საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიენდეთ იეჰოვას განსაცდელის დროს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ზუსტი წინასწარმეტყველება

      23. ა) რა დავალება მიიღო ესაიამ ახლა? ბ) როგორ დასტურდება დაფის ნიშანი?

      23 ახლა ესაია უახლოესი მომავლის მოვლენებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. იერუსალიმი ჯერ კიდევ სირიელებისა და ისრაელების მიერ გარშემორტყმულია, როდესაც ესაია ამბობს: «მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად [„დაწერე: მაჰერშალალ ხაშ-ბაზ“, აქ]. ავიყვანე სანდო მოწმეები — ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე» (ესაია 8:1, 2). სახელი მაჰერშალალ ხაშ-ბაზი ნიშნავს „იჩქარე სათარეშოდ! ის ისწრაფვის საძარცვავად“. ესაია ორ პატივცემულ კაცს სთხოვს დიდ დაფაზე მის მიერ დაწერილი სახელის დამოწმებას, რომ მოგვიანებით მათ ამ საბუთის უტყუარობა დაადასტურონ. მაგრამ ეს ნიშანი კიდევ ერთი ნიშნითაც უნდა დადასტურდეს.

      24. რა გავლენას მოახდენდა მაჰერშალალ ხაშ-ბაზის ნიშანი იუდას ხალხზე?

      24 ესაია ამბობს: „დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერშალალ ხაშ-ბაზ. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ“ (ესაია 8:3, 4). დიდი დაფა და ახალშობილი ვაჟი იმის ორი ნიშანია, რომ აშური მალე გაძარცვავს იუდას მჩაგვრელ სირიასა და ისრაელს. როდის? ვიდრე ყრმა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვის პირველი სიტყვების — „მამისა“ და „დედის“ — თქმას შეძლებს. ასეთი ზუსტი წინასწარმეტყველება ხალხს იეჰოვასადმი იმედს განუმტკიცებდა. ან შეიძლება ზოგს ესაიასა და მისი ვაჟების დაცინვაც დაეწყო. როგორც უნდა ყოფილიყო, ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები შესრულდა (მეოთხე მეფეთა 17:1—6).

      25. რა მსგავსებაა ესაიას დღეებსა და ჩვენს დროს შორის?

      25 ესაიას მიერ არაერთხელ წარმოთქმული გამაფრთხილებელი სიტყვები ყურადსაღებია ქრისტიანებისთვის. მოციქულმა პავლემ ნათლად დაგვანახვა, რომ ამ ისტორიულ დრამაში ესაია იესო ქრისტეს პირველსახე იყო, ხოლო მისი შვილები — იესოს ცხებული მოწაფეების (ებრაელთა 2:10—13). იესო დედამიწაზე მყოფი თავისი ცხებული მიმდევრების საშუალებით აფრთხილებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ საჭიროა ‘იფხიზლონ’ ამ საზარელ დროში (ლუკა 21:34—36). ამასობაში, ჯიუტი მოწინააღმდეგეებიც გაფრთხილებული არიან, რომ მოახლოებულია მათი განადგურება, თუმცა ეს გაფრთხილება ხშირად მათთვის დაცინვის საგანი ხდება (2 პეტრე 3:3, 4). ესაიას დღეებში წინასწარმეტყველებების თავის დროზე შესრულება იმედს გვიმტკიცებს, რომ ღვთის ყველა წინასწარმეტყველების შესრულების ჟამი ჩვენს დღეებშიც „უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).

      გამანადგურებელი „წყალი“

      26, 27. ა) რა მოვლენებს წინასწარმეტყველებს ესაია? ბ) რას ნიშნავს იეჰოვას მსახურთათვის ესაიას სიტყვები დღეს?

      26 ესაია განაგრძობს გაფრთხილებას: „რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს, ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!“ (ესაია 8:5—8).

      27 „ამ ხალხმა“, ისრაელმა, ჩრდილოეთ სამეფომ, უგულებელყო იეჰოვას მიერ დავითთან დადებული კავშირი (მეოთხე მეფეთა 17:16—18). მათ თვალში ამ კავშირს არავითარი ძალა არა აქვს, როგორც სილოამის მდორე წყალს, რომელიც იერუსალიმს წყლით ამარაგებს. ისინი ხარობენ იუდას წინააღმდეგ ომით, მაგრამ ბოლოს ასეთი სიძულვილისთვის სასჯელს ვერ გადაურჩებიან. იეჰოვა დაუშვებს, რომ აშურელებმა „დატბორონ“ ანუ სძლიონ სირიასა და ისრაელს, ისევე როგორც მალე დაუშვებს, რომ წუთისოფლის თანამედროვე პოლიტიკურმა ნაწილმა წარღვნას ცრუ რელიგიური სამყარო (გამოცხადება 17:16; შეადარეთ დანიელი 9:26). შემდეგ ესაია ამბობს, რომ ადიდებული „წყალი“ „შეაღწევს იუდაში“ და „კისრამდე ასწვდება“ მას ანუ შეაღწევს იერუსალიმშიც, საიდანაც იუდას თავი ანუ მეფე მართავს ქვეყანასb. ამნაირადვე, ჩვენს დროშიც ცრუ რელიგიის შემმუსვრელი პოლიტიკური სამყარო შემდეგ იეჰოვას მსახურებზე წამოვა და „კისრამდე“ მისწვდება მათ (ეზეკიელი 38:2, 10—16). როგორ დასრულდება ეს ყოველივე? რა ხდება ესაიას დროს? ახერხებენ აშურელები ქალაქში შეღწევას და ღვთის ხალხის გაწყვეტას? არა. ღმერთი თავის ხალხთან არის.

      ნუ გეშინიათ, რადგან „ჩვენთან არის ღმერთი“!

      28. რაში არწმუნებს იეჰოვა იუდას, მიუხედავად იმისა, რომ მტრები უტევენ ქვეყანას?

      28 ესაია განაგრძობს: „დაეცით ყიჟინა, [ღმერთთან კავშირში მყოფი ხალხის მოწინააღმდეგე] ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი“ (ესაია 8:9, 10). ეს სიტყვები რამდენიმე წლის შემდეგ — ახაზის ძის, ღვთის ერთგული იეხიზკიაჰუს, მეფობის დროს — სრულდება. როდესაც აშურელები იერუსალიმის აღებას ცდილობენ, იეჰოვას ანგელოზი მათ ბანაკში 185 000 კაცს ავლებს მუსრს. ნათელია, ღმერთი თავის ხალხთან და დავითის სამეფო-საგვარეულო ხაზთან არის (ესაია 37:33—37). კარს მომდგარი არმაგედონის ბრძოლაშიც იეჰოვა ამნაირადვე წარმოგზავნის დიდ ემანუელს, რომ არა მარტო თავისი მტრები გაანადგუროს, არამედ იხსნას ყველა, ვინც მასზეა მინდობილი (ფსალმუნი 2:2, 9, 12).

      29. ა) როგორ განსხვავდებოდნენ ახაზის დროს მცხოვრები იუდაელები იეხიზკიაჰუს თანამედროვე იუდაელებისგან? ბ) რატომ არ ამყარებენ კავშირს იეჰოვას მოწმეები რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებებთან?

      29 იეხიზკიაჰუს დროს მცხოვრები იუდაელებისგან განსხვავებით ახაზის თანამედროვეებს იეჰოვას მფარველობის იმედი არა აქვთ. მათ აშურელებთან კავშირი ანუ „შეთქმულება“ ურჩევნიათ სირიელებისა და ისრაელებისგან თავდასაცავად. მაგრამ იეჰოვას „ხელი“ უბიძგებს ესაიას, რათა „ამ ხალხის გზა“ ანუ მოქმედება განსაჯოს. ესაია გაფრთხილებას იძლევა: „მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი“ (ესაია 8:11—13). ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით, იეჰოვას მსახურები კავშირს არ ამყარებენ რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებებთან და მათზე არ არიან მინდობილი. მათ მხოლოდ ღვთის მფარველობის იმედი აქვთ. მართლაც, ‘თუ უფალი ჩვენთან არის, რას გვიზამს კაცი?’ (ფსალმუნი 117:6).

      30. რა მოელით მათ, ვინც იეჰოვაზე არ ამყარებს იმედს?

      30 ესაია კვლავაც იმეორებს იმ აზრს, რომ იეჰოვა «საწმიდარი [„წმიდა ადგილი“, აქ]» ანუ თავშესაფარი იქნება მასზე დაიმედებულთათვის. მისი ყველა უარმყოფელი კი „წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან“. აქ მოცემული ხუთი ზმნა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნამდვილად ასეთი იქნება მათი ხვედრი, ვინც იეჰოვაზე არ დაამყარებს იმედს (ესაია 8:14, 15). პირველ საუკუნეშიც ამნაირადვე წაიბორძიკეს იესოს უარმყოფელებმა და დაეცნენ (ლუკა 20:17, 18). დღესაც იგივე ელის ყველას, ვინც ერთგულებას არ ამჟღავნებს ზეციერი მეფის, იესოს, მიმართ (ფსალმუნი 2:5—9).

      31. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, მიბაძონ ესაიასა და მის მსმენელებს?

      31 ესაიას დღეებში ყველა არ წაბორძიკებულა. ესაია ამბობს: „შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას“ (ესაია 8:16, 17). ესაია და მისი სიტყვის დამცველები არ მიატოვებენ ღვთის რჯულს. ისინი კვლავაც იეჰოვაზე დაამყარებენ იმედს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საპირისპიროდ იქცევიან დამნაშავე თანამემამულეები, რომელთაგანაც პირს იფარავს იეჰოვა. ჩვენც ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას და მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არასდროს ჩამოვშორდეთ წმიდა თაყვანისმცემლობას (დანიელი 12:4, 9; მათე 24:45; ებრაელთა 6:11, 12).

      „ნიშნები“ და „სასწაულები“

      32. ა) ვინ ასრულებენ „ნიშნებისა და სასწაულების“ დანიშნულებას დღეს? ბ) რატომ უნდა გამოირჩეოდნენ ქრისტიანები წუთისოფლისგან?

      32 ახლა ესაია აცხადებს: «აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად [„მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა, ნიშნები და სასწაულები ვართ“, აქ] ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული» (ესაია 8:18). დიახ, ესაია, შეარ-იაშუბი და მაჰერშალალ ხაშ-ბაზი იუდას მიმართ იეჰოვას განზრახვებთან დაკავშირებული ნიშნები არიან. დღეს იესო და მისი ცხებული ძმები ასრულებენ მსგავსი ნიშნების დანიშნულებას (ებრაელთა 2:11—13). მათ საქმიანობას „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხიც“ უჭერს მხარს (გამოცხადება 7:9, 14; იოანე 10:16). ცხადია, ნიშანს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ ის შესამჩნევია. ამნაირადვე, ქრისტიანები მაშინ ასრულებენ ნიშნების როლს, როდესაც წუთისოფლისგან შესამჩნევად გამოირჩევიან, მთელ იმედს იეჰოვაზე ამყარებენ და გაბედულად აცხადებენ მის განზრახვებს.

      33. ა) რა აქვთ მიზნად დასახული ჭეშმარიტ ქრისტიანებს? ბ) რატომ შეძლებენ ქრისტიანები სიმტკიცის შენარჩუნებას?

      33 მაშ, მოდი ყველა დავექვემდებაროთ ღვთის ნორმებს და არა ამ წუთისოფლისას. გამორჩეული ვიყოთ, როგორც „ნიშნები“, და გაბედულად დავუჭიროთ მხარი დიდ ესაიასთვის, იესო ქრისტესთვის, მიცემული დავალების შესრულებას — „გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა“ (ესაია 61:1, 2; ლუკა 4:17—21). ნამდვილად, როდესაც აშურის წყალი დატბორავს დედამიწას, თუნდაც კისრამდე მოგვწვდეს, მაინც ვერ შეძლებს ჭეშმარიტი ქრისტიანების განადგურებას. უეჭველად, შევძლებთ სიმტკიცის შენარჩუნებას, რადგან „ჩვენთან არის ღმერთი“.

  • მიენდეთ იეჰოვას განსაცდელის დროს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • b აშური აგრეთვე შედარებულია ფრინველს, რომლის გაშლილი ფრთებიც ‘ქვეყნის მთა-ბარს ავსებს’. ამგვარად, ქვეყნის მთელი ტერიტორია აშურელთა ჯარებით იქნება სავსე.

  • მიენდეთ იეჰოვას განსაცდელის დროს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [სურათი 111 გვერდზე]

      რატომ დაწერა ესაიამ დიდ დაფაზე „მაჰერშალალ ხაშ-ბაზ“?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება