საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას ხელი შემართულია
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • გადარჩენის სიმღერა

      13, 14. რომელი „მაგარი ქალაქი“ აქვს ღვთის ხალხს დღეს და ვის აქვს მასში შესვლის უფლება?

      13 როგორია ღვთის ხალხის საქმის ვითარება? ისინი იეჰოვას კეთილგანწყობილებითა და მფარველობით გახარებული ერთად მღერიან. „იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად. გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!“ (ესაია 26:1, 2). ეს სიტყვები, რომლებიც, უეჭველად, შესრულდა ძველ დროში, ჩვენს დროშიც აშკარად სრულდება. იეჰოვას „მართალი ერი“ მტკიცე ქალაქის მსგავსი ორგანიზაციით არის დაჯილდოებული. მათ ნამდვილად აქვთ სიხარულით სიმღერის მიზეზი!

      14 როგორი ხალხი შემოდის ამ „ქალაქში“? სიმღერაში მოცემულია პასუხი: «ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ [ღმერთო], რადგან შენზეა მონდობილი. მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია [„იაჰ იეჰოვაშია“, აქ] საუკუნო კლდე» (ესაია 26:3, 4). ‘ზრახვა’, რომელიც იეჰოვას მხარდაჭერით არის შეურყეველი, მისი სამართლიანი პრინციპებისადმი მორჩილებისა და მასზე მინდობის სურვილია და არა წუთისოფლის მერყევ კომერციულ, პოლიტიკურ და რელიგიურ სისტემებზე დანდობის სურვილი. „იაჰ იეჰოვა“ ერთადერთი საიმედო თავშესაფარი კლდეა. იეჰოვაზე სრულად მინდობილები მის მიერ იქნებიან დაცული და მარადიული „მშვიდობით“ გაიხარებენ (იგავნი 3:5, 6; ფილიპელთა 4:6, 7).

      15. როგორ დაეცა ჩვენს დროში „აღზევებული ქალაქი“ და როგორ ‘თრგუნავს მას ბეჩავის ფეხი’?

      15 რა ძლიერ განსხვავდება მათი მდგომარეობისგან ღვთის ხალხის მტრების მდგომარეობა! „დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა. თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები“ (ესაია 26:5, 6). ესაია შეიძლება კვლავ მოაბის „აღზევებულ ქალაქს“ გულისხმობს ან რომელიმე სხვა ქალაქი, მაგალითად, ბაბილონი აქვს მხედველობაში, რომელიც ნამდვილად აღზევებულია ქედმაღლობით. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვამ სრულიად შეცვალა „აღზევებული ქალაქის“ მდგომარეობა, რომელსაც ახლა მისივე ‘მათხოვარნი და ბეჩავნი’ თრგუნავენ. დღეს ეს წინასწარმეტყველება ზუსტად სრულდება დიდ ბაბილონზე, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სამყაროზე. 1919 წელს ეს „აღზევებული ქალაქი“ იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა იეჰოვას ხალხი, რაც დამამცირებელი დაცემა იყო მისთვის. ამის შემდეგ გათავისუფლებულებმა თავიანთი მჩაგვრელის თრგუნვა დაიწყეს (გამოცხადება 14:8). როგორ? ამ „აღზევებული ქალაქისთვის“ ღვთის რისხვის მოახლოების სახალხოდ გაცხადებით (გამოცხადება 8:7—12; 9:14—19).

      სიმართლისა და იეჰოვას „სახსენებლის“ ნატვრა

      16. ღვთისადმი ერთგულების რა შესანიშნავ მაგალითს იძლევა ესაია?

      16 ტრიუმფალური სიმღერის შემდეგ ესაია იეჰოვასადმი თავის ერთგულებას გვიმჟღავნებს და მართალი ღვთის სამსახურში ყოფნის კურთხევებზე ამახვილებს ყურადღებას (წაიკითხეთ ესაია 26:7—9). წინასწარმეტყველი იეჰოვაზე დაიმედებისა და მისი „სახელისა“ და „სახსენებლის“ ‘ნატვრის’ შესანიშნავ მაგალითს იძლევა. რა არის იეჰოვას სახსენებელი? გამოსვლის 3:15-ში ნათქვამია: «უფალი [„იეჰოვა“, აქ]... არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე». ესაიასთვის ძვირფასია იეჰოვას სახელი და ის ყველაფერი, რასთანაც ეს სახელია დაკავშირებული, მათ შორის იეჰოვას სამართლიანი ნორმები და გზები. კურთხეული იქნება ყველა, ვინც მისნაირად შეიყვარებს იეჰოვას (ფსალმუნი 5:9; 24:4, 5; 134:13; ოსია 12:6).

      17. რა კურთხევებს ვერ მიიღებს ბოროტეული?

      17 მაგრამ ყველას როდი უყვარს იეჰოვა და მისი მაღალზნეობრივი ნორმები (წაიკითხეთ ესაია 26:10). ბოროტეული უარს ამბობს იმაზე, რომ ისწავლოს სიმართლე და შევიდეს „წრფელ ქვეყანაში“, რომელიც იეჰოვას ზნეობრივად და სულიერად სუფთა, წრფელ მსახურებს ეკუთვნის. ამიტომაც ის «უფლის დიდებას არად ჩააგდებს [„ვერ იხილავს“, აქ]». ბოროტეული ვერ შეესწრება იმ დროს, როდესაც იეჰოვა თავისი სახელის განწმენდის შემდეგ მთელ კაცობრიობას აკურთხებს. ახალ ქვეყნიერებაშიც კი, როდესაც მთელი დედამიწა „წრფელ ქვეყანად“ გადაიქცევა, ზოგი არ დააფასებს იეჰოვას წყალობას. მათი სახელები სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება (ესაია 65:20; გამოცხადება 20:12, 15).

      18. რა მხრივ არის ზოგი საკუთარი სურვილით სულიერად დაბრმავებული ესაიას დღეებში და როდის გახდებიან ისინი იძულებული, „დაინახონ“ იეჰოვა?

      18 „უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები“ (ესაია 26:11). ესაიას დღეებში აშკარად ჩანს, რომ იეჰოვას ხელი შემართულია, როდესაც იეჰოვა მტრებისგან იცავს თავის ხალხს. მაგრამ ბევრი ვერ ხედავს ამას. ასეთი ხალხი საკუთარი სურვილით არის სულიერად დაბრმავებული, მაგრამ ბოლოს ისინი იძულებული გახდებიან, „დაინახონ“ ანუ აღიარონ იეჰოვა, როდესაც მისი შურის ცეცხლი შეჭამს მათ (სოფონია 1:18). ღმერთი მოგვიანებით ეუბნება ეზეკიელს: «მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი [„იეჰოვა“, აქ] ვარ» (ეზეკიელი 38:23).

      „ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი“

      19, 20. რატომ და როგორ სჯის იეჰოვა თავის ხალხს და ვისთვის მოაქვს სასჯელს სარგებლობა?

      19 ესაიამ იცის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა, რომლითაც მისი თანამემამულენი ხარობენ, იეჰოვას კურთხევაა. „უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს“ (ესაია 26:12). მაგრამ მიუხედვად იმისა, რომ იეჰოვა თავის ხალხს ამ კურთხევებთან ერთად „მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად“ გახდომის შესაძლებლობას აძლევდა, იუდას მეტად ცვალებადი ისტორია აქვს (გამოსვლა 19:6). ხალხი არაერთხელ უბრუნდება ცრუ თაყვანისმცემლობას. ამიტომაც ისინი დროდადრო ისჯებიან. მაგრამ ასეთი სასჯელი იეჰოვას სიყვარულის გამოვლინებაა, რადგან „ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი“ (ებრაელთა 12:6).

      20 ხშირად იეჰოვა იმით სჯის თავის ხალხს, რომ „სხვა მეუფეთ“ ანუ სხვა ერებს მათზე ბატონობის ნებას რთავს (წაიკითხეთ ესაია 26:13). ძვ. წ. 607 წელს მისი ნებით ბაბილონელებს ტყვედ მიჰყავთ ღვთის ხალხი. მოაქვს ამას მათთვის რაიმე სარგებლობა? ტანჯვას თავისთავად არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ადამიანისთვის, მაგრამ, თუ ტანჯვის დროს კაცი გონს მოეგება, მოინანიებს და იეჰოვას განადიდებს, მაშინ ის ნამდვილად იღებს სასჯელიდან სარგებლობას (მეორე რჯული 4:25—31). ინანიებენ იუდაელები ღვთის წინაშე? დიახ! ესაია წინასწარმეტყველებს: „მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს“. ძვ. წ. 537 წელს ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდაელებს ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა ცოდვის გამო დასჯა, მაგრამ ისინი აღარასდროს უბრუნდებიან ქვის ღმერთების თაყვანისცემას.

      21. რა დაემართებათ ღვთის ხალხის მჩაგვრელებს?

      21 რა შეიძლება ითქვას იუდას დამპყრობლებზე? „აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე“ (ესაია 26:14). ბაბილონი დაისჯება იეჰოვას რჩეული ერისთვის მიყენებული ზიანის გამო. იეჰოვა მიდიელთა და სპარსელთა ხელით გაანადგურებს ბაბილონს და ტყვეობიდან გაათავისუფლებს თავის ხალხს. დიდებული ქალაქი ბაბილონი მკვდარ ქალაქად იქცევა და ბოლოს მთლიანად გაუდაბურდება.

      22. როგორ აკურთხა ღმერთმა თავისი ხალხი ამ უკანასკნელ ჟამს?

      22 უკანასკნელ ჟამს, სახელდობრ კი 1919 წელს, ამ წინასწარმეტყველების კიდევ ერთხელ შესრულებისას დასჯილი სულიერი ისრაელი დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდა და კვლავ იეჰოვას სამსახურში ჩადგა. განახლებული ცხებული ქრისტიანები დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ სამქადაგებლო მსახურებას (მათე 24:14). თავის მხრივ, იეჰოვამ რიცხობრივი ზრდით აკურთხა ისინი და თანამსახურებად უამრავი ხალხი, „სხვა ცხვრებიც“, დაუყენა (იოანე 10:16). „შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები. უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს“ (ესაია 26:15, 16).

      ისინი „აღდგებიან“

      23. ა) როგორ ვლინდება დიდებულად იეჰოვას ძალა ძვ. წ. 537 წელს? ბ) როგორ გამოვლინდა ამნაირადვე იეჰოვას ძალა 1919 წელს?

      23 ახლა ესაია კვლავ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდას მდგომარეობას უბრუნდება. ის ერს ორსულ ქალს ადარებს, რომელიც მშობიარობის ტკივილებით იტანჯება, მაგრამ დახმარების გარეშე ვერ აჩენს ბავშვს (წაიკითხეთ ესაია 26:17, 18). ასეთ დახმარებას იეჰოვას ხალხი ძვ. წ. 537 წელს იღებს, რის შემდეგაც სამშობლოში ბრუნდება ტაძრის აღდგენისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განახლების განზრახვით. შეიძლება ითქვას, რომ ერი მკვდრეთით არის აღმდგარი. „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას“ (ესაია 26:19). იეჰოვას ძალის რა შესანიშნავი გამოვლინებაა! იეჰოვას ძალა 1919 წელსაც შესანიშნავად გამოვლინდა, როდესაც ეს სიტყვები სულიერი გაგებით შესრულდა! (გამოცხადება 11:7—11). როგორ მოველით იმ დროს, როდესაც ისინი პირდაპირი მნიშვნელობით შესრულდება ახალ ქვეყნიერებაში — როცა მკვდრები ‘იესოს ხმას მოისმენენ და გამოვლენ’ სამარხებიდან! (იოანე 5:28, 29).

      24, 25. ა) როგორ უნდა დამალულიყვნენ ძვ. წ. 539 წელს მცხოვრები იუდაელები იეჰოვას ბრძანების თანახმად? ბ) რამ შეიძლება შეასრულოს „შიდა ოთახების“ დანიშნულება ჩვენს დროში და როგორი დამოკიდებულება უნდა განვავითაროთ მათ მიმართ?

      24 მაგრამ ესაიას მეშვეობით აღთქმული სულიერი კურთხევების მისაღებად ღვთის ერთგულმა ადამიანებმა იეჰოვას მოწოდებები უნდა შეასრულონ: «წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში [„შიდა ოთახებში, აქ] და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს» (ესაია 26:20, 21; შეადარეთ სოფონია 1:14). წინასწარმეტყველების ეს ნაწილი, შესაძლებელია, პირველად მაშინ შესრულდა, როდესაც მიდიელებმა და სპარსელებმა მეფე კიროსის მეთაურობით ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი დაიპყრეს. ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს, სიტყვების თანახმად, ბაბილონში შეჭრისას კიროსი ბრძანებას იძლევა, რომ ყველა თავთავის სახლში დარჩეს, რადგან მის ცხენოსნებს „ნაბრძანები აქვთ, ცოცხალი არავინ დატოვონ, ვისაც კი ქუჩაში დაინახავენ“. ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „შიდა ოთახები“ დღეს შეიძლება იეჰოვას მოწმეთა მთელ მსოფლიოში არსებულ ათიათასობით კრებასთან იყოს დაკავშირებული. ასეთ კრებებს ყოველთვის და „დიდი გასაჭირის“ დროსაც კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენს ცხოვრებაში (გამოცხადება 7:14). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, დადებითი განწყობილება შევინარჩუნოთ კრების მიმართ და რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებს (ებრაელთა 10:24, 25).

      25 მალე სატანის წუთისოფელს ბოლო მოეღება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დაიფარავს იეჰოვა თავის ხალხს იმ საზარელ დროს (სოფონია 2:3). მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი გადარჩენა იეჰოვასადმი რწმენაზე, მისადმი ერთგულებასა და მორჩილებაზე იქნება დამოკიდებული.

  • იეჰოვას ხელი შემართულია
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [სურათი 278 გვერდზე]

      „შედით თქვენ-თქვენ შიდა ოთახებში“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება