-
აღთქმული მშვიდობის მთავარიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
ხალხი დემონებს მიმართავს
4, 5. რა მდგომარეობაა ესაიას დღეებში და ზოგი ვის მიმართავს დახმარებისთვის?
4 ურჩობის გამო ესაიას თანამედროვენი ზნეობრივად სავალალო მდგომარეობაში, ნამდვილ სულიერ სიბნელეში, არიან. მშვიდობა სამხრეთ სამეფოში, იუდაშიც, კი არ არის, სადაც ღვთის ტაძარია. ორგულობის გამო ერი აშურელთა თავდასხმის საფრთხეშია და დიდი გასაჭირი მოელის. ვის მიმართავენ ისინი დახმარებისთვის? სამწუხაროდ, მრავალი მათგანი სატანას მიმართავს და არა იეჰოვას. არა, ისინი სახელით კი არ უხმობენ სატანას, არამედ, როგორც ძველ დროში მეფე საული აკეთებდა, სპირიტიზმით არიან დაკავებული და გამოსავლის პოვნას მიცვალებულებთან ურთიერთობის დამყარებით ცდილობენ (პირველი მეფეთა 28:1—20).
5 ზოგი სხვებსაც კი ურჩევს ამის გაკეთებას. ესაია ასეთ განდგომილებას გულისხმობს შემდეგ სიტყვებში: „თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?“ (ესაია 8:19). მესულთანეები ‘ჩურჩულითა და სტვენით’ ატყუებენ ხალხს. ამ ხმებს, რომლებიც ვითომცდა მიცვალებულთა სულებს ეკუთვნის, მესულთანეები თვითონვე გამოსცემენ მუცლით. ზოგჯერ კი დემონები იღებდნენ მიცვალებულთა სახეს, რაც, როგორც ჩანს, მაშინ მოხდა, როდესაც საულმა დახმარებისთვის ყენდორელ მესულთანეს მიმართა (პირველი მეფეთ 28:8—19).
6. რატომ არიან სპირიტიზმში ჩაბმული ისრაელები სერიოზული დამნაშავეები?
6 ხალხი ასეთ საქმეებს სჩადის იუდაში მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას აკრძალული აქვს სპირიტიზმი. მოსეს რჯულის თანახმად, ეს ძალზე სერიოზულ ცოდვად ითვლება (ლევიანნი 19:31; 20:6, 27; მეორე რჯული 18:9—12). რატომ სცოდავს ასე მძიმედ ხალხი, რომელიც იეჰოვამ თავის ერად ამოარჩია? იმიტომ რომ ზურგი აქციეს იეჰოვას რჯულსა და რჩევას და ‘გული გაუქვავდათ ცოდვის საცდურით’ (ებრაელთა 3:13). «დამსუყდა ცხიმივით [„უგრძნობი გახდა ქონივით“, აქ] მათი გული» და ჩამოშორდნენ თავიანთ ღმერთს (ფსალმუნი 118:70)a.
7. რით ჰგავს დღეს ბევრი ესაიას დროინდელ ისრაელებს და რა მოელით მათ, თუ არ მოინანიებენ?
7 როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ: რას გვარგებს იეჰოვას რჯული, როდესაც აშურელთა თავდასხმის საფრთხის წინაშე ვართ? მათ სწრაფი და იოლი გამოსავლის პოვნა სურთ და არ ელოდებიან იეჰოვას, რომ მან თავისი ნება აღასრულოს. ჩვენს დროშიც მრავალი უგულებელყოფს იეჰოვას კანონს და პრობლემების გადასაჭრელად მედიუმებს, ჰოროსკოპებსა თუ ოკულტიზმის სხვადასხვა სახეობას მიმართავენ. მაგრამ ცოცხლების მიერ მიცვალებულებისგან პასუხის მიღების მცდელობა დღესაც მაშინდელივით აზრს მოკლებულია. ყველა, ვინც ამას სჩადის და არ ინანიებს „მკვლელთა, მეძავთა,.. კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა“ ხვედრს გაიზიარებს. ასეთ ადამიანებს სიცოცხლის პერსპექტივა არ გააჩნიათ (გამოცხადება 21:8).
ღვთის „რჯული და მოწმობა“
8. რა არის „რჯული“ და „მოწმობა“, რომელსაც დღეს უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის?
8 იეჰოვას რჯული, რომელიც კრძალავს სპირიტიზმს, და მისი მცნებები უცნობი არ არის იუდაელთათვის. მათ ამ რჯულის ხელნაწერები აქვთ. დღეს ღვთის სიტყვა სრულად არსებობს წერილობითი სახით. ეს ბიბლიაა, რომელიც არა მხოლოდ ღვთის წესებსა და კანონებს მოიცავს, არამედ მასში ისიც არის მოთხრობილი, როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის ხალხს. იეჰოვას მოქმედების შესახებ ბიბლიის ცნობა მოწმობა ანუ ჩვენებაა, რომელიც იეჰოვას ბუნებასა და თვისებებს გვიმჟღავნებს. რით უნდა ეხელმძღვანელათ ისრაელებს მიცვალებულებისთვის რჩევის კითხვის ნაცვლად? ესაია გვპასუხობს: «მიმართეთ რჯულსა და ანდერძს [„მოწმობას“, აქ]!» (ესაია 8:20ა). დიახ, ჭეშმარიტი განათლების მიღების მსურველებმა ღვთის სიტყვას უნდა მიმართონ.
9. აქვს რაიმე ფასი ბიბლიიდან დროდადრო ციტატების მოყვანას მათთვის, ვინც არ ინანიებს ცოდვებს?
9 სპირიტიზმში ჩაბმული ზოგი ისრაელი შეიძლება ამბობს, რომ პატივს სცემს ღვთის სიტყვას, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობაა. ესაია ამბობს: «თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი [„ისინი ილაპარაკებენ ამ ნათქვამის მიხედვით, რომელსაც განთიადის სინათლე არ ექნება“, აქ]» (ესაია 8:20ბ). რა ნათქვამს გულისხმობს აქ ესაია? შეიძლება შემდეგ ნათქვამს: „მიმართეთ რჯულსა და მოწმობას!“. ალბათ, ზოგი განდგომილი ისრაელი მიმართავს ღვთის სიტყვას, ისევე როგორც განდგომილებსა თუ სხვა ხალხს დღესაც მოჰყავთ ციტატები საღვთო წერილიდან. მაგრამ ეს სიტყვები სიტყვებად რჩება. საღვთო წერილიდან ციტირება ვერ მოუტანთ „განთიადის სინათლეს“ ანუ იეჰოვასგან არ იქნებიან დამოძღვრილი, თუ არ შეასრულებენ მის ნებას და არ მიატოვებენ უწმინდურ საქმეებსb.
‘შიმშილი არა პურისა’
10. როგორ იტანჯება იუდა იეჰოვას უარყოფის გამო?
10 იეჰოვასადმი ურჩობამ ხალხს გონება დაუბნელა (ეფესელთა 4:17, 18). იუდაელები სულიერად დაბრმავებული არიან და გაგება არა აქვთ (1 კორინთელთა 2:14). მათი მდგომარეობის შესახებ ესაია ამბობს: «ჩაივლის [„თითოეული ჩაივლის“, აქ] იქ გატანჯული და მშიერი» (ესაია 8:21ა). ერის ორგულობის გამო (განსაკუთრებით ახაზის მეფობის დროს) იუდას სამეფოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია. ქვეყანა მტრებით არის გარშემორტყმული. აშურელთა ჯარი ქალაქს ქალაქზე ესხმის თავს. მტერი აუდაბურებს ბარაქიან მიწას და ხალხს საკვები არ ჰყოფნის. ბევრი „გატანჯული და მშიერია“. გარდა ამისა, ქვეყანაში სხვაგვარი შიმშილობაც მძვინვარებს. ამოსს რამდენიმე ათწლეულის წინათ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები: „აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11). იუდას ახლა სწორედ ასეთი სულიერი შიმშილი სტანჯავს!
11. მიახვედრებს თუ არა იუდას თავის შეცდომას თავსდატეხილი სასჯელი?
11 მიხვდება იუდა თავის შეცდომას და დაუბრუნდება იეჰოვას? მიატოვებს ხალხი სპირიტიზმსა და კერპთაყვანისმცემლობას და დაუბრუნდება „რჯულსა და მოწმობას“? იეჰოვა წინასწარმეტყველებს, როგორ მოიქცევა ხალხი: „როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს“ (ესაია 8:21ბ). დიახ, ბევრი მეფეს დაადანაშაულებს ასეთი მდგომარეობის შექმნაში. ზოგი უგუნურების გამო იეჰოვასაც კი დასდებს ბრალს თავის უბედურებებში! (შეადარეთ იერემია 44:15—18). მაშინდელივით დღესაც ბევრს აქვს ასეთი რეაქცია და ადამიანის ბოროტებით გამოწვეულ უბედურებაში დამნაშავედ ღმერთს მიიჩნევს.
12. ა) რა მოაქვს ღვთისადმი ურჩობას იუდასთვის? ბ) რა მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრება?
12 მოუტანს თუ არა იუდას ხალხს მშვიდობას ღვთის გმობა? არა. ესაია წინასწარმეტყველებს: „მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს — წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება“ (ესაია 8:22). ზეცისკენ თვალის აპყრობისა და ღვთის დადანაშაულების შემდეგ კვლავ მიწაზე, თავიანთ ფუჭ იმედებზე, გადააქვთ მზერა. ღვთისადმი ურჩობას მათთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს (იგავნი 19:3). მაგრამ როგორია ღვთის მიერ აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმების საქმის ვითარება? (დაბადება 22:15—18; 28:14, 15). არ შეასრულებს მათ იეჰოვა? მოსპობს აშურელთა ან სხვა ქვეყნის ჯარი სამეფო საგვარეულო ხაზს, რომლის შესახებაც ღმერთს აღთქმა ჰქონდა დადებული იუდასთან და დავითთან? (დაბადება 49:8—10; მეორე მეფეთა 7:11—16). იქნებიან ისრაელები განწირული სამუდამო სიბნელისთვის?
-
-
აღთქმული მშვიდობის მთავარიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
a ბევრი ფიქრობს, რომ 118-ე ფსალმუნი იეხიზკიაჰუს უნდა დაეწერა გამეფებამდე. ამ შემთხვევაში ის იმ პერიოდში უნდა დაწერილიყო, როცა ესაია წინასწარმეტყველებდა.
b ესაიას 8:20-ში მოხსენიებულ „ამ ნათქვამში“ შეიძლება ესაიას 8:19-ში სპირიტიზმის შესახებ ნათქვამი იგულისხმებოდეს. ამ შემთხვევაში, ესაია ამბობს, რომ სპირიტიზმის მიმდევარნი კვლავაც მოუწოდებენ სხვებს, მიმართონ მესულთანეებს და ამიტომაც ვერ მიიღებენ იეჰოვასგან სინათლეს.
-
-
აღთქმული მშვიდობის მთავარიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[სურათი 121 გვერდზე]
პურის შიმშილზე და წყლის წყურვილზე უარესი შიმშილ-წყურვილი ჩამოვარდება.
-