-
იეჰოვას ხელი შემართულიაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
26. რა არის წარმოდგენილი „ლევიათანით“ ესაიას დღეებში და ჩვენს დროში, და რა ემართება ამ ‘ზღვის გველეშაპს’?
26 ამ დროის შესახებ ესაია წინასწარმეტყველებს: „იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“ (ესაია 27:1). წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას „ლევიათანში“ ის ქვეყნები იგულისხმება, სადაც ისრაელები არიან გაფანტული, ანუ მისით ბაბილონი, ეგვიპტე და ასურეთია წარმოდგენილი. ეს ერები ხელს ვერ შეუშლიან იეჰოვას ხალხს თავის დროზე სამშობლოში დაბრუნებაში. მაგრამ ვინ არის თანამედროვე ლევიათანი? როგორც ჩანს, ლევიათანი სატანა — „ძველი გველი“ — და დედამიწაზე არსებული მისი ბოროტი სისტემაა, რომელსაც ის სულიერ ისრაელთან ბრძოლაში ძირითად იარაღად იყენებს (გამოცხადება 12:9, 10; 13:14, 16, 17; 18:24). „ლევიათანმა“ 1919 წელს დაკარგა ღვთის ხალხზე თავისი ძალაუფლება, ხოლო მალე სრულიად განადგურდება, როდესაც იეჰოვა „მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“. მანამდე კი „ლევიათანი“ არასდროს იქნება წარმატებული, როგორც უნდა ეცადოს ღვთის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას (ესაია 54:17).
„სანატრელი ვენახი“
27, 28. ა) რით აავსო იეჰოვას ვენახმა მთელი დედამიწა? ბ) როგორ იცავს იეჰოვა თავის ვენახს?
27 ესაია ახლა სხვა მშვენიერი სიმღერით აღწერს იმას, თუ როგორ ნაყოფს გამოიღებს იეჰოვას მიერ გათავისუფლებული ხალხი: „იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე: მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რომ არავინ დააზიანოს“ (ესაია 27:2, 3). სულიერი ისრაელის დედამიწაზე დარჩენილმა მცირე ნაწილმა და მათმა გულმოდგინე თანამსახურებმა მთელი მსოფლიო აავსეს სულიერი ნაყოფით. ზეიმისა და სიმღერის რა შესანიშნავი მიზეზია! ეს ყოველივე იეჰოვას წყალობით ხდება, რომელიც სიყვარულით ზრუნავს თავის ვენახზე (შეადარეთ იოანე 15:1—8).
28 იეჰოვას რისხვა სიხარულით შეიცვალა! „რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ. ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!“ (ესაია 27:4, 5). მტევნებისგან რომ კარგი ღვინო დაიწუროს, იეჰოვა თითქოს თელავს და წვავს ნებისმიერ ხელშემშლელ ნარ-ეკალს, რომელიც გააფუჭებს მის ვენახს. ამიტომაც ნურავინ შეუქმნის საფრთხეს ქრისტიანულ კრებას! დაე ყველა ‘მოეჭიდოს ღვთის სიმტკიცეს’, რათა იეჰოვას კეთილგანწყობილება მოიპოვონ და დაცული იყვნენ მის მიერ. ასეთი მოქმედებით ისინი ‘ზავს დადებენ’ ანუ მშვიდობიან ურთიერთობას დაამყარებენ ღმერთთან, რაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ესაია ორჯერ აღნიშნავს მის აუცილებლობას. რა იქნება შედეგი? „დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით“ (ესაია 27:6)c. რა შესანიშნავად გამოვლინდა იეჰოვას ძალა ამ მუხლის სიტყვების შესრულებით! ცხებულმა ქრისტიანებმა 1919 წლიდან მთელი დედამიწა აავსეს „ნაყოფით“ — საუკეთესო სულიერი საზრდოთი. ამის შედეგად მათ მილიონობით ერთგული ადამიანი — სხვა ცხვარი — შეუერთდა, რომლებიც მათთან ერთად „ემსახურებიან [ღმერთს] დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:15). ამ გახრწნილ წუთისოფელში ისინი სიხარულით იცავენ მის მაღალზნეობრივ ნორმებს. ამიტომაც იეჰოვა რიცხობრივი ზრდით აკურთხებს მათ. არასდროს დავივიწყოთ, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, მივიღოთ და სხვებსაც მივაწოდოთ „ნაყოფი“ იეჰოვას განდიდებით!
-
-
იეჰოვას ხელი შემართულიაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[ჩარჩო 285 გვერდზე]
„დიდი საყვირი“ თავისუფლებას იუწყება
ძვ. წ. 607 წელს იუდას ტკივილები მატულობს, როდესაც იეჰოვა ბაბილონის ტყვეობით გვემს და სჯის თავის ურჩ ერს (წაიკითხეთ ესაია 27:7—11). ერის ცოდვა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ცხოველური შესაწირავებით გამოსყიდვა. ამიტომაც, როგორც «რისხვა [„თავზარდამცემი შეძახილი“, აქ]» ფანტავს ფარას ან ძლიერი ქარის „ქროლვა“ აიტაცებს ფოთლებს, ისე დევნის იეჰოვა ისრაელს სამშობლოდან. ამის შემდეგ წინასწარმეტყველებაში ქალებით წარმოდგენილი სუსტი ხალხიც კი შეძლებს ქვეყანაში დარჩენილთა დაჩაგვრას.
მაგრამ იეჰოვას მიერ თავისი ხალხის გათავისუფლების დროც დგება. ის ათავისუფლებს მათ, როგორც, ასე ვთქვათ, ხეზე მიბმულ ნაყოფს ათავისუფლებენ მოკრეფისას. „იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. იმ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში“ (ესაია 27:12, 13). ძვ. წ. 539 წელს გამარჯვების შემდეგ კიროსი ბრძანებას იძლევა, ყველა იუდაელი გათავისუფლდეს თავისი იმპერიიდან, რომელშიც აშური და ეგვიპტეც შედის (პირველი ეზრა 1:1—4). თითქოს „დიდი საყვირი“ ღვთის ხალხის თავისუფლებას იუწყებოდეს.
-