საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას მსჯავრი თავს დაატყდება ბოროტებს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ნოემბერი
    • 11-13. ძირითადად რომელი ერის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებს ამოსი და როგორ ჩაგრავენ ამ ერის წარმომადგენლები ხალხს?

      11 წინასწარმეტყველმა ამოსმა უკვე გააცხადა, რომ იეჰოვას სამსჯავრო შვიდ ერს დაატყდებოდა თავს. შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ ამით მან დაასრულა წინასწარმეტყველების წარმოთქმა, მაგრამ ეს არ იყო ასე. ამოსს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაცხადებელი. მისი ძირითადი დავალება იყო, წარმოეთქვა წინასწარმეტყველება ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი განაჩენის შესახებ. ისრაელი ნამდვილად იმსახურებდა ღვთის სასჯელს, რადგან ერი ზნეობრივად და სულიერად უკიდურესად დაცემული იყო.

      12 ამოსის წინასწარმეტყველება ამხელს ისრაელებს და სააშკარაოზე გამოაქვს ის ფაქტი, რომ ისრაელის სამეფოში ჩვეულებრივი გახდა ადამიანთა ჩაგვრა და შევიწროება. ამის თაობაზე ამოსის 2:6, 7-ში (სსგ) ვკითხულობთ: «ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს — წყვილი ხამლისთვის. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს“».

      13 მართლებს „ვერცხლზე ჰყიდიან“, რაც შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ მსაჯულები ვერცხლის სახით იღებენ ქრთამს და უდანაშაულო ადამიანებისთვის სასჯელი გამოაქვთ. მევალეები ღარიბებს „წყვილი ხამლის“ ფასად ყიდიან მონებად და ამას, როგორც ჩანს, უმნიშვნელო ვალების დასაბრუნებლად აკეთებენ. უგულო მამაკაცები „ნატრულობენ“, უმწეოები ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ უბედურების, გლოვისა და დამცირების ნიშნად მათ თავზე მიწის მტვერი დაიყარონ. მექრთამეობა ისე ღრმად არის ფესვგადგმული, რომ „ბეჩავი ხალხი“ სამართალს ვერსად პოულობს.

      14. ვის ეპყრობიან უსამართლოდ ისრაელის ათტომიან სამეფოში?

      14 ყურადღება მიაქციეთ, ვინ ხდება უსამართლოდ მოპყრობის მსხვერპლი: ისრაელში მცხოვრები მართალი, ღარიბი, უმწეო და ბეჩავი ხალხი. იეჰოვას მიერ რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმების თანახმად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ, რომ თანაგრძნობა გამოევლინათ უმწეოთა და გაჭირვებულთა მიმართ. მაგრამ ისრაელის ათტომიან სამეფოში ასეთი ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

      „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“

      15, 16. ა) რატომ იღებენ ისრაელები გაფრთხილებას: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“? ბ) როგორ ცხადყოფს ამოსის 9:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ბოროტები ვერ გაექცევიან იეჰოვას სასჯელს? გ) რა დაემართა ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ათტომიან სამეფოს?

      15 ისრაელში ღრმად არის ფესვგადგმული უზნეობა და უკანონობა, რაც წინასწარმეტყველ ამოსს იმის საფუძვლიან მიზეზს აძლევს, რომ გააფრთხილოს ურჩი ერი: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“ (ამოსი 4:12). ორგული ისრაელები თავს ვერ დააღწევენ ღვთის მოახლოებულ სასჯელს, რადგან იეჰოვა მერვედ აცხადებს: „აღარ ვაპატიებ“ (ამოსი 2:6). უკანონობის მოქმედთა შესახებ, რომლებიც დამალვას ცდილობენ, ღმერთი ამბობს: „გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან“ (ამოსი 9:1, 2).

      16 ბოროტები „შავეთშიც რომ ჩაიმარხონ“ ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის ყველაზე ჩაღრმავებულ ადგილებშიც რომ დაიმალონ, თავს ვერ დააღწევენ იეჰოვას სასჯელს. „ზეცაშიც რომ ავიდნენ“, ანუ თავი შეაფარონ ყველაზე მაღალ მთებს, მაინც დაატყდებათ თავს ღვთის მსჯავრი. იეჰოვას გაფრთხილება სავსებით ნათელია: მას ვერავინ ვერსად დაემალება. ღვთის სამართლიანი პრინციპების თანახმად, მოითხოვება, რომ ისრაელის სამეფომ პასუხი აგოს უკანონო საქმეებზე. და ამის დროც დადგა. ძვ. წ. 740 წელს — ამოსის წინასწარმეტყველების დაწერიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ — ასურელებმა დაიპყრეს ისრაელის სამეფო.

      ღმერთი განურჩევლად არ სჯის ადამიანებს

      17, 18. რას გვიმხელს ამოსის მე-9 თავი ღვთის გულმოწყალებაზე?

      17 ამოსის წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, რომ იეჰოვას მსჯავრი გარდაუვალია და ყოველთვის იმათ ატყდება თავს, ვინც ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ წიგნი „ამოსი“ იმასაც გვიჩვენებს, რომ იეჰოვა განურჩევლად არ სჯის ადამიანებს. ღმერთს შეუძლია მოძებნოს ბოროტები, სადაც არ უნდა იყვნენ დამალულნი და აღასრულოს მათზე თავისი განაჩენი. მას აგრეთვე შეუძლია მოძებნოს მომნანიებელი და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც იმ მიზნით გამოარჩევს, რომ მათ მიმართ გულმოწყალება გამოავლინოს. ეს შთამბეჭდავად არის ნაჩვენები „ამოსის“ ბოლო თავში.

      18 ამოსის მე-9 თავის მე-8 მუხლის თანახმად, იეჰოვა ამბობს: „ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს“. როგორც ამავე თავის მე-13—15 მუხლებშია აღნიშნული, იეჰოვა პირობას დებს, რომ ‘ტყვეობიდან დააბრუნებს’ თავის ხალხს. ღმერთი მათ მიმართ გულმოწყალებას გამოავლენს და ისინი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით დატკბებიან. „მხვნელი თავს წაადგება მომკელს“, — ჰპირდება თავის ერს იეჰოვა. წარმოიდგინეთ: მოსავალი იმდენად უხვი იქნება, რომ ჯერ კიდევ არ ექნებათ მისი აღება დამთავრებული, როცა ხვნისა და თესვის დრო დადგება!

      19. როგორ შესრულდა აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ისრაელებისა და იუდეველების დარჩენილ ნაწილზე?

      19 იუდასა და ისრაელის განადგურებისას იეჰოვამ მომნანიებელი და სწორი განწყობილების მქონე ადამიანები გამოარჩია და მათ მიმართ გულმოწყალება გამოავლინა. ამოსის მე-9 თავში აღდგენასთან დაკავშირებით მოცემული წინასწარმეტყველება შესრულდა ძვ. წ. 537 წელს, როდესაც მომნანიებელი ისრაელები და იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინეს. უსაფრთხოდ ცხოვრების პერიოდში მათ აგრეთვე თავიანთი სახლები აღადგინეს და ბაღ-ვენახები გააშენეს.

      იეჰოვა აღასრულებს თავის განაჩენს!

      20. რაში გვარწმუნებს ამოსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ღვთის მსჯავრზე დაფიქრება?

      20 ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენზე დაფიქრებამ, რომლის შესახებაც ამოსმა გააცხადა, უნდა განგვიმტკიცოს იმის რწმენა, რომ იეჰოვა ჩვენს დღეებშიც უსათუოდ მოუღებს ბოლოს ბოროტებას. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს მოხდება? პირველ რიგში იმიტომ, რომ წარსულში ბოროტთა მიმართ ღვთის დამოკიდებულება ცხადყოფს, თუ როგორ იმოქმედებს იეჰოვა ჩვენს დროში. გარდა ამისა, იეჰოვას მიერ ისრაელის განდგომილ სამეფოზე აღსრულებული განაჩენიც გვაძლევს იმის რწმენის საფუძვლიან მიზეზს, რომ ღმერთი გაანადგურებს ქრისტიანულ სამყაროს — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, „დიდი ბაბილონის“ ნაწილს — რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს გასამართლებას (გამოცხადება 18:2).

      21. რატომ იმსახურებს ქრისტიანული სამყარო იეჰოვას სასჯელს?

      21 უდავოა, რომ ქრისტიანული სამყარო იმსახურებს ღვთის სასჯელს. ამაზე აშკარად მეტყველებს მისი წარმომადგენლების სავალალო სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობა. ქრისტიანული სამყარო და სატანის ქვეყნიერების დანარჩენი ნაწილი ნამდვილად იმსახურებს იეჰოვას მსჯავრს; და ამ მსჯავრის აღსრულება გარდაუვალია. როდესაც იეჰოვა სისრულეში მოიყვანს თავის განაჩენს, „ამოსის“ მე-9 თავის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვები შესრულდება: „გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება“. დიახ, ბოროტები ვერსად დაემალებიან იეჰოვას.

      22. ღვთის მსჯავრთან დაკავშირებული რა მხარეებია გამოკვეთილი 2 თესალონიკელების 1:6—8-ში?

      22 როგორც დავინახეთ, იეჰოვას ყოველთვის მათთვის გამოაქვს განაჩენი, ვინც ნამდვილად იმსახურებს ამას. ამასთანავე, მისი სასჯელი გარდაუვალია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი განურჩევლად არ სჯის ადამიანებს. ამის დანახვა შეგვიძლია პავლე მოციქულის სიტყვებშიც: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში, ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, და მათზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:6—8). „ღვთის მხრიდან სამართლიანია“, რომ პასუხი აგებინოს მას, ვინც იმსახურებს სასჯელს ღვთის სულით ცხებულ მსახურთა შევიწროების გამო. ასეთ ბოროტ ადამიანებზე განაჩენი აუცილებლად აღსრულდება: ისინი ვერ გადარჩებიან, ‘როდესაც უფალი იესო გამოცხადდება თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად აბრიალებულ ცეცხლში’. ღმერთი აგრეთვე განურჩევლად არ დასჯის ადამიანებს, რადგან იესო შურს იძიებს „მათზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, და მათზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას“. ღვთის მიერ აღსრულებული განაჩენი შვებას მოუტანს მრავალჭირგამოვლილ, ღვთისმოშიშ ადამიანებს.

      რა იმედი არსებობს პატიოსანი ხალხისთვის?

      23. რა იმედის მომცემ და მანუგეშებელ ცნობაზე მახვილდება ყურადღება ბიბლიის წიგნ „ამოსში“?

      23 ამოსის წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ლაპარაკია იმ შესანიშნავ და მანუგეშებელ იმედზე, რომელიც სწორი განწყობილების მქონე ადამიანებს აქვთ. როგორც ბიბლიის წიგნ „ამოსში“ იყო ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვამ ძველ დროში მთელი ისრაელი და იუდა არ გაანადგურა. საბოლოოდ მან ისრაელისა და იუდას დარჩენილი ნაწილი ტყვეობიდან სამშობლოში დააბრუნა და უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით აკურთხა. რას ნიშნავს დღეს ეს ჩვენთვის? ამოსის წინასწარმეტყველების შესრულება გვარწმუნებს, რომ იეჰოვა განაჩენის აღსრულებისას მოძებნის ბოროტებს, სადაც უნდა იმალებოდნენ. ღმერთი აგრეთვე მოიძიებს დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულმოწყალების ღირსად ჩათვლის.

  • ეძებეთ იეჰოვა — გულების შემმოწმებელი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ნოემბერი
    • ეძებეთ იეჰოვა — გულების შემმოწმებელი

      „მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!“ (ამოსი 5:4).

      1, 2. რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც ამბობს, რომ იეჰოვა „გულს ხედავს“?

      იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ სამუელს უთხრა: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7). რა გაგებით ხედავს იეჰოვა გულს?

      2 საღვთო წერილში გული ხშირად სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება და ადამიანის შინაგან პიროვნებაზე — მის სურვილებზე, ფიქრებზე, ემოციებსა და გრძნობებზე — მიანიშნებს. ამიტომ, როდესაც ბიბლიაში ნათქვამია: „უფალი გულს ხედავს“, ეს ნიშნავს, რომ ის გარეგნობაზე მეტს ხედავს და ყურადღებას ადამიანის შინაგან პიროვნებაზე ამახვილებს.

      ღმერთი ისრაელების გულებს ამოწმებს

      3, 4. რა მდგომარეობა იყო, ამოსის 6:4—6-ის თანახმად, ისრაელის ათტომიან სამეფოში?

      3 რას ხედავდა გულების შემმოწმებელი, როდესაც თვალყურს ადევნებდა ამოსის დროს ისრაელის ათტომიან სამეფოში მცხოვრებ ხალხს? ამოსის 6:4—6-ში ყურადღება მახვილდება მამაკაცებზე, რომლებიც „განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცელზე“. ისინი „ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ“. ეს მამაკაცები „ქნარს აჟღრიალებენ“ და „თასებიდან სვამენ ღვინოს“.

      4 ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სასიამოვნო სანახავი იყო. საუცხოო ავეჯით გაწყობილ სახლებში მდიდრები უგემრიელეს საჭმელ-სასმელს მიირთმევდნენ და საუკეთესო ინსტრუმენტებით ირთობდნენ თავს. მათ სპილოს ძვლის საწოლებიც კი ჰქონდათ. არქეოლოგებმა სამარიაში, ისრაელის სამეფოს დედაქალაქში, სპილოს ძვლის ნატიფი ნაკეთობები აღმოაჩინეს (3 მეფეთა 10:22). როგორც ჩანს, სპილოს ძვალს, ძირითადად, ავეჯისა და კედლების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ.

      5. რატომ ავლენდა ღმერთი უკმაყოფილებას ისრაელების მიმართ ამოსის დღეებში?

      5 განა იმის გამო ავლენდა ღმერთი უკმაყოფილებას, რომ ისრაელები მდიდრულად ცხოვრობდნენ, გემრიელ საკვებს მიირთმევდნენ, საუკეთესო ღვინოს სვამდნენ და სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ? რასაკვირველია, არა! ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ხომ იეჰოვამ ადამიანისთვის სიამოვნების მისანიჭებლად შექმნა?! (1 ტიმოთე 6:17). იეჰოვა იმის გამო ავლენდა უკმაყოფილებას, რომ ისრაელებს არასწორი სურვილები და ბოროტი გული ჰქონდათ; ისინი შემოქმედს უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და თანამემამულეების მიმართ სიყვარულს არ ავლენდნენ.

      6. როგორ მდგომარეობაში იყვნენ ისრაელები სულიერად ამოსის დროს?

      6 ისრაელებს, რომლებიც ‘თავიანთ სარეცელზე ნებივრობენ, ფარის ცხვარს ჭამენ, ღვინოს სვამენ და ქნარს აჟღრიალებენ’, წარმოდგენაც კი არა აქვთ, წინ რა ელოდებათ. ამოსი მათ ასეთ კითხვას უსვამს: „ხომ არ გავიწყდებათ, რომ უბედურების დღე ახლოვდება?“ (აქ). ეს მამაკაცები დიდ მწუხარებას უნდა განიცდიდნენ ისრაელში არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ „არ ადარდებთ იოსების უბედურება“ (ამოსი 6:3—6). ისრაელის მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, ღმერთი ხედავს, რომ იოსები — ანუ ისრაელი — უკიდურესად სავალალო სულიერ მდგომარეობაშია. მაგრამ ხალხი უდარდელად განაგრძობს ყოველდღიური საქმეების კეთებას. ბევრ ადამიანს დღესაც მსგავსი თვალსაზრისი აქვს. ისინი შესაძლოა აღიარებენ, რომ რთულ დროში ცხოვრობენ, მაგრამ სანამ პირადად არ დადგებიან ამა თუ იმ პრობლემის წინაშე, არ ადარდებთ სხვისი გასაჭირი და სულიერი საკითხებისადმი არანაირ ინტერესს არ ავლენენ.

      ისრაელი ერი სავალალო მდგომარეობაშია

      7. რა უნდა ეწვნია ისრაელს იმის გამო, რომ ყურად არ იღო ღვთის გაფრთხილებები?

      7 წიგნი „ამოსი“ აღწერს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა ისრაელი ერი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად ჩანდა. მათ ყურად არ იღეს ღვთის გაფრთხილებები და არ შეიცვალეს თვალსაზრისი, ამიტომ იეჰოვა აღარ დაიცავდა ისრაელებს მტრებისგან. ასურელები მათ საუცხოო სპილოს ძვლის საწოლებიდან აჰყრიდნენ და ტყვედ წაიყვანდნენ. ისინი დაემშვიდობებოდნენ მდიდრულ ცხოვრებას!

      8. რამ მიიყვანა ისრაელი საშინელ სულიერ მდგომარეობამდე?

      8 რამ მიიყვანა ისრაელი ამ მდგომარეობამდე? ყველაფერი დაიწყო ძვ. წ. 997 წელს, როდესაც სოლომონის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, რობოამი (რეხაბყამი), ავიდა და ისრაელის ათი ტომი იუდასა და ბენიამინს გამოეყო. ისრაელის ათტომიანი სამეფოს პირველი მეფე იყო იერობოამ I, „ნაბატის ძე“ (3 მეფეთა 11:26). იერობოამმა დაარწმუნა ხალხი, რომ ძნელი იქნებოდა მათთვის იეჰოვას თაყვანისსაცემად იერუსალიმში სიარული. მაგრამ, სინამდვილეში, ის საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა და არა ხალხის კეთილდღეობაზე (3 მეფეთა 12:26). იერობოამს ეშინოდა, რომ ისრაელები თუ ყოველწლიური დღესასწაულების დროს იერუსალიმის ტაძარში ივლიდნენ იეჰოვასთვის პატივის მიგების ნიშნად, საბოლოოდ იუდას სამეფოს მხარეზე გადავიდოდნენ და მას უერთგულებდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად იერობოამმა გააკეთა ორი ოქროს ხბო: ერთი დანში დადგა, მეორე კი — ბეთელში. ამგვარად, ისრაელის სამეფოში ხბოს თაყვანისმცემლობა ოფიციალურ რელიგიად იქცა (2 ნეშტთა 11:13—15).

      9, 10. ა) როგორი რელიგიური დღესასწაულები დააწესა მეფე იერობოამ I-მა? ბ) როგორ უყურებდა ღმერთი იერობოამ II-ის მეფობის დროს ისრაელში გამართულ დღესასწაულებს?

      9 იერობოამი ცდილობდა, რომ ახალი რელიგიისთვის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სახე მიეცა. ამ მიზნით მან ისეთი რელიგიური დღესასწაულები დააწესა, რომლებიც რაღაცით ჰგავდა იერუსალიმში გამართულ დღესასწაულებს. 3 მეფეთას 12:32-ში ვკითხულობთ: „დააწესა . . . [იერობოამმა] დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში“.

      10 იეჰოვა არასდროს იწონებდა ასეთ ცრუ რელიგიურ დღესასწაულებს. მან თავისი პოზიცია გასაგებად გამოხატა; და ეს ამოსის მეშვეობით გააკეთა საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, იერობოამ II-ის მეფობის დროს, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 844 წელს ისრაელის ათტომიანი სამეფოს მეფე გახდა (ამოსი 1:1). ამ დღესასწაულების შესახებ ღვთის თვალსაზრისი კარგად არის ნაჩვენები ამოსის 5:21—24-ში: „მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაული და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებზე! აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ. გამარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს. წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით“.

      მსგავსება თანამედროვეობასთან

      11, 12. რა მსგავსებები არსებობს ძველი ისრაელისა და ქრისტიანული სამყაროს თაყვანისმცემლობას შორის?

      11 უდავოა, რომ იეჰოვამ შეამოწმა მათი გულები, ვინც ისრაელში გამართულ დღესასწაულებში მონაწილეობდა და უარყო ისრაელების დღესასწაულები და მათ მიერ შეწირული მსხვერპლი. დღეს ღმერთი მსგავსად უარყოფს ქრისტიანული სამყაროს ისეთ წარმართულ დღესასწაულებს, როგორიცაა შობა და აღდგომა. იეჰოვას თაყვანისმცემლებს ესმით, რომ არ შეიძლება ერთმანეთთან საერთო ჰქონდეს სიმართლესა და უკანონობას, სინათლესა და სიბნელეს (2 კორინთელები 6:14—16).

      12 ისრაელში მცხოვრებ ხბოს თაყვანისმცემლებსა და ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებს შორის სხვა მსგავსებაც შეინიშნება. თუმცა ქრისტიანობის ზოგი მიმდევარი აღიარებს ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას, თავად ქრისტიანული სამყაროს თაყვანისმცემლობას საფუძვლად არ უდევს ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული. ეს რომ ასე ყოფილიყო, ქრისტიანული სამყარო თაყვანს სცემდა იეჰოვას „სულითა და ჭეშმარიტებით“, რადგან სწორედ ასეთი თაყვანისმცემლობაა მოსაწონი ღვთისთვის (იოანე 4:24). გარდა ამისა, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არ ცდილობენ, რომ „წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით“. ნაცვლად ამისა, ისინი ღვთის ზნეობრივ ნორმებს თანდათანობით აუფასურებენ. ქრისტიანული სამყარო თვალს ხუჭავს მეძაობაზე და სხვა აშკარა ცოდვებზე; ისინი იმდენად დაეცნენ, რომ ჰომოსექსუალისტების ქორწინებასაც კი აკურთხებენ.

      „კეთილი შეიყვარეთ“

      13. რატომ არის მნიშვნელოვანი, შევასრულოთ ამოსის 5:15–ში მოცემული სიტყვები?

      13 იეჰოვა ყველას, ვისაც მთელი გულით სურს, თაყვანი სცეს მას მისთვის მისაღები სახით, ეუბნება: „შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ“ (ამოსი 5:15). სიყვარული და სიძულვილი ძლიერი გრძნობებია, რომლებიც სიმბოლური გულიდან იღებს სათავეს. რადგან ადამიანის გული „ცბიერია“, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი გული (იგავები 4:23; იერემია 17:9). თუ გულს არასწორი სურვილებით ვკვებავთ, შეიძლება თანდათანობით შევიყვაროთ ბოროტი და შევიძულოთ კეთილი. და ასეთ სურვილებს თუ ცოდვის ჩადენით ვიკმაყოფილებთ, გარეგნულად რაც უნდა გულმოდგინე მსახურები ვჩანდეთ, ღვთის კეთილგანწყობილებას ვერ დავიმსახურებთ. ამიტომ მოდი მივმართოთ ღმერთს ლოცვით, რომ დაგვეხმაროს, ‘შევიძულოთ ბოროტი და შევიყვაროთ კეთილი’.

      14, 15. ა) ვინ იყო ისრაელში კეთილმოქმედთა შორის და როგორ ექცეოდნენ მათ? ბ) როგორ შეგვიძლია გავამხნევოთ და–ძმები, რომლებიც დღეს სრული დროით მსახურობენ?

      14 აღსანიშნავია, რომ ყველა ისრაელი არ იქცეოდა ღვთის თვალში არასწორად. მაგალითად, ოსიასა და ამოსს ‘უყვარდათ კეთილი’ და, როგორც წინასწარმეტყველები, ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. სხვებს მოწმიდრობის აღთქმა ჰქონდათ დადებული. მოწმიდრობის დღეებში ისინი თავს იკავებდნენ ყურძნისგან დამზადებული ნაწარმისგან, განსაკუთრებით კი ღვინისგან (რიცხვნი 6:1—4). როგორ უყურებდნენ დანარჩენი ისრაელები ამ კეთილმოქმედთა თავგანწირულ ცხოვრებას? ეს კარგად ჩანს ამოსის მიერ ასახული შემზარავი სურათიდან, რაც ისრაელთა სავალალო სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს. ამოსის 2:12–ში ნათქვამია: „თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!“

      15 მოწმიდარებისა და წინასწარმეტყველების ერთგულების შემხედვარე ისრაელები სინდისს უნდა შეეწუხებინა და საკუთარი ცხოვრების წესის შესაცვლელად უნდა აღძრულიყვნენ. მაგრამ, ნაცვლად ამისა, ისრაელები ცდილობდნენ, გული გაეტეხათ ამ ერთგული ადამიანებისთვის და აეძულებინათ ისინი, უარი ეთქვათ ღვთის განდიდებაზე. დაე ნურასოდეს მოვუწოდებთ თანაქრისტიანებს, რომლებიც პიონერებად, მისიონერებად, მიმომსვლელ ზედამხედველებად ან ბეთელის ოჯახის წევრებად მსახურობენ, რომ შეწყვიტონ სრული დროით მსახურება და დაუბრუნდნენ ეგრეთ წოდებულ ნორმალურ ცხოვრებას. ნაცვლად ამისა, გავამხნევოთ ისინი, რომ განაგრძონ კეთილი საქმეების კეთება!

      16. რატომ იყვნენ ისრაელები მოსეს დღეებში უფრო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ამოსის დროს?

      16 თუმცა ამოსის დღეებში ბევრი ისრაელი ფუფუნებაში ცხოვრობდა, ისინი ‘ღმერთში არ იყვნენ მდიდრები’ (ლუკა 12:13—21). მათი წინაპრები 40 წლის მანძილზე მხოლოდ მანანას ჭამდნენ უდაბნოში. ისინი არ შეექცეოდნენ ნასუქი ხარების ხორცს და არ ნებივრობდნენ სპილოს ძვლის ტახტებზე. მაგრამ მოსემ მართებულად უთხრა მათ: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმიანობაში . . . ორმოცი წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ მოგკლებიათ თქვენ არაფერი“ (მეორე რჯული 2:7). დიახ, უდაბნოში ისრაელებს ყოველთვის ჰქონდათ ის, რაც ნამდვილად ესაჭიროებოდათ. და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არ იყვნენ მოკლებულნი ღვთის სიყვარულს, მფარველობასა და კურთხევებს.

      17. რატომ შეიყვანა იეჰოვამ ისრაელების წინაპრები აღთქმულ ქვეყანაში?

      17 იეჰოვამ შეახსენა ამოსის თანამედროვეებს, რომ მან მათი წინაპრები აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა და დაეხმარა მტრების დამარცხებაში (ამოსი 2:9, 10). მაგრამ რატომ გამოიყვანა ღმერთმა ისრაელები ეგვიპტიდან და შეიყვანა აღთქმულ მიწაზე? ნუთუ იმიტომ, რომ ისრალებს იდეალურ პირობებში ეცხოვრათ და ზურგი ექციათ თავიანთი შემოქმედისთვის? რასაკვირველია, არა. ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისრაელებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, როგორც თავისუფალ და სულიერად სუფთა ხალხს, თაყვანი ეცათ მისთვის. მაგრამ ისრაელის ათტომიან სამეფოში მცხოვრები ხალხი არ ცდილობდა ბოროტის შეძულებას და კეთილის შეყვარებას. ნაცვლად ამისა, მათ კერპებს დაუწყეს თაყვანისცემა და არა — იეჰოვა ღმერთს. რა სამარცხვინო ფაქტია!

      იეჰოვა დანაშაულს ყველას მოჰკითხავს

      18. რატომ გვათავისუფლებს იეჰოვა სულიერი ტყვეობიდან?

      18 ღმერთი არ აპირებდა ისრაელების სამაცხვინო საქციელზე თვალის დახუჭვას. მან თავისი თვალსაზრისი მკაფიოდ გამოთქვა: „მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს“ (ამოსი 3:2). ამ სიტყვებმა ჩვენც უნდა დაგვაფიქროს, რადგან იეჰოვამ თანამედროვე ეგვიპტის მონობიდან — დღევანდელი ბოროტი სისტემიდან — გამოგვიყვანა. იეჰოვას სულიერი ტყვეობიდან იმის გამო არ გავუნთავისუფლებივართ, რომ ეგოისტური მიზნების განხორციელებისკენ ვისწრაფოთ. ეს მან იმ მიზნით გააკეთა, რომ ჩვენ, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, მხარი დავუჭიროთ წმინდა თაყვანისმცემლობას და მთელი გულით განვადიდოთ ღმერთი. თითოეული ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს იმის გამო, თუ როგორ ვიყენებთ ღვთის მიერ ბოძებულ თავისუფლებას (რომაელები 14:12).

      19. რა შეიყვარა ისრაელთა უმეტესობამ ამოსის 4:4, 5–ის თანახმად?

      19 სამწუხაროდ, ისრაელის მოსახლეობის უმეტესობამ ყურად არ იღო ამოსის მეშვეობით გადაცემული გამაფრთხილებელი ცნობა. წინასწარმეტყველმა გამოააშკარავა ისრაელთა სავალალო სულიერი მდგომარეობა. ამოსის 4:4, 5–ში ვკითხულობთ, თუ როგორ ამხელს წინასწარმეტყველი ისრაელებს: «წადით ბეთლემში [„ბეთელში“, სსგ] და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები . . . რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო». ისრაელები არასწორი სურვილებით იკვებებოდნენ და არ ცდილობდნენ თავიანთი გულების დაცვას. შედეგად, უმეტესობამ შეიყვარა ბოროტება და შეიძულა სიკეთე. ხბოს ჯიუტი თაყვანისმცემლები არ შეიცვალნენ. ამიტომ იეჰოვა მოჰკითხავდა მათ და ისინი დაიღუპებოდნენ თავიანთი ცოდვების გამო.

      20. როგორ შეუძლია ადამიანს, ამოსის 5:4–ის თანახმად, სწორი გზით სიარული?

      20 ნათელია, რომ იმ დროს ისრაელში არავისთვის არ იქნებოდა ადვილი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება. მართლაც რთულია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ეს კარგად ესმით დღეს ქრისტიანებს — ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს. მაგრამ ღვთისადმი სიყვარულმა და მისი ნების შესრულების ძლიერმა სურვილმა ზოგი ისრაელი აღძრა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მიჰყოლოდა. ამოსის 5:4–ის თანახმად, იეჰოვა თბილად იწვევდა ასეთ ადამიანებს: „მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!“. დღეს იეჰოვა მსგავსად ავლენს წყალობას მათ მიმართ, ვინც ინანიებს და ცდილობს, ბიბლიიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე ეძებოს ღმერთი და მისი ნება შეასრულოს. ადვილი არ არის ამ გზით სიარული, მაგრამ მისით მავალნი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოანე 17:3).

      სულიერი შიმშილი და ღვთის ხალხის კეთილდღეობა

      21. როგორ შიმშილს განიცდიან ისინი, რომლებიც მხარს არ უჭერენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას?

      21 რა ელოდათ მათ, ვინც მხარს არ უჭერდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას? საშინელი სულიერი შიმშილი. „აჰა, დგება დღეები, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11). ქრისტიანული სამყარო დღეს სწორედ ასეთ სულიერ შიმშილს განიცდის. მაგრამ მის წევრებს შორის მყოფი გულწრფელი ადამიანები ხედავენ ღვთის ხალხის სულიერ კეთილდღეობას და იეჰოვას ორგანიზაციისკენ მიემართებიან. ქრისტიანულ სამყაროს წარმომადგენლებსა და ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებული კონტრასტი კარგად არის ნაჩვენები იეჰოვას სიტყვებში: „აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!“ (ესაია 65:13, სსგ).

      22. რატომ გვაქვს სიხარულის მიზეზი?

      22 ვაფასებთ იმ სულიერ სიმდიდრესა და კურთხევებს, რაც დღეს იეჰოვას მოწმეებს გვაქვს? როდესაც ღრმად ვიკვლევთ ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს, ვესწრებით შეხვედრებსა და კონგრესებს, უდიდეს სიხარულს განვიცდით; ამის მიზეზი კი ჩვენი გულის კარგი მდგომარეობაა. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზუსტად გვესმის ღვთის სიტყვა და მასში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ამოსის წინასწარმეტყველებაც.

      23. რას განიცდიან ისინი, რომლებიც ღმერთს განადიდებენ?

      23 ამოსის წინასწარმეტყველებაში მოცემულია იმედის მომცემი ცნობა ყველასთვის, ვისაც უყვარს ღმერთი და სურს მისთვის დიდების მიგება. ამ მშფოთვარე დროში ნებისმიერი ეკონომიკური მდგომარეობისა თუ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, ღვთის მოყვარულებს, იეჰოვას კურთხევები და საუკეთესო სულიერი საზრდო გვაქვს (იგავები 10:22; მათე 24:45—47). მთელი დიდება და პატივი იეჰოვას ეკუთვნის, რომელიც უხვად გვაძლევს ყველაფერს ჩვენსავე სასიკეთოდ. ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტოთ, მარადიულად განვადიდოთ ის მთელი გულით. ნამდვილად უდიდეს სიხარულს ვიგრძნობთ, თუ ძებნას დავუწყებთ იეჰოვას, გულების შემმოწმებელს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება