-
იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
„ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან“
17, 18. რა კურთხევებს მოუტანს ბაბილონის დაცემა ისრაელებს?
17 ბაბილონის დაცემა შვება იქნება ისრაელისთვის. ებრაელები ტყვეობიდან გათავისუფლდებიან და აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ. ამიტომაც ესაია ამბობს: „შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ გამოარჩევს ისრაელს, მათსავე მიწაზე დაასახლებს. უცხონი შეეთვისებიან მათ და მიემატებიან იაკობის სახლს. აიყვანენ მათ ხალხები და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე, დაისაკუთრებს მათ ისრაელი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევართ და თავიანთ მჩაგვრელებზე იბატონებენ“ (ესაია 14:1, 2). „იაკობში“ აქ მთელი ისრაელი — თორმეტივე ტომი — იგულისხმება. იეჰოვა იმ გაგებით შეიწყალებს „იაკობს“, რომ ერს სამშობლოში დაბრუნების ნებას მისცემს. ისრაელებს ათასობით უცხოელი გაჰყვება, რომელთაგან მრავალი ტაძარში მოემსახურება მათ. ზოგი ისრაელი თავის მჩაგვრელებსაც კი გაუბატონდებაc.
18 ებრაელების ტყვეობა და ტანჯვა წარსულს ჩაჰბარდება. «ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან [„მონობისგან“, აქ], რომლითაც იტანჯები» (ესაია 14:3). პირდაპირი გაგებით მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ისრაელი აღარასდროს დაიტანჯება ცრუ თაყვანისმცემელთა შორის ცხოვრების ჭირ-ვარამითა და შფოთით (პირველი ეზრა 3:1; ესაია 32:18). ერთ წიგნში ამის შესახებ ნათქვამია: „ბაბილონელებს ისეთივე ღმერთები ჰყავდათ, როგორიც თვითონ იყვნენ. ამ ღმერთებს ყველა მათი უარყოფითი თვისება ახასიათებდათ. ისინი მშიშრები, ლოთები და ჭკუასუსტები იყვნენ“ (Lands and Peoples of the Bible). რა შვება იქნებოდა ასეთი საშინელი რელიგიური გარემოდან თავის დახსნა!
19. როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელები, იეჰოვამ რომ მიუტევოს მათ და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
19 მაგრამ იეჰოვა მხოლოდ გარკვეული პირობით გამოავლენს გულმოწყალებას. თავისი ერი უნდა მიხვდეს საკუთარ დანაშაულს, რის გამოც ასე მკაცრად დასაჯა ღმერთმა (იერემია 3:25). თუ გულწრფელად აღიარებენ თავიანთ შეცდომას, იეჰოვა მიუტევებს მათ (იხილეთ ნეემია 9:6—37; დანიელი 9:5). ეს პრინციპი დღესაც მოქმედებს. „რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი“, ყველას გვჭირდება იეჰოვას გულმოწყალება (მეორე ნეშტთა 6:36). იეჰოვა, გულმოწყალე ღმერთი, სიყვარულით გვიწვევს, რომ მის წინაშე ვაღიაროთ ცოდვები, მოვინანიოთ და მივატოვოთ ბოროტი გზა, რათა განვიკურნოთ (მეორე რჯული 4:31; ესაია 1:18; იაკობი 5:16). ეს არა მარტო იმაში გვეხმარება, რომ დავიბრუნოთ მისი კეთილგანწყობილება, არამედ გვანუგეშებს კიდეც თითოეულს (ფსალმუნი 50:3; იგავნი 28:13; 2 კორინთელთა 2:7).
„იგავი“ ბაბილონზე
20, 21. როგორ ზეიმობენ მეზობელი ერები ბაბილონის დაცემას?
20 ბაბილონის მსოფლიო მპყრობლად აღზევებამდე 100 წელზე მეტი ხნით ადრე ესაია წინასწარმეტყველებს, რა რეაქცია ექნება მსოფლიოს მის დაცემაზე. ის წინასწარმეტყველურად მიმართავს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელებს: „წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ!“ (ესაია 14:4—6). ბაბილონი დამპყრობად არის ცნობილი — მჩაგვრელად, რომელიც თავისუფალ ხალხს იმონებს. ამიტომაც მისი დაცემის აღსანიშნავად „იგავი“ წარმოითქმება, რომელიც ამ დიდებული ქალაქის აღზევების დღეებში გაბატონებულ დინასტიას — ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული ნაბონიდისა და ბელშაცარის ჩათვლით ბაბილონის ყველა მეფეს — შეეხება!
21 რა დიდი ცვლილება მოხდება ბაბილონის დაცემით! „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს. ალვები ხარობენ შენს გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან“ (ესაია 14:7, 8). ბაბილონის მეფეები მეზობელი ერების მეფეებს ისე უყურებენ, როგორც ხეებს, რომლებიც შეუძლიათ მოჭრან და სურვილისამებრ გამოიყენონ. მაგრამ ახლა ყოველივე ეს დასრულდა. ბაბილონელმა ხის მჭრელმა თავისი უკანასკნელი ხე მოჭრა!
22. რა ზეგავლენას ახდენს ქვესკნელზე ბაბილონის დაცემა?
22 ბაბილონის დაცემა იმდენად განსაცვიფრებელია, რომ ქვესკნელიც კი იძვრის: „ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს“ (ესაია 14:9—11). რა შთამბეჭდავი სურათია! თითქოს საკაცობრიო სამარე ყველა მეფეს აღვიძებს, რომელთაც კი ბაბილონის მეფეთა დინასტიამდე უმეფიათ, რომ ახალმოსულს შეეგებონ. ისინი დასცინიან ბაბილონის მეფეთა ამ დინასტიას, რომელიც ახლა სრულიად უმწეოა, ბრწყინვალე ტახტის ნაცვლად მატლის ლოგინზე წევს და მდიდრული გადასაფარებლის მაგივრად ჭიაღუა ახურავს.
„გათელილი გვამივით“ დაგდებული
23, 24. როგორ ამჟღავნებენ უკიდურეს ქედმაღლობას ბაბილონის მეფეები?
23 ესაია განაგრძობს იგავს: „როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!“ (ესაია 14:12). ბაბილონის მეფეებს სიამაყე აღძრავს, თავიანთი თავი სხვებზე მაღლა დააყენონ. ისინი ცისკრის ვარსკვლავს ჰგვანან და ქედმაღლად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. განსაკუთრებით კი ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობა მათ სიამაყით უვსებს გულს, რადგან ბაბილონმა ის მოახერხა, რაც აშურისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. იგავში ბაბილონის ამაყ მეფეთა დინასტია ამბობს: „ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!“ (ესაია 14:13, 14). განა არის რამე ამაზე მეტად აღმაშფოთებელი?
24 ბიბლიაში დავითის საგვარეულო ხაზის მეფეები ვარსკვლავებს არიან შედარებული (რიცხვნი 24:17). ეს „ვარსკვლავები“ ანუ დავითი და მისი შთამომავალი მეფეები სიონის მთიდან მართავდნენ ქვეყანას. მას შემდეგ, რაც სოლომონმა იერუსალიმში ტაძარი ააგო, სიონი მთელ ქალაქს ეწოდა. რჯულის კავშირით ყველა ისრაელ მამაკაცს წელიწადში სამჯერ სიონში მისვლა მოეთხოვებოდა. ამგვარად, სიონი „საკრებულო მთად“ იქცა. იუდას მეფეების დამორჩილებისა და სიონის მთიდან მათი მოშორების გულში ჩადებით ნაბუქოდონოსორი ამ „ვარსკვლავებზე“ მაღლა აჭრის სურვილს ავლენს. ის არ აღიარებს, რომ იეჰოვას ნებით იმარჯვებს მათზე და ქედმაღლურად მასაც კი უტოლებს თავს.
25, 26. რა დამამცირებელი აღსასრული ელის ბაბილონის მეფეთა დინასტიას?
25 რა დიდი ცვლილება ელის ბაბილონის მეფეთა ქედმაღალ დინასტიას! ბაბილონი ვერ აიჭრება ღვთის ვარსკვლავებზე მაღლა. იეჰოვა ეუბნება მას: „შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?“ (ესაია 14:15—17). ბაბილონის პატივმოყვარე მეფეები ყველა სხვა ადამიანივით ჰადესში (შეოლში) მოხვდებიან.
26 მაშ, სად გაქრება ის ძალა, რომელიც სამეფოებს იპყრობდა, ქვეყანას უდაბნოდ აქცევდა და უამრავ ქალაქს აცამტვერებდა? სად წავა ის მსოფლიო მპყრობელი, რომელიც ხალხს ატყვევებდა და არასდროს აბრუნებდა სამშობლოში? დაუჯერებელია, მაგრამ ბაბილონის მეფეთა დინასტია სათანადოდაც კი არ დაიკრძალება! იეჰოვა ამბობს: «ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავ-თავის სახლებში. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი [„როგორც საძულველი ყლორტი“, აქ], როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი. ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ» (ესაია 14:18—20). ძველ მსოფლიოში მეფის შეურაცხყოფა იყო, თუ მას საკადრისი პატივით არ დაკრძალავდნენ. რა შეიძლება ამ მხრივ ითქვას ბაბილონის მეფეთა დინასტიის შესახებ? მართალია, მისი თითოეული მეფე, ალბათ, პატივით დაიკრძალა, მაგრამ მთლიანობაში ნაბუქოდონოსორის დინასტია, რომელიც იმპერიას ედგა სათავეში, „საძულველი ყლორტივით“ არის გადაგდებული. თითქოს ეს დინასტია ბრძოლაში დაცემული ქვეითი მეომარივით საერთო სამარეში ვარდება. რა დამამცირებელია ეს მისთვის!
27. რა გაგებით დაიტანჯებიან ბაბილონელთა მომავალი თაობები „მამების ცოდვებისთვის“?
27 იგავი გამარჯვებული მიდიელებისა და სპარსელებისადმი უკანასკნელი მიმართვით მთავრდება: „საკლავად განამზადე მისი შვილები მამების ცოდვებისთვის, რომ არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, მტრებით არ აავსონ მიწის პირი“ (ესაია 14:21). ბაბილონი სამუდამოდ დაეცემა და მის მეფეთა დინასტიას ბოლო მოეღება. ქვეყანა აღარასდროს აღორძინდება. ბაბილონელთა მომავალი თაობები „მამების ცოდვებისთვის“ დაიტანჯებიან.
28. რა იყო ბაბილონის მეფეთა ცოდვის ძირითადი მიზეზი და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
28 ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ბაბილონის მეფეთა დინასტიისთვის გამოტანილი განაჩენიდან. ბაბილონის მეფეთა ცოდვის ძირითადი მიზეზი მათი გაუთავებელი პატივმოყვარეობა იყო (დანიელი 5:23). მათ ძალაუფლება უყვარდათ და ყველა სხვა ხალხზე გაბატონებისკენ ისწრაფოდნენ (ესაია 47:5, 6). გარდა ამისა, ბაბილონის მეფეებს სურდათ, ადამიანთა მიერ განდიდებულიყვნენ, რასაც მხოლოდ ღმერთი იმსახურებს (გამოცხადება 4:11). ეს ყურადსაღები მაგალითია გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანებისთვის — თუნდაც ქრისტიანულ კრებაში. პატივმოყვარეობა და ქედმაღლობა ის თვისებებია, რომლებსაც იეჰოვა გმობს, იმის მიუხედავად, ცალკეული პიროვნება ავლენს მათ თუ მთელი ერი.
29. რას ირეკლავდა ბაბილონის მეფეთა ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა?
29 ბაბილონის მეფეთა ქედმაღლობა „ამ წუთისოფლის ღმერთის“, სატანა ეშმაკის, სულს ირეკლავდა (2 კორინთელთა 4:4). სატანაც ძალაუფლებისკენ ისწრაფვის და ცდილობს, ღმერთზე მაღლა დაიყენოს თავი. როგორც ბაბილონის მეფის გამო იტანჯებოდნენ მისი მორჩილი ერები, ისე სატანის პატივმოყვარეობის გამო იტანჯება მთელი კაცობრიობა.
30. რომელი სხვა ბაბილონია მოხსენიებული ბიბლიაში და რა სულს ამჟღავნებს ის?
30 გარდა ამისა, გამოცხადების წიგნში სხვა ბაბილონის — „დიდი ბაბილონის“ — შესახებაც ვკითხულობთ (გამოცხადება 18:2). ცრუ რელიგიის ეს მსოფლიო მპყრობელიც სიამაყის, ჩაგვრისა და ბოროტების სულს ავლენს. ამიტომაც მასაც დაუდგება „იეჰოვას დღე“ და ღვთის მიერ დადგენილ დროს განადგურდება (ესაია 13:6). 1919 წლიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა ცნობა: „დაეცა დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 14:8). დიდი ბაბილონი მაშინ დაეცა, როდესაც ღვთის ხალხმა თავი დაიხსნა მისი ტყვეობიდან. სულ მალე კი სრულიად განადგურდება. ძველი ბაბილონის შესახებ იეჰოვამ განაცხადა: „მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას“ (იერემია 50:29; იაკობი 2:13). დიდ ბაბილონსაც ასეთივე მსჯავრი დაედება.
31. რა დაემართება მალე დიდ ბაბილონს?
31 მაშასადამე, იეჰოვას შემდეგი სიტყვები, რომლებიც ესაიას წიგნის ამ წინასწარმეტყველების ბოლოს არის მოცემული, არა მარტო ძველ ბაბილონს, არამედ დიდ ბაბილონსაც ეხება: „აღვდგები მათ წინააღმდეგ... აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს... ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ“ (ესაია 14:22, 23). ძველი ბაბილონის უკაცრიელი ნანგრევებიდან ჩანს, თუ მალე იეჰოვა რას დამართებს დიდ ბაბილონს. რა მანუგეშებელია ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოყვარულთათვის! მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, არასდროს შევიძინოთ სატანისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიც სიამაყე, ქედმაღლობა და ულმობლობაა!
-
-
იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[სურათები 186 გვერდზე]
ძველი ბაბილონის მსგავსად, დიდი ბაბილონიც ნანგრევებად იქცევა.
-
-
იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
1. იეჰოვას მიერ აშურისთვის გამოტანილი რა განაჩენის შესახებ წინასწარმეტყველებს ესაია?
იეჰოვას შეუძლია თავისი ბოროტი ხალხის დასასჯელად გამოიყენოს ერები. მაგრამ ის თვალს არ ხუჭავს ამ ერების უსაზღვრო სისასტიკესა და სიამაყეზე და არ ამართლებს მათ მიერ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრობას. ამიტომაც იეჰოვა დიდი ხნით ადრე აღძრავს ესაიას, დაწეროს „განაჩენი ბაბილონისა“ (ესაია 13:1). ამ დროს ბაბილონი ჯერ არ გაბატონებულა ისრაელზე. ესაიას დღეებში ღვთის ხალხი აშურის უღელქვეშ არის. აშური ანადგურებს ისრაელს, ჩრდილოეთ სამეფოს, და თითქმის მთლიანად აოხრებს იუდას. მაგრამ აშურის ტრიუმფი დროებითია. ესაია წერს: „დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება... შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ“ (ესაია 14:24, 25). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან მცირე ხანში აშური ეცლება იუდას (მეოთხე მეფეთა 19:35—37).
2, 3. ა) ვის უღერებს იეჰოვა ხელს ძველ დროში? ბ) რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვას „ყოველ ხალხზე“ აქვს ხელი მოღერებული?
2 რა შეიძლება ითქვას სხვა ერებზე, რომლებიც მტრობენ ღმერთთან კავშირით შეკრულ ხალხს? მათაც განსჯის იეჰოვა. ესაია აცხადებს: „აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული! ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?“ (ესაია 14:26, 27). ამ „განაჩენით“ იეჰოვას ერების გაფრთხილება არ სურს. ეს უკვე მისი მტკიცე გადაწყვეტილება და დადგენილებაა (იერემია 49:20, 30). ღვთის „ხელი“ მის მიერ გამოყენებული ძალაა. მე-14 თავის ბოლო მუხლებსა და მე-15 — მე-19 თავებში იეჰოვას ფილისტიმის, მოაბის, დამასკოს, ქუშისა და ეგვიპტისთვის გამოაქვს განაჩენი.
3 მაგრამ ესაია ამბობს, რომ იეჰოვას ხელი „ყოველ ხალხზეა“ მოღერებული. აქედან გამომდინარე, ესაიას ეს წინასწარმეტყველებები, რომლებიც პირველად ძველ დროში სრულდება, „ბოლო ჟამსაც“ ეხება, როდესაც იეჰოვა მთელი დედამიწის სამეფოებს უღერებს ხელს (დანიელი 2:44; 12:9; რომაელთა 15:4; გამოცხადება 19:11, 19—21). იეჰოვა, ყოვლისშემძლე ღმერთი, დიდი ხნით ადრე დარწმუნებით აცხადებს თავის განაჩენს და ვერავინ შეაბრუნებს მის მოღერებულ ხელს (ფსალმუნი 32:11; ესაია 46:10).
„მფრინავი გველეშაპი“ ფილისტიმის წინააღმდეგ
4. რას წინასწარმეტყველებს ესაია ფილისტიმისთვის გამოტანილ განაჩენში?
4 პირველად ესაია ყურადღებას ფილისტიმელებზე ამახვილებს. „ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება“ (ესაია 14:28, 29).
5, 6. ა) რა მხრივ იყო ყუზია გველივით ფილისტიმელებისთვის? ბ) ვინ იყო ხიზკიაჰუ ფილისტიმის ქვეყნისთვის?
5 ყუზია საკმაოდ ძლიერი მეფე იყო და შეეძლო ფილისტიმელთა მოგერიება (მეორე ნეშტთა 26:6—8). ამ მტრულად განწყობილი მეზობლებისთვის გველივით იყო ყუზია, რომლის კვერთხიც გამუდმებით გვემდა მათ. მისი სიკვდილის ანუ ‘კვერთხის დალეწვის’ შემდეგ ღვთის ერთგული იოთამი მეფობდა, რომლის დროსაც ხალხი „ძველებურად სცოდავდა“. იოთამის შემდეგ ახაზი გამეფდა. მის დროს მდგომარეობა შეიცვალა და ფილისტიმელებმა იუდაში თარეში დაიწყეს (მეორე ნეშტთა 27:2; 28:17, 18). მაგრამ მდგომარეობა კიდევ ერთხელ იცვლება. ძვ. წ. 746 წელს მეფე ახაზის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ახალგაზრდა ხიზკიაჰუ ადის. ფილისტიმელები ძლიერ ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ხიზკიაჰუ მათი დაუძინებელი მტერი ხდება. ყუზიას შთამომავალი (მისი „ფესვიდან“ გამოსული „ნაშიერი“) ხიზკიაჰუ „მფრინავ გველეშაპს“ ჰგავს — საოცარი სისწრაფით გადადის შეტევაზე, ელვისებურად ესხმის თავს მტრებს და ისე ავლებს მუსრს, თითქოს გესლავსო მათ.
6 წინასწარმეტყველებაში ნამდვილად სათანადოდ არის აღწერილი ეს ახალი მეფე. ხიზკიაჰუმ „დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე“ (მეოთხე მეფეთა 18:8). აშურის მეფის, სანხერიბის, მემატიანეთა ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ფილისტიმელები ხიზკიაჰუს მორჩილნი ხდებიან. „უპოვართათვის“ ანუ იუდას დასუსტებული სამეფოსთვის მშვიდობისა და მატერიალური კეთილდღეობის დრო დგება, ხოლო ფილისტიმის ქვეყანაში — შიმშილობა მძვინვარებს (წაიკითხეთ ესაია 14:30, 31).
7. როგორ უნდა გამოამჟღავნოს ხიზკიაჰუმ ღვთისადმი რწმენა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე?
7 როგორც ჩანს, იუდაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც, ალბათ, აშურის წინააღმდეგ გაერთიანების სურვილი აქვთ. რა პასუხი უნდა მიიღონ მათ? «რას იტყვიან ხალხის მოციქულები? [„რას უპასუხებენ ხალხის მოციქულებს?“, აქ]» (ესაია 14:32). უნდა ეცადოს თუ არა ხიზკიაჰუ თავისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უცხოელებთან კავშირის შეკვრით? არა! მან უნდა უთხრას მათ, რომ „უფალმა დააფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი“ (ესაია 14:32). მეფემ იეჰოვაზე უნდა დაამყაროს მთელი იმედი. სიონს მტკიცე საფუძველი აქვს და ის უსაფრთხო საფარივით გადაურჩება აშურელებს (ფსალმუნი 45:2—8).
8. ა) რით ჰგავს ზოგი ქვეყანა დღეს ფილისტიმს? ბ) ძველი დროის მსგავსად რას აკეთებს იეჰოვა დღეს თავისი ხალხის დასაცავად?
8 ფილისტიმის მსგავსად, ზოგი ქვეყანა ჩვენს დროშიც სასტიკ წინააღმდეგობას უწევს ღვთის თაყვანისმცემლებს. იეჰოვას ქრისტიან მოწმეებს ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აპატიმრებდნენ, მათ საქმიანობას კრძალავდნენ და მრავალ მათგანს ხოცავდნენ. მოწინააღმდეგეები კვლავაც ‘ლაშქრობენ წმიდანის სულზე’ (ფსალმუნი 93:21). მტრებისთვის ქრისტიანები „უპოვარნი“ და „ღარიბ-ღატაკნი“ არიან, მაგრამ იეჰოვას მხარდაჭერით მათ სულიერი საზრდო არ აკლიათ, მაშინ როდესაც ღვთის ხალხის მტრები შიმშილობენ (ესაია 65:13, 14; ამოსი 8:11). როდესაც იეჰოვა ხელს მოუღერებს თანამედროვე ფილისტიმელებს, „უპოვარნი“ დაცული იქნებიან. სად ჰპოვებენ ისინი თავშესაფარს? „ღვთის სახლეულებთან“, რომლის ქვაკუთხედიც იესო ქრისტეა (ეფესელთა 2:19, 20). მათი მფარველი „ზეციური იერუსალიმი“, ღვთის ზეციერი სამეფო, იქნება, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1, სსგ).
-