საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამოცდა ქარმელის მთაზე
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იეჰოვას ცეცხლმა დაწვა ელიას შესაწირავი.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 46

      გამოცდა ქარმელის მთაზე

      ისრაელის ათტომიან სამეფოს ბევრი ცუდი მეფე ჰყავდა, მაგრამ ახაბი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეფე იყო. მან ცოლად მოიყვანა ბოროტი ქალი, სახელად იზებელი, რომელიც ცრუ ღმერთს, ბაალს, სცემდა თაყვანს. ახაბმა და იზებელმა დახოცეს იეჰოვას წინასწარმეტყველები და ქვეყანა ბაალის თაყვანისმცემლებით აავსეს. რა მოიმოქმედა იეჰოვამ? მან წინასწარმეტყველი ელია გაგზავნა ახაბთან მნიშვნელოვანი ცნობის სათქმელად.

      ელიამ უთხრა მეფე ახაბს, რომ მისი ცოდვების გამო ისრაელში წვიმა აღარ მოვიდოდა. მართლაც, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანაში მოსავალი არ მოდიოდა და ხალხი შიმშილობდა. იეჰოვამ კვლავ გაგზავნა ელია ახაბთან. მეფემ უთხრა მას: შენ დააქციე ჩვენი ქვეყანა! ყველაფერი შენი ბრალია! ელიამ უპასუხა: ჩემი ბრალი არაა, ქვეყანაში რომ გვალვაა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, ბაალს რომ ეთაყვანები. მოდი გამოცდა მოვაწყოთ. შეკრიბე ხალხი ქარმელის მთაზე, მათ შორის ბაალის წინასწარმეტყველები.

      ხალხი მთაზე შეიკრიბა. ელიამ მიმართა მათ: გადაწყვიტეთ, თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით! ასეთ რამეს გთავაზობთ: მოამზადოს ბაალის 450-მა წინასწარმეტყველმა შესაწირავი და მოუხმონ თავიანთ ღმერთს; მეც მოვამზადებ შესაწირავს და მოვუხმობ იეჰოვას. ვინც ცეცხლით გვიპასუხებს, ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი. ხალხიც დათანხმდა.

      ბაალის წინასწარმეტყველებმა მოამზადეს შესაწირავი და მთელი დღის განმავლობაში უხმობდნენ თავიანთ ღმერთს: ბაალ, გვიპასუხე! ბაალი დუმდა. ბოლოს ელიამ დაცინვა დაუწყო მათ ღმერთს: რაც შეიძლება ხმამაღლა დაუძახეთ. ალბათ ჩაეძინა, გააღვიძეთ. საღამომდე უხმობდნენ ბაალის წინასწარმეტყველები თავიანთ ღმერთს, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა.

      შემდეგ ელიას ჯერი დადგა. მან დაალაგა შესაწირავი სამსხვერპლოზე, წყალი დაასხა და ილოცა: იეჰოვა, გააგებინე ამ ხალხს, რომ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინვე ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და დაწვა შესაწირავი. ხალხი აყვირდა: იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! ელიამ უთხრა მათ: დაიჭირეთ ბაალის წინასწარმეტყველები. იმ დღეს ბაალის 450 წინასწარმეტყველი მოკლეს.

      მოგვიანებით, როცა ცაზე პატარა ღრუბელი გამოჩნდა, ელიამ ახაბს უთხრა: ძლიერი წვიმა მოვა. ადი შენს ეტლზე და სახლში წადი. ამასობაში მოიღრუბლა, ჩამობნელდა, ქარმა დაუბერა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. როგორც იქნა გვალვა დასრულდა. ახაბი მთელი სისწრაფით მიაქროლებდა თავის ეტლს, მაგრამ იეჰოვას დახმარებით, ელია უფრო სწრაფად გაიქცა. თუმცა საინტერესოა, დასრულდა ამით ელიას განსაცდელები? ამას შემდეგი მოთხრობიდან გაიგებ.

      „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).

      კითხვები: რა მოხდა ქარმელის მთაზე? როგორ უპასუხა იეჰოვამ ელიას ლოცვას?

      1 მეფეები 16:29–33; 17:1; 18:1, 2, 17–46; იაკობი 5:16–18

  • იეჰოვამ გააძლიერა ელია
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ელია დგას ხორების მთაზე გამოქვაბულთან და უსმენს იეჰოვას ანგელოზს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 47

      იეჰოვამ გააძლიერა ელია

      იზებელმა გაიგო, რაც ბაალის წინასწარმეტყველებს დაემართათ და ძალიან განრისხდა. მან ელიას შეუთვალა: ხვალ ამ დროს შენც მკვდარი იქნები. ელიას ძალიან შეეშინდა და უდაბნოში გაიქცა. იქ მან ილოცა: იეჰოვა, მეტის ატანა აღარ შემიძლია, გთხოვ მომკალი! ძალაგამოცლილ ელიას ხის ძირში ჩაეძინა.

      ცოტა ხანში ანგელოზმა გააღვიძა ელია და თბილად უთხრა: ადექი, ჭამე. ელიაც ადგა და დაინახა, რომ მრგვალი პური იდო გახურებულ ქვებზე და გვერდზე დოქით წყალი იდგა. ჭამა, დალია და ისევ დაიძინა. ანგელოზმა კვლავ გააღვიძა და უთხრა: ჭამე, ძალა გჭირდება, დიდი გზა გაქვს გასავლელი. ელიამ კვლავ ჭამა პური. ამის შემდეგ მან 40 დღე და ღამე იარა და ხორების მთას მიადგა. იქ ის გამოქვაბულში შევიდა დასაძინებლად, მაგრამ იეჰოვამ ჰკითხა: აქ რა გინდა ელია? ელიამ უპასუხა: ისრაელებმა დაარღვიეს შენთან დადებული აღთქმა; დაამსხვრიეს შენი სამსხვერპლოები და დახოცეს შენი წინასწარმეტყველები. ახლა ჩემი მოკვლაც უნდათ.

      იეჰოვამ უთხრა ელიას: გადი და მთაზე დადექი. უცებ გამოქვაბულთან ძლიერმა ქარმა ჩაიქროლა. ქარს მიწისძვრა მოჰყვა, მიწისძვრას – ცეცხლი. ბოლოს ელიამ გაიგონა მშვიდი, წყნარი ხმა. მან სახეზე მოსასხამი აიფარა და გარეთ გამოვიდა. იეჰოვამ ჰკითხა: ელია, ვის გაურბიხარ? ვისი გეშინია? ელიამ უპასუხა: მე ერთიღა დავრჩი ცოცხალი. ამაზე იეჰოვამ მიუგო: ცდები, ისრაელში შენ გარდა კიდევ 7 ათასი თაყვანისმცემელი მყავს. ახლა წადი და შენ მაგივრად ელისე დანიშნე წინასწარმეტყველად. ელიაც დაუყოვნებლივ გაემართა იეჰოვას დავალების შესასრულებლად. როგორ ფიქრობ, შენც დაგეხმარება იეჰოვა, როცა მის დავალებას ასრულებ? რა თქმა უნდა! მოდი ახლა გვალვის პერიოდში გადავინაცვლოთ და ვნახოთ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი.

      „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ“ (ფილიპელები 4:6).

      კითხვები: რატომ გაიქცა ელია? რა უთხრა იეჰოვამ ელიას?

      1 მეფეები 19:1–18; რომაელები 11:2–4

  • ქვრივის ვაჟი გაცოცხლდა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ელია ეძახის ქვრივს, რომელიც შეშას აგროვებს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 48

      ქვრივის ვაჟი გაცოცხლდა

      ფქვილისა და ზეთის ქილები

      გვალვის პერიოდში იეჰოვამ ელიას უთხრა, სარეფთაში წასულიყო, სადაც ერთი ქვრივი ქალი გამოკვებავდა. ქალაქის ჭიშკართან რომ მივიდა, ელიამ დაინახა ღარიბი ქვრივი, რომელიც შეშას აგროვებდა და მას ერთი ჭიქა წყალი სთხოვა. როცა ქალი წყლის მოსატანად წავიდა, ელიამ დაუძახა: გთხოვ, ერთი ნაჭერი პურიც წამომიღე. ქალმა მიუგო: პური აღარ მაქვს, ცოტა ფქვილი და ზეთი დამრჩა ჩემთვის და ჩემი ბიჭისთვის. ელიამ უთხრა მას: იეჰოვა გპირდება, რომ თუ პურს მომიტან, სახლში ფქვილი და ზეთი არ გამოგელევა, სანამ წვიმა არ მოვა.

      ქალიც მივიდა სახლში და იეჰოვას წინასწარმეტყველს პური გამოუცხო. როგორც იეჰოვამ თქვა, ქვრივსა და მის ვაჟს არ გამოლევიათ საჭმელი გვალვის პერიოდში. მისი ფქვილისა და ზეთის ქილები მუდამ სავსე იყო.

      შემდეგ საშინელი რამ მოხდა – ქვრივის ვაჟი ავად გახდა და მოკვდა. ქვრივი ევედრებოდა ელიას, რომ დახმარებოდა. ელიამ ბიჭი ხელში აიყვანა, ზედა სართულზე ავიდა, დააწვინა საწოლზე და ილოცა: იეჰოვა, გთხოვ გააცოცხლე ეს ბავშვი. იცი, რატომ იყო ელიას ეს თხოვნა უცნაური? იმიტომ რომ, რამდენადაც ცნობილია, მანამდე მკვდარი არ გაცოცხლებულა. თანაც არც ქვრივი და არც მისი ვაჟი არ იყვნენ ისრაელები.

      მიუხედავად ამისა, ღმერთმა გააცოცხლა ბიჭი. ელიამ უთხრა ქვრივს: აი, ცოცხალია შენი შვილი! უზომოდ გახარებულმა ქალმა ელიას უთხრა: შენ ნამდვილად ღვთის კაცი ხარ, რადგან მხოლოდ იმას ლაპარაკობ, რასაც იეჰოვა გეუბნება.

      ელიას მკვდრეთით აღმდგარი ვაჟი მიჰყავს ქვრივთან.

      „დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი კვებავს მათ. განა თქვენ ფრინველებზე ძვირფასნი არ ხართ?!“ (ლუკა 12:24).

      კითხვები: როგორ გამოავლინა სარეფთელმა ქვრივმა იეჰოვასადმი ნდობა? საიდან ვიცით, რომ ელია იეჰოვას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო?

      1 მეფეები 17:8–24; ლუკა 4:25, 26

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება