიით დაავადებულთა უმრავლესობას შეუძლია გაუმკლავდეს ამ სნეულებას და სათანადო მკურნალობით გაიუმჯობესოს მდგომარეობა.
რა შეიძლება გაკეთდეს?
მკურნალობის საუკეთესო მეთოდია დიეტის დაცვა, რომლის დროსაც ავადმყოფი უნდა მოერიდოს ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცველ საკვებს. ასეთი დიეტის დაცვა შეიძლება არ იყოს ადვილი. ერთ-ერთი ავადმყოფი ამბობს: „როდესაც გავიგე, რომ არ უნდა მეჭამა ხორბალი, ჭვავი, ქერი და შვრია, ვიფიქრე, რომ ამაში რთული არაფერი იყო; უბრალოდ, პურსა და ნამცხვრებს აღარ შევჭამდი. მაგრამ თავზარი დამეცა, როდესაც დავფიქრდი, რამდენი რამე შეიცავდა ამ მარცვლეულს, განსაკუთრებით კი ხორბალს“.
ცელიაკიით დაავადებულებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ საკვების ეტიკეტი. ისინი უნდა მოერიდონ ხორბალს, ჭვავს, ქერსა და შვრიას, მაგრამ შეუძლიათ მიიღონ წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, სოია და კარტოფილი. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სხვა ფქვილეული, რომლებიც არ შეიცავს ამ წებოვანას და რომლებიც მისაღებია დაავადებისას. შეიძლება, მართლაც, გულდასაწყვეტი იყოს, როდესაც ხედავთ, რომ მაღაზიის თაროებზე უმეტესწილად „აკრძალული საკვები“ დევს, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. თქვენთვის აკრძალული საკვების ნაცვლად, ყურადღება იმას მიაქციეთ, რაც გეჭმევათ. დროთა განმავლობაში, პროდუქტების ყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიმცირდებათ.
შეიძლება გეჩვენებათ, რომ ასეთი დიეტა ხალხთან ყოფნაში ხელს შეგიშლით. მაგრამ ნუ განმარტოვდებით მხოლოდ ამ მიზეზით. ნაცვლად ამისა, აუხსენით მეგობრებს, რა დაავადებაა ცელიაკია და როგორ შეუძლიათ ხელის შეწყობა დიეტის დაცვაში. როდესაც სხვებს ეცოდინებათ, რა გჭირდებათ, სიხარულით შეგიწყობენ ხელს. თუ ზოგი გულგრილობას ავლენს, ნუ გაბრაზდებით. თქვენი მეგობრული პასუხი დაეხმარება მათ, მეტად თანაგიგრძნონ.
ზოგ ავადმყოფს, ვისაც ცელიაკიის მსუბუქი ფორმა აქვს, დროთა განმავლობაში შეუძლია მიიღოს გლიადინის შემცველი საკვები. მიუხედავად იმისა, თქვენც შეგიძლიათ თუ არა ამის გაკეთება, შეინარჩუნეთ დადებითი განწყობილება. „გაიხსენეთ დამაიმედებელი მომენტები“, — გვირჩევს ერთ-ერთი ავადმყოფი. რა დამაიმედებელი მომენტები? ის განაგრძობს: „ცელიაკია არ არის გადამდები დაავადება, მკურნალობა კი ადვილია; მთავარია მკაცრი დიეტის დაცვა. რაც უფრო მეტ ხანს დაიცავთ მას, მით უფრო კარგად იქნებით. ბოლოს და ბოლოს, ამ დაავადების მიუხედავად, საკმაოდ კარგად იგრძნობთ თავს“.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
მხარდაჭერა
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ცელიაკიითაა დაავადებული, ნუ იფიქრებთ, რომ ის ზედმეტ სირთულეებს შეგიქმნით, რადგან ყველაფერს არ ჭამს. თავი შეიკავეთ ისეთი დაუფიქრებელი შენიშვნებისგან, როგორიცაა: „როგორ შეიძლება კაცი, რომელიც ასე ჯანმრთელად გამოიყურება, ავად იყოს?“ მნიშვნელოვანია, რომ არ ჩააჟინდეთ ასეთ ავადმყოფს, ჭამოს გლიადინის შემცველი საკვები, და არ უთხრათ: „ცოტა არაფერს გავნებს“. მას ცოტაც ავნებს! გახსოვდეთ, რომ ცელიაკიით დაავადებულის წვრილი ნაწლავისთვის გლიადინი შხამია და თავისას აკეთებს.
რთული არაა, ხელი შეუწყოთ ასეთ ადამიანს დიეტის დაცვაში. თქვენი საყიდლების სიაში მცირეოდენი ცვლილების შეტანა საკმაო სახეობის საკვებს გახდის მისთვის მისაღებს. ასეთი ადამიანის მდგომარეობა სადილის მომზადებისასაც შეიძლება იქნეს გათვალისწინებული. დიახ, საკვებით, რომელიც გლიადინს არ შეიცავს, ყველა სტუმარი ისიამოვნებს. ისინი, ალბათ, ვერც მიხვდებიან სხვაობას. გარდა ამისა, ის, ვინც ცელიაკიითაა დაავადებული, თავს უხერხულად არ იგრძნობს, რისთვისაც მადლობელი იქნება.
[სურათი 27 გვერდზე]
ცელიაკიით დაავადებულები უნდა მოერიდონ ხორბალს, ქერს, ჭვავსა და შვრიას.