საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას ხელი შემართულია
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 1. რატომ განადიდებს ესაია იეჰოვას?

      ესაიას მთელი გულით უყვარს იეჰოვა და სიხარულით განადიდებს მას: „უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ“. რა ეხმარება წინასწარმეტყველს იეჰოვას ამგვარად განდიდებაში? ძირითადი ფაქტორი იეჰოვასა და მისი საქმეების შესახებ შემეცნებაა. სწორედ ამ შემეცნებას გვიმჟღავნებს ესაიას შემდეგი სიტყვები: «რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი — ძველი განგებანი [„აღასრულე ძველი დროის ჩანაფიქრნი“, აქ], მტკიცე და სარწმუნო» (ესაია 25:1). ესაიას თავისზე ადრე მცხოვრები იესო ნავეს ძის მსგავსად ესმის, რომ იეჰოვა ნდობას იმსახურებს და მისი ყოველი „ჩანაფიქრი“ ანუ განზრახვა სრულდება (იესო ნავეს ძე 23:14).

      2. იეჰოვას რა განაჩენს აცხადებს ახლა ესაია და რომელ ქალაქს შეიძლება ეხებოდეს ის?

      2 იეჰოვას „ჩანაფიქრში“ ისრაელის მტრებისთვის გამოტანილი განაჩენიც შედის. ესაია ახლა ერთ-ერთ ამ განაჩენს აცხადებს: „ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი — ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება“ (ესაია 25:2). რა ქალაქია ეს, რომლის სახელიც არ არის მოხსენიებული? შეიძლება ესაია მოაბის ქალაქ ყარს გულისხმობს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მტრობს ღვთის ხალხსa. ან შესაძლებელია, ის უფრო ძლიერ ქალაქს — ბაბილონს — გულისხმობდეს (ესაია 15:1; სოფონია 2:8, 9).

      3. რა გაგებით განადიდებენ მტრები იეჰოვას?

      3 რა რეაქცია ექნებათ იეჰოვას მტრებს, როდესაც ის ამ ძლიერი ქალაქისთვის გამოტანილ განაჩენს აღასრულებს? «მოწიწებით გახსენებენ [„განგადიდებენ“, აქ] ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი» (ესაია 25:3). გასაგებია, რომ ყოვლისშემძლე ღვთის მტრებს მისი შიში ექნებათ. მაგრამ როგორ განადიდებენ ისინი მას? იქნებ ცრუ ღმერთებს მიატოვებენ და წმინდა თაყვანისმცემლობას შეუერთდებიან? დაუჯერებელია! როგორც ჩანს, ისინი, ფარაონისა და ნაბუქოდონოსორის მსგავსად, იმ გაგებით განადიდებენ იეჰოვას, რომ იძულებული იქნებიან, მისი უზენაესობა აღიარონ (გამოსვლა 10:16, 17; 12:30—33; დანიელი 4:34).

      4. რა „მტარვალთა ქალაქი“ არსებობს დღეს და თვით ისიც კი როგორ ხდება იძულებული, განადიდოს იეჰოვა?

      4 დღეს „მტარვალთა ქალაქი“ ის „დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე“, ანუ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი დიდი ბაბილონია (გამოცხადება 17:5, 18). ამ მსოფლიო მპყრობლის ძირითადი ნაწილი ქრისტიანული სამყაროა. როგორ განადიდებენ ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები იეჰოვას? ისინი სიმწრით აღიარებენ თავიანთ დამარცხებას, როდესაც იეჰოვა სასწაულებრივად მოქმედებს თავისი მოწმეების მხარდასაჭერად. განსაკუთრებით 1919 წლიდან, როდესაც იეჰოვამ კვლავ აქტიურად აამოქმედა დიდი ბაბილონის სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლებული თავისი მსახურები, ეს წინამძღოლები „შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ (გამოცხადება 11:13)b.

      5. როგორ იცავს იეჰოვა მასზე სრულიად მინდობილებს?

      5 იეჰოვა თავზარდამცემია მტრებისთვის, მაგრამ მას მფარველად თვლიან მორჩილი და თავმდაბალი ადამიანები, რომლებსაც მისადმი მსახურება სურთ. რელიგიური და პოლიტიკური თვითნება ხელმძღვანელები ყოველნაირად ცდილობენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა რწმენის შერყევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ, რადგან იეჰოვას მსახურები სრულიად მინდობილი არიან ღმერთზე. იეჰოვა შეუფერხებლად აჩუმებს მოწინააღმდეგეებს, თითქოს ღრუბლით ფარავდეს უდაბნოს თაკარა მზეს ან კედლით ეღობებოდეს ქარიშხლის ძალას (წაიკითხეთ ესაია 25:4, 5).

      ‘ნადიმი ყველა ხალხისთვის’

      6, 7. ა) როგორ ნადიმს მართავს იეჰოვა და ვის მასპინძლობს? ბ) რა არის წარმოდგენილი ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები ნადიმით?

      6 იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, არა მხოლოდ იცავს თავის შვილებს, არამედ მათ საზრდოზეც ზრუნავს. ის განსაკუთრებით სულიერად კვებავს თავის მსახურებს. 1919 წელს თავისი ხალხის განთავისუფლების შემდეგ მან გამარჯვების ნადიმი გაუმართა მათ და უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყო: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“ (ესაია 25:6).

      7 ნადიმი იეჰოვას „მთაზე“ იმართება. რა მთაა ეს? ეს „უფლის სახლის მთაა“, რომლისკენაც ყოველი ერი მიედინება ამ „უკანასკნელ დღეებში“. ეს იეჰოვას „წმიდა მთაა“, სადაც მისი ერთგული თაყვანისმცემლები არც ბოროტებას სჩადიან და არც სიბილწეს (ესაია 2:2; 11:9). თაყვანისმცემლობის ამ ამაღლებულ ადგილზე იეჰოვა დიდებულ ნადიმს უმართავს თავის ერთგულ მსახურებს. ამ სულიერი კეთილდღეობით ის მატერიალური კეთილდღეობაა წარმოდგენილი, რომლითაც ღვთის მსახურები გაიხარებენ, როდესაც ღვთის სამეფო იქნება კაცობრიობის ერთადერთი მმართველი. აღარავინ იშიმშილებს იმ დროს, რადგან „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:8, 16).

      8, 9. ა) რომელი ორი უდიდესი მტერი ჩამოშორდება კაცობრიობას? ახსენით. ბ) როგორ წარხოცავს ღმერთი თავის ხალხს სირცხვილს?

      8 დიდებული პერსპექტივები აქვს ყველას, ვინც დღეს იეჰოვას სულიერი სუფრიდან იკვებება. ყურადღება მიაქციეთ ესაიას სიტყვებს. ცოდვასა და სიკვდილს ის „საბურველსა“ და „საფარველს“ ადარებს და ამბობს: „გააუქმებს [იეჰოვა] ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“ (ესაია 25:7, 8ა).

      9 დიახ, აღარ იქნება ცოდვა და სიკვდილი (გამოცხადება 21:3, 4). გარდა ამისა, იეჰოვა სირცხვილს წარხოცავს თავის მსახურებს, რომლის ატანაც მათ ათასწლეულების განმავლობაში უწევდათ. „წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 25:7, 8ბ). როგორ მოხდება ეს? იეჰოვა თავის მსახურებს სატანასა და მის თესლს ჩამოაშორებს, რომლებიც მათ შერცხვენას ცდილობენ (გამოცხადება 20:1—3). ამიტომაც ღვთის ხალხი სიხარულით შესძახებს: „აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!“ (ესაია 25:9).

      ‘უფალი დასცემს ამაყებს’

      10, 11. როგორი სიმკაცრით მოექცევა იეჰოვა მოაბს?

      10 იეჰოვა იხსნის თავისი ერიდან იმათ, რომლებიც თავმდაბლობას ავლენენ. მაგრამ ისრაელის მეზობელი ერი, მოაბი, ამაყია, იეჰოვას კი სძულს სიამაყე (იგავნი 16:18). ამიტომაც მოაბს დამცირება არ ასცდება. „დაადგრება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე. ხელებს გაშლის მის შუაგულში, როგორც მოცურავე შლის საცურაოდ ხელებს, მაგრამ დასცემს უფალი მის სიამაყეს მისი ხელის ხრიკებთან ერთად. ჩამოაქცევს, დაამხობს შენი გალავნის მაღალ ბურჯებს, მიწასთან გაასწორებს“ (ესაია 25:10—12).

      11 იეჰოვა მოაბის მთას მოუღერებს ხელს? რა იქნება ამის შედეგი? ამაყი მოაბი ხელებს გაშლის და „სანეხვეზე“ გაითელება. ესაიას დღეებში ჩალას თელავდნენ ნაკელთან ერთად სასუქის მისაღებად. ამგვარად, ესაია მოაბის დამცირებას წინასწარმეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ მოაბი მაღალი და, ერთი შეხედვით, საიმედო გალავნით არის დაცული.

      12. რატომ გამოაქვს იეჰოვას განაჩენი მოაბისთვის?

      12 რატომ გამოაქვს იეჰოვას მაინცდამაინც მოაბისთვის ასეთი მკაცრი განაჩენი? მოაბელთა წინაპარი, აბრაამის ძმისშვილი, იეჰოვას თაყვანისმცემელი ლოტი იყო. ამიტომაც მოაბელები ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხის არა მარტო მეზობლები, არამედ ნათესავებიც არიან. მიუხედავად ამისა, მათ ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს და დაუძინებელ მტრებად ექცნენ ისრაელს. ისინი იმსახურებენ ასეთ განაჩენს. ამ მხრივ, მოაბი იეჰოვას დღევანდელ მსახურთა მტრებს ჰგავს — განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სამყაროს, რომელიც აცხადებს, რომ ფესვები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში აქვს გადგმული, მაგრამ, როგორც უკვე დავინახეთ, დიდი ბაბილონის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

  • იეჰოვას ხელი შემართულია
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [სურათები 275 გვერდზე]

      „ნადიმი მსუყე კერძებით“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება