საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესაია იეჰოვას „უცხო საქმეს“ წინასწარმეტყველებს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 1, 2. რატომ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ისრაელი და იუდა?

      მცირე ხნით ისრაელი და იუდა თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათი მეფეები მტრებისგან თავდასაცავად დიდ და ძლიერ ქვეყნებთან დებენ კავშირს. სამარია, ისრაელის დედაქალაქი, მფარველობისთვის მეზობელ სირიას მიმართავს, ხოლო იერუსალიმი, იუდას დედაქალაქი, ულმობელ აშურზე ამყარებს იმედს.

      2 ჩრდილოეთ სამეფოში ზოგი მოკავშირეებზეც არის დანდობილი და, ამავე დროს, იეჰოვასგანაც მოელის მფარველობას, თუმცა კვლავაც ოქროს ხბოებს სცემენ თაყვანს. იუდაც დარწმუნებულია, რომ იეჰოვა დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, იეჰოვას ტაძარი ხომ იერუსალიმში, მის სატახტო ქალაქშია? მაგრამ სრულიად სხვა რამ მოელის ორივე ერს. იეჰოვა აღძრავს ესაიას, იწინასწარმეტყველოს, როგორ განვითარდება მოვლენები, რაც უცხოდ მოეჩვენება ამ ურჩ ხალხს. მისი სიტყვები ნამდვილად ყურადსაღებია დღეს მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის.

      „ეფრემის მემთვრალენი“

      3, 4. რით ამაყობს ჩრდილოეთ სამეფო, ისრაელი?

      3 ესაია წინასწარმეტყველებას გასაოცარი სიტყვებით იწყებს: „ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე! აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში... მიწას დაანარცხებს თავისი ხელით. ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი!“ (ესაია 28:1—3).

      4 ათ ჩრდილოელ ტომს შორის ყველაზე ძლიერი ეფრემი მთელი ისრაელის სამეფოს სახეა. მის დედაქალაქს, სამარიას, მშვენიერი და საუკეთესო ადგილი უკავია „პოხიერი მინდვრების თავზე“. მისი მთავრები ამაყობენ თავიანთი „გვირგვინით“, ანუ იერუსალიმში მყოფი დავითის შთამომავალი მეფეებისგან დამოუკიდებლობით. მაგრამ ისინი „მემთვრალენი“ არიან — სულიერად მთვრალნი — რადგან იუდას წინააღმდეგ კავშირი აქვთ შეკრული სირიასთან. მალე ყველაფერი, რაც კი ძვირფასია მათთვის, დამპყრობელთა ფეხქვეშ გაითელება (შეადარეთ ესაია 29:9).

      5. რა საფრთხე ემუქრება ისრაელს, მაგრამ რა იმედს აძლევს ესაია?

      5 ეფრემი ვერ ხვდება, რომ სახიფათო მდგომარეობაშია. ესაია განაგრძობს: „მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი პოხიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს“ (ესაია 28:4). ეფრემი აშურს ჩაუვარდება ხელში, როგორც გემრიელი ლუკმა, რომელსაც უმალ გადაყლაპავს. არის მისთვის რაიმე იმედი? როგორც ხშირ შემთხვევაში, ღვთის განაჩენის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებები იმედით არის შერბილებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაეცემა, ღვთის ერთგული ადამიანები იეჰოვას დახმარებით გადარჩებიან. „ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის. და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად — მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან“ (ესაია 28:5, 6).

      „ბარბაცებენ ღვინისაგან“

      6. როდის დაუდგა აღსასრულის დღე ისრაელს, მაგრამ რატომ არ უნდა ხარობდეს ამით იუდა?

      6 განკითხვის დღე სამარიას ძვ. წ. 740 წელს უდგება, როდესაც აშური აოხრებს მას და ჩრდილოეთ სამეფო სამუდამოდ კარგავს დამოუკიდებლობას. რა შეიძლება ითქვას იუდას შესახებ? მასაც დაიპყრობს აშური, მოგვიანებით კი ბაბილონი დაანგრევს მის დედაქალაქს. მაგრამ ესაიას სიცოცხლეში იუდას ტაძარში ძველებურად იმსახურებენ მღვდლები და ქვეყანაში კვლავაც იქნებიან წინასწარმეტყველნი. უნდა ახარებდეს თუ არა იუდას მეზობელი ჩრდილოეთ სამეფოს მოახლოებული აღსასრული? ცხადია, არა! იეჰოვა იუდასა და მის მთავრებსაც გაუსწორდება დაუმორჩილებლობისა და ურწმუნოებისთვის.

      7. რა გაგებით არიან იუდას წინამძღოლები მთვრალები და რა არის ამის შედეგი?

      7 ახლა ესაია იუდას გადასცემს ცნობას და განაგრძობს: „ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაფლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას. რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ დარჩა“ (ესაია 28:7, 8). რა ამაზრზენია! პირდაპირი გაგებით სიმთვრალე უკვე დაუშვებელია ღვთის სახლში. მაგრამ ეს მღვდლები და წინასწარმეტყველები სულიერად არიან მთვრალები — მათ გონება აქვთ დაბნელებული მოკავშირე ადამიანებზე დაიმედებით. თავს იტყუებენ, რომ ერთადერთი პრაქტიკული არჩევანი გააკეთეს და, ალბათ, ფიქრობენ, რომ ახლა დამატებითი გეგმა აქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ იეჰოვა ვერ დაიცავს მათ. ეს სულიერად მთვრალი რელიგიური წინამძღოლები თავიანთი საუბრით საზიზღრობასა და სიბინძურეს ანთხევენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ღვთის აღთქმებისადმი რწმენა საერთოდ არ გააჩნიათ.

      8. როგორი გამოხმაურება მოჰყვება ესაიას ცნობას?

      8 როგორ რეაგირებენ იუდას წინამძღოლები იეჰოვას გაფრთხილებაზე? ისინი დასცინიან ესაიას და საყვედურობენ, რომ, როგორც ბავშვებს, ისე ელაპარაკება მათ: „ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? — რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ? რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ» (ესაია 28:9, 10). რა მომაბეზრებელი და უცხოა მათთვის ესაიას სიტყვები! ის კვლავ და კვლავ ამბობს: ეს არის იეჰოვას რჩევა! ეს არის იეჰოვას რჩევა! ეს არის იეჰოვას წესი! ეს არის იეჰოვას წესიa! მაგრამ იეჰოვა მალე საქმით „დაელაპარაკება“ იუდას მკვიდრთ. ის ბაბილონელთა ჯარებს აამხედრებს მათ წინააღმდეგ — უცხოელებს, რომლებიც ნამდვილად უცხო ენაზე ლაპარაკობენ. ისინი აღასრულებენ იეჰოვას „რჩევას რჩევაზე“, რის შედეგადაც იუდა დაეცემა (წაიკითხეთ ესაია 28:11—13).

      სულიერად მთვრალები დღეს

      9, 10. როდის და როგორ შესრულდა ესაიას სიტყვები წინასწარმეტყველის დღეების შემდგომ?

      9 შესრულდა თუ არა ესაიას წინასწარმეტყველებები მხოლოდ ძველ ისრაელსა და იუდაზე? არავითარ შემთხვევაში! იესო და პავლე მის სიტყვებს ციტირებდნენ და თავიანთ თანამედროვეებს უკავშირებდნენ (ესაია 29:10, 13; მათე 15:8, 9; რომაელთა 11:8). გარდა ამისა, დღესაც ისეთივე მდგომარეობაა შექმნილი, როგორიც ესაიას დღეებში იყო.

      10 ჩვენს დროში ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები პოლიტიკაზე ამყარებენ იმედს. ისინი ბარბაცებენ ისრაელისა და იუდას რელიგიური წინამძღოლებივით, ერევიან პოლიტიკურ საქმეებში და ხარობენ, როდესაც წუთისოფლის ეგრეთ წოდებული დიდი ადამიანები მათ ეკითხებიან რჩევას. წმინდა ბიბლიური ჭეშმარიტების მაგივრად ისინი სიბინძურეს ლაპარაკობენ. მათი სულიერი მხედველობა დაქვეითებულია და ამიტომაც არასაიმედო წინამძღოლები არიან კაცობრიობისთვის (მათე 15:14).

      11. როგორ რეაგირებენ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობაზე?

      11 როგორ რეაგირებენ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, როდესაც იეჰოვას მოწმეები ერთადერთ ჭეშმარიტ იმედზე, ღვთის სამეფოზე, ამახვილებენ ყურადღებას? მათ არაფერი ესმით. მათი აზრით, იეჰოვას მოწმეები ბავშვებივით მომაბეზრებლად იმეორებენ ერთსა და იმავეს. რელიგიური წინამძღოლები ზემოდან დაჰყურებენ და დასცინიან კეთილი ცნობის მაცნეებს. იესოს თანამედროვე რელიგიური წინამძღოლების მსგავსად, არც თვითონ სურთ ღვთის სამეფო და არც ის უნდათ, რომ სამწყსომ გაიგოს მის შესახებ (მათე 23:13). ამიტომაც უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვა ყოველთვის თავისი უწყინარი მოწმეების მეშვეობით არ დაელაპარაკება მათ. მოვა დრო, როდესაც ისინი, ვინც არ დაემორჩილებიან ღვთის სამეფოს, ‘დაილეწებიან, მახეში მოექცევიან და შეპყრობილ იქნებიან’, დიახ, სრულიად განადგურდებიან.

      ‘სიკვდილთან დადებული აღთქმა’

      12. რა ‘აღთქმა აქვს დადებული სიკვდილთან’ იუდას, როგორც თვითონ ფიქრობს?

      12 ესაია განაგრძობს: „ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი — საფარველად“ (ესაია 28:14, 15). იუდას წინამძღოლები იკვეხნიან, რომ თავიანთი პოლიტიკური კავშირების წყალობით არასდროს დაეცემიან. ისინი ფიქრობენ, რომ ‘აღთქმა აქვთ დადებული სიკვდილთან’ და ის არასდროს მიეკარება მათ. მაგრამ ფუჭი თავშესაფარი ვერ დაიცავს იუდას წინამძღოლებს. მათი პოლიტიკური კავშირები სიცრუე და სიყალბეა. დღესაც მათ მსგავსად, ქრისტიანულ სამყაროსაც ვერ დაიცავს წუთისოფლის წინამძღოლებთან მჭიდრო ურთიერთობა, როდესაც მოვა დრო და იეჰოვა გაუსწორდება მას. ეს მხოლოდ დამღუპველი იქნება მისთვის (გამოცხადება 17:16, 17).

      13. ვინ არის „ქვა გამონაცადი“ და როგორ უარყოფს მას ქრისტიანული სამყარო?

      13 მაშ, სად უნდა ეძიონ თავშესაფარი რელიგიურმა წინამძღოლებმა? ესაია ახლა იეჰოვას აღთქმაზე ამახვილებს ყურადღებას: „აჰა, ქვა დავდევი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს — შვეულად, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს“ (ესაია 28:16, 17). მცირე ხანში, მას შემდეგ, რაც ესაია ამ სიტყვებს წარმოთქვამს, სიონში ღვთის ერთგული მეფე ხიზკიაჰუ ადის ტახტზე, რის შემდეგაც მისი სამეფო თავს აღწევს უბედურებას, არა მოკავშირეების დახმარებით, არამედ იეჰოვას შეწევნით. მაგრამ წინასწარმეტყველების ეს სიტყვები ხიზკიაჰუზე არ სრულდება. მოციქულმა პეტრემ ესაიას სიტყვების ციტირებით დაგვანახვა, რომ იესო ქრისტე, ხიზკიაჰუს შთამომავალი, არის „ქვა გამონაცადი“ და მის მორწმუნეს არაფრის უნდა ეშინოდეს (1 პეტრე 2:6). რა სამწუხაროა, რომ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები თავს ქრისტიანებს უწოდებენ და, ამავე დროს, აკეთებენ იმას, რაზეც იესომ უარი თქვა! ისინი წუთისოფელში სახელის მოხვეჭისა და ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან იმის მაგივრად, რომ იეჰოვას დაელოდონ, ვიდრე ის თავის სამეფოს დაამყარებს, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (მათე 4:8—10).

      14. როდის ‘გაუცუდდება’ იუდას ‘სიკვდილთან დადებული აღთქმა’?

      14 როდესაც ბაბილონელთა ჯარების „წარმხოცელი შოლტი“ გადაუვლის ქვეყანას, იეჰოვა გამოააშკარავებს იუდას პოლიტიკური თავშესაფრის სიყალბეს. „გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან, — ამბობს იეჰოვა, — როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით. როგორც კი ჩამოივლის... მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი იქნება“ (ესაია 28:18, 19). დიახ, ნამდვილად ბევრი რამის სწავლა შეიძლება იქიდან, რაც მათ ემართებათ, ვინც თავს იეჰოვას მსახურად აცხადებს, იმედს კი მოკავშირეებზე ამყარებს.

      15. როგორ აღწერს ესაია იუდას მფარველის არასაიმედოობას?

      15 ნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იუდას წინამძღოლები. „მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო იქნება საბანი გადასახურავად“ (ესაია 28:20). თითქოს ისინი დაწოლასა და დასვენებას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. გარეთ სიცივეში რჩებათ ფეხები ან ფეხებს იკეცავენ, მაგრამ საბანი ვიწროა გადასაფარებლად და ვერ თბებიან. ასეთი ცუდი მდგომარეობა იყო შექმნილი ესაიას დღეებში. ასეთივე მდგომარეობაშია ყველა, ვისაც ქრისტიანული სამყაროს ყალბი თავშესაფრის იმედი აქვს. რა ამაზრზენია, რომ პოლიტიკურ საქმეებში მონაწილეობის მიღებით ქრისტიანული სამყაროს ზოგი წინამძღოლი ისეთ საშინელებებშიც კი გაერია, როგორიც ეთნიკური წმენდა და გენოციდია!

      იეჰოვას „უცხო საქმე“

      16. რა არის იეჰოვას „უცხო საქმე“ და რატომ არის ეს საქმე უჩვეულო?

      16 იუდას რელიგიური წინამძღოლები სრულიად იმედგაცრუებული დარჩებიან. იეჰოვა „უცხო საქმეს“ აღასრულებს სულიერად მთვრალი იუდაელების წინააღმდეგ. „აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად“ (ესაია 28:21). მეფე დავითის დღეებში ფერაციმის მთასა და გიბყონის ველზე იეჰოვამ დიდებულად გაამარჯვებინა თავის ხალხს ფილისტიმელებზე (პირველი ნეშტთა 14:10—16). იესო ნავეს ძის დღეებში იეჰოვამ მზეც კი გააჩერა გაბაონის თავზე, რომ ისრაელებს ამორეველებზე გაემარჯვებინათ (იესო ნავეს ძე 10:8—14). ეს სრულიად უჩვეულო რამ იყო! იეჰოვა კვლავ იბრძოლებს, მაგრამ ამჯერად მათ წინააღმდეგ, ვინც თავს მის ხალხად აცხადებს. განა შეიძლება იყოს რამე ამაზე უფრო უცხო და უჩვეულო? არა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იერუსალიმი იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრი და მისი ცხებული მეფის ქალაქია. დღემდე დავითის შთამომავალი მეფეები არასდროს ყოფილან ტახტიდან ჩამოგდებული. მიუხედავად ამისა, იეჰოვა აუცილებლად აღასრულებს თავის „უცხო საქმეს“ (შეადარეთ აბაკუმი 1:5—7).

      17. რა ზეგავლენას მოახდენენ დამცინავები იეჰოვას წინასწარმეტყველების შესრულებაზე?

      17 ამიტომაც ესაია გაფრთხილებას იძლევა: «მოეშვით შეგინებას [„დაცინვას“, აქ], რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება» (ესაია 28:22). წინამძღოლები დასცინიან ესაიას, მაგრამ მისი ცნობა ჭეშმარიტია. მან ის იეჰოვასგან მოისმინა, ვისთანაც ეს წინამძღოლები კავშირით არიან შეკრული. დღესაც ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები მათ მსგავსად იცინიან, როდესაც იეჰოვას „უცხო საქმის“ შესახებ ისმენენ. ისინი ყვირიან და მძვინვარებენ კიდეც. მაგრამ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტ ცნობას აცხადებენ. ამ ცნობას ვკითხულობთ ბიბლიაში, წიგნში, რომელსაც ეს წინამძღოლები ვითომცდა ეყრდნობიან.

      18. როგორ აღწერს ესაია იეჰოვას გაწონასწორებულობას დასჯისას?

      18 რაც შეეხება იმ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც არ მიჰყვებიან ამ წინამძღოლებს — იეჰოვა განაახლებს მათ და კვლავ კეთილგანწყობილებით აკურთხებს (წაიკითხეთ ესაია 28:23—29). როგორც მიწის მუშა იყენებს განსაკუთრებულ მეთოდს ნაზი მარცვლების, მაგალითად, კვლიავის გასაცეხვად, ისე იეჰოვა იყენებს სათანადო მეთოდს თითოეული ადამიანის გამოსასწორებლად მისი პიროვნებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. ის არასდროს ავლენს სისასტიკეს. დასჯისას ყოველთვის ახსოვს, რომ შემცოდველი შეიძლება გამოსწორდეს. დიახ, იმედი ბოლომდე არ არის დაკარგული, თუ ადამიანი ყურად იღებს იეჰოვას სიტყვებს. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ქრისტიანულ სამყაროს განაჩენი გამოტანილი აქვს, მის ცალკეულ წევრებს, რომლებიც იეჰოვას სამეფოს ექვემდებარებიან, შეუძლიათ გადაურჩნენ მოახლოებულ სასჯელს.

  • ესაია იეჰოვას „უცხო საქმეს“ წინასწარმეტყველებს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [სურათები 289 გვერდზე]

      ქრისტიანული სამყარო იმედს არა ღმერთზე, არამედ ადამიანებზე ამყარებს.

      [სურათი 290 გვერდზე]

      იეჰოვა თავის „უცხო საქმეს“ ასრულებს, როდესაც მისი ნებით ბაბილონი იერუსალიმს ანადგურებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება