საუბრის დასაწყებად იხელმძღვანელე ბროშურით „ძირითადი ბიბლიური საკითხები“
1. რომელია მსახურებაში დამხმარე ახალი „ხელსაწყო“?
1 როგორ ვიხელმძღვანელოთ ამ ახალი პუბლიკაციით, როდესაც მსახურებისთვის შეთავაზებებს ვამზადებთ? წიგნ „მსჯელობის“ მსგავსად, ამ ბროშურაშიც ბიბლიური თემების ქვეშ ციტირებულია ბიბლიური მუხლები; ამიტომ ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით ადვილი იქნება მსახურებაში საუბრის დაწყება.
2. როგორ შეგვიძლია მსახურებაში ვიხელმძღვანელოთ ბროშურით „ძირითადი ბიბლიური საკითხები“?
2 შეგიძლია მობინადრესთან საუბრის დასაწყებად ამ ბროშურაში მოცემული მე-8 კითხვა აირჩიო და უთხრა მას: «ბევრ ადამიანს აინტერესებს: „ღვთის ბრალია, რომ ადამიანები იტანჯებიან?“. [ზოგან უმჯობესია, კითხვა მობინადრეს უშუალოდ ბროშურიდან უჩვენო.] თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლია დამაკმაყოფილებელ პასუხს გვცემს ამ კითხვაზე». წაიკითხე ერთი ან ერთზე მეტი მუხლი უშუალოდ ბიბლიიდან და იმსჯელე მათზე. თუ მოსაუბრე დაინტერესდება, შეგიძლია ბროშურის პირველ გვერდზე მოცემული 20-ვე კითხვა უჩვენო და უთხრა, აირჩიოს ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებთ. ან შეგიძლია შესთავაზო ბიბლიის შესწავლაში დამხმარე რომელიმე პუბლიკაცია, სადაც უფრო მეტი ინფორმაციაა მოცემული იმ საკითხზე, რომელზეც ახლახან ისაუბრეთ.
3. როგორ შეგვიძლია ბროშურით „ძირითადი ბიბლიური საკითხები“ საუბარი დავიწყოთ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებიც ქრისტიანულ რელიგიას არ მიეკუთვნებიან?
3 მე-4 და მე-13—17 კითხვები შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც ქრისტიანულ რელიგიას არ მიეკუთვნებიან. მაგალითად, შეგიძლია მე-17 კითხვაზე დაყრდნობით ასეთი რამ უთხრა მობინადრეს: «დღეს ოჯახები მრავალ სირთულეს ხვდებიან. თქვენც ასე ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრი წყვილისთვის დამხმარე აღმოჩნდა ეს ბრძნული სიტყვები: „ცოლი . . . დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“. [არ არის აუცილებელი მოსაუბრეს უთხრა, რომ ეს სიტყვები ეფესოელების 5:33-ში წერია. თუ მობინადრე ქალია, შეგიძლია მას ამ მუხლის ნაცვლად ეფესოელების 5:28-ში ჩაწერილი აზრი უთხრა.] როგორ ფიქრობთ, თუ წყვილები ამ რჩევას გაითვალისწინებენ, განმტკიცდება მათი ქორწინება?».
4. როგორ უნდა მოიქცე საუბრის დასასრულ მასთან, ვინც ქრისტიანულ რელიგიას არ მიეკუთვნება?
4 საუბრის დასასრულ, მოსაუბრეს შეუთანხმდი, რომ შემდეგ ჯერზე კვლავ განაგრძობ მასთან ამ თემაზე საუბარს. მომდევნო შეხვედრაზე შეგიძლია იმსჯელო შენ მიერ შერჩეული კითხვის ქვეშ მოცემულ ერთ-ერთ ბიბლიურ მუხლზე. საუბრისას, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა უთხარი მოსაუბრეს, რომ ის ბრძნული აზრები, რაც თქვი, წმინდა წერილებში წერია. ისეთი პუბლიკაცია შესთავაზე მობინადრეს, რომელიც მას დააინტერესებს; პუბლიკაციის შერჩევისას გაითვალისწინე, თქვენი საუბრების თემატიკა და ის, თუ რამდენად სარწმუნოა მისთვის ბიბლია (იხილე დანართი 2013 წლის დეკემბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“).