-
„მთებში სპილენძს მოიპოვებთ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 დეკემბერი
-
-
იუდეის უდაბნოში არქეოლოგების ჯგუფი საგულდაგულოდ იკვლევდა ხევებსა და გამოქვაბულებს. ციცაბო კლდეზე მათ ერთ გამოქვაბულს მიაგნეს. შესაძლოა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ იპოვიდნენ ძვირფასს ნივთებს, მაგალითად, უძველეს ძეგლებს ან ისეთ ღირებულ ხელნაწერებს, როგორიცაა მკვდარი ზღვის ხელნაწერები. ისინი თვალებს არ უჯერებდნენ, როცა ნამდვილი განძი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგვიანებით ნაჰალ-მიშმარის საგანძური უწოდეს.
ნაპრალში დამალული და ლერწამში გახვეული ეს საგანძური, რომელიც 1961 წლის მარტში აღმოაჩინეს, 400-ზე მეტ ნივთს შეიცავდა. ამ ნივთების უმეტესობა სპილენძის იყო. მათ შორის იყო გვირგვინები, კვერთხები, კეტები და სამუშაო თუ სხვა იარაღები. ეს აღმოჩენა ბიბლიის მკითხველთათვის საინტერესოა, რადგან დაბადების 4:22-ში თუბალ-კაენი მოხსენიებულია, როგორც „სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის მჭედელი“.
ამ საგანძურის წარმოშობასა და ისტორიაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. თუმცა ამ აღმოჩენამ ცხადი გახადა, რომ ბიბლიურ ქვეყნებში უძველესი დროიდან იყო განვითარებული სპილენძის მოპოვება და დამუშავება.
სპილენძის საბადოები აღთქმულ მიწაზე
აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს უთხრა: „მთებში სპილენძს მოიპოვებთ“ (კანონი 8:7—9). ისრაელსა და იორდანიაში არქეოლოგებმა არაერთი უძველესი საბადო და სადნობი ადგილი აღმოაჩინეს, მაგალითად, ფეინანი, თიმნა და ხირბათ-ენ-ნაჰასი. რა ინფორმაცია მოიპოვეს არქეოლოგებმა ამ ადგილების შესწავლით?
ფეინანსა და თიმნაში მრავლადაა პატარ-პატარა ორმოები, საიდანაც სულ მცირე 2 000 წლის განმავლობაში მოიპოვებდნენ სპილენძს. დღესაც ამ ადგილებში შესაძლებელია მწვანე ლაქებიანი სპილენძის შემცვლელი ქვის ნატეხების ნახვა. ძველი დროის მემაღაროეები ქვის იარაღებით ამტვრევდნენ კლდის ზედაპირზე არსებულ სპილენძის ფენას. როცა სპილენძის მარაგი კლდის ზედაპირზე ამოიწურებოდა, ისინი ლითონის იარაღებით ღრმად იწყებდნენ თხრას, აფართოებდნენ გამოქვაბულებს და კლდეში შახტებსა თუ გვირაბებს ჭრიდნენ. წიგნ „იობში“ აღწერილია, როგორ ხდებოდა ძველად წიაღისეულის მოპოვება (იობი 28:2—11). ეს საკმაოდ მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული. ახ. წ. III—V საუკუნეებში რომის იმპერიაში საშიშ დამნაშავეებსა და სხვა პატიმრებს ფეინანში სპილენძის მაღაროებში ამუშავებდნენ.
ხირბათ-ენ-ნაჰასში (ნიშნავს სპილენძის ნანგრევებს) აღმოაჩინეს წიდის დიდი გროვები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ დიდი მასშტაბით ხდებოდა სპილენძის დამუშავება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იქ მადანი ახლომდებარე ფეინანისა და თიმნის მაღაროებიდან მიჰქონდათ. სპილენძის მისაღებად მადანს 8—10 საათის განმავლობაში დაახლოებით 1200°C ტემპერატურაზე ამუშავებდნენ. ამ ტემპერატურას თიხის მილებში ჰაერის ჩაბერვითა და საბერვლების საშუალებით აღწევდნენ, რომლებსაც ფეხით ამუშავებდნენ. ჩვეულებრივ, 5 კილოგრამი მადნიდან 1 კილოგრამ სპილენძს იღებდნენ. მიღებული სპილენძის ზოდებისგან სხვადასხვა ნივთს ასხამდნენ.
-
-
„მთებში სპილენძს მოიპოვებთ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 დეკემბერი
-
-
არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასარკვევი ბიბლიურ დროში სპილენძის ნივთების წარმოშობასა და ისტორიასთან, აგრეთვე ნაჰალ-მიშმარის საგანძურთან დაკავშირებით.
-